პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი

14 იანვარი ყოვლად-სადიდებელი დღეა ყოველის ქართველისათვის. ამ დღესა უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენის განმანათლებლის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოსი. ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდამო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავის უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, „სადაცა ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ“, პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი.

საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა და ტანჯულმა და წამებულმა ჩვენ, შვილებს, გადმოგვცა, – ეხლა თქვენ იცითო.

ეკლის გვირგვინია, მაგრამ თვალმარგალიტით მორთულს გვირგვინს რითი ჩამორჩება? გვირგვინი წამებისა ჭეშმარიტებისათვის, კაცთმოყვარებისათვის, გვირგვინი წამებისა მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ნუგეშისათვის, გვირგვინი წამებისა ერთმანეთის ძმურად და სიყვარულით განკითხვისათვის. მშიერთა, მწყურვალთა, სნეულთა, საპყართა და პატიმართა შველისა და ხსნისათვის, ობოლთა, ქვრივთა, უპატრონოთა შეწყნარებისათვის, ნუთუ ყოველივე ეს იგივ თვალ-მარგალიტები და უკეთესნიც არ არიან?

დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდანებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა.

ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დიდებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა.

ამ სამართლიან ქება-დიდებისათვის სხვა უკეთესს დღეს ვერ ამოირჩევს ქართველი, თუ არ დღეს, ჩვენის განმანათლების სახსოვრად დაწესებულს. მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა არ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა – რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის.

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული – მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

ამ სამთა უწმინდესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა ის მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ნიჯი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე. მოღვაწეს და მოსამსახურეს ყოველთვის დიდი პატივი და სახელი აქვს და ამიტომაც უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუკი ეღირესებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა, და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა.

ამ სახით, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.

ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავსითავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ-დღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა-სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.

კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის! დიდება შენდა, დიდება!..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button