რადიარდ კიპლინგი – ლისპეტი
ის იყო ჰიმალაის მკვიდრის სონუუსა და ჯადეს ქალიშვილი. ერთ წელიწადს ცოლ-ქმარს სიმინდი არ მოუვიდა და კოტგარჰის ველზე გაშლილ ყაყაჩოს ყანაშიც ღამით ორმა დათვმა ითარეშა. ამიტომ მომდევნო წელს ქრისტიანობა მიიღეს და ბავშვიც მონათლეს. კოტგარჰის მღვდელმა გოგონას ელისაბედი დაარქვა, ხოლო მთის, ანუ ფაარის მკვიდრნი კი ელისაბედის ნაცვლად ლისპეტს ეძახდნენ. მერმე კოტგარჰში ქოლერა გაჩნდა და თან გაიყოლია სონუუ და ჯადე, ხოლო ლისპეტი კოტგარჰის მღვდლის მსახური და მხლებელი შეიქნა.
ქრისტიანებისა თუ მისი ტომის ღმერთების წყალობით, ლისპეტი მეტად ლამაზი ქალიშვილი დადგა. როცა მთიელი ქალიშვილი ტანს იყრის და ეშხით ირთვება, მის სანახავად მართლაც ღირს ორმოცდაათი მილი თუნდაც პარტახი გზის გავლა. ლისპეტს ბერძნულ ქანდაკებას მიუგავდა სახე. ასეთ სახეს ხშირად ხატავენ ხოლმე, ცხოვრებაში კი იშვიათად გვხვდება. ფერმკრთალი გახლდათ, ზღაპრული თვალები ჰქონდა, სპილოსძვლისფერი კანი და თავისი რასის პირობაზე საკმაოდ მაღალი იყო.
ლისპეტი შეეთვისა ქრისტიანობას და როცა დაქალდა, მრავალ სხვა მთიელისაგან განსხვავებით, არც მაშინ განდგომია ამ რელიგიას, თვისტომთ ამიტომაც სძულდათ იგი. ასე ამბობდნენ – თეთრ ქალბატონად იქცა, ყოველდღე ბანაობსო. მღვდლის ცოლი საგონებელში ჩავარდა. არ იცოდა რითი დაესაქმა იგი. განა შესაძლოა, ხუთი ფუტი და ათი დიუმის სიმაღლის ქალღმერთს შეჰკადრო იატაკი მოხეხოს, ან ჭურჭელი გარეცხოს?!
ლისპეტი თამაშობდა მღვდლის შვილებთან ერთად, კითხულობდა ყველა წიგნს, რაც ხელში მოხვდებოდა და დღითი დღე მშვენდებოდა.
მღვდლის ცოლმა დაიჟინა, ლისპეტი ძიძად უნდა გავამწესოთ სიმლაში, ანდა სხვა რამ შესაფერი სამუშაო ვუშოვოთო, მაგრამ ლისპეტს ამის გაგონებაც არ სურდა. იგი მღვდლის სახლშიც მშვენივრად გრძნობდა თავს.
მოგზაურები კოტგარჰში რომ შემოივლიდნენ, რაც იმ წლებში იშვიათად ხდებოდა, ლისპეტი თავის ოთახში ჩაიკეტებოდა, შიშობდა, სადმე უცხო ქვეყანაში არ წაეყვანათ.
ერთხელ, როცა უკვე ჩვიდმეტი წლისა იყო, ლისპეტი სასეირნოდ გავიდა. ინგლისელი მანდილოსნებისაგან განსხვავებით, რომლებიც სულ რაღაც მილნახევარს თუ გაივლიან ფეხით და მერე ცხენით ბრუნდებიან უკან, ლისპეტი ოც-ოცდაათ მილზე ნაკლებს არ სჯერდებოდა.
ამჯერად იგი შებინდებისას მობრუნდა, ციცაბო დაღმართი ჩამოირა და კოტგარჰში შემოაბიჯა, რაღაც მძიმე ტვირთით ხელში. მღვდლის ცოლი თვლემდა, როცა აქოშინებული და ქანცგაცლილი ლისპეტი სასტუმრო ოთახში შემოვიდა, ტვირთი ტახტზე დადო და უბრალოდ თქვა: ეს ჩემი ქმარია. გზაზე ვიპოვე. დაშავებულია. ჩვენ მოვუვლით მას და რომ მომჯობინდება, თქვენი მეუღლე ჯვარს დაგვწერს.
მღვდლის ცოლმა შეიცხადა. ლისპეტმა ხომ პირველად ახსენა ცოლქმრობა.
დივანზე მწოლარე მამაკაცი დახმარებას საჭიროებდა. ეს გახლდათ ახალგაზრდა ინგლისელი, რომლის თავი რაღაც წვეტიანსა და ბასრ საგანს გაეჩეხა. ლისპეტმა თქვა, ფერდობთან ვიპოვე და აქ მოვიყვანეო. ინგლისელი ძლივს სუნთქავდა და ცნობა ჰქონდა წართმეული.
დაშავებული ლოგინში ჩააწვინეს. თავზე მღვდელი დაადგა, რომელსაც ცოტა რამ გაეგებოდა აქიმობისა. ლისპეტი კი კარს უკან იდგა, რათა საჭიროების შემთხვევაში იქვე ყოფილიყო. ლისპეტი გაენდო მღვდლის ცოლს, ამ კაცზე ვაპირებ გათხოვებასო. მღვდელმა და მისმა ცოლმა იგი დატუქსეს ასეთი შეუფერებელი ზრახვებისათვის. ლისპეტმა მშვიდად მოუსმინა მათ და შემდეგ კვლავ გაიმეორა იგივე. ქრისტიანობას ძალზე დიდი დრო სჭირდება, რათა ამოძირკვოს ცივილიზაციას უზიარები ისეთი გრძნობანი, როგორიცაა, ვთქვათ, შეყვარება ერთის დანახვით.
ლისპეტს არ ესმოდა, რად არ უნდა გაემხილა გულისნადები. მან ხომ იპოვა თავისი სათაყვანო არსება. არც ის უნდოდა, სახლიდან დაეთხოვათ. აპირებდა მოევლო ინგლისელისათვის, ვიდრე იგი მოიხედავდა და შეძლებდა ჯვარის დაწერას.
ინგლისელს ორ კვირას გაჰყვა მსუბუქი ციება, შემდეგ ჭრილობა შეუხორცდა და ლაპარკიც შეძლო. სიკეთისათვის მადლობა გადაუხადა მღვდელს, მის ცოლს და განსაკუთრებით ლისპეტს. ასე თქვა, აღმოსავლეთში ვმოგზაურობდი და დეჰრადანიდან აქ იმისთვის ამოვედი, რათა სიმლას მთებში მცენარეები და პეპლები მეგროვებინაო. აქ არავის იცნობდა. ახსოვდა მხოლოდ, რომ კლდეზე მაშინ გადაიჩეხა, როცა დამპალ ხეზე ამოსულ გვიმრას წყვეტდა. მზიდავებმა კი, როგორც ჩანდა, ბარგი მოიპარეს და მიიმალნენ. ინგლისელი მომჯობინების შემდეგ სიმლაში აპირებდა წასვლას. მას უკვე აღარ სურდა მთებში ხეტიალი, მაგრამ არ ჩქარობდა და ნელ-ნელა იკრეფდა ძალას. ლისპეტი არც მღვდლისა და არც მისი ცოლის რჩევას ყურად არ იღებდა. ამიტომაც მღვდლის ცოლმა ინგლისელს გაუმხილა ლისპეტის გულისნადები. ინგლისელმა ბევრი იცინა და ეს ამბავი ლამაზ, რომანტიკულ, ნამდვილ ჰიმალაურ იდილიად მონათლა. მას ხომ დანიშნული ეგულებოდა თავის სამშობლოში, და პირობის დარღვევა შეუძლებლად მიაჩნდა. მღვდლის ცოლს აღუთქვა, წინადახედულად მოვიქცევიო და მართლაც შეასრულა სიტყვა. ინგლისელი მაინც უარს არ ამბობდა ლისპეტთან საუბარზე, სეირნობდა მასთან, ქათინაურებს უკმევდა და საალერსო სახელებს ეძახდა. მას ეს არაფრად უღირდა, ლისპეტისათვის კი უდიდესი ბედნიერების წყარო იყო. მთელი ორი კვირის განმავლობაში მეშვიდე ცაზე გრძნობდა თავს: მან ხომ იპოვა სასურველი მამაკაცი.
ველურის სისხლი ედგა, ამიტომაც სულ არ ცდილობდა გრძნობების დამალვას და ინგლისელიც ერთობოდა ამით. როცა იგი გზას გაუდგა, მეტად დამწუხრებულმა და უბედურმა ლისპეტმა ნარკუნდამდე გააცილა. მღვდლის ცოლი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, შფოთი და აურზაური ეჯავრებოდა, ლისპეტი კი სულ არ ეპუებოდა მას. მღვდლის ცოლმა სთხოვა ინგლისელს, დაჰპირდი რომ დაბრუნდები და შეირთავთ, ამით მაინც ეცი ნუგეშიო. „ხომ იცით, ის მთლად ბავშვია და გულის სიღრმეში, ვგონებ, წარმართიც“…
ლისპეტი ნარეკუნდას თხემზე იდგა და ტიროდა, ვიდრე მუტიანის ბილიკით მიმავალი ინგლისელი თვალს არ მიეფარა.
მერე ცრემლები შეიშრო, უკან დაბრუნდა და მღვდლის ცოლს უთხრა: „ის დაბრუნდება და შემირთავს. წავიდა, რომ თავისიანებს შეატყობინოს ეს ამბავი“. მღვდლის ცოლი მოეფერა და დაუდასტურა, უეჭველად დაბრუნდებაო…
გავიდა ორი თვე. ლისპეტი მოუთმენლობამ შეიპყრო. მას უთხრეს, რომ ინგლისელი გაემგზავრა ზღვას იქით, ინგლისში. ლისპეტმა იცოდა, სად იმყოფებოდა ეს ქვეყანა, რადგან გეოგრაფიის პატარა სახელმძღვანელო ჰქონდა წაკითხული. მაგრამ ის მთიელი ქალიშვილი იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა ზღვაზე. სახლში ერთი ძველი, მისთვის გაუგებარი რუკა ეკიდა. ლისპეტი ამით ერთობოდა ხოლმე, როცა პატარა იყო. ახლა მან კვლავ გამოათრია რუკა, საღამოობით თან დაჰქონდა, მოთქვამდა, ზედ ეძებდა, ვერასგზით მიმხვდარიყო სად უნდა ყოფილიყო ინგლისელი. მას არც გემი ენახა, არც მანძილისა გაეგებოდა რამე – ველურის გონება ვერ სწვდებოდა ამას. ან კი რა აზრი ჰქონდა ამაების ცოდნა-არცოდნას?! ინგლისელი ხომ მაინც არ აპირებდა დაბრუნებას და მთიელი ქალიშვილის შერთვას. როცა ასამში პეპლების ჭერას შეუდგა, გადაივიწყა კიდეც ყველაფერი.
შემდგომ ინგლისელმა დაწერა წიგნი აღმოსავლეთზე, სადაც ლისპეტის სახელიც არ იყო ნახსენები.
სამი თვის შემდეგ ქალიშვილმა ყოველდღე იწყო ნარკუნდაში სიარული, ინგლისელს ელოდა. მღვდლის ცოლი ამჩნევდა, რომ ლისპეტი ამჯერად უფრო ბედნიერი იყო და ფიქრობდა, ღვთის წყალობით, მგონი ეშველაო…
ლისპეტმა მალე გული აიყარა ნარკუნდაში სიარულზე და მთლად წაუხდა ხასიათი. მღვდლის ცოლმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ქალიშვილისთვის სიმართლე ეთქვა. ეთქვა, თუ რამდენად უაზრო იყო მისი იმედი. რომ ინგლისელმა მხოლოდ ყასიდად, დასამშვიდებლად აღუთქვა დაბრუნება და რომ მას მაღალი რასის ქალიშვილი ჰყავდა დანიშნული. ლისპეტს ამის გაგონებაც არ სურდა. ინგლისელმა ხომ უთხრა, მიყვარხარო და განა მღვდლის ცოლმაც არ დააიმედა, ინგლისელი აუცილებლად დაბრუნდებაო?
– განა შესაძლოა, რომ ის, რაც მან და თქვენ მითხარით, სიცრუე იყოს? – შეეკითხა ლისპეტი.
– ეს შენს დასაშოშმინებლად მოვიმოქმედეთ, შვილო, – მიუგო მღვდლის ცოლმა.
– მაშ მომატყუეთ? – იკითხა ლისპეტმა. – თქვენც და იმანაც?
ქალმა თავი ჩაქინდრა და არაფერი უპასუხა. ლისპეტი ერთხანს დუმდა. მერე ველისაკენ გაემართა და მობრუნდა მთიელი ქალიშვილის წვირიანი კაბით, ცხვირში გასაყრელი რგოლები და საყურეებიღა აკლდა. თმა სქელ ნაწნავად დაეგრიხა, მთიელ დიაცთა ადათისამებრ შავი ძაფი ჩაეწნა შიგ.
– ვუბრუნდები ჩემი ტომის ხალხს, – თქვა მან. – თქვენ მოკალით ლისპეტი. დარჩა მხოლოდ მოხუცი ჯადეს ქალიშვილი. თქვენ ყველანი მატყუარები ხართ. თქვენ და ინგლისელები.
სანამ მღვდლის ცოლი გონს მოვიდოდა, ქალიშვილი თვალს მიეფარა. ის უკან აღარც მობრუნებულა არასოდეს.
იგი შეერთო თავის ხალხს, თითქოსდა ძველ ცხოვრებას დანატრებული. მერე გათხოვდა ტყისმცველზე, რომელიც ფაარიელთა წესისამებრ მუშტებით უზელდა გვერდებს და მისი სილამაზეც მალე განქარდა.
– რას გაუგებ წარმართის ახირებას, – თქვა მღვდლის ცოლმა. – ველური იყო და ველურად დარჩა…
მღვდლის ცოლს არ შეჰფეროდა ამის თქმა, ხუთი წლის ლისპეტი ხომ მისმა ქმარმა მონათლა ანგლიკანურ ეკლესიაში.
ლისპეტი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. ინგლისელი სიცოცხლის ბოლომდე არ დავიწებია, და როცა დათვრებოდა, ჰყვებოდა ხოლმე თავისი პირველი სიყვარულის ამბავს.
ძნელად წარმოიდგენდით, რომ ეს თვალამღვრეული, დანაოჭებული, ჩამომხმარი, მოჩვარული არსება ოდესმე შეიძლებოდა ყოფილიყო „ლისპეტი კოტგარჰის მისიიდან“.