გოდერძი ჩოხელი უძლეველი მეომრები
ახალი წლიდან მოყოლებული, ყველა რაღაცა ცუდ ამბავს ელოდებოდა გუდამაყრის ხეობაში. ჰაერიც კი იდუმალი შიშით იყო გაჟღენთილი და რომ ჩაისუნთქავდი, ამოსუნთქვა გიჭირდა, გულ-ღვიძლი და ფილტვები გეკუმშებოდა,
მერე ეს შეკუმშული ჰაერი გულზე მძიმედ გაწვებოდა და თითქოს მკერდის გამონგრევას ლამობდა.
სევდიანი მზერით დადიოდა ხალხი. პატარებსაც კი გაჰქრობოდათ პირზე ღიმილი. არც მგალობელი ფრინველები მოფრენილან იმ წელიწადს და ორ მთას შორის მომავალი შავი არაგვიც უფრო გაავდა, ისეთ შავ ტალღებსაც მიაქანებდა ღორღიან ჭალაზე, იმისი შეხედვაც კი შეგზარავდა. კლდეზე მიხეთქებული ტალღების საზარელი ტყლაშუნი, მოთქმაში და ღრიალში გადადიოდა.
რაღაც ავის მოლოდინში იყო არაგვი. კლდიდან-კლდეზე ეხეთქებოდა და ვერ წყნარდებოდა.
ახალ წელს, წესის მიხედვით, ჩოხის წმინდა გიორგის დარბაზში შეხვდნენ ჩოხელები და როცა შუაღამე დადგა, ხევისბერმა ბრძანება გასცა:
_ მოკრიფეთ სანთლები!
დასტურებმა ხალხს ჩამოუარეს და ყველამ იმდენი ადლი სანთელი მისცა მათ, რამდენი მამაკაციც იმყოფებოდა მათ ოჯახში. ქალების სახელზე სანთლებს არ კრებენ, ოდითგანვე ასე მოდის ეს წესი და ასეა ამ ღამესაც. ქალები სახლებში ელოდებიან მამაკაცებს და იქ უმზადებენ სადღესასწაულო სუფრებს. მამაკაცებმა კი ჯერ აქ უნდა დაკლან ხატისათვის შესაწირი ბატკანი, რომელიც ხატის დარბაზის ბოლო კუთხეში შვიდი_ რვა წლის პატარა ბიჭს უჭირავს თოკით, მარჯვენა ხელი კისერზე მოუხვევნია და ეჩურჩულება:
_ შენ ნუ გეშინია, ჩემო ბეკო, მე ღმერთს შევეხვეწები და არ დაგკლავენ, აი ნახავ, აი ნახავ როგორ შევეხვეწები.
ხატის დასტურები სანთლების შეკრებას მორჩნენ, ხევისბერმა დარბაზის კუთხეში მიყუდებული დროშა გარეთ გამოიტანა, ტარით თოვლში ჩაარჭო, დასტურებს ერთად შეკრული სანთლები ჩამოართვა, აანთო და ლოცვას შეუდგა.
პატარა ბიჭი მის წინ იდგა და შესაწირი ბატკანი ეჭირა ორივე ხელით.
თოვდა.
ბარდნიდა
და
უცებ ხევისბერმა ლოცვა შესწყვიტა:
_ ეს რა ხდება დიდებულო ღმერთო?! _ აღმოხდა გაოგნებულ ხევისბერს _ წითელი თოვლი მოდის?!
მიდამოს, ხალხს, წმინდა გიორგის ეკლესიას წითელი თოვლი ეფინებოდა.
_ ღმერთო, ღვთის რისხვა არის ჩვენს თავს თუ რა არის?! _ აკანკალებული ხევისბერი ნაწყვეტ_ ნაწყვეტ, ძლივს გასაგონად ამბობდა ამ სიტყვებს და თანდათან ფეხზედგომის ღონე ელეოდა. ჯერ ანთებული სანთლები გაუვარდა ხელიდან, მერე ხანჯალი და მუხლებმოკვეთილი მიესვენა იქ, სადაც შესაწირი ბატკანი იდგა.
ხევისბერმა ხრიალით დალია სული.
ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
_ ბატკანი გავუშვა? _ იკითხა პატარა ბიჭმა.
_ რაა?
_ ბატკანი წავიყვანო სახლში, თუ მოჭრით თავს?
_ წაიყვანე! წაიყვანე! _ ღმერთს უკვე შეეწირა დღეს ხევისბერი.
ბიჭი და ბატკანი კუნტრუშით ჩარბოდნენ წითელ თოვლზე.
_ სისხლი, ბევრი სისხლი დაიღვრება კაცთა შორის ამ ცოდვიან დედამიწაზე _ თქვა ბებერმა აბიკამ.
ხევისბერი სოფელში წაიყვანეს და ისე მოულოცეს იმ წელიწადს ხალხს ახალი წელი.
წითელ ფიფქებს ბარდნიდა ზეცა და სისხლი იყო ჩამდგარი ადამიანთა ნაფეხურებში.
მართალია წითელმა თოვლმა მალე გადაიღო, მაგრამ ხალხში დარჩა დიდი შიში, გარდაუვალი უბედურების შიში. ვიღაცამ თქვა: წითელი თოვლი, ომის მომასწავებელიაო. სხვამ კიდევ თქვა: ჩვენს ზემოთ რომ ვარსკვლავებია, ომი იქ მომხდარა და ის სისხლიანი თოვლიც იქედან თოვდა.
ხალხის გულში კი ნელ-ნელა თოვდა შიშის ფიფქები და ადამიანები რაღაც გაურკვეველის მოლოდინში იყვნენ მთელი გაზაფხულის მანძილზე. ყველა გრძნობდა, რომ რაღაცა უნდა დაწყებულიყო და არ იწყებოდა.
ერთ დილით კი, ჯერ ყვავმა ატეხა ავისმაუწყებელი ყრანტალი, მერე ძაღლმა გააბა მგელივით ყმუილი და ხალხს რატომღაც მოეჩვენა, რომ ახალწელს გარდაცვლილი ხევისბერი ზარებსა რეკავდა ეკლესიის სამრეკლოსთან.
_ დაიწყო! _ თქვა ბებერმა აბიკამ.
_ რა დაიწყო, პაპავ?! _ ჩოხის კალთა ჩამოუწია შვილიშვილმა.
_ დიდი შუღლი კაცთა შორის! _ ამოიოხრა აბიკამ, ქვაზე ჩამოჯდა და
დაკოჟრილი ხელებით ჩიბუხი გამართა…
…ახლა აღარ მიკვირს, როცა გუდამაყრის გზაზე მივდივარ და თითქმის სულ შავადჩაცმული ხალხი მხვდება წინ. ოჯახი არ დარჩა რომ ორი-სამი ახალგაზრდა არ შეეწირა იმ სისხლიან მეორე მსოფლიო ომს და გუდამაყრელები კიდევ ჭირის მოზიარე ხალხია. იმ ომის მერე უჭირთ შავი სამოსელის გახდა ტანიდან. იმ სისხლიანი წითელი ახალწლის მერე აღარ ამოდის სევდა იმათი გულიდან და თვალებიდან.
არაგვიც სულ ერთთავად შავი მოდის და უფრო მწუხარეს ხდის მიდამოს. დროთასვლამ ბევრი რამ შეცვალა და განსაკუთრებით კი ნასახლარები მოამრავლა გუდამაყარში. ეს უფრო მეტად იმათი ნასახლარებია, ვინც უკან ვეღარ დაბრუნდა იმ ცოდვიანი ომიდან. ზოგს კი, ვინც სახლში დაბრუნდა, სულ რაღაც ერთ კვირას აკმარეს ცოლ-შვილთან ყოფნა, მერე “პავესტკა” მოუვიდათ და ციმბირში გაასახლეს იმ მიზეზით, რომ ომის დროს ტყვედ ჩაცვივდნენ და რაკი თავი არ მოიკლეს და მტერს დანებდნენ, ახლა ასეთი სასჯელი დაიმსახურეს.
ზამთარში, თოვლიან ტყეში მშიერი ყვავებისაგან გაკენკილ ძახველის ხეს დაემსგავსა გუდამაყარი. ორასთერთმეტი გუდამაყრელი ვაჟკაცი აღარ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
ისინი, ვინც ბრძოლის ველზე ტყვიას გადაურჩნენ, არაფერს არ ჰყვებოდნენ ბრძოლის შესახებ.
იხოცებოდნენ ჩუმად. რაღაც უთქმელ სევდას დაატარებდნენ თან და თქმას ვერ ბედავდნენ.
ასე თანდათან გადავიდნენ დიდ სამარადისო სოფელში გუდამაყრელი მეომრები და საუკუნის მიწურულს სულ რამოდენიმე მოხუციღა დარჩა ჩემ სოფელში, რომლებიც წამოწვებოდნენ ხოლმე მზის გულზე და რაღაც გაუგონარ ამბებს ჰყვებოდნენ გადატანილი ომის შესახებ. ზღაპარს უფრო ჰგავდა მათი ნაამბობი, მაგრამ იმდენად დიდია ხოლმე სურვილი, მოუსმინო ომის მონაწილის ნაამბობს, არა მარტო ბალღები ვიკრიბებოდით მათ გარშემო, შავებშიჩაცმული ქალებიც შორი-ახლოს იჯდნენ და ვინ იცის მერამდენედ ისმენდნენ ამ “უძლეველი მეომრების” ახალ-ახალ საგმირო ამბებს.
პირველი უძლეველი მეომარი
ლადუა
_ და-და-და-და-და-და-დააა! ა, ბეჩავ ჯიელობავ, რა მაგარი ვიყავ?! _ გულდაწყვეტით წამოიძახა ლადუამ და თავმომწონედ გადახედა საფიხვნოში მჯდომარე თანასოფლელებს, რომლებიც მზის გულზე ითბობდნენ ბებერ ძვლებს.
_ მაგარი კი იყავ, მაგრაამ… _ იწყინა ლადუამ და მხართეძოზე წამოიწია, წარბები კუშტად შეყარა ერთმანეთთან და მწარიას მიაჩერდა.
_ მთელი ქვეყანა ჩინ_ მედლებით აივსო ომში და შენ მკერდზე “ჟესტის” ნაგლეჯიც კი არ მინახავს.
_ აი ამ წარწერას ხედავ? _ უბის ჯიბიდან “პრიმის” გაცრეცილი კოლოფი ამოიღო ლადუამ, კვირიას მიაწოდა და ამაყად უთხრა:
_ აბა წამიკითხე, რა სწერია!
_ დარაგომუ ლადო, ოტ იოსეფა ბესარიონიჩა სტალინა! _ ვააა! ვააა! _ აღმოხდა კვირიას _ იმის ნაწერია?!
_ აბა, მაშ ეგღა მაკლია სხვისი წარწერა ვატარო გულის ჯიბით _ თქვა ლადუამ და კვირიას “პრიმის” კოლოფი ფრთხილად გამოართვა.
აქამდე ჩუმად მჯდარი თანასოფლელები ლადუას და “პრიმის” კოლოფს მიაჩერდნენ.
_ მერე ერთი მედალი ვეღარ მოგცა თუ ეგრე კარგად გიცნობდა?! _ გაიკვირვა კვირიამ.
_ მე არ ვინდომე, თორემ თუნდა ნახევარ მოსკოვს მომცემდა.
_ სად ნახე?
_ სადა და კრემლში. მანამდეც კარგად ვიცნობდი და ომი რომ დაიწყო ჰიტლერმა, მაშინ უფრო მაგრა დავძმაკაცდით. ჯერ კი არ უნდოდა ჩემი შეწუხება, ფიქრობდა: მე თვითონ მაგარი ბიჭი ვარ, თავად მოვერევი ჰიტლერსო, მაგრამ ხო იცით ჩხუბი მორევაზეა და რო შეატყო ჰიტლერი მერევა და სადაცაა კრემლში შემომივარდებაო, ჩემსკენ დაყარა ღონე. ომში რო გამომიძახეს, ჩემთვის ჩამეცინა: “აკი არ გჭირდებოდი?” ჩავიცვი, ცოლ-შვილს დავემშვიდობე და გადავე კანტორაში. სწორედ იმ წელს მიიღო ჩვენმა კოლმეურნეობამ გარდამავალი წითელი დროშა. ჯერ კი არ მატანდა თავჯდომარე, მაგრამ რო გაიგო სხვისთვის მინდოდა, უარი ვეღარ მითხრა, ტარი იმასვე დავუტოვე, დროშა დავკეცე და უბეში ჩავიდე, ღიპიანივით მუცელგამობერილი მივადექი კრემლში სტალინს.
_ როგორ გასუქებულხარ, ლადო, ღიპი დაგდებია, მე კი შენი იმედი მქონდა, აფსუს! როგორ უნდა სდიო ეხლა მაგ ღიპით ჰიტლერს?
_ მაგას ღიპი კი არა, გარდამავალი დროშით აქვს მუცელი გამობერილი _ ჩაიქირქილა კუთხეში მდგარმა ბერიამ.
_ მართლა ლადო? მერე და რად გინდა ომში გარდამავალი დროშა?!
_ რა ვიცი, რაში დამჭირდეს.
_ ხომ იცი შენი იმედი მაქვს.
_ ისეთ დღეში ჩაგიგდო ჰიტლერი როო! _ დავაიმედე სტალინი და გამოვემშვიდობე.
_ აბა შენ იცი, ლადო, მომაძახა კართან _ შენებურად მარტოკამ არ დაიწყო ომი, მაინც გაიყოლე რუსები, თორემ მერე გული დასწყდებათ, ქართველებმა მოიგეს ომი, ჩვენ არ გვაცალესო.
_ სოსო, ჩემთან ეგენი სად იომებენ, ტყუილუბრალოდ უნდა დაიხოცონ.
_ მაგის დარდი ნუ გექნება, თვლით კი არ ჩაუბარებია ნიკოლოზს მაგათი თავი. მთავარია გულნატკენები არ დავტოვოთ რო გავიმარჯვებთ. ტყუილად ხო არ ვაყვირებთ გამარჯვების ზეიმზე ურას.
_ კარგი, კარგი, წამომყვნენ და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა კაცობამ.
_ აბა მიდი!
გამოვედი კრემლიდან და უნდა გენახათ რას მივდიოდი. გარბიან გერმანელები ჩემ დანახვაზე და მივდევ მე. ჰიტლერისათვის იმდღესვე უცნობებიათ: კრემლიდან ერთი ღიპიანი კაცი გამოგვივარდა, ტყვია იმას არ ეკარება და ტანკი, სადაცაა რაიხსტაგში შემოგვივარდებაო.
_ რუსები?
_ რა რუსები?
_ სტალინმა რომ გამოგაყოლა.
_ აბა ისინი მე რას დამეწეოდნენ, ზოგი სად დამრჩა და ზოგი სად. მარტო ურას ძახილი მესმოდა უკნიდიან და ვგრძნობდი რა სიხარულით მომყვებოდა რუსის ჯარი. ეს გერმანელები ხო გარბიან, ტოვებენ დაპყრობილ ქვეყნებსა და ქალაქებს. ერთი ისეთი ქალაქი გავიარე, კინაღამ სულმა წამძლია და იქ დავრჩი.
_ რატომ? _ ჰკითხა მწარიამ.
_ იმიტომ რომ სუყველას თავის საათი ჰქონდა იქ მაცხოვრებლებს.
_ ეჰეჰე, რა მდიდარი ხალხი ყოფილა?!
_ მდიდარი კი არა, ვისაც რა დრო აწყობდა, იმ დროს აჩვენებდა იმის საათი, _ აუხსნა ლადუამ მწარიას.
შეცვივდნენ ბერლინში გერმანელები და ამოვიღე უბიდან გარდამავალი დროშა, ავვარდი რაიხსტაგის სახურავზე და რახა_ რუხი ავუყენე სახურავის შიფერებს ჩექმებით.
_ შიფრით იყო გადახურული? _ ისევ მწარიამ იკითხა.
_ შიფრით მაშ, ისეთი მაგარი შიფერი იყო, ერთი არ გამტყდარა. ავაფრიალე დროშა და ვხედავ ვიღაც მიყურებს დურბინდით. კარგად დავაკვირდი და ბერია არ არის?! გამოუშვა იმ წუთას მეორე დროშით ქანთარია და რუსი. ე მეგრელების ამბავი ხო იცი, გინდა თუ არა, მეგრელმა აიტანა დროშაო, თანაც არც რუსებს აწყენინა. კარგი _ მეთქი, ჩამოვედი იქედან და დავიჭირე გერმანელი ტყვეები. ერთზე ზედ გადავჯექი, როგორც ცხენზე და დანარჩენები წინ გამოვიყარე. ვიარე, ვიარე და ისევ გამოვიარე ის ქვეყანა, ყველას თავის საათი და თავის დრო რომ ჰქონდა. კინაღამ ისევ დავრჩი იქ, მაგრამ ხო ვიცი სტალინი როგორ მელოდება, რა გამაჩერებს, ერთი სული მაქვს სტალინს მივურეკო ტყვეები.
მივადექ კრემლს და მაახსენეს სტალინს: ვიღაც ქართველმა გერმანელი ტყვეები მორეკა და შენთან შემოსვლას ითხოვსო.
_ ჩქარა, ჩქარა, შემოუშვით, ლადუა იქნებაო, _ გახარებია სტალინს. არცკი ჩამოვმხტარვარ გერმანელიდან, ჭენებ-ჭენებით შევრეკე სტალინთან ტყვეები.
გამოქანდა სტალინი, დახედა იმ კაცს, რომელზეც ვიჯექი და გაებადრა სახე:
_ შენ გენაცვალე, ლადოო, ეს ვინ მომიყვანე!
დავხედე და რასა ვხედავ, თურმე ჰიტლერზე არა ვმჯდარვარ?!
გადამეხვია სტალინი და მეუბნება:
_ რა ვქნა, რა გაჩუქო იმის სანაცვლოდ, ჰიტლერი რომ მომიყვანე!
_ არაფერი არ მინდა, ნუ შეწუხდები, ისედაც გაგვიღარიბა ომმა ქვეყანა. _ არა ლადო, ეგრე როგორ შეიძლება?
_ რაკი არ იშლი, თუ ავტოგრაფს მომცემ იმაზე უკეთესი საჩუქარი რა იქნება.
_ ეხლავე ლადო! _ მითხრა სტალინმა და ქაღალდს დაუწყო მაგიდის უჯრაში ძებნა.
მივხვდი ქაღალდიც კი აღარა ჰქონდა, ისე გააღარიბა ომმა. ამოვიღე ჯიბიდან “პრიმის” კოლოფი და მივეცი, ამაზე წამიწერე-მეთქი. წამიწერა: ლადუას სტალინისგანო.
ჩამოვედ ჰიტლერიდან, დავემშვიდობე სტალინს და წამოვედი გამარჯვებული საქართველოში.
_ აკი ჰიტლერმა თავი გერმანიაში მოიკლაო? _ ეჭვით ჰქითხა მწარიამ.
ლადუა დაფიქრდა და დანანებით თქვა:
_ ეტყობა გაექცა. ანდა ბერიამ გააპარა. რაკი იმის ჩამოყვანილი არ იყო. ხო გითხარით, ისიც კი შეშურდა, რაიხსტაგის თავზე გარდამავალი დროშა მე რომ ავაფრიალე-მეთქი. ნამდვილად ის გააპარებდა და აკი იმასაც ამბობენ ღალატით მოკლეს სტალინიო.
ლადუა ცოტა ხანს ერთ ადგილას მიაჩერდა ფიქრიანი მზერით და მერე სევდიანად თქვა:
_ ეეეხ, საქართვველოს სიყვარულმა გამომწია მაშინ აქეთ, თორემ, კრემლში რომ დავრჩენილიყავი, ვერც სტალინს მოკლავდნენ და ჰიტლერსაც კიდევ დიდხანს ვაჯირითებდი თოხარიკით.
ეს ისე დამაჯერებლად თქვა, ეჭვი არავის შეჰპარვია მის ნაამბობში და დანარჩენებსაც თავისი საგმირო საქმეების მოყოლის ჟინი აეშალათ.
მეორე უძლეველი მეომარი
ვაჟი გოგი
მოწყენილი ზის იმათ შორის ბიძაჩემი ვაჟი გოგი. სევდიანი გაჰყურებს გუდამაყრის ლამაზ მთებს.
_ რა დარდიანად ზიხარ ვაჟი გოგი?
_ თქვენ კარგად იცით სად ვმსახურობდი ომის დროს და როგორ დამღუპა ჩემმა მოუთმენლობამ.
_ რა შენი ბრალია, კაცო, შენ ადგილას ყველა ამოყოფდა თავს, მე და ჩემმა ღმერთმა, ვერავინ ვერ გაუძლებდა.
_ უნდა გამეძლო, ფიცი მქონდა მიცემული რომ წყლიდან თავს არ ამოვყოფდი. მა რა წყალქვეშა ნავის კაპიტანი ვიყავი რომ სიტყვა ვერ შევინახე და როცა გუდამაყარში ნარიანის ტბის ქვეშ შემოვცურე და იქ გუდამაყრელი მწყემსების ლაპარაკი გავიგონე, იმ წუთას თავი ამოვყავი გახარებულმა. იმათაც არც აიღეს, არც აცხელეს, გააგებინეს სტალინს: სადაც საჭიროა და არა სუყველგან თავსა ჰყოფსო.
_ როგორ თუ უადგილო ადგილას ჰყოფს თავსო! _ გაბრაზებულა მთელი კრემლი.
_ ერთი ამოყოფა მაპატიეთ, მეტს აღარ ამოვყოფ _ მეთქი.
არ მაპატიეს. აი ხო ხედავთ რა ამბებიც ხდება მიწის ზემოთ, რა ვქენ, რა მივქარე, ნეტავი წყლიდან არ ამომეყო თავი, ეხლაც ხო ოკეანის სიღრმეში ვიქნებოდი და ნაირ_ ნაირ თევზებთან ვისრიალებდი ჩემ ნებაზე.
_ წამო, შე არსახეირებო, შეშა მაინც დასჭერი მანამ მზე ჩავა! _ წამოადგა თავზე ძალუაჩემი. ბიძაჩემი მორჩილად წამოდგა და ჩაილაპარაკა: არსახეირებო ვარ, აბა რა, ამ ცოდვიან მიწაზე რომ ამოვყავი თავი; აბა ხეირი თუ მინდოდა, ვყოფილიყავი წყლის ქვეშ თევზებთან.
მესამე უძლეველი მეომარი
ისტორიის მასწავლებელი
ის სახლი, სადაც ეს ჩვენი უძლეველი მეომრები იყვნენ მზის გულზე წამოწოლილნი, ჩვენი სოფლის ისტორიის მასწავლებელს ეკუთვნოდა და სახლის წინა მხარეს ხეხილის ბაღიც ჰქონდა გაშენებული. გაზაფხულიდან შემოდგომამდე მოსვენებას არ ვაძლევდით ბალღებს: ხან დაუმწიფებელ ბალს ვპარავდით, ხან მკვახე ტყემალს და უფრო კი იმის მსხალტკბილს ვიყავით შეჩვეულნი. ისიც თუ ხეზე ასულებს მოგვასწრებდა, გამოიტანდა სახლიდან ცულს და ცხვრის საპარს მაკრატელს. ხეზე თვითონ ვერ ამოდიოდა და ცულით გვყარაულობდა, რომ თუ ჩამოფრენას დავაპირებდით ძირში გადაეჭრა ხე, რომ ერთი_ ორი მაინც დავეჭირეთ “ცოცხლად”, რომ მერე იმ ცხვრის საპარსი მაკრატლით “საოხრეები” დაეჭრა ჩვენთვის ძირში. ჩვენ მართალია გასუსულები ვისხედით ხის კენწეროზე, მაგრამ ხანდახან მაინც ჩამოვძახებდით:
_ პატივცემულო, ტუალეტში გასვლა შეიძლება?
_ დიდზე გინდა თუ პატარაზე?
_ პატარაზე მასწ!
_ კარგი, კარგი, ოღონდ შორს გადააფსით თორემ ამოვალ და ამ მაკრატლით სულ ძირში დაგაჭრით მაგ საოხრეებს.
თუ ძალიან შევწუხდებოდით და გავუბედავდით, დიდ ტუალეტში გვინდა გასვლაო. აი მაშინ გენახათ იმის გაცოფება: დიდი მამაშენს წაუღე! პაპაშენს წაუღე და პაპაშენის პაპას წაუღე. ბოლოს და ბოლოს ჰიტლერი ვერ მიბედავდა ეგეთ ამბებს და შენნაირმა ცინგლიანმა ჩემ საკუთარ ხეზე ეგ ამბავი უნდა გამიბედოს?!
ამასობაში ჩვენს საძებნელად გამოსული მშობლები სოფელს მოსდევდნენ და გვეძახდნენ, მაგრამ მასწავლებლის შიშით ხმას არ ვიღებდით. ისიც არა “გვყიდიდა” მშობლებთან და ვითომ არც კი ვისხედით იმის ხეზე, ისე აბოლებდა პაპიროსს. სამწუხაროდ ვიღაცამ მართლა დიდი ტუალეტი მოინდომა და გადაირია მასწავლებელი, წამოავლო ცულს ხელი და ძირში გადაჭრა ხე. ჩვენ მწიფე
მსხლებივით პანტა-პუნტით ჩამოვეყარეთ მიწაზე. ის წიხლებს გვირტყამდა და გვტუქსავდა: პატარას არ დასჯერდით, არა!
ეხლა ზის მზის გულზე და მეომრებს ატყუებს: პლენში ვიყავი, მთაზე ხეებს მაჭრევინებდნენ გერმანელები და მერე დაბლა უნდა ჩამოგვეცურებინა ის მოჭრილი მორები. მე ისეთი ფეხის დარტყმა მქონდა, ხეს ძირში ოდნავ ჩავუჭრიდი იმ მხარეს, რა მიმართულებითაც უნდა დაგვეთრია მორი, მეორე მხრიდან დავარტყამდი ფეხს და ჰაერში მიფრინავდა ხე, თანაც ისე ზუსტად, მოზომილად ვარტყავდი ფეხს, რომ სხვაგან არსად დაცემულიყო და სადაც ნაბრძანები გვქონდა ხეების მიტანა, ზუსტად იქ ეცემოდა. ერთხელ ზედამხედველმა რაღაცაზე მაწყენინა და თანაც შემაგინა: შვაინო! აა, შვაინ_ მეთქი? _ ია, ია, შვაინო! ვეღარ მოვითმინე და ისე ძალიან დავარტყი ხეს წიხლი გაფრინდა და რა გაფრინდა, როგორც რაკეტა, ისე მიშხუოდა ჰაერში, სიჩქარისაგან ტოტები სტყდებოდა და მერე გავიგე, პირდაპირ რაიხსტაგის ფანჯარაში შეფრენილა, ბეწვზე გადარჩენილა ჰიტლერი, ოდნავ ასცდენია იმის ფანჯარას. ეს რომ სტალინს გაუგია, იმ წუთას ბერია უფრენია გერმანიაში: როგორც გინდა, ისე გამოიყვანე ის კაცი პლენიდან და საბჭოთა კავშირის ორდენი ჩამოჰკიდეო.
_ ეს შენი მსხლის ხე რაზეღა მოჭერი? _ ჰკითხა მწარიამ.
_ რაზე და, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ფინთად გვექცევიან რუსები. წუხელ ისე გავბრაზდი მაგათზე, გამოვიტანე ცული, მოსკოვისაკენ ჩავუჭდივე ხეს, შემოვუარე უკნიდან და ფეხი რომ უნდა მეკრა და გამეფრინა კრემლისაკენ, იქ ვიფიქრე: მაიცა კაცო, რას შვრები, მაინც მეზობლები არიან, ერთად ვუტირეთ ჰიტლერს დედა, ეხლა ამ ხეს რომ ფეხი ვკრა და გაფრინდეს რაკეტასავით, ვაი თუ იმ ფანჯარაში შეფრინდეს, სადაც ის სულგანათლებული ჩვენი დიდი ბელადი იჯდა და მსოფლიოს აზანზარებდა მეთქი. თანაც, კაცო, უკვე ხანში ვარ, ვაი თუ, კრემლში კი არ შეფრინდეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიტანოს შხუილი და იქაც ხო ჩვენი კაცი ზის, მტერსაც გავალაღებ და მოყვარესაც. გავანებე ჩემ განზრახვას თავი, ეს ძირჩაჭდეული მსხლის ხეც შემეცოდა, მაინც გახმება მეთქი და ბოლომდე მოვჭერ.
მეოთხე უძლეველი მეომარი
ჯარჯი
_ პაპაჩემსაც ჯარჯი ერქვა, მამაჩემსაც და მეც ჯარჯი დამარქვეს, რაკი ამის წინაპრები იღბლიანი მონადირეები იყვნენ, ამასაც იმათი იღბალი გამოჰყვებოდა და ბარემ ამასაც ჯარჯი ერქვასო.
ისეთი მონადირე გამოვდექ, ცაში ფრინველს არ გავაჭაჭანებდი და დედამიწაზე ჭიანჭველას.
ეს რუსეთის ტრამალები ხო სავსეა ნადირით, რას ინატრებ რომ იქ არ იყვეს. დავდივარ და ვხოცავ. მიუვიდა სტალინს ჩემი ამბავი, ვიღაც ქართველმა სუ გაწყვიტა
რუსეთის ნადირი, რა ვქნათ არ ვიცითო. დამიბარა სტალინმა და თან ეღიმება, თან მკაცრად მეუბნება:
_ ეტო ტი ჯარჯი?
_ დიახ თქვენი ჭირიმე_ მეთქი.
_ მე აქ გერმანელების დასახოცად გამოგიძახე და შენ კი თურმე საბჭოთა ნადირს ანადგურებ. კაკ ტებე სიჩას, რასტრელიატ, ილი?
ბერიამ რაღაც უჩურჩულა ყურში. სტალინს გაეღიმა და მითხრა:
_ ნე ბუდიმ ტებე რასტრელიატ, ტი ბუდიშ კრემლიოვსკი ახოტნიკ.
იმ წუთას კრემლში სანადირო თოფებით სავსე ოთახი გამომიყვეს და ყოველდღე ხან საით მივდიოდი სანადიროდ და ხან საით. უამრავი სტუმარი ჩამოსდიოდა სტალინს კრემლში და ნაირ-ნაირ ნანადირევს არ ვაკლებდი.
ერთხელაც, სადღაც აქ, კავკასოინის მთებთან ვნადირობ და რას ვხედავ: არწივს დაუჭერია ვირი და მიაქვს ჰაერში. დავუმიზნე და მე შენ გეტყვი ვერ მოვარტყამდი, წივილითა და ტრიალ-ბზრიალით დაეშვა არწივი მიწაზე. იმხელა იყო, რო დაეცა, მიწას ნისლივით მტვერი ავარდა. მტვერი რომ გაიფანტა, ავიხედე და რას ვხედავ: ვირი ჩვეულებრივად მიფრინავს ჰაერში ჭიუხებისაკენ.
_ არა მჯერა ეგ ამბავი! _ გაბრაზდა მწარია.
_ რატო არა გჯერა?
_ როდის იყო ვირები დაფრინავდნენ? მე არ მინახავს და არც გამიგონია!
_ ის ხომ გაგიგონია, რომ დავით აღმაშენებლის საქართველოს ხანდახან ტეტიები და გონებანაღრძობები რომ მართავდნენ.
_ ეგ კი.
_ ხო და, შე კაი დედმამისშვილო, თუკი ტეტია და გონებანაღრძობი ჩაუდგეს სათავეში დავით აღმაშენებლის საქართველოს და როგორც მოეპრიანება ისე მართოს, ის რადღა გაგიკვირდა, რომ დროდადრო არწივების მაგიერაც ვირებმა იფრინონ, ჰა?!
ჩამოვარდა სიჩუმე და რამოდენიმე ხნის მერე ეს სიჩუმე აბიკამ დაარღვია.
მეხუთე უძლეველი მეომარი
აბიკა
_ ვირების ფრენისა რა გითხრათ, მაგრამ ომის დროს რო მე ჰაერში დავფრინავდი, მაგას წყალი არ გაუვა.
_ როგორ, თვითმფრინავში კი არა, პირდაპირ დავფრინავდი.
_ პირდაპირ როგორ, კაცო?
_ საიდუმლო ნაწილში ვიყავი და იქ ისეთ პროპელერებს გვამაგრებდნენ მხრებზე და ფეხებზე, არც ფრთები გინდოდა და არც ბორბლები. ჩავრთავდი პროპელერებს და რამოდენიმე ასეული, მერცხლებივით ავფრინდებოდით ჰაერში, ხმა ჩვენ არა
გვქონდა და ისე წამოვეპარებოდით ხოლმე ჰიტლერის თვითმფრინავებს, ელეთ-მელეთი ემართებოდათ. როგორც ჩანს უცხოპლანეტელები ვეგონეთ, რაკი თვითმფრინავში არ ვისხედით და ჩვენ დანახვაზე “შვაინის” თქმას ვერ ასწრებდნენ, ისე, მწიფე მსხლებივით პანტა-პუნტით ცვიოდნენ მიწაზე. ჩვენ კიდევ შარვლის უბეები პატარ_ პატარა ბომბებით გვქონდა გამოტენილი და ზემოდან რომ ვაყრიდით გერმანელებს, ზოგი ისეთ ბრძოლის ეშხში შედიოდა, ხანდახან მამაკაცურ კაკლებსაც გამოიგლეჯავდნენ ხოლმე შემთხვევით, ზოგი ერთს, ზოგი ორივეს. მტერს რო ეომები, ისე ხარ აღგზნებული, რაც ხელში მოგხვდება, იმას ისვრი და გამწარებული კაცი რას არ გამოიგლეჯ. ამის გამო სტალინმა ღირსების ორდენები დაგვიწესა, ვინც ორივე კაკალს გამოიგლეჯდა ორი ორდენით აჯილდოებდნენ, ვინც მარტო ერთს, იმას ერთი ორდენით და თუ მოხდებოდა ისეთი შემთხვევა, რომ მამაკაცურ რაკეტასაც გამოიგლეჯდნენ, იმას პირდაპირ საბჭოთა კავშირის გმირობას აძლევდნენ. ეხლაც გასაიდუმლოებულია ეს ამბავი, ხო გითხარით, გერმანელებს ეს პროპელერებიანი კაცები უცხოპლანეტელები ეგონა და დღესაც არ არის შეიარაღებიდან ეს ტაქტიკა მოხსნილი, რო გამიგონ აქა ვარ, გამაქრობენ იმ წუთას.
მწარიამ ეჭვით შეხედა აბიკას და ჰკითხა:
_ შენ რამდენი ორდენი გაქვს მაგ საქმეში მიღებული? თუ გმირის ვარსკვლავიც გკიდია, ჰა?!
_ ეგ არავის საქმე არ არის, ვის რა ჰკიდია, და მე სხვებივით არ ვიკვეხნი ჩემს ორდენებსა და ვარსკვლავებს, _ შეუტია აბიკამ მწარიას და ეჭვით შემოგვხედა, ემანდ გამყიდველი ხომ არავინა ზის, ჩემი ამბავი არსად წაიღოს და ამ სიბერეში არ წამაბრძანონო, მაგრამ მალედვე დამშვიდდა, რაკი ხუთი-ექვსი უძლეველი მეომრის მეტი იქ არავინ იყო და ბალღები და იქეთა კუთხეში წინდის საქსოვად მიმსხდარი ქალები სათვალავშიც არ ჩაუთვლია.
მეექვსე და ბოლო უძლეველი მეომარი
კოტია
_ მე-მე-მე-მეც მა-მა-მათქმევინეთ ჩე-ჩე ჩემი გ-გ-გ-მირობის ა-აა-ააამბავი, _ მერამდენედ დაიწყო კოტიამ თავის ამბის მოყოლა, მაგრამ ისე უკიდებდა ენას, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო.
_ მაიცა, კაცო, რას ვაწვალებთ ამ კაცსა, ჰა? _ თქვა აბიკამ, _ წადი ბალღო, გამაიტანე კორტიან ბოთლში რო წინწანაქარი არაყია.
აბიკაის შვილიშვილმა მალე მოარბენინა ბოთლი და სამი ჭიქა რომ დალია, ისე აჭიკჭიკდა კოტიაი, სიტყვაც აღარ ეშლებოდა:
_ ხოდა, გამამიძახეს ომშია, _ დაიწყო კოტიამ, _ ვერაფერს ვერ ვაგებინებ ამ ჩემი ენა_ პირის გადამკიდე უფროსსა. არა და ქართველია და ერთხელ ერთად დავლიეთ.
სიმთვრალეში ხო სიმღერასაც გამართულად ვმღერი და რო მომისმინა, წამომაყენა ფეხზე და მიბრძანა:
_ კოტე, მე შენი დედა ვატირე, შენი, ამის მერე რამეს რო მომახსენებ, სიმღერით მომახსენე, თორე ხომ ხედავ სხვანაირად ვერ ვგებულობ რას მეუბნები, გასაგებია?
_ გასაგებია ამხანაგო კაპიტანო! _ ვუპატაკე მე.
ერთხელაც იყო და ჩვენს კაზარმას ცეცხლი წაეკიდა. ატყდა “ტრევოგა” და გავიქეცი კაპიტანთან. რომ მივედი, კაპიტანს ასეული ჰყავდა გენერლების წინ ჩამწკრივებული და მოვახსენე სიმღერით:
_ ამხანაგო კაპიტანოოო,
ამხანაგოოო კაპიტანოოოო,
ამხანაგოოოოკა-კა-კა-კაპიტანოოო…
_ თქვი, თქვი! _ მიყვირა კაპიტანმა.
_ კაზარმას ცეცხლი უკიდია,
კაააზარმააას ცეცხლი უკიდიიია,
კაააზარმაას ცეცხლი უკიდიიია,
კაზარმას ცეცხლიიი უკიდიაააა!
_ რაო?! _ ფერი ეცვალა კაპიტანს და გენერლებს შეხედა.
_ შტო? შტო? ზაჩემ პაიოტ? _ იკითხა გენერალმა. კაპიტანმა აუხსნა რაც მოვახსენე.
_ შტო?! ი ონ ზა ეტო პაიოტ?! _ გაგიჟდნენ გენერლები:
_ ზასტრელიაიტე ევო!
_ ჩქარა გაიქეც, _ წამჩურჩულა კაპიტანმა და გამოვიქეცი, თორემ დღეს რაღა მინდოდა ცო-ცო-ცო-ცხ-ცხ-ცხ-ცხ-აა-ლ-ლ-ლ-სა, _ ისევ აურია და ენის მოკიდება დაიწყო კოტიამ.
_ ე, ე, კიდევ მოუკიდა, ჩამოუსხით კიდევ ერთი ჭიქა.
კოტიას ჭიქა მიაწოდეს და მან რო გადაჰკრა სიმღერით წარმოთქვა სათქმელი:
_ ამით, ვინც სიცოცხლე იქ გაწირა,
ვინც სახლში ვეღარ ჩამოვიდა,
სუყველას სული გაანათლოს,
სუყველა ღვთის ნათელში იყვეს.
დიდმა ღმერთმა თვითონ შეუღოს სულეთის კარი!
ვინც კიდევ კერას დაუბრუნდა,
საღ-სალამათი ჩამოვიდა,
გუთანს და სახნისს მოეკიდა,
ოჯახი ფეხზე დააყენა,
დიდი სტალინის გამარჯვებით,
სუყველას გამარჯვება იყვეს,
ბევრჯელამც გაგვამარჯვებინოს!
ამინ! ამინ! ამინ!
დასტურს ეუბნებოდნენ კოტიას ფეხზეწამომდგარი უძლეველი მეომრები და ომშიდაღუპულთა შესანდობარს ცლიდნენ მორიგეობით.
წინდის მქსოველი ქალებიც ფეხზე წამომდგარიყვნენ, მუხლებში კანკალებდნენ და ჩიქილის ტოტებით ჩამომჭკნარ ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს იმშრალებდნენ.
მარტო ბალღები შევყურებდით ამ უძლეველი მეომრების “ზღაპარს”, რომელიც რატომღაც ფეხზეწამოდგომითა და ცრემლებით დაამთავრეს მოხუცებმა.
მერე კი იმათ გულამოსკვნილ ტირილს, ძალაუნებურად ჩვენც ავყევით და მართალია გულიანად ვტიროდით, მაინც არ ვიცოდით რისთვის და რატომ ვტიროდით.
_ იტირეთ შვილებო, იტირეთ, თქვენი ცრემლი გაანათებს იმათ საიქიო სამყოფელს, იტირეთ აგრემც ბებო შემოგევლებათ!
და ჩვენც ვტიროდით.
პაპებიც ტიროდნენ,
პაპები _
ჩვენი უძლეველი მეომრები!