ლაშა ბაქრაძე – ჩემი ათი წიგნი
არ ვაპირებ ლიტერატურული კანონის ჩამოწერას, არც ტოპ ტენ-ი იქნება ჩემი ათეული. ლიტერატურა ბევრად უფრო მრავალფეროვანია და საინტერესო, ვიდრე შეიძლება რომელიმე ათეული, ასეული ან ათასეულის ჩამონათვალი იყოს, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი, თუნდაც ძალიან ნაკითხი და ანგარიშგასაწევი მიიჩნევს, რომ აუცილებლად წასაკითხია. ჩემი ათეული იმ ნაწარმოებთა სიაა, რომლებმაც ჩემზე სხვადასხვა დროს გავლენა იქონიეს, განსაკუთრებით ბავშვობასა და ახალგაზრდობაში და რომლებიც დღემდე მახსოვს. ამჯერად უცხოენოვან ლიტერატურას შევეხები მხოლოდ, თან აქვე დავძენ, რომ ლიტერატურაში მხოლოდ “მხატვრულ” ლიტერატურას არ ვგულისხმობ.
1. გილგამეშის ეპოსი – კაცობრიობის უძველესი დიდი ლიტერატურული ძეგლია, სულ ცოტა 4000 წლის წინ შექმნილი. ეს არის ეპოსი ცივილიზაციისა და ველური გარემოს დაპირისპირების შესახებ, ამბავი „გალავნიანი“ ქალაქი ურუქის მეფის გილგამეშისა და მისი მოწინააღმდეგე ენქიდუსი, მათი დამეგობრების, გმირობის და ერთმანეთისთვის თავდადების, უკვდავების ძიებისა და ბოლოს წარღვნის ისტორია. ჯერ მარტო ქალის საშუალებით ენქიდუს „ცივილიზირების“ ეპიზოდი რად ღირს: „მაშინ შამხათმა შეიხსნა მკერდი, და კალთა თვისი გადაიშიშვლა, ენქიდუმ აიღო სიმწიფე მისი, ქალმა არ იმორცხვა, ჯანი წაართვა, სამოსი დაფინა, დააწვა ენქიდუ. დიაცის საქმე აჩვენა ველურს. და ვნება მისი გარსშემოენთო. ექვს დღეს და შვიდ ღამეს ნერბავდა შამხათს, და რა დაუცხრა ენქიდუს ვნება, პირი იბრუნა თავის ჯოგისაკენ; ხედავს ენქიდუ – გარბის ქურციკი, და ველურ ჯოგსაც ზურგი უქცევია. წამოხტა ენქიდუ – შეკვრია სხეული, მუხლები დაუდგა, ჯოგს ვეღარ მიჰყვება. დასუსტდა ენქიდუ, ვერ ირბენს ძველებურ, მაგრამ გაბრძენდა, განევრცო გონება“. (ზურაბ კიკნაძის თარგმანი)
2. ჰომეროსის „ოდისეა“ – ილიონის გმირის ოდისევსის ხიფათით აღსავსე მოგზაურობა ტროადან მშობლიურ ითაკაში, მისი ცოლის პენელოპეს ერთგულების ისტორია ოცწლიანი განშორების მანძილზე. ჰომეროსი სწორხაზოვნად, ქრონოლოგიურად კი არ ყვება ამ დიდი თავგადასავლის ისტორიას, არამედ პარალელურ ქმედებებს მოგვითხრობს, პერსპექტივისა და მთხრობელის ცვალებადობით. ქრისტემდე მერვე საუკუნეში ჩაწერილი ჰომეროსის „ილიადასთან“ ერთად „ოდისეა“ დასავლური ლიტერატურის დასაწყისია და უზარმაზარი გავლენა იქონია მის განვითარებაზე. ტერმინი ოდისეა ადამიანის უგზო-უკვლო მოგზაურობის და ამავე დროს ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის სურვილის სინონიმად იქცა.
3. 1001 ღამე – ალფ ლაილა ვა-ლაილა (არაბულად) – აღმოსავლური ზღაპრების კრებული, რომელიც შეკრულია ერთი ჩარჩოთი. შაჰრაზადი უყვება მეფე შაჰრიარს ზღაპრებს, თან ისე, რომ ზღაპარის მოყოლა მეორე ღამეს გაგრძელდეს, რათა თავისი თავიც და სხვა ქალებიც იხსნას ცოლის ღალატით გამხეცებული მეფის რისხვისგან, რომელიც ყველა ცოლს კლავს პირველი ღამის შემდეგ. ეს წიგნი ზღაპრებისა და საერთოდ თხრობის გამაჯანსაღებელ, ტრავმიდან გამომყვან, თერაპიულ თვისებაზეც მოგვითხრობს. ყველას ვურჩევდი, არ წაიკითხონ ადაპტირებული ვერსიები, არც ცალკე ამოკრებილი ზღაპრები, არამედ მიყვნენ ათას ერთი ღამის ორიგინალურ თხრობას ღამიდან ღამემდე, როცა „შაჰრაზადას შემოათენდება და შეწყვეტს ნებადართულ სიტყვებს“ და როდესაც შემდეგი ღამე დადგება და შაჰრაზადი იტყვის „- მეფევ სვიანო, მსმენია, რომ…“
4. ძმები გრიმების ზღაპრები – ჩემთვის ბავშვობაში ისევე ახლოს იყო და ისევე მიყვარდა, როგორც ათას ერთი ღამე ან მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი და, რასაკვირველია, ანდერსენის ზღაპრები. იაკობ და ვილჰელმ გრიმებმა შეაგროვეს ასობით ზღაპარი და ისე დაამუშავეს, რომ დღემდე ჩვენს წარმოდგენას ზღაპარზე სწორედ მათი სტილი ქმნის. გერმანიაში ომის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ თითქოს ნაცისტების სისასტიკის შორეული წინაპირობა სწორედ გრიმის ზოგიერთი ზღაპრის სისატიკეც ყოფილიყო. ახლაც ხშირად გაიგონებთ, ქართულ ზღაპრებზეც, რომ ისინი ზედმეტად სისხლიანი, მკაცრი, სასტიკია. არადა, კვლევებიც ადასტურებს, რომ ბავშვებში, რომლებსაც ზღაპრებს არ უყვებოდნენ ან არ უკითხავდნენ, ნევროზები უფრო ხშირია, ისინი ნაკლებად არიან მზად რეალური ცხოვრებისთვის. ზღაპრები არქეტიპული სურათებით დახუნძლული მოთხრობებია, რომელიც ადამიანად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია და მათი ცოდნა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, პირიქით შიშის გარეშე ადამიანს ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანური განზომილება აკლდება. ამიტომაც გრიმების ერთერთი ზღაპრის გმირი, გადის შინიდან სამოგზაუროდ, “რომ შიში ისწავლოს.”
5. ჯეიმს ჯოისის „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“ – მწერლის ალტერ ეგოს – სტივენ დედალუსის ჩამოყალიბების ისტორია, მისი დაპირისპირება სკოლასთან, ოჯახთან, ტრადიციებთან, ეკლესიასთან, სამშობლოსთან. პირველივე წინადადებებიდან ჩანს, როგორი დაუნდობელია ავტორი მკითხველის მიმართ, ერთი შეხედვით გაუგებარი წინადადებები, ბავშვობის დროინდელი მოგონებების ნაფლეთები, ყოველგვარი ახსნის გარეშე აბნევს მკითხველს, მაგრამ კარგი მკითხველი გადაყავს პროტაგონისტის შიგნით, მის თავში, მისი თვალებით აჩვენებს სამყაროს. ისე როგორც ბერძნული მითოლოგიის გმირ დედალუსს, მასაც უხდება ფრთების გამოგონება, რომ ლაბირინთი დატოვოს და გაფრინდეს. როცა ნორჩობაში ამ წიგნს კითხულობ, იმედი გეძლევა, რომ შენც შეძლებ ოდესმე „გაფრენას“, ხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დუბლინში დაიბადა, მისი მისამართი შეიძლება იყოს – „სტივენ დედალუსი, მოსამზადებელი კლასი, კლონგოუზ ვუდ კოლეჯი, სელინზი, კილდერის საგრაფო, ირლანდია, ევროპა, დედამიწა, სამყარო“. ეს ის წიგნია, რომელიც დასაწვავად გამზადებული ცეცხლიდან გამოიღეს, ამ სიტყვების სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით.
6. მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ – ბულგაკოვი ამ წიგნს, 1928 წლიდან წერდა და მისი განადგურების მცდელობების მიუხედავად („ხელნაწერები არ იწვიან“), სიკვდილის წინ, 1940 წელს, საბოლოო ვარიანტი თავის ცოლს ელენას უკარნახა. რომანი, ცენზურის მიერ დაახლოებით ერთი მერვედით შეკვეცილი, გაგრძელებებით, პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „მოსკვა“ 1966-1967 წლებში და წარმოუდგნელი წარმატება ხვდა წილად. ქმედების მთავარი ადგილი სადოვაიას 203ბ საკულტო ადგილად იქცა. აქ ცხოვრობდა „ოსტატი“, ისე როგორც ავტორი 20იან წლებში. ჟანრობრივად მრავალფეროვანი, მრავალშრიანი რომანის ორი ძირითადი ხაზი ოსტატისა და მარგარიტას და პონტიუს პილატესი და იეშუასი, ვოლანდის (სატანა) მეშვეობით ბოლოსკენ იკვეთება და როგორც პილატე, ისე შეყვარებულები – ოსტატი და მარგარიტა ბოლოს და ბოლოს იმქვეყნიურ სამყაროში „სიმშვიდეს“ მოიპოვებენ. ასე ერთ წინადადებაში შეუძლებელია მოკლე შინაარსი გადმოსცე ამ რომანისა, რომელიც უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მწერლის ქვრივისგან ვიცით, ბულგაკოვის ბოლო სიტყვები „ოსტატსა და მარგარიტასთან” დაკავშირებით: „რომ იცოდნენ… რომ იცოდნენ“ („Чтобы знали… Чтобы знали“).
7. ფრანც კაფკას „პროცესი“ – „ვიღაცას იოზეფ კ. უნდა დაესმინა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ბოროტება არ ჩაედინა, ერთ დილას დააპატიმრეს“. 30-ე დაბადების დღეზე „დაპატიმრებულ“ იოზეფ კ.-ს თავისუფლად შეუძლია ჩვეულებრივად იაროს სამსახურშიც, მაგრამ არ იცის, რისთვის აპატიმრებენ და მართლაც მიმდინარეობს თუ არა რაიმე პროცესი, სად ან რის გამო უნდა გაიმართლოს თავი. დასაწყისში არც კი უნდა ამ საქმეზე ფიქრი, მაგრამ ნელ-ნელა შედის თითქოს ეშხშიც, გაიგოს მეტი სასამართლოს შესახებ, უფრო და უფრო ღრმად იჭრება აბსურდული ბიუროკრატიის ლაბირინთში. სასამართლოც უფრო და უფრო მეტად იჭრება მის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის, ისე როგორც მკითხველი ვერასდროს გაიგებს, რა არის მისი დანაშაული და იქნა თუ არა გასამართლებული, იოზეფ კ. გრძნობს, რომ მისი დრო ამოიწურა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაჰყვება ორ ბატონს 31-ე დაბადების დღის წინა საღამოს, რომლებიც მას ყასბის დანებით დაკლავენ „როგორც ძაღლს“.
8. გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“ – ბუენდიების ოჯახის ექვსი თაობის ისტორია 100 წლის მანძილზე, ფიქტიურ მაკონდოს სამყაროში, რომელიც კოლუმბიისა და ლათინური ამერიკის რეალობაცაა. ბუენდიების ოჯახის გენეტიკური „ხინჯი“ მარტოობაა. რომანის მთავარი ფიგურის – პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდიას მარტოობის გრძნობა იმდენად დიდია, რომ ვერ გამოხატავს სიყვარულს და იძულებულია, ომში წავიდეს. აურელიანო ბაბილონიასა და ამარანტა ურსულას ინცესტის ნაყოფი ერთადერთი ბავშვია, რომელიც სიყვარულით ჩაისახა ასი წლის განმავლობაში და ამ ბავშვს რომანის დასასრულს ჭიანჭველები შეჭამენ. ბოლოს უღრანი ტყეც ბრუნდება და უკან იპყრობს ადამიანთა მიერ წართმეულ ტერიტორიას. „გავა ბევრი წელი“ და ისე როგორც „პოლკოვნიკი აურელანო ბუენდია, დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი, გაიხსენებს იმ შორეულ საღამოს, როცა მამამ წაიყვანა ყინულის სანახავად“, მკითხველი გაიხსენებს რომელიმე პატარა ნაწყვეტს ამ დიდი, მაგიური რომანიდან მარტოობის შესახებ.
9. კ. ვ. კერამის „ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები“ – როგორც თვითონ ავტორმა (კერამი გერმანელი ჟურნალისტის კურტ ვილჰელმ მარეკის ფსევდონიმი და ანაგრამაა) დაარქვა თავის წიგნს – არის „რომანი არქეოლოგიაზე“. ეს მსოფლიო ბესტსელერი კარგი მაგალითია სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა, რომელმაც ბევრ ახალგაზრდას გაუღვიძა ინტერესი არქეოლოგიისადმი და უცხო, აღარარსებული ცივილიზაციებისადმი, გარდასულ დროთა მიმართ, საერთოდ არქეოლოგია ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო მეცნიერებად აქცია. არქეოლოგიის დიდი სახელების – ჰაინრიხ შლიმანის, რობერტ კოლდევეის, ფლინდერ პეტრისის, პიტერ ევანსის, ჰოვარდ კარტერის, შამპოლიონის თუ ჰერნანდო კორტესისა და ნაპოლეონის ისტორიები მართლაც რომანივით არის გადაჯაჭვული ამ წიგნში. წიგნს ავტორმა გოეთეს სიტყვები წაუმძღვარა – „არ არსებობს პატრიოტული ხელოვნება და პატრიოტული მეცნიერება. ორივე ეკუთვნის, როგორც ყველაფერი მაღალი კარგი, მთელ მსოფლიოს …“
10. ბერტოლდ ბრეხტის სასიყვარულო ლირიკა – დიდი დრამატურგი ბრეხტი არანაკლებ დიდი პოეტია. ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი გერმანელი ლირიკოსი, როგორც გოეთე, ჰაინრიხ ჰაინე, გეორგ თრაკლი, ელზე ლასკერ-შიულერი ან ბრეხტივით დრამატურგი და პოეტი ჰაინერ მიულერი. მის მრავალფეროვან ლირიკაზე წერის მაგივრად აქ მაგალითად ერთ ნაუცბადევად ნათარგმნ ლექსს შემოგთავაზებთ:
„მან, ვინც მე მიყვარს,
მითხრა,
რომ ვჭირდები.
ამიტომ
ჩემს თავს ვუფრთხილდები,
გზას ვაკვირდები
და ვუფრთხი ყოველი წვიმის წვეთს,
რომ არ გამჭყლიტოს“.