პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ჩამავალი მზე
ვუძღვნი მონაზონ ქალს
1
მზე დასავლეთით ესვენებოდა,
სჭკნებოდნენ ვნებით სხივები მზისა,
ორთქლით დანამულ მიწაზე ვწერდი –
რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!
2
მზე ამოვიდა, ღრუბელთ სიწითლეს
მოულოდნელად ფერი ეცვალა
და საიდუმლოს ფერი ბრწყინვალე
შემოეძარცვა, შემოეცალა.
3
ცელქმა ნიავმა ჩემი სიტყვებით
დასერა ლურჯი ეთერი ცისა
და წაიკითხა მთელმა მსოფლიომ –
რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!..
4
უცებ გაცოცხლდა ირგვლივ ყოველი,
ველებს აღელვებს ნიავი მშვიდი,
ამოიშალა ძველი სიტყვები,
ახალი გზებით მიდის რაინდი!