ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ნაცვლიშვილთა გვარი

ნაცვლიშვილი – ხელობა-საქმიანობა-თანამდებობასთან დაკავშირებული გვარსახელების ჯგუფს მიეკუთვნება. ნაცვალი ქართული სამოხელეო აპარატის ერთ-ერთი თანამდებობა იყო, სანამ ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმდებოდა. საქართველოში ნაცვლები მრავლად იყვნენ და რადგან ჩვენში წესად იყო “სამსახური გვარსა ზედა”, – ანუ ესა თუ ის სამსახური, თანამდებობა გვარს ევალებოდა, მემკვიდრეობითი არ იყო, მაგრამ გვარში ტრიალებდა, – გასაკვირი არ არის, თუ სანათესაო ჯგუფს ან ოჯახს, რომელიც ნაცვლის თანამდებობაზე მსახურობდა თაობების განმავლობაში, ნაცვლიშვილობა გაჰგვარებოდა, თანამდებობა გვარად გადაქცეოდა. ასეა შექმნილი მრავალი ქართული გვარსახელი: ამირეჯიბი, გამგებელი, ერისთავი, ციხისთავი, მამასახლისი, ამილახვარი, მეღვინეთუხუცესი, სახლთხუციშვილი, მოურავიძე და სხვა.

ნაცვლიშვილი მრავალძირიანი გვარია და, შესაბამისად, მრავალბუდიანი, ნაცვლიშვილების სხვადასხვა წარმომავლობის ძირს სხვადასხვა დაბადების ადგილი, სხვადასხვა ბუდე აქვს – საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა საუკუნეში მრავალი ნაცვლის შვილებს ნაცვლიშვილობა გვარად გადაქცევიათ. ბუნებრივია, ყველა ნაცვალს თავისი გვარი ექნებოდა (ნაცვლებად გლეხებიც მსახურობდნენ და აზნაურებიც). დღეს ნაცვლიშვილების თითო ძირი თითო სხვადასხვა გვარისაა. მათ მხოლოდ გვარსახელი აერთიანებთ, ხოლო გვარმოდენილობა სხვადასხვა აქვთ.

ერთი ძველი ბუდე ნაცვლიშვილებისა ვაკე იმერეთში ჩანს, ერთიც – ზემო რაჭაში. ძველები ჩანან ნაცვლიშვილები ქვემო ქართლში, შიგნით კახეთსა და ქიზიყში. ნაცვლიშვილები ყოფილან ადრე მაჰმადიანი ისკანდეროვები და მუხანოვები საინგილოში. სხვათა შორის, შიდა ქართლის ნაცვლიშვილებში მონოფიზიტი და კათოლიკე ქრისტიანებიც გვხვდებიან.

ჩვენს ხელთ არსებული საისტორიო წყაროების მიხედვით, ნაცვლიშვილების გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იმერეთის სოფელ ბაშში (დღევანდელი სამტრედიის რაიონი) ჩაწერილია ნაცვლიშვილთა 2 ოჯახი. ისინი საეკლესიო გლეხები არიან. მათი შთამომავალნი 1819 წლის ასევე საეკლესიო ყმათა სიაში უკვე 8 ოჯახად იხსენიებიან.

იმერეთის სამეფოს გვიანი შუა საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში ნაცვლიშვილები ჩანან თავად წულუკიძეთა ყმა გლეხებად. წულუკიძეებს ყმები ჰყავდათ იმერეთშიც და რაჭაშიც.

შიდა ქართლში ნაცვლიშვილები ჩანან თავად თუმანიშვილთა მამულში ყმა გლეხებად და თავად აბაშიძეთა მამულში აზნაურებად, ხოლო ქვემო ქართლში ნაცვლიშვილები თავად ჯამბაკურ-ორბელიანთა აზნაურები ყოფილან. სახასო აზნაურები ყოფილან ნაცვლიშვილები კახეთშიც. ისინი იხსენიებიან როგორც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე თანდართულ ქართველ აზნაურთა სიებში, ასევე 1801 წლის კახეთის ხალხთა აღწერაში, სადაც ნაცვლიშვილთა გვარი მებატონეთა სიაში წერია.

1850 წლის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში შეტანილია აზნაურ ნაცვლიშვილთა მხოლოდ 5 ოჯახი. აქედანაც ჩანს, რომ რუსული მმართველობის წლებში ხელოვნურად მცირდებოდა ქართველ თავად-აზნაურთა რიცხვი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატოვანთა ტახტის ძლიერებისათვის ნაცვლიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში და ცალკე კახეთის ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ნაცვლიშვილთა გვარის სახელი: “ნაცვლიანთ წყარო” – წყარო სოფელ მეტეხში (შიდა ქართლი), “ნაცვლიშვილების უბანი” – უბანი სოფელ საკრაულაში (იმერეთი), “ნაცვლიანთ კოშკი” – ნაკოშკარი სიღნაღის ციხის გალავანთან (ქიზიყი) და სხვა.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ნაცვლიშვილთთა გვარიშვილნი: XVIII საუკუნის დიდი ქართველი მწიგნობარი, თელავის სემინარიის ხელმძღვანელი და მეფე ერეკლეს თანამებრძოლი გაიოზ რექტორი ნაცვლიშვილთა გვარისა იყო. მარტო ეს ეყოფათ ნაცვლიშვილებს საამაყოდ; ჩვენს დროში ნაცვლიშვილები მოღვაწეობენ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. შეიძლება დავასახელოთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა ნაცვლიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გია ნაცვლიშვილი, კომპოზიტორი თემურ ნაცვლიშვილი, პოეტი ნათია ნაცვლიშვილი, მხატვარი პაატა ნაცვლიშვილი, მსახიობი თემურ ნაცვლიშვილი, მომღერალი გია ნაცვლიშვილი და სხვანი.

ამჟამად ნაცვლიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლში, კახეთში, ქიზიყსა და ჰერეთში. არიან საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატებისა და კანადის ძველი ტალღის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში ნაცვლიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3500 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნაცვლიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button