სასორი (サソリ, სასორი), ასევე ცნობილი, როგორც წითელი ქვიშის სასორი (赤砂のサソリ, აკანსუნა ნო სასორი) S-რანგის გაქცეული ნინძა იყო სუნაგაკურედან. იგი მსახურობდა მარიონეტების ბრიგადასა და აკაცუკიში, სადაც მისი პარტნიორი ოროჩიმარუ იყო, რომელიც მოგვიანებით დეიდარამ ჩაანაცვლა.
წარსული
როდესაც სასორი პატარა იყო, მისი მშობლები საკუმო ჰატაკესთან ბრძოლაში დაიღუპნენ, რის შემდეგაც მასზე მისი ბებია − ჩიიო ზრუნავდა. როდესაც სასორის ხუთი წელი შეუსრულდა, ჩიიომ მას მარიონეტების მართვა ასწავლა. სასორიმ შექმნა ორი მარიონეტი, რომლებსაც მისი მშობლების გარეგნობა ჰქონდა, რათა შეემსუბუქებინა ის საშინელი მარტოობა, რასაც გრძნობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი მიხვდა, რომ ამ მარიონეტებს მისთვის ნამდვილი მშობლების სიყვარულის მიცემა არ შეეძლო, მან დაკარგა ინტერესი მათ მიმართ და ისინი ჩიიოს მფლობელობაში გადავიდა. ამის შემდეგ სასორიმ შექმნა სხვა, უფრო ძლიერი მარიონეტები, მათ შორის: კუროარი, კარასუ და სანშოუო, რომლებიც შემდეგ კანკურომ მიისაკუთრა. მოგვიანებით სასორიმ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, რათა შეექმნა ადამიანი მარიონეტი. ანიმეს თანახმად, მისმა ერთადერთმა მეგობარმა კომუშიმ მარჯვენა მკლავი დაკარგა, ამიტომ სასორიმ მას მარიონეტის მკლავი გაუკეთა. მას შემდეგ, რაც კომუშიმ შემთხვევით სასორის საწამლავი გადაყლაპა და დაიღუპა, სასორიმ მისი სხეული თავის პირველ ადამიან მარიონეტად აქცია.
თხუთმეტი წლის ასაკში სასორი სუნაგაკურედან გაიქცა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ მან მესამე კაზეკაგე მოიტაცა და მისგან ადამიანი მარიონეტი დაამზადა. გარდა ამისა, მან საკუთარი თავი გადააკეთა მარიონეტად, რათა გაეზარდა თავისი შესაძლებლობები და გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. ვიდეო თამაშ Naruto Shippuden: Ultimate Ninja Storm Revolution-ის მიხედვით, აკაცუკიში გაწევრიანება მას კონანმა შესთავაზა.
წვრილმანები
სასორი (蠍) იაპონურად მორიელს ნიშნავს.
სასორი და მასაში კიშიმოტო ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ.
მეგზურ(ებ)ის თანახმად:
სასორის ჰობი მარიონეტების გადაკეთება იყო;
მისი ოცნება მონზაემონ ჩიკამაცუსთან შერკინება იყო;
სასორი არ საჭიროებდა საჭმელს;
საერთო ჯამში სასორიმ 72 ოფიციალური მისია შეასრულა, მათ შორის: 5 D-რანგი, 12 C-რანგი, 16 B-რანგი, 29 A-რანგი და 10 S-რანგი.
ანიმეს ისტორიაში სასორის ბრძოლა ერთ-ერთი უგრძესი იყო. მან 8 ეპიზოდს გასტანა, რაც დაახლოებით 3 საათს შეადგენს.
სასორისა და მის ყოფილ პარტნიორებს − ოროჩიმარუსა და დეიდარას თითო-თითო კაზეკაგე ჰყავთ მოკლული: სასორიმ მოკლა მესამე, ოროჩიმარუმ − მეოთხე, ხოლო დეიდარამ − მეხუთე, რომელიც მოგვიანებით სასორის ბებიამ გააცოცხლა.