ჩინეთი სახელმწიფო კრიპტოვალუტის გამოშვებისთვის ემზადება
როგორც ჩანს, ჩინეთის ციფრული ვალუტის გამოშვების დრო მოახლოვდა. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს, რომ ჩინეთის სახალხო ბანკმა თავის რჩეულ მომხმარებლებს ნება დართო დაიწყონ ახალი საგადახდო სისტემის ტესტირება. ტესტები ჯერჯერობით ტარდება ქვეყნის მხოლოდ ოთხ რეგიონში.
ეს ინფორმაცია არ არის პირველი სიახლე იმის შესახებ, რომ ჩინეთი საკუთარ ეროვნულ ელექტრონულ საგადახდო სისტემას ქმნის. მაგალითად, ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა „Forbes“ მცირე ხნის წინ გვაცნობა, რომ ჩინეთის ეროვნული ბანკი გახდება ახალი კრიპტოვალუტის ემიტენტი და გაავრცელებს მას ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ დაწესებულებებში, ისეთებში, როგორებიცაა ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი და საწარმოო კომერციული ბანკი. განაწილება მოხდება აგრეთვე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორისაც, როგორებიცაა Union Pay, Alibaba და Tencent. სწორედ მათ დაეკისრება მთელ ჩინეთში ციფრული ტოკენების გავრცელება.
ახალი ვალუტის ფუნქციებში შევა არა მხოლოდ პირდაპირი გადახდები, არამედ ციფრული ტოკენების ნაღდ ფულზე გაცვლა და თანხის გადარიცხვები. ჩინელი ჩინოვნიკების აზრით ახალი ვალუტით შესაძლებელი იქნება წამში 300 ათასი ტრანზაქციის დამუშავება, მას არ დასჭირდება მუდმივი წვდომა ინტერნეტთან, თავსებადი იქნება უკვე არსებულ ელექტრონულ საგადახდო სისტემებთან, აგრეთვე გათავისუფლებული იქნება ბლოკჩეინ-არქიტექტურასთან დაკავშირებული უმეტესი ნაკლოვანებისგან.