სულხან-საბა ორბელიანი – ბერი და ყრმა
ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს.
ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო?
თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცოხნა არ ძალმიც. ამ ყრმამან სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო .
ყრმას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო!
მან ეგრე თქვა: მე ვირემ გამოვცოხნიდე, ეს მთლივ შენთქამს, და მე მშიერი დავრჩიო.
მათი რომელი უმართლე იყო ყველაყამ იცოდენ, მაგრამ ერთმანერთს აბრალებდენ.
– აწ მის მსგავსად ჩვენც ყველანი გვხედვენ, ვინ ავი ვართ და ვინ კარგი, და მეფეცა სცნობს ღვთითა.
უბრძანა მეფემან:
– რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა?
მოახსენა ლეონ:
– მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს:
ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს.
მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს.
მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს.
მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას.
მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს.