ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ჯემალ ქარჩხაძე – იგი

პრეისტორიული მოთხრობა

– როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.

ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.

შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.

ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.

იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.

ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება.

არა.

მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.

ირგვლივ დუმილი იდგა.

თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის შესცქეროდნენ.

მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია.

იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.

თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.

იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან.

ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.

იგიმ ბელადს შეხედა.

ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები – მრისხანედ დაკრეჭილი.

მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.

ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი გარბოდნენ.

დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც არაღავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა.

დაბინდებისას ბელადი მთელ ტომს შეყრის და იტყვის.

ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელეს სინათლით გაფანტავს, კაცები აღმართს შეუდგებიან. წინ ის მიდის, ვინც ქარაფიდან უნდა გადაეშვას. უკან დანარჩენები მიჰყვებიან. ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენები შეჩერდებიან და მარტო ის განაგრძობს გზას. მიდის, მიდის, მიდის. მწვერვალს რომ მიაღწევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხედავს. და ამ დროს სახეზე ცოცხლად შეპყრობილი ნადისრის ფერი ადევს. მერე ისევ შეტრიალდება, მოიკუნტება, შეიკუმშება, დაპატარავდება, თვალებდახუჭული (იგიმ არ იცის, თვალებდახუჭული თუ გახელილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდი დაძინების ციცაბო აღმართს, რატომღაც ჰგონია, რომ თვალებდახუჭული) გადააბიჯებს და მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება.

თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას დასცემენ და გამოქვაბულში დაბრუნდებიან.

ის აღარ დაბრუნდება.

იგიმ არ იცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული, მაგრამ იცის, რომ არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული არავინ უნახავს.

აქამდე ასე იყო.

და ბელადი…

კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე.

დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტის მოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც.

მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე.

რატომ ადისო, არავინ კითხულობს.

ალბათ ჰგონიათ, რომ რაც არის, ის მუდამ იყო.

(თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხა თავის სხეულში: “რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”)

იმიტომ რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რაკი დამარცხდა, ბელადი აღარაა. ხოლო როცა ბელადია და თანაც ბელადი აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რისი დარღვევაც არ შეიძლება. ამიტომ ადის…

ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და დალაგებას შეუდგებოდა, გაურკვეველი სიმძიმე სხეულში ტკივილად ეღვრებოდა, თვალები ეხუჭებოდა და ძილი ერეოდა.

ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უცნობ სიტყვებს იოლად და სწრაფად ალაგებს. სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ.

ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა…

პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა.

… როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მქრქალი თვალი გაახილა, კაცები დაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადირეს.

წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ჰქონდა გადებული. დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ.

ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირევის დანახვაზე თვალებში შიმშილის ფერი ჩაუდგათ.

ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმშვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა, დაჯდა, კეტი გვერდით მოიდო და ხელები მუხლებზე დაიწყო.

ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ, ნანადირევი შუა გამოქვაბულში დადეს და ძველი მონადირეები ხორცის განაწილებას შეუდგნენ.

როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნადირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს.

იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ დროს ბელადის შვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა და ირგვლივ ხორცის მეტს ვერაფერს ხედავდა.

ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარი მხრებზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა.

გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.

მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.

ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა, თითქოს სიმშვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელები უკანვე წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა. გამოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დასწვდა და წამოდგა.

ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-შვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი.

შეიბნენ.

შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზე მიიკრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი.

იგის უკვირდა.

ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილება განაგრძეს…

როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ თვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ.

ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან.

იგიც.

ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა.

წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.

ნი ლამაზი იყო.

ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენებიც წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო.

მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა.

იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში.

ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.

ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.

იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.

ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.

ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა.

ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა შეჩერდება და მოიხედავსო.

ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა.

არც მოუხედავს, არც დაუყვირია.

ახალმა ბელადმა კი დაიყვირა.

ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, დანარჩენებიც აყვნენ.

იგიც.

(იგის მერე უკვირდა)

ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო და თავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ.

მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც.

ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა.

ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა.

იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა.

კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, როტომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება?

იგიმ ნაბიჯი შეანელა. კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა.

ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა.

იგი უკანვე მოტრიალდა.

კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში.

იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდომოდეს.

ფეხს აუჩქარა. წამოეწია.

ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა.

ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ. შუბლები მიწისათვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ.

წინ ბელადი მიდიოდა.

ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.

იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა.

იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!

გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.

ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.

და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.

“კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, – უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები.

მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.

იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, – თავის სხეულში თქვა იგიმ.

მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი.

იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.

ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.

იგის ბევრი სახე უყურებდა.

მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.

დანარჩენებიც მიჰყვნენ.

ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ.

საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა.

წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.

იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.

ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის.

ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს.

იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა, იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი.

დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები.

“ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ.

წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.”

წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს.

“ნი, ნი, ნი, ნი…” – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: “ნი, ნი, ნი…” წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.

მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა.

წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისაკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და გავიდა.

ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა.

იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა.

იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ.

ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო.

თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია. მართალია, ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟრჟოლამ დაუაროს.

ვერც ტყეში მოისვენა.

მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. …

ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა.

წუხილი ავი იყო.

ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.

გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა.

“იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.

იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა.

ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა.

ტკივილი ყვიროდა.

იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.

“იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა.

ტკივილი იცოდა რაც იყო.

ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება.

წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს.

ამიტომ ერჩივნა ტკივილი.

მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა.

როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა.

მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.

როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა.

კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა.

იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათი აეცდინა.

როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.

ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები.

იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.

იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა.

როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:

“ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს”.

იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა.

სხვებს უკვე ეძინათ.

საცა იყო იგისაც ჩაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად, ფეხაკრეფით მოდიოდა მისკენ.

სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა.

წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, უჩუმრად მომავალ ძილს გადაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა.

თან მარტოობის გემო შეიტანა.

იგი გამოფხიზლდა. გაკვირვებული გაინაბა, სუნთქვა შეიკრა, ყური მიუგდო წუხილს.

წუხილი სხეულში დაძვრებოდა.

მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა.

“რა უნდა წუხილს იგისაგან? – უზმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. – იგი ხომ უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები?”

წუხილმა არაფერი უპასუხა, ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.

იგის სიბრაზის ფერი დაედო.

“თავი დაანებოს წუხილმა იგის!” – უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს.

ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, ცდილობდა წუხილისათვის ყურადღება არ მიექცია და ძილს დადარაჯებოდა.

მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.

წუხილი არ უშვებდა ახლო ძილს.

იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.

არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა.

“არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს”, უხმოდ თქვა იგიმ.

წამოჯდა. ფეხები შემოიკეცა, მკლავები შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს შუა ჩაიდო.

წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.

იგის ვეღარაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან სხვები? განა ამას არ მოითხოვდა წუხილი მისგან? მაშ რაღად დაბრუნდა? რაღას მოითხოვს?

იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდოდა ყოფნა, საცა არ იყო, და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კი იგი “იქ” მივა, მაშინვე, “სხვაგან” ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰყოლოდა.

იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა თანამოძმეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ გასწია.

ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის გულებს უღიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებს შორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა, რომ ღამის თვალი ღრუბლებს გასცდა და ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივები მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს ჩამოყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით იცოდა.

ახლაც ხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგი ახლო მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოთოლზე მრგვალი წვეთი იდო და ისე ბრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვალი ყოფილიყოს. იგი ჩაცუცქდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი აღარ ჩანდა. იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმებში ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა; ქვედაც გადასწია და მრგვალი წვეთი წეღანდელივით აბრჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე.

იგი წამოდგა და გზა განაგრძო.

სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს ჩასძინებოდა; ან არადა, შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, საფარიდან გამოვიდა და ძვალს დაუწყო ძებნა.

ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა.

იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: “ნეტა რისთვის მოვიდა აქ იგი?” მართალია, ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა.

ეხლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.

ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრიალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო.

წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა. მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ გასწია.

დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერ იქნა და ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა. სილაში ჩაჯდა, მუხლები შემოიკეცა და ზედ მკლავები შემოაჭდო.

ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს დაუსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა.

წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.

“თქვას მაინც წუხილმა რა უნდა! იგი ყველა სურვილს შეუსრულებს. იმიტომ, რომ იგის მეტი არაღ შეუძლია!”

უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალი ააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლა ააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივის დედა დაინახა, ღამის თვალი, რომელიც ღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი.

იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.

ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა.

და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.

სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.

წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და , იგის რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა.

იგი იდგა. ცის თვალს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისე არა, სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს სხვებივით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის; როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კი ნაფლეთებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა.

იდგა გამართული და ცის თვალს შესცქეროდა. და ცის თვალსაც, შორეულ ბრჭყვიალა კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს.

არაფერი იყო “ცუდი”. არაფერი იყო “კარგი” ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც “ცუდი” დააკლებდა რამეს და ვერც “კარგი” შეჰმატებდა.

მერე საკვირველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვალით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნებურად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილიყო.

ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენჭები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა.

თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა.

მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს, ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.

სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.

“რა მისდის იგის?” – უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია.

წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არისო. ამავე დროს არაფერი არ არსებობდა ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა? სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?

ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა? აკი ამას წინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა!

“უკვირს იგის!” – თავის სხეულში თქვა იგიმ.

(ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი, ის, რაც ახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო).

იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე შეისხა, მოტრიალდა და აღმართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, და ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვაგან წასულიყო.

იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა.

ნი ძალიან კარგი იყო.

იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა.

თანამოძმეები კარგები იყვნენ.

ბელადიც კარგი იყო…

იგის ჩაეძინა.

როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიღრინა და მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის თვალის შუქზე ავად გაიელვა, იგის გაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში.

თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა.

მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში მიიმალებოდა.

ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.

მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან.

უხმოდ მიდიოდნენ.

ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს ნადირის სუნი იკრა და ნახტომისათვის მოემზადაო.

გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გადაუხვია. მონადირეებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის მიუქცევია ყურადღება, ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც პატარა ზუ გაბარდნილ ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო.ცოტა გზა რომ გაიარა, იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალი ეჭირა თანამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო.

“ვის ემალება პატარა ზუ?” – თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრაფად მიიხედა.

პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის. როგორც კი იგიმ მიიხედა, სახეზე დამფრთხალი ნადირის ფერმა გადაურბინა, ბუჩქისკენ შეტრიალდა და ფაცხაფუცხით დაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა.

იგი მობრუნდა და გზა განაგრზო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, წეღანდელივით სწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა, შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული.

ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებნენ მონადირეებს, მაგრამ, ხელცარიელები რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ, სახეზე შეშფოთების ფერი დაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. ბელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები მიიწ-მოიწიენ. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და, როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფანტნენ.

ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. დაჯდა ასე, ხელები კოჭებში ჩაევლო, შუბლი მიწისათვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და ოდნავ ირწეოდა.

დანარჩენებიც დასხდნენ.

იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა, როცა შიმშილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყოფილიყო და მისი გამართული სხეული თვალში არავის მოხვედროდა. რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასე მოიქცეს იგიო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ გაკარებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა. ეგ იყო მხოლოდ, ტანი უგრძნობდა რაღაცას და უცნობი სიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგი და თვალში ნურავის შეეჩხირებაო.

ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირნაირი ნაყოფი და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა შიმშილს, მაგრამ ცოტათი მაინც დააშოშმინა.

გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამდნენ, მარტო ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის დაუკარებია.

იგიმაც მალე მიატოვა ჭამა; ცოტაოდენი ფესვები გაღეჭა და თავი მიანება.

გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა.

უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა ოდნავ, მაგრამ არ შერხეულა. გატრუნულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ, სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმ მხარეს და ცალი თვალი გააპარა.

ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის.

“ზუს რაღაც უნდა”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ.

ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.

ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.

მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა.

ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო.

დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმდნენ, თქვა.

– იგი არ წავა სანადიროდ.

იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.

მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მარტო ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგრამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.

როცა სხეულში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:

– იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ?

ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდ ქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს.

იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ ალაგებდა. ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:

– იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. – აქ ისევ გაჩუმდა. მერე თვალი მიწას მოსწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილები ავად დაკრიჭა, კეტი მიწას დაჰკრა. – იგი არ წავა სანადიროდ!

მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა.

ბელადი ძლიერი იყო.

იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა. ქალებისა და ბავშვების ავ მზერას წააწყდა და, ნეტა ნი სად არისო, სხეულში იკითხა.

ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ.

ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფზე აჰყავდათ.

იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და ცას შეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილები ავად ელავდნენ.

რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგონია, იგის ნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, ხელი რომ მოეცარათ და ვერაფერი მოინადირეს, იგის ბრალია?

იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია? აქამდე არასოდეს დაბრუნებულან ხელცარიელი…

იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.

ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბობდნენ წყალში და, რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.

იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო.

იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა.

თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა “ნი” დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.

ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ჩადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა.

ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა, ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა.

ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.

იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი შეჩერდა. მერე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი, დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია და ხელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.

იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა.

ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.

იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:

– ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო.

ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.

იგიმ კიდევ თქვა:

– ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.

ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის.

ხოლო იგიმ კიდევ თქვა:

– ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.

ნი სწრაფად წამოჯდა.

– იგის სხვა რამე უნდა?

ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები: ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვა ზემოდან. ნიმ თვალები ისევ მილულა, მკერდით მკერდზე მიეკრა და ასხმარტალდა. მერე, როცა იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან სხვები, ნიმ სხმარტალი შეწყვიტა. ახლა ის უძრავად იწვა, მოშვებული და თვალებდახუჭული.

იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგი სიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ მაინცადამაინც ნი ჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე.

ნიმ თვალი გაახილა.

– აღარ უნდა იგის ნისთან?

იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ გაძევება სცადა.

“გავიდეს ნი იგის სხეულიდან!”

ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა, სახე უსაშველოდ გაგრძელებული, ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალი შუბლზე აჯდა, მეორე სულ არ ჩანდა, ფეხები შეშუპებული იყო და შუაში გადატეხილი.

ცუდი სანახავი იყო ნი.

“გავიდეს ნი იგის სხეულიდან!”

ნი არ გადიოდა.

მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით ჰკრა ხელი ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა.

” იგიმ არ იცის სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი”. – მწუხარედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გზა განაგრძო.

სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა.

ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა.

თბილ სილაში ჩაიჩოქა.

სხეულში იგი და ნი იბრძოდნენ.

თითს უაზროდ უსვამდა სილას.

მახინჯი ნი ტკივა სხეულს. მაგრამ მახინჯი ნი არ გამოდის სხეულიდან. რა უცნაური სანახავია! წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნილი ნიკაპი, ცალი თვალი შუბლზე…ტანი დაბრეცილი…ფეხები ასე შეშუპებული…შუაში, აი აქ, გატეხილი…

უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის თვალებმა მახინჯი ნი სილაში დაინახეს.

იგის თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ზეზე წამოვარდა. თვალებში შიშისა და გაოცების ფერი ჰქონდა, სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა.

დამფრთხალმა დაიხია უკან. მერე შეტრიალდა და გაიქცა. თავში სიტყვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, არ ესმოდა.

მერე სიტყვები ნელ-ნელა დალაგდნენ, ბაგაბუგიც ცოტა მიწყნარდა სხეულში და იგიმ ნაბიჯი შეანელა.

იქ, სილაში, მახინჯი ნი წევს. მახინჯი ნი იგის სხეულიდან გამოვიდა და სილაში ჩაწვა.

იგიმ ფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა; სილაში მხოლოდ საკუთარი კვალი ჩანდა.

როგორ გაჩნდა ნი?

უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თითს სილაში უსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა.

და იგი მიხვდა!

იგის თითმა გააკეთა სილაში ნი!

იგის ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. თითი ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა. თითი თითი იყო.

იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა, მძინარე ნადირს რომ წამოეპაროს. მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა.

ნეტა წავიდა მახინჯი ნი, თუ ისევ სილაში წევს?

ბევრი კი ურბენია აქეთობას.

ეტყობა წასულა,” – თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნიც გამოჩნდა სილაში.

იგი შედგა. კინაღამ წეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს შეიკავა თავი. მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინძრეოდა, იგიმ კენჭი აიღო და ესროლა, თან გასაქცევად მოემზადა. კენჭი ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმ კიდევ ესროლა კენჭი და დაბრეცილ მკერდში მოარტყა. რაკი ნი არც ამჯერად გაინძრა, გული მოეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა.

– ნი! – დაუძახა და გასაქცევად მოემზადა.

ნის არც მოუხედავს და არც ხმა გაუცია.

“ეს ნი ნამდვილი არ არის, – უხმოდ თქვა მაშინ იგიმ, – ეს ნი ისეთია, როგორიც იგის სხეულში იყო.”

ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგახანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს მივიდა, ზემოდან დააცქერდა, მერე ფეხი ფრთხილად ასწია, ოდნავ შეეხო ნის ხელს და მაშინვე მოაშორა, თან ყოველი შემთხვევისათვის უკან დაიხია.

იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელი სხეულს მოწყდა.

“ეს იგის ფეხის კვალია, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – იგის ფეხის კვალმა ნის ხელი მოსწყვიტა”.

იგიმ კვლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუს-მოუსვა.

ნის სახე გაქრა.

მაშინ იგი დაიხარა, ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხელები გადაუსვა ზემოდან.

ნი სულ გაქრა.

“ეს ნი არ იყო, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – ეს ნის კვალი იყო”.

ამ სიტყვებს გაკვირვების სუნი აუვიდა.

იგი ფეხს დაადგამს სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გაჩაჩხულ ხელს დაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას შემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელ დიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბელადის ნაფეხურები ნახა.

მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს. ბელადის კვალს ბელადი ტოვებს. თუკი ნი არ იყო, ნის კვალი როგორღა დარჩა? განა იგის თითი ნი არის, რომ ნის კვალი გააკეთოს?

იგიმ კვლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ ჰგავდა ნის.

იგი ჩაცუცქდა, თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც კვალი დარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახდეს? იგიმ თითის მოსმა განაგრძო. უსვამდა და უსვამდა. სილაში ხაზები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდა თავისი თითის ნამოქმედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან, უცებ ამასწინანდელი ღამე გაახსენდა, როცა აქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი იყო, ცაც იგი იყო, ზღვაც იგი იყო, ტყეც და ქედებიც…ალბათ ზოგჯერ ნიც იგია. ალბათ წეღან იგის თითი მართლა ნი იყო, ამიტომ დატოვა კვალი სილაში.

იგიმ ხაზები საგულდაგულოდ წაშალა, მუხლებზე დადგა და ნი მოიხმო.

“ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში!”

და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელივით დარღვეული და მახინჯი იყო.

იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სილაში. თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი გულისყური სხეულში ჰქონდა. მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს.

ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა.

ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა. მახინჯი, დაბრეცილი, დაშლილი.

იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი ჰქონდა, თავში სიტყვები არ მოძრაობდნენ.

მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა, თითქოს გაიშალა, გაიზარდა და მთელი სივრცე ამოავსო. ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო… ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო…

იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხედავდა.

მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, დანარჩენი საგნებიც თათვიანთ სხეულში დაბრუნდნენ და ზღვარი, რომელიც მათ ერთმანეთისგან ჰყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა ზღვა იყო, ცა ცა იყო, ტყე ტყე იყო და იგი იგი იყო. ყველაფერი თავის ძველ სახეს დაუბრუნდა; ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირი მაინც დარჩა და ეს კავშირი იგი იყო. იგი უცნაურ წინათგრძნობას შეეპყრო; თითქოს ქვეყნად უამრავი იგი არსებობდა, ოღონდ ზოგ მათგანს ზღვა ჰქონდა სხეულად, ზოგს მთა, ზოგს ცა… და იგის შეეძლო, როცა მოისურვებდა, გადაეხსნა ეს სხეული და მაშინ ქვეყნიერება წეღანდელივით მხოლოდ იგი იქნებოდა, ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი არ ექნებოდა სხეულად.

რაკი იგი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, თვალებმა სილის ნის დახედეს.

სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მანამ იგის სხეულში მუდამ სხვანაირი ნი ჩნდებოდა, ლამაზი, თბილი, კარგი, თვალები რომ ზღვას უგავდა და თმა – ჩამოცვენილ ფოთოლს. ახლა რაღა მოუვიდა ნის? რად დამახინჯდა? რად დაირღვა?

თვალები სილის ნის უყურებდნენ. ასეთი სახე არ ჰქონდა ადრე ნის.

იგიმ ფრთხილად გადაუსვა ხელი სილის ნის სახეს და წაუშალა.

როგორი სახე ჰქონდა ნის ადრე?

იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში ძველი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მერე ახალი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მთელმა ტომმა გაიარა, როცა ციდან წვიმა მოდიოდა. და აი, ბოლოს ნიც გაჩნდა.

ნი გაჩნდა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაქრა და იგიმ ვერ გაარჩია, როგორი სახე ჰქონდა.

იგიმ თვალები გაახილა და ისევ დახუჭა.

ახლა მის სხეულში პატარა ბალახი გაჩნდა, რომლის ფოთოლზე ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, იქვე იგი ჩაჩოქილიყო და ბალახს დაჰყურებდა. მერე ბალახიც გაქრა და იგიც. მათ ადგილას ზღვა გაჩნდა. ზღვა ლივლივებდა და შორს, დასალიერთან, ცას ერთვოდა.

და უცებ კვლავ გაჩნდა ნი. ნი წეღანდელივით სწრაფად გაქრა, მაგრამ ამჯერად იგიმ მოასწრო იმის შემჩნევა, თუ როგორი ცხვირი ჰქონდა ნის. იგი უყურებდა ნის ცხვირს და ნის ცხვირს ნელ-ნელა მთელი სახე გამოესხა. ძველი ნის სახე. კარგი, საყვარელი, ცის თაღივით რომ სითბოს აფრქვევდა. აი, ეს არის ნამდვილი ნი, და არა ის დაშლილი და დაბრეცილი ნი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა იგის სხეულიდან გასვლა. იგის თითი ნელა მოძრაობდა სილაში. იგი ახლა მკაფიოდ ხედავდა, როგორ ქრებოდა მის სხეულში ნი ნაწილ-ნაწილ და როგორ ჩნდებოდა სილაში ასევე ნაწილ-ნაწილ.

თითმა მოძრაობა დაამთავრა. სილაში ახლა ძველი ნი იყო, ის ნი, რომლის ყოველ შემოსვლაზე იგის სხეულში უჩვეულო და საამო ბაგა-ბუგი ატყდებოდა ხოლმე და უჩვეულო და საამო სუნი დატრიალდებოდა.

იგი წამოდგა და მაღლიდან დახედა სილის ნის. მერე ირგვლივ შემოუარა, თან თვალს არ აშორებდა. შემოვლა რომ დაამთავრა, სილის ნის იგის ფეხის ნაკვალევი შემოეკრა. იგიმ კვლავ შემოუარა, ისე, რომ ფეხს კვალსა და კვალს შორის ადგამდა. რამდენჯერმე რომ შემოუარა, სილის ნის უკვე ერთიანი კვალი ერტყა გარშემო.

იგის მოეწონა.

და არც კი განუზრახავს, ისე თქვა სხეულში:

“იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ იციან”.

ეს რომ თქვა, მაშინღა იგრძნო, რომ მთელ სხეულში ცხელი გემო ტრიალებდა. ცხელი გემო ტრიალებდა, თან ზემოთ მოიწევდა და თითქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა.

“იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის”.

და ბელადი გაჩნდა იგის სხეულში. ბელადმა კეტი შემართა და თქვა: “იგი არ წავა სანადიროდ!” მერე ასეთი ბელადი გაქრა და სხვანაირი ბელადი გაჩნდა. ის ბელადი გაჩნდა, რომელმაც თავისი მამა დაამარცხა, მის ადგილას დაჯდა, ნადირის თავი ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.

ეს ბელადი დარჩა იგის სხეულში. ავი ბელადი, კბილებდაკრეჭილი, ფაფარაყრილი, თვალებჩასისხლიანებული.

იგის თითი კვლავ ამოძრავდა სილაში.

ბელადი ნელ-ნელა გამოდიოდა იგის სხეულიდან და სილაში ჩნდებოდა.

იგიმ სილის ბელადსაც შემოავლო კვალი.

“იგიმ დიდი რაღაც იცის”.

ცხელი გემო, რომელიც სხეულში ტრიალებდა და მაღლა მიიწევდა, უცნაურად საამო იყო. ისეთი, როგორიცაა პირველი ნადირობა და ისეთიც, როგორიცაა ნისთან წოლა ნაკადულის პირას.

ამ დროს ქვეყანაზე წვიმა წამოვიდა.

იგიმ დააპირა პატარა გამოქვაბულში შეეფარებია თავი, მაგრამ უცებ შენიშნა, როგორ ეცემოდა წვეთები სილის ნისა და სილის ბელადს, და შეჩერდა.

წვეთები პატარ-პატარა ღრმულებს აკეთებდნენ ნისა და ბელადის სახეებზე. მერე ღრმულები გაფართოვდნენ, ერთმანეთს შეუერთდნენ, მთელ სახესა და მთელ სხეულს მოედვნენ და მალე ნისა და ბელადის ადგილას სველი სილის მეტი აღარაფერი დარჩა.

იგი უყურებდა სველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა.

როცა დიდი დაძინების ქარაფზე წვიმაში ძველი ბელადის ნაბიჯები კვალს ტოვებდა, იგის ეგონა, კვალი წვიმის გამო რჩებოდა. აქ კი წვიმამ სილის ნიც წაშალა, სილის ბელადიც და იგის კვალიც.

იგი უყურებდა სველ სილას და თვითონაც სველდებოდა. მერე თავის სხეულში თქვა:

“ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშალოს?”

იგის თავში არ იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ კითხვას უპასუხებდნენ.

ერთხელაც დახედა სველ სილას და დიდი გამოქვაბულისაკენ გაუდგა გზას.

ქალებსა და ბავშვებს გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი. ქვეყანაზე ძლიერი წვიმა მოდიოდა და იგის გაუკვირდა, ნი რომ გარეთ დაინახა. ნი ბალახში იდგა. მკლავები განზე გაეშვირა, მთელი სხეული წვიმისთვის შეეშვირა, თავით ფეხებამდე სველი იყო და ისეთი სახე ჰქონდა, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.

იგი შედგა და ცქერა დაუწყო.

ნის რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი იყო, და რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი არ იყო.

ამ დროს ნიმ იგი იგრძნო და მოიხედა. ახლა აღარ ჰქონდა ისეთი სახე, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.

მკლავებიც დაუშვა.

იგი იდგა და უყურებდა.

– რა უნდა იგის? – იკითხა ნიმ. ნი რაღაცნაირი იყო.

– ნი არ არის ნამდვილი, – თქვა იგიმ. – ნამდვილი ნი სილაში იყო და წვიმამ წაშალა.

იგი უყურებდა ნის და სხეულში ნამდვილი ნი გაჩნდა; ძველი ნი, რომელსაც უჩვეულო სუნი ასდიოდა.

– ნუ უყურებს იგი ნის, – ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. – ნის ეშინია.

იგი შეკრთა, სწრაფად აარიდა თვალი და ზურგი შეაქცია.

“რატომ ეშინია ნის? – უხმოდ თქვა იგიმ. – განა იგი მძვინვარე მხეცია, რომ საშიში იყოს?”

მაშინვე ტანმა რაღაც უგრძნო და ცივმა ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დაუარა. ამჯერად თითქოს მიხვდა კიდევ, რა სიტყვა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ყურს მონადირეების შორეული ხმა მიწვდა და ნაპოვნი სიტყვა ისევ გაქრა.

მონადირეების ხმამ გამოქვაბულშიც შეაღწია. ქალები და ბავშვები გნიასით გამოცვივდნენ გარეთ.

წინ, წესისამებრ, ბელადი მოდიოდა. და თუმცა კარგად ენადირათ, მაინც ქუშად ჩაჰყურებდა მიწას. უკან ძველი მონადირეები მოჰყვებოდნენ. ამათ ვეებერთელა ნადირი გაედოთ მხრებზე და მოჰქონდათ. ზუ ბოლოში მოაბიჯებდა.

ქალები და ბავშვები მონადირეების ირგვლივ დახტოდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყურთასმენის წამღებად ჭყიოდნენ.

იგი განზე იდგა.

ბელადმა და დანარჩენმა მონადირეებმა ისე ჩაუარეს, არ მოუხედავთ. მხოლოდ ზუმ მოიხედა. ზუმ ნელა მოატრიალა სახე, მაგრამ როგორც კი იგის მზერას წააწყდა, მაშინვე აარიდა თვალი.

გამოქვაბულის შესასვლელთან ქალები და ბავშვები გვერდზე მიდგნენ და კაცებს დაუთმეს გზა.

ძველმა მონადირეებმა ნადირი გამოქვაბულის შუაში დადეს და განაწილებას შეუდგნენ. სხვები ისხდნენ და მათ უყურებდნენ. თვალებიდან ყველას შიმშილის სუნი ასდიოდა.

თავი ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. ბელადმა აიღო, შეატრიალა და, სადაც წითელი სისხლი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილს დაეწაფა. ისე ნელა წოვდა, ჩვილმა ბავშვმა რომ დედის სხეული მოწოვოს. თან თვალები დახუჭა. სახიდან სიავის სუნიც გადაეცალა და სითბოს სუნი დაეფინა.

მონადირეები ნადირის განაწილებას განაგრძობდნენ.

იგი შორეულ კუთხეში იჯდა.

ყველაზე ძველი მონადირე რიგრიგობით ეძახდა თანამოძმეებს.

“ახლა იგის დაუძახებენ!” – უხმოდ თქვა იგიმ, როცა მისი ჯერი მოვიდა.

მაგრამ ყველაზე ძველმა მონადირემ სხვას დაუძახა. მერე კიდევ სხვას დაუძახა და მერე კიდევ სხვას. ზუც რომ გაისტუმრა, მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა იგის.

იგი წამოდგა.

ბელადმა წოვა შეწყვიტა. პირი არ მოუშორებია ნადირის სისხლიანი კისრისათვის, ისე შეწყვიტა წოვა, ცალი თვალი გაახილა და ძველ მონადირეებს გადმოხედა. სახეზე სითბოს სუნი გადაეცალა და სიავის სუნი დაეფინა. მერე წამოდგა, ნადირის თავი საბელადო ქვაზე დადო და შუა გამოქვაბულისაკენ წამოვიდა.

ყველანი ბელადს მისჩერებოდნენ.

ის იყო იგიმ თავისი წილი ხორცი ჩამოართვა ყველაზე ძველ მონადირეს, რომ ბელადიც მოვიდა.

ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყარა, ქვემოდან ახედა იგის და იგიმ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე უცებ გამოგლიჯა ხორცი ხელიდან

გამოქვაბულს გაკვირვების ღმუილმა გადაუარა.

– იგის არ უნადირია, – თქვა ბელადმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა, ნადირის თავი კალთაში ჩაიდო და ზედ იდაყვები დააჭირა, იგის წილ ხორცს ლი ძიძგნა დაუწყო, თან ცალი თვალი იგისკენ ეჭირა.

მთელი გამოქვაბული ახლა იგის უყურებდა. ძველმა მონადირეებმაც კი შეწყვიტეს ხორცის განაწილება და ისინიც იგის მიაჩერდნენ.

იგის ბალანი აეჯაგრა, სხეული მრისხანებამ აუვსო, კეტს ხელი მაგრად მოუჭირა და მაღლა ასწია. ბელადმა მაშინვე შეწყვიტა ჭამა და თვითონაც კეტს დაავლო ხელი, ოღონდ წამოდგომით არ წამომდგარა.

უცებ საიდანღაც სიმშვიდის სუნი მოვიდა. სიმშვიდის სუნი ირგვლივ შემოეფინა იგის, მერე სხეულშიც შეაღწია და იქიდან მრისხანება გამოდევნა.იგიმ კეტი დაუშვა და წყნარად თქვა:

– იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.

ბელადმაც დადო კეტი და იგის წილი ხორცის ძიძგნა განაგრძო.

მაშინ იგი ახლო მივიდა, ზემოდან დახედა და გაიმეორა:

– იგის არ უნადირია იმიტომ, რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.

ბელადმა ხორცის ძიძგნა შეწყვიტა, თავისი წილი და იგის წილი ერთად ჩაბღუჯა, საიმედოდ მიიკრა გულზე და იგის შეხედა. სახე ისეთი ჰქონდა, მონადირეს რომ ტყეში ღმუილი შემოესმის და ვერ გამოიცნოს, რომელმა ნადირმა დაიღმუვლა.

იგი ატყობდა, რომ ბელადის თავში უცნობი სიტყვები დაქროდნენ და ბელადი ვერ ახერხებდა მათ დალაგებას და დაკავშირებას. იგის სხეულში უხმოდ გაჩნდა გამარჯვების ყიჟინა. ბელადმა იცოდა, რომ რაკი იგის არ უნადირია, არც ხორცი ერგებოდა. მაგრამ ახლა გაიგო, რომ თვითონვე უთხრა უარი სანადიროდ წაყვანაზე. ხოლო უარი რატომ უთხრა, ამას ვერ გაიგებდა, რადგან გუშინდელი დღე ბელადის სხეულში არ გაჩნდებოდა. ეს იცოდა იგიმ და მშვიდად ელოდა. ბელადისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ წართმეული ხორცი უკანვე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ნადავლი არ ეთმობოდა და ამიტომ ჯიუტობდა.

გამოქვაბულში სიჩუმე იდგა.

იგი ელოდა. მაგრამ უცებ ეს სიმშვიდე რაღაცამ შეაკრთო. იგის უკნიდან ვიღაც ჩაციებით მოსჩერებოდა. ბეჭებს ეტკინა დაჟინებული მზერა. იგის ჯერ ზუ ეგონა, მერე მიხვდა, რომ ზუ არ იყო. და როცა უხმოდ თქვა, ნეტა ვისი მზერა სტკივა ასე იგის ბეჭებსო, გამოქვაბულში ნის ხმა გაისმა:

– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები.

ღმუილი მიწყნარდა გამოქვაბულში, ნის ხმამ კიდევ თქვა:

– იგი სხვა ჯიშისაა.

ამჯერად არავის დაუღმუვლია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა.

ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის. სხეულში ძლიერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ თვითონაც არ ეყვირა; კბილი კბილს მაგრად დააჭირა, თვალები დახუჭა და ასე ერთიანად დაძაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი.

ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგიმ თვალები გაახილა.

გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა.

ბელადს ხორცი, ნადავლიცა და თავისი წილიც, ისევ ისე გულში ჰქონდა ჩაკრული, პირი გაეღო და ქვემოდან ამოსცქეროდა იგის. გაფართოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირვებაში თეთრი შიშიც ერია.

გამოქვაბულის ყოველი კუთხიდან თანამოძმეთა თვალები მოსჩერებოდნენ იგის.

იგის სხეულში ნი ლამაზი და თბილი იყო და საამო სუნი ასდიოდა. და იგის ვერ გაეგო, რატომ გაუჩნდა სხეულში ასეთი ნი და არა ის ნი, რომელმაც საშინელი სიტყვები თქვა.

ამასობაში ბელადის თვალებს გაკვირვების სუნი გადაეცალა. ბელადმა ცალი ხელი შეუშვა ხორცს, ძირს დაგდებულ კეტს მოჰკიდა ხელი და თქვა:

– იგი სხვა ჯიშისაა.

საიდან გაჩნდა ეს სიტყვები ან რას ნიშნავდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ საშიში და ავი სიტყვები იყო, ისეთი საშიში და ავი, როგორიცაა “მძვინვარე მხეცი”.

ბელადი წამოდგა, კეტი მაღლა შემართა (ხორცი ცალი ხელით ისევ გულში ჰქონდა ჩაკრული) და დიდი ხმით თქვა:

– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა.

ბეჭები ახლა ზუს მზერას გრძნობდნენ, მაგრამ ზუს მზერა არ ტკიოდა ბეჭებს. ეს ამბავი ცოტათი უკვირდა, მაგრამ ამისათვის არ ეცალა. ბელადის თვალებში ახლა ისევ სიავე და მრისხანება იდგა.

თავში სიტყვები აიშალნენ. სიტყვები იყო ახლა ერთადერთი ხსნა, რადგან იგიმ იცოდა, რომ ასეთ ღონიერ ბელადს კეტით ვერ გაუმკლავდებოდა.

თვალი თვალში გაუყარა ბელადს. მანამ უყურა, სანამ მის მრისხანე მზერაში შეშფოთება არ შეერია. მერე კი მშვიდად თქვა:

– იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. იგი არ არის სხვა ჯიშის.

ბელადმა პირი გააღო. მერე თავი გვერდზე გადაიგდო, ლამის ბეჭს დაეყრდნო და ისე მიაჩერდა იგის. სახეზე ავი სუნი გადაეცალა და ისევ დაეფინა, კიდევ გადაეცალა და კიდევ დაეფინა, როგორც მინდორს გადაეცლება და დეფინება ჩრდილი, როცა ცის თვალის ქვეშ ღრუბლები დაცოცავენ. ბოლოს თავი ისევ აწია, პირი მოკუმა. ისეთი სახე ჰქონდა, დაღლილი მონადირე რომ დიდი ხეტიალის შემდეგ ნადირის კვალს წააწყდეს.

და თქვა:

– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი გამართულია.

ეს სიტყვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო და ბელადს მათი პოვნა არ გაუჭირდებოდა. ეს იცოდა იგიმ და ამიტომ პასუხიც მომზადებული ჰქონდა. როგორც კი ბელადმა თავისი სიტყვები თქვა, იგი მოიხარა; ზურგში ტკივილი კბენდა, მაგრამ მოითმინა, ბოლომდე მოიხარა, ბელადს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:

– ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?

და იგიმ მკაფიოდ დაინახა, როგორ გადაირბინა თეთრმა შიშმა ბელადის სახეზე. ბელადმა ნაბიჯი უკან გადადგა და, ხორცი რომ ეჭირა, ის ხელიც კეტს დაავლო. ხორცი ძირს დავარდა. იგის წილი ფეხებთან დაეცა, ნადირის თავი კი გაგორდა და მოშორებით გაჩერდა. ბელადმა ცალი ფეხი გაიშვირა, გაჭიმა, როგორც იქნა, მიაწვდინა ნადირის თავს და ახლო მოიჩოჩა. თან იგის თვალს არ აშორებდა. ბოლოს ხორცი, თავისიც და იგისიც, ფეხებშუა საიმედოდ მოიქცია; იდგა ავი და კბილებდაკრეჭილი, კეტი მომარჯვებული ეჭირა და იგის შესცქეროდა. მაგრამ მის სიავეში დროდადრო მაინც ჩანდა თეთრი შიში.

იგი უყურებდა და ელოდა.

ბელადი უხმოდ მისჩერებოდა.

მაშინ იგი გაიმართა და ისევ მოიხარა. კიდევ გაიმართა და კიდევ მოიხარა.

და ჰკითხა:

– ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?

ბელადს შიში გაუქრა. ახლა მის გაავებულ სახეს გაკვირვების სუნი ასდიოდა. ბოლოს თქვა:

– ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები.

და კეტი დაუშვა.

ამ დროს ნიმ თქვა:

– იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ.

ბელადმა ისევ მოიმარჯვა კეტი და დაიძაგრა.

– რა სიტყვები აქვს იგის?

ზურგში ნის მზერა და ზუს მზერა ერთმანეთს შეერია. იგი ვერ ატყობდა ტკიოდა თუ არა. სხეული გამოქვაბულში წუხდა და გარეთ ყოფნა უნდოდა.

ბელადი იდგა ერთიანად მოზიდული და ავად შესცქეროდა.

უცებ იგის დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ბელადს თვალი აარიდა, სივრცეს გახედა მის აშლილ ფაფარს ზემოთ და თქვა:

– იგის არა აქვს სიტყვები. სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგის თავში შემოდის, იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განა სხვებს არ დამართნიათ ასეთი რამ? განა ბელადს არ დამართნია ასეთი რამ?

– არა. ბელადს არ დამართნია! – დიდი ხმით თქვა ბელადმა.

იგის პირი თავისთავად გაეხსნა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, სახეზე სითბოს სუნი აუვიდა.

სხეულში ბელადი გაჩნდა. მაგრამ ეს ბელადი ნადირის უმწეო ლეკვსა ჰგავდა, ახალშობილს, ბრმას, რომელიც წკავწკავებს და უსინათლო თვალებით დედას ეძებს.

იგიმ სხეული შეიბერტყა და ხილვა გააძევა. მერე ბელადს შეხედა. მისი სახის ავ გამომეტყველებას სინამდვილეშიც ახლდა რაღაც ისეთი, რაც ბრმა ლეკვის უმწეობას ჰგავდა.

და იგიმ თქვა:

– რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. – უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. – ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ღამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია… იგი…

მოზღვავებული სიტყვები ნის ხმამ შეაჩერა.

ნიმ თქვა:

– იგი ნიც არის?

– ნიც არის. იგი ყველაფერია.

ბელადი შეკრთა. ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა.

– იგი ბელადიც არის?

გამოქვაბულმა ერთი დაიღმუვლა და მერე სიჩუმეზე უფრო ძლიერი სიჩუმე ჩამოწვა.

დუმილი დაჟინებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა.

იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში აწრიალებული შეშფოთება მიყუჩდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა, გადაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და ბელადს მიაპყრო.

– იგიმ ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოუყვანოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფერი. გამოვიდეს ბელადი გარეთ. დანარჩენებიც გამოვიდნენ.

იგი შეტრიალდა და წელში გამართული, ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისაკენ.

თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა.

იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან.

ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისტავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი.

იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა.

იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს…

იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში.

იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: “რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!”

მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს.

“რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის!” – უხმოდ თქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა.

იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რარაც იყო.

იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა.

როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო.

იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი.

სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი.

მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ.

იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა.

– რომელი ქვა აიღოს იგიმ?

ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა:

– რომელიც უნდა.

თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი.

იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა.

– ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს.

ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა თანამოძმეებს.

– რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? – ჰკითხა იგიმ.

ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დაჰყურებდა. ბოლოს თქვა:

– რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. – და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.

– კარგი. – თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხელი ზედ დააჭირა, მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო.

ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა.

ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე.

ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭანებდა.

სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე.

იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა.

ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი სახმოდეთ თავს.

თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ.

გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებდა.

იგის გაუკვირდა.

“არ ეშინია ზუს?” – იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა.

ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლოს გაჩერდა.

მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ.

– ქვის ნი საშიში არ არის. – თქვა იგიმ.

ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაკრა.

– ბელადს არ ეშინია! – დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა:

– ქვის ნი საშიში არ არის. – მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად სეხედა. – ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავის სხეულიდან?

– გამოიყვანს. – თქვა იგიმ.

ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა.

– მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი.

იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა.

ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა.

როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა.

ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა.

ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა.

– ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში ბელადი? – იკითხა ბელადმა.

– ჰყავს! – მიუგო იგიმ.

– ხომ გამოიყვანა? – ბელადი თვალებში უყურებდა იგის.

ჰყავს. – გაიმეორა იგიმ. – სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბელადი იგია და იგი ბელადია.

– ბელადი იგი არ არის! – დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა.

ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეგდო, ნახევარი – იქით.

ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს.

ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ.

ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა; იგის სეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხზე წელს ზევით იყო ბელადი, მეორეზე – წელს ქვევით. ბელადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი – მეორე ნატეხზე.

იგი ზუს მზერას გრძნობდა.

უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა.

მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:

– როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.

ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.

შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა.

იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა.

იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი.

ირგვლივ დუმილი იდგა.

იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან.

ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები – მრისხანედ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა.

იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებმოდა.

შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირიც კი დამფრთხალი გარბოდა.

ბელადი იგის უყურებდა და ელოდა.

ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა.

რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა.

იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია.

მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა.

დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა.

—–

იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა.

დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასელა, ოღონდ შუაწელს არასოდეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ; ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროსაც ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება.

სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა.

როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?

გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა.

“ზუს ჰგავს, – უხმოდ თქვა თავის სხეულში. – სად მიდის ზუ?”

ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. “რა უნდა ზუს?” – თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა.

იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხიაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა.

“რაღაც დარჩება იგისგან, – თავის სხეულში თქვა იგიმ. – ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც… ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?”

ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა.

იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები.

“დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება, – უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – სად მიდიან? ან მერე რაღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან. ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: “ძველი ბელადი”. რაკი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: “ძველი ბელადი”.

ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა.

“ზუ იქნება”. – უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა:

– ზუ!

ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რარაც ეჭირა.

“ზუს ქვა მიაქვს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა:

– ზუ!

ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.

იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა.

აი თურმე რა უნდოდა ზუს!

იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.

“ზუს არა ჰგავს, – უხმოდ თქვა იგიმ. – ნისა ჰგავს”.

იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: “იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა”. ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში.

ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.

– ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, – თქვა ნიმ. – ნი იგის გამოჰყვა.

ნი ლამაზი იყო.

– რა უნდა ნის? – იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.

ნიმ წყნარად თქვა:

– ნის იგისთან უნდა.

იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.

– კარგი, – თქვა იგიმ, – დაწვეს ნი.

– არა, – თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. – ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.

იგის გაუკვირდა.

– აბა, რა უნდა ნის?

– ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას.

“რა დაემართა ნის?” – უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა.

ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი…

იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.

დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:

– იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი?

– იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. – თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. “ქვის ნი მიჰქონდა ზუს. – უხმოდ თქვა იგიმ. – რად უნდოდა ზუს ქვის ნი?” – მერე ხმამაღლა დაუმატა: – სადმე იქნება ქვის ნი.

– იგის საკვირველი სიტყვები აქვს. – თქვა სიჩუმის მერე ნიმ. – ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები.

ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.

იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.

იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა.

– როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, – წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. – როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია…

ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ მიავივით დაიჩურჩულა:

– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.

ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.

იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.

ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.

ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.

იგი ნელა მიაბიჯებდა.

ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.

სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე.

ბელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან.

“იგი ბელადზე უფრო ძლიერია”. – მოულოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.

მშვიდად მიაბიჯებდა.

“ისიც რომ იცოდეს იგიმ, – უხმოდ ამბობდა იგი, – რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება… თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს”.

იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია.

ისინი ქვენოთ უცდიან, ბოლო ხესთან.

იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო.

და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: “იგიმ იცის რა დარჩება მისგან!”

ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასტრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის.

ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მოხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს.

და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი!

იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა – მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა.

იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც.

მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.

კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: “იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button