პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შეხედე
!
შეხედე, როგორ არის ჩასკვნილი
ამ მთების ჩრდილი და ჩაის ჭალა.
ჩამავალ მზეთა უკანასკნელი
და სისხლიანი გზა ჩაიშალა.
ჩემი გულია: მშვენიერ მაისს
ხვეწნად მუხლებში რომ ვუვარდები,
სიმღერა ჩაის, სიცოცხლე ჩაის
და უყვითლესი ჩაის ვარდები.
რა არის ნეტავ ქვეყნად მისთანა,
რომ გამიცივოს გული მისდამი,
მიჩვენოს სადმე აჭარისთანა
სხვა რომელიმე აჭარისტანი.
ახალგაზრდობის დღე, საიდანაც
ჩემგან პირველად ზღვაა ნახული,
მიჩვენეთ სადმე ზღვა ამისთანა,
ან მთები ზღვაზე გადასახული.
ჩაის მინდვრების თვალის გახელას
ეკუთვნის ჩემი ძახილი: ვაშა!
ჩემი კალამი, მზე, მაჭახელა,
„ხასანბეგურა“ და „ალიფაშა“.