ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ქალიშვილი

ზაზა და მაია კლასელები იყვნენ, თან მეზობლები – ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ერთმანეთისგან 100 მეტრის დაშორებით. კლასშიც, თითქმის ერთად ისხდნენ: წინა მერხზე მაია, მის უკან – ზაზა. მთელი ექვსი გაკვეთილის განმავლობაში, ზაზა, მაიას სუფთად გადაყოფილ კეფას და იქიდან ჩამოზრდილ ორ ნაწნავს შეჰყურებდა, რომელთა ბაფთებშებმული ბოლოები ლამაზად ეწყო მის მერხზე. საკონტროლოს წერისას, მაია, მის ზურგს უკნიდან, გადასაწერად კისერწაგრძელებულ ზაზას, ნაწნავის უკან გადაგდებისას, ვითომ შემთხვევით, თავში იდაყვს მიარტყამდა და რვეულს ხელს მიაფარებდა.
ერთხელაც, ზაზამ სკოლაში ჩაქუჩი და ლურსმნები რომ წაიღო, ორივე ნაწნავი მერხზე მიუჭედა და, გაკვეთილის მოსაყოლად წამომდგარ მაიას, თავი უკან გადაუვარდა, იმის მერე, ნაწნავები მის მერხზე აღარ დაულაგებია. ბევრი იუარა ზაზამ
– მე რა ვიცი, ვინ დაუჭედაო! – მაგრამ, ყველაფერი იმდენად ნათელი იყო, რომ მეორე დღისთვის, მასწავლებელმა მშობელი დაიბარა და, ვინაიდან, ზაზასთან ყველაზე ახლოს მაია ცხოვრობდა, მშობელთან “მოსაწვევი” მას გაატანა. მთელი საღამო ელოდა ზაზა საზიზღარი მაიას გამოჩენას. ქუჩიდან პატარა ხმაურზეც კი, შიშით გული ეკუმშებოდა, მაგრამ, რატომღაც, არ მივიდა. მეორე დღეს
– ზაზას მშობელი რატომ არ მოვიდაო?! – მასწავლებელმა რომ იკითხა,
– ზაზამ ბოდიში მომიხადა და ვაპატიე. თუ შეიძლება, თქვენც აპატიეთო! – სთხოვა მაიამ.
– ამ ბავშვებისას რას გაიგებო?! – ხელი ჩაიქნია მასწავლებელმა. გაკვეთილის ბოლოს, ზაზა რომ გადაიწია და მადლობის ნიშნად, მაიას ნაწნავებს შორის კისერში აკოცა, თავში ისეთი თხლაშანი მიიღო, რომ თვალთ დაუბნელდა. თუმცა, შემდეგ საკონტროლოზე, რვეული მარცხნივ გადმოიწია და მოფარებული ხელიც მოსცილდა. გოგოს ნაწნავებს შორის მორიგი კოცნა აღარ გაუპროტესტებია, შეიშმუშნა, გაწითლდა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურბინა.
***
– ეგ საზიზღარი, რა კარგი იქნება, რომ მოკვდეს, მანქანა დაეჯახოს! დიდ შესვენებაზე, იმ ორი “ბოჩკის” – ნანასა და დოდოს შორის ჩამჯდარიყო და კინოს უყვებოდა! ნეტავ, სკოლის მერე სახლში მიმაცილებს?
***
სკოლის დამთავრების შემდეგ, მაია უნივერსიტეტში მოეწყო, ზაზა ჩაიჭრა და ჯარში გაიწვიეს. ახალწვეულები სამგორის სადგურში შეკრიბეს. კლასელ ბიჭებთან ერთად, მაიამაც გააცილა. ცოტა ხნით განმარტოვდნენ და კოცნით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. პირველი ექვსი თვე უკრაინის ქალაქ ჟიტომირში იხდიდა სავალდებულო სამსახურს. ექვსი თვის შემდეგ კი, ავღანეთში გაამწესეს.
ყინულივით ცივი იყო მაია, ბიჭებს ახლოს არ იკარებდა. ბიჭებიც, როცა იგებდნენ, რომ საქმრო ავღანეთში იბრძოდა, თავს ანებებდნენ. მშობლებმა დაიწყეს სირბილი, მაჭანკლებიც აფუთფუთდნენ, მაგრამ მაია ყველას ცივი უარით იშორებდა.
***
– ეგ საზიზღარი, რა კარგი იქნება, რომ მოკვდეს, ბრმა ტყვიამ შუბლი გაუხვრიტოს! რამდენი ხანია, წერილი არ მოუწერია! ნეტავ თუ ვახსოვარ?
***
ორ წელიწადში ჯარიდან ჩამოვიდა. მაიას ოჯახში მივიდა, ცოლად გაყოლა სთხოვა. ოჯახმა ცუდად მიიღო
– ჯერ უნივერსიტეტი უნდა დაამთავროსო! – ცივად უთხრეს უარი. მაიამ ზაზასთან ერთად გაპარვა ვერ გაბედა, ცოტა მოვიცადოთო! როგორც ავღანეთში ნაბრძოლი, ზაზა იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე უგამოცდოდ დასვეს. იქ გაიცნო ირინა – ლამაზი გრძელფეხება გოგო – გაიცნო და ცოლადაც მოიყვანა. ირინა მკაცრი და მომთხოვნი გამოდგა. რომ გაიგო მაიას არსებობა, საერთოდ აუკრძალა კლასელებთან ურთიერთობა. ზაზამ უნივერსიტეტი დაამთავრა და შუახევის რაიონში გაანაწილეს ნოტარიუსის თანაშემწედ. შემდეგ, ბათუმში გადაიყვანეს ნოტარიუსად.
***
– ეგ საზიზღარი, რა კარგი იქნება, რომ მოკვდეს, ზღვაში დაიხრჩოს! ბათუმში შემხვდა, ცოლთან ერთად მოდიოდა. ვითომ, ვერ დამინახა, ისე ჩამიარა! ნეტავ ბედნიერია?
***
ისევ ეძებდნენ მშობლები შესაფერის სასიძოს. ისევ ფუთფუთებდნენ მაჭანკლები მაიას გარშემო. ისევ ყველას უარით ისტუმრებდა მაია.
ზაზას და ირინას ბავშვი არ შეეძინათ. ან, ირინამ არ ისურვა, რომ შესძენოდათ. ქმარს ოფიციალურად გამოემშვიდობა, დაჰკრა ფეხი და თბილისში წამოვიდა. ამასობაში, ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, მილიცია, შიშით, ქუჩაში ვერ გამოდიოდა. ბათუმში ვითომ სიწყნარე იყო, მაგრამ იარაღი რომ მიადეს და წართმეულ ავტომობილზე, გენერალური მინდობილობა ძალით გააკეთებინეს, დაყარა ყველაფერი, გერმანიის ვიზა აიღო და უკანმოუხადავად მოუსვა.
***
– ეგ საზიზღარი, რა კარგი იქნება, რომ მოკვდეს, მაგის თვითმფრინავს შასი არ გაეხსნას! უცხოეთში ისე წავიდა, არ გამომემშვიდობა! ნეტავ კიდევ ვნახავ?
***
ისევ ეძებდნენ ნათესავები შესაფერის სასიძოს. ისევ ფუთფუთებდნენ მაჭანკლები მაიას გარშემო. ისევ ყველას უარით ისტუმრებდა მაია.
კლასელის გასვენებაში შეხვდნენ ერთმანეთს. ზაზა თბილისში გადმოსულიყო და ადვოკატობა დაეწყო. თმები შევერცხლოდა, ევროპული იერი დასდებოდა. კლასელები ქელეხში არ დარჩნენ. რესტორანში შევიდნენ და ჭიქა წაუქციეს. ბავშვობა გაიხსენეს. შეზარხოშებულზე, ვიღაცას ზაზას და მაიას ბავშვობის სიყვარული გაახსენდა. და დაიწყო
– თქვენ უნდა შეუღლდეთო!
– ხელს რა გიშლითო?!
– ერთმანეთზე უკეთესს ვის იპოვითო?! – დაითანხმეს…
ასეთი მაია არავის უნახავს – სადა, ცისფერი კაბა ეცვა, ამბიონზე იდგა, ზაზას ხელი ჩაებღუჯა, გაბადრულ სახეზე ნაოჭები გამქრალიყო, თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა, ერთ წერტილს მიშტერებოდა,
– ნუთუ, ეს ცხადიაო?! – ჩურჩულებდა…
***
– ეგ საზიზღარი, რა კარგი იქნება, რომ მოკვდეს, ინფარქტმა დაარტყას და გული გაუსკდეს! პატარა გოგოებში დაეთრევა. – შენ, ჩემთვის, ისევ ის საყვარელი ბავშვი ხარ და ვერ გაკადრებო! – ვის შევჩივლო, რომ 50-ს გადაცილებული გათხოვილი ქალი, ისევ ქალიშვილი ვარ?! ნეტავ, ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური მოეწონება?

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button