იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მეფე და ავსიტყვა კაცი

მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის. 

მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა სთქვი და მუნით მოვალ, კაბას მოგცემო! 

ავსიტყვამ უთხრა: რომ ვეღარ მოხვიდე, ვინღა მომცემს და კარგი სიტყვაც დავკარგოო? 

წავიდა მეფე. ორი წელი გამოხდა. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მათად ნახვად. 

რა მივიდა, მეფემ უწინარეს ნახა და ვაზირს უბრძანა: აჰა, ყიამყრალი მოვა და ნურას ამბავს ჰკითხავთ, ავს იტყვის. შენ ჩემი გოშიის ამბავი ჰკითხეო! 

მოვიდა და მეფის წინ მიწას აკოცა. 

ვაზირმან ჰკითხა: კაცთმაწყინარო, მეფის გოშია რასა იქმსო? 

მან უთხრა: მოკვდაო. 

ვაზირმან ჰკითხა: რა სჭირდაო? 

მან უთხრა: მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი ჭამა და მით მოკვდაო. 

– აქლემი რამ მოკლაო? 

მან უთხრა: მეფის დედა ამ სოფლით გარდაიცვალა და იგი ავკიდეთ საფლავამდის და მან მოკლაო. 

მეფეს გულთა ცეცხლი მოედვა და ჰკითხა: იგი რამ მოკლაო, რა დაესენაო? 

მან მოახსენა ტირილით: პირმზე დედოფალმან საწუთრო დასცალაო და მისმა ნაღველმან მოკლაო. 

მეფემ წვერგლეჯით ჰკითხა: მას რა დაესენაო? 

მან მოახსენა: 

– თქვენი ძენი და ასულნი ყვავილმან გაწყვიტნა და სიმწარეს ვეღარ გაუძლო. 

მეფემ ჰკითხა თავში ცემით: მაშ, შენობა აღარა დარჩებოდა რაო? 

მოახსენა: მე რა იქ ვიყავ, თქვენს სასახლეში ბზესა ჰყრიდენო და აწ აღარა ვიციო. 

თურე მისი სიტყვა ყველა ტყუვილი იყო და კაცთა საწყენად მოიგონის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button