დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – მილიონები ქვაში

პუარო საუზმობდა, როცა ეკონომმა ქალმა სტუმრის მოსვლის შესახებ აუწყა.

– ღმერთო ჩემო, სწორედ რომ დროული იყო, თორემ ლამისაა მოწყენილობამ მომკლას. უსაქმურობისგან სულ ვჭამ და ვჭამ, მალე მოძრაობა გამიჭირდება. ჰასტინგს, ნახეთ ერთი, ეს სავიზიტო ბარათი… მის ესმე ფარკუარი. საინტერესო ვინმე უნდა იყოს… თან ახალგაზრდაც. მხოლოდ ახალგაზრდა ქალს თუ ექნება ასეთი ვარდისფერი, სურნელოვანი სავიზიტო ბარათი.

რამდენიმე წუთში ოთახში მომხიბვლელი ოცდახუთიოდე წლის მაღალი ქალიშვილი შემოვიდა, უზადო აღნაგობით და ულამაზესი თვალებით. პუარო აღტაცებული მიეგება.

– მესიე პუარო, ჩემი საქმროს პრობლემის მოსაგვარებლად მოვედი. მან არაფერი იცის. მე გადავწყვიტე, რომ თქვენ დამეხმარებით.

– მიყვარს, როცა ქალიშვილი ლამაზთან ერთად ჭკვიანიც არის.

– ჰო. სასოწარკვეთილი ვარ. საქმე ჩემი საქმროს რეპუტაციას ეხება. ფილიპ როჯვეი – ალბათ, გსმენიათ.

– აა, დიახ. გაზეთებში ამოვიკითხე… დაკარგული ბრილიანტები, რომელშიც ბანკმა, თუ არ ვცდები, შოტლანდიურმა, მსხვილი კაპიტალი დააბანდა.

– დიახ, დიახ… ბანკის ერთ-ერთი დირექტორი, მისტერ როჯვეი ფილიპის ბიძაა და რადგან ფილიპს თავის მემკვიდრედ მოიაზრებს, ბრილიანტების გადატანა სწორედ მას დაავალა. ამერიკაში თავისი კრედიტების გასამყარებლად, ფილიპს ბრილიანტები კონტინენტზე უნდა ჩაეტანა გემით, მაგრამ ისინი გემზე დაიკარგა. როცა ფილიპი ნიუ-იორკში ჩავიდა, საკვოიაჟი ცარიელი აღმოჩნდა. იმავე დღეს კი, რამდენიმე ქვა გაიყიდა.

– მდა, საინტერესოა. როგორმე ფილიპს უნდა შეგვახვედროთ. თქვენს საქმროს დაითანხმებთ ჩემთან შეხვედრაზე?

– ვეცდები, – ქალიშვილმა პუაროს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

– აბა, რას იტყვით, ჰასტინგს? – მიუბრუნდა მეგობარს პუარო.

– ძალიან ლამაზია.

– ეგ გავიგე. სხვა არაფერი?

– სხვა ის, რომ თვალები აგიციმციმდათ. ესე იგი, ამ საქმით დაინტერესდით.

– ვნახოთ, ფილიპი რას გვეტყვის.

… ფილიპმა თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა საცოლის ნათქვამი. პუარომ თვალები მოჭუტა.

– მითხარით, გეთაყვა, საკვოიაჟის საკეტი გატეხილი იყო?

– დიახ. ჯერ ვიღაცამ აწვალა. ვერ გააღო და მერე გატეხა. გასაღები მე არ მქონია. სულ ორი ცალი იყო. ერთი ბიძაჩემს ჰქონდა, მეორე მის პარტნიორს უნდა დაეხვედრებინა ნიუ-იორკში.

– აჰა, ეს უკვე საინტერესოა… გამოდის, გემზე ყოფნისას, თქვენ საკვოიაჟში არ ჩაგიხედავთ.

– არა. არც კი მივკარებივარ. საკვოიაჟი გემიდან ჩამოსვლისთანავე, კიბესთან უნდა გაგვეხსნა. მე მანამდე ვნახე ცარიელი, იატაკზე რომ ეგდო. მაშინვე განგაში ავტეხე. მთელი გემი გაიჩხრიკა, მაგრამ ბრილიანტები უკვალოდ გაქრა. მესიე პუარო, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა.

– გემიდან ნამდვილად არავინ ჩასულა?

– არა. ჩხრეკაც მაშინვე დაიწყო. ისიც კი ვიფიქრე, მძარცველმა მყვინთავი ხომ არ დაიქირავა და იმას ხომ არ გაატანინა ბრილიანტები-მეთქი… მოკლედ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ახალგაზრდა კაცმა თავზე იტაცა ხელები…

– დამშვიდდით. მე ჯერ არ მითქვამს, რომ მდგომარეობა უიმედოა. ესე იგი, გატეხილი და გაძარცვული საკვოიაჟი კაიუტაში იპოვეთ…

– დიახ.

– მისტერ როჯვეი, ბრილიანტები თქვენ თვალწინ ჩააწყვეს საკვოიაჟში?

– არა. ბიძაჩემმა რომ გამომიძახა, ბრილიანტები უკვე საკვოიაჟში ეწყო და დაკეტილი გადმომცეს. უსაფრთხოების მიზნით, მან ექსკლუზიური საკეტი შეუკვეთა.

– მაგრამ ამან ვერ უშველა… ბრილიანტები მაინც დაიკარგა…

– ამაზე ფიქრმა, ლამის გამაგიჟოს…

– მისტერ როჯვეი, როგორმე ბიძათქვენს უნდა შემახვედროთ.

– რაიმეს მოეჭიდეთ? – გაუხარდა ახალგაზრდა როჯვეის.

– ჯერ არა. მხოლოდ ვცდილობ… – ჩაიბურტყუნა პუარომ.

– მგონი, ტყუილად მოცდებით, – უთხრა პუაროს ჰასტინგსმა, – ძალიან უინტერესო საქმე ჩანს. ბრილიანტები გემიდან ვერ გაქრებოდა. ისინი მოიპარეს და როგორც როჯვეიმ თქვა, სავარაუდოდ, მყვინთავის საშუალებით შეიტანეს კონტინენტზე.

– და ეს გემის ჩამოსვლამდე მოხდა? როჯვეიმ თქვა, ბრილიანტების რაღაც ნაწილი, ნიუ-იორკში გემის ჩასვლამდე ოთხი საათით ადრე გაიყიდაო.

– მაგრამ ისიც თქვა, მე ამის არ მჯერაო, – დაუზუსტა ჰასტინგსმა.

– სამაგიეროდ, მე მჯერა, – წაუსტვინა პუარომ, – წავიდეთ, „ოლიმპიაში“ ვივახშმოთ. თავი დაისვენებს, კუჭი კი იმუშავებს.

როცა პუარომ ბანკის დაცვის უფროსს თავისი ვინაობა დაუსახელა, ის მაშინვე აიყვანეს მისტერ როჯვეის კაბინეტში. ოთახში მეორე მამაკაციც დაუხვდა, მისტერ ვავასერი, რომელსაც კმაყოფილება არ გამოუხატავს კერძო დეტექტივის დანახვაზე.

– ჩვენ სრულიად ვენდობით სკოტლანდ-იარდს. სამწუხაროდ, მე ვერაფრით დაგეხმარებით. ზუსტად ფილიპის გამგზავრების წინ ბრონქიტი გამიმწვავდა. სახლში ვიყავი გამოკეტილი. მე ეჭვიც არ შემპარვია, რომ მისტერ როჯვეი ბოლომდე ენდობოდა ძმისშვილს.

– ასეც არის, – ცხარედ წამოიძახა მისტერ როჯვეიმ, – ფილიპი წესიერი ახალგაზრდაა. რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა.

პუარომ კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვა დასვა და ჯენტლმენებს გამოემშვიდობა.

– ძალიან რთული საქმეა, თქვენც კი დაიბენით. პუარომ ჩაიქირქილა:

– ვინ მოგახსენათ, ძვირფასო ჰასტინგს. საქმე იმდენად მარტივია, მოლოდინი სრულიად გამიცრუვდა. ახლა ისევ მოწყენილობა მომკლავს.

ჰასტინგს თვალები გაუფართოვდა.

– რაო? გინდათ თქვათ, რომ იცით, ვინ მოიპარა ბრილიანტები?

– რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთი, პატარა დეტალი მაქვს დასაზუსტებელი. გემს ველოდები…

– რომელ გემს?

– რომლითაც ფილიპ როჯვეის ბრილიანტები გადაჰქონდა.

– ფიქრობთ, რომ მძარცველი ისევ იმ გემზეა?

– ჰასტინგს, მოთმინება იქონიე. მალე ყველაფერს გაიგებ. რადგან, თავად ვერ ხვდები, მოთმინება მაინც უნდა გამოიჩინო… ერკიულ პუაროსთვის ყველაფერი სრულიად ნათელია. თქვენი ტვინის

ნაცრისფერი უჯრედები კი, ისე სწრაფად ვერ მუშაობს, – პუარომ მკერდზე დაირტყა ხელი და გაიცინა.

სამშაბათს ლივერპულში გაემგზავრნენ პირველი კლასის ვაგონით. პუარო, ჰასტინგსის გულის გასახეთქად დუმდა და მეგობარს არაფერს უყვებოდა. გემზე ასულმა პუარომ სტიუარდები შეკრიბა და წინა რეისის მგზავრების შესახებ გამოჰკითხა. კონკრეტულად აინტერესებდა, იყო თუ არა გემზე ხანშიშესული, ულვაშებიანი ჯენტლმენი მუქმინიანი სათვალით. დადებითი პასუხი მიიღო და გახარებულმა ხელები მოიფშვნიტა.

– ეს ჯენტლმენი გემიდან პირველი ჩავიდა?

– არა, მესიე, ყველაზე ბოლოს…

– ესეც ასე, – ხელები მოიფშვნიტა პუარომ, – ახლა უკვე ყველაფერი ვიცი.

– რა იცით, ღმერთო ჩემო! – ვეღარ მოითმინა ჰასტინგსმა.

– გემზე ჩვენი ბრონქიტიანი მისტერ ვავასერი იმყოფებოდა. ეს მან გატეხა მისტერ როჯვეის საკვოიაჟი.

– და… ბრილიანტები?

– ბრილიანტები, გემზე საერთოდ არ ყოფილა… საერთოდ… ახლაც ვერ მიხვდით? ბრილიანტები ფილიპს არ უნახავს. ვავასერმა ისინი გადამყიდველს მისცა და ნიუ-იორკში ჩქარი მატარებლით გაგზავნა… ამიტომ გაიყიდა რამდენიმე ბრილიანტი გემის ჩასვლამდე. ჩვენმა მეგობარმა ეს არ დაიჯერა, ფილიპ როჯვეის ვგულისხმობ. საწყალი ბიჭი… კინაღამ ბოროტად გამოიყენეს მისი პატიოსნება და რეპუტაცია. სულ ვამბობდი, მწვავე ბრონქიტი საშიშია-მეთქი, მით უფრო, გემით მოგზაურობისას. გემბანზე მუდამ უბერავს ზღვაური…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button