ისტორიასაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – დიდი ღვაწლი «ივერიის» მონასტრისა და თორნიკე ერისთავისა განათლების წინაშე

მეათე საუკუნეში საქართველოს დიდი ღვაწლი დასდეს იმ მონასტრებმაც, რომელნიც დაარსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნებში ქართველი ბერებისაგან. ყველა ეს მონასტერი მოღვაწეობდა საბერძნეთის საბრძანებელში სხვადასხვა ადგილას, სახელდობრ: ულუმპოში, შავმთაზე, ანტიოქიის მახლობლად, იერუსალიმში, სინას მთაზე და ათონის მთაზე. მათ შორის პირველი ადგილი ეჭირა და მეტი ღვაწლით ბრწყინავდა ივერიის მონასტერი, წმიდა ათონის მთაზე დაარსებული. ეს მონასტერი დაფუძნებულ იქმნა ქართველი ბერებისაგან მერვე საუკუნის გასულს. ეს შორეული ადგილი იმიტომ ამოირჩიეს სამონასტროდ ქართველებმა, რომ იგი იდო ურწმუნოთაგან მიუვალს მთაზე და ეკუთვნოდა მართლმადიდებელს სახელმწიფოს -საბერძნეთსა.

ბერებად ამ შორულს მონასტერში მოდიოდნენ არა უბირნი ქართველნი, არამედ უფრო განათლებულნი და წარჩინებულნი პირნი. ესენი სიჭაბუკეში ემსახურებოდნენ სამშობლოს თავისი ძლიერი მარჯვენით, ჭკუით, გამოცდილებით და მხნეობით, ხოლო ხნიერებაში მიმართავდნენ ხოლმე მონასტრის სიმყუდროვეს, რათა ღვთის მსახურებაში გაეტარებინათ თავისი დანარჩენი სიცოცხლე, დღე და ღამე ევედრებინათ ღვთისთვის თავისი საყვარელი ქვეყანა, ამასთან ეთარგმნათ და ეწერათ სასულიერო და საერო წიგნები, ეფინათ ისინი ხალხში და გაეძლიერებინათ ქრისტეს სარწმუნოება და განათლება.

თორნიკე ერისთავი

მონასტერი ესე დიდად გაძლიერდა, გაფართოვდა, გამშვენიერდა და ლავრად, ანუ მთავარმონასტრად, გადაიქცა მეათე საუკუნის გასულს თორნიკე ერისთავის მეოხებით.

თორნიკე ერისთავი დაიბადა და აღიზარდა სამხრეთ საქართველოში, ანუ მესხეთში. ჩამომავლობით იგი ეკუთვნოდა ფრიად წარჩინებულ გვარეულობას და იყო ერთი მთავართაგანი, ანუ ერისთავთაგანი. ჭაბუკობაში თორნიკე იყო ერთი საუკეთესო სარდალი და მისი წინამძღოლობით ქართველმა ჯარმა არა ერთხელ გაიმარჯვა ბრწყინვალედ მტერზე. ხანში რომ ჩავარდა, თორნიკემ დასტოვა სამსახური, უარყო ყოველივე ქვეყნიური სიამოვნება და ზრუნვა, გამგზავრდა საბერძნეთში და მივიდა «ივერიის» მონასტერში. აქ უბრალო ბერად აღიკვეცა წინამძღვრის მამა იოანეს მიერ, რომელსაც ერისკაცობაში ცოლად ჰყავდა თორნიკეს და და იყო მისი ნასიძარი.

მაგრამ მამა თორნიკე ჩქარა იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი მყუდრო ცხოვრება, დაეტოვებინა ათონის მთა, წამოსულიყო საქართველოსკენ, ხელახლად აღჭურვილიყო საომარი იარაღით და დაბრუნებოდა ქვეყნის მღელვარებასა. ასე დატრიალება თორნიკეს ბედისა მოხდა შემდეგის მიზეზის გამო.

ამ დროს ბერძნების იმპერატორს ვასილს აუჯანყდა ერთი მისი მთავარი, სახელად ბარდა სკლეროსი, რომელიც განაგებდა აღმოსავლეთის ნაწილს მცირე აზიისასა და იყო მისი ერისთავი. აჯანყებულს ერისთავს ჰყავდა ძლიერი ჯარი, გამოცდილი მრავალს ომშია, და თვითონაც ჩინებული სარდალი იყო. ამასთან ისე ოსტატურად წაიყვანა საქმე, რომ სომხეთის ჯარიც თავისკენ გადაიყვანა. ამიტომ მან მოკლე ხნის განმავლობაში დაამარცხა რამდენჯერმე ბერძნების ჯარი, დაიპყრო მთელი აღმოსავლეთის ნაწილი მცირე აზიისა და გამარჯვებით მიიწევდა კონსტანტინოპოლისაკენ. შეშინდა იმპერატორი და არ იცოდა, რა ექმნა; ამ დროს მოახსენეს მას, რომ «ივერიის» მონასტერში არის ერთი ქართველი ბერი თორნიკე, სარდლად ნამყოფი, დიდი გვარის შვილი, რომელსაც დიდ პატივსა სცემდა და სცემს სამხრეთ საქართველოს ბრძანებელი დავით კუროპალატი. დაიბარეო ეს ბერი და მისი შუამავლობით სთხოვე დავითს შემწეობა ჯარით სკლეროსის წინააღმდეგო. ასეც მოიქცა იმპერატორი. აფრინა სანდო პირნი, მიიწვია თავისთან თორნიკე, სთხოვა დაეტოვებინა დროებით მონასტერი და ეკისრნა შუაკაცობა. თორნიკესათვის მეტად საძნელო იყო ამ თხოვნის აღსრულება და მონასტრის მყუდრო ცხოვრების შეწყვეტა, მაგრამ უარი ვერა ჰკადრა იმპერატორსა, მით უმეტეს, რომ სკლეროსი მას მიაჩნდა მიუტევებელ დამნაშავედ. იმპერატორმა დასწერა და გამოატანა თორნიკეს წერილი დავით მეფესთან, რომელშიაც სთხოვდა შემწეობას ჯარითა, ამასთან აღუთქვამდა დაბრუნებას კლარჯეთისას, არზრუმისას, ბასიანისას და ზოგი სხვა ქვეყნისას, რომელნიც წინათ ქართველებს ეჭირათ და ახლა კი ბერძნების ხელში იყო.

საქართველო 950-1000 წლებში – Georgia 950-1000

დავითმა დაუყოვნებლივ აუსრულა თხოვნა იმპერატორსა. შეჰკრიბა თორმეტი ათასი საუკეთესო ქართველი ჯარი, მის მთავარ წინამძღოლად დანიშნა თვითონ თორნიკე და გაგზავნა სკლეროსის წინააღმდეგ.

დავით III კურაპალატი, David III kurapalates

ქართველი ჯარი გაეშურა სამხრეთისაკენ, გადაიარა კლარჯეთი, შეიერთა ბერძენთა დამარცხებული ჯარის დანარჩენი და მდინარე ჰალისის ნაპირს შეებრძოლა მტრის ჯარსა, ბევრად უმრავლესს ქართველებზე. ძლევამოსილი სკლეროსი საოცარი ოსტატობით წინამძღოლობდა, ჯარი მისი იბრძოდა თავგანწირული მამაცობით, მაგრამ თორნიკემ მაინც საშინლად დაამარცხა მტერი. ბევრი ნაწილი მტრის ჯარისა ბრძოლის ველზე დაეშვა დაჭრილი და დახოცილი, ბევრი დაიღუპა აღელვებულს მდინარეში და დანარჩენნი ქართველებმა გაირეკეს აღმოსავლეთისაკენ და სდიეს სპარსეთის საზღვრამდე. თვითონ სკლეროსი თუმცა სიკვდილს გადარჩა, მაგრამ იძულებული გახდა გაქცეულიყო შორეულს არაბეთში. გამარჯვებულებს ჩაუვარდათ ხელში აუარებელი დავლა, რომლის ორი წილი ერგოთ ქართველებს და ერთი წილი ბერძნებსა. გახარებულმა იმპერატორმა ვასილმა არამც თუ დაუბრუნა მეფე დავითს აღთქმული ქვეყნები, არამედ მდიდარი საჩუქრებიც გამოუგზავნა როგორც მას, ისე თორნიკეს. გათავდა თუ არა ლაშქრობა და დამშვიდდა აჯანყებული ქვეყნები, თორნიკე შეიმოსა ისევ ბერულად და გაემგზავრა ათონის მონასტერში. მან თან წაიღო საყვარელი მონასტრისათვის დავლა და საჩუქრები, რომელიც მიიღო დავითმა და თვით თორნიკემა მადლიერის იმპერატორისაგან. ეს სიმდიდრე მთლად მოახმარა მონასტრის გადიდებასა და გამშვენიერებასა, ტაძრის აშენებას იოანე ნათლისმცემლის სახელზე და ძვირფასი ხელთნაწერების შეძენასა.

კარგა ხანს ამშვენებდა ამ დიდებულს მონასტერს ღვაწლიანი ცხოვრება მამა თორნიკესი, რომელმაც ისეთივე სიძლიერე გამოიჩინა ზეციურს სათნოებაში, როგორც იჩენდა ქვეყნიურს საქმეებში ერისკაცობის ჟამსა.

გარეგან გამშვენებასთან «ივერიის» ლავრაში იმატა შინაგანმა ღვაწლმაცა. ეს სავანე იყო არა მარტო ადგილი, სადაც დღე და ღამე გაისმოდა მხურვალე ლოცვა და ვედრება უფლისადმი, არამედ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, სადაც იზრდებოდნენ ჭეშმარიტს ქრისტიანულს გზაზე გუნდნი ნიჭიერი ქართველებისა. აქვე გადითარგმნა მშვენიერი ქართული ენით: დაბადება, სახარება, მრავალი საეკლესიო წიგნები და სხვა თხზულებანი, რომელნიც ათონის მთიდან იფინებოდნენ საქართველოში, უნათლებდნენ ქართველს ერს გონებასა და ამტკიცებდნენ მას ქრისტეს სიყვარულსა და მამულის ერთგულებაში.

იმ წმიდა მამათა შორის, რომელთაც განაძლიერეს «ივერიის» მონასტრის მნიშვნელობა და გავლენა, პირველი ადგილი უჭირავს ათანასე დიდსა, მეტად ნიჭიერს, განსწავლულსა და ღვაწლით მოსილს ქართველსა. ხოლო მთარგმნელთა შორის უმთავრესი იყვნენ: იოანე, ძე მისი ექვთიმე, გაბრიელი და მათ შემდეგ გიორგი მთაწმინდელი, ძმისწული იოანესი. ამ სასი-ქადულო მესხეთის შვილთა მშვენივრად იცოდნენ, ქართულის გარდა, ებრაული, ბერძნული და არაბული ენები, იყვნენ ღრმად განსწავლულნი მეტადრე საღმრთო წერილში, შეთვისებული ჰქონდათ ფილოსოფიაც და ამის გამო ჩინებულად სთარგმნიდნენ და საუცხოვოდ სწერდნენ. ეხლაც განცვიფრებაში მოჰყავთ მკვლევარი მათს წმინდა, უნაკლულო ქართულ ენას, მათს დაუღალავს შრომის მოყვარეობას, მათს სიყვარულს ქართულის მწიგნობრობისას. მარტო ექვთიმემ და გიორგი მთაწმინდელმა გადათარგმნეს და დასწერეს ოთხმოცამდე წიგნი.

შენიშვნები:

ათონის მთა – მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე აღმოსავლეთ საბერძნეთში
უბირნი (მრ) უბირი (მხ) – უსწავლელი, გაუნათლებელი, უვიცი
კონსტანტინეპოლი – ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი, ახლანდელი სტამბოლი
დავლა – ნადავლი, ომში ნაშოვნი ქონება
სავანე – მონასტერი
სასიქადულო – საამაყო

წყარო: http://www.nplg.gov.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button