განხილვაწიგნები

თორნიკე კივილაძე – ნიკოლო მაკიაველის ,,მთავარი”

“მიზანი ამართლებს საშუალებას”. ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის ამ ფრაზის ავტორის ვინაობა, მაგრამ ცოტა თუ მოიძებნება, ვინც სიღრმისეულად აანალიზებს ნიკოლო მაკიაველის ზოგადფილოსოფიურ პრინციპებს. ზერელემცოდნენი ნიკოლოს უღირს ადამიანად მოიხსენიებენ და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მიზანს კეთილსინდისიერი მეთოდებით უნდა მიაღწიო. ბუნებრივია, როცა საფუძვლიანად არ გაქვს შესწავლილი განსახილველი საკითხი, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძალიან წყალწყალა, სიბრძნესმოკლებული განცხადება გააკეთო. სამწუხაროდ, გარკვეული გარემოებების გამო, ჩვენ ხშირად ვუშვებთ ამგვარ შეცდომას. ეტაპობრივად უნდა მივეჩვიოთ ჯანსაღ სააზროვნო ფასეულობებს, ვინაიდან სულიერი და გონებრივი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მულტირაკურსული აზროვნების წესია. იმისათვის, რათა პრობლემის არსს გულისგულ ჩასწვდე, ყოველი კუთხიდან უნდა დააკვირდე მას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაკიაველის ბიოგრაფია, XV-XVI საუკუნეების იტალიის სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი და ზოგადად, ანტიკური ხანის გამოჩენილი ფილოსოფოსების მოძღვრებები თუ არ იცი, ნიკოლოს მსოფლმხედველობასა და მის მიერ ნაქადაგებ იდეებს ვერ შეიცნობ; სწორედ ამიტომ, სანამ უშუალოდ ამ ნაწარმოებს ზოგადად მიმოვიხილავდე, პირველ რიგში, საჭიროდ მივიჩნიე თქვენთვის მეამბა მაკიაველის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზის შესახებ.

იტალიელი ფილოსოფოსი დაიბადა 1469 წლის 3 მაისს, ფლორენციაში, ბერნარდო მაკიაველისა და ბარტოლომეა დი სტეფანო დეი ნელის ოჯახში. ნიკოლო თორმეტი წლისა უკვე ლათინურად წერდა თხზულებებს პაოლო რონჩილინის სკოლაში. სიჭაბუკეში იგი წარმატებით ეუფლება იურიდიული და ეკონომიკური მეცნიერებების საფუძვლებს და იმავე დროს, ხარბად ეწაფება ძველ ბერძნულ, რომაულსა და იტალიურ მწერლობას, ფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიას. პლატონი და არისტოტელე, თუკიდიდე და პოლიბიოსი, ციცერონი და პლინიუსი, პლუტარქე და ტიტუს ლივიუსი, დანტე და პეტრარკა, – აი, მისი უსაყვარლესი ავტორები, რომლებსაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე თავის ბრძენ მრჩევლებად და მასწავლებლებად თვლის.

1498 წლის 19 ივნისს მაკიაველიმ ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა კონკურსში და ,,დიდი საბჭოს” დეკრეტით დანიშნულ იქნა რესპუბლიკის მეორე სამდივნოს კანცლერად. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი თანამდებობა. ფლორენციის სახელმწიფო მართვა-გამგეობის სტრუქტურა ორ სამდივნოს, ანუ კანცელარიას ითვალისწინებდა: სინიორთა სამდივნოსა და მისადმი დაქვემდებარებულ მეორე კანცელარიას. პირველი, რესპუბლიკის კანცლერის მეთაურობით, განაგებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მეორის იურისპრუდენცია კი – სახელმწიფოს საშინაო საქმეებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ რაკი იმავე წლის 14 ივლისს მაკიაველი არჩეულ იქნა ე.წ ,,ათთა საბჭოს” მდივნადაც, მისი კომპეტენცია სამხედრო საქმის ორგანიზაციასა და საგარეო პოლიტიკის პრობლემებზედაც გავრცელდა. თხუთმეტი წელი ემსახურა მაკიაველი ფლორენციის რესპუბლიკას კანცლერის პოსტზე და, პოლიტიკური სარბიელის დატოვების შემდეგ, თხუთმეტ წელსვე გაგრძელდა მისი სამწერლო მოღვაწეობაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის თავგამოდებით ცდილობდა დაბრუნებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ სიცოცხლის დამლევს, როგორც იქნა, ეღირსა იმას, რომ კვლავინდებურად დაემსახურებინა ხელისუფალთა ერთგვარი ნდობა. 1525 წელს მაკიაველი ფაენცაშია, სადაც გვიჩარდინისთან ერთად განიხილავს ქვეითი ლაშქრის ახლებური ორგანიზაციის საკითხებს. 1526 წელს, როცა იტალიას ესპანეთის იმპერატორის კარლოს V-ის მიერ საბოლოო დამონების საფრთხე დაემუქრა, მაკიაველი ქალაქის გალავნის გამაგრების პროექტს სთავაზობს ფლორენციის მესვეურთ და თვითონვე უდგება სათავეში საფორტიფიკაციო სამუშაოებს. 1527 წლის 4 მაისს რომი აიღეს და უღვთოდ დაარბიეს გერმანელმა ლანდსკნეხტებმა, რასაც შედეგად მოჰყვა მედიჩების წინააღმდეგ მიმართული რეაქცია და რესპუბლიკის აღდგენა ფლორენციაში. სამოც წელს მიტანებული მაკიაველი ერთხელ კიდევ სცდის ბედს და თავის კანდიდატურას წამოაყენებს რესპუბლიკის კანცლერის პოსტზე. მაგრამ აღარც მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ახსოვს ვინმეს და აღარც დიპლომატიურ ასპარეზზე მოპოვებული წარმატებები. სამაგიეროდ მისი ლიტერატურული საქმიანობა ფლორენციელ დიდებულთა ერთსულოვან აღშფოთებას იწვევს. ,,სამშობლოს კეთილსაიმედო ხალხი სჭირდება და არა სწავლულები. მაკიაველი ისტორიკოსია… ის დაგვცინის და ყველაზე მაღლა აყენებს თავს!” – გაიძახიან ერთნი… ,,ერთთავად დუქანში ეგდო, მეტიც, ბიბლიოთეკაში ძველისძველი წიგნების ქექვით იქცევდა თავს. არ გვინდა ფილოსოფოსები! ძირს ფილოსოფოსები!” – კვერს უკრავენ მეორენი. ამ მტრულმა წინასაარჩევნო კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო: 1527 წლის 10 მაისს რესპუბლიკის ,,დიდი საბჭოს” სხდომაზე მაკიაველი გააშავეს: მან მხოლოდ 12 ხმა მიიღო 555-ის წინააღმდეგ. ღირსეულის ადგილი უღირსმა დაიკავა. ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა ფლორენციის პოლიტიკურ ისტორიაში და არც უკანასკნელი. 1527 წლის 21 ივნისს მაკიაველი გარდაიცვალა. სხვა ვერსიით, იგი ნელადმოქმედი საწამლავის მსხვერპლი შეიქნა. დასაფლავებულია სანტა კროჩეს ეკლესიაში. მაკიაველის გვერდით განისვენებენ მიქელანჯელო და გალილეი.

როგორც ვხედავთ, ნიკოლოს არაერთი იმედგაცრუება შეხვდა ცხოვრებაში. მის მაგალითზე დაყრდნობით, შემიძლია განვაცხადო, რომ ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება დასცინის ფილოსოფოსებს. სამწუხაროდ, შლეგთა დიდი ტალღა მიწასთან ასწორებს ხოლმე ეულად დარჩენილ ჭეშმარიტ მოაზროვნეებს. მაკიაველი ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა მოლაქლაქე, ძირგამოთხრილ ,,ბრძენთა” კატეგორიას და ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ ისეთი გამოცდილი და ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურის დამარცხება როგორიც ნიკოლო იყო, მხოლოდ ზემოთხსენებული ხერხით იყო შესაძლებელი; ვგულისხმობ იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მიკერებული უარყოფითი პერსონის სარჩული დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს განტევების ვაცად ქცეულ კანდიდატს. მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის ზეიმობს და თავ-თავიანთ ადგილს მიუჩენს ხოლმე უღირსებს. მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ მაკიაველი მიქელანჯელოსა და გალილეის გვერდით დაკრძალეს, უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი დამსახურება ჰქონდა ამ ადამიანს იტალიისა და კაცობრიობის წინაშე. აი, მისი უმეცარი, კბილებალესილი ოპონენტები კი, – აღარავის ახსოვს. იტალიელმა მოაზროვნემ წიგნი ,,მთავარი” მიუძღვნა ლორენცო მედიჩს. მაკიაველმა ლორენცოს განუცხადა, რომ ძვირფასი სამკაულების ბოძების ნაცვლად, მან გადაწყვიტა მისთვის ეჩუქებინა თხელი წიგნი, ღრმა ფიქრებით დატვირთული, რომელიც გაცილებით უფრო მეტად ფასეულია, ვიდრე ყოველი განძი. ამ წიგნში მან გააცოცხლა ცოდნა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა როგორც პირადი გამოცდილება, ასევე ხანგრძლივი ჭვრეტისა და ანალიზის პროდუქტი. გარდა ამისა, ნიკოლომ გამოამზეურა შემდეგი რამ: ,,არც ის მიმაჩნია თავხედობად, რომ მოკრძალებული ან მოკრძალებულზედაც უფრო დაბალი წოდების კაცი ბედავს განსაჯოს ან წარმართოს მთავართა მოქმედება, ვინაიდან იმ მხატვრებისა არ იყოს, მაღლობთა დასახატად დაბლა, ხეობებში რომ ჩადიან, რათა იქიდან დაუკვირდნენ მთებისა თუ ბორცვების აგებულებას, ხოლო ხეობებს მთის მწვერვალებიდან აკვირდებიან. – ზუსტად ასევე, თუ გსურს სათანადოდ შეიცნო ხალხის ბუნება, მთავარი უნდა იყო, ხოლო მთავრის ბუნებას უბრალო მოქალაქე შეიცნობს უფრო უკეთ”.

მაკიაველის აზრით, სახელმწიფო ორი ტიპისაა: რესპუბლიკა ან სამთავრო. სამთავროები ან მემკვიდრეობითნი არიან, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე მართავს მთავართა ერთი საგვარეულო, ანდა – ახალნი. მემკვიდრეობით მთავარს, ვისი ქვეშემრდომნიც დიდი ხანია მორჩილებენ მის საგვარეულოს, გაცილებით უფრო უადვილდება ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე ახალ მბრძანებელს, ვინაიდან საამისოდ მთავრისათვის საკმარისია არ დაარღვიოს წინაპართა მიერ დაფუძნებული წესრიგი და უნარიანად გამოიყენოს ყველა ხელსაყრელი ვითარება: ასე რომ, თვით ის მთავარიც კი, რომელიც მაინცდამაინც არ გამოირჩევა დიდი ჭკუითა და გამჭრიახობით, ყოველთვის შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თუკი რაღაც უჩვეულო და საგანგებო ძალადობის შედეგად არ დაკარგა იგი. მემკვიდრეობითი მთავრის დასამხობად გაცილებით ნაკლები მიზეზი არსებობს და ნაკლები აუცილებლობა, ამიტომაა, რომ ის უფრო მეტად უყვარს ხალხს და თუ რაღაც უჩვეულო ბიწიერება მის მიმართ საყოველთაო სიძულვილის წყაროდ არ იქცა, საფუძველსმოკლებული არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ქვეშემრდომისთვის, დიახაც, სასურველი იქნება იგი; ხოლო მისი საგვარეულოს სიძველე და უწყვეტობა თავისთავად გააქარწყლებენ ყოველგვარი სიახლის მიზეზსა და ხსოვნას, ვინაიდან ერთი ცვლილება ყოველთვის გზას უხსნის მეორეს.

დაპყრობილ ქვეყნებში სასურველია პოლიტიკურად ძლიერი ფრთების დასუსტება, რამეთუ სუსტი ძალები ემხრობიან დამპყრობელს, რათა თავიანთი გავლენა გაზარდონ. დაბოლოს, ,,ვინც სხვისი ძლიერების ზრდას უწყობს ხელს, თვითონვე ითხრის ორმოს, ვინაიდან ამ ძლიერებას ის ზრდის ან თავისი მოხერხების, ანდა კიდევ ძალის წყალობით; ხოლო ერთიცა და მეორეც ძალზე არასანდოა იმის თვალში, ვინც უკვე ძლიერი გახდა”.

მაკიაველს განხილული აქვს ის გარემოება, თუ რატომ არ აუჯანყდა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი დარიოსის სამეფო ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებს. ის ამბობს, რომ ერთია დაამარცხო ქვეყნის ერთპიროვნული ლიდერი, და მეორე, დაიმორჩილო ყველა წვრილ-წვრილი მთავარი. დაპყრობილ სახელმწიფოში, სადაც ბევრი სამთავროა, ხშირია აჯანყებები. ალექსანდრემ მმართველობა გადაუნაწილა თავის ქვეშემრდომ სარდლებს, სწორედ ამიტომ არ შექმნია მას არავითარი პრობლემა.

დაპყრობილი სახელმწიფოების შენარჩუნების სამი გზა არსებობს: 1) მიწასთან გაასწორო ისინი 2) პირადად დასახლდე იქ 3) თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრების ნება მისცე და ხარკი დაადო მათ, ხოლო მმართველობა მცირერიცხოვან პირებს გადასცე, რომლებიც შეგინარჩუნებენ ამ ქვეყნების მეგობრობას.

მაკიაველის ღრმა რწმენით, სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია არის კარგად გამოწრთობილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ლაშქარი. იგი კატეგორიულად უარყოფს დაქირავებული ჯარის მოშველიებას, რადგან მათ არ გააჩნიათ მთავარი რამ – იმ ქვეყნის სიყვარული, რომლის დროშის ქვეშაც უნდა იბრძოლონ. სარდლებმა ჯარისკაცებს უნდა ჩაუნერგონ უშიშრობა და თავგანწირვის მაგალითი უნდა აჩვენონ. ამრიგად, არმია უნდა შეიქმნას ღირსეული მამულიშვილებისაგან, რომლებიც რეგულარულად ივარჯიშებენ და ბრძოლის ჟინს გაიღვივებენ იმის გაცნობიერებით, რომ ისინი წმინდა საქმეს აღასრულებენ – ემსახურებიან რა სახელმწიფო ინტერესებს. ნიკოლომ ძლიერ მთავრად მიიჩნია ის საჭეთმპყრობელი, რომელიც ოსტატურად აღწევს თავს პირმოთნეთ, არ არის ზედმეტად ხელგაშლილი, არ აქცევს ყურადღებას უსაფუძვლო საზოგადოებრივ აზრს, იმორჩილებს ბრბოს, მუდმივად შრომობს, ფიქრობს ბრძოლაზე და არ არის მიცემული განცხრომას, უყვარს ისტორია და ა.შ

,,რაც იყო, იგივე არის, და რაც არის, იგივე იქნება მარად”… ,,იცვლება ცხოვრება, იცვლებიან თაობები, იცვლებიან საზოგადოებრივი ფორმაციები, უცვლელი რჩება მხოლოდ ისტორიული პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა – ადამიანი, მისი ბუნება, მისი ვნებები, მიზნები, მისწრაფებები… ,,ადამიანები – ამბობს მაკიაველი, – ერთი და იმავე კანონების თანახმად იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან… ვინც დაუკვირდება წარსულსა თუ აწინდელ მოვლენებს, ადვილად შეამჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოში, ყველა ხალხში მბრძანებლობენ და მბრძანებლობდნენ ერთი და იგივე სურვილები და მისწრაფებები”, ამიტომ – განაგრძობს იგი, – ,,ყველაფერი ერთნაირად ხდება და ამქვეყნად ყველგან და ყოველთვის იმდენივე იყო სიკეთე, რამდენიც ბოროტება, მხოლოდ ეგაა, რომ ეს სიკეთე და ბოროტება სხვადასხვაგვარად ნაწილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში”… ,,დაე, ნურავის შეიყვანს შეცდომაში ცეზარის დიდება, როდესაც ვხედავთ, რაოდენ პატივს მიაგებენ მას მწერლები; ვინაიდან მისი მეხოტბენი იმპერიის სვებედნიერებითა და დღეგრძელობით დაბრმავებულნი არიან და დაშინებულნი. რაკი ეს სვებედნიერება და დღეგრძელობა უშუალოდ უკავშირდება ცეზარის სახელს, ამიტომ ამ მწერლებს გამბედაობა არ ჰყოფნით თამამად და თავისუფლად გამოთქვან თავიანთი აზრი. ვისაც აინტერესებს გაიგოს, რას იტყოდა მათ ადგილას თავისუფალი კაცი, დაე, დაუკვირდეს, რას ამბობენ ისინი კატილინას შესახებ. მას შეუძლია დაუკვირდეს იმასაც, თუ რანაირ ქება-დიდებას ასხამენ ისინი ბრუტუსს. რაკი ვერ ბედავენ თავს დაესხან ყოვლისშემძლე ცეზარს, ისინი ერთხმად აქებენ მის მტერს… ამ ეპოქის ისტორია, თუკი ის მართებულადაა გაგებული და გააზრებული, გაკვეთილად გამოადგება ყველა მთავარს, ვინაიდან თვალნათლივ უჩვენებს მათ დიდებისა თუ სირცხვილის კეთილდღეობისა თუ სვედავსილობის გზას”. ამრიგად, ისტორია, მაკიაველის აზრით, სხვა არა არის რა, თუ არა ამქვეყნად ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ ძალთა გადაადგილება – გადმონაცვლება; მასალა, რომლისგანაც ითხზვის საზოგადოებრივი ცხოვრება, ყოველთვის ერთი და იგივეა და თუ ამ ერთგვაროვანი მასალით ნაგები სინამდვილე სხვადასხვა დროს სხვადასხვა შედეგს გვაძლევს, ეს აიხსნება მხოლოდ იმით, რომ მის წიაღში შესაძლებელია კომბინაციათა სხვადასხვაობა.

გარდა ამ ნაშრომისა, იტალიელი სწავლულის კალამს ეკუთვნის სამხედრო-ფილოსოფიური ტრაქტატი ,,სამხედრო ხელოვნება”. მაკიაველი მეტად საინტერესო მზა-კონცეპტებს გვთავაზობს: 1) ,,ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისათვის, საზიანოა შენთვის; ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის, საზიანოა მტრისათვის. იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების უფრო მეტი იმედი ჰქონდეს” 2) ,,ყველაზე უკეთესი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის” 3) ,,უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით. ეს ხელოვნება ყოველგვარ სხვა ხელოვნებაზე სასარგებლოა” 4) ,,თუკი მოწინააღმდეგის მოლაშქრეთა ნაწილი შენს მხარეზე გადმოვა და ერთგულად გემსახურება, ყოველთვის დიდ წარმატებად მიიჩნიე ეს. მოღალატენი უფრო მეტად ასუსტებენ მოწინააღმდეგეს, ვიდრე მოკლულნი, თუმცა ისინი საეჭვონი ჩანან ახალი მეგობრების თვალში და საძულველნი – ძველების თვალში” 5) ,,ძნელია მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც. მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიმრავლე, მაგრამ ხელსაყრელი პოზიცია ზოგჯერ სიმამაცეზე უფრო სასარგებლოა და მომგებიანი. ყოველგვარი მოულოდნელობა აფრთხობს ლაშქარს; ის გულგრილია ყოველივე ჩვეულისა და თანდათანობითის მიმართ. ამიტომ, შეაჩვიე შენი ჯარი მტერს და ხანმოკლე შეტაკებებით გაიცანი იგი, ვიდრე გადამწყვეტი ბრძოლისთვის დასძრავდე ჯარისკაცებს” 6) ,,ვინც უთავბოლოდ მისდევს უკუქცეულ მტერს, მხოლოდ იმას მიელტვის, რომ მძლეველიდან ძლეულად იქცეს” 7) ,,ვინც ჯარის მომარაგებაზე არ ზრუნავს, მანამდე დამარცხდება, სანამ ხმალს იშიშვლებდეს” 8) ,, თუ გსურს დღისით გაიგო, ჯაშუში ხომ არ შეგეპარა ბანაკში, უბრძანე ყველამ თავის კარავს მიაშუროს” 9) ,,უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების შეცვლა, თუკი ამჩნევ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიცნო იგი” 10) ,,მშვიდობის დროს სიმკაცრითა და სასჯელის შიშით დაიურვე ჯარისკაცები, ომის დროს კი იმედითა და ჯილდოს აღთქმით წააქეზე ისინი” 11),,ძნელია მოულოდნელობასთან ბრძოლა, ყოველივე წინასწარ გათვალისწინებულთან – ადვილი” 12) ,,ხალხი, იარაღი, ფული და პური – აი, ომის სასიცოცხლო ძალა, მაგრამ ამ ოთხიდან უმთავრესია პირველი ორი, ვინაიდან ხალხითა და იარაღით ყოველთვის შეიძლება ფულისა და პურის შოვნა, მაშინ როდესაც მარტოოდენ ფულითა და პურით ვერც ხალხს იშოვნი და ვერც იარაღს”. მაკიაველის ნაწარმოებ ,,მთავარში” გამოთქმულ შეხედულებებს იზიარებენ ისეთი დიდი მოაზროვნეები, როგორებიც ჰეგელი და ბლეზ პასკალი იყვნენ. პასკალი: ,,მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია; ძალა, რომლის ზურგს უკან დგას სამართლიანობა, ტირანულია. უძლურ სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ, იმიტომ რომ ამქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი; უსამართლო ძალა კი, ყოველთვის აღაშფოთებთ კეთილთ. მაშასადამე, საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა; ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი, ანდაც ძალა – სამართლიანი.” პასკალის ამ აზრის იდენტური მაკიაველისტური შეხედულება გვასწავლის, რომ მმართველს თუკი სურს სიკეთის მსახურება, ბოროტების გზაზე დადგომაც უნდა შეეძლოს. კანტი: ,,პოლიტიკა შეიძლება ექვემდებარებოდეს მორალს, ანდა, პირიქით, თვითონ იქვემდებარებდეს მას. პირველ შემთხვევაში პოლიტიკა მორალურია, მეორეში კი თვით მორალი ხდება პოლიტიკური. მორალური პოლიტიკა თავისი მოქმედებისას პატიოსნებისა და სამართლიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობს, მაშინ როდესაც პოლიტიკური მორალი უკვე აღარც არის მორალი, ვინაიდან მთლიანად ექვემდებარება პოლიტიკურ ეგოიზმს, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ნებისმიერი საშუალებით მიაღწიოს თავის ერთადერთ მიზანს: განამტკიცოს სახელმწიფოს ძლიერება და დესპოტური ძალაუფლება.” მაკიაველი პოლიტიკისა და მორალის ურთიერთმიმართებაზე შემდეგ კონცეპტს გვთავაზობს: ,,უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე – ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისთვის, მეორე კი მხეცებისათვის, მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ, მთავრისათვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი. სწორედ ამნაირი, თუმცაღა შეფარვით გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ამ ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი უნდა ითვისებდეს და ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას და რომ ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან, მელას – მგლებისაგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის”.

ჩემი აზრით, იმდენად ძვირფასია მაკიაველის ფილოსოფია, რომ მისით უნდა ხელმძღვანელობდეს გონიერი მმართველი. ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ თვით დიდი მოაზროვნისგანაც კი არ უნდა შექმნა კერპი და ბრმად არ უნდა მიიღო მისი ყველა შეხედულება. ვეთანხმები ნიცშეს და ვაცხადებ, რომ მაკიაველიც არ იყო შეუცდომელი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მან ძალიან რაციონალური თეორია შემოგვთავაზა. ქართველი ლიტერატურათმცოდნის – ნიკო ყიასაშვილის თქმით, შექსპირის შემოქმედება მეტწილად ემყარება იტალიელი მოაზროვნის პოლიტიკურ ფილოსოფიას. ამის საფუძველზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ მაკიაველის ნაშრომი არის ძვირფასი სიბრძნის სკივრი, რომლის მარგალიტები უხვადაა მიმობნეული მსოფლიო ცივილიზაციის სხვადასხვა სფეროში. ამრიგად, ნიკოლო მაკიაველის ნაწარმოები – ,,მთავარი” ზოგადსაკაცობრიო კულტურის უბრწყინვალესი ნიმუშია!

გადმობეჭდილია ვებ გვერდიდან http://www.patriots.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button