ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – პლუშის დათუნია

ყოველ საღამოს, დედა ლოგინში რომ ჩაიწვენდა და ძილის წინ ზღაპარს უყვებოდა, დათუნია იქიდან ახსოვს. მერე, დედა ღრუბელს რომ გაჰყვა ცაში, მამა უყვებოდა ზღაპრებს. მერე, მამა ვიღაც ქალს რომ გაჰყვა, ბებია უყვებოდა. დათუნიას კი, მხოლოდ დედის მონაყოლი ზღაპრები დაამახსოვრდა, სითბოც მისი შერჩა. ახლაც, უკვე მეექვსე კლასელს, დედა ძალიან რომ მოენატრება, პლუშის დათუნიას იწვენს ლოგინში. დათუნიას უხარია მასთან წოლა, თვალები სიხარულით უბრწყინავს, თუმცა, მარჯვენა ყური გასცრეცია და ახეული იღლიიდანაც ნაჭრები გამოსჩრია, მაგრამ დედის სითბო შენარჩუნებული აქვს და მისი მონაყოლი ზღაპრებიც სულ ზეპირად იცის. – იყო, და არა იყო რა, იყო ერთი გოგო, გვანცა ერქვა იმ გოგოსო – უყვება ზღაპარს დათუნია. ამ ბოლო დროს, ხშირად უყვება გვანცაზე ზღაპარს. მისი კლასელია, გვერდიგვერდ სხედან. სკოლაში მიმავალმა, გვანცას სახლის წინ უნდა გაიაროს. მამუკაც მისი კლასელია, მაგრამ მამუკა არ უყვარს, ამაყი და თავნებაა, თანაც, სულ გვანცას დასდევს, მისი სახლის წინ გავლისას დაუსტვენს, გვანცა ჩამოირბენს და ერთად მიდიან სკოლაში. უყვარს “გვანცას ზღაპრის” მოსმენა. დათუნიაც უყვება და უყვება გვანცაზე ზღაპარს – ცხრათავიანი გველეშაპი იყო მამუკა, გვანცა ჰყავდა ციხე-კოშკში დატყვევებულიო…
***
დაჩი არც მაღალი და არც დაბალი, არც ლამაზი და არც მახინჯი, არც ფრიადოსანი და არც მთლად წყალწაღებული, არც თვინიერი და არც გიჟი-გადარეული, ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭია, დაკემსილ ადგილებზე ხელს რომ იფარებენ და გოგოებში პოპულარობით ვერ სარგებლობენ. მამუკა ლამაზია, მაღალია, ფრიადოსანია, კარგად ჩაცმულია, გიჟმაჟია და გოგოების რჩეულია. დაბადების დღეებზეც მამუკას ყველა პატიჟებს, დაჩის იშვიათად – მაინც არ მიდის, ბებიას საჩუქრის ფული არ აქვს. ამჯერად კი, გვანცას დაბადების დღეა. მთელი კლასი დაპატიჟა. რა აჩუქოს? ბებიას საფულე გაუჩითა, ვერაფერი იპოვა. თავის ოთახში შევიდა, ლოგინზე ტანსაცმლიანი წამოწვა და დათუნია ჩაიხუტა. როგორ მოენატრა დედა. – იყო, და არა იყო რა, იყო ერთი გოგო. გვანცა ერქვა იმ გოგოსო – დაიწყო დათუნიამ ზღაპრის მოყოლა. დათუნია! მშვენიერი საჩუქარია გვანცასთვის. ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნია, გვანცა ღირსია, ლოგინში ჩაიწვენს, დათუნია კი, ზღაპრებს მოუყვება. დაავლო ხელი და სახლიდან გავარდა. სახლში გვიან დაბრუნდა, მთელი ღამე ვერ დაიძინა. ოცნებობდა, როგორ ჩაიწვენდა გვანცა დათუნიას ლოგინში, როგორ ჩაეხუტებოდა. დათუნია კი, ზღაპარს მოუყვებოდა – იყო, და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი. დაჩი ერქვა იმ ბიჭსო!..
მეორე დღეს, დილით ადრე წამოხტა, ისაუზმა და სკოლაში გაიქცა. გვანცას ფანჯრებთან დაუსტვინა, ისე, როგორც მამუკა უსტვენდა, მაგრამ გვანცა არ გამოსულა. სკოლაში მივიდა, კლასში შევიდა. მის ადგილზე მამუკა იჯდა. გვანცამ სალამზეც არ უპასუხა, მამუკას რაღაცას უყვებოდა გაცისკროვნებული სახით. შემობრუნდა, კლასიდან გამოვარდა და სახლამდე სირბილით მივიდა. ჩანთა კორიდორში მოისროლა, საძინებელში შევარდა, საწოლზე დაემხო და აქვითინდა. როგორ უნდოდა, სწორედ ახლა, დათუნიას ნუგეში.
***
დაჩი ცოცხალი თავით იმ სკოლაში აღარ წავიდა. სხვა სკოლაში გადაიყვანეს. დათუნიასთან ერთად დამთავრდა მისი ბავშვობა. შეიცვალა: – გამაღლდა, გალამაზდა, უფრო ცივი და დამოუკიდებელი გახდა, სწავლასაც უმატა. მიუხედავად იმისა, რომ მთლად მოდაზე არ ეცვა, კლასში მაინც გამოუჩნდნენ თაყვანისმცემელი გოგოები. სკოლა დაამთავრა, მისაღები გამოცდებიც ჩააბარა და სამედიცინო უნივერსიტეტშიც მოეწყო სამკურნალო ფაკულტეტზე. მერე, ორდინატურა, მერე, პრაქტიკა, ოჯახი, შვილები…
***
სასწრაფოში ახალი გადასული იყო, მორიგეობის დროს მისი ბრიგადა მისამართზე რომ გავიდა. ბავშვი იყო მაღალი სიცხით ავად. ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძღვა. საწოლში პატარა ბიჭი იწვა, ხელში პლუშის დათუნია ეჭირა გაცრეცილი ყურით, ახეული მკლავით. მიუახლოვდა. დათუნიამ იცნო და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა.
– შვილო, გადადე ეგ დათვი, ექიმმა უნდა გაგსინჯოსო! – უთხრა მამამ. ბავშვმა დათუნია უფრო მაგრად ჩაიხუტა.
– დედის სახსოვარია, ხელიდან არ უშვებსო! – მოიბოდიშა მამამ. ექიმმა ხელი გაუწოდა, ბავშვმა შეხედა და უსიტყვოდ მიაწოდა დათუნია. გამოართვა, გულში ჩაიხუტა. – იყო, და არა იყო რა, იყო ერთი გოგო. გვანცა ერქვა იმ გოგოსო – დაიწყო დათუნიამ ზღაპრის მოყოლა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button