National Geographicმეცნიერება

სისხლის უძველესი უჯრედები და ახალი ინფორმაცია ყინულის კაცზე

ოტცის ყინულის კაცის ორგანიზმში მეცნიერებმა უძველესი სისხლი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომ ქვის ხანის მსხვერპლი სწრაფად და შესაძლოა, უმტკივნეულოდაც მოკვდა.

ოტცის ყინულის კაცი გერმანია-იტალიის საზღვარზე, 3210 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურ მყინვართან აღმოაჩინეს 1991 წელს და მას შემდეგ მრავალი გამოკვლევისა და დაკვირვების საგანი გახდა. ოტცი წარმოადგენს ევროპის უძველეს ბუნებრივ მუმიას, რომელიც 5300 წლის წინ ცხოვრობდა. ამჟამად ის იტალიაში, სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.

აქამდე მუმიის სხეულში სისხლის კვალი ვერ აღმოაჩინეს, სხვადასხვა კვლევები კი აღწერდნენ მის მტკივნეულ სიკვდილს, რომელიც ნასროლ ისარსა და სხვა დაზიანებებს უნდა გამოეწვია.

„სისხლი ვერც არტერიების გახსნისას იპოვეს, ამიტომ მიიჩნეოდა, რომ მისი შენახვა ვერ მოხერხდა და სრულად დაშლილიყო, ან მიყენებული ჭრილობის შედეგად ბევრი სისხლი დაკარგა”, ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი პროფესორი ალბერტ ცინკი, რომელიც იტალიის ქალაქ ბოლცანოში მდებარე მუმიებისა და ყინულის კაცის ინსტიტუტის პრეზიდენტია.

ახალ კვლევაში მეცნიერები დააკვირდნენ ყინულის კაცის დაზიანებულ არეებს – ისრის მოხვედრის ადგილსა და მარჯვენა ხელზე არსებულ ჭრილობას – მოწინავე ნანო-ზომის ზონდით. ზონდის მოძრაობას ყოველ წუთს იწერდა ლაზერი, რისი მეშვეობითაც „მივიღეთ პატარა ზომის ნიმუშის სამგანზომილებიანი გამოსახულება”.

გულდასმით დათვალიერებამ გამოავლინა ტრადიციული O-ს ფორმის წითელი უჯრედები, რაც სისხლის არსებობის დადასტურება იყო. წინა კვლევები მიუთითებდა, რომ პრეისტორიული სისხლი ქვის იარაღებსა და სხვა არტეფაქტებზეც უნდა ყოფილიყო, თუმცა „დარწმუნებული ვერასდროს იქნები, რადგან სისხლის წითელი უჯრედების მსგავსი სხვა სტრუქტურებიც არსებობს, როგორიცაა ყვავილის მტვრის მარცვლები ან ბაქტერიები”, განაცხადა ალბერტ ცინკმა.

იმაში დასარწმუნებლად, რომ აღმოჩენილი ნაწილაკები ნამდვილად სისხლი იყო, მკვლევარებმა ჭრილობები ლაზერით გაანათეს. გაბნეული სინათლის ტალღის სიგრძეებმა ნივთიერებების მოლეკულური შემადგენლობა გამოავლინეს. „აღმოვაჩინეთ სისხლის ძალიან ტიპიური ნიმუშები, როგორიცაა ჰემოგლობინი (სისხლის ცილა)”. ეს აღმოჩენა „ნამდვილად უძველეს წითელ უჯრედებს წარმოადგენს”.


ნანოტექნოლოგიისა და ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპის მეშვეობით მუმიაში ასევე აღმოაჩინეს ფიბრინი – გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ყინულის კაცი საკმაოდ სწრაფად გარდაიცვალა.

„ფიბრინი ჭრილობის გაჩენისთანავე წარმოიქმნება რამდენიმე წუთში, მაგრამ შემდეგ ქრება. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება ცოცხალ, ფუნქციონირებად ორგანიზმში. ხოლო მუმიის ჭრილობის მიდამოში ფიბრინის პოვნა იმაზე მიანიშნებს, რომ ოტცი ისრის სროლიდან მალევე დაიღუპა, სანამ ფიბრინი გაქრობას მოასწრებდა.”

„ზოგიერთი მაინც ამტკიცებს, რომ ის ისარს გადაურჩა და რამდენიმე საათი ან დღე იცოცხლა, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება”, ამბობს პროფესორი ცინკი.

ახალი ტიპის ტექნოლოგიები, რომელიც ამ კვლევაში ჩართეს, მომავალში შესაძლოა, მკვლელობის მსხვერპლთა შესასწავლად იქნას გამოყენებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მიერ.

„სისხლის ძველი უჯრედები უფრო მოქნილია, ვიდრე ახალი. თუკი სისხლი მშრალია, სასამართლოს არ შეუძლია, დაზუსტებით განსაზღვროს, რამდენიმე დღისაა, კვირის თუ თვის, რადგან შესაბამისი მეთოდები არ გააჩნიათ. ხოლო ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ეს შესაძლებელი ხდება”, განაცხადა ცინკმა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button