გურამ რჩეულიშვილი – ციგნის ქალი და ოთხი ბიჭი
სადგურთან ტაქსი გაჩერდა. წინა კაბინიდან ოცი წლის ბიჭი ჩამოხტა, უკანა კარი გამოაღო და მოხუც ბებიას მიეშველა მანქანიდან ჩამოსვლაში. მისი პატარა და-ძმა თვითონ გადმოხტნენ თავიანთი ჩანთებით და მანქანის მეორე მხრიდან ადრევე ჩამოსულ დედასთან მიირბინეს. ტაქსის ციფერბლატი შვიდ მანეთს უჩვენებდა, ბიჭმა მძღოლს ათი მანეთი მისცა და მადლობა გადაუხადა.
– მუშა, მუშა, დეიდა, მუშა არ გინდათ? – ეღრიჭებოდა ორმოცი წლის დედას გაჭაღარავებული მუშა.
– ნასელჩიკ, ნასელჩიკ! – ბოხი ხმით ბანს აძლევდა თავის უკანონო კოლეგას დანომრილი მუშა.
მსუქან ბიძას დიდი პორტფელი დაეჭირა ხელში, აჩქარებული მიდიოდა და დაბნეულ მგზავრებს ეჯახებოდა.
სკამზე დამჯდარი თათრის ქალები დაბნეული თვალებით უყურებდნენ სადგურის დიდ საათს. ახმახი ქურთი მეეზოვე გრძელი ცოცხით უვლიდა მტვრიან, მოურწყავ ასფალტს, ჰაერში ბუღს აყენებდა და წვრილი ხმით ყვიროდა:
– ჰაბარდა, ჰაბარდა.
– დედა, ნაყინი მინდა, მიყიდე, – საცოდავი ხმით იხვეწებოდა ხუთი-ექვსი წლის დიდთავა რაქიტული ბავშვი, თან დედას კალთაზე ექაჩებოდა. დედამ ხალხს რომ არ დაენახა ისე, მწვავედ უჩქმიტა შვილს; პატარამ ხვეწნა ცოტა ხნით შეწყვიტა და მის მაგიერ გაბმული ღრიალი მორთო.
ბილეთების ასაღებ სალაროსთან ოთხი ახალგაზრდა ვაჟი ლაზღანდარობდა. ორ მათგანს პაპიროსი გაეჩარა პირში და გრძნობით აბოლებდა.
– ბიჭო, რას მოგიწყენია, – სიცილით უთხრა ტიტიკომ თემოს, – ამოიღე ხმა, შე ვირისთაო.
– მოიცა, ბიჭო, – ჭიჭყინა ხმით უპასუხა თემომ, – რა დროს სიცილია, ვერა ხედავ, სიცხით ვიწვები, შენ რა გიჭირს, გამხდარი ხარ. მერე ქუდი კეფიდან აიწია, შუბლზე ჩამოიფხატა, ღრმად ამოიხვნეშა და უდროოდ გამოზრდილ ღიპზე ხელი დაიდო. სამივემ ლაზათიანად გაიცინა, თემო კეთილი ღიმილით აჰყვა მათ.
– ბიჭო, დაბალი რო ვარ, ყველა მჩაგრავს, წეღან ნახე, კონტროლიორმა ტრამვაიში თქვენ ხმა არ გაგცათ, მე კინაღამ დამაჯარიმა.
– ბიჭო, ხო გაგია, დიდი და ახმახიო, პატარა და ჩახმახიო.
– საქმე ის არი, რო არც ჩახმახი ვარ ამ სისქე კაცი.
ტიტიკომ მეგობრულად გადახვია ხელი და მხარზე დაეყრდნო, თან უმოძრაობისგან და სიცხისგან დაღლილი ფეხები დაასვენა.
– წეღან არ ვამბობდი, შე ყურუმსაღო, დაბალი რო ვარ, ყველა მჩაგრავს მეთქი, აბა, რატო მალხაზს არ ეკიდები. მალხაზი იქვე იდგა და დოყლაპია ღიმილით ზევიდან უყურებდა სამივეს.
– სინკა ლილა, სინკა, ლილა!
– ბრატოკ, დაი კაიჩოკ, დაი, ნუ!
– დავაი, ბრატოკ, პაგადაიუ.
– Сестра, твое счастье отгадаю.
– Ты сорок пять лет еще проживешь.
ასეთი შეძახილებით, ხვეწნით, კომპლიმენტებით მოდიოდნენ ზურგზე ბავშვებაკიდებული ციგნები ბაქანზე.
– ქალო, ერთი ბარგს მიხედე, – გასძახა მათ გამოჩენაზე დედამთილმა რძალს, – ეგ გასაწყვეტლები ისეთი ხელმრუდები არიან, რომა.
– გურამ, შვილო, დედასთან მიდი, – მკაცრი, დინჯი ხმით უთხრა მამამ თავის ათი წლის შვილს, – თორემ მარტოა და შეიძლება რამე ააცალონ.
– სუ, სუ, სუ, სუ-მეთქი, გოგო, – ყურში ჩაჰყვიროდა თავის ხუთი წლის ბავშვს დედა, – სუ-მეთქი, თორემა შენს თავს ამ ციგნებს გავატან. ბავშვმა საშიში სახელის გაგონებაზე ტირილი შეწყვიტა და შეშინებული თვალებით გამოიხედა. ციგნის პატარა გოგომ, რომელსაც დედის კალთისთვის ხელი ჩაეჭიდა, გაჩუმებულ ბავშვს ენა გამოუყო და დაემანჭა. პატარამ ახალი ძალით მორთო ყვირილი.
თმაჩამოშლილი, საშუალო ტანის, მოყავისფრო ლამაზი სახისა და შავი თვალების მფლობელი ბოშა ქალი მხრების რხევით მივიდა ბიჭებთან, რომელთაც სიცილი შეეწყვიტათ და მას უყურებდნენ.
– თმახუჭუჭა, თმახუჭუჭა, მოდი, გიმარჩიელო, შენი ბედი მე ვიცი, მოდი, გიმარჩიელო, მომეცი შენი ხელი, – მეოთხე ბიჭისაკენ, რომელსაც გურამი ერქვა, ხელი გაიშვირა. გურამმა ვნებიანი თვალებით შეხედა ბოშას და წინააღმდეგობის გაუწევლად მისცა თავისი ხელი.
– ოი, ოი, ოი! – წამოიძახა ბოშამ, – ო, ასეთი ხელი ბევრი არ შემხვედრია. ო, რა საინტერესოა. – მერე ჩაფიქრდა, კარგა ხანს უყურა ხელს და სერიოზული სახით დაიწყო: – ერთი, ორი, სამი, – თან თავის მოკლე, ჭუჭყიან თითს ხელის გულს აყოლებდა, მერე თითი გააჩერა ერთ ადგილზე.
– აი, აქ, აი აქ დადე სამი მანეთი, ერთი, ორი, სამი, ხო, სამი მანეთი. – ბიჭებს სახეზე ღიმმა გადაურბინა. გურამმა ხმაამოუღებლივ ამოიღო და ხელის გულზე დაიდო ფული. ციგნის ქალმა არც შეიმჩნია, ისე აიღო ფული, მერე განაგრძო:
– შენ, თმახუჭუჭა, ამ ქვეყანაზე ბევრი არ გიცხოვრია. მე ვიცი, შენ ოცის ან ცოტა მეტისა ხარ, მაგრამ ბევრი გინახავს, უფრო მეტი გაქვს სანახავი. – ციგნის ქალმა გურამის ჩაცმულობა შეათვალიერა და განაგრძო:
– შენ ღარიბი არ ხარ, მაგრამ არა, ნახე ეს ხაზი. თქვენს ოჯახს რაღაც უჭირდა. ოი, ოი, საწყალო ბიჭო, შენ შეყვარებული ხარ. შენ გიყვარს გოგო, ო, იმას უფრო უყვარხარ, მაგრამ მალავს. ერთ რჩევას მოგცემ. შენი ღია თვალები მეუბნებიან, რომ ჩქარა ენდობი და ამხანაგისთვის თავგანწირული ხარ.
გურამი ერთხანს უსმენდა, მერე მოსწყინდა და ხელი გამოართვა.
– ბიჭო, მოიტა ხელი, – ახლა თემოს მიუბრუნდა ციგნის ქალი, – აი, აქ დადე სამი მანეთი; შენ იცხოვრებ ასოცი წელი, ეგ ეშმაკი თვალები არ ამბობენ იმას, რაც გულში გაქვს, შენ გულით კეთილი, ძალიან კეთილი ხარ. გყავს ორი ამხანაგი, ერთ-ერთს უფრთხილდი, კარგად დაუკვირდი, არ გიღალატოს. სამი წლის მერე გეყოლება ბიჭი, შენი თვალები ამბობენ, რომ პროფესორი გამოხვალ. მე მშურს შენი ბედი. თემო გაწითლდა და სასოებით უსმენდა თავის ქებას.
– რა იყო, ბიჭო, რა გული აგიჩუყდა? – გააბრაზა მალხაზმა.
– გული არა, ვიცი, ტყუის. მაინც მოვუსმენ. სამი მანეთი ტყუილა მივეცი?
ციგნის ქალმა ახლა მალხაზის ხელი აიღო და მანეთიანი მოსთხოვა, ეტყობა, შეეშინდა, საერთოდ უარი არ ეთქვათ. მერე ტიტიკოს ხელი აიღო. როცა ორივე აქო, წასვლა დააპირა.
– ეჰ, შენ მატყუარა ყოფილხარ. ტყუილები მითხარი, ქალო.
– მე? – გაიკვირვა ციგანმა, – განა თქვენ, კარგები, ლამაზები, გულღიები არ ხართ, განა თქვენ არ გღალატობენ? აბა, თქვენს თავსა ჰკითხეთ.
– კი მაგრამ, ყველა კარგები როგორა ვართ?
– ზოგს ერთი რამ გაქვთ კარგი, ზოგს მეორე, მაინც ყველას გგონიათ, რომ სხვას რაღაცით ჯობიხართ, მე შეიძლება ვტყუოდი, მაგრამ გულში თქვენ მაინც გჯეროდათ, მეც ეგ მინდა. მე თქვენ მასიამოვნებთ ფულით, ჩემი მხრივ კი მიიღეთ ქება. განა არა, თმახუჭუჭავ! – ციგნის ქალმა ნიკაპში ხელი ნაზად ამოსდო გურამს, გაუღიმა და მხრების რხევით სკამზე მსხდარი ახალგაზრდა ქალ-ვაჟისაკენ წავიდა.
1956 წლის 8 მაისი და 9 დილა.
შენიშვნები
შავი ავტოგრაფი (1-9გვ.) დათარიღებულია და დასათაურებული. გვერდების ნუმერაცია ნახევარრკალებით არის შემოხაზული. თავფურცლად გამოყენებულია ბოლო ცარიელი გვერდი. სათაური წერია ფურცლის ქვედა ნახევარზე. ტექსტის შემდეგ ძალიან გაკრული ხელით წერია თარიღი. მოსდევს დღიური:
„ბოლო დილით დავამთავრე. 1 საათი და 30 წუთი. გუშინ რეზო თოდუამ (გურამის სკოლის მეგობარი) უბედურად დამათრო ჯერ არაყით, მერე შამპანურით. როგორ შევვარდი რუსთაველის კინოში, არ მახსოვს. მეძინა გარე სკამზე. ახლა ცოტა მიბრუის თავი.”
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს ტომში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”