ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი პატარა ბუბუნაურები

ბუბუნაურების წინაპარი მოსისხლეებს გამოექცა ხევსურეთიდან და ბურსაჭირში დასახლდა ნოყართ ქედზე. ამ ქედზე ოდესღაც ალბათ დიდი სოფელი იყო. უზარმაზარი ლოდებით ნაშენები კედლები მოწმობდნენ ამას, დროთასვლაში ჩაქცეული და ჩანაყვრებული კედლები.

გადმოვიდა ხევსურეთიდან ბუბუნაურის წინაპარი და ამ ჩანაყვრებულ გორზე დასახლდა. აქედან ხელისგულივით მოჩანდა შავი არაგვის ხეობა. ახლომახლო გუდამაყრის არც ერთი სოფელი არ ჩანდა. შავი არაგვი იყო ჯუღურა ბუბუნაურის ოჯახის მეზობელი. მისი ხმა იყო მათთვის ამ ცადაზიდული მთებით შემოღობილ პირველყოფილ მდუმარებეში ერთადერთი ხმის გამცემი. ათასში ერთხელ ყორნები თუ ჩამაიყრანტალებდნენ და მერე ისინიც ჩაიწყვეტდნენ ხმას.

ნაყორთ ბედზე გამხვივდნენ და გამრავლდნენ ბუბუნაურები. კაცებმა თან-თან ქვემოთ იწყეს არაგვის ხეობაზე ჩასვლა და იქ გუდამაყრულ სოფლებში მოკეთეები გაიჩინეს.

ვაჟკაცები იყვნენ ბუბუნაურთა წინაპრები და ზოგი ომში დაიღუპა მეფის დაძახილზე, ზოგი წინაპართა სისხლის ძახილმა ხევსურეთში გადაიტყუა და იქ ან მოსისხლეს შეაკვდა, ან კიდევ ზამთრობით სანადიროდ წასულს ჭიუხებში გზა დაებნა და ჩაყინულ ქარაფებში გადაჩეხილმა ბოლომდე აღარ ჩაიყოლა სული.

თანდათან ასე უიღბლოდ დაილივნენ, ყუაზე მიდგა იმათი გვარი. ბოლოს დარჩა მხოლოდ მარტიაი, სხვები ყველა უძიროდ შეაშრა მიწას და არც ერთი მათგანი ლოგინზე არ მომკვდარა, თვითონ ჯუღურა ბუბუნაურიც კი, რომელმაც პირველმა დაანთო კერაზე ცეცხლი ამ ჩანაყვრებულ ნამოსახლარში.

მარტიაი ენას უკიდებს და ხანდახან ვერცკი გაიგებ, რას ლაპარაკობს.

ის არც თოვლიან ჭიუხებში დადის ჯიხვებზე სანადიროდ, არც წინაპრების სისხლი აწუხებს. ცხოვრობს მშვიდად, ცოლ-შვილში გამხვივნებული ბუბუნაურთ გვარის გამრავლებაზე მეცადინეობს ზამთრის გრძელ ღამეებში, როცა გარეთ ქარი წივის.

ცოლი უყვარს მარტია ბუბუნაურს. ცოლი უყვარს, ბალღები და თაფლი. ხანდახან ისიც კი ჰგონია, რომ თაფლი ცოლ-შვილზე მეტად უყვარს და თავის თავზე ბრაზობს მაშინ.

ცოლი ათნოხიდან ამოიყვანა აქ. ხატობაში გაიცნო და ისე მოეწონა, მეორე კვირაზედვე მიადგა ქალის მშობლებს, აკმაკსა და სალომეს.

სხედან კერასთან: აკმაკი, ილიკაი და სალომე. აკმაკის ქალიშვილი მეზობლებშია გასული. ნერვიულობს მარტიაი, აღარ იცის, როგორ თქვას სათქმელი და უფრო ებმება ენა.

_  კი-კი-კი-აკ-აკ-მამ-მაკი.

_  რაო, მარტიავ!

_  კი-კი-იცი _  კაი-რა-კი მი-მი-მინდა _  კი-მე-მენა.

აკმაკი ვერაფერს გებულობს და ნერვიულობით უფრო ენა ებმება მარტიას. მაშინ მეზობელ სოფელში გადადის და ლემანი გადმოჰყავს მარჯეკლად. ლემანი იმიტომ მოჰყავს, რომ ისიც ენას უკიდებს და ერთმანეთს კარგად აგებინებენ სიტყვას. ახლა ორივენი ლაპარაკობენ, ერთმანეთს აღარ აცდიან სათქმელს და აკმაკი უფრო იბნევა. კი მიხვდა უკვე, რაც უნდათ, რასაც სთხოვენ, მაგრამ არ უნდა, ერთადერთი ქალიშვილი ბუბუნაურების უკანასკნელ შთამომავალს გააყოლოს. ხალხში ხმა არის გასული, ბუბუნაურნი იმიტო იღუპებიან, რო ჩანაყვრებულ ადგილზე გააკეთეს სახლიო. ეშინია აკმაკსაც და იმიზეზებს, ვერ გავიგე შენ და ლევანს რა გინდათო, _ მარტიას ეუბნება. მერე მარტიას ძარღვებში ბუბუნაურთ მშფოთვარე სისხლი გაიღვიძებს და მოიტაცებს თავის გულისწორს.

სამ წელიწადში სამი ბუბუნაური შეემატება გვარს. ერთი გოგო და ორი ბიჭი. მარტიას უყვარს ცოლ_ შვილი და თაფლი. ისე უყვარს, ერთხელ დილაადრიან

ცხვრიდან მომავალი დათვს გადაეყრება. დათვი ქაქეენთიდან მოდის და წინა თათებით გულზემიხუტებული სკა მოაქვს.

ქაქეენთას ბასილაი ცხოვრობს. ბასილას ბევრი ფუტკარი ჰყავს. ფუტკრის მომრავლებას იღბალი უნდა. ბასილას აქვს ეს იღბალი და ჰყავს ფუტკარი. მარტია უიღბლოა, არ უმრავლდება ფუტკარი. ხშირად ესტუმრებიან ხოლმე ბასილას, მაგრამ ის ყოველთვის არ უმასპინძლდება თაფლით. წუწკი კაცია, ყოველ შემოდგომაზე

თითო ხარსა ჰკლავს ბასილაი. საძოვრებიდან რომ მოჰყავს, ნაიალაღარ ხარს ბუბუნაურთ სახლის გვერდზე ჩამოავლევს და მარტიას გაიყოლიებს სანთლის ასანთებად. ქაქეენთ ღმერთი არ უხდენს სანთლების ანთებას. მარტიაი უფრო თაფლის ხალისით მიჰყვება ბასილას.

ქაქეენი აქედან სამ კილომეტრზე არიან. ჩაიყვანენ იქ ხარს მარტიაი და ბასილაი. აანთებს სანთელს მარტიაი, გაადიდებს მთისა და ბარის სალოცავებს. ლოცვის დროს არასოდეს არ უკიდებს ენას. მერე დაკლავენ ხარს, მარტო ეგ ორნი კი არა, ეგენი რას დაიმორჩილებენ მთასავით გალესილ, ნაიალაღარ პირუტყვს, მეზობელი ქაქეენი მოეშველებიან. ჩაეჭიდებიან ფეხებში, გამოსწევენ უცბად და დაანარცხებენ შემოდგომის ფერწასულ მიწაზე ხარს. მერე თბილი ხორცი თრთის თავისსავე ტყავზე. ბასილაი და მარტიაი ახლა არაგვზე მიდიან სკებით ხელში. სკებს წყალში ჩააწყობენ, რომ შიგ მყოფი ფუტკარი წყალმა დახოცოს. მარტიას ეს დღე ყველაზე მეტად უყვარს წელიწადის სხვა დღეებთან შედარებით. ამ დღეს შეუძლია ცოტა მაინც მოიკლას თაფლის ლიღარი. იმას საშინლად არ უყვარს, როცა ხარს კლავენ. თავის უდროოდ დაღუპულ წინაპრებს აგონებს ყელში ხანჯალგაყრილი ხარის ბღავილი და გული უღონდება, როცა სისხლი ბუყბუყებს. სისხლის კი არ ეშინია, სხვა რაღაც ამოუცნობი რიდი აქვს მისი. ის გუმანით ხვდება, რომ სისხლში უნდა იყვეს საწყისი სიცოცხლისა და, როცა ეს სისხლი შხრიალით ეღვრება მიწას, გრძნობს, როგორ კვდება ყოველი სისხლის წვეთში ღმერთი. სკებს რომ არაგვში აწყობენ, მაშინ კლავენ ათას სიცოცხლეს, მაგრამ მაშინ თაფლისადმი სიყვარული ავიწყებს ამას, შეიძლება იმიტომაც ხდება ეს, რომ ფუტკრები ხარივით საზარლად არ ბღავიან და არც მათი სისხლი ბუყბუყებს ხარის სისხლივით.

და მაინც ყოველ წელიწადს მოუთმენლად მოელის ხოლმე მარტია ამ დღეს.

ხო, მოდის ერთ დილით ცხვრიდან და ქაქეენთ რომ გაუსწორდა, ხედავს, გორდაგორ ფუტკრის სკა მოაქვს დათვს. მარტიაი ისეა მონატრებული თაფლს, მეტი აღარ შეუძლია, არადა, რა ქნას, არც თოფი აქვს, ერთი პატარა ხანჯალი ჰკიდია წელზე, ეგ არის და ეგა. გზა მოუჭრა და პირდაპირ წინ დახვდა იმ დათვს. არც ერთი არ უშვებს, ზედაც გამწარებული ფუტკრები ახვევიან ორივეს. კარგა ბევრი იბრძოლეს და ბოლოს ისევ დათვი ჩაიგნასა, სკას წინა თათები გაუშვა, უკანა თათებზე დამდგარმა ერთი გულსაკლავად დაიღრიალა და ტყეს შეაფარა თავი.

მარტიამ იქვე შეჭამა ის ერთი სკა თაფლი. დათვი იქვე ახლოს იყო თხრილებში ჩამალული და დროდადრო თავს ამოყოფდა, წავიდა თუ არაო. მარტიაი რომ წამოვიდა, ჩამოვიდა და ნათაფლარ მიწას დაუწყო ლოკვა.

*

შემოდგომა არის. წევს თავის სახლში ბასილაი და კვდება. სადღა აქვს ხარის დაკვლის თავი ან სკის გატეხვისა.

ჩამოვა ბურსაჭირიდან მარტიაი, მიუჯდება გვერდით ბასილას და ჰკითხავს:

_  კი-კი _ ბა-ბღასილავ, მე-ნა ვა-ვარ, მე-ნა?

_  შენც ისა ხარ,  _  ვითომ იცნო ბასილამ.

_  მი-მინ _  კი. ისა ვა-ვარ?

_  ისევ ისა ხარ.

_ ხოო, მი-მი-ცნო, _ ეუბნება მარტიაი ბასილას ოჯახობას. მერე ისევ ბასილას ჰკითხავს.

_  კი-კი ბა-ბღასილავ, თხა-თხა-თხაფლს. კი არ შავსჭამდია?

_  არა,  _  მიკნავლებული ხმით ამბობს ბასილა.

_ კი-კი მოგარჩენს თხა-თხაფლი, გა-გა-გავტეხავ სკა-სკასა.

ბასილაი ხმას არ იღებს.

_  ლხა-თაფლის მეტი არა მომოგარჩენს რა, ბღა-ბღასილავ, გა-გავტეხოა სკა.

_  გატეხე,  _  თავიდან იშორებს ბასილაი.

მარტიაი ერთ სკას ამოიღლიავებს, გაიტანს არაგვზე, მერე იქიდან თაფლის შოთებს ამოიღებს, გადმოვა ბასილასთან და ძალად აჭმევს ახალ თაფლს. ბასილაი საამქვეყნოდ მოიხედავს, მომჯობინდება. მარტია იმ დარჩენილ თაფლის შოთებს ჩაუჯდება და ვეღარ გაიგებს გაძღომას.

იმ ღამეს, ბუბუნაურთ ჭერქვეშ ერთხელ კიდევ აინთება მკვდრის სანთელი. მარტიას უცეცხლო თაფლი გულზე შეება და გააშრო კაცი. სამი ობოლი დაუტოვა

ცოლს მარტიამ; უფროსი გოგო, თორმეტი წლის მზია და ორი იმაზე მოყოლება ბიჭი _ ჯუღურა და შუღლა.

მზია ბურსაჭირიდან ხუთ კილომეტრზე დადიოდა სკოლაში. სკოლა ათნოხთან ახლოს იყო, მაგრამ, რახან აკმაკი, მზიას პაპა და ბებია ცოცხლები აღარ იყვნენ, მზიას ბურსაჭირიდან უწევდა სკოლაში სიარული. ძალიან უყვარდა სწავლა. მარტო რუსულს ვერ შეეთვისა ვერაფრით.

ზამთარი იყო.

რუსულის მასწავლებელმა მზიას ორიანი დაუწერა და გაკვეთილების შემდეგაც დატოვა.

მასწავლებელი ახალმოსული იყო. მანამდე არ გაუშვა სახლში მზია, მანამ ზეპირად არ დაასწავლა ლექსი. უკვე ბინდისპირი ეპარებოდა ხევებს, სკოლიდან რომ გამოუშვა. რა ვიცი, რა უბედურებამ დააბრმავა სხვა მასწავლებლები, ან ის მაინც როგორ არავინ უთხრა მზიას, ამაღამ ჩვენთან დარჩიო.

მიდის ბურსაჭირისაკენ მზია და თან კურცხალ-კურცხალ ცრემლებს ჩამოჰყრის. ქაქეენთამდე მიჰყვა სინათლე, მერე თანდათან ჩამობნელდა და ისეთი ქარი ამოვარდა, თოვლის კორიანტელში აღარ ირჩეოდა აღარაფერი.

ჯუღურაი და შუღლაი ყოველთვის ვანისკარს ჩამოეგებებოდნენ_ ხოლმე მზიას. დღესაც უცადეს, მაგრამ, რომ დაიგვიანა, იფიქრეს, ალბათ იქ ვისმესთან დარჩა ღამეო. იყო ხოლმე შემთხვევა, როცა მზიას ნათესავები გამოუჩნდებოდნენ და თავისთან მიჰყავდათ.

ახლაც ეგ გაიფიქრეს იმისმა ძმებმა და მხარზე თითო პატარა შეშა გაიდვეს, ისე გამობრუნდნენ უკან. ეგენი სკოლაში არ დადიან. არ დადიან იმიტომ, რომ ოჯახი მაგათ აწევს, დედა უკვე მეორე წელია დაუავადმყოფდათ.

მზიამ ერთი კი იფიქრა, ქაქეენთას შევბრუნდებიო, მაგრამ ისეთი ქარბუქი ტრიალებდა იმის გარშემო, ნაბიჯი ვეღარ გადადგა. სახეზე ჩანთას იფარებდა, რომ თვალები თოვლით არ ამოვსებოდა. თანდათან ბნელდებოდა და უკუნეთდებოდა.

მთელი ღამე არ ჩამდგარა ქარი. საშინელი სიბნელე ეხურა მიწას. ადგებოდა ლოგინიდან ილიკიას უბედური ქვრივი, გამოვიდოდა გარეთ და ქარს აყურადებდა, თითქოს ქარს რაღაც ტირილის ხმა მოჰქონდა. ქალს სიცხე ჰქონდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ჯუღურაი და შუღლია გულს უკეთებდნენ დედას, მზია ათნოხში წავიდოდა ნათესავებთანაო. დედას უკეთებდნენ გულს, თორემ თვითონ იმაზე მეტად ღონავდნენ.

რამდენჯერმე კიდევ მიაყურადა ქარისაგან მოტანილი შორეულ ხმას იმ უბედურმა ქვრივმა და აღარ დაუდგა სახლში გული, ბალღები გაიყოლა და უკუნეთ ღამეში, სიცხიანმა ქარს მისცა თავი. არაგვამდე ვერ გაიგნეს გზა, ისეთი საშინელი ქარიშხალი ქროდა. მერე ქალმა იფიქრა, ე ბალღებს დავღუპაო და უკან მობრუნდა. ალბათ ვერც მიაგნებდნენ თავის სახლს, შუქი რომ არ გამოდენილიყო იქედან.

იმ ღამეს უფრო დიდი სიცხე მისცა ქალს და მეორე დილამდე აბოდებდა: _ გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ ჩემი სხეულიო.

რომ გათენდა, ცოტა დაუკლო სიცხემ. ჯუღურაი დედასთან დარჩა, შუღლაი მზიას ამბის გასაგებად წავიდა.

რამდენიმე ხანში უკან მობრუნდა და თან ბასილაი ამოჰყვა. შუღლას მზიას ჭრელი ხელთათმანი ეჭირა და გულამომჯდარი თხილისოდენა ცრემლებს აყრიდა ზედ. რო მოვიდა, დერეფანში დადგა, იქ გაეგება ჯუღურაიც. ხელთათმანში ისევე იდო მზიას პატარა მარჯვენა ხელი, როგორც მგლებს დაეტოვებინათ, ერთადერთი უტყუარი ნიშანი იმისი არსებობისა, თორემ ალბათ ვერასოდეს ვერ დაიჯერებდნენ ძმები დის არყოფნას.

ეს ხელთათმანი თვითონ მოქსოვა მზიამ არდადაგებზე. გაზაფხულის ყვავილები ამოაქსოვა ზედ. ძმებსაც ასეთივე ჭრელი ხელთათმანები მოუქსოვა. ეუბნებოდა _ ხელებზე ჩასაცმელად გაზაფხულს გიქსოვთ, რომ ზამთარმა ვერ შეგაციოთო.

შუღლამ ვანისკართან იპოვა ეს ხელთათმანი და ეხლაც ვერ იჯერებდა, რომ შიგ ჩატოვებულ სისხლიან მტევანს არ ჰქონდა გაგრძელება _ იმისი დის სახე, მხრები, ტანი… გულში იკრავდა და კურცხალ_ კურცხალ ცრემლებს აყრიდა. მერე ერთმანეთს აღარ ანებებდნენ ძმები ამ პატარა ხელს. იმათი უბედური დედა კი ისევ ბოდავდა…

*

კვირის თავზე ბასილამ სკოლის გვერდზე კედელთან ატუზულ ძმებს მოჰკრა გზად მომავალმა თვალი. უფროსს თოფი ეჭირა, უმცროსს ხანჯალი და კედელს ეტმასნებოდნენ.

_ რისთვის ჩამოსულხართ აქა?! _ ძლივს შეჰბედა ბასილამ კითხვა. იმათ ხმა არ ამოუღეს.

_  წავიდეთ, სახლში წავიდეთ, თორო ცოდვა არის დედათქვენიო.

_  არა, ჯერ არ წამოვალთო.

მერე რო ჩააცივდა, მერეღა ამოქვითინდნენ:

_  მზიას სული არ გვასვენებსო.

როგორღაც დიდთოვლობისაგან ბარად ჩამოცვენილ უმწეო შვლებსა ჰგავდნენ, ოღონდ ეგენი წინაპართა სისხლს ჩამოეყარნა აქ.

იდგა ბასილაი და ზეზეურ შრებოდა იმათი შემხედვარე.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button