ესესაკითხავი

გიორგი ლორთქიფანიძე “ხილვა”

საიდუმლო საქმე კოდური სახელწოდებით „ხილვა“, ანუ მასალა, რომელსაც მკითხველი (თუკი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაუჩნდა) ქვემოთ გაეცნობა, არა მხოლოდ უახლესი ნიმუშის მენტალური ფაილებიდან – ძირითადად ჟამთა უმოწყალო მსვლელობით დანესტიანებული, ბუნებრივი ლპობით შეპყრობილი და ძველ არქივებში დასტა–დასტა დაწყობილი საქაღალდეებიდანაა ამოღებული. საწყისი ბიძგი ხსენებულ საქმეს ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინათ, 1979 წლის ნოემბერში მიეცა და ბუნებრივია, რომ მის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის აღბეჭდვა ჩვეულებრივ საწერ ქაღალდზე ხდებოდა – შენახვის სხვა ფორმა მაშინ არ არსებობდა. საბედნიეროდ, შეგროვებული საბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი სასწაულებრივად გადაურჩა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შემთხვევით თუ განზრახ გაჩენილ ხანძრებსაც და რიგით საარქივო წმენდებსაც. მოგვიანებით, როდესაც ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაითრია საყოველთაო კომპიუტერიზაციის გლობალურმა მორევმა, შესაძლებელი გახდა გადარჩენილი დოკუმენტაციის ელექტრონული სახით დუბლირება, მაგრამ საბუთების დედნები, მოგეხსენებათ, ყოველგვარ ასლებზე გაცილებით მეტად ფასობს.

            აღსანიშნავია, რომ აშმორებულ საქაღალდეებში  დაცული მასალა ერთგვარად გასაიდუმლოებული იყო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რადგან შესაბამისი უწყების მიერ გამოშვებული სათანადო ამკრძალავი აქტი ოფიციალურად სულ ახლახან, რამდენიმე თვის წინათ გაუქმდა. ხსენებული აკრძალვა მოქმედებდა საბჭოთა კავშირის იურიდიულ დაშლამდე, ხოლო ვინაიდან მომდევნო წლებში ერი და ბერი სხვა, უფრო მიწიერი პრობლემების გადაწყვეტით იყო დაკავებული, ვითარების შესაცვლელად არავინ მოიცალა. ერთი სიტყვით, ბედის განგებით ეს უცნაური ამბავი, ასე თუ ისე, დაიჩრდილა, რაღაც პერიოდის განმავლობაში დავიწყებასაც კი მიეცა, და, აქედან გამომდინარე, ფართო განხილვის საგანი არასოდეს გამხდარა. არადა, მსოფლიოს ძლიერ სპეცსამსახურებს ერთი ბეწო ქვეყნების საარქივო საცავებში შემონახული ტექსტებისთვის ხელი ყოველთვის მიუწვებოდათ და სავარაუდოა, რომ ამ საქმეში აღწერილი ფენომენის ესოდენ საყოველთაო მიჩუმათება, მხოლოდ შემთხვევითობას თუ უნიათობას ვერ დაბრალდება.

            ჩვენი მოკრძალებული აზრით, საქმე უფრო ისაა, რომ ამგვარი მიჩუმათების ჭეშმარიტი მიზეზები  ჩვენი პატარა სამშობლოს საზღვრებს გარეთაა საძიებელი. სწორედ ამიტომაა, რომ ფენომენის თემის საჯაროდ წამოწევა არც თბილისში აღმოჩნდა სასურველი, არც მოსკოვში და არც ვაშინგტონში. სხვათაშორის არც ბრიუსელში, თეირანსა თუ პეკინში. მართალია, სიმართლის მიჩქმალვის ელიტარული სურვილი კარგა ხნის მანძილზე უძლეველი აღმოჩნდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ არა არს რაიმე დამალული რაიც არ გაცხადდების, და ერთ მშვენიერ დღეს, უკვე ჩვენს ეპოქაში, ანუ მიმდინარე საუკუნის ოცდაათიან წლებში, ერთმა ცნობილმა, უპრინციპო და იმავდროულად სენსაციებისა და ფულის მოყვარულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა რაღაც მანქანებით (ალბათ, ისევ და ისევ ფულის, შანტაჟისა და მსგავსი სპეცხერხების გამოყენებით) მოახერხა და მცირე ხნით მოიპოვა სათანადო არქივის სამალავში დაცული ზოგიერთი პირველადი საბუთის დედანი, შემდეგ ასლები გადაიღო, გაამრავლა და… არა, თავად არ გაუვრცელებია, საბოლოოდ ერთ გლობალურ ინტერნეტ–გამოცემას მიყიდა. ამ გამოცემის ვებ–გვერდზე ფენომენთან დაკავშირებული მასალის ხანმოკლე გამოქვეყნებით (ინფორმაცია სულ რამდენიმე დღეში დაიბლოკა) იმ გაიძვერა ჟურნალისტმა, რასაკვირველია, მატერიალურად ისარგებლა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის აღმოჩნდა, რომ ტაბუდადებულ თემას, როგორც იქნა, ყადაღა აეხსნა და ღრმად მივიწყებულ მოვლენას ამდენი ხნის შემდეგ ბინდისფერი ნათელი მაინც მოეფინა. თუმცა ამით რა? იმ ინტერნეტ–პუბლიკაციით გამოწვეული ვნებათა მცირე ღელვა მალევე და ყოველგვარი ალიაქოთის გარეშე ჩაცხრა: რას იზამ, ზნეობრივი და მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის და ყოველგან – ეპოქას მნიშვნელობა არა აქვს – მყარ უმცირესობაში არიან… ინტერნეტ–გამოცემები, მოგეხსენებათ, შედარებით მალფუჭებადი პროდუქტია, ჩვენ კი გვსურს, რომ ფენომენთან დაკავშირებული უნიკალური მასალები წარსულის წყვდიადში საბოლოოდ არ ჩაიკარგონ. წინამდებარე პუბლიკაცია სწორედ ამ მცდელობას ემსახურება. ასევე არ ვკარგავთ იმედს, რომ ჟურნალისტური გამოძიებისათვის ლიტერატურული სახის მიცემა სავსებით გამართლებული ფანდია. სიფრთხილეს, როგორც ამბობენ, თავი არ სტკივაო. მართალია, დღესდღეობით გრიფი „საიდუმლო“ ამ საქმეს აღარ ამშვენებს, მაგრამ აბა რა ვიცით, ხვალ და ზეგ რა ხდება, ლიტერატურული ფორმა კი ცენზურას ნაკლებად ექვემდებარება…

            წაკითხვის შემდეგ მკითხველი, იმედია, ჩახვდება იმ შეფარული მოტივების არსს, რომელმაც ხელი ააღებინა ძლიერთ ამა ქვეყნისა ამ სენსაციური ფენომენის სათანადოდ „გაპიარებაზე“. არადა, ეს ხომ უცნაურ კომაში ჩავარდნილი ადამიანიდან მომდინარე ჭეშმარიტად საკაცობრიო მასშტაბის გაფრთხილება იყო, ხილვა, მეტი არაფერი. ამ თემით ხელის მოთბობაც გვარიანად შეიძლებოდა, მაგრამ… მსოფლიო ელიტამ, როგორც ჩანს, მაინც შეიგრძნო მომდინარე საშიშროება, რადგან თავად ხილვა ზედმეტად (შეიძლება ითქვას „შემზარავად“) რეალისტური აღმოჩნდა. საზოგადოდ ცნობილია, რომ სიმართლესთან მცირეოდენი შეხებაც კი ყველა ეპოქაში მშვიდ ძილს უფრთხობდა ყველა მაღალჩინოსანს დედამიწაზე. დისკომფორტი და შიში კი ოხერია – არცთუ კეთილ სამომავლო სცენარებსა და სახიფათო წინასწარმეტყველებებს ადამიანებიც და სახელმწიფოებიც ხომ ერთნაირად ერიდებიან.

X       X       X

            თავისთავად ცხადია, რომ საქმის ვითარებაში უკეთ გასარკვევად უპრიანი იქნებოდა უპირველესად პირველწყაროებში ჩაგვეხედა. ასეც მოვიქცეთ. ვინაიდან განსახილველ მოვლენათა სვლა სათავეს თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ იღებს, დავესესხოთ წარსულის ერთ გვარიანად გაყვითლებულ ფურცელზე ამობეჭდილ დოკუმენტს, რომელიც ყველაზე ძველ და მომპალ საქაღალდეში იყო შემონახული. ეს გახლავთ უცხო, მაგრამ იმხანად მეტად გავრცელებულ და თითქმის ყველასთვის გასაგებ ენაზე შედგენილი სამსახურებრივი დეპეშა, რომელიც აქ შეუცვლელად, სიტყვა–სიტყვით მოგვყავს, რათა მკითხველმა საქმის წინაპირობები უკეთ წარმოიდგინოს.

1979 г., Ноябрь                                 Служебная    Телеграмма

По сообщению МПС на перегоне Уреки – Натанеби (участок Самтредиа – Батуми) Закавказской ж.д. произошло крушение поездов. Установлено, что на станции Уреки, ограничивающей однопутный перегон, оборудованный полуавтоматической блокировкой, был открыт выходной сигнал грузовому поезду № 2004, однако ввиду неисправности локомотива, поезд отправлен не был. Поездной диспетчер, не убедившись в фактическом отправлении поезда, дал указание на отправление поезда № 691 на соседнюю станцию Натанеби. В это время поезд № 2004 после произведённого ремонта отправился на перегон по разрешающему показанию светофора. В этот момент ДСП ст. Натанеби, не убедившись в свободности перегона, искусственно дал прибытие грузового поезда и запросил согласие у ДСП ст. Уреки на отправление поезда № 691. ДСП ст. Уреки дал блокировочный сигнал без проведения телефонных разговоров, что дало возможность отправить поезд № 691 на занятый перегон.

            ერთი შეხედვით ეს მძიმედ კითხვადი ტექსტი აბდაუბდა კანცელარიტია, საიდანაც ადექვატური შინაარსის გამოტანა გაუძნელდება არათუ რიგით მკითხველს, არამედ რკინიგზის მართვის საკითხებში გათვითცნობიერებულ ადამიანსაც კი. მაგრამ იმავდროულად სავსებით ცხადია, რომ დეპეშის გაუშალაშინებელი სიტყვების მიღმა ფრიად ავბედითი მოვლენის, ჭეშმარიტი ტრაგედიის შემზარავი სურათი იშლება.

            დღეს დანამდვილებითაა ცნობილი, რომ დეპეშაში ხსენებული №691 – მგზავრებით სავსე სახალხო მატარებელი იყო, ხოლო კატასტროფის შედეგად ბევრი ადამიანი (მათ შორის ჯარში გაწვეული მრავალი პირტიტველა ჭაბუკი) დაიღუპა. ტრაგედიის ზომა იმანაც განაპირობა, რომ შეჯახებისთანავე საკონტაქტო მავთული ბოძებს მოწყდა და ნესტიან, დაჭაობებულ მიწას დაენარცხა. კვერცხივით გამსკდარი ვაგონებიდან გადმოვარდნილი და ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები სველ მიწაზე აღმოჩნდნენ და ადგილზევე განუტევეს სული. მსხვერპლის ოფიციალურად გაცხადებული ოდენობა, როგორც ეს ნომენკლატურული კომუნიზმის ხანაში იყო მიღებული, რეალურთან შედარებით ერთიათად მაინც შეამცირეს, ამიტომ დაღუპულთა ზუსტმა რიცხვმა ჩვენამდე ვერ მოაღწია (სათანადო ინფორმაცია, სავარაუდოდ, არეული ოთხმოცდაათიანების რომელიღაც ლოკალურ საარქივო ხანძარში ჩაიფერფლა). ამას ახლა ჩვენთვის მნიშვნელობა აღარა აქვს, რადგან მკითხველის ყურადღება მაინც მხოლოდ ერთი, ისიც ბეწვზე გადარჩენილი, ადამიანის ბედზე უნდა გავამახვილოთ. ეს პიროვნება – სამტრედიის მკვიდრი და ამავე ქალაქის დეპოს მემანქანე ვინმე ერლომ ნუცუბიძე, – სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა და მალევე მოექცა კომპეტენტური ორგანოების დაკვირვების ქვეშ.

            გამოძიებით დადგენილია, რომ ბედისწერის ნებით 1979 წლის ნოემბრის იმ ავადსახსენებელ დღეს ბათუმიდან სამტრედიის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ლოკომოტივის უკანა კაბინაში სწორედ ხსენებული ერლომ ნუცუბიძე მჯდარა. ელმავლის წინა კაბინაში, სამართავ პულტთან, ბუნებრივია, რეგლამენტით გათვალისწინებული ორი მემანქანე იმყოფებოდა – და მათ ბრალი სულაც არ ედებათ იმაში, რომ დისპეჩერის დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო შუქნიშანზე წითელი რატომღაც მწვანემ შეცვალა. სწორედ თავის დაღუპულ კოლეგებს დაემგზავრა მაშინ ბათუმში რაღაც პირად საქმეზე ჩასული ერლომი. აბა, ბილეთის სალაროში შეძენა რაში დასჭირდებოდა მემანქანე კაცს ბათუმიდან სამტრედიაში ჩასასვლელად? ბაქანზე გასული ერლომი ნაცნობმა მემანქანემ შეამჩნია და ორიოდე საათით უკანა კაბინაში მიუჩინა ადგილი, ეს იყო და ეს. შემადგენლობა ზანტად მიიზლაზნებოდა სანაპირო ზოლის გასწვრივ, დაახლოებით ერთ საათში სადგურ ურეკსაც გაცდა და… შემხვედრ მატარებელთან შეჯახების შედეგად წინა კაბინაში მყოფი ორივე მემანქანე წამში დაიღუპა, ხოლო ერლომი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, რადგან შეჭყლეტილი ელმავლის უკანა სარკმელიდან კვერცხისგულივით ამოვარდა და სრულიად შემთხვევით მშრალ ადგილას, ლიანდაგის გასწვრივ დაყრილ ქვებზე დაეცა. მისდა ბედად მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბათუმისა და ქუთაისის საავადმყოფოებში შესაფერისად აღჭურვილი ადგილი მისთვის ვერ გამოიძებნა და ცოცხალი, თუმცა გონებაწართმეული და სულთმობრძავი ერლომი ვერტმფრენით ჯერ თბილისში გადააფრინეს, მერე კი სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალის სარეანიმაციო განყოფილებაში გააქანეს. კომაში ჩავარდნილ ერლომს ჯიბეში პასპორტი უპოვეს, მისი პიროვნების იდენტიფიცირება არ გაჭირდა და კატასტროფის შედეგების ამსახველ გასაიდუმლოებულ ანგარიშში მისი სახელი, ბუნებრივია, დაღუპულთა შორის არ მოიხსენიებოდა.

            მიუხედავად იმისა, რომ ლოგინს მიჯაჭვული ერლომის სიცოცხლემ კომაში ჩავარდნილი უბედური ადამიანის უბადრუკი არსებობის სახე მიიღო, მას, როგორც დასტურდება შემორჩენილი საბუთებით, ათწლეულების განმავლობაში და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე „მწყემსავდა“ – და არც უმიზეზოდ – ერთ–ერთი ნაკლებად ცნობილი, თუმცა საკმაოდ მძლავრი სპეცსამსახური. საგულისხმოა ისიც, რომ მისი ასეთი „მწყემსვა“ შეუსვენებლად მიმდინარეობდა როგორც საბჭოთა კავშირის ფორმალურ დაშლამდე, ისე მერეც – უწყებრივი არეულობის ძალზე ხანმოკლე პერიოდის გამოკლებით. ამის ჭეშმარიტი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კომაში მყოფ ერლომს ძალიან მალე გარე სამყაროსთან კომუნიკაციის სრულიად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი უნარი აღმოაჩნდა.  მისი ეს თვისება იმდენად ამოვარდნილი იყო ჩვეული სამეცნიერო კონტექსტიდან, რომ რაღაც მომენტში ზოგიერთმა უაღრესად გამოცდილმა სამხედრო პირმა (მათ შორის კონტრდაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრებიც ერია) ისიც კი ირწმუნა, რომ მათი დაკვირვების უმწეო ობიექტს არათუ ყოვლად მიწიერ მოწინააღმდეგესთან, არამედ, შესაძლოა, თვით უცხოპლანეტელებთანაც კი გაება მუხანათური კავშირი. იმასაც კი ვარაუდობდნენ, რომ ერლომი, მთლად პენტაგონისა და მოსადის თუ არა, იქნებ თვით ყოვლისშემძლე Diablo–ს ოსტატური მანიპულაციის ბრმა იარაღად იქცა და ასე ებრძოდა საბჭოთა სახელმწიფოს. მოკლედ, ვერსიებს რა გამოლევდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კატასტროფის შემდეგ სარეანიმაციო პალატაში გადაყვანილი ერლომის საქციელში ჰოსპიტალის ექიმებმა მეორე დღესვე უცნაურობა შეამჩნიეს: კერძოდ, პაციენტს დრო–დრო მარჯვენა ხელის თითების სწრაფი, ნევროლოგიურად ძნელად ასახსნელი, თუმცა რაღაც გაუგებარ სისტემას დაქვემდებარებული თამაში აღენიშნებოდა. ერთ საღამოს პალატაში ერლომთან შეგზავნილმა ახალგაზრდა პრაქტიკანტმა გოგონამ მას ათამაშებულ თითებში (უფრო დროის მოსაკლავად, ვიდრე მეცნიერული წყურვილის დასაკმაყოფილებლად) პატარა ფანქარი ჩაუდო. ერლომმა მაშინვე მაგრად ჩასჭიდა ფანქარს თითები, ხელი ჯერ გაშალა, მერე საჭირო ზომით მოღუნა, იქვე სკამზე დადებულ ქაღალდის ხელსახოცს ფანქრით სწვდა და მასზე დიდრონი ასოების გამოყვანას შეუდგა. გაოგნებულმა პრაქტიკანტმა დაწერილს ერთი კი დახედა, მერე, ნაწერი რომ გაარჩია, გულიც შეუქანდა და კინაღამ ერლომის გვერდით მისაწოლი გახდა: ფანქრის წვერმა ხელსახოცი ცოტა კი დაფლითა, მაგრამ მასზე მაინც ნათლად ამოიკითხებოდა უცნაური სიტყვა: „ომიომახიანადხვალ“. ნუ, რა მოუვიდოდა საწყალ პრაქტიკანტს, ადვილი წარმოსადგენია…

            აღნიშნული ქმედება ერლომმა მომდევნო დღეებშიც არაერთხელ გაიმეორა. ათამაშებულ თითებში ფანქარს ან საწერ კალამს ჩაუდებდნენ თუ არა, საკუთარ უთქმელ ენაზე წერის მძაფრ სურვილს გამოხატავდა. წერის დროს მას სუნთქვა და გულისცემა უჩქარდებოდა, წერის შეწყვეტისას კი ეს პარამეტრები ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდა, და ასე მეორდებოდა თითების მორიგ ათამაშებამდე. სპეციალურად გამზადებულ ფურცელზე ერლომის მიერ თავდაპირველად გამოყვანილი გაუგებარი სიტყვები დღითიდღე მეტ და მეტ შინაარსს იძენდნენ, მოკლე წინადადებებად ლაგდებოდნენ, ფრაზების სიგრძე და რაოდენობა თანდათან მატულობდა, ხოლო ტექსტი სულ უფრო რთული და დახვეწილი ხდებოდა. პაციენტი სულ უფრო ხშირად ითხოვდა ფანქარს, შევსებულ ფურცელს მორიგი ფურცელი ცვლიდა და დადგა მომენტი, როდესაც „ერლომის დღიურმა“ რაღაც გააზრებული სახე მიიღო. საზოგადოებაში ეს ამბავი არ გახმაურებულა: მკურნალმა ექიმებმა თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებში რისი გამხელაც მოასწრეს – მოასწრეს, მაგრამ მერე საქმეში „რუხლაბადიანი სანიტრები“ ჩაერივნენ, ყველა მკურნალს „დუმილის“ ხელწერილი ჩამოართვეს, პირზე ბოქლომი დაადეს, და ასე და ამგვარად ერთ მშვენიერ დღეს პაციენტ ნუცუბიძის დღიურიც და ავადმყოფობის ისტორიაც ერთი კარგად ჩარაზული რკინის სეიფის შიგნეულში მოთავსდა. ასე რომ, ღირებულ ინფორმაციას ფართო მასებში არ გაუღწევია; თანაც საქმეში ზემოხსენებული ანონიმური სპეცსამსახურის ჩართვის შემდეგ, ერლომს პალატა გამოუცვალეს და პაციენტზე ზედამხედველობა ახალ გარემოში გააგრძელეს. მთავარი კი ის გახლდათ, რომ კომაში ჩავარდნილი მოქალაქე ერლომ ნუცუბიძის დაავადებულ გონებაში რეგულარულად აღმოცენდებოდა უცნაური ხილვები, რასაც სპეცსამსახურის სახით მუშტარი გამოუჩნდა. ამგვარ ავტომატურ რეჟიმში ერლომმა იცოცხლა (თუ ამას სიცოცხლე ჰქვია) ოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში 2016 წლის მიწურულამდე, როდესაც სამოცდაცხრა წლის ასაკში აღესრულა და იმ უსასრულოდ გრძელ გზას გაუდგა, რომელსაც, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი მორჩილად გაუდგება ხოლმე.

            ვინაიდან კომაში ჩავარდნილი ერლომის ხილვათა ჩანაწერების სრული ვერსია ჩვეულებრივი სამკითხველო ფორმატის თვალსაზრისით ძალზე მოცულობითი, ძნელად აღსაქმელი და დამღლელია, გთავაზობთ მის ადაპტირებულ და შემოკლებულ ვარიანტს, რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება თამამი ამერიკელი ჟურნალისტის მიერ გლობალური ინტერნეტ–რედაქციისთვის გადაცემული მასალისგან. ქვემოთ ერლომის ცალკეული ხილვები ერთ მთლიან ხილვად ჩამოვაყალიბეთ, თხრობის ქსოვილიდან კი განზრახ ამოვშალეთ მრავალი არაფრის ან ნაკლებად მეტყველი დეტალი თუ მინიშნება. საგულისხმოა, რომ ხილვაში, ჩვენი პლანეტის არცთუ შორეული მომავლის ამსახველი ერთიანი სურათის ფარგლებში, მოქალაქე ერლომ ნუცუბიძე დედამიწის ერთპიროვნულ გამგებელთან – ე.წ სუპერტოპიკთანაა – გაიგივებული და თანადროული პოლიტიკური სამყაროს უმაღლესი ოფიციალური პირის როლს ითავისებს. ხილვაში მეტნაკლები სიზუსტითაა გადმოცემული სუპერტოპიკის ხედვა, მისი ფიქრები და მოგონებები, რაც ერთიანი ძილისპირული რემინისცენციის სახეს იძენს. კომაში ჩავარდნილი ერლომ ნუცუბიძის XXII საუკუნის alter ego-ს ნააზრევი ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ხვალინდელ თუ არა, ზეგინდელ დღეს მაინც ეხება და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის, მისი ჯერ კიდევ ცოცხალი წინაპრებისთვის, ეგზომ მტკივნეულად საინტერესო. ხილვის პლანეტის მომავალ რეალობასთან შესატყვისობის ალბათობას თუკი დავუშვებთ, იმასაც დავასკვნით, რომ დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი სინამდვილეში ისე უხინჯოდ როდი წარიმართება, როგორც ამას ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად ცნობილი და მეტნაკლებად თვითმარქვია პოლიტოლოგიური გრანდები ვარაუდობენ. რა გაეწყობა: იქნებ სწორედ ამ ერეტიკულ დაშვებაშია საძიებელი პლანეტის მოქმედი ელიტის გაღიზიანების, და აქედან გამომდინარე, თვით ფენომენისა და ერლომ ნუცუბიძის სიკვდილ–სიცოცხლის მიჩუმათების ჭეშმარიტი მიზეზი.

X       X       X

            ორიოდე სიტყვა ამ გაუგებრობაში მოყოლილ ჩვენ გმირზეცაა ჩამოსაგდები – ბოლო–ბოლო ეს კაცი, თუნდაც მხოლოდ საკუთარ სიზმრებსა და ხილვებში, პლანეტის გამგებლის როლში გვევლინება და ამას მცირედი ანგარიში მაინც უნდა გაეწიოს.      

            ერლომ ნუცუბიძე ერთი მარტოხელა და ობოლი სამტრედიელი კაცი გახლდათ, რომელსაც სარკინიგზო კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ოცდათორმეტი წელი შეუსრულდა. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, მდორედ და მოწყენილად მიედინებოდა: გაჭირვებული ბავშვობა, პროვინციული რვაწლედი, ზეინკლობა სალოკომოტივო დეპოში, მერე მემანქანეთა კურსებზე თბილისში ჩასვლა, შემდეგ სამუშაოდ ისევ იგივე დეპოში დაბრუნება… ერთი სიტყვით, ის მცირერიცხოვანი ქართული მუშათა კლასის ერთი რიგითი, თუმცა საკმაოდ კვალიფიცირებული, წარმომაგენელი იყო. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ბევრი ვერაფრით დაიკვეხნიდა. ერლომი, განსაკუთრებით მას მერე რაც გამზრდელი მამიდა გარდაეცვალა, განმარტოვებით და საკმაოდ მოუწესრიგებლად ცხოვრობდა. დაულაგებელ სამუშაო განრიგს მიჩვეულ მემანქანე კაცს ხშირად უწევდა ღამის რეისებზე გასვლა და ცხოვრების ამგვარ ყაიდაზე აწყობამ ისიც მოუტანა, რომ ნატანები–ურეკის ტრაგედიას – იქნებ, გარკვეული თვალსაზრისით, საბედნიეროდაც კი, – ეული და დაუოჯახებელი შეხვდა. მხოლოდ ერთხელ, თანაც მივიწყებული სიჭაბუკის ხანაში, შეეყარა მას მძაფრი სიყვარულის სენი. ახალგაზრდა ერლომის მატრიმონიალურ ოცნებას მაშინ ასრულება არ ეწერა, რადგან გულის რჩეულმა მცირედი ყოყმანის შემდეგ ცივი უარი სტკიცა და სამტრედიიდან დედაქალაქში ისე მოკურცხლა, რომ ნაძალადევი დამშვიდობების ჟამს ისედაც დაბნეულ თაყვანისმცემელს იმედი სრულიად გადაუწურა. მცირედი შანსიც კი არ დაუტოვა ერლომს გულქვა მადონა სივსივაძემ, არადა თავიდან თითქოს ეარშიყებოდა ჭაბუკ რკინიგზელს, ნაზად ეკეკლუცებოდა, იქნებ აქეზებდა, მოხიბლა კიდეც, მაგრამ… საბოლოოდ გაირკვა, რომ ჯიუტი და ეშხიანი გურული გოგონას სამომავლო წარმოდგენებში ელმავლის მემანქანის ადგილი გათვალისწინებული არ ყოფილა. ისე კი, მადონა სივსივაძე ნიჭიერი ქალიშვილი გახლდათ და თავის ნიჭს საჭადრაკო დაფაზე ხისა და პლატსმასის ფიგურების კოხტად გადაადგილებაში ავლენდა. ხუმრობა საქმე როდია, მეცხრეკლასელი გოგონას მეორე ადგილი საქართველოს ქალთა პირველობაზე! ნაკრების ერთ–ერთმა მწვრთნელმა ახალი და დიდი გამარჯვებები მადონას იმთავითვე უწინასწარმეტყველა, ოღონდ ერთი პირობით: ის აუცილებლად თბილისში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად და იქ  გაეგრძელებინა საჭადრაკო აღმასვლა. საჭადრაკო ფედერაციის მესვეურებმა მაშინ შეძლეს მადონას მშობლების დაყოლიება, დაპირებულიც პირნათლად შეასრულეს და ქართული ჭადრაკის ცის კაბადონზე მალე ახალი ვარსკვლავი აკიაფდა. შეიძლება ითქვას, რომ მადონასა და ერლომის რომანი ობიექტური მიზეზებითაც ვერ შედგა. მათი უკანასკნელი და უიღბლო საუბრისას გოგონა უკვე ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ემზადებოდა (მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებთ და აღვნიშნავთ, რომ მადონა სივსივაძე გახდა კიდეც საერთაშორისო დიდოსტატი, თუმცა ისე მაინც ვერ გაბრწყინდა, როგორც მისგან სამტრედილები მოელოდნენ – ანუ მსოფლიო ჩემპიონის უმაღლეს წოდებაზე შერკინებაში მონაწილეობა არ მიუღია. რას იზამ, ხდება ხოლმე: მოგება და წაგება სპორტში ძმებია) და ერლომისთვის აღარ ეცალა. მემანქანე ბიჭმა კი პირველ და უანგარო სიყვარულთან განშორება საკმაოდ მტკივნეულად განიცადა და ქალებზე გული, ცოტა არ იყოს, აიყარა კიდეც.

            ყოფილი სანავარდო მხარის მკვიდრი ნუცუბიძეები ოდესღაც თავადი მიქელაძეების ყმების რეესტრში მრავლად ირიცხებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა და საქართველოს გასაბჭოებას ერლომის ბაბუა ონისე ნუცუბიძე უკვე გამარჯვებული პროლეტარის საპატიო რანგში შეხვდა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული სამტრედია ნელ–ნელა ამიერკავკასიის რკინიგზის ერთ–ერთ საკვანძო სადგურად ყალიბდებოდა, ონისე კი სწორედ დეპოში მუშაობით არჩენდა ოჯახს. ჯერ შვილის – გურამის, შემდგომ კი ერთადერთი და საყვარელი შვილიშვილის – ერლომის, ბაბუის გაკვალულზე გაყოლა, გარკვეული აზრით, ოჯახურმა ტრადიციამაც განაპირობა. ჟამთა ცვალებადობამ ონისე ნუცუბიძის ოჯახს არაერთი მძიმე გამოცდა მოუწყო. სამამულო ომი რომ დაიწყო, გურამ ნუცუბიძეს ვერც რკინიგზელის „ჯავშანმა“ უშველა და ვერც ერლომზე დაორსულებულმა ახალშერთულმა ცოლმა. ორმოცდაერთი წლის შემოდგომაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ძველი „ჯავშნები“ ძალადაკარგულად ცნეს და გურამი ყოველგვარი რიდის გარეშე ფრონტზე გაიწვიეს. შემდეგ უარესი მოხდა: გურამის მეუღლე ბავშვის მშობიარობას გადაყვა დაწყევლილ ორმოცდაორში, კიდევ კარგი, ერლომი მაინც გადარჩა. ომმა არც გურამი დაინდო: ქერჩის სასაკლაოზე შემთხვევით გადარჩენილსა და ლიტვიდან გერმანიამდე ცოცხლად ჩაღწეულს, მაინც და მაინც ბერლინის ალყის დღეებში მიუვიდა მიქელ–გაბრიელის უწყისი ბრმად ნატყორცნი გერმანული ხელყუმბარის სახით. როდესაც ომი, როგორც იქნა, დამთავრდა, დაბადებისთანავე დაობლებულ ყველაზე უმცროს ნუცუბიძეზე ზრუნვა თავად მოხუცებულ ონისესა და მის ქალიშვილს, გაუთხოვარ მამიდა კესარიას, დააწვა მხრებზე. შეთხელებულმა ოჯახმა გასაჭირი ომისშემდგომ წლებშიც ბევრი გადაიტანა (ამის თხრობა შორს წაგვიყვანდა), მაგრამ ფრონტიდან ვერდაბრუნებული ვაჟკაცის ოჯახი ბოლომდე მაინც არ გაიწირა: მას სანათესაომაც ხელი შეუწყო და იმდროინდელმა ხელისუფლებამაც – დრო იყო ასეთი. შედეგად, ბაბუამ, მამიდამ და ნათესავებმა ერთობლივი ძალისხმევით პატარა ერლომი ჯანსაღ და შრომისმოყვარე ყმაწვილკაცად გამოზარდეს. რვაწლედის დამთავრების შემდეგ ერლომიც მამის და ბაბუის გზას გაყვა. ჯერ დეპოში ზეინკლობას მიჰყო ხელი, მერე კი, ბუნებრივი ამბიციის გაღვიძების კვალობაზე, თბილისში გახსნილ მემანქანეთა კურსებს მიაშურა, თუმცა, გული მაინც მშობლიური სამტრედიისკენ მიუწევდა. კიდევ კარგი, მამიდა დრო–დრო ნობათს უგზავნიდა ქალაქში, თორემ პროვინციელ და ღარიბ ბიჭს თავის გატანა თბილისში ძალიან  გაუჭირდებოდა.

            კურსების დამთავრების შემდეგ ერლომი მშობლიურ დეპოს მემანქანის თანაშემწის რანგში დაუბრუნდა და მას მერე სამტრედიის დატოვების სურვილი აღარ გასჩენია. მით უმეტეს, იცოდა: მცირეოდენი მოთმინება და მისი ბავშვური ოცნება ფრთებს შეისხამს – თავადაც მიუჯდება ელმავლის კონტროლერს და გახდება მრავალათასტონიანი მატარებლების სრულუფლებიანი მბრძანებელი. ამასობაში კი მან ჯერ გაიცნო და მერე დაკარგა მადონა სივსივაძე, რომელიც მღელვარე საჭადრაკო ოკეანემ შთანთქა. სატრფოსთან განშორება ერლომისთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ ის მაინც – უფრო ქვეცნობიერად, ვიდრე გააზრებულად – არ ეპუებოდა დამამცირებელ მარცხს, არ სურდა მეხსიერებიდან იმ ბედნიერი წამებისა და იმ ლამაზი განცდის ამოშლა, რასაც რომ პირველი და სუფთა სიყვარული ჰქვია. ალბათ ამიტომ იყო, რომ მალევე ახალი და ფრიად უწყინარი გატაცება გაუჩნდა – თავად დაინტერესდა ჭადრაკით. სვლები ისედაც იცოდა, ჯერ კიდევ ბაბუამ ასწავლა მეორე თუ მესამე კლასში, ახლა კი – თითქოს მადონას ჯიბრზე და ჯინაზე – თანდათან კარგი მოყვარულის დონემდე „აქაჩა“. ცხადია, ასეთ ასაკში ნამდვილი მოჭადრაკე მისგან უკვე ვეღარ დადგებოდა, მაგრამ მაინც უხვად ისრუტავდა საჭადრაკო ინფორმაციას ნებისმიერი ხელმისაწვდომი წყაროდან. ჯერ ჟურნალ–გაზეთების უკანასკნელი გვერდებიდან და ცისფერ ეკრანზე ოსტატ გიორგაძის მეტნაკლებად რეგულარული ლექციებიდან, მერე კი დეპოში მომუშავე რამდენიმე გამოცდილი მემანქანისგან, რომლებიც მასზე უკეთ თამაშობდნენ. მადონასთან განშორების პირველი წლისთავი ერლომმა საჭადრაკო ნოტაციის დაუფლებით აღნიშნა და ნაღდ საჭადრაკო ლიტერატურასაც გადაწვდა: დებიუტების გარჩევებითა და ძლიერ მოთამაშეთა პარტიების ანალიზით. მალე იმდენად გაიწაფა, რომ დეპოს აღიარებული ჩემპიონი გახდა. ვინ იცის, იქნებ ამგვარი, ზომაზე მეტად ეგზოტიკური ხერხის გამოყენებით, ერლომი თითქოს აგძელებდა უხილავ ბრძოლას იმ სასტიკ გველეშაპთან, რომელმაც საყვარელი ადამიანი მოსტაცა.

            გადიოდა დრო. სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში ერლომი უკვე გამობრძმედილ, ლოკომოტივის ძრავასთანაც გაშინაურებულ, გამოცდილ მემანქანედ ჩამოყალიბდა. ის ლაღად დაატარებდა სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აღმა–დაღმა, სამტრედიიდან ბათუმამდე, სოხუმამდე თუ ფოთამდე, ზოგჯერ კი – თუ საქმე მოითხოვდა – თბილისამდე და სოჭამდეც კი. მემანქანეობა საკმაოდ მძიმე პროფესია იყო მაშინ და არის ახლაც, მაგრამ ერლომს უყვარდა თავისი საქმე, დამქამცველი, სანერვიულო და ხშირად უმადური. იმ პერიოდში საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალი დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტ სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს ემსახურებოდა. მას არა მოკლე დისტანციებზე მორბენალი იაფფასიანი ჩინური სექციები, არამედ თბილისის ქარხანაში აწყობილ კუნთმაგარ ლოკომოტივებზე გამობმული გრძელი შემადგენლობები სერავდნენ: მოსკოვამდე, კიევამდე, დონის როსტოვამდე… ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაუტარებია ერლომს „პერევალზე“ მძიმეწონიანი „სასტავები“, რესპუბლიკის წამყვანი ჩქარი ნომერი თოთხმეტი იქნებოდა ეს თუ უბრალო სატვირთო, და სარკმელს მიჯაჭვულს, ხან ინდუსტრიული პეიზაჟი ულბობდა გულსა და თვალებს, ხანაც – თუ ღამით უწევდა გასვლა – მძლავრი ფარნებით განათებული ლიანდაგი. ელმავლების – ძველი და ჩამოსაწერად გამზადებული ვლ–22–ებით დაწყებული და ახალი ვლ–8–ებითა და ვლ–10–ებით დამთავრებული – შიგნეულობაში შესანიშნავად ერკვეოდა და სამართავ პულტში ჩამონტაჟებული რევერსორისა თუ კონტროლერის რეგულირებისას თავს მართლაც ათასობით სიცოცხლის უძლეველ განმგებლად წარმოიდგენდა ხოლმე – როგორც ეს შემდგომ მისმა ხილვებმაც დაადასტურა. რა, განა უბრალო მემანქანემ არ შეიძლება მსოფლიო მართოს? საკუთარი შრომისა და გარჯის ხარჯზე ერლომისგან მართლაც კარგი მემანქანე დადგა, მაგრამ მოგეხსენებათ: ზოგჯერ ბედი განაგებს ადამიანის ცხოვრებას და არა პირუკუ – ადამიანი საკუთარ ბედს. რას იფიქრებდა ერლომი რომ ერთხელაც საყვარელი რკინიგზის მსხვერპლი თავად გახდებოდა!

            ზემოთ ციტირებული და დაახლოებით სამი ათეული წლის წინათ შედგენილი რუსულენოვანი დეპეშიდან ჩანს, რომ კატასტროფა გაგანია საბჭოთა ხანაში მოხდა. ეს ნაკლებად ცნობილი ტრაგიკული შემთხვევა სადისპეჩერო სამსახურის საბედისწერო შეცდომამ გამოიწვია. უგულისყურობით დისპეჩერმა (იქნებ ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებთ) ურეკი–ნატანების გადასარბენზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მატარებლიდან ერთ–ერთი დაკავებულ უბანზე გაატარა და, როგორც დიდაქტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე წერა, სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა. ბოლოს კი, უფრო დიდი შედეგის სახით, პირამიდალურად აწყობილი კაცობრიობის წვერთან მიახლოებულმა ქედმაღალმა და სხვათაგან კარგად დაცულმა ელიტარებმა საერთოდ „დაბლოკეს“ ერლომის თემა, რადგან მის ხილვებში ჩაქსოვილი ინფორმაცია მათ ნატიფ გემოვნებაში ვერ ჩაჯდა. ასე რომ, იმ გაიძვერა ამერიკელის ძალისხმევამ პრაქტიკულად ფუჭად ჩაიარა, ხოლო ერლომ ნუცუბიძის ფუტუროლოგიურად სასტიკი პროგნოზი სხვადასხვა მანქანებით  მიიჩქმალა, რამაც – არ დაგიმალავთ – ჩვენი დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ამა ქვეყნის ძლიერთა „იგნორის“ საპასუხოდ ჩვენ არა მხოლოდ მსხვერპლის პიროვნული რეაბილიტაცია, კაცობრიობის მომავლისადმი უსამართლოდ მინავლებული საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივება გადავწყვიტეთ. ჩვენი რწმენით, ერლომის ხილვებიდან მომდინარე ხიფათის სრული უგულებელყოფა ისეთივე სისულელე და დანაშაულია, როგორც იმ გასაცოდავებული დისპეჩერის დაუდევრობა, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო იღბალზე გადარჩენილი ჩვენი გმირი კი ისეთ საშინელ დღეში ჩააგდო, მოსისხლე მტერსაც რომ არ უსურვებს ჰუმანურობაზე ოდნავი პრეტენზიის მქონე კაცი.

X       X       X

            ახ.წელთ. 2107 წლის შემოდგომის პირველი თვის დასასრულამდე სულ ათიოდე დღეა დარჩენილი. აქ, ჩრდილო ნახევარსფეროს სამხრეთ ნაწილში, ნიუ–ანაკლიასა და პუერტო–ფოთუმს შორის გადაშლილ დაბლობზე, გვიანი სექტემბრის თბილი საღამო დგას.

            მესამე მსოფლიო ომის იძულებითი (რესურსების ამოწურვის გამო) დამთავრების შემდეგ თითქმის სამოცი წელი გავიდა. მაშინ, 2048 წლის გახაფხულზე, სხვადასხვა ინციდენტების რიგში ერთ–ერთსა და თითქმის უწყინარს (იემენიდან კანადაში შემოპარული ჰასასინი მეომრების მიერ კვებეკის ცენტრში რამდენიმე მეძავის საჯაროდ ჩაქოლვას), გლობალური სამხედრო შეჯახება, მილიარდობით ადამიანის დაღუპვა და უსასტიკესი ქაოსი მოყვა. ომის ღია ფაზა, როდესაც ყველა ყველას ნებისმიერი, მათ შორის ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით ებრძოდა, სამიოდე კვირაში დასრულდა, მაგრამ დედამიწაზე ახალი წესრიგისა და მშვიდობის დამყარებას – ანუ კბილებამდე შეიარაღებული ბანდების ალაგმვას, ქაოსის ძალისმიერად დაძლევას და სოციალური ცხოვრების მშვიდობიან კალაპოტში მოქცევას – ორ ათეულ წელზე მეტი დასჭირდა. „გამშვიდობიანების“ პროცესს, ბუნებრივია, თან სდევდა არა მარტო მძაფრი კონფლიქტები, არამედ გლობალური მმართველობის ახალი წესისა და მორიგი კოსმოპოლიტური ელიტის ჩამოყალიბებაც. ოცდამეერთე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ახალი საზოგადოებრივი კონსტრუქციის სათავეში მოქცეულმა სამხედრო–საველე მეთაურებმა – ე.წ. გრანდებმა – დიდ თავყრილობაზე აირჩიეს პლანეტის ხელმძღვანელი ორგანო – ელიტსაბჭო – და პრაქტიკულად ერთხმად დაამტკიცეს მსოფლიოს პირველი ოფიციალური კონსტიტუცია – დიადი ქარტია, რომლის დებულებები დღემდე განსაზღვრავენ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებას. თავად ეს ცხოვრება კი ომის მსვლელობით გაუქმებულ–განადგურებული, თუმცა ხალხების კოლექტიური მეხსიერებიდან ბოლომდე მაინც ვერამოშლილი გეოპოლიტიკური ნაკვთების დრამატულ ცვლილებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ დიადი ქარტიის ერთ–ერთი დებულების თანახმად, სახელმწიფო საზღვრისა და ეროვნული სახელმწიფოს ცნებებით მანიპულირება იურიდიულად დასჯადი გახდა. ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო. ფრიად არასრული სასამართლო სტატისტიკის მიხედვით, ომამდელი გეოგრაფიული რუკების სახლში შენახვის ბრალდებით დედამიწაზე მხოლოდ სამოცდაათიან წლებში აღძრულ იქნა ოც მილიონზე მეტი სისხლის სამართლის საქმე, საკონცენტრაციო ბანაკებში გაიგზავნა მილიონ რვაას ათასზე მეტი შეუგნებელი მეამბოხე, განსაკუთრებით გამოუსწორებელი ასოცდაშვიდი ათას ოცდარვა პატიმარი კი დაისაჯა სიკვდილით: დახვრეტით, მოწამვლით, ჩაქოლვით ან სულაც დასახლებული პუნქტის მთავარ მოედანზე ჩამოხრჩობით. პლანეტარული კონსტიტუციის მამებმა, წარსულის უმწარესი გამოცდილებიდან გამომდინარე, ცალსახად დაასკვნეს, რომ თერმობირთვული ომის უმთავრესი მიზეზი დედამიწაზე ეროვნული სახელმწიფოების არსებობასა და მათი ინტერესების შეჯახებაში მდგომარეობდა. რა გასაკვირია თუ საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნების გარანტია გლობალისტურმა ხელისუფლებამ ტრადიციული პოლიტიკური რუკის კაცობრიობის მეხსიერებიდან ამოშლასა და რადიკალურ გეოპოლიტიკურ რეფორმაში დაინახა. წარსულთან უკომპრომისო ბრძოლამ (ამ ბრძოლაში გრანდები, ძირითადად, მეოცე საუკუნის ოციანი წლების საბჭოთა რუსეთის, ოცდაათიანი წლების ნაცისტური გერმანიისა და სამოციანი წლების რევოლუციური ჩინეთის გამოცდილებით სარგებლობდნენ) საკმაოდ მალე ხელშესახები შედეგები გამოიღო: საკმარისია ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნის ბოლოსთვის თითქმის აღარავის, ღრმა მოხუცებულებისა და სპეციალურ არქივებში დაცულ ისტორიული ხასიათის მასალებთან მიშვებულების გარდა, ახსოვდა, თუ როგორი იყო ომამდელი დედამიწა. ეროვნული სახელმწიფოები საბოლოოდ წაიშალნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა, თითქოს არც არსებულიყვნენ ოდესმე. ისინი ხელოვნურმა წარმონაქმნებმა, უსაფრთხოების დისტრიქტებმა და მრავალეროვნულმა რეგიონალურმა ზონებმა ჩაანაცვლეს: შვიდმილიარდიანი მოსახლეობის გაკონტროლება ასე უფრო იოლი აღმოჩნდა.

            პლანეტის პოლიტიკური ზედაპირის გარდაქმნის პროცესი თანდათანობითი იყო. დისტრიქტებმა და ზონებმა დედამიწის ნახევარზე მეტი უკვე სამოცდაათიან წლებში დაიკავეს, ეს ტენდენცია სულ უფრო მძლავრობდა და ლოგიკურ დასასრულამდე, როგორც ითქვა, საუკუნის ბოლოსთვის მივიდა. თავად პროცესი უხინჯო არ ყოფილა. მიუხედავად გრანდების ხელისუფლების მიერ მოპოვებული აშკარა და თვალშისაცემი წარმატებებისა, ადამიანის დაუდეგარი ბუნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ვითარება პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში ხშირად იძაბებოდა ხოლმე. ეთნიკურ თუ სოციალურ ნიადაგზე აღმოცენებული ნებისმიერი გაწევ–გამოწევა ახალი ელიტის მიერ ქაოსის შებრუნების სიმპტომად აღიქმებოდა. ამიტომ ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში ქაოტიზაციის ხიფათის თავიდან აცილება გრანდებმა კონსტიტუციის გამკაცრებით სცადეს და დიად ქარტიაში რამდენიმე შესწორება შეიტანეს. ამ შესწორებების არსი კიდევ უფრო მკაცრი და ულმობელი პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციაში მდგომარეობდა. თამაშის ახალი წესების თანახმად დედამიწაზე მყარდებოდა „რკინის ხელის“ რეჟიმი და ძალაუფლების ძირითადი ბერკეტები გადადიოდა ელიტსაბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი ბელადის – სუპერტოპიკის – განკარგულებაში. უხინჯოდ არც ეს საკითხი გადაწყდა. ძალაუფლების ერთ ხელში გადაბარების პროცესმა კულმინაციას 2087 წლის გაზაფხულზე მიაღწია, როდესაც ელიტსაბჭოს მორიგი უაღრესად მძაფრი და ნერვიული საიდუმლო თათბირის შემდეგ (თუნდაც ის რად ღირს, რომ მისი მსვლელობის განმავლობაში თვითმკვლელობა ჩაიდინა შვიდმა ოპოზიციურად განწყობილმა გრანდმა) დედამიწის მოსახლეობას ცალყბად გამოუცხადეს, რომ სუპერტოპიკის ტახტზე ავიდა (თუ რატომ და როგორ, ერლომ ნუცუბიძის ხილვების სრულ ვერსიაშია მოცემული და აქ ამაზე არ შევჩერდებით) ვინმე ერლომყაენ ქვისგული, უთვალავ კლასობრივ შერკინებაში გამობრძმედილი სამხედრო კაცი. მაშინ ფართო მასებს პლანეტის ახალ მბრძანებელზე მხოლოდ ის გაუმხილეს, რომ ერლომყაენი შავიზღვისპირეთის დისტრიქტის მკვიდრი იყო და მშობლიურ ენად ერთ–ერთ ნაკლებად გავრცელებულ კავკასიურ დიალექტს, კერძოდ ქართუმარგალურ ლინგვოსიმფონიას მიიჩნევდა. არჩევნების მეორე დღეს პლანეტაზე საყოველთაო ზეიმი გაიმართა: რადიაციიისგან გაწმენდილი წყლის დეფიციტის მიუხედავად, დიდი ქალაქების მთავარ მოედნებზე რამდენიმე საათით ჩაირთო შადრევნები, სამხედრო და პოლიციურ გარნიზონებში გაიმართა აღლუმები, დედამიწის თითოეულ მოსახლეს კი დაურიგდა ორასი გრამი ნამდვილი კარაქი და ნახევარი კილო სამოყვარულო ძეხვი.

            ბუნებრივია, სუპერტოპიკის პოსტის შემოღებას მოყვა უზენეასი ხელისუფალის ავტორიტეტის გასამყარებლად მიმართული  მრავალი სახელმწიფო ღონისძიება. ყველას ჩამოთვლას აქ არ შევუდგებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რამდენიმე სამუშაო რეზიდენციიდან ერთი და ყველაზე საგანგებოდ დაცული აშენდა კავკასეთის (ყოფილი კავკასია) ერთიან რეგიონალურ ზონაში. ასეთი არჩევანი სუბიექტური ფაქტორით იყო განპირობებული: სუპერტოპიკი ეროვნებით ქართველი იყო და ამის დასაბუთება შეიძლებოდა. დახურულ ისტორიულ არქივში მოძიებული და სასწაულებრივად გადარჩენილი გასული საუკუნის ერთი უძველესი საბუთის მიხედვით, ერლომყაენ ქვისგულის ერთ–ერთი პაპისპაპა წარმოშობით სწორედ შავიზღვისპირეთიდან, კერძოდ კი  ნიუ–ანაკლიას სექტორში ადმინისტრაციულად შემავალი ისტორიული სანავარდოდან ყოფილა. განახლებული დიადი ქარტიის ერთ–ერთი საიდუმლო პარაგრაფის მიხედვით, ელიტსაბჭოს წევრების პირადი საზაფხულო რეზიდენციები შეძლებისდაგვარად მათ მშობლიურ რეგიონებში უნდა განთავსებულიყო. ვინაიდან კონსტიტუციით სუპერტოპიკი პლანეტის უპირველესი გრანდი იყო და ფაქტობრივად ერთპიროვნული მმართველის უფლებებით სარგებლობდა, ერლომყაენ ქვისგულის საზაფხულო სასახლის აგება ნიუ–ანაკლიაში გადაწყდა.

            ამჟამად, ოცდამეორე საუკუნის პირველ დეკადაში, სამთავრობო რეზიდენცია „მედეა–სანავარდო–ნეტში“ (ადგილობრივ სლენგზე – „მედეაში“) დაკავებული და ძირფესვიანად შემოწმებულ–გადამოწმებული პერსონალი ძირითადად სხვადასხვა ერისა და რასის მრავალკონფესიური მდაბიო გრანტომანებისგან შედგება, მაგრამ – რამეთუ ზოგიერთი ასაკში შესული მდაბიო წარმოშობით ადგილობრივი მკვიდრია – აქ მაინც ყველამ იცის, რომ დიდი მშენებლობის დაწყებამდე, დაბლობზე შერჩენილი მოსახლეობის თითქმის მთლიანად აყრა და მთიან მხარეში გადასახლება გახდა აუცილებელი. მაშინ აქ დატოვეს მხოლოდ დამხმარე მუშახელი: ისინი, ვინც ჭაობების ამოსაშრობად და ახალი გზების გასაყვანად იყო გამოსადეგი. ადგილობრივ მშენებელთაგან ყველაზე წარჩინებულნი მთაში გასახლებას გადაურჩნენ და ათიოდე წლის შემდეგ „მედეას“ მრავალეროვნულ მოსამსახურე პერსონალში აითქვიფნენ. დღესდღობით სწორედ მათი ოჯახებიდანაა გამოსული ნიუ–ანაკლიას საუკეთესო გზამკვლევები, ეთნოაბრაგები, დოუდოუ–გიდები, იმპლანტ–ფირალები…

            ნიუ–ანაკლიას ინფრასტრუქტურა ვრცელი და განტოტვილია, კონტროლის რეჟიმი კი უმკაცრესი და სადღეღამისო. ატომური ნაღმებით გარშემორტყმული პერიმეტრის გასწვრივ დისლოცირებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის დივიზიონი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია. შავი ზღვის დინებებში მოლივლივე წყალქვეშა ნავები და ქოჩორა ტალღებზე ლაღად მოქანავე ფრეგატები აუდიოლოკატორული და ელექტრონული ზონდირების საშუალებით გაფაციცებით აკვირდებიან როგორც შავი და ხმელთაშუა ზღვების აკვატორიებს, ისე შიდა კავკასეთის მრავალრიცხოვან წყალსატევებსა თუ მდინარეებს. ადგილობრივი მოსახლეობიდან პრაქტიკულად დაცლილ საკურორტო პოლიგონზე ახლაც ჩვეული სიმშვიდე სუფევს. უკვე გვიანია და მოვლილ სანაპიროს მძიმედ ჩამოაწვა მხუთავი ღამე, მაგრამ დასიცხვა და ხუთვა გრძელ მოასფალტებულ ბულვარზე სასეირნოდ გამოსული იშვიათი სტუმრების – მეორეხარისხოვანი გრანდების ოჯახის წევრებისა და აქ სპეცმოწვევით მოვლინებული მოწინავე ხუნვეიბინების – ხვედრია. სამთავრობო სეგმენტში ასიოდე ჰექტარზე გადაჭიმულ სასახლეში კი ბაქტერიოლოგიურად შემოწმებული გრილი და სუფთა ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით ოცდაორ გრადუსს არასოდეს აღემატება.

            დღეს უახლოეს თანაშემწეებთან საკმაოდ დაძაბული შეხვედრებით გვარიანად მოქანცულმა სუპერტოპიკმა საკუთარ კაბინეტში განმარტოება მხოლოდ ახლა, საღამოს თერთმეტის ნახევარზე, მოახერხა. აქ ყველაფერია გათვალისწინებული: საწერი მაგიდა, სავარძლები, ლოგინი, ბარი, კომპიუტერული ქსელი, კინო– და ტელეცენტრები, დამხმარე სათავსოები… ადრე უყვარდა ხოლმე სამუშაო დღის შემდეგ რომელიმე გამორჩეულად ჭკვიანი მრჩეველისა თუ ელიტსაბჭოს წევრის თანხლებით მწვანე ჩაისა ან ჭიქა წითელი ღვინის დაგემოვნება და საჭირბოროტო საკითხებზე არაოფიციალურ ვითარებაში ბჭობა, მაგრამ დღეს…  ეს ზაფხული უჩვეულად მძიმე გამოდგა მისთვის. და არა მარტო მისთვის: ყველა მეტნაკლებად შეგნებული გრანდის, ხუნვეიბინისა და გრანტომანისთვისაც კი. მაგრამ მისთვის მაინც გამორჩეულად – სუპერტოპიკს ხომ სულ სხვა დონის პასუხისმგებლობა აკისრია. ამას ისიც ემატება, რომ ასაკის მომნუსხავი ძალაც დაეტყო, – თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გერონტოლოგია სასწაულებს ახდენს, სამოცდაცამეტი წელი მაინც ხუმრობა როდია, საკუთარი სიკვდილ–სიცოცხლის სფეროში კი განსაკუთრებული სიფრთხილე და მოზომილება მართებს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია… არადა დედამიწა სადაცაა მორიგ კრიზისში გაეხვევა, თანაც არნახულში, ისეთში, რომლის არსი ბოლომდე გააზრებული არაა. მალე ყველას გარე, შორეული კოსმოსიდან შემოჭრილ საფრთხესთან გვექნება საქმე, ვითომ შიდა საფრთხეები გვაკლდა… ამიტომაა, რომ ახლა ხმაურიან „ბრეინსტორმინგებს“ განმარტოებასა და მიმდინარე მოვლენების მშვიდ ვითარებაში განსჯას ამჯობინებს. საკუთარი ინტელექტისა უფრო სწამს, ვიდრე… აი ახლაც მიანდო ხმელი, ვაჟკაცური სხეული მასზე მორგებულ მბრუნავ სავარძელს, იდაყვებით წითელი ხის ვეება მაგიდის მწვანე მაუდით დაფარულ ზედაპირს დაეყრდნო და დიდი, ჭკვიანი თავი უხეშ და ტლანქ, მუშურგლეხურ ხელისგულებში ჩარგო. წარსულზე ფიქრი ასე სჯობს, რადგან ბრინჯაოთი მოვარაყებული ძველებური სამაგიდო ლამფიდან მომდინარე სინათლის სხივი სახეზე მიბჯენილ თითებში მოწითალო ნაკადებად იშლება, თვალის გუგებს მეწამულ ღრუბლებად ეფინება და გასულ ყმაწვილკაცობას აგონებს, იმ სიჩაუქეს, რომელიც ოდესღაც უხვად გააჩნდა და უკვალოდ გაქრა…

            განვლილი დღის შთაბეჭდილებებით შებოჭილი და დაღლილი გონება, როგორც იქნა, გაეხსნა, უხილავ ბორკილებს გაექცა (ძალიანაც კარგი!) და სადღაც შორით, მშიერ და ეგზომ სანატრელ წარსულში გადაეშვა. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ეშვება აწმყოს, – იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა, რომ…

            მაინც როგორმე უნდა მოახერხოს, მოეშვას და, მბრუნავი სავარძელის კიდესა და მაგიდას შორის იდაყვებით მისვენებულმა, განვლილ გზას მეწამული ღრუბლებით დაფარული გუგები გადაავლოს: რა მოასწრო, რა უნდა მოასწროს, რას ვეღარ მოასწრებს – სამწუხაროდ. მაინც რა იყო, არის და ცოტა ხანს კიდევ იქნება მისი მიწიერი დანიშნულება, რისთვის მოევლინა ამ ცოდვიან დედამიწას?

            შემთხვევითია ვითომ მისი ასეთი განწყობილება? თუ, როგორც ჩანს, მასაც აღიარებითი ჩვენების გაცემის ხანა შემოეპარა?

            უჩვეულო სისუსტის ამ წუთებში, წარმოსახვითი სარკის პირისპირ ეულად დარჩენილი სუპერტოპიკი მზადაა აღიაროს: მას – არაოფიციალურად პლანეტის მამად წოდებულს, ოფიციალურად კი დადგენილი პროცედურის დაცვით ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე არჩეულ ადამიანს, – უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უცნაური სევდა მოეძალა. ნორვეგიის ულამაზესი ფიორდის ნაპირას აგებული სადა სამუშაო რეზიდენციიდან მშობლიურ ნიუ–ანაკლიაში გადმონაცვლებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ეს დამთრგუნველი, დასაგმობი, დიდი პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი განცდა.

            თმაშევერცხლილ, მრავალი პოლიტიკურ შერკინებასა თუ ინტრიგაში გამობრძმედილ და, საყოველთაო აღიარებით, უმტკიცესი ხასიათისა და ნების მქონე ერლომყაენ ქვისგულს აქამდე ყოველთვის მიაჩნდა, რომ სწორად ცხოვრობს. თუმცა, აი  ბოლოჟამს დასჩემდა… თითქოს რაღაც ეჭვის ჭიაღუა შეუჩნდა უტეხ სულში და უმწარებს  კუთვნილი შვებულების სწრაფმავალ დღეებს. თუმცა ეგეც ფორმალობაა – პოლიტიკოსის შვებულება ვის გაუგია? როგორც ჩანს, მართლაც დაბერებულა. არადა, კაცმა რომ სთქვას, სამოცდაცამეტი წელი ბევრი არაფერია. გერონტოლოგია დღეს სასწაულებს ახდენს, და განა მარტო დღეს… სუპერტოპიკზე უკეთ, აბა, ვინ უწყის, რომ ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო ომამდე ამ დარგის განვითარებამ ბიოლოგიური უკვდავება რეალურად მიღწევადი გახადა. ამ უძვირფასესი სამეცნიერო პროდუქტის კომერციულ შეფუთვამდე რამდენიმე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი (მაქსიმუმ ხუთი–ექვსი წელი კარგად აღჭურვილ ლაბორატორიებში), მაგრამ ომმა ყველაფერი გააჩერა, მოსპო, ლამის ქვის ხანაში შეაბრუნა კაცობრიობა. თუმცა ომამდეც, უსასტიკესი კონკურენციის პირობებში, გასაიდუმლოებული ინფორმაცია ისეთი სისწრაფით ჟონავდა შესაბამის პროექტებში დაკავებული სამეცნიერო ჯგუფებიდან, როგორც ადუღებული წყალი ფაიფურის გაბზარული ჩაიდნიდან. ამას კიდევ თავად მეცნიერების პირადი ამბიციები და ავადმყოფური პატივმოყვარეობა ემატებოდა და… მოკლედ, შუბი ხალთაში ვერ დაიმალა, რაც ღარიბებსა და მდიდრებს შორის პლანეტარული მასშტაბის მორიგი დაპირისპირების საბაბი გახდა – ეგალიტარული კომპლექსი გადაულახავი აღმოჩნდა. ოლიგარქიულ გარემოში ამას, ცხადია, პირდაპირ არავინ აღიარებდა (მით უმეტეს, რომ მომწიფებული ომის სხვა, უფრო ობიექტურ გეოპოლიტიკურ მიზეზებს რა გამოლევდა), მაგრამ უმძიმეს საერთო ფონს მოახლოებულმა გერონტოლოგიურმა უთანასწორობამ ნეგატიური და არცთუ მოკრძალებული დაღი დააასვა – ეგ საკამათო არაა. ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ მშვიდობის პირობებში (რაც ბირთვულ ომს უთუოდ სჯობდა, თუმცა განუხორციელებელი აღმოჩნდა) უკვდავება მხოლოდ ვიწრო ელიტური ფენისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. ამ პერსპექტივის მოთმენა ნამდვილად შეუძლებელი იყო: ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლე ყველას უნდა. მაშინ არამდგრად სტაბილობას ამ უსამართლობამაც გამოუთხარა ძირი… არა, მარტო ასაკში არაა საქმე. უმაქნისი სევდის ჭაობში ღრმად ჩაფლობა მას სხვა მიზეზით ემუქრება: მოახლოებული კრიზისი ძლივს მივიწყებულ ომს აგონებს…  

            ბუნებით მკაცრ და დაუნდობელ ერლომყაენ ქვისგულს ერთი – ვისთვის ფარული, ვისთვის ხილული, – სისუსტე (თუ სიძლიერე) გააჩნდა: ნამდვილი გურმანი, ეპიკურეს ცნობილი მოძღვრების სულიერი მიმდევარი გახლდათ და მისი კულინარული მისწრაფებები რეზიდენციის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახებოდა. ნიუ–ანაკლიას სამთავრობო აეროდრომზე სატვირთო თვითმფრინავები დილაადრიან ეშვებოდნენ ხოლმე და, ამდენად, „მედეა–ნეტის“ სამზარეულო კომბინატის უახლესი და მრავალნაირი ნედლეულით მომარაგება სავსებით უზრუნველყოფილი იყო. საუკეთესო მზარეულები ყოველთვის მზად იყვნენ შეესრულებინათ პატრონის ნებისმიერი კაპრიზი და სუპერტოპიკიც ხშირად სარგებლობდა ამ თავისი პრივილეგიით. აღსანიშნავია, რომ ერლომყაენის გურმანობა ცნობილი იყო „მედეას“ პერსონალის თითოეული წევრისთვის და უცნობი რჩებოდა კაცობრიობისთვის. მსოფლიო მას–მედია ამის შესახებ სდუმდა.

            დიადი ქარტიის არც ერთი დებულება პირდაპირ არ ანიჭებდა სუპერტოპიკს უფლებას მედიის მოქმედებაში ჩარევისა. ფორმალურად ერლომყაენს არ შეეძლო უტიფარი ბრძანებების გაცემა სოლიდური ჟურნალების, მოყვითალო ტაბლოიდების, ტელესადგურებისა თუ ინტერნეტ–ფორუმების მთავარი რედაქტორებისთვის, მაგრამ ხსენებული რედაქტორები თვითონაც უნაკლოდ ფლობდნენ უხერხული ფაქტების მიჩქმალვისა და თვითცენზურის უნატიფეს ხელოვნებას. ასე მაგალითად, არც ვიდეოანალიტიკურ გამოცემებში და არც ელიტური ქრონიკით გამოძეძგილი გლამურული ჟურნალების ფურცლებზე, არასოდეს დაძრულა გადაბრუნებული სიტყვა მშიერი პლანეტის მბრძანებელის გასტრონომიულ მისწრაფებებზე. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უინტერესო, აკრძალული ან შეუძლებელი იყო. უბრალოდ, ყველამ იცოდა, რომ სუპერტოპიკის რეალური ძალაუფლება ლამის უკიდეგანოა და პლანეტის მამის მიმართ ოდნავ აგდებული დამოკიდებულების ირიბად გამოჩენაც კი საბოლოოდ არავის შერჩება და ძვირი დაუჯდება ყველა თანამონაწილესა თუ არასაკმარისად ლოიალურ პირს.

            ქაოსის დაძლევის ბობოქარ ხანაში ჩამოყალიბებული სამედიო სივრცის ერთიანმა მაკონტროლებელმა ორგანომ – ელიტსაბჭოს მიერ დაარსებულმა პროპაგანდის დეპარტამენტმა – სანაქებო წინდახედულება გამოიჩინა, თადარიგი დაიჭირა და დიადი ქარტიის მიღებისთანავე იმგვარი მედიაკოდექსი აამოქმედა, რომელმაც ახალი დროების გამოწვევებს დღემდე გაუძლო. ამ კოდექსის ფარგლებში სავსებით შესაძლებელი გახდა ნებისმიერი მომავალი თუ წარსული უზურპატორის იმიჯის „გაადამიანურება“ და ყველაზე ჩაგრული ფენისთვის – სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მრავალრიცხოვანი გრანტომანებისთვის – უმტკივნეულოდ „შესაღება“. განგების ნებით ახალი პიარ–ტექნოლიგიის პირველი რეალური „კლიენტი“ სწორედ სუპერტოპიკი გახდა. ერლომყაენის „თეთრი გაპიარების“ პროცესმა კულმინაციას ოცდამეერთე საუკუნის ბოლოს მიაღწია. ამ დროისთვის მას–მედიამ მისგან მართლაც შექმნა დამაჯერებელი სახე ტრადიციულ ათეისტურ ოჯახში გაზრდილი, პირად ცხოვრებაში ფრიად ზომიერი, იმავდროულად კი მკაცრი და სამართლიანი მამა–მარჩენალისა, ანუ იმ უანგარო სახალხო ლიდერისა, რომლის ყოველდღიური საქმიანობა ზნეობრივადაც სამაგალითოა, თან კი პლანეტის მოსახლეობაზე მუდმივ და დაუღალავ ზრუნვას ეძღვნება. კაცმა რომ სთქვას, ეს პიარ–კონსტრუქცია პრაქტიკულად უცვლელად იქნა გადმოტანილი მიმდინარე ეპოქაში გვარიანად მივიწყებული და ავადსახსენებელი მეოცე საუკუნიდან – იმიტომ, რომ შესაცვლელი არც არაფერი სჭირდა. ვიწრო საოჯახო გარემოში სუპერტოპიკს უხალისია კიდეც იმ გადაცემებსა თუ ნარკვევ–ნაკვესებზე, ასე უხვად რომ იფრქვეოდა მედია–გარემოში უბრალო გრანტომანების გამოსათაყვანებლად და რომლებშიც მისი ალტრუიზმი და  კაცთმოყვარეობა ცამდე იყო აყვანილი. ერთხელაც, ხუთი წლის ყურუმსაღი პუსკუნა – ერლომყაენის უსაყვარლესი შვილიშვილი (ემბრიონალურ მდგომარეობაში მაღალი რადიაციული ფონით დატვირთულ გოგონას ხელ–ფეხზე ექვს–ექვსი თითი აღმოაჩნდა), – მის კაბინეტში დაუკითხავად შეიპარა (რაც მხოლოდ მას ეპატიებოდა) და ააწება კედელზე პოპულარული გლამურული ჟურნალიდან ამოჭრილი ფერადი ფოტოსურათი ქვესათაურით: „ჩვენი უპირველესი მეთევზე“. ფოტოზე პუსკუნას მძლეთამძლე, მოღიმარე და მართალ ბაბუას ხელში მოცქრიალე ღელეში გადაშვებული გრძელი ანკესი ეკავა, ნაპირზე კი, მის მარჯვენა ფეხთან, პლასტიკის უზარმაზარ და გამჭვირვალე ვედროში ლაღად ჭყუმპალაობდნენ მოზრდილი ვერცხლისფერი თევზები. ერლომყაენს მაშინ გაახსენდა, რომ ერთხელ გოგონას თანდასწრებით დაიჩივლა, თევზაობა სულაც არ მიყვარს, მაგრამ რა ვქნა – ეს ოხერი მრჩეველები მაძალებენო. ჰოდა, პატარამ საყვარელი ბაბუა ჟურნალის პრიალა ფურცელზე ანკესით ხელში რომ დაინახა, მისი დაცვის სურვილი გაუჩნდა… არადა, საქმე მარტივად იყო: უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე ბაბუამ დაძლია თავისი ანტიპათია თევზაობის მიმართ და პოპულარული ყოველკვირეული „ფორჩუნ ენდ ფემილის“ ფან ქალბატონებს გარკვეული სიამოვნება მიანიჭა. ასე იყო საჭირო და იმიტომ.

            სუპერტოპიკს უეცრად გაახსენდა თუ როგორ გაუმართეს ხელქვეითებმა საამებლად  ნადირობა – ომამდელი ტიპის საფარი – აფრიკულ სავანაში, ყოფილი ზამბიის ტერიტორიაზე, ჩვიდმეტი წლის წინათ (მაშინ მისი მმართველობის მესამე წელი მიდიოდა). ეჰ, რა ახალგაზრდა ყოფილა მაშინ! ატომურმა ომმა დედამიწის ფლორა და ფაუნა მრავალი გენეტიკური მუტაციით „დააჯილდოვა“. ამ მუტაციების ერთ–ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სამხრეთაფრიკულ რეგიონში, ამ ღვთის მივიწყებულ და დეპრესიულ მხარეში, ყოვლად უცნაური მხეცების – ორთავიანი მარტორქების – პოპულაციის აღმოცენება იყო. ეს მონსტრები, ძირითადად, ზამბიაში ბინადრობდნენ და მათზე რისკიანი ნადირობა მოდაში ჯერ კიდევ ქარტიამდელი ქაოსის ხანაში შევიდა. გასაგებიცაა, რატომ: მუტანტის თავების შემაერთებელი ძგიდიდან ამოსული რქა ძვირფასი ნედლეულია, რომელსაც იშვიათი წამლებისა და ამულეტების დასამზადებლად იყენებენ. ეს ცხოველი წითელ წიგნშია შეტანილი, მაგრამ უსინდისო ბრაკონიერებმა მას ნამდვილი ომი გამოუცხადეს და მარტორქების პოპულაცია მუდამ განადგურების ზღვარზეა. მუტანტებზე  ნადირობა შეზღუდულია – სეზონი მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც მათი საერთო რაოდენობა გარკვეულ კონკრეტულ ციფრს აჭარბებს. შესაბამისი ლიცენზიის ფასი ასი ათას კვარკს აღემატება, თუმცა ერლომყაენს, ცხადია, საფარში მონაწილეობა ცენტიც კი არ დაჯდომია. ღირებულებათა ჩამოყალიბებულ სისტემაში სუპერტოპიკი მთლიან სახელმწიფო კმაყოფაზეა, მისი პირადი ხარჯის ცნება გაუქმებულია და ეს, რა თქმა უნდა, სწორია. 

            ერლომყაენ ქვისგული წიგნის კითხვას ბავშვობიდანვე დაეჩვია და, შესაძლოა, ეს გარემოება მისი პოლიტიკური წარმატების ერთგვარი საფუძველიც კი გახდა, თუმცა ამის მტკიცება ძნელია. ფაქტია, რომ ადრე შეძენილი ლიტერატურული ცნობიერება გამოადგა, გაუადვილა კონკურენტების ქმედებათა ფარულ კონტექსტებში გარკვევა, დააჯილდოვა მათი ჭეშმარიტი განზრახვების ამოკითხვის უნარით, დაუხვეწა საპროგრამო პოლიტიკური ტექსტების შედგენის გემოვნება. მაინც ვერ აიძულა თავს, ერნესტ ჰემინგუეის – ამ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი და წინა ეპოქიდან შემთხვევით შემორჩენილი ლიტერატურული ავტორიტეტის (თანაც ყოველგვარი ნადირობისა თუ თევზაობის უანგარო მოტრფიალის) – სულიერ განწყობათა მოზიარე გამხდარიყო, თუმცა კი ჰქონდა სიჭაბუკეში ამის გულწრფელი მცდელობა. არადა, ამ მწერლის ისტორიული ბედი თავისებურად შესაშური აღმოჩნდა: თითქმის აღარ კითხულობენ, მაგრამ სახელი დღესაც კი, მესამე ომის შემდეგ, ახსოვთ. რაციონალური არგუმენტებით ამის ახსნა შეუძლებელია. პირველი მონუმენტი, რომლის გახსნის ცერემონიას ერლომყაენი სუპერტოპიკის პოსტზე არჩევის შემდეგ დაესწრო, ჰავანაში პლასამაიორზე აღმართული ჰემინგუეის მოდერნ–ქანდაკება იყო. ცერემონიის დასრულებისთანავე კარიბის ზონის რეგიონალური მთავრობის სტატს–მდივანმა ვიწრო წრეში განაცხადა (რა თქმა უნდა, უაღრესად კეთილი განზრახვით), რომ, ცხონებულ ერნესტოს, თურმე, სიბერემდე აფრიკაში მარტორქებზე ნადირობა ყვარებია, რადგან ამით მოძალებულ იმპოტენციას წარმატებით თრგუნავდა, და ამ სიტყვებს ისიც დაუმატა, რომ ზამბიის ორთავიან მარტორქებზე ნადირობაში თავადაც გაწაფულია და კრიტიკულ სიტუაციებში მამაკაცური ღირსების შენარჩუნება გარანტირებული აქვს. ამის გაგონებაზე სუპერტოპიკს უბოროტოდ გაეცინა: კარიბელი სტატს–მდივნის ამ მცირედმა უხამსობამ ერთგვარად აღაფრთოვანა კიდეც, გაუღვიძა მინავლებული სურვილი ფიზიკურ საფრთხესთან შერკინებისა. მაშინ მხოლოდ ორმოცდათექვსმეტი წლისა იყო, თავს შესანიშნავად გრძნობდა, თანაც კარგა ხანია, ნამდვილ საქმეზე იარაღით ხელში არ გასულიყო და ამიტომაც ადვილად მოიხიბლა მის ყურში ოსტატურად ჩაწვეთებული რომანტიკული საფარის იდეით. რამდენიმე დღის შემდეგ ნორვეგიაში დაბრუნებულმა, ერთი რიგითი სამუშაო თათბირის ჩამთავრების შემდეგ, სხვათა თანდასწრებით რამდენიმე თბილი სიტყვა მიუძღვნა ჯერ მოხერხებულ კარიბელ მაღალჩინოსანს, მერე კი ორთავიან მარტორქებზე მონადირე აფრიკულ ტომებს. ყველა გამგებმა კარგად გაიგო და მეორე დღესვე პოპულაციათა მთავარი სამმართველოს მონადირეთუხუცესმა უჩვეულოდ იოლად შეაღწია სუპერტოპიკთან აუდიენციაზე და ოდნავ ათრთოლებული ხმით შესთავაზა აფრიკულ საფარიში მონაწილეობა. სუპერტოპიკი სიამოვნებით დათანხმდა ამ წინადადებას, მით უმეტეს, რომ ხანმოკლე შემეცნებითი მოგზაურობა ზამბია–ბოტსვანას უსაფრთხოების ზონაში უსათოოდ წაადგებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, მერე კი… წარმატებულმა საფარიმ რამდენიმე დღით მართლაც შეუმსუბუქა სუპერტოპიკს ცხოვრება. ოდნავ მოგვიანებით კი სოცუზრუნველყოფის ფედერალურ სამინისტროში მინისტერიალ–დირექტორის ვაკანსია გაიხსნა და ამ თანამდებობაზე სასწრაფოდ ხსენებული მონადირეთუხუცესი დაინიშნა, ეს კი არცთუ თვალშისაცემი, მაგრამ მაინც დაწინაურება გახლდათ.

            ახლა კი სუპერტოპიკი ვეება მაგიდასთან გაუნძრევლად ზის და, ფიქრებში წასული, თვალებს ხელისგულებით გამაღიზიანებელი შუქისგან  იცავს, თითებში კი წარსულის ეთერს ნიავს აყოლილი ყვითელი აფრიკული მტვერიც მოყვება. რის დავიწყებული წარსული, რაის შვიდმეტი წელი, წარსული აქვეა, გვერდით, თუ მოინდომე – ხელით შეეხები.  უსასრულო გავარვარებულ ველზე სხვადასხვა ჯურის, კანის ფერისა და რასის უამრავი ადამიანია შეყრილი: შორიდან ჩამოსული გრანდები და ადგილობრივი გრანტომანები, თეთრკანიანები, მონგოლოიდები და ზანგები, უმნიშვნელო სამთავრობო მოხელეები და დაცვა, მარტორქების მომთვინიერებლები და წყლის ჩამომტარებლები. სადღაც მოშორებით კოცონი ანთია, იქვე ცოტა ხნის წინათ მონადირებული ანტილოპის ხორცს წვავენ და სისხლიანი მწვადის ეშხიანი სუნი სუპერტოპიკის ნესტოებამდეც აღწევს. თუმცა, საწყალი ანტილოპა რა სახსენებელია, მალე ხომ თვით ორთავიანი მარტორქა გამოვა ასპარეზზე და შეიარაღებული სუპერტოპიკი მის პირისპირ აღმოჩნდება. ერლომყაენი გამოცდილი მეომარი კი იყო, მაგრამ ესოდენ მსხვილკალიბრიანი კარაბინი არასოდეს უხმარია – საბრძოლო ვითარებაში, როგორც წესი, კალაშნიკოვის ავტომატს იყენებდა. ამიტომაა რომ აფრიკაში გამგზავრებამდე, ჯერ კიდევ ნორვეგიაში, თავად ეახლა გამოცდილ ინსტრუქტორს პოლიგონზე და მთელი დღის განმავლობაში სტენდს სხვადასხვა მანძილიდან ესროდა. ვარჯიშის ბოლოს ისე გაიწაფა, რომ ორმოცდაათი მეტრიდან  ათიდან შვიდ ტყვიას აჯენდა სამიზნის გულში, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლდათ. რას–რას და სიმხდალეს ქვისგულს ვერავინ დააბრალებდა, თანაც სუპერტოპიკი წამითაც არ უშვებდა იმის ალბათობას, რომ ზამბიური მონსტრის ეშვისგან დაღუპვა უწერია. არადა, პირველივე გასროლას აუცილებლად წარმატება უნდა მოეტანა – სხვანაირად ნადირობა ეშხს დაკარგავდა. პირობა ასეთი იყო: თუ სუპერტოპიკი მიზანს ააცდენდა და გაშმაგებული მხეცი მას ოცდაათი მეტრის მანძილზე მიუახლოვდეოდა, საქმეში სრულ მზადყოფნაში მყოფი პირადი მცველი უნდა ჩართულიყო. სუპერტოპიკს შიში მაინც არ გაეკარა: გუმანით გრძნობდა, რომ მონადირეთუხუცესს იმდენად კი უჭრის ჭკუა–გონება და უღირს თანამდებობა, რომ პლანეტის მამა მაინცდამაინც მის მიერ მოწყობილი საფარის დროს არ გაიწიროს.

            ახალ, შესაძლო, პოლიტიკურ გართულებებს რაც შეეხება… სახელისუფლებო ოლიმპოსის მწვერვალიდან ლამის ყოვლისმომცველი და თავბრუდამხვევი ხედი იშლება დღეს და იშლებოდა მაშინაც, და სუპერტოპიკს ამ შეუდარებელი სანახაობით გაოცება არაერთხელ განუცდია. განუცდია და დამტკბარა კიდეც (ძალაუფლებამ მოყირჭება არ იცის), მაგრამ არასოდეს მიუცია თავისთვის უფლება ზედმეტად მოჯადოვებულიყო ამ შხამიანი ტკბობით. ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე ერლომყაენი ერთგული ხელქვეითებისგან მუდმივად ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას ელიტსაბჭოს წევრებს შორის ადრე დადებულ ღია თუ ფარულ გარიგებებზე, უპასუხისმგებლო გრანდებისა და გათავხედებული ხუნვეიბინების მიერ ჩადენილ და მიჩქმალულ გადაცდენებზე, გრანტომანთა მილიარდიანი მასების წიაღში მოთუხთუხე განწყობებსა და მოლოდინებზე. გულუბრყვილო არასოდეს ყოფილა და შესანიშნავად ესმოდა, რომ პოლიტიკურ ეშმაკს არასოდეს სძინავს. ამიტომ სამუშაო დილას თითქმის ყოველთვის უსაფრთხოების არსებული სისტემის უმნიშვნელო ცვლილებით, მასში რაღაც მორიგი, თუნდაც სულ უმცირესი, სიახლის დანერგვით იწყებდა. პოლიტიკური ინიციატივა მუდამ სუპერტოპიკის ხელში იყო და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავებულმა ტაქტიკამ თანდათან სტრატეგიული შედეგი გამოიღო: ყოფილმა ოპოზიციამ ჩაილურის წყალი დალია, სხვადასხვა ჯურის ავისმზრახველებმა და სუპერტოპიკის უზენაეს რისხვას შემთხვევით გადარჩენილმა პირადმა მტრებმა იატაკქვეშეთში გაქცევით უშველეს თავს – ნუ, ეს ვინც მოასწრო… მაშინაც, ნადირობის წინ, ველზე სახელდახელოდ დადგმულ ბუნგალოში, უშიშროების სამსახურის დირექტორს უხმო და ყურადღებით მოუსმინა. უბრალოდ ჩვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თორემ ისედაც იცოდა, რომ დედამიწის ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში აღარ დარჩა არც ერთი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მისი ძალადობრივი მოცილებითაა დაინტერესებული, – არ გადაუდგამს ჯერ ერლომყაენ ქვისგულს ის საბედისწერო ნაბიჯი, რომ კეთილშობილი გრანდები ამა ქვეყნისა სამკვდო–სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენ მას. სულაც მათ მოიყვანეს პოსტზე! შეთქმულების ალბათობას სერიოზულად არც განიხილავდა, გრანტომანების აჯანყება გამორიცხული იყო, ხოლო არალეგალების დასაშოშმინებლად უშიშროების სამსახურის ყოველდღიური ძალისხმევაც კმაროდა.

            იმხანად, მისი მმართველობის მესამე წელიწადს, დიადი ქარტიის ახალი რედაქცია მავანისთვის ჯერ კიდევ მიუჩვეველი ხილი იყო. მაშინ ყველა როდი აცნობიერებდა ერლომყაენის აღზევების ჭეშმარიტ მიზეზებს. მის პიროვნებაში უფრო ხედავდნენ გმირული წარსულის მქონე, მაგრამ მაინც ფრთხილ და ზომიერ სახელმწიფო მოხელეს, რომელმაც შეცვალა ვიღაც სხვა მოხელე არცთუ უსისხლო, მაგრამ მეტნაკლებად კანონიერი გზით – ელიტსაბჭოში გამართული არჩევნებით, თუნდაც არასრულყოფილით. რას იზამ,  დაღვრილი სისხლით პოლიტიკაში ვერავის გააკვირვებ… ერთი სიტყვით, პლანეტის ჭეშმარიტ მამობამდე ახალგამომცხვარ სუპერტოპიკს დიდი გზა ჰქონდა დასაძლევი. ნებისმიერი მაღალჩინოსნის, მით უფრო პირამიდის მაღალ საფეხურზე შეყოვნებული გრანდის, შინაგანი ბუნება კი საკმაოდ კონსერვატიულია და ცვლილებებს ეწინააღმდეგება:  ამიტომ, მიუხედავად „რკინის ხელის“ რეჟიმის შემოღებისა, კონკრეტულად ერლომყაენისგან რაიმე პრინციპულ სიახლეს მმართველობის საწყის ეტაპზე თითქმის არავინ (რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა) მოელოდა. ზამბიაში საფარიზე ჩასული სუპერტოპიკი იმიტომაც გრძნობდა თავს საკმარისად დაცულად, რომ პირადი მტრების გარდა (საყოველთაო აზრით, მათ ის მოიმკეს, რაც დათესეს) ჯერ არავინ გაუნაწყენებია, უბრალოდ ვერ მოასწრო, რადგან პლანეტარული ძალაუფლების გადმობარებისა და სუპერტოპიკის ხელში ყველა ბერკეტის კონცენტრაციის ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი დასრულებული არ იყო: მათ, ვინც ქვისგულს მსოფლიო ფედერაციის საჭე ანდეს, ჯერ კიდევ არ დაუგროვდათ სერიოზული მიზეზები (თორემ საბაბებს რა გამოლევდა) უკმაყოფილების ღიად გამოხატვისა. ვითარება პლანეტაზე სტაბილური ჩანდა, ხოლო ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების უხილავ კონტროლს უშიშროებაც წარმატებით ახორციელებდა.

            შავი ჯიპების ქარავანი გზას დილაადრიან გაუყვა. ამომწვარ სავანაში თითქმის ორსაათიანი მოგზაურობის შემდეგ, არემარე თითქოს უფრო მრავალფეროვანი გახდა – იგრძნობოდა წყალუხვი მდინარე ზამბეზის სიახლოვე. ოდნავ აგრილდა კიდეც. მერე რომელიღაც სანახევროდ ამომშრალი პატარა ღელის ნაპირას შეჩერდნენ, გაშალეს ბუნგალოები, დანაყრდნენ და… მერე კი დაიწყო.

            სუპერტოპიკს განსაკუთრებით სეირის ბოლო აკორდი დაამახსოვრდა. როდესაც მომთვინიერებლების ნატყორცნი მსუბუქი ისრებით დაჩხვლეტილი მხეცი, როგორც იქნა, საკმარისად გამძვინვარდა, გოროზი თავები მრისხანედ დახარა და ერლომყაენისკენ გამოექანა, თოფმომარჯვებული სუპერტოპიკი წამიერად სხვათათვის შეუმჩნეველ განსაცდელში აღმოჩნდა. ამის გახსენება არც ახლა გვრის სიამოვნებას, მაგრამ აღიარებს: ახსოვს გამოელვება ცხოველური შიშისა, როდესაც ვითარებაზე კონტროლი სულ რაღაც წამის მეასედით დაკარგა. კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში ოცდაათმეტრიანი ზღვარი ცხოველს ჯერ გადალახული არ ჰქონდა, თორემ მცველის ჩარევა და სუპერტოპიკის სირცხვილი ერთი იქნებოდა. საბედნიეროდ, ერლომყაენი დროზე მოეგო გონს და გამოკრა თითი სასხლეტს, თორემ… ამ სეირის ფინალს კი სულგანაბული ელოდა ყველა დამსწრე: ჩამოპატიჟებული გრანდი თუ ადგილობრივი გრანტომანი, თეთრკანიანი, მონგოლოიდი თუ ზანგი, მარტორქების მომთვინიერებელი თუ წყლის ჩამომტარებელი. იმ გასროლით სუპერტოპიკმა არა მარტო ცხოველზე იმარჯვა: ცივი შხაპი (არადა, რა კარგია სიცხეში!) გადაასხა ყველას, ვისაც კი გულში მის მიმართ რაიმე შავი ზრახვა ჰქონდა ჩადებული. როგორც მერე დაითვალეს, ოცდაათმეტრიან ზონამდე მხეცს სამიოდე ნახტომი თუ აშორებდა, როდესაც ერლომყაენის ზუსტად ნასროლმა ტყვიამ მარტორქის მარცხენა თავის შუბლის ძვალი ნაფლეთებად აქცია. მხეცის სასიკვდილო შებღავლებას და ინერციით ათიოდე მეტრით წინ წაბარბაცებას მისი მიწაზე საბოლოო დანარცხება მოყვა. ერთმანეთში არეული ტვინი და სისხლი კი ისეთი ძალით ჩქეფდა ტყვიით გახვრეტილი სქელი ტყავიდან, ვით დაგუბებული წყალი გარღვეული ჯებირიდან. წამით ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდა და სუპერტოპიკს ისიც კი მოესმა, თუ როგორი შვებით ამოიგმინა მისმა პირადმა მცველმა. გავიდა კიდევ რამდენიმე წამი და იქაურობა მხურვალე ოვაციამ შეაზანზარა. ტაშს უკრავდა ყველა: გრანდი თუ გრანტომანი, თეთრკანიანი, მონგოლოიდი თუ ზანგი, მარტორქების მომთვინიერებელი თუ წყლის ჩამომტარებელი. მან კი კარაბინი ყველას დასანახად ორივე ხელით მაღლა ასწია, გამარჯვებულის იერით ფრთხილად მიუახლოვდა მხეცს, რომელიც თანდათან იცლებოდა სისხლიდან და ჩექმებიანი ფეხი დაადგა ზურგზე. აი, თურმე, რას ნიშნავს მსხვილი კალიბრი! მერე კი მილოცვების გადაუღებელი წვიმა წამოვიდა… პირველებმა კი იმ ვაჟკაცებმა, მონადირეთუხუცესმა და ზამბია–ბოტსვანის ზონის სტატს–მდივანმა, მოირბინეს მოსალოცად.

            შემდეგ ჯიპების ქარავანი უკან, ზონის მთავარ ქალაქ ლუსაკაში გაბრუნდა, სადაც გვიან საღამოს სუპერტოპიკის პატივსაცემად დიდი ბანკეტი გაიმართა. ერლომყაენს დიდი მოწიწებით მიართვეს მოკლული მარტორქის ხორციდან დამზადებული კოლორიტული კერძი – მობიბინე სტეიკი – რომელიც მას დიდად არ მოეწონა. ცოტა არ იყოს, შეზიზღდა კიდეც, მაგრამ მაინც იძულებული გახდა გაესინჯა: ამდენი გულითადი და თვალებში შემციცინე ადამიანის გარემოცვაში ზედმეტი წუნიანობის გამოჩენა წარმოუდგენელი იყო. საბანკეტო დარბაზში, მიუხედავად ჩართული „კონდიშენისა“, სიცხე და დახუთულობა იგრძნობოდა, მაგრამ სუფრასთან მან თავი ვერ – უფრო კი არ – შეიკავა, ოფიციანტს საყინულიდან ნახევარლიტრიანი ბოთლი ციმბირული არაყი მოატანინა და შესვა კიდეც რამდენიმე სირჩა, – კაცმა რომ სთქვას, სრული სიგიჟე ასეთ ამინდში. რომ დალია, ეს ქვის გულიც, ცოტა არ იყოს, აუჩუყდა და მოულბა, სახეზეც შეეტყობოდა ეს მოლბობა. აი, მაშინ შეარჩია დრო მთავარმა მასპინძელმა – ადგილობრივმა სტატს–მდივანმა, თამამად მიიჭრა მასთან და, აღელვებულმა, ენის ბორძიკით, თუმცა, ძალზე ზრდილობიანად, ორიოდე სიტყვის შესმენა სთხოვა. სუპერტოპიკსაც რა ექნა, თანხმობის ნიშნად გაუღიმა მასპინძელს, პირად მცველს სკამიდან წამოდგომა უბრძანა და აღელვებული მოხელე გვერდით მოისვა. სტატს–მდივანმაც არ დააყოვნა, სხაპასხუპითა და ნერწყვის ხშირ–ხშირი ყლაპვით გადმოანთხია გულისნადები. სასტიკმა გვალვამ, – ჩიოდა ის, – მოუსპო ზამბიელ გლეხკაცს სარჩო, მოსავალი დაიწვა, ქვეყნის ეკონომიკა მეორე წელია თავისუფალ ვარდნაშია, ხალხს ტოტალური შიმშილი ემუქრება, სამდივნო იძულებულია მაღალ პროცენტში შეისყიდოს ევროპა–ამერიკაში მარცვლეული და დიზელი, რადგან პირდაპირი გადახდისთვის საკმარისი ვალუტა ხაზინაში არ მოიპოვება. ზამბიის ზონამ არაერთხელ დასვა საერთაშორისო საკრედიტო ბანკის წინაშე საკითხი დაბალპროცენტიანი სესხის სასწრაფოდ გამოყოფის თაობაზე, სტატს–მდივანმა არაერთხელ პირადად მიმართა ბანკის გამგეობის თავმჯდომარეს შესაბამისი თხოვნით და თანგრძნობის იმედიც ჰქონდა, მაგრამ საქმე, სამწუხაროდ, გაყინულია, არ იძვრის, არადა ვითარება თანდათან გაუსაძლისი ხდება. როგორც ჩანს, – ლამის ჩურჩულით დაუმატა სტატს–მდივანმა, – დიად ქართიაში ჩადებული სოციალისტური პრინციპები ყველას თავისებურად ესმის, თორემ ჩვენ არ დაგვჭირდებოდა მთელ მსოფლიოში სამათხოვროდ ხელგაწვდილი სიარული. წარმოიდგინეთ, ბანკის მესვეურები უარით გვისტუმრებენ ისეთ დროს, როდესაც აქ  მარტო შიმშილით ყოველდღე ოცდაათამდე ადამიანი იხოცება და სამდივნომ ვერ შეძლო ამ ციფრის ორჯერ დაწევა მაინც! არადა, გვალვამ მხოლოდ ზამბიას ხომ არ გადაუარა, კლიმატის თვალსაზრისით მსგავსი ვითარება მეზობელ ზაირსა და ზიმბაბვეშიც შეინიშნება, მაგრამ კინშასასა და ხარარეში საწყობები გადაძეძგილია ნაირნაირი სურსათით, ცხოვრება ჩქეფს, ზამბიის გულისთვის კი თითიც არავის გაუნძრევია, ვადაგასული კონსერვების გადმოცემასაც კი გვაყვედრიან. ერთი სიტყვით, შიმშილი მატულობს, გრანტომანები ბუზღუნებენ, რეგიონალური მთავრობა სრულიად უმწეოა, დიდ მსოფლიოში კი ყურსაც არავინ იბერტყავს, ამიტომაა რომ ასეთ ჟამს თქვენი შეწუხება გავბედე და აქ გეახელით, თორემ… სუპერტოპიკი მოხელეს უსმენდა და გრძნობდა, თუ როგორ იზრდება და ეჩხირება ყელში მოწოლილი ბრაზის გუნდა. როგორ, ნუთუ უკვე ბედავენ და მასაც უგებენ მახეს საამურად შეთითხნილი მოხსენებების სახით? როგორ ყელყელაობდა უკანასკნელ თათბირზე სოფლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი: გაგვაჩნია გარკვეულ სირთულეები, გვიპირისპირდება ზოგიერთი სოციალურად შეუგნებელი გრანტომანი, აფრიკის ზოგიერთ რეგიონში გვალვის შედეგად მოსავლიანობა შემცირდა და დარგი დროებითმა სტაგნაციამ მოიცვა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ რათა… მართლაც, არ წარმოედგინა, თუ სამხრეთ აფრიკაში ესოდენ მძიმე მდგომარეობა შექმნილიყო, ამათ კი საფარი და დროსტარებაო… ვიღაც–ვიღაცეებს, როგორც ჩანს, მისი მუშტი მოენატრა, ისევ დასაფერთხია სამთავრობო ხალხი, ბრიყვები… იმ სახელდახელო აუდიენციის ბოლოს მან ზონის გასუსულ მეთაურს თვალებში ჩახედა, მის მზერაში შიშნარევი იმედის გარდა ვერაფერი ამოიკითხა, შემდეგ მოწყალედ თავი დაუკრა, გაუშვა (რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მთხოვნელის სიტყვა არ დარჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა), სკამთან კვლავ პირად მცველს უხმო, სუფრას მიუბრუნდა და სავსე ჭიქა არაყი დაისხა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აღმავლობის გზაზე შემდგარმა ყოფილმა მონადირეთუხუცესმა ფედერალური მინისტრის სავარძელი მოირგო, სუპერტოპიკს ყურში ჩაუწვეთეს, თითქოს მონადირეთუხუცესის ცოლმა საფარიმდე რამდენიმე დღით ადრე სტატს–მდივნის ცოლისგან საჩუქრად ბრილიანტის ყელსაბამი მიიღო, შედეგად კი ორთავიანი მარტორქა მოინადირეს სწორედ ზამბიის (და არა, დავუშვათ, მეზობელი ზიმბაბვის) ტერიტორიაზე, მაგრამ სუპერტოპიკმა გადაწყვიტა ამ ჭორისთვის ყურადღება არ მიექცია.

            წამიც და მზის მხურვალე დისკო ქრება, იშლება მისი თვალთახედვიდან და ფიქრის მღვრიე დინება კიდევ უფრო შორეულ წარსულში მიექანება. წინა საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, როდესაც ომი ახალი დამთავრებულია, მშვიდობა პირობითი ცნებაა, პლანეტის ნანგრევებზე კი სისხლიანი, პრაქტიკულად უმართავი ქაოსი მძვინვარებს. რაც მთავარია, მომავალი დიადი ქარტიის იდეა, მავანთა წარმოდგენაში, ერთი უტოპიური, განუხორციელებადი ზღაპარია და რეალურ ალტერნატივად მხოლოდ წესრიგის დამყარებისთვის მებრძოლი ერთი მუჭა შეიარაღებული რაინდების – ჭეშმარიტი იდეალისტებისა და მომავალი გრანდების – გონებაში თუ ყალიბდება. ის, რომ ისტორია ამ იდეალისტებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში მსოფლიოს ყველაზე მაგარ მატერიალისტებს გამოძერწავს, უკვე სხვა საკითხია… განგების ნებით ცხრამეტი წლის ერლომყაენ ნუცუბიძე (მაშინ ქაოსის წინააღმდეგ მებრძოლი დამსჯელი რაზმის ერთ–ერთი უმცროსი მეთაური) კავკასეთის არეალში მოღვაწე საველე გრანდების ყურადღების არეალში ექცევა. იმდროინდელი სამხედრო–პოლიციური პრაქტიკა გულისხმობს საუკეთესო სამხედრო წინამძღოლების მშობლიური რეგიონებიდან მოცილებასა და პლანეტის სხვა უბნებზე გადასროლას. მიზეზი: მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი მაშინ ბევრი იღვრება და თანამემამულეების, თუგინდ დამნაშავეების, ხოცვა–ჟლეტაში მონაწილეობა, ყველაზე სასტიკი მეთაურებისთვისაც კი, ფსიქოლოგიურად მძიმედ ასატანია.

            თითქო მიძინებულ ერლომყაენს ახსენდება: მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე წარმატებულ პოლიციურ აქციაში სიმამაცე და საზრიანობა გამოიჩინა, იგი თანამებრძოლეებში გამოარჩიეს, ფსევდონიმად ახალი გვარი – „ქვისგული“ – შეურჩიეს და ურთულეს, ეთნიკურად უჭრელეს მხარეში, ბალკანეთში, მიავლინეს. ერთგული და პატიოსანი ადამიანების მკაცრი დეფიციტის პირობებში, ახალგაზრდა ქვისგული თავიდანვე ბალკანეთის ზონის სპეცბრიგადის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. აქ ჩატარებული ეგზეკუციების დროს ერლომყაენს არაერთხელ მოუწია სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და ორი ჭრილობაც მიეღო: მსუბუქი – ხელის მტევანში და შედარებით მძიმე – ბარძაყში. საბედნიეროდ, ამ ჭრილობებმა საბოლოოდ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მის ჯანსაღ და ძლიერ ორგანიზმს ვერ მიაყენეს. ჯილდოებით დახუნძლული ერლომყაენის ჯერ ხუნვეიბინების საპატიო რიგებში მიღებას, შემდეგ კი გავლენიანი გრანდების წრეში შეყვანას ნაირნაირი ხიფათებითა და თავგადასავლებით სავსე რამდენიმე წელი დასჭირდა. სწორედ იმ პერიოდში ჩამოუყალიბდა მას მტკიცე რწმენა იმისა, რომ ამ რადიაციით მოწამლულ სამყაროში ენერგიულმა და ჭკვიანმა ადამიანმა საკუთარი წარმატებული ბიოგრაფია იარაღით ხელში უნდა გამოსჭედოს: საზოგადოებაში დასამკვიდრებლად სხვა გზა არაა. სხვათაშორის, იმ წლებში ერლომყაენმა პირველად მოიპოვა გარკვეული პიარ–პოპულარობა: მისი ახალი გვარი (ფოტოების გამოქვეყნება გასაგები მიზეზების გამო აკრძალული იყო) საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა ბალკანეთის პოლიტგანყოფილების სპეცბიულეტენის ფურცლებზე, სადაც იგი ხასიათდებოდა, როგორც ზონის ერთ–ერთი ყველაზე სამაგალითო და გულადი ახალგაზრდა ოფიცერი. მაშინ ნგრევისა და სიდუხჭირის მასშტაბები ევროპაშიც კი უაღრესად თვალშისაცემი იყო, ხოლო ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გაგადგმული თითოეული ნაბიჯის ფასი შეიარაღებულ კონფლიქტებთან და სისხლიან გარჩევებთან იყო დაკავშირებული, რაც, სხვათაშორის, ეკონომიკის აღმავლობასა და წარმოების ზრდას სრულიადაც არ უწყობდა ხელს. კეთილდღეობამ ევროპიელთა ოჯახებში შემოიჭყიტა მოგვიანებით, სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში, ორმოცდაათიანებში და, ნაწილობრივ, სამოციანებშიც კი, მთელი კონტინენტი (სხვა კონტინენტების დარად) გახვეული იყო სასტიკ კლასობრივ ომში, რომელიც ძალზე წააგავდა განკულაკების პროცესს საბჭოთა რუსეთში, – უნდა ითქვას, პოლიტდეპარტამენტი დღენიადაგ ზრუნავდა მეთაურების ისტორიულ განათლებაზე და ბავშვობიდან კითხვას მიჩვეულ ერლომყაენს  მრავალი სპეცკურსის დაზუთხვა დასჭირდა, რათა ზონის მოწინავე სამხედროთა შორის საპატიო ადგილი დაემკვიდრებინა. საბედნიეროდ, ის ძალზე პატივმოყვარე ადამიანი გამოდგა. ძილსაც იკლებდა და კუთვნილ დასვენებასაც, ოღონდაც წინსვლის პერსპექტივა არ დაეკარგა. ამასთან ატანა არ ჰქონდა ამპარტავანი და სულმოკლე ინტრიგანებისა, რომლებიც ცხოვრებისეულ წარმატებებს, ძირითადად, პატარ–პატარა თაღლითობების ხარჯზე აღწევდნენ. მალე ბრიგადის მეთაური სხვაგან გადაიყვანეს, მის ადგილზე ერლომყაენი დანიშნეს, ამ საკადრო ცვლილებას შედეგად კი ის მოყვა, რომ სპეცბრიგადა მთელ ბალკანეთში თითით საჩვენებელი გახდა, ამ ცნების საუკეთესო მნიშვნელობით, რასაკვირველია…  მაშინ ზღვა სისხლი დაიღვარა, დღეს ვისღა ახსოვს, ყველას ყველაფერი მზამზარეული უნდა… არადა, წერტილოვანი ამბოხებებისა და, მით უფრო, სტიქიური აჯანყებების დაშოშმინება თეთრ ხელთათმანებში არ გამოდიოდა, მანდ სიმტკიცეც იყო საჭირო და სისასტიკეც. სხვა გამოსავალს ვითარება სპეცბრიგადის მეთაურს არ უტოვებდა, ლიბერალიზმი კი ღალატად აღიქმებოდა მმართველი გრანდების თვალში. სამწუხაროდ, დარბეულ ნასოფლარებში ადამიანური ლმობიერების მცირედი გამოჩენაც კი, თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რამეთუ შეიარაღებული და თავზე ხელაღებული სამოქალაქო პირებისგან შემდგარი პარტიზანული რაზმები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ მის – ანუ მომავალი ერთიანი სახელმწიფოს – ჯარისკაცებს. როდესაც ბრიგადასთან მიმაგრებული ზონდერების კორპუსი (შესაბამისი ბრძანების გაცემისას კი ერლომყაენს გვერდს ყოველთვის პოლიტგანყოფილების კურატორი უმშვენებდა) ვიღაც ბოსნიელ, ალბანელ თუ ბულგარელ ფერმერს ქონებისა და გადამალული იარაღის საკონფისკაციოდ მიადგებოდა, ეზოში კი არაფერი ისმოდა ყაყანის, წყელვა–კრულვისა და ლანძღვა–გინების გარდა, ქვისგული ენერგიას პოლიტიკური ლექსიკის გამოყენებაზე უქმად არ ხარჯავდა – პირდაპირ საქმეზე გადადიოდა ხოლმე. ზემდგომ გრანდებს დიპლომატიის ენა მისთვის არ უსწავლებიათ, ამის ცოდნა მერე მოვიდა, გამოცდილებასთან ერთად.

            ო, რარიგ გულწრფელად, რა ვნებითა და სიძლიერით ეხერხებოდა მას სიძულვილი იმ დალოცვილ და ცეცხლოვან სიჭაბუკეში, ნახევარი საუკუნის წინათ! გულწრფელად სწამდა, რომ ამქვეყნიურ ბოროტებას ებძვის: ამ რწმენის გარეშე მასაც კი გაუჭირდებოდა დაუნდობელ პოლიციურ აქციებზე გასვლა. გულში სხვანაირი, თავისებური რომანტიზმით შეკმაზული ალი ენთო: აღაგზნებდა, აღაშფოთებდა, უძლიერებდა კაცობრიობის გადარჩენისთვის მიმდინარე დიად ომში მონაწილეობის სურვილს. მისთვის ადრე გახდა თვალნათლივ ცხადი, რომ ომისშემდგომ, ისედაც დაქცეულ დედამიწაზე, ძალიან ბევრი უსამართლობა დაგროვდა: ზოგი შიმშილით კვდება, ზოგი კი იხრჩობა ნაირ–ნაირ სასუსნავში და არ იცის, რა ახალი სისაძაგლე მოიგონოს, რათა გაუბედურებული თანამოქალაქეების სიღატაკის ფონზე მორიგი ავხორცეული სიამით დატკბეს. განა ეს დასაშვებია? იმხანად ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი სუფთა წყლითა და ეკოლოგიურად წმინდა საკვებით სპეკულირება იყო: რადიაციული დაშლის პროდუქტებით გაჟღენთილ გარემოში მოსავლიანობის კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე უქონელ ფენაზე, მომავალ გრანტომანებზე, აისახა. მერე, მოგვიანებით, როდესაც ისტორიული განვითარების კლაკნილმა გზამ მისი პერსონა ჯერ მმართველი გრანდების პოლიტიკურ წრებრუნვაში ჩართო, შემდგომ კი აღაზევა კიდეც მათზე; როდესაც ღვთის მიერ მისთვის პოლიტიკური ორომტრიალისთვის ბოძებული, სწრაფი და მოქნილი ინტელექტის წყალობით მან მოვლენათა სწორი განჭვრეტა ისწავლა, აი, მხოლოდ მაშინ, და არც ერთი წუთით ადრე, რომანტიკული სიძულვილი სხვა, გაცილებით უფრო პრაგმატულმა გრძნობებმა და გათვლებმა ჩაანაცვლა. ცივი გონებითა და გაყინული სისხლით მოქმედება, პირადი გრძნობებისა და სიმპათია–ანთიპატიების დათრგუნვა, – აი რა აღმოჩნდა მისი წარმატების ჭეშმარიტი წინაპირობა (თორემ გულადი ოფიცრები სამხედრო ნაწილებში უკვე თავზე საყრელად იყო). სამხრეთი ევროპის სამხედრო–პოლიციური ფრაქციიდან გრანდების ელიტსაბჭოში არჩევის შემდგომ კი ყოველთვის შეგნებული აუცილებლობის კარნახით უწევდა მოქმედება. რაც შეეხება უზენაეს ძალაუფლებას… თითოეული მისი ნაბიჯი სუპერტოპიკის პოსტზე იყო ასეთი და არა ისეთი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვანაირად შეუძლებელია, რადგან შეცდომის დაშვება ძალზე ძვირად დაუჯდება მასაც და მთელ კაცობრიობასაც, ისედაც ძლივს გადარჩენილსა და ნაგვემ–ნატანჯს. თუმცა ერთი კია: იმის გააზრება, რომ პიროვნულად სწორედ მას (და არა რომელიმე ვიგინდარა გრანდს) ხვდა წილად ეპოქალური გადაწყვეტილებების მიღების ბედნიერება, აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია მთელ მის არსებას კანონიერი სიამაყით აღავსებს. ეს კი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რაც უნდა ქვისგული და სუპერტოპიკი იყოს, მაინც სისუსტეებისგან შემდგარი ცოცხალი არსებაა.

            ყველასთვის, ვისაც კი მასთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონია, ცნობილია, რომ მისი სისუსტეებით მანიპულირება არა მარტო შეუძლებელი, არამედ ძალზე სახიფათოცაა. სამაგიეროდ სავსებით დასაშვებია მასთან საქმიან პოლემიკაში შესვლა (ოღონდ კორექტულ ფარგლებში). მეტიც, ეს მისასალმებელიც კია. თუკი ოპონენტის არგუმენტები მართლაც ღირებულია, არც ასეთ კამათში მოპოვებული გამარჯვებაა დასჯადი და არც დამარცხებაა სირცხვილი. პირობა ერთადერთია: ოპონენტი არ უნდა ცდილობდეს ინტელექტუალური იძულების წესების გამოყენებას და მოპაექრის სულიერად დამცირებას. აი, იმას ხომ მაინც მიაღწია ერლომყაენმა, რომ მისი ხასიათის ამ თავისებურებას დღეს ანგარიშს უწევენ როგორც მომხრეები, ისე ფარული მოწინააღმდეგეებიც. ისე, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მასშტაბური გამოწვევების წინაშე უწევს დადგომა. უკვე მერამდენე წელია, რაც მისი თვალთახედვის არეში მოქცეული გრანტომანების ოდენობა ითვლება არა ათასებში და ათიათასებში, არამედ მილიონებში და მილიარდებში. ბუნებრივია, საქვეყნო გადაწყვეტილების მიღების მომენტში სულ უფრი ძნელი ხდება ერთმანეთს მიმსგავსებული, მიკროსკოპიულად პატარა ადამიანების ბედის გათვალისწინება, მით უმეტეს, რომ ბოლო ათწლეულებში ეს პატარა ადამიანები – მათ შორის, სუპერტოპიკის დემოგრაფიული პოლიტიკის წყალობითაც – ასე მომრავლდნენ პლანეტაზე. იმავდროულად, მასთან პირად კონტაქტში შემავალი ადამიანების წრე უაღრესად შეიკუმშა. პირადი კანცელარიის გენერალურ მდივანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მასთან კაბინეტში ვერავინ ბედავს შესვლას: ვერც მისი მოადგილეები, ვერც ელიტსაბჭოს წევრები, ვერც ფედერალური მინისტრები, რეგიონალურ სტატს–მდივნებსა და მინისტერიალ–დირექტორებზე რომ არაფერი ითქვას. ბოლო რამდენიმე წელია გამონაკლისი ვრცელდება უმაღლესი რანგის ოთხად–ოთხ მოხელეზე: კანცელარიის ხსენებულ გენმდივანზე, პარლამენტის სპიკერზე, უშიშროების სამსახურის დირექტორზე და ფინანსთა მინისტრზე – ამ უკანასკნელთან ერლომყაენს აკავშირებს დიდი ხნის ნაცადი მეგობრობა, რომელიც სათავეს სამხედრო–საველე სიჭაბუკესა და კრიტიკულ ვითარებებში ერთმანეთის მხარდამხარ დგომაში იღებს. საზოგადოების დასანახად სუპერტოპიკი თავის რეზიდენციებში რეგულარულად მართავს ელიტსაბჭოს სხდომებს, სადაც მიმდინარე საკითხები იხილება. აგრეთვე საკმაოდ ხშირად იხმობს თავისთან პარლამენტის ყველაზე გავლენიან დეპუტატებს: ესეც პიარ–ინტერესებით გაპირობებული აუცილებლობაა, ვინაიდან დიადი ქარტიის მიხედვით, პარლამენტი დღეს რჩება ერთადერთ გლობალურ ინსტიტუტად, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სუპერტოპიკის იმპიჩმენტის ფორმალური უფლება. საზოგადოდ, განახლებულ ქარტიაში ძალთა ბალანსი რადიკალურადაა გადაწეული აღმასრულებელი ხელისუფლების მხარეს, თუმცა საკანონდებლოსაც მიგდებული აქვს საჯიჯგნად რამდენიმე მსუყე ლუკმა, განსაკუთრებით საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტისას. რკინის ხელი კი „ხელობს“.

            ფედერალურ პარლამენტში დეპუტატების პირდაპირი არჩევნების გაუქმებამ და, ასერიგად, გარდაუვალი საარჩევნო აფერისტობების ძირშივე აღკვეთამ, ხელი შეუწყო უკვე დამყარებული ერთიანი მსოფლიო წესრიგის სტაბილობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, კაცობრიობას მშვიდობიანი განვითარების სრულ გარანტიას თუ არა, გადარჩენის საუკეთესო შანსს აძლევს. ნუ, ასეთია სუპერტოპიკის ხედვა. მისი ინიციატივით  პარლამენტში დეპუტატებს ნიშნავენ ქონებრივი ცენზის პრინციპით შერჩეული გრანდებისა და მოწინავე ხუნვეიბინებისგან შექმნილი საარჩევნო კლანები, ხოლო შერჩეული დეპუტატების უფლებამოსილებას ამტკიცებს უსაფრთხოების რეგიონალური ზონის სტატს–მდივანი. ეს აწყობილი სისტემა დღემდე შესანიშნავად მოქმედებს. ამა თუ იმ გრანდისა თუ ხუნვეიბინის კლანიდან გარიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ასეთ კაზუსს უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. პარლამენტში დეპუტატების შერჩევის პროცედურა იმართება ექვს წელიწადში ერთხელ. სამომავლოდ თეორიულად იგეგმება დედამიწის მოსახლეობისთვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სრული მოცულობით აღდგენა, მაგრამ მხოლოდ შორეულ მომავალში და მხოლოდ მას მერე, რაც კაცობრიობა მომძლავრდება ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც, ჯერჯერობით კი… ჩაფიქრებული გლობალური გარდაქმნის პროცესის დასრულებამდე კაცობრიობა იძულებულია ეგუებოდეს ამ შეზღუდულ პარლამენტარზმს, რადგან ასეთი თვინიერება მის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. სამაგიეროდ გრანტომანებს დაუტოვეს ორთქლის გამოშვების შესანიშნავი საშუალება მუნიციპალური არჩევნებისა და მოქმედი მედიაკოდექსის სახით. საკანონმდებლო ხელისუფლებას კი შერჩენილი აქვს პატარ–პატარა პრივილეგიები, რომელთა ერთგვარი ანარეკლია სხვადასხვა რეგიონებში იმ მედია–საშუალებების მხარდაჭერა, რომელთა გაკონტროლება შედარებით რბილი მეთოდებითაა შესაძლებელი.

            მას შემდეგ რაც ერლომყაენ ქვისგულს უმაღლესი ხელისუფლის ატრიბუტები –  ფედერალური ბეჭედი და ოქროს სამკაპი – ჩააბარეს, ჩვიდმეტი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე მისი იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში არასოდეს დასმულა. ვერანაირი საპარლამენტი კომბინაცია ვერ ბედავს ესოდენ ოდიოზური და სამარცხვინო მარცხისთვის განწირული წინადადების ტრიბუნიდან გახმოვანებას. თანაც ყველაზე იდიოტ დეპუტატსაც კი კარგად ესმის: ამგვარ სულელურ ინიციატივას ერთადერთი რამ – უსასტიკესი რეპრესია მოყვება. ამიტომაა რომ მსოფლიო ინტერნეტი, პრესა და ტელევიზია დღენიადაგ სუპერტოპიკის ქება–დიდებაში ეჯიბრება ერთმანეთს. აი ფედერალური მინისტრებისა და დეპუტატების მოზომილი კრიტიკა კი მოსულა. ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ მოხელეთა შორის  ხელშეუხებელი არავინაა. ძალზე იშვიათად სუპერტოპიკი ამა თუ იმ ფორმით (ზომიერი სისასტიკის ფარგლებში, რამეთუ გრანდების ზედმეტ გაღიზიანებას მაინც უნდა ერიდოს) სჯის ამა თუ იმ გათავხედებულ მაღალჩინოსანს, და ყველა კმაყოფილი რჩება იმ უბედურისა და მისი ოჯახის გასაცოდავებული წევრების გარდა. დიახ, სუპერტოპიკს მრავალ ადამიანთან უწევს საქმიანი შეხვედრა, მაგრამ, ღვთისა და უშიშროების წყალობით, ის ამ ადამიანებს ძალიან კარგად იცნობს: მათ სუსტ თუ ძლიერ მხარეებს, მათ განცდებს, დაუმორჩილებელ ვნებებსა თუ დამორჩილებულ ფანტაზიებს. მეხსიერებას სუპერტოპიკი ჯერჯერობით არ უჩივის, ახსოვს მათი ყოველი ღირებული გამონათქვამი და პირუკუ – ნებისმიერი ოდნავ გადაბრუნებული სიტყვა „რკინის ხელის“ რეჟიმზე, თუნდაც უახლოესი ნათესავების წრეში დაუფიქრებლად წამოცდენილი. დიახ, იმდენად კარგად იცნობს მათ, რომ ამ ცოდნის გამო თავს სულ უფრო ხშირად სხვათაგან უბრად მიტოვებულ, უმაქნის, მარტოხელა ბებრუცუნად შეიგრძნობს. მოსაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი, ამაზრზენიც კი…

            ახლა კი აქ, მუხის ამ მაგიდასთან, მოგონებათა ბურუსში გახვევით ცდილობს საკუთარი თავის წინაშე მაინც გაარკვიოს, თუ რას, რის სამსახურს შესწირა და შეალია მთელი ცხოვრება.

            ახსენდება მაგალითად, რომ იმ აწ გარდასული, შიმშილიანი, რადიაციით გაჟღენთილი და სისხლიანი შეტაკებებით აღსავსე წლების ცეცხლოვანი ლოზუნგები – მის გონებასა და მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი, – ასკეტიზმსა და მომხვეჭელობისადმი სიძულვილს ქადაგებდნენ. თავად ერლომყაენ ნუცუბიძე წარმომავლობით ერთი უპოვარი და მშრომელი კავკასიური ოჯახიდან იყო და მდიდრები არასოდეს უყვარდა. მათი დასჯა – განსაკუთრებით საკონფისკაციო რეიდების დროს – მისთვის სრულიად ბუნებრივი იყო. უკანონოდ გაქსუებულები ყოველთვის ეზიზღებოდა. ჰო, სულაც არაა გასაკვირი გეზიზღებოდეს მდიდრები და იქადაგო საყოველთაო ასკეტიზმი, თუ შენს ზონაში გაქანებული საბარათე სისტემა მოქმედებს, ხოლო ცხელი კერძის ერთი მათლაფა და თეთრი პურის მსუყე ნაჭერი გეკუთვნის მხოლოდ იმის ხათრით, რომ ყოველდღე შუბლს უშვერ კულაკის „აბრეზიდან“ გამოტყორცნილ ტყვიას. ამ დროს კი ცალკე დედაშენი და ცალკე მამაშენი ტყავიდან ძვრებიან, რომ როგორმე გამოსტყუონ ცხოვრებასა და შავ ბაზარს ქილა ერბო და პაკეტი რძე შენი და–ძმის გამოსაზრდელად. ეჰ, ვერც ერთი ვერ გადარჩა. სპეცბრიგადიდანაც კი ვერ ვუშველე, ბალკანეთი შორეა… ყოველთვის უკვირდა: ნუთუ მის მშობლებს სიღატაკის გასამრავლებლად ეცალათ? მეტი დარდი და საქმე არ ჰქონდათ? მოგვიანებით კი მიხვდა: კონტრაცეპტივების წარმოება იმხანად აიკრძალა და პრაქტიკულად შეწყდა, აბორტი კი (გარდა დაშვებული ფორმებისა) მძიმე დანაშაულის რანგში იყო აყვანილი: ომის მერე კაცობრიობამ ისე დაიკლო წონაში, რომ შობადობის სტიმულირებაზე სხვადასხვა კონტინენტზე მოთარეშე ბანდებიც კი ზრუნავდნენ.

            ომი… როდესაც მსოფლიო ომი დაიწყო, ერლომყაენი ყოფილი საქართველოს ერთი პატარა დასახლების, დაბა სამტრედიის ინტერკოლეჯის მეცხრე საფეხურის მოსწავლე იყო. სიყმაწვილის ოქროს ხანა… უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადებოდა, მაგრამ ქუთაისის მახლობლად დაცემულმა ატომურმა ბომბმა ყველანაირი კოლეჯი და უნივერი ერთიანად მოსრა და მოსპო. როდესაც საომარი მოქმედებები პლანეტაზე შეწყდა და ახალ კავკასეთში, ისევე როგორც სხვაგან, ლამის პირველყოფილმა ქაოსმა დაისადგურა, კაციჭამიებისა და მაოხრებლების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება საკუთარ თავზე ჯარისა და პოლიციის გადარჩენილმა ნაწილებმა აიღეს. ერლომყაენი, ოღონდაც ნაქალაქარში გაუბედურებულ ოჯახთან ერთად არ დარჩენილიყო და – ყველაფრისთვის მზად იყო, კიდევ კარგი, რომელიმე ბანდაში არ ჩაითრიეს, ბევრი მისი ნაცნობივით… საბედნიეროდ, ის ახალშექმნილ პოლიციურ რაზმებში პირველგაწვეულთა შორის აღმოჩნდა, ოდნავ მოგვიანებით კი ადგილობრივ სპეცბრიგადაში ამოყო თავი – ეს დიდი სიკეთე იყო, რადგან აქ შიმშილით სიკვდილი აღარ ემუქრებოდა. ომი კი დამთავრდა, მაგრამ ამასაც თუ მშვიდობა ერქვა… ო, რა საშინელი დრო იყო! გახსენებაზე ახლაც აჟრჟოლებს. აუტანელი სიცხე ზაფხულში, უწყლობა, ძალადობა, ინფექციები, მასიური მოწამვლები და განვითარებადი კანიბალიზმი, – აი, როგორი იყო იმ ვაი–მშვიდობის ყველაზე თვალშისაცემი ნიშნები. ცხოვრების მინიმალურად მოწესრიგება პირველ ყინვებამდე უნდა მოესწროთ. უკვე ჩამოყალიბებული სპეცბრიგადების ძალისხმევით ახალი წლის დადგომამდე ვითარება ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ დასუსტებული ადამიანები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მასობრივად განაგრძობდნენ სიკვდილს. ლეტალობა იზრდებოდა, მაგრამ არა ჭრილობებისა თუ დასხივების შედეგად მიღებული დამწვრობების გამიზეზების გამო. თვით სასიცოცხლო გარემო გახდა უვარგისი. რაღაც დაემართა ამინდს: ის სუსხიანი ზამთარი კავკასეთში თითქმის ექვსი თვე გაგრძელდა, გაზაფხული საერთოდ არ დადგა, ზაფხული კი უაღრესად ცხელი და გვალვიანი აღმოჩნდა. ხორბლეულის პირველი ომისშემდგომი მოსავალი კატასტროფულად მწირი და, თანაც, რადიაციულად დაბინძურებული იყო, წყალი არ ვარგოდა. მიუხედავად ახალგამოჩეკილი ადმინისტრაციული ორგანოების ხილული მცდელობებისა, მშვიდობის მეორე წელს სუსტებსა და ინვალიდებს სამყოფი არ ერგო: მათი უმრავლესობა შიმშილმა და წყურვილმა შეიწირა. წამლები გაქრა, სამედიცინო აპარატურის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო, მცირერიცხოვანი ექიმები კი ლუკმა პურის საფასურად სხვადასხვა ჯურის ნაძირლებს ემსახურებოდნენ. ძალიან ხშირად გადარჩენისთვის ველურ ბრძოლაში ჩაბმული უბრალო ადამიანი მიკროსკოპიული ნაჩხაპნიდან შეჭრილ ელემენტარულ ინფექციას ვერ უმკლავდებოდა და ელემენტარული სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო ზეზეულად ლპეპოდა. საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეული იყო, ქალები, მოხუცები და ბავშვები გამხეცებული მოძალადეების ხელში აღმოჩნდნენ. ერლომყაენის სპეცბრიგადაში სამსახურის მესამე წელიწადს კლიმატი, როგორც იქნა, ოდნავ გამოკეთდა და წელიწადის დროებმა კვლავ დაიკავეს კუთვნილი ადგილი ჟამთა ცვალებადობის წლიურ ციკლში. მაშინ მთელმა კაცობრიობამ ამოისუნთქა, გაშალა დაჩეხილი ფრთები. მომდევნო წლებში ალაგ–ალაგ დაიწყო წარმოების აღდგენა, ჯერ მარტივისა, შემდეგ კი – ზოგან – მაღალტექნოლოგიურის. რაც მთავარია, გადაიდგა პირველი რეალური ნაბიჯები სხვადასხვა ხალხების ერთიან ფედერაციაში მოსაქცევად. სხვადასხვა სფეროში სწრაფად მიმდინარე რეფორმებმა მოიტანეს ახალი ტიპის სოციალური დანაწევრება, რომელმაც რაღაც ათიოდე წელიწადში მეტნაკლებად დასრულებული სახე მიიღო: შედარებით კეთილშობილმა ბანდიტებმა და ახალი ყაიდის მსხვილმა ბიზნესმენებმა შობეს გრანდები, მათმა უმცროსი ამფსონებმა და ხელის ბიჭებმა – ხუნვეიბინები, ქალაქად ჩარჩენილი მოსახლეობის უდიდესი (და მეტწილად დაუსაქმებელი) მასა კი გრანტომანებად – ადმინისტრაციულ დახმარებაზე ჩამოკიდებულ ადამიანებად – ჩამოყალიბდა. სოფლის მოსახლეობის ბედი კიდევ ცალკე და განსაკუთრებული თემა გახლდათ: ქარტიამდელი ძველი ელიტსაბჭო დანგრეულ ქალაქებში შერჩენილი მოსახლეობის დასაპურებლად და წარმოების ასამუშავებლად სოფლად იძულებითი კოლექტივიზაციის გზას დაადგა: საკვების მწვავე დეფიციტის პირობებში, დამშეული მასების ფიზიკური გადარჩენის შანსს მხოლოდ პურისა და ბრინჯის (კონტინენტს გააჩნდა) მოსავლის ცენტრალიზებული აღება, დასაწყობება და მისი საბარათე სისტემის საშუალებით გადანაწილება ქმნიდა. რასაკვირველია, განკულაკების პოლიტიკას შეძლებულმა ფერმერობამ იმთავითვე გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. როდესაც სპეცბრიგადაში ჩარიცხულმა ახალგაზრდა ერლომყაენმა უმცროსი ეგზეკუტორის ნაცრისფერი ფორმა მოირგო, გრანდების ჯერ კიდევ მყიფე ხელისუფლების წინაშე საკითხი უკვე ძალზე მკვეთრად დაისვა: ან გამარჯვება, ან სიკვდილი. ამ ლოზუნგის გაშლა კი ასეც შეიძლებოდა: ან ჯერ კიდევ ჩანასახოვან ფორმაში მყოფი, ღრმად დასამუშავებელი და დასახვეწი, სამაგიეროდ პერსპექტიული, დიადი ქარტიის დებულებების მიხედვით ცხოვრების აწყობა, ან მუდმივი დაუნდობელი ომი პრინციპით: ყველა ყველას წინააღმდეგ. აი, როდესაც ერლომყაენმა ეს არჩევანი ბოლომდე გააცნობიერა, ძალადობითა და თაღლითობით გამდიდრებულ გარეწრებთან შებრძოლების ისედაც ძლიერი მოტივი კიდევ უფრო გაუძლიერდა. მისი შემდგომი კარიერული აღზევება კი მხოლოდ ამ გაძლიერების პარალელური, თანმდევი შედეგი იყო…

            სასიცოცხლო გარემო კი ყოველდღიურად იცვლებოდა. დადგა მომენტი, როდესაც პლანეტის ფედერალურმა მთავრობამ ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლისა და, შესაბამისად, კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების დაწვრილებული გეგმა შეიმუშავა და მაშინდელ ელიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. ამ გეგმის განხორციელება უამრავ ისეთ სირთულეს აწყდებოდა, რომელთა დაძლევა რადიკალური გეოპოლიტიკური რეფორმის გარეშე წარმოუდგემელი აღმოჩნდა. ნაციონალურ სახელმწიფოთა ნაშთების ტრანსნაციონალური ზონებით ჩანაცვლების იდეაც მაშინ დაიბადა, – კაცობრიობის კეთილი მომავლის ინტერესებში ნებისმიერი ხასიათის ნაციონალიზმი ემბრიონალურ სტადიაზე უნდა აღკვეთილიყო. ვინაიდან გულმხურვალე პატრიოტები და ნაციონალისტები ეროვნული სახელმწიფოების გაუქმებას მხარს თუნდაც მხოლოდ ფიზიოლოგიური მოტივებით ვერ დაუჭერდნენ, მთელი დედამიწის მასშტაბით მათი სრული დისკრედიტაცია და ე.წ. „გაბანძება“ უნდა მომხდარიყო. დასმული ამოცანის წარმატებით გადაწყვეტას იმან შეუწყო ხელი, რომ მას–მედიას უკვე მაშინ თითქმის მთლიანად ელიტსაბჭოსთან შექმნილი პროპაგანდის განტოტვილი დეპარტამენტი აკონტროლებდა. რეპრესიული მანქანით ზურგმომაგრებულმა უმძაფრესმა იდეოლოგიურმა შეტევამ ყველა ჯურისა და ეროვნების ნაციონალისტები ჯერ დესტრუქციულ ელემენტებად, შემდეგ კი სრულ იდიოტებად და გენეტიკურ დეგენერატებად მონათლა. გასაოცარია, მაგრამ ნაციონალიზმის სრულ იდეოლოგიურ მარგინალიზაციას სულ სამიოდე წელი დასჭირდა და გზა მსოფლიო ფედერაციისკენ ხსნილი აღმოჩნდა.

            ომის შემდეგ ნგრევის არეალში მოყოლილი ვეება ტერიტორიების მიღმა დედამიწაზე აქა–იქ განაგრძობდნენ არსებობას ერთგვარი ოაზისებიც: პირდაპირ ატომურ დარტყმებს გადარჩენილი და შედარებით კეთილმოწყობილი რეგიონები, სადაც ნატურალურ გაცვლამდე, ბარტერამდე თუ საბარათე სისტემის ამოქმედებამდე საქმე არასოდეს მისულა და ადამიანები, მიუხედავად მზარდი ინფლაციისა და ომით მოტანილი სხვა ბუნებრივი სირთულეებისა, კვლავაც სარგებლობდნენ მიმოქცევაში დარჩენილი ფულადი ნიშნებით. ასეთ რეგიონებში კაპიტალმა შეინარჩუნა თავისი პირველადი როლი და დანიშნულება, ძველებურად მოქმედებდა შესაძლო მოგების მაქსიმალურად ამოღების ეკონომიკური კანონი. მსოფლიო ფედერაციის მაშინდელმა მესვეურებმა ტექნოლოგიური წინსვლის გენერატორების ფუნქცია სწორედ ასეთ რეგიონებს მიანიჭეს. ელიტსაბჭოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ოაზისებიდან ამოქაჩული ზემოგების ნაწილის გადაქაჩვა პლანეტის ომით განადგურებულ და ჩამორჩენილ მხარეებში. არსებული ჩანაფიქრით, კაპიტალის ბუნებრივი ნამატი უნდა მომსახურებოდა გლობალური ინდუსტრიის სოციალისტურ პრინციპებზე აღორძინებასა და პლანეტის ეკონომიკის გეგმაზომიერ განვითარებას. „რკინის ხელის“ რეჟიმის დამყარება და სუპერტოპიკის აღზევება ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს არ შეხებია. შედეგად, ოცდამეერთე საუკუნის ბოლოსთვის ძველი სამთავრობო ჩანაფიქრი, საბოლოო ჯამში, განხორციელდა კიდეც: მიუხედავად ყველა სირთულისა თუ გადაცდომისა (როგორც ოდესღაც გვალვით გათანგულ ზამბიაში), დედამიწაზე შეიმჩნეოდა ეკონომიკური ზრდა, ნელ–ნელა გვარდებოდა სოციალური პრობლემები, უპოვარი გრანტომანების მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა, გამოცოცხლდა მშენებლობა, საშუალო განათლება და პირველადი ჯანდაცვა მეტნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა, იკლო სიკვდილიანობამ, აბორტების აკრძალვის ხარჯზე მოიმატა შობადობამ, კაცობრიობამ ხანგრძლივი დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო.

            იმ წლებში, როდესაც ნიუ–ანაკლიის საკურორტო ზონაში სუპერტოპიკისთვის ახალი საზაფხულო რეზიდენციის აგება იწყებოდა, კაცობრიობა უკვე კარგა ხანია დიად ქარტიაში დასახული კურსის მიხედვით ვითარდებოდა. ამ ისტორიული დოკუმენტის ფასი მართლაც მაღალი აღმოჩნდა. მისი ამოქმედების შემდეგ მილიარდობით გრანტომანმა (მათ შორის კი იმხანად უმუშევრები ჭარბობდნენ) რაღაც ეტაპზე მართლაც იწამა, რომ კეთილშობილი გრანდების ხელისუფლება ეყრდნობა არა მხოლოდ უხეშ ძალასა და იარაღის ჟღარუნს, არამედ უზენაესი ლეგიტიმურობის შარავანდედით შემოსილ საკონსტიტუციო იდეას. საგულისხმოა, რომ დიად ქარტიაში სრულიად ღიად დაფიქსირდა ომის შედეგად საბოლოოდ გაკოტრებული ლიბერალური აზროვნებისთვის ფრიად უხერხული და მიუღებელი, სამაგიეროდ ტრადიციულად მარადმწვანე უმრავლესობისთვის აბსოლუტურად გასაგები მოთხოვნა: მანდილოსნებსა და არატრადიციული სექსის მიმდევრებს კანონით აეკრძალათ უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობების დაკავება. ბნელი წარსულის გააზრების მცდელობისას, კეთილშობილმა გრანდებმა უკვდავების „ელიქსირისთვის“ უმოწყალო შერკინებაც, ქალთა ზღვარგადასული ემანსიპაციაც და სექსუალური ტოლერანტობაც მესამე მსოფლიო ომის გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნიეს და ჰუმანიტარულ სფეროში მორიგი სახიფათო ექსპერიმენტების წამოწყებას აგრესიული სექსიზმი და ჯანსაღი კონსერვატიზმი ამჯობინეს. ზევით ითქვა, მაგრამ გამეორება არ გვაწყენს: ახალი ეპოქის მთავარი ნიშანი ის გახლდათ, რომ ისტორიულ სანაგვეს ჩაბარდა პლანეტის გეოპოლიტიკური სივრცის ტრადიციული დაყოფა ეროვნული ნიშნის მიხედვით, რამაც ერთხელ უკვე თერმობირთვულ კატასტროფამდე მიიყვანა კაცობრიობა და კინაღამ წერტილი დაუსვა მის არსებობას. ახალგაზრდა პოლიეთნიკურ ელიტებს შორის დამყარებულ კონსენსუსს საფუძვლად დაედო კერძო მფლობელობაზე ზღვრული ფარგლების დაწესება და მსხვილი ბურჟუაზიის სოციალური თანაარსებობიდან ამოშლა, – ამით მეოცე საუკუნის ყაიდის კაპიტალიზმი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. მაგრამ რაკიღა თავად კერძო საკუთრება – თუნდაც წარმოებისა და ვაჭრობის სტიმულირების მიზნით, – დაშვებული იყო, მდიდარი ადამიანების ოდენობა პლანეტაზე თანდათან მაინც მატულობდა. თავისთავად ცხადია, რომ რადიკალური რეფორმების გამჩაღებელმა გრანდებმა თავადაც იყოჩაღეს, საკუთარ ბედზეც იზრუნეს და, შესაძლებლობის გარგლებში, გამდიდრდნენ კიდეც. ისტორიული გონი და ნება კი იმაში გამოვლინდა, რომ დაახლოებით ოცდაათწლიანი ეტაპი (რომლის დასაწყისი ემთხვევა ერლომყაენ ნუცუბიძის ჯარში გაწვევას, დასასრული კი მის სუპერტოპიკად არჩევას), მეცნიერული თვალსაზრისით წარმოადგენდა გარდამავალ პერიოდს ომისშემდგომი ხანის იძულებითი „ველური“ კაპიტალიზმიდან ახალი ტიპის „რბილ“ სოციალიზმამდე: გამდიდრებული გრანდები და მათი მორჩილი ხუნვეიბინები მალე მიხვდნენ, რომ მითვისებული ქონებისა და უზომო პრივილეგიების შენარჩუნება მათგან მოითხოვს მილიარდობით გაუბედურებული გრანტომანის სასიცოცხლო ინტერესების გარკვეულ გათვალისწინებასაც, ეს კი ომისშმდგომ ეპოქაში მხოლოდ სოციალისტური განაწილების საშუალებით იყო შესაძლებელი.

            გარდამავალი ეტაპის დასაწყისში, როგორც ადამიანებს ზოგადად სჩვევიათ, პირველადი კაპიტალი გროვდებოდა სრულიად კონკრეტული სოციალური ტიპაჟების ხელში. ვის არ წააწყდებოდი ნუვორიშთა არასრულ ჩამონათვალში: ფულის გამთეთრებლებს, კერძო ფირმების მსხვილ აქციონერებსა და სასურსათო რესურსების მფლობელებს, ახალფეხადგმული საბანკო და სავაჭრო სფეროების მეწილეებს, ნაციონალიზაციის პირველ ტალღას გადარჩენილი წვრილი საწარმოების მეპატრონეებს, წარმატებულ სერვის–მენეჯერებს, პოპულარულ იურისტებსა და შეკვეთებზე მომუშავე ჟურნალისტებს, ასევე სახელმწიფო მოხელეთა გარკვეულ კატეგორიასაც (მომავალი ხუნვეიბინების გავლენიანი ფენა მნიშვნელოვანწილად სწორედ მათგან შეივსო). მოგების ნაწილი, რაღა თქმა უნდა, მიედინებოდა არაკაცების, თაღლითებისა და მომხვეჭელების – ქორვაჭრების, ბანდიტების, ქურდების, კონტრაბანდისტების, ქალის სხეულითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა – ბინძურ ჯიბეში: ამ მხრივ კაცობრიობის ნირი მაინცდამაინც ვერც მსოფლიო ომმა შეცვალა. ერთი სიტყვით, ოცდამეორე საუკუნის მეორე ნახევრის ველური კაპიტალიზმი, მართალია, კაპიტალის არსებობაზე იყო დამყნობილი, მაგრამ თვით ეს კაპიტალი აღმოჩნდა ერთობ პირობითი, არასაიმედო, ვერაღმწარმოებელი საკუთარი თავისა, რაც იმის პირდაპირი შედეგი იყო, რომ რადიაციული მიაზმებით მოწამლულ ატმოსფეროში მოგების მაქსიმალურად ამოღების კანონი ვერ ხარობდა. ჯერ კიდევ ძალზე მტკივნეული იყო მოგონება იმის შესახებ, თუ სანამდე მიიყვანა მსოფლიო იმ წყობამ, რომელშიც ბიზნესის თავისუფლად წარმოების პრინციპი ყველა სხვა პრინციპზე მაღლა იდგა. დიადი ქარტიის მიღებამ კი, დაასრულა რა ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი, საბოლოოდ დაასამარა დედამიწაზე მონოპოლისტური კაპიტალიზმის დაბრუნების საფრთხე. პლანეტაზე ახალი წეს–წყობილების დამკვიდრების პროცესი ლოგიკურად ვლინდებოდა საგადასახადო წნეხის ზრდაში, წვრილი საქმოსნების გაკოტრებაში, საბიუჯეტო სუბსიდიების იმედზე დარჩენილ გრანტომანთა უსუსურ ფართხალში, პოლიტიკური სისტემის ერთპარტიულობაში. ყოველივე ამას თან სდევდა ეროვნული სუვერენობის ნარჩენების მიზანმიმართული მოსპობა და მსოფლიო ფედერაციაში ცენტრალიზმის უპრეცედენტო გაძლიერება. მაგრამ, ასე იყო თუ ისე, სწორედ დიადმა ქარტიამ შექმნა წანამძღვრები ერთიანი კაცობრიობის მორიგი ტექნოლოგიური ნახტომისთვის და პლანეტის მთელ ტერიტორიაზე სტაბილობისა და ჭეშმარიტი მშვიდობის დამყარებისთვის. თავისთავად ცხადია, რომ განვითარების აღნიშნული სცენარი უამრავი ადამიანისთვის ძალზე მტკივნეული, მიუღებელიც კი გამოდგა. ნიუ–ანაკლიაშიც და ზამბიაშიც, – ისევე, როგორც სხვაგან, – ომის დამთავრებიდან ვიდრე ოცდამეერთე საუკუნის ბოლომდე, ფერმერებმა ათიათასობით სამთავრობო ემისარი, ეგზეკუტორებმა კი მილიონობით ფერმერი მოკლეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დედამიწაზე მაინც უფრო ძლიერმა ისტორიულმა ტენდენციამ გაიმარჯვა.

            ჰო, წარსული… სინდისის ქენჯნას სუპერტოპიკი აქამდე არასოდეს შეუწუხებია. ნუ, არც მთლად ისეა, რომ ეს გრძნობა საერთოდ უცხო იყოს მისთვის, მაგრამ ახლაც თვლის და ყოველთვისაც თვლიდა, რომ სწორად ცხოვრობს, სწორად წარმართავს საკუთარ ბედს და, რაც მთავარია, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსად მოასწრო ჩამოყალიბება. უმაღლესი რანგის პოლიტიკოსისთვის კი სინდისთან ზერელე წათამაშება  ნამდვილად ზედმეტი ფუფუნებაა. მას რეფლექსიის უფლება დაკარგული აქვს, რადგან რეფლექსიამ შეიძლება ძალზე ცუდი გავლენა იქონიოს მისი შრომის ნაყოფიერებაზე, ამას კი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიღწეული საფეხურიდან მიწაზე ულმობელი დანარცხება მოყვება. ამიტომ ერლომყაენი საკუთარ სინდისთან მწყრალად არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი მისი ნაბიჯი თუ ქმედება – სულ ერთია, სხვათა აღქმაში დადებითი თუ უარყოფითი, – სათანადო გამართლებას პოულობდა. საერთო აზრით, ერლომყაენ ქვისგული ჭკვიანი და გამჭრიახი კაცი გახლდათ, რომელიც ყოველთვის ზუსტად აფასებდა იმ უფსკრულის სიღრმეს, რომელიც მის მთავრობას გრანტომანების მილიარდიან ბიომასას აშორებდა. წავიდა ის დრო, როდესაც მას – სადამსჯელო რაზმის უმცროს მეთაურს, – ზამბიის სავანაში ორთავიან მარტორქაზე სანადიროდ კი არა, ბალკანეთის იმ მიყრუებულ სოფლებში უწევდა გასვლა, სადაც ყოველ წამს ზურგში ტყვიის სროლას მოელოდა, თანაც ტყვიას არა მოღალატის, ან რომელიმე ჭკუიდან გადასული ექსტრემისტის ხელიდან, არამედ მშრომელი კაცისგან, რომელიც თავის ოჯახს, ნაოფლარსა და საკუთრებას იცავს. მიდი და აუხსენი ასეთ კაცს, რომ მონაგარს დანგრეულ ქალაქებში დარჩენილი მშიერი ბავშვების გამოსაკვებად ართმევენ! და კიდევ იმიტომ, რომ სადღაც შორს წარმოება უნდა აღდგეს… ჰო, მაშინ ის სხვანაირი, გაცილებით უფრო ლაღი და გულწრფელი იყო, გულწრფელი – თუნდაც თავის სისასტიკეში. ხომ ამბობენ, რომ ადამიანები დროთა განმავლობაში მხოლოდ ტყავსა და გარეგნობას იცვლიან, შინაგანად კი არ იცვლებიან. ვითომ ეს სიმართლეა? რეალურ ცხოვრებაში ადამიანი მაინც ცვალებადი არსებაა, განა ეგზეკუტორი და სუპერტოპიკი შეიძლება ერთი და იგივე პიროვნება იყოს? იცვლება გარემოება, იცვლება მოთხოვნები – იცვლება ადამიანიც, და ეს ცვლილებები იმთავითვე შეუთავსებადია სინდისის ცნებასთან, რადგან დროისა და ისტორიის ყოველ ცალკე აღებულ მომენტში სულ სხვა, სრულიად უნიკალურ ორფეხა ცხოველთან გვაქვს საქმე. სინდისი – განსაზღვრების თანახმად – უწყვეტია, ორფეხა ცხოველის მიწიერი გზე კი წყვეტილი, ამიტომ ის საკუთარ წარსულზე პასუხს ვერ აგებს… ერლომყაენი არც საკუთარ თავს მიიჩნევდა ამ წესიდან გამონაკლისად, რამეთუ დარწმუნებული იყო, რომ იმარჯვებს ცხოვრებასთან მუდმივ შერკინებაში. ასეც იყო, იმარჯვებდა კიდეც, მაგრამ გამოჩნდნენ ეს უცხოპლანეტელები და… უეცრად აღმოაჩინა, რომ მისი პიროვნული გამარჯვება სათუო ხდება.

            კოსმოსი ყოველთვის სუპერტოპიკის საყვარელ სათამაშოს წარმოადგენდა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მისი მთავრობისთვის კოსმოსური პროგრამების დაფინანსება კარგა ხანია პრიორიტეტულ ხარჯად იქცა. შედეგიც სახეზეა. დაახლოებით ოთხი თვის უკან იუპიტერის ერთ–ერთი თანამგზავრის – ევროპის – ორბიტიდან მიღებული რადიო– და ფოტოსიგნალები ნათლად მეტყველებენ, რომ მზის სისტემის ფარგლებში, როგორც იქნა, გამოჩნდა უცხო და, ალბათ, გონიერი ცივილიზაციის კვალი. დღეს ეს უკვე ჰიპოთეზა კი არა, ფაქტია, ანუ ყველა ირიბი და პირდაპირი ფიზიკური მეთოდით გადამოწმებულ–დადასტურებული ჭეშმარიტება. სავარაუდოა, რომ ამ ცივილიზაციას, ადრე თუ გვიან (და უფრო ადრე, ვიდრე გვიან), გაუჩნდება ბუნებრივი პრეტენზიები მზის სისტემის რესურსებზე, ყოველ შემთხვევაში, საპირისპირო გარანტიები ჯერ არ არსებობს. ანუ ისევ შეჯიბრი, ისევ კონკურენცია, ოღონდ უკვე კოსმიური მასშტაბისა, თანაც იმგვარი, რომელშიაც კაცმა არ იცის, ვის დარჩება საბოლოო გამარჯვება: ჩვენ თუ მათ. ვინ არიან, ვინ აღმოჩნდებიან ისინი? ეგ არავინ იცის, მაგრამ, სავარაუდოდ, მტრები: ყოველ შემთხვევაში, პლანეტის მამა ვალდებულია მოვლენათა განვითარების ყველანაირი, მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარიც კი გაითვალისწინოს. წინასწარი ზონდირება, ანუ ევროპაზე ექსპედიციის გაგზავნა, ძვირი და სახიფათოა; უმოქმედობა, იქნებ, კიდევ უფრო სახიფათო. ამჟამად ეს საშიში და პოტენციურად ფეთქებადი ინფორმაცია მისი ბრძანებით სრულიად გასიდუმლოებულია და აბსოლუტური ტაბუ ადევს. დღეს ამის შესახებ ზუსტად სამოცდათორმეტმა მაღალჩინოსანმა და მეცნიერმა იცის და სამოცდათორმეტივეს მძიმე ბოქლომი ადევს ბაგეზე. მაგრამ გამოცდილება სუპერტოპიკს კარნახობს, რომ მოსახდენი მაინც მოხდება და სიმართლე უთუოდ გამოჟონავს – ასეთი რამ დიდხანს ვერ იმალება. არადა, კაცობრიობის მარცხის პერსპექტივა ერლომყაენის პირადი დამარცხების პერსპექტივაც არის.

            რაც თავი ახსოვს, ერლომყაენი ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების ჟამს სრულიად თავისუფალი არასოდეს ყოფილა: არც ახალგაზრდობაში, არც პოლიტიკური აღმასვლის პერიოდში და არც ამჟამად – ხელისუფლების მწვერვალზე. სპეცბრიგადაში სამსახურის დროს ეს ბუნებრივიც იყო: ინიციატივის გამოჩენას მისგან საბრძოლო ვითარებაში, ისიც კრიტიკულ სიტუაციაში თუ ელოდნენ. მტკიცე დისციპლინა, მოვალების გრძნობა, ბრმა სიმამაცე, – ამ სამ ვეშაპზე იდგა და დღესაც დგას სპეცბრიგადების იდეა. მერე კი, რაც უფრო მაღლა მიიწევდა პოლიტიკურ კიბეზე ერლომყაენი, მით უფრო მძიმდებოდა მისი პერსონალური პასუხისმგებლობის ტვირთი. არადა, ზოგჯერ თვითონაც უკვირდა ეგზომ სწრაფი აღზევება. კარიერულ წინსვლას უფრო ბედის კეთილ ღიმილს მიაწერდა, ვიდრე რაიმე სხვას, თუნდაც განსაკუთრებულ კლასობრივ ინტუიციასა და საკუთარ ნიჭს. პოლიტგანყოფილების გაკვეთილებს და კონსპექტების ზუთხვას ტყუილად არ ჩაუვლია. სწორედ მაშინ, ღრმა სიჭაბუკეში, ირწმუნა მომავალმა სუპერტოპიკმა გლობალური სოციალიზმის გლობალურ კაპიტალიზმზე უპირატესობა და შიდა მოხმარებისთვის ძალზე მარტივი ფორმულა გამოიყვანა: სოციალისტური წყობა, განხვავებით მისი ანტიპოდისგან, ყველას, თითოეულ მოქალაქეს, უქმნის სამართლიანობის დაცვის გარანტიას თუ არა, ილუზიას მაინც, და, რაც მთავარია, მისაღებია ყველასთვის იმ ამბიციური ეგოისტების გარდა, რომელთაც ამპარტავნობის ცოდვაში შეუდგიათ ფეხი: პოლიტიკურ ავანტიურისტების, ხაზინის ქურდების, ცრუ უფლებადამცველების, არალოიალური მოლაყბეების, არალეგალების, ტერორისტების, ექსტრემისტების, ბოზების, ჩათლახების, ეტსეტერა, ეტსეტერა… მას მერე ამდენი წელი გავიდა, ამდენმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ვერავინ შეურყია რწმენა, ვერავინ დაუსაბუთა გამოყვანილი ფორმულის სიმცდარე (თუმცა კი შეინიშნებოდა წარსულში მსგავსი მცდელობები ზოგიერთი თავქერქეტა გრანდის მხრიდან). დღეს სუპერტოპიკი მართლაც არ აკლებს ძალისხმევას, რათა მიწიერი სამართლიანობის კუთვნილმა ნამცეცებმა თითოეული გრანტომანის ჯიბემდე თუ კუჭამდე ჩააღწიოს.

            რატომ აღზევდა, რატომ ის და არა სხვა? ჰმ, კარგი კითხვაა… მტკიცე რწმენა და პრინციპულობა – აი რა გამოადგა მას სინამდვილეში! თანაც, ერთმანეთს ბევრი ფაქტორი დაემთხვა. მაშინ როდესაც ახალგაზრდა ქვისგული სპეცბრიგადების სხვა მეთაურებში გამოარჩიეს და ელიტსაბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს, მსოფლიო ფედერაციის სოციალისტურ პრინციპებზე გადაწყობამ (როგორც აღმოჩნდა) უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ფედერაციაში თანდათან სულ უფრო მეტი ტერიტორიალური ზონა და დისტრიქტი ერთიანდებოდა. უმკაცრესი ზომების მიღების კვალობაზე ევროპის, ჩრდილო ამერიკისა და ავსტრალიის თვალუწვდენელ მიწებზე პრაქტიკულად აღიკვეთა შიმშილი და წყურვილი, ხოლო ჩამორჩენილ რეგიონებში – ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში, – დაისახა ჩიხიდან გამოსვლისა და აღორძინების ნათელი პერსპექტივა. გასაგები მიზეზების გამო მთავრობა იძულებული გახდა დიდძალი რესურსები  უშიშროების აგენტურული ქსელის შესაქმნელად და პოლიციის გადასაიარაღებლად მიემართა, მაგრამ ამის პარალელურად განვითარდა სხვა დადებითი ტენდენციაც: მიღწეული სტაბილობის პირობებში შესაძლებელი გახდა მოწინავე ზონებიდან ფართო მომხმარების საქონლის ღარიბ ზონებში დაუბრკოლებლად გატანა, რაც იქაური გრანტომანების ცხოვრების დონის ამაღლებას ძალიან წაადგა. ამას გარდა, განგების ნებით სუპერტოპიკის პოლიტიკური დებიუტი პირველი გლობალური ტექნოლოგიური პროექტების დაწყებითაც აღინიშნა. დასვენების წუთებში ერლომყაენი სიამოვნებით აღიარებს, რომ ყოველთვის – როგორც შეეძლო ისე – ხელს უწყობდა უახლესი ტექნოლოგიური ციკლების პლანეტის ეკონომიკაში დანერგვას და დღენიადაგ აიძულებდა ზედმეტად მომჭირნე ბიუროკრატებს მეტად ეზრუნათ ნიჭიერი ინტელექტუალებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

            ერლომყაენის მმართველობის პირველი ათწლეული აღინიშნა არა მარტო ეკონომიკის რემილიტარიზაციითა და ყოფით ცხოვებაში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით, არამედ დედამიწის სისხლიანი ისტორიისადმი მიძღვნილი სასწავლო პროგრამების უპრეცედენტო გადახედვით. მარტო ის რად ღირდა, რომ საყოველთაო სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოები იმგვარად შედგა, რომ ახალი თაობის მზარდ გრანტომანებს (და, ნაწილობრივ, ხუნვეიბინებსაც) რაც შეიძლება მწირი წარმოდგენა შექმნოდათ შეჩვენებული წარსულის განსაკუთრებით ოდიოზურ ფიგურებზე. საინფორმაციო ბლოკადაში მოყვნენ, მაგალითად, ნერონი, კალიგულა, თემურლენგი, ჩინგისყაენი, ატილა, ლენინი, სტალინი, ტროცკი, მაო, ჰიტლერი, ნაპოლეონი, რობესპიერი, პოლ პოტი, პინოჩეტი, დიუვალე, მრავალი სხვა მსგავსი დიდი თუ პატარა დიქტატორი და არა მარტო დიქტატორი: სასწავლო კურსებიდან ამოიღეს მამა–შვილი ბუშები, გორბაჩოვი და შევარდნაძეც კი – პირველი ორი ერაყის ომისთვის, მომდევნო ორი კი საბჭოთა კავშირის მიზანმიმართული დაშლისთვის. მსოფლიო სტაბილობისა და მშვიდობის შენარჩუნების ინტერესებში სუპერტოპიკის მითითებით ისტორიულ კვლევებზე მკაცრი კონტროლი დაწესდა: ამ სფეროში დაკავებული და არქივებთან მიშვებული მკვლევარები იმთავითვე არასანდო ელემენტებად და ეჭვმიტანილებად ითვლებოდნენ, ამიტომ მათ უშიშროების სამსახურის მუდმივი მეურვეობის ქვეშ უწევდათ მუშაობა და ცხოვრება. ასე და ამგვარად, სუპერტოპიკის ძალისხმევით  გრანტომანთა მილიარდიანი მასების კოლექტიურ შეგნებაში წარსული საბოლოოდ ბარდებოდა წარსულს. იმავდროულად, პლანეტის ეკონომიკა მაინც უაღრესად მილიტარიზებული რჩებოდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო: გლობალური მედიაკოდექსი – კოდექსად, პროპაგანდა – პროპაგანდად, მაგრამ სუპერტოპიკის რეჟიმის სიმყარე და ყოვლისმომცველობა, უპირველეს ყოვლისა, ძალოვანი სტრუქტურების გამართული საქმიანობის დამსახურება იყო, მათი ღირსეულად შენახვა კი ძალიან ძვირი ღირდა. სამაგიეროდ მასობრივი მოსპობის საშუალებათა წარმოება მთლიანად ექვემდებარებოდა ფედერალურ კონტროლს და პლანეტის პოლიტიკური ლექსიკონიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვა შეიარაღებათა კონკურენციის ცნება. შაშხანებზე, კარაბინებსა და კალაშნიკოვის ავტომატებზე მოთხოვნილება, მართალია, ყოველწლიურად იზრდებოდა, სამაგიეროდ სამუზეუმო რარიტეტად იქცა ე.წ. ეკოლოგიურად ბინძური იარაღი: ბალისტიკური ბირთვული ქობინები, ბაქტოყუმბარები, ბინარული ქიმიური ჭურვები, ნაპალმი, – ანუ ცოცხალი ძალის მოსპობის ის სახეობები, რომლებითაც ასე ამაყობდნენ ომამდელი არმადების ბედუკუღმართი წინამძღოლები. სამწუხაროდ, მსუბუქი იარაღით არალეგალური ვაჭრობა დღემდე ყვავის. ინტერნაციონალური კრიმინალიტეტის: ნარკოკარტელების, სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ბანდების, მარად უკვდავი მაფიისა და არანაკლებ უკვდავი ტრიადების გარდა, პლანეტის სხვადასხვა ნაწილში აგრძელებენ საქმიანობას არალეგალური ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც ვერა და ვერ შეეგუენ ვერც სუპერტოპიკის დიქტატურას, ვერც იმიტაციურ საპარლამენტო წყობასა და ვერც გრანტომანების სოციალისტურ ექსპლუატაციას. სხვათაშორის, ხსენებული დაჯგუფებების დროულად აღმოჩენა და გაუვნებელყოფა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. საზოგადოდ, დიადი ქარტიის იდეურ მოწინააღმდეგეთა მთელი სიმრავლე, მიუხედავად არსებითი შიდა განსხვავებებისა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ორ დიდ ნაწილად იყოფა. პირველნი იძულებით ურიგდებიან, მაგრამ ორგანულად ვერ იტანენ დედამიწაზე მეტნაკლებად მსხვილი მესაკუთრეების არსებობასა და თავისუფალ მეწარმეობას, მათი ლოზუნგია „დაე იყოს რაც შეიძლება ნაკლები კაპიტალიზმი“. მეორენი მათ საპირისპიროდ გაიძახიან: ”ნაკლები სოციალიზმი, მეტი თავისუფლება” და უპირისპირდებიან კერძო სექტორის რეგლამენტაციის ნებისმიერ ფორმას. რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ ქარტიის ყველა პრინციპული მტერი, მიუხედავად იმისა თუ რას ქადაგებს და რა ხერხებით ცდილობს საზოგადოებრივ ასპარეზზე თავის წარმოჩენას, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ან მემარჯვენე, ან მემარცხენე. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს (გარდა იმისა, რომ ანთროპოლოგიურად მემარცხენეც და მემარჯვენეც ადამიანები არიან), არის მიუღებლობა იმ აქტუალური ჭეშმარიტებისა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „რეალური სოციალიზმი იგივეა, რაც ცოტაოდენი სამართლიანობა უკლებლივ ყველასთვის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე“. ჰოდა (ფიქრობს მაგიდას იდაყვებით მიყრდნობილი სუპერტოპიკი), ქარტიის მტრები, შერისხული წარსულის ეგ უიღბლო პარტიზანები, როგორც შეუძლიათ და ხელეწიფებად, ისე მებრძვიან: ყიდულობენ სამხედრო ბაზებიდან და ქარხნებიდან მოპარულ იარაღს და გადიან ჯუნგლებში, იმალებიან გამოქვაბულებში, აფეთქებენ ბომბებს ქუჩებში, წამლავენ წყალსატევებს, იტაცებენ ადამიანებს, ძარცვავენ ბანკებს. მოკლედ, მასშტაბური ტერორიზმი ჩვენი მუდმივი თავსატეხია და ფედერალური მთავრობა უპირისპირდება მას მის განკარგულებაში არსებული ხერხების მთელი მარაგით. კოსმოსური სივრცე, ცა, ზღვები და ოკეანები, ხმელეთი, მიწისქვეშა კომუნიკაციები – ყოველივე გამოცხადებულია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმდინარე დაუნდობელი ომის ასპარეზად, დედამიწის უსაფრთხოების უთვისტომო ზონებად დაყოფაც სინამდვილეში ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. დიადი ქარტიის სადარაჯოზეა ხელკეტები და დილეგები, ხელოვნური თანამგზავრები და ატომური წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები და პოლიციური ავიამზიდები, მას–მედია და საზოგადოებრივი აზრი. აბა, ერლომყაენი თვითონ ხომ ყველაფერს ვერ გაუძღვება და გაწვდება, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო: იცოდა ასე თქმა ღარიბულ სუფრასთან ცხონებული მამამისი ომამდელ სანავარდოში. ამ ომში გრანდებმაც და ხუნვეიბინებმაც მეტი უნდა იაქტიურონ, შეგნებული გრანტომანებიც მიიმხრონ, ამ უკანასკნელთ წინსვლის საშუალება უნდა მივცეთ, ცოტა მოვეფროთ კიდეც, სხვანაირად არაფერი გამოვა… ბოლო–ბოლო, დიადი ქარტიის თვით სულისკვეთება ავალდებულებს მმართველ ელიტას ანგარიში გაუწიოს ქვედაფენების ინტერესებს. და კიდევ: მეტი და მეტი ჭადრაკი მასებში. გრანტომანებში ჭადრაკის გავრცელების მისი იდეა ნაყოფიერი და ჭეშმარიტად გენიალური გამოდგა, რამეთუ სოციალური პროტესტის ჩაქრობაზე, სიცილიური, ძველ თუ ახალინდური ვარიანტების  გავრცელებით მის ჯურღმულებში განზავებაზე იმუშავა. არცაა გასაკვირი: სპორტის სხვა, უფრო მამლაყინწური სახეობებისგან განსხვავებით, ჭადრაკმა, როგორც რეალური ცხოვრების იმიტაციურმა მოდელმა, ისტორიულ გამოცდას გაუძლო და სოლიდური პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტადაც ჩამოყალიბდა. ისე კი, მეოცე საუკუნის საბჭოთა კავშირშიც დაახლოებით ასე იყო. მოვა დრო, მისი მთავრობა ფეხბურთისთვისაც მოიცლის…

            ბოლო რამდენიმე წელია, „რკინის ხელის“ რეჟიმი იმდენად გამყარდა და მოძლიერდა, რომ ერლომყაენი კარგა ხანია უშუალოდ აღარ ერევა უშიშროების სამსახურის ტექნიკურ საქმიანობაში, არ თვლის საჭიროდ. არადა, ხელისუფლებაში მოსვლის გარიჟრაჟზე ყოველ ახალ სამუშაო დღეს ამით იწყებდა, თუნდაც მაშინ, ზამბიაში… დღესდღეობით კი მისი მხედველობის არეალში მხოლოდ გიგანტური მასშტაბის სისხლის სამართლის საქმე თუ გამოანათებს ხოლმე. თანაც ასეთ საქმეს აუცილებლად პოლიტიკური ელფერიც უნდა დაკრავდეს, სხვანაირად მისთვის საინტერესო ვერ გახდება. სხვა მხრივ კი სუპერტოპიკი მთლიანად ენდობა უშიშროების სამსახურის უცვლელ დირექტორს. ერლომყაენმა კარგად უწყის, რომ საათივით აწყობილ სადამსჯელო სისტემაში აქა–იქ კვლავაც მიმართავენ პატიმართა ღირსების დაკნინებასა და არც მათ წამებას ერიდებიან. მისთვის ისიცაა ცნობილი, რომ ეჭვმიტანილთა დაკითხვისას გამომძიებლები ხშირად უხეშად არღვევენ წერილობით რეგლამენტს და მოწმეებს ცრუჩვენებების მიცემას აიძულებენ. არც ისაა დაფარული მისთვის, რომ მოსამართლეები და პროკურორები, როგორც წესი, თავად მწყრალად არიან კანონთან და ქარტიაში დაფიქსირებულ პრინციპებთან, თუმცა იუსტიციის რეგიონალური ორგანოების მუშაობაში ერლომყაენი პირადად, როგორც წესი, არ ერევა – ეს მისი დონე არაა. ბოლოს და ბოლოს, ყველა სკანდალურ გარჩევაში რომ ჩაერიოს, იძულებული შეიქნება სხვა ყველაფერზე ხელი აიღოს, აღარაფრის დრო აღარ დარჩება, არადა პლანეტას მიხედვა უნდა. საბედნიეროდ, უშიშროების სისტემა ისეა აწყობილი, რომ პრაქტიკულად არც ერთი საჩივარი არ აღწევს სუპერტოპიკის კაბინეტის კარამდე და სახელისუფლებო იერარქიის დაბალ საფეხურებზე ქრება. ამის შედეგად სუპერტოპიკს გააჩნია შესაძლებლობა დროისა და ყურადღების უდიდესი ნაწილი კაცობრიობის განვითარების გადაუდებელ პრობლემებს მოახმაროს. ამიტომ წარმატებული გლობალური პროექტების რაოდენობა თანდათან მატულობს. სადღეისოდ მოხერხდა მართვადი თერმობირთვული სინთეზის მნიშვნელოვნად გაიაფება, დაიწყო მთვარეზე წიაღისეულის მოპოვება, დაჩქარდა მარსის ათვისების ურთულესი პროგრამა, თითქმის აღარავინ ხდება ონკოლოგიური დაავადებების მსხვერპლი. ყველა ამ ეპოქალურ წარმატებაში (და კიდევ მრავალ სხვაშიც) აშკარად იკვეთება სუპერტოპიკის პირადი პოლიტიკური წვლილი, რადგან პრიორიტეტების დადგენა და პერსპექტიული კვლევევის სათანადო დონეზე დაფინანსება სწორედ რომ მისი დამსახურებაა. ასე რომ, ერლომყაენი სრულიად დარწმუნებულია: მას ტყუილად არ უცხოვრია და მისი ძალისხმევით ბევრი პოზიტიური ცვლილება შეუქცევადი გახდა. ამიტომაა, რომ არ უმძიმს სარკეში ჩახედვისას საკუთარ ანარეკლს თვალები გაუსწოროს. ამ წუთში კი მაგიდასთან თვალები რომ მიუხუჭავს – ეგ დაღლა და პირუთვნელი ანალიზის მცდელობაა, არც არაფერი მეტი.

            ჰო, მერე რა, თუ კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა და არც თვითონაა ასეთი. თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას ხომ არა მარტო აბუნტებული ფერმერების დაშოშმინება და კოსმოსური კვლევებისთვის ასტრონომიული თანხების პლანეტარული ბიუჯეტიდან გამოყოფა უწევდა. მან პირველმა ომისშემდგომ ისტორიაში გაბედა და დააკანონა (ამის თვითაღიარება სიამოვნებას სულაც არ გვრის) მასშტაბური მექრთამეობა მსოფლიო ფედერაციაში, პრაქტიკულად ოფიციალური სახე მიანიჭა მას. არა იმის გამო, რომ მექრთამეების მიმართ რაიმე ფარული სიმპათია გააჩნდა ან ანგარება ამოძრავებდა, უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, – სცადა, ეძია და ვერ ჰპოვა. მოხდა ისე, რომ თავისი მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპზე სუპერტოპიკი მინებდა მოვლენათა მსვლელობის ლოგიკას (ამასაც გაბედვა უნდოდა!) და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მექრთამეობა ის უცილობელი და უკვდავი ფენომენია, რომლის არსებობა გაპირობებულია ერთდროულად ადამიანის ფიზიოლოგიური ბუნებითაც და კაცობრიობის გლობალური ინტერესებითაც. უზენაეს თანამდებობაზე მოღვაწეობის პირველ წლებში ის გულწრფელად ცდილობდა ამ სენის ტრადიციული, ანუ წმინდა ადმინისტრაციული ხერხებით მორევას, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამ საქმეს ასე ვერაფერი ეშველებოდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყოველ მორიგ, თითქოსდა გონივრულ შეზღუდვას, აუცილებლად მოყვებოდა უამრავი სხვაც – აშკარად არაგონივრული. ეს კი ართულებდა მოსახლეობის რეალურ ყოფას და, რაც მთავარია, აზარალებდა სუპერტოპიკის პირად ავტორიტეტს. სხვა შედეგი კორუფციასთან ბიუროკრატიულ შებრძოლებას, სამწუხაროს, არ მოყოლია. ერთ მშვენიერ დღეს კი ამ უაზრო ძიძგილაობით გათანგულმა ერლომყაენმა იკადრა და თავისთვის აღიარა, რომ წესრიგის დაცვა მისი ცხოვრების თვითმიზანი არც შეიძლება იყოს. ჰოდა, სულ სხვა, პრინციპულად ახალი, გაცილებით უფრო კომპრომისული გეზით – „რკინის ხელის რბილი კურსით“ – არჩია სვლა, თუმცა იმხანად სულაც არ იყო დარწმუნებული ამ გეზის სისწორეში. რამდენიმე წლის შემდეგ კი ეჭვები გაეფანტა: „რბილი კურსის“ სრული მართებულობა თვით ცხოვრების დინებამ წარმოაჩინა.

            ისე, ტერმინი „მექრთამეობა“ რეალურად არსებულ სურათს საკმარისი სიზუსტით მაინც ვერ ასახავს, სევდიანად გაიფიქრა მბრუნავ სავარძელზე ქანცგაწყვეტილი პრომეთესავით მიჯაჭვულმა ერლომყაენმა. იქნებ გამართლებულიც კი იყოს ამ უსიამოვნო ტერმინის სმენისთვის უფრო მისაღები და ნაკლებად ხისტი სიტყვათაწყებით ჩანაცვლება, მაგალითად ასეთებით: „სუნთქვის საშუალების მიცემა“, „ჰუმანურობის გამოვლენა“ ან „ტოლერანტობას დამკვიდრება“. მიუხედავად ელიტარულ საზოგადოებაში განფენილი მაამებლობისა და კანონის მოთხოვნათა მიმართ შემრიგებლური დამოკიდებულებისა, მექრთამეობა ოფიციალურად ისედაც ხომ ზედმეტად მკაცრად იდევნება. უსაფრთხოების ყველა ზონის სასამართლო სტატიტიკა ნათლად მეტყველებს, რომ ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. მაღალანაზღაურებადი გამომძიებლები ტყუილად როდი ირჯებიან თავ–თავის სამუშაო კაბინეტებში: მათი შრომის შედეგად კუთვნილ სასჯელს უამრავი გამომძალველი, თაღლითი, მექრთამე თუ ბაცაცა იხდის. მაგრამ ოჰ რა ძნელი ყოფილა ზუსტი იურიდიული ზღვარის გავლება ქრთამსა და საჩუქარს შორის! საზოგადოებრივი პირამიდის დაბალ საფეხურებზე, იქ, სადაც მეურნე გრანტომანები ჭარბობენ, „მოდაშია“ კონვერტში ჩადებული ნაღდი ფულის ზემდგომი მოხელის კოსტუმის ჯიბეში უბოდიშოდ ჩაცურება. რაც შეეხება ხუნვეიბინებსა და გრანდებს – მათი დაუწერელი მორალური კოდექსი უფრო დახვეწილია და ძვირფასი საჩუქრების აღებ–მიცემობისკენ იხრება. „წვრილი ძღვენით“ თაფლავენ ყველას: ფედერალურ მინისტრებსა და მათ კუდაბზიკა ცოლებს, რეგიონების სტატს–მდივნებსა და დეპარტამენტების მინისტერიალ–დირექტორებს, პარლამენტის დეპუტატებსა და არბიტრაჟის მოსამართლეებს, გავლენიან ჟურნალისტებსა და ელიტსაბჭოს წევრების კანცელარიის უფროსებს. რაც ყველაზე მთავარია: ქრთამები და საჩუქრები ასრულებდნენ ზეთის ფუნქციას რთულ სამეურნეო მექანიზმში, რომელსაც სათანადო მოვლის გარეშე სრული გაჩერება და კოლაფსი ემუქრება. ეგ ზეთი რომ არა, თვით სუპერტოპიკსაც კი გაუჭირდებოდა მართვა. ინტრიგებში ამოხდებოდათ სული გრანდებს, ღალატის გზას დაადგებოდნენ ხუნვეიბინები, გაიფიცებოდნენ – ჰოი, საშინელებავ! – გრანტომანები, ჩაკვდებოდა წარმოება და მშენებლობა. მოსაქრთამად განკუთვნილი საჩუქრების კატალოგი კი ფრიად შთამბეჭდავია: ნამიბიური ბრილიანტები და უფიცისა თუ ერმიტაჟის საცავებში დაბომბვას შემთხვევით გადარჩენილი მხატვრული ტილოები, სააგარაკო მიწის ნაკვეთები და ტალღებზე მსუბუქად მონავარდე იახტები, საოჯახო ჰელიკოპტერები და ანტიკვარული ავეჯი, სუპერსტერეო მუსიკალური ცენტრები და ვიდეოკომპიუტერები, სპორტული პლაზმომობილები და მისისიპის რადიაციით გაჯერებულ დელტაში მობინადრე უნიკალური თეთრი ალიგატორები. მერე რა, თუ მაღალჩინოსან მოხელეთა შორისაც აქა–იქ კიდევ შემორჩენილია პატიოსანი ხალხი. ასეთი „წმინდანები“ ამინდს ვერც ქმნიდნენ და ვერც შექმნიან: ფინანსურად უმწიკვლო გრანდების ფრაქცია ელიტსაბჭოშიც და პარლამენტშიც ყოველთვის იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა ვერც კორუმპირებული „ბინძურების“ ფსიქიკაზე და ვერც მიმდინარე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. სუპერტოპიკის დიქტატურის პირობებში, აბა რა სიკეთის შეთავაზება შეეძლოთ ხსენებულ „წმინდანებს“ იმ ფარისეველი და ბობოლა „ბინძურებისთვის“, რომლებიც თავის ყოველდღიურ ყოფაში მიყვებოდნენ ესოდენ ბუნებრივ ადამიანურ ვნებებს, ინსტინქტებსა და მიზნებს: იოლად გამდიდრების სურვილს, მაქსიმალური კომფორტისკენ სწრაფვას, კონკურენტების ჩაწიხვლას, თვითგადარჩენას? ვერაფრის! პირიქით, „ბინძურები“ დრო–დრო აქეთ იბირებდნენ კანონმორჩილ „წმინდანებს“, რომელთა პოპულაცია, ორთავიანი მარტორქების პოპულაციის მსგავსად, აშკარად გადაშენების გზას ადგა. საგულისხმოა, რომ მართვის ჩამოყალიბებულ სისტემაში არც „ბინძურების“ და არც „წმინდანების“ ფრაქციები დამოუკიდებლად არ და ვერ ღებულობდნენ რაიმე საბოლოო გადაწყვეტილებას: ეს პრივილეგია დედამიწაზე ერთადერთ ადამიანს – სუპერტოპიკს – ეკუთვნოდა, რომელიც ფიზიკურად ვერ სწვდებოდა ყველას და ყველაფერს. ტიპიური კორუფციული სქემა კი თითქმის ყოველთვის კოლექტიური განსჯისა და ათასნაირი ფორმალური თუ არაფორმალურ გარიგების შედეგი იყო და იურიდიულად, როგორც წესი, ემყარებოდა ფორმალურ კანონსა და წინასწარ შედგენილ მოხსენებით ბარათებს სათანადო რეზოლუციებით მარცხენა ზედა კუთხეში. ერლომყაენ ქვისგულმა კარგა ხანია შეიტყო, რომ სხვანაირად ამ ტლანქი მანქანის მართვა შეუძლებელია, რამეთუ ცხოვრება რთულია, ღამე კი ბნელი, მთავარი კი მაინც პლანეტაზე სტაბილობისა და წონასწორობის შენარჩუნებაა. სუპერტოპიკს გულწრფელად სწამს, რომ ახალ დიდ ომს კაცობრიობა ვერ გადაიტანს, საყოველთაო მშვიდობას კი ბოროტებასთან კომპრომისი უფრო მყარად უზრუნველყოფს, ვიდრე გაუთავებელი კონფლიქტები, ამბიციური პრეტენზიების კორიანტელი და ეგოისტურ ფსევდოჭეშმარიტებათა საერთო ჯახი. ამიტომაა, რომ გარკვეულ მომენტში სუპერტოპიკმა (რომელიც დღესაც ზოგისთვის სიმკაცრის ეტალონად რჩება, ზოგისთვის კი ამქვეყნიური სიქველისა), ზედმეტი სისასტიკის ყოველდღიურ გამოვლენებს ხსენებული „რბილი კურსით“ მოგზაურობა ანაცვალა. შედეგიც სახეზეა: როდესაც უშიშროების აწყობილი სისტემა განიცდის ზედმეტ დაწოლას „წმინდანთა“ ფრაქციის მხრიდან, ყოველთვის შესაძლებელია საჩოთირო საქმის ისე ამოყირავება, რომ საერთო სტაბილობა არ დაზარალდეს. ასეთ დროს მაღალ პოსტებზე დანიშნულ და გუნდური პრინციპის ერთგულ „წმინდანებს“ უკანდახევის გარდა აღარაფერი რჩებათ: სუპერტოპიკის ნდობით აღჭურვილი „ბინძური“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისინი ხომ ღიად ვერ გაილაშქრებენ! იმავდროულად „წმინდანების“ პროტესტანტული აქტივობა თუნდაც იმითაა სასარგებლო, რომ ხელს უწყობს უშიშროების ყოვლისმომცველ არქივებში თანამდებობის პირებზე ახალ–ახალი კომპრომატების დაგროვებას. უშიშროების დირექტორი თავის მოხსენებებში კვლავ და კვლავ ახსენებს სუპერტოპიკს: დასაჩუქრების ეპიდემია რეგიონალური ზონების დაბალ და საშუალო საფეხურებზე არ ყოვნდება, ზევით და მაღლა მიცოცავს, რყვნის და ითრევს კორუფციის ჭაობში უმაღლესი რანგის მენეჯერებს, ათახსირებს გრანდებს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. სხვანაირად რომ იყოს, ყველა ზემდგომი გრანდი და ხუნვეიბინი საკუთარი ხელქვეითების მძევლად, ან კიდევ უარესი – მათ წინაშე სრული იდიოტის როლში გამოჩნდება, ეს კი არავის სურს… აბა, მეტი საქმე არა აქვთ! – ხელქვეითებს ლანგარზე მიართმევენ ამა ქვეყნის ყველა სიამეს, თავად კი ყოვლად უსარგებლო, იმპოტენტური ლაქლაქითა და ზღვრული ხელფასებით შემოიფარგლებიან, როგორ არა! არა, გენც: ლუვრის ზარდახშებიდან აწაპნილი ფირუზისა და ზურმუხტის ყელსაბამები,  პრადოსა და დრეზდენის გალერეის საცავებიდან აუქციონებზე ჩუმ–ჩუმად გამოტანილი ტილოები, ციმბირის მადანგამამდიდრებელი კომბინატებიდან მოპარული ოქრო და პლატინა, მიწის საერთო ფონდიდან დატაცებული სააგარაკო ნაკვეთები სწორედ რომ ყველაზე მაღალი რანგის მოხელეებისთვისაა განკუთვნილი. ამის შემყურე ჩვენი სახელოვანი პრესა კი დუმს! – ამის შესახებ მას რეგულარულად ამცნობდა ხოლმე უშიშროების დირექტორი ნიუ-ანაკლიის რეზიდენციის ვერანდაზე გაშლილი საუზმების დროს.

            ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ზოგჯერ ხდება ისე, რომ „ბინძურთა“ ხროვაში შემავალ რომელიმე ნამეტნავად გათამამებულ ჩინოსანს სუპერტოპიკის ნაგაზები ხელს სტაცებენ და წინასწარ კარგად დაგეშილი მას–მედიის ყურადღების ცენტრში მიერეკებიან, რათა მისი „კაიკაცობა“ საქვეყნოდ იქნას მხილებული, მაგრამ ასეთი ტიპის საქმეები, როგორც წესი, რაღაც დონეზე (შედარებით მაღალზე) მაინც იფარცხება და წყდება. კრიტერიუმი ერთია: სისტემის მდგრადობა ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს. არც სუპერტოპიკი, არც მისი მარიონეტული ელიტსაბჭო და არც ვიტრინად ქცეული პარლამენტი არ არიან და ვერც იქნებიან დაინტერესებულნი ყველა იმ ავკაცობების გამომზეურებით, რომლებიც „ბინძურების“ ხელით წლების განმავლობაში სრულდებოდა: ბოლო–ბოლო, კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი მსხვერპლს მოითხოვს და კორუფციის დაკანონება სულაც არ გახლავთ – ერლომყაენის მყარი აზრით – ის დაუძლეველი საფასური, რომელიც ამ მშვიდობისთვის გადასახდელი არაა, ყველანი კაცნი ვართ… კომპრომატებით გამოჭერილი ყველა მოხელის დაკავება და გასამართლება ისეთ დარტყმას მიაყენებდა არსებულ წყობას, რომ სუპერტოპიკის ძირითადი მიღწევა – ამქვეყნიური სტაბილობა – უთუოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ასეთ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ ელიტსაბჭოში შემავალი უკლებლივ ყველა გრანდი და მათ ზურგს ამოფარებული ყველა ხუნვეიბინი, შეელახება რეპუტაცია მთელ არსებულ ხელისუფლებას, მოეკითხება „რკინის ხელის“ თვით რეჟიმსა და მის მთავარ შემოქმედს – სუპერტოპიკს (სხვათაშორის, პირველ რიგში სამართლებლივი იმპოტენციისა და ადამიანთა ძირითადი უფლებების შელახვისთვის), და ვინ იქნება მერე გრანტომანების მილიარდიანი მასების განმკითხავი და გამჩერებელი? კორუფციათან ნამდვილი შებრძოლება რევოლუციის ტოლფასია, რევოლუცია კი – არალეგალებისა და ექსტრემისტების ჭეშმარიტი სწრაფვების გათვალისწინებით, – პირდაპირი გზაა ჯოჯოხეთისკენ. ასე რომ არ მოხდეს, ამიტომაცაა მოგონილი „რბილი კურსი“ მთელი თავისი ხარვეზებითურთ. მაგრამ… იყო და არის ერთი „მაგრამ“. ერლომყაენის ფსევდონიმი ”ქვისგული” არ იქნებოდა, „ბინძური“ კორუფციონერი მტაცებლებისთვის ასე იოლად რომ დაეთმო ასპარეზი. ბოლო–ბოლო, ოდესღაც იარაღით ხელში ებრძოდა ნაძირლებს და ზოგ–ზოგის საქციელი ყელში ამოუვიდა, რა! ამიტომაც დაახლოებით შვიდი წლის წინათ, სწორედ აქ, „მედეა–ნეტში“ მიმდინარე მორიგი შვებულების ჟამს, პირუთვნელად შეაფასა რა ადმინისტრაციული გახრწნის მზარდი მასშტაბები, ერთხელაც მოუხმო ნებისყოფას, დაძაბა გონება და ახალი მზაკვრული გეგმა მოიფიქრა, ყველასთვის მოულოდნელი მახე დაუგო განსაკუთრებით აღვირახსნილ და თავში ავარდნილ კორუფციონერებს. მაშინ მისი მთავარი სადარდებელი ის იყო, როგორმე ზომიერება დაეცვა და ნაბან წყალს ბავშვი არ გადაეყოლებინა: მექრთამეობასთან გაბრძოლების ეიფორიაში არც ზედმეტი მოსვლოდა და არც ყველასთვის ცხადი და ადვილად გასაშიფრი იმიტაციით შემოფარგლულიყო.

            ზუსტად შვიდი წლის წინათ, აი აქ, ამ ოთახში, რეზიდენციის სამუშაო კაბინეტში, შედგა მისი პირველი და სრულიად საიდუმლო საუბარი ამ თემაზე ორ უახლოეს თანამებრძოლთან, იმ ადამიანებთან, ვისაც ერლომყაენი ენდობოდა სხვებზე მეტად და რომელთა მხარდაჭერის გარეშე კორუფციის შებოჭვის მისეული მეთოდი იმთავითვე დამარცხებისთვის იქნებოდა განწირული. „წმინდანების“ ფრაქციაში შემავალი ამ ორი კაცის – უშიშროების სამსახურის ხსენებული დირექტორისა და ფინანსთა მინისტრის – კრისტალურ პატიოსნებაში ერლომყაენი სრულიად დარწმუნებული იყო, თანაც პირად უანგარობას მათ არანაკლებ უფასებდა, ვიდრე მისდამი ერთგულებას. პლანეტის ამ სამ ყველაზე გავლენიან ადამიანს (თავის ამ დაჯგუფებას სუპერტოპიკმა ხუმრობით „წმინდა სამება“ უწოდა), ზოგადი გეგმის შესადგენად ერთი კვირა, ყველა (ან თითქმის ყველა) მოსალოდნელი სირთულის გასათვალისწინებლად კი თვეზე მეტი დასჭირდა. მერე კი სუპერტოპიკმა თავის ამალას გენერალურ იერიშზე გადასვლის ნიშანი მისცა. თავ–თავისი პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გაისტუმრეს ყველაზე გათავხედებული და ოდიოზური მინისტრები: ზოგიერთ მათგანს დამსახურებული პენსია აკმარეს და ისე გაუშვეს, ვინც ოდნავ მაინც გაუძალიანდა, სხვათა საჩვენებლად დატუქსეს და ისე დააწერინეს შესაბამისი განცხადება, ზოგიც თვითონ მიხვდა მისახვედრს და საკუთარი სურვილით გადადგა. მაგრამ ეს სეირის მხოლოდ დასაწყისი იყო. სუპერტოპიკის შიშით „წმინდა სამებასთან“ შეპაექრებას ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ ბედავდა, დაჩაგრული გრანტომანების გულს კი რამდენიმე მინისტრის საჩვენებელი გაშვებით ვერ მოიგებდი, ამიტომ უფრო ქმედითი ზომების მიღება გახდა საჭირო. აღებული ტემპის დაკარგვა დაუშვებელი იყო და მეტი დამაჯერებლობისთვის „წმინდა სამებას“ სასწრაფოდ უნდა შეერჩია განტევების ჭეშმარიტი ვაცის საუკეთესო კანდიდატურა. სათანადო პრეცედენტის შექმნას წინ უსწრებდა ხანმოკლე და მძაფრი სამედიო შეტევა ერთ–ერთი განსაკუთრებით უტეხი და ურჩი (თუნდაც ქვეცნობიერად ურჩი) ფედერალური მოხელის წინააღმდეგ. როგორც მალევე გაირკვა, მსხვერპლის როლზე შეირჩა კოლეგებში ჯიუტი და ღრძო ხასიათით გამორჩეული მაღალჩინოსანი, სოციალური პროექტირების ფედერალური მინისტრი ვერნერ კრაუსი. კრაუსს ბედმა უმუხთლა: მას ერთობ პირში მთქმელი და უხეში ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა, სიმდიდრის მოხვეჭის თვალსაზრისით გარკვეული პრიმიტივიზმით გამოირჩეოდა და, ყოველივე ამის გათვალისწინებით, „წმინდა სამებამ“ სამსხვერპლოდ სწორედ მისი კანდიდატურა მოიწონა. სამუშაო დღე ახალი დაწყებული იყო, როდესაც მინისტრის კაბინეტში მდივნის დაუკითხავად ნაცრისფერ ფორმაში გამოწყობილი გამომძიებლების ჯგრო შევარდა. ამ ჯგროს ოთახში ტელეოპერატორებიც შეყვნენ. გაოგნებულ კრაუსს ტელეკამერების წინ ისე კოხტად მოარგეს ხელბორკილები და ისე სასწრაფოდ გაიყვანეს კაბინეტიდან, რომ მან ვერც ერთ გრანდთან გადარეკვა ვერ მოასწრო. დაპატიმრების აქტი გლობალური ტელევიზიის წამყვან არხებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მილიარდობით გრანტომანმა სიამოვნებით შეირგო დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ მამა–მარჩენალი არ ხუმრობს და კორუფციასთან ხმალაღმართული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. უამრავ გაჭირვებულ ადამიანს გულზე მალამოდ მოედო იმის შეგრძნება, რომ სამართალმა, როგორც იქნა, პური ჭამა და, თურმე, ამა ქვეყნის ძლიერთაც, ადრე თუ გვიან, მოუწევთ ციხის კედლების ხეხვა. არადა, ზედმეტად გათამამებულ და ადგილზე მოსასმელ ბატონ კრაუსს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ პრეტენზიის სახით სრულიად უმნიშვნელო წვრილმანი წარუდგინა: ნუ იტყვით და რამდენიმე წლის წინათ, პლანეტის ერთ–ერთმა უძველესმა და უმდიდრესმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – დედა ტერეზას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა – მიანიჭა მინისტრს პრემია დაუსაქმებელი გრანტომანების ევროპიდან სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში გადასახლების პროექტში თანამონაწილეობისთვის: რაღაც საცოდავი სამასი ათასი კვარკი. უშიშროების რამდენიმე სპეციალურად დაგეშილმა ნაგაზმა ერთდროულად იყნოსა ნადავლის სუნი: ფონდის წესდებით იკრძალებოდა ფედერალური დონის სახელმწიფო მოხელეთა უშუალო დაფინანსება, მაგრამ ვინაიდან კრაუსის კეთილი ნება განაპირობებდა სამინისტროს რეგიონალური მენეჯერების რევერანსებს ფონდის მიზნების მიმართ, დაშვებულ იქნა გამონაკლისი. პრემიალური თანხა, ბუნებრივია, არ ექვემდებარებოდა საშემოსავლო გადასახადს. წესდების ანალოგიურ დარღვევებზე ადრე ყველა თვალს ხუჭავდა ხოლმე. ყოველწლიურად ”დედა ტერეზას ფონდი” ათიოდე პრემიას გასცემდა და დაჯილდოებულთა სიაში ერთი ან ორი კეთილგანწყობილი მაღალჩინოსნის „ჩასმა“ არავის უკვირდა, მაგრამ ამჯერად საქმე ვერ გაიჩარხა. პროცესზე ვერნერ კრაუსს წაუყენეს ბრალდება ჯერ თაღლითობაში, შემდეგ გამოძალვასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, ყოველივე ამას დესერტად მოაყოლეს მექრთამეობა, პროტექციონიზმი, არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი, გრანდისთვის შეუფერებელი საქციელი, ქარტიის მიმართ უპატივცემულობა – ყველაფერი გაუხსენეს, ამოუჩხრიკეს, მაგიდაზე დაულაგეს, გაასწორეს მიწასთან, მოსპეს მორალურად. „აბა, წარმოიდგინეთ, ბატონებო! – გრგვინავდა სასამართლო დარბაზში სახელმწიფო ბრალმდებელი, – ყოფილი მინისტრის პირადი აპარტამენტების ფართობი შეადგენდა ხუთი ათას კვადრატულ მეტრს. ხუთი ათასი მეტრი ერთ არამზადაზე! და ეს მაშინ, როდესაც მისი ხელქვეითების უმრავლესობა კომუნალური საცხოვრისებიდან ვერ გამოგვიყვანია!“. სასამართლოს არც პრესა და ტელევიზია ჩამორჩა და განაჩენმაც არ დააყოვნა: უბედურ კრაუსს თორმეტი წელი მიარჭეს!

            მაგრამ უბადრუკი მინისტრების გაგდებითა თუ ციხეში გამოკეტვით „წმინდა სამების“ მზაკვრული გეგმა არ შემოიფარგლებოდა. სამეულმა დიდი ენერგია დახარჯა, რათა წმენდის შედეგად მთავრობაში შექმნილი ვაკანსიები რაც შეიძლება სწრაფად სრულიად გარკვეული თვისებებისა და ბიოგრაფიების მქონე ადამიანებით შეევსო – ძირითადად, რასაკვირველია, ხუნვეიბინების წრიდან. მას შემდეგ, რაც შემოდგომის ბოლოს ჩაიარა რეორგანიზაციის პირველმა ტალღამ და პარლამენტის ზამთრის სესიამ ერთხმად დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, დადგა ჟამი სუპერტოპიკის საიდუმლო გეგმის უკანასკნელი და ყველაზე რთული ფაზის შესრულებისა. ერლომყაენის გენიალური ჩანაფიქრი (როგორც ყოველივე გენიალური) მარტივი იყო: თითოეული ფედერალური თუ რეგიონალური უწყების რანგით უპირველეს გრანდს – სულ ერთია, ელიტსაბჭოს, მთავრობის, უშიშროების სამსახურისა თუ ზონალური დაქვემდებარების ხაზით, – ერთი სიტყვით, სახელისუფლებო ცენტრთან უშუალოდ დაკავშირებულ ნებისმიერ ხელმძღვანელ პირს, ამიერიდან დაევალა პირადად აეკრიფა ხარკი: ანუ მოეგროვებინა საკუთარი ხელქვეითების მიერ ქრთამის სახით მიღებული ყველა საჩუქარი და ნებაყოფლობით ჩაებარებინა „წმინდა სამების“ შეკვეთით სასწრაფოდ აშენებულ გრანდიოზულ საცავში, რომლის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იყო. ამ სამუშაოს შესრულებისთვის უწყების ყველა ხელმძღვანელს სუპერტოპიკის პირადი ხარჯვითი ფონდიდან ერიცხებოდა ზომიერი და აბსოლუტურად კონფიდენციალური გასამრჯელო. მაღალჩინოსნების მიერ აკრეფილი და საცავში ჩაბარებული საჩუქრების ჭეშმარიტი ფასის დადგენა ევალებოდა ანონიმურ საექსპერტო კომისიას. ამ კომისიაში შეყვანილ და ასევე გასაიდუმლოებულ წევრებს – საუკეთესო სპეციალისტებს თავ–თავის დარგებში, – გამოჰქონდათ შესაბამისი სასერტიფიკაციო დასკვნები, რომელთა საფუძველზე სუპერტოპიკი ღებულობდა საბოლოო გადაწყვეტილებას ამოღებული „წვრილი ძღვენების“ სამუზეუმო თუ სამეურნეო ბრუნვაში დაბრუნების თაობაზე. თავისთავდ ცხადია, მოწვეულ ექსპერტებს არ აწვდიდნენ არანაირ ინფორმაციას შესაფასებელი ობიექტების ჭეშმარიტ წარმომავლობაზე. მოქმედებდა კონტროლის შემდეგი მექანიზმი: ჯერ ხელქვეითებისგან აკრეფილ ფულად ნიშნებს, ძვირფასეულობასა და მოძრავ თუ უძრავ ქონებას უწყებათა ხელმძღვანელები ნოტარიალურად აფორმებდნენ ფინანსთა სამინისტროში, რომლის პირველი პირი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერლომყაენის თანამებრძოლი და „წმინდა სამების“ სრულუფლებიანი წევრი იყო; ამ ოპერაციის შემდეგ აკრეფილი ნადავლის ჩამორთმევის დამადასტურებელი საბუთები ფინანსთა მინისტრს და უშიშროების სამსახურის დირექტორს სუპერტოპიკთან შეჰქონდათ, ბოლოს კი, საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად, სუპერტოპიკი იწვევდა საექსპერტო კომისიის სხდომას, სადაც მიდიოდა ბჭობა იმაზე, თუ ვის რა, რამდენი, როდის და როგორ. შედეგად კი სამართალი პურს ჭამდა: მოპარული შედევრები ბრუნდებოდა უფიცისა და პრადოში, ჩამორთმეული ვერტმფრენები და იახტები საზეიმო ვითარებაში გადაეცემოდა წარმოების მოწინავე გრანტომანებს, ფულადი ნიშნების კონფისკატი ავსებდა სახელმწიფო ხაზინას, ძვირფასეულობა აღწევდა საუკეთესო საიუველირო მაღაზიების დახლებამდე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ მიწის ნაკვეთებზე იწყებოდა საბავშვო დაწესებულებებისა და მოხუცთა თავშესაფრების მშენებლობა, და ასე, და ასე შემდეგ.

            მერე და რარიგ ლაზათიანად „გააფარჩაკა“ მან იმ შვიდი წლის წინათ დანიშნულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე „წმინდა სამების“ მიერ შერჩეული და უშიშროების მიერ გაცხრილული ახალი მინისტრები! როგორი რიხით დაარწმუნა განწმენდილ ადმინისტრაციაში შეყვანილი პატივცემული გვამები ქონებრივი გადანაწილების უახლესი მექანიზმის ამუშავების აუცილებლობაში! ო, ეგ სხდომა მართლაც რომ მისი მოღვაწეობის ერთგვარი აპოგეა გახდა. „აბა, ძვირფასებო, აი დადგა ჩვენი შეხვედრის ნანატრი დღეც. ყველას ვაფრთხილებ, აქ ენის მოჩლექის გარეშე მოგვიწევს აზრთა ურთიერთგაზიარება, – განაცხადა მან სხდომის გახსნისას, დაიკავა კუთვნილი ადგილი თავმჯდომარის მაღალ სავარძელში და მრისხანედ გადაავლო თვალი ოთახში შეკრებილ ფედერალურ მინისტრებსა და რეგიონალურ სტატს–მდივნებს. „ჩვენ, – დაიწყო მან და მარჯვენა ხელის ძალად დაუდევარი და მოხდენილი მოძრაობით მიანიშნა ზურგსუკან შოლტივით გაჭიმულ უშიშროების დირექტორზე, – ერთმანეთში მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ: დროა, საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში გაგარკვიოთ“. მერე კი უცებ, ყველასთვის (გარდა ორი კაცისა) მოულოდნელად ხმას აუწია და ასე განაგრძო სიტყვა: „იცოდეთ, თქვენზე აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით, ყველა თქვენი ოხრობა, ყველა ჩადენილი დანაშაული, თქვენი ცხოვრების ყველაზე საზიზღარი წვრილმანებიც კი, ახლა არ ჩამომათვლევინოთ… ხმა, კრინტი! დღეის აქეთ  სათითაოდ ყველანი ჩემი პირადი არაოფიციალური მექრთამეები გახდებით. აქამდე ხომ ლამის დაუფარავად ყვლეფდით ქვეყანას, მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად მექრთამეობდით და შეგრჩათ. ძალიანაც კარგი, მაგრამ გაითვალისწინეთ: ამიერიდან მორჩა თქვენი „გულავი“. მექრთამეობის ნიჭით უხვად ბრძანდებით მომადლებულნი, ამიტომ მისი ფედერაციის ინტერესებში გამოყენება არ უნდა გაგიჭირდეთ. მორალური რუბიკონი დიდი ხანია გადალახული გაქვთ, ამიტომ ჩვენი თამაშიდან გამოსვლის უფლება გერთმევათ, ხოლო თუ მიქარეთ და წაიბორძიკეთ… ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ჩვენ საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯი არ გადადგათ, თორემ საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ… ისე, კაცურად გეკითხებით, თუმცა პასუხი აუცილებელი არაა: ხომ არ გაგაოცათ ესოდენ სწრაფმა და უპრობლემო დაწინაურებამ? მინისტრის ბრჭყვიალა პორტფელებმა ხომ არ მოგხიბლათ? შეგახსენებთ: სულ რაღაც ნახევარი წლის წინათ აი აქ, ზუსტად ამ სავარძლებში, ჩემს წინაშე თქვენი წინამორბედები, ფრიად პატივცემული და საკმაოდ შეძლებული პერსონები ისხდნენ – მათი გვარები და თანამდებობები ნამდვილად გეცოდინებათ. ნეტავ, სად გაქრნენ, ან სად არიან ახლა? როგორ ფიქრობთ: ვინ და რამ აიძულათ ამ ტკბილ სავარძლებთან დამშვიდობება? იქნებ, ჩვენ – თქვენს მონა–მორჩილს, ბატონ დირექტორსა და ყველა ჩვენთაგანისთვის პატივცემულ ბატონ ფინანსთა მინისტრს, – არ მოგვეწონა ის თუ როგორ იქცეოდნენ ისინი ოფიციალურ ბანკეტებზე? იქნებ, ლოთობას, შფოთს და ვნებიან მეძავეებს გადაყვნენ? იქნებ, მათ სახელმწიფო მართვის გამოცდილება აკლდათ? იქნებ, პოლიტიკაში ვერ ერკვეოდნენ? ან იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს თავად გაუჩნდათ სახლში წასვლის სურვილი და ჩვენ ვეღარ დავაკავეთ? არა, ძვირფასო ბატონებო (აქ სუპერტოპიკი წამით შეყოვნდა, სავარძელს ზურგით მიეყრდნო და ხმას ოდნავ დაუწია), ისინი დაღუპა ფულმა, სიხარბემ, მათ დაიჯერეს თითქოს ყველაფერი შეუძლიათ და შეუცვლელნი არიან, მაგრამ მწარედ შეცდნენ: ჩვენ ხელის ერთი მოსმით, გნებავთ კი მუშტის ერთი დაკვრით, დავუმსხვრიეთ მათ ეს ილუზია. კრაუსის ბედი ყველასთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა“. სუპერტოპიკმა მძიმედ გახედა აუდიტორიას და იგრძნო, რომ ატმოსფერო ამ არცთუ ვეება სათავსოში  უკვე საკმარისად გაჟღენთილა შიშითა და ძრწოლით. სუპერტოპიკის გამძვინვარება, უშიშროების დირექტორის ავის მომასწავებელი დუმილი, ფინანსთა მინისტრის გამომცდელი მზერა – ყოველივე ამან ზუსტად ისე იმოქმედა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებზე, როგორც ეს იყო კიდეც ნავარაუდევი. „წმინდა სამებამ“ ამდენი დრო და ენერგია ხომ იმის მიღწევას შეალია, რომ ამ ისტორიულ მომენტში ამ მომცრო დარბაზში სწორედ აი ეს დამფრთხალი, რეპუტაციაშელახული და სხვის (ანუ თვით სუპერტოპიკის) ნების უსიტყვოდ შემსრულებელი ახალგამომცხვარი გრანდები შეკრებილიყვნენ. გრძელი მაგიდის ორივე მხარეს სავარძლებში ჩამწკვრივებული ადამიანების სულებს ჩადენილი ცოდვების ტვირთი იმდენად ამძიმებდა, რომ ეს პერსონები დღემდე ვერ გარკვეულან თავისი უეცარი და თავბრუდამხვევი აღზევების ჭეშმარიტ მიზეზებში. არაერთხელ უკითხავთ მათ საკუთარი თავისთვის, თუ რა მანქანებით მოახერხეს საპარლამენტო პროცედურებისა და ტრადიციული პოლიტიკური ბარიერების ასე იოლად დაძლევა და იმ საფეხურზე აღმასვლა, საიდანაც ფეხის დაცდენა და მიწაზე დანარცხება აკეპილი ხორცის გროვად ქცევის ტოლფასია, მაგრამ პასუხი არ ჰქონდათ… ერლომყაენმა კი ერთი ამოისუნთქა და რიხიანად გააგრძელა სიტყვა: „ჩვენთვის ძალიან კარგად, ერთი კვარკის სიზუსტითაა ცნობილი, თუ რა სიმდიდრის პატრონები ხართ, რომელ ბანკებში გაქვთ გახსნილი ანგარიშები, და ისიც ვიცით, რომ ცხონებული ბებია–ბაბუებისგან მემკვიდრეობით ბევრი არაფერი გერგოთ. ვფიქრობ, იმასაც შესანიშნავად ხვდებით – დებილი ამ დარბაზში არავინაა, – რომ დღეიდან მთლიანად ჩემსა და თქვენთვის ცნობილი ჩემი უახლოესი თანამებრძოლეების კეთილ ნებაზე იქნებით დამოკიდებულები. მაგრამ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: ჩვენი მიზანი თქვენი ბანალური მოსპობა რომ ყოფილიყო, არც მინისტრებად დაგნიშნავდით და არც აქ მოყვანით შეგაწუხებდით. ჩვენი ამოცანა ახალი მთავრობის ავტორიტეტის შელახვა როდია. თქვენ გააგრძელებთ მუშაობას თავ–თავის პოსტებზე, ოღონდ ერთი პირობით: უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც აქამდე უკანონო გზით მოგიხვეჭიათ და ამიერიდან, აი ამ წამიდან, ზედმიწევით ზუსტად უნდა შეასრულოთ ჩემი მითითებები: მხოლოდ ამაშია თქვენი ხსნა, უფრო სწორად კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თქვენი აცილებისა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობის შენარჩუნების მტკიცე გარანტია. უფრო მეტიც, კარგ მუშაობაში თითოეული თქვენთაგანი ჩემი ფონდიდან არცთუ მცირე და სავსებით კანონიერ გასამრჯელოს მიიღებს, მაგრამ ერთხელაც გავიმეორებ: არ მიქაროთ. მშვენივრად გესმით, რომ ძალაუფლების ყველა რეალური ბერკეტი: ჯარი, პოლიცია, ინტერნეტი, ტელევიზია, ბანკები, გაზეთები, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, მილიარდობით გრანტომანის მხარდაჭერა ყველა კონტინენტზე, – ჩვენს ხელშია. ამიერიდან თქვენი სახელმწიფო მისია ჩემი მითითებების უნაკლოდ შესრულებაში მდგომარეობს. იმედი მაქვს, რომ გონებას უხმობთ და საკუთარ ინტერესებს სიხარბესა და უსაფუძვლო ამბიციების უკონტროლო იმპულსებს არ შესწირავთ“. ამ სენსაციურ და საკმაოდ ხანგრძლივ შესავალს მოყვა სახეზე მიტკლისფერდადებული მინისტრებისთვის „წმინდა სამების“ მიერ შემუშავებული გეგმის დეტალურად გაცნობა, რამაც საბოლოოდ გააოგნა საწყლები. რაღაც მომენტში დარბაზში დაბნეულობის სიჩუმემ დაისადგურა, რაც მაინცდამაინც სახარბიელო ვერ იყო. ცოტაც და სუპერტოპიკის მრისხანება ისევ ამ უგუნურ მაღალჩინოსნებს დაატყდებოდა და, კაცმა არ იცის, რა საშინელ ფორმას მიიღებდა, სავსებით შესაძლოა, გაუთვალისწინებელ და გამოუსწორებელსაც კი, მაგრამ, საბედნიეროდ, საქმე იქამდე არ მისულა. ჩამოვარდნილი სიჩუმე დაარღვია და ამით სიტუაცია ზედმეტი დაძაბვისგან იხსნა სხვებზე მეტად მკვირცხლმა და გამჭრიახმა ერთმა მოხელემ – ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონალური მთავრობის სტატს–მდივანმა. გაიძვერა და გაქნილმა ყოფილმა ბანკირმა ძალები მოიკრიბა, შესაშური სიმამაცე გამოიჩინა, სავარძლიდან უნებართვოდ წამოდგა და დიახაც რომ ენის მოჩლექის გარეშე (ამით მან სხდომის გახსნისას სუპერტოპიკის მიერ გახმოვანებული მოთხოვნა შეასრულა) და გულწრფელობის სიმის მაქსიმალურ ტონალობაზე აჟღერებით განაცხადა: „პირადად მე თანახმა ვარ. სხვა გზა არ გვაქვს. აუცილებლად უნდა ვაღიაროთ პატივცემული მამის გენიალობა და ვირწმუნოთ, რომ სწორედ მის მიერ დასახული გზა მიიყვანს კაცობრიობას გადარჩენამდე. გამოგიტყდებით, რომ ჩემს საოჯახო ბიზნესში მე ანალოგიურად ვიქცეოდი და ეს ყოველთვის ამართლებდა“. ყველამ შვებით ამოისუნთქა. ამ გამოსვლას სხვა, კიდევ უფრო ლოიალური და პათოსით აღსავსე გამოსვლები მოყვა და საქმეც გაიჩარხა: საბოლოო ჯამში კაბინეტის წევრთა კოლექტიური მოთვინირება ორიოდე საათში მოხერხდა. სხდომის დამთავრებამდე უშიშროების სამსახურის დირექტორმა ჩამოურიგა დამსწრეთ სპეციალური ხსნარით დამუშავებული ფურცლები (მათი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო), რომლებზეც მოკლე და ფრიად კონკრეტული ტექსტი იყო დაბეჭდილი: „პირადი ხელმოწერით ვადასტურებ, რომ არასოდეს და არანაირ ვითარებაში არ დავუშვებ ინფორმაციის რაიმე ფორმით გაჟონვას მინისტრთა ფედერალური კაბინეტის 2101 წლის 17 იანვრის სხდომის მიმდინარეობისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. საიდუმლოს დაცვაზე პასუხს ვაგებ საკუთარი სიცოცხლითა და რეპუტაციით. შესაძლო სამართლებლივი შედეგის შესახებ გაფრთხილებული ვარ“. ხელმოწერილი საბუთები თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უშიშროების დირექტორის, მომდევნო წუთში კი პირადად სუპერტოპიკის ხელში აღმოჩნდა. შემდეგ სუპერტოპიკმა ფურცლების დასტა დინჯად მოათავსა კოსტუმის ჯიბეში, ასევე დინჯად – და პირველად სხდომის განმავლობაში – წამოდგა ფეხზე, ქედმაღლურად შეავლო თვალი ნირწამხდარ მინისტრებსა და სტატს–მდივნებს, და ხმადაბლა, თუმცა უაღრესად მკაფიოდ განაცხადა: „იმედი მაქვს, ახლახან აღებულ ვალდებულებას ფორმალურად არ მიუდგებით და კრინტი არ დაგცდებათ არც მეუღლეებთან და არც, მით უფრო, საყვარლებთან, ნაშებთან და ჟურნალისტებთან. შეგნებული მოღალატისა თუ შეუგნებელი იდიოტის დასასჯელად მე სასამართლო არ დამჭირდება. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. სხდომა დამთავრებულია“. თქვა ეს და დარბაზი თავაწეულმა დატოვა. გაოგნებულმა მოხელეებმა კი (თითოეული მათგანი მილიონობით ადამიანის ბედს განაგებდა) სავარძლებიდან წამოდგომა და თავ–თავის ოფისებში გაბრუნება მანამდე ვერ გაბედეს, სანამ უშიშროების დირექტორმა მათთვის მოწყალება არ გაიმეტა და ხელის მსუბუქი მოძრაობით არ ანიშნა, მიბრძანდითო.

            აგერ უკვე ექვს წელიწადზე მეტია, ერლომყაენის გეგმა მოქმედებს და სათანადო ნაყოფიც მოაქვს. შეიძლება ყველაფერი ვერა, მაგრამ ბევრი რამ მართლაც დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც „წმინდა სამების“ მიერ იყო ჩაფიქრებული. ხარკის აკრეფისა და დაკანონებული მექრთამეობის სისტემა თავისებურად ამართლებს. მონაგარი გროვდება ჩრდილო ყაზახეთის თითქმის უკაცრიელი ტრამალის ორმოცდაათიოდე ჰექტარზე გაშენებულ სპეცსაცავში და შემდეგ ნაწილდება სხვადასხვა მიმართულებით საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. ამის შესახებ „წმინდა სამებისა“ და იმ დაჩმორებული მინისტრების გარდა არავინ იცის: არც ექსპერტებმა, არც საცავის დირექტორმა და არც სამთავრობო აპარატის ტექნიკურმა თანამშრომლებმა. კი, ვრცელდება სხვადასხვა კონტინენტებზე მოარული და უაზრო ჭორები სუპერტოპიკის უახლოეს გარემოცვაში შეღწეული ქარტიის მტრებისა და უხილავი კორუფციონერების შესახებ, მაგრამ სამართლიანობისთვის მებრძოლი სუპერტოპიკის პოლიტიკური რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებას მაინც ვერავინ ბედავს. ამ დროს კი ერლომყაენის პირადი სეიფი გაძეძგილია ფედერალურ მინისტრებზე, დეპუტატებზე და უმაღლესი რანგის სხვა ჩინოსნებზე დაწერილი საჩივრებითა და დასმენებით. ამ საჩივრებსა და დასმენებზე ერლომყაენის რეაგირება, როგორც წესი, სიტყვიერი კრიტიკითა და მეგობრული დატუქსვით იფარგლება. კომპრომატების სიმრავლე მას საშუალებას აძლევს საკუთარი გუნდის გასვრილი და „გაბანძებული“ წევრები კიდევ უფრო მეტად გააბანძოს და დაიმორჩილოს. მართლაც რომ სასიამოვნო ყოფილა უზენაესი არბიტრის როლი! ცხადია, ღია და, განსაკუთრებით, ფარული მტრების უგულებელყოფა, პოლიტიკაში ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ დღეს სუპერტოპიკს შეუძლია მშვიდად იყოს: ყველა პრევენციული ზომა მიღებულია, გუნდის ყველა წევრი – დანაყრებული, პლანეტის პოლიტიკური სისტემა – „არმირებულ–ჩაბეტონებული“ და ასეთ ვითარებაში უცნაური კორუფციული გარიგებების მის სახელთან დაკავშირება აზრადაც არავის მოუვა პათოლოგის ან თვითმკვლელის გარდა. სათანადო საბუთები ბუნებაში არ არსებობს, „წმინდა სამების“ მიერ  აწყობილი მექანიზმი კი შვეიცარული საათივით მუშაობს. თავად სუპერტოპიკი საცავში შეტანილ დოვლათს თითითაც არ ეკარება, უბრალოდ ყოველი თვის დასაწყისში ფინანსთა მინისტრისა და უშიშროების დირექტორის თანხლებით სტუმრობს ჩრდილო ყაზახეთს, შედის საცავში, შეათვალიერებს შემოსულ ობიექტებს, მერე რომელიმე რეზიდენციაში – ნორვეგიაში, ნიუ–ანაკლიაში ან ჰოკაიდოზე – ბრუნდება და იწვევს საექსპერტო კომისიის სხდომას. ბოლოს კი ხდება სასწაული და მოშიებული სამართალი თავის წილ პურს მიირთმევს: მოპარული შედევრები იკავებენ კუთვნილ ადგილს უფიცის, ერმიტაჟისა და პრადოს წმიდათაწმიდა კედლებზე, კონფისკაციას დაქვემდებარებული ვერტმფრენები, თვითმფრინავები და იახტები გადადიან წარმოების დამსახურებულ მოწინავეთა პირად მფლობელობაში, ფულის ნიშნები ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ძვირფასეულობის ნაკადი უწყვეტად მიედინება საიუველირო მაღაზიებში, მიწის ნაკვეთებზე იწყება საბავშვო დაწესებულებებისა და მოხუცთა თავშესაფრების მშენებლობა, და ასე და ასე შემდეგ.

            მეშვიდე წელია მოვლენები დედამიწაზე სუპერტოპიკის მზაკვრული გეგმის მიხედვით ვითარდება. ამ წლების მანძილზე ხმამაღალი პროტესტი ამა თუ იმ სფეროში მექრთამეობის მოძალეობის თაობაზე სულ ათიოდე დეპუტატმა თუ გამოთქვა, გლობალურ მას–მედიას კი პრაქტიკულად მთლიანად პროპაგანდის დეპარტამენტი აკონტროლებს. ყველამ შეიგნო, რომ ამგვარი სადეპუტატო დემარშების ფასი სინამდვილეში უსასრულოდ მცირეა. ნუ, დიდი–დიდი ვიღაც გაიკიცხოს, ვიღაც დაიკითხოს, ვიღაცა ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდეს, მერე გამოვიდეს, მერე ისევ ჩაჯდეს, ისევ გამოვიდეს, პროტესტი კი ამასობაში ნელდება და ქრება. კი, სამჯერ თუ ოთხჯერ (და ისიც პროპაგანდისტული მიზნებით) ბადეში მართლაც მოყვა შედარებით დიდი ღლავი (ოღონდ მინისტრ კრაუსზე გაცილებით ნაკლები წონისა). ასეთები უცებ მოარიდეს თანამდებობას და რამდენიმე მშრალი სტრიქონი დაუთმეს ყვითელ პრესაში, შემდეგ კი ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. აბა, სხვა რა ექნა, როგორ მოქცეულიყო? არც არაფერს ნანობს. ზედმეტი სისასტიკე ყელში ამოუვიდა, მტრებმა ისედაც ქვისგულოვანი შეარქვეს, იმდენი სისხლი დაუღვრია ახალგაზრდობაში, რომ… კმარა! ვერანაირი სხვა მეტნაკლებად მისაღები ხერხით ის კორუფციის სენს ვერ გაუმკლავდებოდა, არადა, რაღაც ქმედითი ზომების მიღება იმ ამყრალებული სიტუაციის ამოსაყირავებლად თუ არა, ოდნავ შესაცვლელად მაინც, მაშინ სრულიად აუცილებელი გახდა.

            კაცმა რომ თქვას, დღეს სუპერტოპიკს ინფორმაციის გაჟონვის ალბათობაც კი ნაკლებად ადარდებს. მისი ისტორია თითქმის ბოლომდეა დაწერილი. სასწაული თუ მოხდა და რომელიმე დაჩმორებულ მინისტრში რატომღაც უეცრად გაიღვიძა ღირსების მიძინებულმა გრძნობამ, დინება კალაპოტს მაინც ვერ შეიცვლის, ამბოხებული კი ვერას გააწყობს და დაღუპავს თავსაც და ახლობლებსაც. საოცარია, მაგრამ ერლომყაენის მიერ ასეთი რუდუნებით გამოძერწილი პლანეტარული ტყუილი იმდენად წარმატებული და გრანდიოზული აღმოჩნდა, რომ უტყუარი სიმართლის ნაკვთები შეიძინა. რეჟიმი ისეა აწყობილი, რომ დაბალი რანგის ვერც ერთი გამომძიებელი ვერ გადაამოწმებს აგენტურული წყაროებიდან მიღებულ მამხილებელ ინფორმაციას უშიშროების ზემდგომი რგოლის სანქციის გარეშე, ასეთი სანქცია კი არავითარ შემთხვევაში არ იქნება გაცემული. და არა მარტო უშიშროება… ელიტსაბჭოში შემავალი არც ერთი გრანდი არ დაუშვებს სტიქიური პოლიტიკური ცუნამის წარმოშობას: ავანტიურისტების დრო წინა ათწლეულში წავიდა და, იმედია, სამუდამოდაც. ან რომელ ხელისუფლებას სურს თავისი სიბინძურეების სააშკარაოზე გამოტანა? – ამით ხომ ყველა წააგებს, ძლივს აწყობილ და მოწესრიგებულ სისტემას მიაყენებს დარტყმას. ეს წყეული უცხოპლანეტელები რომ არ გამოჩენილყვნენ… მაგრამ რას იზამ, ისინი გამოჩნდნენ და ვინ რა იცის, რა უდევთ მათ გულში თუ იმ ორგანოში გულის მაგივრობას რომ უწევთ? კაცობრიობამ არც კი იცის, რომ უკვე ახალი განსაცდელის, ახალი დიადი გამოცდის წინაშე დადგა. აბა, რა დროს კორუფციაა? უცხოპლანეტელების მხრიდან ხომ მცირე აგრესიულობის გამოვლენა, ერთი პროვოკაციული, ან სულაც ორაზროვანი და გაუგებარი ქმედებაც კი საკმარისი აღმოჩნდება, რათა ყველა სხვა საკაცობრიო პრობლემამ უცებ ინაცვლოს უკანა პლანზე. მაშინ ხომ სწორედ მას – პლანეტის მამას, სუპერტოპიკ ერლომყაენ ქვისგულს – მოეთხოვება და მოუწევს მილიარდობით გრანტომანის მობილიზება შემოჭრილი უცხო სხეულის წინააღმდეგ, თითქმის ისე, როგორც ეს იმ უძველეს და სასაწაულებრივად გადარჩენილ ფილმშია აღწერილი. ჰო, რა ერქვა? მგონი, ”მატრიცა”… ასეთ შემთხვევაში ხომ სუპერტოპიკს მოქმედებისთვის ძალიან ვიწრო დერეფანიღა შერჩება და რაღაც სიტყვები ხომ უნდა გამოძებნოს მეომრებისთვის, როგორც მაშინ, ბალკანებში, რაღაცით ხომ უნდა აღაფრთოვანოს? მარტო დაშინება არ კმარა… ხალხს რითი და როგორ მიმართოს, თავად ოდესღაც ხალხის წიაღიდან გამოსულმა ერლომყაენმა? არა უსაქმურ გრანდებს, არა ხელისბიჭობაში ჩარჩენილ ხუნვეიბიმებს, არა მონობაში გადიდკაცებულ დამპალ მინისტრებს და გაქსუებულ „გეიპუტატებს“, – სწორედ რომ ხალხს, გრანტომანებს, მასას. ხალხმა ხომ იცის – და თუ არ იცის, გუმანით შეიგრძნობს მაინც, – თუ როგორი ოღრაშებითა და გოთვერნებითაა სავსე მთელი ეს სახელისუფლებო ინსტიტუტები და საბიუჯეტო კომისიები. ან რაში ენაღვლება უბრალო ჭანჭიკს, რომელიღაც განზოგადოებულ პატარა გრანტომანს ის, თუ რა თვითგვემად დაუჯდა და უჯდება სუპერტოპიკს პლანეტაზე მშვიდობისა და ელემენტარული სამართლიანობის შენარჩუნება. უცხოები თუ შემოიჭრნენ, დაიწყება მესამე ბირთვულზე გაცილებით უფრო საშინელი ომი, და აი მაშინ ყველაზე იდიოტი გრანდიც კი მიხვდება, რომ გრანტომანების ინტერესები სულ სხვა დონეზე გახდება დასაცავი. მთავარია, გვიან არ იყოს! რა თქმა უნდა, კაცობრიობა იბრძოლებს პლანეტისთვის. ამისკენ მას, უპირველეს ყოვლისა, თვითგადარჩენის ინსტინქტი უბიძგებს, მაგრამ მოიძებნება კი ქვისგულისთვის ადგილი ამ ბრძოლაში? სინამდვილეს თვალს თუ გაუსწორებს, უნდა აღიაროს: ეს ბიომასა მას ხომ უბრალოდ იტანს, ითმენს მთელ ამ გაღორებულ ფსევდოელიტას მისი თამადობით. უბრალოდ არ ეთმობა ჩვეული მკაცრ–კეთილი დიქტატორი სხვების, კიდევ უფრო დიდი გარეწრების, ფონზე, უარესობისკენ ცვლილების ეშინია. კი ბატონო, არალეგალებს მოერია, მოახერხა მათი მარგინალიზაცია, მაგრამ ძირითად მოსახლეობას, ამ მშრომელ ბიომასას რა უყოს? ერთი მაგათი დედაც, ფიქრობენ ჩვენზე ეს გაღლეტილი მილიარდები, ჭირსაც წაუღია ეს თვითმარქვია გრანდები და მათი ნაბიჭვარი ნაშიერები… ხეთქონ, ყლაპონ და ჭამონ, ოღონდ ჩვენც გვაცალონ პაწა. სიცოცხლე ხომ, მიუხედავად ყველა სიავისა, მაინც მშვენიერია, და ამ ფაქტის დაჩრდილვა ყველაზე პირწავარდნილ გლობალურ დიქტატურასაც კი არ ძალუძს. ბოლოს და ბოლოს, რამდენი კეთდება და კიდევ გაკეთდება, ცხოვრებაც ისეთი გაუსაძლისი აღარაა, ომის შემდეგ რომ იყო. შიმშილითა და წყურვილით თითქმის აღარავინ კვდება, თვით აფრიკაშიც კი. კაცობრიობა შორეული კოსმოსის ათვისებას შეუდგა, რამდენ ოჯახში დგას სუპერმაცივარი, დღეს შედარებით შეძლებული გრანტომანები, ვისაც ბედმა გაუღიმა, მთვარის დისნეილენდებშიც კი ახერხებენ შვებულების გატარებას. ერთი სიტყვით, წინსვლა სახეზეა. ოღონდაც რევოლუცია არავინ წამოიწყოს და ღამ–ღამობით პოლიტიკურ საქმეებზე დაპატიმრებები არ განახლდეს და… ჯანდაბას, ამოიყორონ უძღები მუცლები, ოღონდ ღამე დაგვაცალონ ძილი, დილას და ნათელ დღეს კი ჩვენ  როგორმე თვითონაც მივხედავთ. დიდი ომისგან და მასობრივი რეპრესიებისგან დაგვიცვან ღმერთმა და სუპერტოპიკმა, დანარჩენს კი მოევლება: კორუფციასაც, დიქტატურასაც, იდიოტურ მედიასაც, მაზომბირებელ ინტერნეტსაც, გაპუტანებულ ქვეშაფსია „გეიპუტატებსაც“ და ყველა სხვა მამაძაღლობასაც. ასე ფიქრობენ მასები, ზუსტად ასე… სამაგიეროდ სუპერტოპიკმა აჩუქა ბიომასას მშვიდობა, შანსი მისცა იმ გრანტომანებს, რომელთაც მთავრობასა და პარლამენტში მოკალათებულ პარაზიტებზე მეტად სამართლიანობისთვის მებრძოლი არალეგალი ექსტრემისტები ეზიზღება. სუპერტოპიკის ბრძნულმა პოლიტიკამ ის ხომ მაინც მოიტანა, რომ მასობრივი რეპრესიების აუცილებლობა მოისპო. დიახ, – გაიფიქრა სავარძელში უძრავად ჩაყვინთულმა ერლომყაენმა, – მე არა მარტო ვენერაზე და მარსზე გაფრენილი ექსპედიციები ვაფინანსე, მე ჩემს თანამოქალაქეებს მშვიდი ძილის საშუალება მივეცი, საერთაშორისო მეშჩანობის მხედართმთავარი გავხდი და მეგონა, რომ შემრჩებოდა, რომ დრო ჩემზე იმუშავებდა, რომ კორუფციის პრობლემა თავისთავად გადაიწევდა უკან, ახლა კი ამ უცხოპლანეტელების გადამკიდე, გამოდის, რომ დრო აღარა მაქვს, ცაიტნოტში ვარ. უცხოებთან კონტაქტის ამბავი, ადრე თუ გვიან, ყველასთვის ცნობილი გახდება, ასეთ რაღაცას, რა ხელწერილებიც არ უნდა ჩამოართვა ხელქვეითებს, დიდხანს ვერ დამალავ, და ომი თუ დაიწყო… მაშინ ყველა ძირითადმა სახელისუფლებო რგოლმა – სუპერტოპიკმა, ელიტსაბჭომ, მთავრობამ, პარლამენტმა, – გრანტომანების მობილიზებისთვის უამრავი ტკბილი  სიტყვა და მაღალფარდოვანი ლოზუნგი უნდა შეამზადოს. კაცობრიობას ვერავინ ეტყვის უარს საომარი დროის შესაფერი რიტორიკის გამოყენებაზე! ისიცაა მხედველობაში მისაღები, რომ ასეთი სიმწრით შეკოწიწებული დიადი ქარტია მხოლოდ რეკონსტრუქციის ეპოქის შესაბამისი საკონსტიტუციო დოკუმენტია, უცხოებთან ომის ვითარებაში ის გამოუსადეგარი გახდება, ვინაიდან ფრონტის ხაზი – როდესაც ისინი დედამიწის დაპყრობას შეეცდებიან, – თითოეულ ქუჩაზე, თითოეულ ბინასა და ქოხზე გაივლის. აი მერე კი მომიწევს გულისამრევი პროცედურების სახალხოდ ჩატარება. სხვა გზას ისტორია არ დამიტოვებს: იძულებული გავხდები ვუხმო სტაჟიან მექრთამეებს, ბებერ ოღრაშებს, გენეტიკურ ყბედებს, ლაწირაკ ხუნვეიბინებს, მამალ ქურდებს და საბოლოოდ ჩავუგდო მათ პლანეტა ხელში. იმიტომ რომ სწორედ მათ, მის რჩეულებს მოუწევთ ხალხში გასვლა და გრანტომანების წინაშე მგზნებარე მოწოდებებით ყელყელაობა. მათ მოვალეობაში აუცილებლად შევა საზარბაზნე ხორცად გამზადებულ მასებთან გულისამაჩუყებელი ლაქლაქი პატიოსნებასა და თავგანწირვაზე, ერთგულებასა და სამშობლოს სიყვარულზე, მამაცობასა და ზნეობაზე, სექსუალურ მორალსა და სიქველეზე. საომარ პირობებში მოსახლეობის მინიმალურად გამოკვებაზე მაინც ხომ დაევალებათ ზრუნვა! მერე ერთხელაც იქნება, ომის აურზაურში, მთელი ეს ფარისევლობა იფეთქებს და ხმაურით გასკდება. ვისღა გაახსენდება მაშინ სუპერტოპიკის გაკეთებული კეთილი საქმეები, მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში დაბრუნებული შედევრები, წარმოების გმირებისთვის საზეიმოდ გადაცემული ძვირფასი მანქანები და ვერტმფრენები, ბობოლებს ჩამორთმეული და უპატრონო ბავშვებისთვის გადაცემული საცურაო აუზები და აგარაკები, მსუყე პრემიები, რომლებსაც ასე უხვად ვურიგებ მეცნიერებსა და ხელოვანებს. რამდენ სიკეთეს ემსახურება ჩემს მიერ შემოტანილი დაკანონებული მექრთამეობა, რამდენი ადამიანი გასწორდა მხარში ამ შვიდი წლის განმავლობაში და ჰა – ლამის ყველაფერი წყალში უნდა ჩაიყაროს ამ დამპალი უცხოპლანეტელების გამო. უთუოდ სადღაც რაღაც გამომრჩა, რაღაც შეცდომა დავუშვი. იქნებ, სულაც კოსმოსის ათვისებაზე ყურადღების მომეტებულად გადატანა იყო შეცდომა, თანაც გამოუსწორებელი. თუმცა ახლა ნამდვილად გვიანია თითზე კბენანი.

            კიდევ სხვა რამაა უფრო საწყენი. ფაქტია, ვერავინ შემეკამათება, რომ ფარული მექრთამეობის აწყობილმა სისტემამ ახალი ენერგია შემატა კაცობრიობას. არადა, ვინც ამით უშუალოდ სარგებლობს, – ყველა ის მუშა თუ ფერმერი, კონსტრუქტორი თუ მეცნიერი, მწერალი თუ მხატვარი, ყველა ის ვინც ამ სისტემის წყალობით მოსუქდა და მოძლიერდა, – ნათლად თუ წარმოიდგენს წყაროს, საიდანაც ასე მსუყედ მარაგდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, პირველი განუდგება და დაიბანს ხელებს. მაგათ ყოველივე ხომ ციური მანანა ჰგონიათ, ციური არა… ჩაწილებულები არიან, ღებულობენ პროცენტებს იმ დოვლათიდან, რომელსაც „წმინდა სამება“ ენერგიის დაუზოგავად და რისკიანად აგროვებს იმ საცავში, ყახაზეთის სტეპში მიუდგომელ ადგილას რომ გადაჭიმულა. რაც შეეხება პატიოსან მოქალაქეებს… ეგ პატიოსნები პირველები გაკიცხავენ, რადგან „სუფთა“ ფულით მიღებულ გასამრჯელოს არიან დაჩვეულნი. გარდა ამისა, ვინ დაიჯერებს, რომ ხელები არ მოვითბე ამ მექრთამეობის პატრონაჟით? არც არავინ. არადა, მაშინ, შვიდი წლის წინათ, თითქოს ყველაფერი გავითვალისწინე, უცხოპლანეტელების მზის სისტემაში შემოჭრის გარდა. შეცდომა… რა საზიზღარი სიტყვაა, სპილენძის გემო წაკრავს, სისხლიანი სპილენძისა, მით უმეტეს თუ დიქტატორი ხარ და ვერავის ენდობი ორად–ორი ძველი თანამებრძოლის მეტი. მერე ეს გაუთავებელი ჭორები… მაინც რამდენი ღორია ირგვლივ! კარგია, რომ უშიშროების დირექტორი ჩემი ნაცადი მეგობარია და მის მოტანილ სიმართლეს მე ვიტან და ვითმენ. ეგ ვაჟბატონი არც ჩემზე მოსიარულე ყოვლად სულელური ანეკდოტების მოყოლას ერიდება, იცის, რომ ძველი ამფსონი ამისთვის არ გაკიცხავს. იუმორის გრძნობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ამის უფლებას თავს ვერ მივცემ. ჯერ ხომ სიმართლის გაგება, თუნდაც ანეკდოტებიდან, ისედაც ღირებულია, მეორეც – სრული იდიოტობაა გადავიკიდო ადამიანი, რომლის კეთილგანწყობაზე ასე ვარ დამოკიდებული. სხვათაშორის, პირიქითაცაა: მთელი პოლიტიკური ბომონდის თვალში უშიშროების დირექტორი ხომ ჩემი პირადი აგენტი, უპირველესი ჩამშვები და დამსმენია. ეგაა, რომ „წმინდა სამებაში“ ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს, მის გარეშე ბრმა და ყრუ ვიქნებოდი და გაცილებით უფრო ადრე წავიმტვრევდი კისერს, ვიდრე ამას უცხოპლანეტელები გამიჩალიჩებენ…

            ოდნავ, გულის სიღრმეში, სუპერტოპიკი მაინც ნანობს. ეჰ, ნეტავი კოსმოსური შეტაკების დაწყებამდე ძალა ეყოს ახალი წმენდის ჩასატარებლად. ამისთვის მან ისევ უნდა ცვალოს კადრები, დაუპირისპირდეს თავისივე შექმნილ ელიტას, გააკეთოს იგივე, რაც წინისწინა საუკუნეში მილიარდიან ჩინეთში ვინმე ამხანაგმა მაომ გააკეთა: ახალი „კულტურული რევოლუციის“ ქარცეცხლში გაატაროს გაზულუქებული გრანდების მმართველი პარტია, მაგრამ… აღარც ასაკი უწყობს ხელს და აღარც ობიექტური ვითარება. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ცუდად მაინც არ უპოლიტიკოსია. ცუდი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ იმ ნადირობაზე მიაწვენდნენ, ჩვიდმეტი წლის წინათ. მაგრამ მაშინ ლამის ყველაფერს თვითონ აკეთებდა, ინიციატივას ყოველთვის თავად იჩენდა, ზღვა ენერგიის პატრონი იყო, ახლა კი… ახლა გვიანია. აღიარებს: მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი – მისი პატარა ექვსთითა პუსკუნაა, მაგრამ ძალაუფლების მახეს როგორ გაეყაროს? როგორ ჩამოიხსნას პასუხისმგებლობის ის ტვირთი, ოცწლიანმა ერთპიროვნულმა მმართველობამ რომ აკიდა?…

X       X       X

            ამ შეგნებულად შემოკლებული და ლიტერატურულად დამუშავებული ვარიანტის წარდგენით იხურება საიდუმლო საქმე კოდური სახელწოდებით „ხილვა“ და იწყება ერლომ ნუცუბიძის კომატოზურ ტვინში მოხარშული ნაყოფის ჩვენთვის უცნობი მკითხველის მიერ დაგემოვნების პროცესი. დიახ, საქმის განხილვა ამ ეტაპზე დასრულებულია, თუმცა არც მისი თაროდან გადმოღებაა გამორიცხული. მომავალში ეს მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

            წამით წარმოიდგინეთ, რომ კაცობრიობას სწორედ ასეთი, ერლომის მიერ აღწერილი მომავალი ელის – თავისი ატომური თუ კოსმიური ომებით, შიმშილითა და შიმშილთან ბრძოლით, ეროვნული სახელმწიფოების გაუქმებით, ფარისევური კონსტიტუციით, შეიარაღებული სპეცბრიგადების პარპაშით, ტოტალიტარული წყობით, დიქტატურის წნეხით, დაკანონებული მექრთამეობით. წარმოიდგინეთ ისიც, რომ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ მძლავრი სპეცსამსახურებისა და ბირთვულ სახელმწიფოთა ლიდერების იდუმალი კუთვნილება ხდება, არამედ რომელიმე თანამედროვე ინტერნეტ–რესურსის, თუნდაც იგივე ვიკილიქსის, წყალობით ყველასთვის ხელმისაწვდომია. რა შედეგს მოიტანდა ასეთი გახსნილობა? იქნებ ხილვაში აღწერილი სცენარის კიდევ უფრო გაუარესებას, ნაადრევ სოციალურ რევოლუციებსა და კიდევ უფრო საშინელი ბირთვული ომის გაჩაღებას დედამიწაზე, თანაც გაცილებით მალე? იქნებ, განგების ნებით, ერთი უბრალო სამტრედიელი მემანქანის სიცოცხლე სულაც იმას შეეწირა, რომ ყველამ შესარგები შევირგოთ და ჩვენივე სისულელით, გაუტანლობით, უკუღმართობითა თუ გაუმაძღრობით  სრულიად არ გავანადგუროთ დედამიწა – ჩვენი საერთო აკვანი, ვინ იცის…

            ერთიც კია. იმას, რომ ხილვის ცენტრალური პერსონაჟი, ერლომყაენ ქვისგული მემანქანე ერლომ ნუცუბიძის alter ego–ა, თვით ჭადრაკისა და კოსმოსის მოყვარული სუპერტოპიკის ბიოგრაფია ცხადყოფს. გაუგებარია ოღონდ, ვინ იყო ის პაპამისი, რომლის გადარჩენილი საარქივო საბუთის მიხედვით ჯერ მოხერხდა ერლომყაენის პიროვნების, როგორც ქართველის იდენტიფიცირება, ხოლო ათწლეულების შემდგომ, პოლიტიკური კარიერის მწვერვალზე, მისთვის საზაფხულო რეზიდენციის მშობლიურ მხარეში – ნიუ–ანაკლიაში – აგება. ვინაიდან, როგორც ვიცით, ჭეშმარიტ ერლომს მამა ფრონტზე დაეღუპა, შესაძლოა ვიფიქროთ მის დიდ პაპაზე – ძველ რკინიგზელ ონისე ნუცუბიძეზე, რომლის წყალობით (გარკვეულწილად) მომავალში დედამიწის მართვის პულტი, ზაფხულობით მაინც, ჩვენი წინაპრების მიწაზე, ნიუ–ანაკლიაში აღმოჩნდება. ისე, გორის გამოცდილებაც გაგვაჩნია ქართველებს და სამტრედია ვითომ რითაა ნაკლები? მადა ჭამაში მოდის. არც ისაა გამორიცხული, რომ გონებაწართმეული ერლომების უტოპიურ ფანტაზიებში გაცილებით მეტი რეალობა სუფევდეს, ვიდრე რეალურად მოაზროვნე იმ თანამედროვე ჭაბუკებში, რომლებიც კარგა ხანია საკუთარი პატივმოყვარე ზრახვების მძევლებად იქცნენ. სავარაუდოა, რომ ეს ნაადრევად დაბერებული ჭაბუკები, ერთხელაც იქნება, ერლომყაენების ბედს  გაიზიარებენ, თუმცა არც ის ივარგებს, მათზე საბოლოოდ ჩავიქნიოთ ხელი. იმედს ბოლომდე ნუ გადავიწურავთ: იქნებ ერლომის ეს კონკრეტული ხილვა რაფაზე მიტოვებული ანთებული სიგარეტის კვამლივით გარემოში უკვალოდ კი არ გაიწოვება, არამედ სათანადო დროს ხვალინდელი დღის რეალურ ნაკვთებს მიიღებს და აი მაშინ კი მოგვიწევს სკამიდან წამოდგომა და ამ განარქივებული საქმის თაროდან ხელმეორედ გადმოღება.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button