დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ოქროს აფერა

ინგლისში, კორნუოლის დასავლეთ სანაპიროზე, მდებარეობს სოფელი პოლპერანი. ლეგენდის მიხედვით, მის ნაპირებთან, დედოფალ ელისაბედის ეპოქაში, ოქროთი და ძვირფასეულობით დატვირთული ხომალდი ჩაიძირა. ამ ლეგენდის ბევრს სჯეროდა და ბევრმა იოლად გამდიდრების მსურველმა დაიწყო განძის მოძიება, თუმცა, უშედეგოდ. ჯეიმს ლამპიერმა ვინმე ჯონ ნიუმენი შემთხვევით გაიცნო და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანთან ჰქონდა საქმე. ჯონმა კარგად იცოდა ისტორია და, კონკრეტულად, ვიქტორიანული ეპოქა. ესპანური ოქროს სურვილით შეპყრობილმა იყიდა უფლება, ეწარმოებინა სამძებრო სამუშაოები და რადგან გაიგო, რომ ჯეიმსი რომანებს წერდა, შესთავაზა, მასთან ერთად უშუალო მონაწილეობა მიეღო განძეულის ძიებაში. ჯონს სჯეროდა, რომ ესპანურ ხომალდს მიაგნებდა და ოქროც მას დარჩებოდა. ამბობდა, საქმე მარტო საჭირო ტექნიკაშია და ოქრო ჩვენი გახდებაო. ჯეიმსსაც საქმე არაფერი ჰქონდა და სიხარულით დასთანხმდა, მონაწილეობა მიეღო სამძებრო სამუშაოებში. სოფელში პარასკევს დილით, პადინგტონის სადგურიდან გაემგზავრა. შემთხვევით, მასთან ერთად, კუპეში, ძველი ნაცნობი ინსპექტორი ბაგვორტი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი თავისი დეტექტივის წერისას, კარგი კონსულტაცია გაუწია. როცა ინსპექტორმა ლამპიერის მგზავრობის მიზეზი გაიგო, გაეღიმა. გამოირკვა, რომ თავადაც იქ მიდიოდა, სადაც ჯეიმსი, ანუ, დაკარგული ოქროს საძებრად, თუმცა, სრულიად სხვა ოქროსი.

– რა დროს „ხუან ფერნანდესი” და მისი საგანძურია! თქვენი ნაცნობი ისეთივე რომანტიკოსია, როგორც სხვა ყველა, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა! – წამოიძახა მან, – მე გაცილებით სერიოზული

საქმე მაქვს: ოთხი თვის წინ, სწორედ მაგ მიდამოებში, ჩაიძირა გემი „ოტრანტო”. მას ოქრო გადაჰქონდა. მგზავრები არც ჰყოლია და, ბუნებრივია, არც არავინ დაზიანებულა. მაგრამ, ოქრო უკვალოდ დაიკარგა. მაშინვე დაიქირავეს მყვინთავები, თუმცა, უშედეგოდ. ჩამოსხმული ოქროს ზოდები წყალქვეშ ასე ადვილად არ ქრება. ორი ვარიანტია: ან გემზე საერთოდ არ იყო ოქრო, ან ვიღაცამ მოიპარა. სავარაუდოდ, ძალიან ეშმაკ და გაქნილ ქურდთან გვაქვს საქმე. ოქროს ზოდებს ჯიბეში ვერ ჩაიდებ და ვერც ისე გადაიტან ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩეს. მოკლედ, სამუშაო საკმარისზე მეტი მაქვს. უნდა ამოვხსნა თავსატეხი: ოქრო გემზე საერთოდ არ დაუტვირთავთ თუ გემის ჩაძირვის მერე მოიპარეს.

ნიუმენი ახალშეძენილ მეგობარს სადგურზე დახვდა. მეთევზეების პატარა სოფელში მალევე ჩავიდნენ. „პოლ-ჰაუზი”, სადაც ნიუმენი ცხოვრობდა, კლდეზე აშენებულ ციხესიმაგრეს ჰგავდა. გრანიტით იყო ნაშენები და ერთი მხრიდან ღრმა ხევს გადაჰყურებდა. იმავე საღამოს მასპინძელი ჯეიმსს ძველისძველი ვისკითა და გემრიელი ვახშმით გაუმასპინძლდა, თან ესპანური ხომალდის მაკეტი აჩვენა და სიამაყით განუცხადა, „ხუან ფერნანდესის” ზუსტი ასლიაო. მერე შესთავაზა, სოფელში გავისეირნოთ და ჩემს მყვინთავს გაგაცნობო. ჯეიმსი დასთანხმდა და, თავის მხრივ, მოუყვა, როგორ შეხვდა მატარებელში ინსპექტორს. ნიუმენს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუხატავს. მყვინთავი საკმაოდ უხეში და სიტყვაძუნწი ზორბა ირლანდიელი აღმოჩნდა, როგორც იტყვიან, „საინტერესო ექსპონატი“, მაგრამ, ჯეიმსი უფრო იმ ბარის მეპატრონემ დააინტერესა, რომელშიც ლუდის დასალევად შეიარეს და მყვინთავს შეხვდნენ. ნიუმენს ძალიან მტრულად ათვალიერებდა. ხარივით თვალები სისხლით ჰქონდა სავსე. ჯეიმსს ეს არ მოეწონა, მაგრამ მასპინძლისთვის არაფერი უთქვამს. მეორე დღეს კი ნიუმენი დაიკარგა. ჯეიმსს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, რაღაც არ ასვენებდა. გათენდა, თუ არა, ნიუმენი მოიკითხა. მოსამსახურემ უთხრა, არ მინახავსო. მაშინვე მის საძინებელ ოთახში გავიდა და მიხვდა, რომ მისი მასპინძელი ღამით საწოლში არც კი დაწოლილა. შეშფოთებულს, მაშინვე ბარის მეპატრონის თვალები გაახსენდა. ეჭვი თითქმის არ ეპარებოდა, რომ ნიუმენის გაუჩინარებაში სწორედ მას ექნებოდა დიდი წვლილი. დრო აღარ დაუკარგავს და ინსპექტორი მოძებნა. თავისი ეჭვების შესახებ რომ მოუყვა, ინსპექტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:

– დიახ, ეგ კელვინი, „სამი იალქნის” მეპატრონე, არც მე მომეწონა. იცოდით, რომ წარსულში მყვინთავ-მაძიებელი იყო? თანაც, ჩხუბისთავი. სულ რაღაც ოთხი წელია, რაც კოლონიიდან გამოვიდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თქვენს მეგობარზე ამბობენ, ძალიან უყვარს სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფაო. ვეძებოთ, ვინძლო უკიდურესობას გადავურჩეთ და ცოცხალი ვნახოთ.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ნიუმენი სახლთან ახლოს, პატარა ხევში იპოვეს ხელფეხშეკრული და ნახევრად გონებამიხდილი. სავარაუდოდ, იქ თექვსმეტი საათი გაატარა. ცოტა ბრენდი და – ნიუმენი სვენებ- სვენებით ალაპარაკდა. როგორც გაირკვა, წინა ღამით, დაახლოებით ღამის 11 საათზე, სასეირნოდ გავიდა; ფიქრში გართული იმ ადგილს მიუახლოვდა, რომელსაც ბევრი გამოქვაბულის გამო, ადგილობრივები „კონტრაბანდისტების თავშესაფარს” ეძახდნენ. უეცრად რამდენიმე ადამიანი დაინახა, რომლებიც ნავებიდან რაღაცას ტვირთავდნენ და გამოქვაბულებისკენ მიათრევდნენ. ტვირთი აშკარად მძიმე იყო. ნიუმენმა მეტი ვერაფრის დანახვა ვეღარ მოასწრო – თავში რაღაც მძიმე მოხვდა და გაითიშა. როცა გამოერკვა, მიხვდა, რომ

სატვირთო მანქანაში, ძარაზე ეგდო ხელფეხშეკრული, პირზე კი სკოჩი ჰქონდა დაწებებული. მანქანა გაჩერდა და გამტაცებლებმა ნიუმენი ხრამში გადააგდეს, ალბათ, იმ იმედით, რომ ვერავინ იპოვიდა და ღამით მოკვდებოდა.

ინსპექტორი აწრიალდა:

– დარწმუნებული ვარ, ეს ის დაკარგული ოქროა. ამოიღეს ჩაძირული ხომალდიდან და გადამალეს რომელიღაც მიყრუებულ გამოქვაბულში. მაგ არამზადებმა იციან, რომ გამოქვაბულები ერთხელ უკვე გადავჩხრიკეთ და მეორედ იქ აღარ მივალთ. მით უმეტეს, ახლა იქ რამის ძებნას აზრი საერთოდ აღარ აქვს – საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ოქრო საიმედო ადგილას გადაეტანათ. მაინც უნდა ვეძებო. თუ რამეს გაიგებთ, ან გაიხსენებთ, შემატყობინეთ!

– ინსპექტორო, გამახსენდა, – თქვა უცებ ნიუმენმა, – იმ გზაზე ძალიან იშვიათად დადიან მანქანები. მით უმეტეს, სატვირთო მანქანა დასახლებაში მარტო მე და „სამი იალქნის” მეპატრონეს გვყავს. შეგიძლიათ, მისი მანქანის საბურავები და ალიბი შეამოწმოთ. ისიც ხომ იცით, რომ წარსულში ეგ კაცი მყვინთავი იყო.

ინსპექტორმა კეფა მოიქექა, მერე ორივეს ნაჩქარევად დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღეს, შუადღისას კი ჯეიმსს ბიჭი გამოუგზავნა და შეუთვალა, შენთან ლაპარაკი მინდაო.

– აბა, რა ქენით, დაიჭირეთ დამნაშავე? – მისვლისთანავე ჰკითხა ჯეიმსმა, – ჯონი მეუბნებოდა, ინსპექტორს ბევრი წვალება არც დასჭირდება, კელვინის მანქანის ერთ-ერთ საბურავს ისეთი ნაჭდევი აქვს, გზაზე ნაკვალევი აუცილებლად დარჩებოდაო.

– მართალია, – თავი დაუქნია ინსპექტორმა, – ნაკვალევი ვნახე და, ისიც ზუსტად ვიცი, ვინ არის ქურდი: ოქრო სწორედ მაგ თქვენმა მეგობარმა მოიპარა და მერე ეს სპექტაკლი მოაწყო. ისე, კარგად კი მოიფიქრა. სხვათა შორის, სახელიც და გვარიც აბსოლუტურად სხვა აქვს და ცოტა ხანში პრინსტაუნის ციხეშიც მიაბრძანებენ. თქვენ კი გამოგიყენათ.

– რანაირად? – განცვიფრდა ჯეიმსი, – საერთოდაც, იქნებ, უკეთ ამიხსნათ, რა ხდება?

– სიამოვნებით. ლიემ მაკდაუელი – ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია, ხუთი წლის წინ ლონდონის ერთ-ერთი ბანკის საცავის გაქურდვის გამო აიყვანეს. გამოვიდა თუ არა, მაშინვე ძველი მეგობრები მოძებნა და ახალი რაღაც მოიფიქრა. ესპანური ოქრო კარგი საფარველი აღმოჩნდა, თქვენ კი, თქვენი რეპუტაციის წყალობით – მშვენიერი ალიბი. მისი ვითომ მყვინთავი ხომ გაიცანით? ბარის მეპატრონეც ნახეთ და არ მოგეწონათ. ბუნებრივია, მან ვერ აიტანა ნიუმენი, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი გაიგო მის შესახებ. მოკლედ, საკუთარი გატაცება მან თავად დაგეგმა. როცა თქვენ შეგხვდათ, ჩაძირული „ოტრანტოდან” ოქრო უკვე ამოღებული ჰქონდა და მხოლოდ ალიბიღა სჭირდებოდა, რომ მისი მოულოდნელი გამდიდრება თვალში არავის მოხვედროდა. ჩვენ მცდარ კვალს დავადგებოდით და „დამნაშავეს” დავიჭერდით. ის რამდენიმე ოქროს ზოდს თქვენ თვალწინ ამოაღებინებდა ვითომდა ჩაძირული ესპანური ხომალდიდან და მერე გაქრებოდა. ისეთი გაოცებული სახით მიყურებთ, მგონი, არ გჯერათ. შემიძლია, მასთან შეხვედრა მოგიწყოთ და ყველაფერს თავად მოგიყვებათ. დასაკარგი, პრინციპში აღარაფერი აქვს.

– კი, მაგრამ, საბურავის კვალი? ამას გამორიცხავთ? – მაინც შეეწინააღმდეგა ჯეიმსი.

– ღმერთო, როგორი გულუბრყვილო ხართ! საბურავის შეცვლას რაღა უნდოდა?! მან, ან, უფრო კი მისმა თანამზრახველმა, ნიუმენისა და კელვინის სატვირთო მანქანებს საბურავები შეუცვალა

– ეს ხომ რამდენიმე წუთის საქმეა!..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button