პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მეექვსე)

ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს, როცა ჩვენ გვაძაგებს და ავად გვიხსენიებს. ისიც ხომ ვნახეთ, როგორ მოსჭრა ენა ამავე შარდენს ამ განათლებულმა სომეხმა, როცა ჩვენზე ორიოდე სიტყვას კარგს იმეტებს. ისიც ვნახეთ, რომ არც ერთი ჩვენზე კარგის მთქმელი თვალწინ არ დაიყენა, რომ ქართველებზე კარგი არავინ გაიტაროს გუნებაშიო.

ეს საოცარი მანქანა ბ-ნს ეზოვს კიდევ საკმარისად არ მიაჩნია. ახლა სხვა მოწმე მოიწვია ქართველების უფრო მეტად სახელის წახდენისათვის. ეს მოწმე გახლავთ განჯა-ყარაბაღის სომეხთა პატრიარქი ცხონებული ისაია.

რომ ღირებული ფასი დავდოთ ამ პატიოსანის მოწამის ჩვენებას და ბ-ნ ეზოვის ოსტატობას, საჭიროა ცოტა შორიდამ დავიწყოთ საუბარი და ერთი პატარა ხანა ამიერკავკასიის ისტორიისა გავიხსენოთ.

რუსეთის იმპერატორს პეტრე დიდს კარგა ხანია თვალი ეჭირა სპარსეთზე და ფიქრობდა აქეთ რუსეთის ვაჭრობის განდიდებას და ამისათვის გზების შეძენასა და გახსნას. მინამ შვედელებთან ომები ჰქონდა, რასაკვირველია, შორმხედველი იმპერატორი ისე მხნედ ვერ მოეკიდებოდა ამ საქმეს, როგორც ჰსურდა, და როცა ნეიშტატის მორიგებამ 1721 წ. აგვისტოს 20-ს შვედელებთან საქმე გაათავა, მაშინ თითქმის მთლად მოიცალა თავისის დიდის ხნის სურვილისათვის, რომ სპარსეთზე გამოილაშქროს.

განჯა-ყარაბაღი მაშინ მთლად სპარსეთის ხელში იყო და აქაური სომხობა, შეწუხებული სპარსთაგან, ცდილობდა თავი როგორმე დაეღწია და ამის გამო პეტრე დიდთან საქმე დაიჭირეს. სხვათა შორის ვარდაპეტი მინასა გაგზავნილი ჰყავდათ პეტრე დიდთან და ეს ვარდაპეტი იყო პირდაპირი შუამავალი იმპერატორის მთავრობისა და სომხებშ შორის თვით რუსეთში, რომელსაც, თვით სომხების სურვილისამებრ, ჰპირდებოდა განჯა-ყარაბაღის გარდაცემას.

პეტრე დიდმა ამ ვითარებას საქმისას ხელი მოჰკიდა და მიზეზად ეს გაიხადა. ისიც იცოდა ამ ბრძენმა იმპერატორმა, რომ ქართველებიც აქ ხელს შეუწყობენ, რადგანაც საქართველოსაც ემძიმებოდა სპარსთა ასე ახლო ყოფნა და კარგი იყო განჯა-ყარაბაღიდამ გაერეკათ სპარსები. რა თქმა უნდა, რუსეთთან, როგორც ერთმორწმუნე ერთან, მეზობლობა ერჩივნათ ქართველებს, ვიდრე სპარსებთან. ეს კარგად იცოდა პეტრე დიდმა და ამიტომაც სომხებს დაჰპირდა და ქართველებსაც აცნობა, – მე ჩემის მხედრობით მოვალ და თქვენც თქვენის მხედრობით მზად იყავითო, მიზეზიც კარგი გამოუჩნდა. შამახიას ამ დროს დაეცნენ ლეკები და ყაზიკუმუხელები, რომელნიც მოიწვიეს იქაურთა მუსლიმანთა.

ლეკებმა მთლად აიკლეს შემიხია, იქ მყოფნი რუსეთის ვაჭარნიც გასპარცვეს და ნახევარ-მილიონის ქონება წაართვესო, როგორც ეს აუწყა პეტრე დიდს ერთმა მისმა მოხელე რუსმა.

რაკი პეტრე დიდმა ეს ამბავი შეიტყო, ვახტანგს მეფეს მოსწერა, რომ მე ასტრახანიდამ წამოვალ და შენც, შენის აღთქმისამებრ, მომეშველე და შენის მხედრობით წამოდი განჯას საქრისტიანოს დასახსნელადაო და, სიტყვითაც შემოეთვალა, ლეკების ჯავრი ამოიყარეო. ვახტანგმა შეჰყარა მხედრობა რიცხვით 30000 კაცი და წავიდა ლეკებზე. ლეკებმა ნახეს ეს თუ არა, გაეცალნენ. მთელს ამ მოძრაობას ის ფერი დასდეს, ვითომც მარტო ლეკების დასასჯელად წავიდა ვახტანგი, რომ სპარსელებს ალღო არ აეღოთ და არ მომზადებულიყვნენ. თვით სპარსელებს, ვითარცა შიიტებს, ეჯავრათ ლეკების, ვითარცა სუნიტების, შესევა შამახიაში და ვახტანგის მადლობელნიც დარჩნენ, რომ ასე მოიქცა. ლეკებთან რომ საქმე გაათავა, ვახტანგმა მერე დააბანაკა განსჯასთან და აქ ელოდა პეტრე დიდს ასტრახანიდამ.

იმპერატორს პეტრეს რაღაც საქმე აღმოუჩნდა შიდა-რუსეთში, უეცრად ასტრახანიდამ შინ დაბრუნდა და ვახტანგს აუწყა, კულავ მოვალო. იმედგადაწყვეტილი ვახტანგი უკან წამოვიდა ტფილისს.

პატრიარქი ისაია ამ ვახტანგის ამბავს სწერს რუსეთში ვარდაპეტს მინასის, რომელიც წინათ მოვიხსენიეთ, – რომ ვახტანგი 30000 კაცით მოვიდა და წავიდა ლეკებზეღაო, მეც თან გავყევიო. მივედით თუ არა, ლეკები გაგვეცალნენო. მერე როცა ვახტანგი იმედგადაწყვეტილი, რომ პეტრე დიდი აღარ მოვაო, დაბრუნდა ტფილისში, ისაია პატრიარქიც თან გამოჰყოლია და მთელი ოთხი თვგ დარჩენილა ტფილისს. იმავე წერილში ისაია აუწყებს ვარდაპეტს მინასის, რომ ვახტანგი სექტემბრის ბოლოს ხელახლად აპირობს წასვლას განჯისაკენ და თან მიჰყავს ქართველებისა და სომხის მხედრობაო; ეხლა ქართველები და სომხები სულით და გულით ერთნი არიანო, ერთმანეთის თანაგრძნობით სავსენი და მარტო პეტრე დიდის მოშველებასღა ელიანო. შენც მანდ ეცადეო.

მეორედ წავიდა ვახტანგი თუ არა, ამას თავი დავანებოთ. ბ-ნი ეზოვი ვახტანგის პირველ გამხედრების გამო ასე ამკობს ქართველებს თავისის მხრით. თათრების დასასჯელად, რომელთაც ლყკჟბი მოიწვიესო, ვახტანგმა ნება მისცა თავისს მხედრობას თათრების დარბევისაო. ქართველები დაერივნენ მთელს ადგილებს ტერტერას წყლამდეო, საშინლად ააოხრეს და ნარბევს ურმებით ეზიდებოდნენო. ქართველები იკლებდნენ და გძარცვავდნენ არამცთუ მარტო თათრებს, ქრისტიანებსაცაო. როცა ქართველების ჯარი სომხების სოფლებს ახლო გაუვლიდაო, ხალხი წინ მოეგებებოდა ხოლმე, წინ მოუძღოდა ხალხს შემოსილი სამღვდელოება ჯვრებით, სანთლებით ხელში, ზარის რუკით და ერთის ყოფით და ამბითაო. ქართველები-კი მიესეოდნენ, გძარცვავდნენ, სტაცებდნენ სამოსელს, საეკლესიო წიგნებს, ნივთებს და მთელს ქონებასაო.

„ამ სახითაო, რაც გადარჩაო ლეკებს, სწერს პატრიარქი ისაიაო, ის ყოველივე გააჩანაგა ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა ქართველმა ერმაო“.

ამას თურმე სწერს პატრიარქი ისაია ვარდაპეტს მინასას-კი არა, თავისს მოკლე ისტორიაში. ესეც დასახსომებელია. სომეხთა მეცნიერების ისტორია, როგორც ეტყობა, ერთია და მართალი და ჭეშმარიტება სხვა. ამას ქვევით დავინახავთ.

იქნება მართალია, რომ ქართველები ხარბნი, გაუმაძღარნი და შეუბრალებელნი იყვნენ და არიან. იქნება ისიც მართალია, რომ ქართველებმა აიკლეს სომხები, დაძარცვეს და გააუპატიურეს მათი სამღვდელოება, არ დაინდეს მათი საეკლესიო წიგნები, საღმრთო ნივთები და ამგვარად შებღალეს მათი სარწმუნოება.

ხოლო ეს გვიკვირს და საოცარიც არისა მისთანა ავაზაკური საქციელი როგორ არ აუწყა ისაიამ ვარდაპეტს მინასის მაშინ, როცა ვახტანგის ამბებსა სწერდა და როცა, ვითა გუშინდელი ამბავი, უფრო მწვავედ გულში მოდებული ექმნებოდა, ვიდრე მაშინ, როცა ისტორია უწერია, ესე იგი როცა დროჟამი უკვე სიმწვავეს დაანელებდა და დაამებდა ცოტად თუ ბევრად.

განა ნამეტანობისაგან გულისა ბაგეთ არ ენდა ემეტყველნათ მაშინ, როცა გული უფრო სავსე ჰქონდა ჯავრითა და წყრომითა? ესეც იქით იყოს. ხოლო ეს სულიერი ბატონი და პატრონი სომხებისა, ეს მათი თავი-და-თავი, ეს უპირველესის ხარისხის კაცი, ეს მათი მწყემსთმთავარი თან გაჰყოლია, ბ-ნ ეზოვისავე სიტყვით, ვახტანგის ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებელს ერსა, ქართველების კალთას შეჰკედლებია და ტფილისში შეუფარებია თავი მთელს ოთხს თვეს. ისტორია ისაია პატრიარქს როგორ დავუჯეროთ, როცა ასეთი გარემოება წინ გვიდგა.

სწორეთ მოგახსენოთ, ცალის მხრით დიდი სიყვარული ჰქონია თავისის ერისა, დიდი პატივი თავისის სამწყსოს სარწმუნოებისა, სამღვდელოებისა, რომ სომხის ამკლებებს, სომხის გამძარცველს, სომხის სამღვდელოების გამაუპატიურებელს, სომხის სარწმუნოების შემბღალველს ერს თან გამოჰყოლია, მისი კალთა დაუჭერია. მეორეს მხრით დიდი ვაჟკაცი ყოფილა, რომ ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებელს ჯარს, თუ ერს, მინდობია. თუ მართლა იმისთანა საშინელი და უკადრისი ამბავი დამართეს, რაღა გული აძლევდა ნებას, რომ ამისთანა დაუნდობელსა და საძაგელს ერს მხარს უმშვენებდა და თან მისდევდა.

რა პასუხიღა უნდა მიეცა დარბეულ, აკლებულ და გაუპატიურებულ სომხებისათვის, როცა ამისთანა ნდობით ექცეოდა, პატივს აძლევდა დამარბევდეს, ამკლებელსა და სარწმუნოების გამაუპატიურებელ ერსა.

აბა ერთის მხრით ეს გაძარცვ-გაგლეჯა სომხებისა, ეს გაუპატიურება მათის სარწმუნეოებისა, ეს აკლება მათის სამღვდელოებისა, ეს საღმრთო და საეკლესიო ნივთების შეგინება, და მეორეს მხრით ასეთი ტკბილი განწყობილება სომეხთა მამამთავარისა ერთმანეთს პირში წაუყენეთ და სამართალი ისე ქენით, თუ ის არ გამოვიდეს ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. განა შესაძლებელია ერთი, თუ მეორე არის, და მეორე, თუ პირველია?! ბ-ნი ეზოვი რას დაგიდევთ? ხომ გამოლანძღა ისაია პატრიარქის მოწმობით ქართველები და სხვა რაღა მოეთხოვება სომეხთა მეცნიერსა. თუ მართლა ქართველებმა ასე საძაგლად იჩინეს თავი და ეს ყოფა დააწიეს სომხებს და სომხის სამღვდელოებას, მაშ რადა სწერს ასევე მართლმოყვარე ისაია პატრიარქი ვარდაპეტს მინასის, ვით სასიხარულო ამბავს, რომ მეფე ვახტანგი ხელმეორედ აპირებს თავისის მხედრობით განჯაში წასვლას და შენც მანდ, რუსეთში, შეეცადეო. განა ასეთი სასიხარულო იყო ხელმეორედ მისვლა იმისთანა ჯარისა, რომელმაც პირველში აიკლო, გააჩანაგა სომხობა და მისი სამღვდელოება დაატყავა. თუნდ ამანაც თქვენი ჭირი წაიღოს. ის რაღაა, რომ იგივე ისაია ეფიცება მინასის, რომ ეხლა ქართველები და სომხები ერთმანეთის სიყვარულით ერთმანეთს გულში უსხედანო.

რა სასწაულმა გარდაჰქმნა ასე ანაზდეულად, ასე უცბად ხარბი, გაუმაძღარი და შეუბრალებელი ქართველი ერი ასე ერთსულ და ერთხორც სომხებთან. ნუთუ ქართველებმა ეგრე ერთს წუთს, ეგრე მალე მოიშალეს თავისი საძაგელი ხასიათი და სომხებმა ეგრე მალე დაიჯერეს, რომ ეს ხარბობა, გაუმაძღრობა, შეუბრალებლობა თან აღარ დაჰყვებათ ქართველებს!

ვარდაპეტი მინასა არც ერთ თავისს მოხსენებაში, რომელიც-კი წარუდგენია პეტრე დიდის მთავრობისათვის, ერთის სიტყვითაც არ ამბობს სამდურავს ქართველებზე. პირიქით, ერთს თავისს მოხსენებაში, სხვათა შორის, იწერება „ტფილისიდამ გვწერენო, რომ ვახტანგის დიდად მადლობელნი არიან, ჩვენ, სომხებს, დიდის სიყვარულითა და მოწყალებით გვეპყრობაო“. ვთქვათ, აქ პოლიტიკურ საზრისის გამო დაუმალა მინასა პეტრე პირველს ავკაცობა ქართველებისა, ქებას მაინც არ მოაგორებდა.

მართალია, ვარდაპეტი მინასა შორს იყო და შესაძლოა არა იცოდა-რა ქართველების ავკაცობისა, ეს არქიეპისკოპოსი სომხებისა მინას პერვაზიანი ხომ დამსწრე და თვალით მნახველი იყო, როცა ვახტანგი მიესია ლეკებს და გარეკა. ეს არქიეპისკოპოსი არამც თუ ემდურება რასმე ქართველებსა, არამედ მადლობითაც-კი იხსენებს: „ღმერთმა ეხლა მწყემსად და პატრონად მოგვცაო ვახტანგი. ეს გვიხსნის და გვმფარველობს მტრებისაგან, ამან გაგვადევნა მტერნი, ერთად თავი მოუყარა სომხებს და თითონ გვპატრონობს ღა გვიფრთხილდებაო“

ეს არქიეპისკოპოსი სომხებისა ვახტანგთან ერთად იყო განჯაში და იქიდამაც ისაია პატრიარქსავით თან გამოჰყვა ტფილისს.

მაშასადამე, ეს ორნივ მამამთავარნი სომხებისა თვალითმნახველნი მოწამენი არიან ყოველ იმისა, რასაც ქართველები მაშინ ჩაიდენდნენ. ერთი ამბობს, – ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა ქართველებმა მთლად აიკლეს სომხობა, სარწმუნოებას ჩვენსას უკადრისად მოექცნენო, და მერე-კი მადლობით იხსენიებს და ღვთის წყალობადა სთლის, რომ ვახტანგ მეფე პატრონად და მწყემსად მოუვლინა სომხებს, დაახსნევინა იგინო მტრებისაგან, გვივლის და გვიფრთხილდებაო. რა თქმა უნდა, ყოველ ამ სიკეთეს ვახტანგი მიანიჭებდა სომხებს თავისის ერის შემწეობითა და შველითა, თორემ მარტო ერთი კაცი რას იზამდა.

ბ-ნი ეზოვი როგორ მოექცა ამ ორს ერთიმეორის უარმყოფელს, ერთი მეორის უმსგავსო მოწმობას? აქ მართალი მეცნიერი ორში ერთს იქმოდა: ან არც ერთს არ დაუჯერებდა, თუ მეტისმეტს სიფრთხილეს წაეღებინებოდა, ან თუ ერთს იმოწმებდა, მეორესაც ხმას ამოაღებინებდა. ბ-ნი ეზოვი-კი სწორედ ისე მოიქცა, როგორც არ ენდა მოქცეულიყო. ქართველების მძაგებყლი და ავად უხსენებელი ალაპარაკა და ქართველების მადლიერი განგებ გააჩუმა. რა ჰქვიან ამისთანა საქციელს, არ ვიცით, ეს-კი აშკარაა, რომ „გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რაც გინდა მაღლა თაროზე დასდო“ და დიპლომი მეცნიერებისა შუბლზე მიაკრა.

ყველა, ყველა, და უადგილო არ იქნება ერთი ეს ვიკითხოთ: ვთქვათ, ქართველები, ბ-ნ ეზოვის სასიხარულოდ, ყოვლად საძაგელნი არიან, ხოლო ქართველების საძაგლად ხსენება აქ რა შუაშია, საცა საუბარია О сношениях Петра Великого с Армянским народом? ქართველების საძაგლობა აქ რა ხიდია ამ „сношение“-სათვის? უამისოდ გზა თუ არ იყო? ჩვენი საძაგლობა აქ რად არის ჩაჩხირული? აქ რისთვის დასჭირვებია ეს ბ-ნს ეზოვს? აშკარაა იმისთვის, რომ ვაი თუ მეორედ აღარ მეღირსოს წერა და შემთხვევა როგორ დავკარგო, ერთი პანღური მაინც არ შევაწიო ჩვენს საყვარელს ძმებს – ქართველებსაო,

თუ მართლა ეს ასე არ არის, მაშ რა მიზეზით და ლოგიკით აიხსნება ერთი სხვა უცნაური გარემოებაც, რომ წიგნში, რომელსაც თითონვე დაარქვა „Сношения Петра Великого с Армянским народом“, ბ-ნი ეზოვი მეფე ერეკლესაც გადასწვდა და გრაფ ტოტლებენის ამბავსაც მოგვითბობს. საიდამ სადაო? სად პეტრე დიდი და სად ერეკლე მეფე და ტოტლებენი? საქმე ის არის, რომ ბ-ნმა ეზოვმა სანეკრე დაინახა და სახტომი აღარ იკითხა და ისკუპა თქვენი მოწონებული.

ერთი ჰკითხეთ, საიდამ და რისთვის ჩააკერა ისტორიული ხანა ეკატერინე დიდისა წიგნში, რომელმაც უნდა მოგვითხროს პეტრე დიდისა და სომეხთა ერის საურთიერთო საქმენი? ეს ადვილად გამოსაცნობია, თუ გავიხსენებთ ისევ იმ ალიას, რომლის დარდიც ფლავია და სხვა არაფერი. ბ-ნ ეზოვს ნიშანში ამოღებული ჰყავს ქართველი და როგორ გაუძლოს გულმა, რომ ლაფი არ დაასხას, თუ შესაძლებელია. ამ შემთხვევისათვის ტოტლებენი ძალიან საამური და სასურველი კაცია ბ-ნ ეზოვისათვის და თვით ერეკლეს ხსენებაც მიზეზს მისცემს ეს სახელოვანი მეფეც უკადრისად შეგვიქციოს.

ყველას მოეხსენება, რომ ეკატერინე დიდმა ომი დაუწყო ოსმალეთსა და ამის გამო ომში გასარევად მეფე ერეკლეს და იმერეთის მეფე სოლომონს დაჰპირდა, ოღონდ თქვენც მანდედამ მიესიენით ოსმალებსა და მე ჯარსა და ფულს მოგაშველებთო. მეფეებმა სიხარულით გამოუცხადეს სურვილი და ეკატერინემ გამოგზავნა საქართველოში ოთხი ათასი კაცი და ფული და ყოველივე ეს ჩააბარა გრაფ ტოტლებენსა.

ტოტლებენი მოვიდა ჯარით და ფულით და იმის მაგიერ, რომ იმპერატრიცის ბრძანებისამებრ ერთად ემოქმედა ქართველებთან, ცალკე გაიწია იმ აზრით, რომ ოსმალებზე გამარჯვების სახელი მარტო თითონ დაინარჩუნოს. გააბა მრავალგვარი ქსელი ოინებისა, აურზაური დაუწყო ცალკე ერეკლეს, ცალკე სოლომონს, ერთსაცა და მეორესაც უკადრისად ექცეოდა. უღალატა ერეკლეს და ასპინძის ომის წინა დღეს გამოექცა და მერე, რომ თავი ემართლებინა, ბეზღებას მიჰყო ხელი, თვით ერეკლე და მისი ქართველობა ძირიანად მოსთხარა იმპერატრიცას წინაშე.

რა კაცი იყო ეს ტოტლებენი, რარიგად იქცეოდა, რარიგ აწიოკებდა დიდსა და პატარასა, რა უკადრისად ეპყრობოდა მეფეებს, რარიგად იტენდა ჯიბესა და თვით მისდა მინდობილს რუსის ჯარს უსმელ-უჭმელს ინახავდა, – ეს ყოველი ცხადია, თუ კაცი გასინჯავს იაზიკოვისა და ლვოვის ოფიციალურს წერილებს, რუსეთში მიწერილებს საქართველოდამ. ყოველ ამის გამო, როგორც იქნა, ტოტლებენი აქედამ წაიყვანეს და მის მაგიერ დანიშნეს ღენერალი სუხოტინი. ამ სუხოტინმა იმავე სახით წარუდგინა იმპერატრიცას ტოტლებენის საქციელი და მოქმედება. რა კაცი იყო ეს ტოტლებენი, იქიდამაცა სჩანს, რომ იგი ავკაცობისა და ავზნეობისათვის გამოძევებული იყო გერმანიიდამ, – თავისს სამშობლოდამ.

იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს როგორღაც შეავედრა თავი, რუსეთში განწესდა, ებოძა ღენერალ-მაიორობა და კორპუსის წინამძღოლობა, აქ მისის კორპუსის ოფიცრებმა შეამჩნიეს რუსეთის გაცემა და ღალატი, დაიჭირეს და წარუდგინეს მთავრობას.

მთავრობამ რუსეთისამ სამართალში მისცა, იცნეს მოღალატედ და გამცემად და სიკვდილით დასჯა გაუჩინეს. მერე სიკვდილით დასჯა აპატიეს და გააძევეს რუსეთიდამ იმ მუქარით, რომ თუ ოდესმე რუსეთის სამფლობელოში გაჩნდება, ყველას ნება აქვს მოაკვდინოს. ამ სახით იგი განდევნილ იქმნა რუსეთიდგან 1763 წელს. მთელი ექვსი წელიწადი ეთრია ეგრე ტოტლებენი რუსეთს გარეთ და ბოლოს ხელახლად შეავედრა თავი ეკატერინე დიდს. იმპერატრიცამ შეუნდო წინანდელი ცოდვა და ჩააბარა საქართველოში მიმავალი ჯარი. აი რა კაცთან შეემთხვა მაშინდელ საქართველოს საქმის დაჭერა.

ეს, რუსთა ოფიციალურ დოკუმენტებით, ყოვლად საძაგელი კაცი, ეს უსირცხვილო ადამიანი, მოქრთამე, მყვლეფავი, ორგული, ცრუ და მაბეზღარი, იმოწმა ბ-ნმა ეზოვმა, რომ ქართველების სახელი ხელახლად ლაფში ამოავლოს. აი ტოტლებენი რასა სწერს ქართველებზედაო, მოგვითხრობს ბ-ნი ეზოვი: „ქართველები გაიძვერანი და ფლიდნი არიან, ანგარნი, ბიწიერნი, გაგებაც არა აქვო, რა არის კეთილი… ქართველთაგან, მგონია, მოსალოდნელი არ არის არც ვაჟკაცობა, არც მორჩილება, რადგანაც თავისი დღენი მონაობაში გაუტარებიათ და სულმოკლენი შექმნილანო“. ბ-ნს ეზოვს მარტო ესა სდომებია, თორემ, აკი ვამბობო, ჯერ ეს მოწმობა ტოტლებენისა რა ხელსაყრელია იქ, საცა საუბარია პეტრე დიდსა და სომხების ერის ურთიერთობაზე, და მეორე, – რა სარწმუნო კაცი ეს ტოტლებენია, რომ გაუსინჯავად, მოუჩხრეკავად მისი მოწმობა დაუჯერებია. სხვა ყველა რიგიანი კაცი არამცთუ მოწმად არ იკადრებდა ამისთანა კაცს, ახლოც არ გაუვლიდა, რომ არა მომეცხოს-რაო. აშკარაა, ბ-ნი ეზოვი ამ შემოხვევაში უშიშარი და უწუნარი რაინდი ყოფილა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button