ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ბაგირი

თვალები დახუჭა და მარჯვენა ფეხი ბაგირზე შედგა. მკლავები გაშალა, სიმძიმე მარჯვენა ფეხზე გადაიტანა. ცოტა ხანს შეყოვნდა, თითქოს ბაგირის სიმტკიცეს ამოწმებსო. მარცხენა ფეხი მარჯვენის წინ გადააცურა. ბაგირი შეტორტმანდა. მკლავების მოძრაობით წონასწორობა შეინარჩუნა. თავდაჯერება იგრძნო, გული საგულეს ჩადგა.
***
ბიჭის შეძენას თვითმფრინავში შეხვდა, მოსკოვიდან მოფრინავდა. სამსახურიდან გაუშვეს მივლინებით. ყოველდღე რეკავდა და რომ გაიგო, – ცოლი სამშობიაროში წაიყვანესო, აიღო თბილისის ბილეთი, რომელიც, ბედად, ვიღაც მგზავრს დაებრუნებინა და დილით გამოფრინდა. სამშობიაროში რომ მივიდა, ნიკა უკვე დაბადებული იყო.
სამსახურიდან, როგორი დაღლილი და გაბრაზებულიც არ უნდა მისულიყო, ბავშვს რომ მოეფერებოდა, დაღლაც ავიწყდებოდა და გაბრაზებაც. კვირას, ოჯახი ქალაქგარეთ გადიოდა სასეირნოდ. მცხეთა, დუშეთი, საგარეჯო, ბოლნისი, თეთრიწყარო… ნიკა მამას სულ უკან დასდევდა და კითხვები არ ელეოდა
– მა, მთვარე რატომ არის ხან მრგვალი და ხან წვეტებიანი? – ესეც უხსნიდა, რატომ იყო მთვარე ხან მრგვალი და ხან წვეტებიანი.
– მა, მზე იქიდან რომ ამოდის და იქ ჩადის, მერე ისევ იქიდან როგორ ამოდის? – ჯორდანო ბრუნოს სიჯიუტით ეკითხებოდა პატარა…
პირველ კლასში, 31-ე სკოლაში შეიყვანა. უნდოდა, ბავშვს იმ სკოლაში ესწავლა, რომელიც თვითონ დაამთავრა. დილით სკოლაში მიჰყავდა, შუადღით, სკოლიდან პაპას ან ბებიას გამოჰყავდა და საღამომდე იქვე, ბოჭორიძის ქუჩაზე, თავისთან ამყოფებდნენ. საღამოს, მშობლებს გაუვლიდა და ბავშვი სახლში მოჰყავდა. მაღალ კლასებში რეპეტიტორები აუყვანა, საღამოობით მათთან მიაცილებდა და თვითონ მანქანაში ელოდებოდა. ნიკას მამა განსაკუთრებით უყვარდა. მართალია მოფერებით ვერ გამოხატავდა, მაგრამ მამას რომ დაინახავდა, სახე უბრწყინდებოდა.
ბიჭი უნივერსიტეტში რომ მოეწყო, დიდი ქეიფი გადაიხადა. ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, კარგად იქეიფეს. მაშინ, ნიკამ ისეთი სამადლობელი სადღეგრძელო თქვა, მიხვდა, რომ მისი შვილი უკვე დაკაცებულიყო.
***
უცებ, მობილურმა გაიწკრიალა. ინსტიქტურად, ხელი ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ბაგირმა ეს მცირე მოძრაობაც კი იგრძნო და კარგა დიდზე გაქანდა. მკლავების მოძრაობა ბაგირის რხევას ააყოლა. ნელ-ნელა, ქანაობა მინელდა.
***
– ბიჭები სამეცადინოდ კურსელთან ვიკრიბებით, დღეს წყნეთში უნდა ავიდეო! – კვირას, დილით გამოუცხადა შვილმა. მანქანით თვითონ აიყვანა. ოთხნი შეკრებილიყვნენ, ერთი ბიჭი მანქანით იყო მისული. ოჯახში უფროსი არავინ ჩანდა. მიხვდა, რომ მეცადინეობა მიზეზი იყო და უნდა ექეიფათ.
– რომ მორჩებით დამირეკე, მოვალ და თბილისში ჩაგიყვანო! – დაუბარა შვილს. თვითონ კი, წყნეთელ ძმაკაცს გაუარა. გაიხარა ძმაკაცმა, სუფრა გაშალა. არ დაულევიათ, მაგრამ კარგად იმხიარულეს. დრო ისე გაეპარა, ვერ გაიგო. უკვე მოსაღამოვებული იყო, შვილს რომ დაურეკა. ზარი გავიდა, მაგრამ არავინ უპასუხა. იმ სახლში მივიდა,
– ბიჭები თბილისში მანქანით წავიდნენო! – დაიბლუყუნა მთვრალმა სახლის პატონმა. გულმა რეჩხი უყო, წყნეთიდან დაეშვა. “კაკლებთან”, “ბმვ” მოსახვევში გზიდან გადასულიყო და ხეს შეჯახებოდა. დაშავებულები სასწრაფოს უკვე გადაეყვანა საავადმყოფოში.
ღუდუშაურის კლინიკაში მიაკვლია. ორი გარდაცვლილი ბიჭი მორგში გადაეყვანათ. ნიკა, თავის ტვინის მრავლობითი ტრამვებით და ფილტვში შერჭობილი გატეხილი ნეკნით, საოპერაციოში იყო შეყვანილი. ადგილს ვერ პოულობდა, კორიდორის სიგრძეზე ბოლთას სცემდა. გვერდში მდგომი სჭირდებოდა, სახლში დარეკა. ცოლი მალე მოქანდა, მაგრამ ისეთი ისტერიკა ატეხა, ცალკე ის გაუხდა მისახედი. ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა. ქირურგებმა თავისი საქმე გააკეთეს – ფილტვიდან ნეკნი ამოიღეს, თავის ქალა ახადეს და ჩამტვრეული ძვლები ამოკრიფეს, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი თქვეს…
აგერ, უკვე 4 თვე გავიდა, უკეთესობა კი არ იყო. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულ ბიჭს ძალით აცოცხლებდნენ. თავს დამნაშავედ მიიჩნევდა – როგორ მოუვიდა, რომ დრო გაეპარა და ყურადღება ვერ მიაქცია? წყნეთში, სახლის წინ უნდა დალოდებოდა, ძმაკაცთან კი არ უნდა გაქცეულიყო!
დილით საავადმყოფოდან დაურეკეს, მისვლა სთხოვეს.
– შანსი ნულის ტოლია, აპარატიდან უნდა გამოვრთოთ, ვაწვალებთო! – მოახსენეს ექიმებმა საერთო აზრი. არა, ამას ვერ გააკეთებს, საკუთარი შვილის სიკვდილს ხელს ვერ მოაწერს! მაგრამ, მართლები რომ არიან, ამასაც კარგად ხვდება. მისი ბიჭი, მისი საყვარელი შვილი! რა ქნას? თვითმკვლელობა! მაგრამ არის კი გამოსავალი? ამით შვილს რა მოემატება? მაგრამ აპარატიდან გამორთვას ხომ აღარ მოაწერს ხელს! არა, თვითმკვლელობა არ ივარგებს, ბიჭს იმქვეყნად ცოდვად დააწვება და დაამძიმებს. უმჯობესია, სიცოცხლე ღმერთს მიანდოს, დაე, მან გადაწყვიტოს! – უგონოდ დათვრება და მანქანით გავა ტრასაზე, კარგი აზრია! ბუფეტთან მივიდა და ვისკი გამოიღო. ეზოში ჩავიდა, მანქანაში ჩაჯდა, ბოთლს სხურავი მოხსნა და პირთან მიიტანა. მაგრამ, ასე ხომ შეიძლება სხვას დაეჯახოს და იმსხვერპლოს? არა, არ ვარგა, სხვა რამ უნდა მოიფიქროს. ზეცას ახედა, ცამდე აზიდული, ორი, ერთმანეთისგან 20-30 მეტრით დაცილებული, 16 სართულიანი კორპუსი მოხვდა თვალში. გონება გაუნათდა, მანქანა დაქოქა და ელიავას ბაზრობაზე მივიდა… სახლში რომ დაბრუნდა, თავისი კორპუსის სახურავიდან თოკი ჩაუშვა, შემდეგ, მეზობელი კორპუსის 16-ე სართულზე ავიდა, არავინ შეხვედრია. სახურავზე აძვრა, ბაგირი სავენტილაციო მილს ორჯერ შემოახვია და ბოლო იქვე ამოშვერილ არმატურას გამოსდო. ბაგირის მეორე ბოლო პარაპეტს გადაატარა და ძირს, ეზოში ჩაუშვა. ქვევით ჩავიდა, ბაგირს თოკის ბოლო მოაბა, თავისი კორპუსის სახურავზე ავიდა და ბაგირი თოკით აათრია. პარაპეტს გადაატარა, სავენტილაციო მილს შემოახვია, დამჭიმი მექანიზმი ჩაუდგა, სახელური რამდენჯერმე წინ და უკან გადაწია და ბაგირი დაჭიმა.
***
ბოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აღმართში ადისო. თავალები გაახილა – მოპირდაპირე კორპუსს მისდგომოდა. ისკუპა და კორპუსის სახურავზე გადახტა. ფეხები უკანკალებდა. პარაპეტზე ხელებით დაეყრდნო, ქვევით ჩაიხედა. ეზოში ხალხი შეგროვილიყო და ზევით იყურებოდა. ჯიბიდან მობილური ამოიღო, ეკრანზე გამოსულ მესიჯს დახედა – ნიკა გონს მოვიდაო! – სწერდა ცოლი.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button