პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ხმამაღლა
ჩემს გულში არც წინად,
არც ახლა
არც შიში ყოფილა,
არც დაღლა.
აჟღერდით, ჩანგებო,
ხელახლა:
ხმამაღლა, ხმამაღლა,
ხმამაღლა!
ვინა სთქვა დროშების
ძირს დახრა?
სამშობლოს დუშმანებს
ვინც ახლავს,
მათ წყევლა და წყვდიადს
გადახლა.
ხმამაღლა, ხმამაღლა,
ხმამაღლა!
დიდება რაინდებს,
ვინც ახლო
სიყვარულს ქვეყნისას
ეახლა,
ყოველი სიმღერით
დიდება,
ხმამაღლა, ხმამაღლა,
ხმამაღლა!