მოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე გერისო

მხიარულო ბატონებო,
ვარდო ბატონებო,
თქვენი გზა დაილოცება,
დიდო ბატონებო, – ჩურჩულებს დედაბერი ავადმყოფის სასთუმალთან…
***
პირველი კლასი თბილისში რომ დავამთავრე და არდადეგებზე სოფელში წამიყვანეს, დედაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად, მამაჩემმა თავისი გაიტანა და მეორე კლასში სოფლის სკოლაში შემიყვანეს.
ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საამური და ნათელი ერთი წელი. დილის 9 საათზე დარაჯი სკოლის წინ დაკიდებულ ზარს “რესორის” ნატეხს რომ შემოჰკრავდა და გაკვეთილი დაიწყებოდა, რას შეედრებოდა თბილისის სკოლის გაწელილ გაკვეთილს, მასწავლებელი ღვთიური არსება რომ გვეგონა და მის დანახვაზე შიშით ვკანკალებდით. აქ, მასწავლებლიან-მოსწავლეებიანად მეზობლები ვიყავით და სულ ღიღინ-ღიღინში და ერთმანეთის მოკითხვაში გადიოდა დრო. შესვენებაზე “ვკოჭაობდით”, უფრო “ვკაკლაობდით” და წენგოსგან გაშავებული ხელებითა და ბევრი კაკლის ჭამისგან მუცელზე ალერგიული გამონაყარით მშობლებს გულებს ვუხეთქავდით.
***
სანდრო და საბედა ჭკუასელიძეები უკვე მოხუცები ყოფილან, მეოთხე შვილი, გერისო რომ შესძენიათ. არ ვიცი, ამის ბრალი იყო თუ არა, გერისომ ენა რომ ვერ ამოიდგა და ჭკუითაც, ცოტა არ იყოს, მოისუსტებდა. ხუთი წლით უფროსი იყო, მაგრამ კლასში ჩემ გვერდით იჯდა და მუდამ “უთო” ჰქონდა გაკვეთილად.
თავიდან, სოფლის სკოლაში რომ შემიყვანეს, ბავშვები “ქალაქელ კინტოს” მეძახდნენ და როგორც აკაკი წერეთლის ღამურას, ისე მიფრთხოდნენ. მხოლოდ გერისომ მიმიღო გულით, თავის გვერდით დამსვა და “დედას პურის” ყუა და ყველი მიწილადა. მალე დავმეგობრდით. მე მესმოდა მისი ლაპარაკი, უსიტყვოდაც მესმოდა:
– პუტა პატააა, – მეტყოდა გერისო და მე მესმოდა რასაც გერისო მეუბნებოდა – კლასელი ნუნუკა მიყვარსო, მეუბნებოდა, ძალიან მიყვარსო, სულ უკან დავდევ, რომ არავინ აწყენინოსო, მეუბნებოდა.
– პოგიტა პატააა! – მეტყოდა და მე მესმოდა – ნუნუკას მამა შემხვდა და დედა მაგინა, რა გინდა ჩემს გოგოსგანო!
დილით სახლში გამომივლიდა,
– პუტა პატააა, – მეტყოდა, დაიკუზებოდა და მე მესმოდა – ზურგზე შემაჯექი და სკოლაში წაგიყვანო, მეუბნებოდა, თუ არ შემაჯდები, მეწყინებაო! მე ხათრს ვერ ვუტეხავდი და მიმაჭენებდა გერისო სკოლაში, შუადღით კი, სახლში მომაჭენებდა.
გაზაფხულზე, წყალდიდობა რომ მოხდა, ჩემი სახლის აივნიდან ვუყურებდით აბობოქრებულ მდინარეს. გერისოც ჩემ გვერდით იყო. ნაპირებიდან გადმოსული მტკვარი გამოღმა მანქანების სავალ გზას, გაღმით კი მატარებლის ლიანდაგს ფარავდა. რა არ მოჰქონდა წყალს – ხიდები, მორები, ნახევრად დაშლილი სახლები თავისი ავეჯით, დამხრჩვალი საქონელი, ბორჯომის უნივერმაღიდან გამოტაცებული ბურთები…
-პუტა პატაა! – დაიძახა გერისომ და კიბეზე დაეშვა. მხედველობა დავძაბე – წყალს ძაღლის ქოხი მოჰქონდა, მასზე ჯაჭვით მიბმული ძაღლი ქოხზე ასულიყო და მისი განწირული წკავწკავი სტიქიის ღრიალშიც კი ისმოდა. საღამოს გერისო გაწუწული დაბრუნდა
პუტა პატააა, – მითხრა, და მე გავიგე – ზანავამდე ვდიეო, მოსახვევში ნაპირისკენ გამორიყა, წყალში შევედი და გამოვიყვანეო, მითხრა, საყელური რომ შევხსენი, ხელები გამილოკაო, გახარებული იყო.
***
თქვენსა გზასა ვფენდი ვარდსა,
ჩემო ბატონებო,
აქ ბატონების ჩალდახში,
ჩემო ბატონებო,
ლხინი არის და თამაში,
დიდო ბატონებო, – ჩურჩულებს დედაბერი ავადმყოფის სასთუმალთან. მე შორიახლოს ვდგავარ, ახლოს მისვლა აკრძალული მაქვს, რომ არ გადამედოს. გერისო თავს ჩემკენ ატრიალებს, სიცხიანი, დანისლული თვალებით მიყურებს, ხელებს გულზე იჯვარედინებს
– პუტა პატააა! – მეუბნება და მე მესმის – ვკვდებიო, მეუბნება, არ დამივიწყოო, მეუბნება, ნუნუკას უთხარი, ბედნიერი იყოსო, მეუბნება, და მე ვიცი, რომ სიმართლეს მეუბნება, რადგან გერისომ ტყუილი არ იცის.
***
მოჭიდავე თემურ ჭკუასელიძემ, რომში, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი რომ აიღო, იმ ღამით მესიზმრა გერისო. ისევ ისეთი – შავგვრემანი, მაღალი, გაჩხინკული, ბეჭებში მოხრილი 12 წლის ბიჭი, დიდი, შავი თვალებით შემომცქეროდა. – პუტა პატააა, – მითხრა გერისომ, და მე გავიგე, რაც თქვა – ნუნუკა ისევ მიყვარსო, მითხრა, თავს მირჩევნიაო, თუ გინდა, ზურგზე შემაჯექი და სამსახურში წაგიყვანო, მითხრა, ჰო, კიდევ, გახარებული ვარ, ჩემი ძმის შვილიშვილი, ევროპის ჩემპიონი რომ გახდაო, მითხრა გერისომ.
არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button