ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი

ციყვი ხომ გინახავს, დახატული ხომ მაინც გინახავს? აბა, მაშ ავდგეთ და პირდაპირ ის ამბავი დავიწყოთ, რომელიც ციყვების ერთ ოჯახს გადახდა.ციყვების ეს ოჯახი ერთი სააგარაკო სოფლის მახლობელ ტყეში, ბებერი მუხის ფუღუროში ცხოვრობდა, ოთხნი იყვნენ: დედა, მამა და ორიც შვილი – ორი პატარა ციყვუნია-ბიჭუნია.ციყვების ენაზე ამ ციყვუნია-ბიჭუნიებს ჩვენთვის ძალიან ძნელად დასამახსოვრებელი სახელები ერქვათ, რაღაც ასეთი – პიჰ-პაჰ-პა და პუჰ-პაჰ-ჰა. მაგრამ, რადგან ეს სიტყვები ადამიანების ენაზე, უბრალოდ, თეთრცხვირიანს და შავცხვირიანს ნიშნავს, ამიტომ ავდგეთ და თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვუნია-ბიჭუნიებად მოვიხსენიოთ ხოლმე. მით უმეტეს, რომ ჩვენი ამბისთვის თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს სახელები ერქმეოდათ თუ სხვა.მაშ ასე, ცხოვრობდა ოთხი ციყვი სააგარაკო სოფლის მახლობელ ტყეში. გათენდებოდა, ამოვიდოდა დიდი წითელი მზე და დედა ფეხისგულებზე ღიტინით გამოაღვიძებდა თავის საყვარელ შვილებს, თავის თეთრცხვირიანს და შავცხვირიანს. თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი ფეხებს იქნევდნენ, თვალებზე თათებს იფარებდნენ, ეზარებოდათ ადგომა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოსხდებოდნენ. იცოდნენ, დედა ჯერ გვეფერება, მერე კი, თუ გავაბრაზეთ, ძალით წამოგვყრის და თითო-თითოსაც მაგრად მიგვარტყამს კუდის ძირშიო, მოიფშვნეტდნენ თვალებს, გადმოვიდოდნენ საწოლიდან და დედის თქმას აღარ დაუცდიდნენ, იქვე, მათი ფუღუროს ქვემოთ, ტოტსა და ტოტს შუა ჩამდგარ წკრიალა წყალზე ჩავიდოდნენ, დაიბანდნენ თათებსა და პირს, კუდსაც გაიპეწავდნენ, ყურებსაც. თუ დედა არ ჩანდა, ერთმანეთსაც შეაშხეფებდნენ წვეთებს და გახალისებულნი აირბენდნენ შინ.– დედა, აბა, შემოგვხედე, როგორი ლამაზები ვართო.დედას თავისი შვილები, თავისი საყვარელი თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი, პირდაუბანელებიც ძალიან ლამაზებად ეჩვენებოდა, მაგრამ რა შედარება იყო! პირდაბანილები ათასჯერ უფრო ლამაზები ჩანდნენ, ბედნიერი ღიმილით აკოცებდა ერთსაც, მეორესაც და მერე თითო თხილისგულს გადმოუღებდა, დასხედით და წესიერად ისაუზმეთო.თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი ლამაზად ჩაცუცქდებოდნენ, აკნაწუნებდნენ თხილის გემრიელ გულს და, თუ ნამცეცი დაუვარდებოდათ ძირს, ენით თათს დაისველებდნენ, ნამცეცს ზემოდან დააჭერდნენ და ასე თათზე მიკრულს გააქანებდნენ პირისკენ.საუზმის შემდეგ ციყვუნია-ბიჭუნიებს ნება ეძლეოდათ, იქვე, ფუღუროს ახლოს ეთამაშათ; მხოლოდ ფუღუროს ახლოს, რადგან, შორს რომ წასულიყვნენ, შეიძლება ქორს, მიმინოს ან ძერას დაენახა და მაშინ, თქვენს მტერს, მათ რომ დღე დაადგებოდათ! დედა ვერც კი ბედავდა იმის თქმას, რა დღეც დაადგებოდა მის პატარა ციყვუნია-ბიჭუნიებს. დაიწყებდა: – შვილებოო, შორს არ წახვიდეთ, თორემ ქორი ან ძერა დაგინახავთო და… აქ შეწყვეტდა სიტყვას, ორივეს მკერდში ჩაიკრავდა, გააკანკალებდა და ბოლოს, როდის-როდის, ამასღა იტყოდა – უწინამც დღე გამიქრეს, სანამ მე მაგას ვნახავდეო. – შვილებიც, ციყვუნია-ბიჭუნიები, გრძნობდნენ, რომ შორს წასვლას შეიძლება მართლა რაღაც დიდი საშიშროება მოჰყოლოდა და არსად არ მიდიოდნენ, იქვე, ფუღუროსთან თამაშობდნენ. არც მაშინ წასულან შორს, როცა ის საშინელი ამბავი გადახდათ, რის მოყოლასაც მე ვაპირებ. მაშინ, ეს კი არა, ფუღუროდანაც არ აპირებდნენ გამოსვლას, მაგრამ ფათერაკი რიღას ფათერაკი იქნება, თუკი იქ არ წამოგიდო ფეხი, სადაც სულ არ ელი?!მამა დილაადრიანად წასულიყო სანადიროდ. დედამ კიდევ, – ავადმყოფი ნათესავი უნდა ვნახოო, შვილებო, გარეთ არ გახვიდეთ, შინ ითამაშეთ, თუ მოგშივდეთ, აი, ეს თხილები ჭამეთ, თქვენ ხომ ჩემი საყვარელი ციყვუნია-ბიჭუნიები ხართო, თქვენი იმედი მაქვსო, – ჩაილაგა პაწაწინა კალათაში ნობათ-მოსაკითხი და ისიც წავიდა.ჩვენი პატარა ციყვუნია-ბიჭუნიები კი მარტონი დარჩნენ. ისინი სხვა დროსაც ყოფილან მარტონი, ამიტომ არც გასტირებიან დედას, არც ბუზღუნი დაუწყიათ. ცოტა ხანს ფუღუროს კართან ისხდნენ და ნატრობდნენ. თეთრცხვირიანი ნატრობდა: ნეტავი ერთი დღით არწივად მაქცია, რომ მიმინოებს და ქორებს სულ ბდღვირი გავაცალოო. შავცხვირიანმა კიდევ ინატრა: ნეტავი თვითმფრინავი ვიყო, ო, როგორი ხმა აქვს, შენი არწივი რა არის იმასთანაო! – და რადგან არც ერთი გახდა არწივი და არც მეორე – თვითმფრინავი, შებრუნდნენ შინ, ამოარჩიეს ერთი მრგვალი, ყველაზე მრგვალი თხილი და ხან ერთი დაარტყამდა ფეხს, ხან მეორე, მოკლედ, ზედგამოჭრილი ჩვენებური ფეხბურთი გააჩაღეს.არც ეს იყო საშიში, ეს ყველაფერი ხომ ფუღუროში ხდებოდა! მაგრამ ცოტა რომ დაიღალნენ და დასასვენებლად ჩამოსხდნენ, დაბლიდან, მათი ბებერი მუხის ძირიდან, რაღაც უცნაური ხმა შემოესმათ.ციყვუნია-ბიჭუნიებს ბევრნაირი ხმა სმენოდათ ტყეში. სმენოდათ ადამიანების ლაპარაკი, ღორის ღრუტუნი, დათვის ბურდღუნი, ტურის წკავწკავი და, ვინ იცის, კიდევ რა აღარა, მაგრამ ასეთი ხმა ნამდვილად პირველად ესმოდათ:– ხხხ… ხხხ… ხხხ…რა თქმა უნდა, მაშინვე დედის სიტყვები გაახსენდათ – შორს არ წახვიდეთ, შვილებო, უწინამც დღე გამქრობია, შორს რომ იყოთ და ქორმა დაგინახოთო, მაგრამ ისინი ხომ ფუღუროში იყვნენ! რა ექნათ, როგორ უნდა მოეთმინათ, რომ გადახედვით მაინც არ გადაეხედათ ძირს!და, აი, ცოტა კი იყოყმანეს და მერე ფრთხილი ნაბიჯით წავიდნენ ფუღუროს პირისაკენ. ხმა მართლაც მათი მუხის ძირიდან ამოდიოდა:– ხხხ… ხხხ… ხხხ…კართან დაწვნენ, შიშით გადახედეს ერთმანეთს, უკანასკნელი გოჯები ცოცვით გაიარეს, დაიგრძელეს კისერი, ჩაიხედეს ძირს და რა დაინახეს: ერთი ვეებერთელა, უცნაური კაცი! წითელზოლიანი ტანსაცმელი აცვია, ჩამჯდარა ბალახებში, მოსწოლია კისრით მუხას, ამოჰბერვია უშველებული მუცელი, სძინავს და ხვრინავს:– ხხხ… ხხხ… ხხხ…როგორც უკვე გითხარით, ეს მუხა სააგარაკო სოფლის მახლობელ ტყეში იდგა. ციყვები ხშირად ხედავდნენ ხეებშორის მოსეირნე ადამიანებს და მათი არც გარეგნობა უკვირდათ, არც ხმა, მაგრამ ადამიანიც არის და ადამიანიც. ციყვუნია-ბიჭუნიები ასეთ ვეებერთელა ადამიანსაც პირველად ხედავდნენ, ასეთი ხმაც პირველად ესმოდათ და, რაც მთავარია (ამან სხვა ყველაფერი დაავიწყათ), არც ერთ ადამიანს არ ჰქონია ასეთი თავი, როგორც ამ კაცს ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, ერთი ბეწვი რა არის, ერთ ბეწვსაც კი ვერ აღმოუჩენდით ზედ. იყო მთლიანი, მრგვლად გადაჭიმული კანი და ის კანი ისე ბრწყინავდა, ისე ბრწყინავდა შუაში, თითქოს სარკეა და შიგ მზე იჭვრიტებაო.– ეს რანაირი თავი აქვს, ეე! – გაკვირვებისაგან პირდაღებულმა გადახედა თეთრცხვირიანმა შავცხვირიანს.– უთავოა, – თქვა შავცხვირიანმა.– უთავო როგორ შეიძლება! თავი კი აქვს, მაგრამ სხვანაირი თავი აქვს.ეს იყო და ეს. პირველად გაუკვირდათ, გაეცინათ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი აზრი და ისევ შიგნით შებრუნდნენ, მაგრამ დაბლიდან ამომავალი ხმა წუთით არ აძლევდა მოსვენებას, ის კი არა, თანდათან უფრო ძლიერდებოდა და ხრიალს უკვე რაღაც ტრახტრახისმაგვარი ბგერებიც ემატებოდა. აღარ შეიძლებოდა მეტის ატანა და ფიცხი ხასიათის შავცხვირიანმა თქვა:– გავაგდოთ აქედან.– როგორ უნდა გავაგდოთ? – გაუკვირდა თეთრცხვირიანს.– მე ვიცი, როგორც. აიღე ერთი თხილი და გამომყევი უკან.დასწვდნენ პაწაწინა კბილებით თითო-თითო თხილს, გაუძღვა წინ შავცხვირიანი თეთრცხვირიანს, გაცოცდნენ იმ ტოტზე, საიდანაც მარჯვედ შეიძლებოდა დამიზნება, აქ თხილები წინა თათებით დაიჭირეს. დაუმიზნა შავცხვირიანმა – ერთი, ორი, სამიო და… ისროლა. თხილი ბზრიალ-ბზრიალით წავიდა ქვემოთ, პრიალა თავს გვერდზე ჩაუარა და ბალახებში ჩავარდა.– უუხ! – ჩურჩულით ამოიძახა გულდაწყვეტილმა შავცხვირიანმა, – ეგ ასცდა, მომეცი შენი თხილი!– შენ რატომ უნდა მოგცე?! – იუარა თეთრცხვირიანმა. – შენზე ნაკლები მიზანი ვიცი? გამატარე!– მომეცი, შენ ააცდენ!მაგრად მოხუჭა ცალი თვალი თეთრცხვირიანმა, დაუმიზნა, გაისროლა და – პახ! – მოპრიალებულ თავზე დაცემული თხილი ერთი მეტრის სიმაღლეზე მაინც ამოხტა უკან. ისიც დაინახეს, როგორ შეკრთა და თავზე ხელიც მოისვა მძინარე კაცმა. შემდეგ კი უკვე ფუღუროში ისხდნენ და მუხლები უკანკალებდათ მღელვარებისაგან. ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა ვერც ერთი.– რომ ამოვიდეს? – თქვა ბოლოს შეშინებულმა თეთრცხვირიანმა.– აქა?! – დაცინვით ჩაეღიმა შავცხვირიანს, – ადამიანს ბრჭყალების მაგიერ რაღაცნაირი კუთხიანი ფეხები აქვს, ხეზე როგორ ამოვა?!– ნეტავ წავიდა?– წავიდოდა, მაშ რას იზამდა! უ, როგორ მოარტყი, ბიჭო?!მაგრამ ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ – ხხხ… ხხხ… ხხხ… ისევ შემოესმათ ხვრინვა დაბლიდან.– ეე! – გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს ციყვუნია-ბიჭუნიებმა, ახლა უკვე გაბედულად მისცვივდნენ ფუღუროს პირთან, გადაიხედეს ძირს და გაკვირვებული გამომეტყველება ღიმილით შეეცვალათ.კაცი ისევ ისე არხეინად მოსწოლოდა მუხას, ისევ ისე უბრწყინავდა მოტიტვლებული თავი და ისე ხვრინავდა, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს ქვეყანაზე.– წამოდი, ახლა კაკლები ვესროლოთ!– დედა რომ გაგვიჯავრდეს? კაკლები, ხომ იცი, სტუმრისთვის აქვს შენახული.– დედა რას გაიგებს, უთვალავია საკუჭნაოში! წამოდი, წამოდი. – თითქმის ძალით წაიყვანა შავცხვირიანმა თეთრცხვირიანი. გადაძვრნენ საკუჭნაოში, თითო-თითო კაკალი ამოირჩიეს და კვლავ იმ ტოტზე გაცოცდნენ, საიდანაც წეღან ისროდნენ თხილებს.კაცს კი სძინავს და ხვრინავს. თანაც ლამაზად უპრიალებს თავი. რა იცის, რომ შავცხვირიანი კაკალს უმიზნებს.დაუმიზნა, სუნთქვა შეიკრა, ისროლა და – პაახ! – ისეთი ხმა გაისმა ტყეში, თითქოს დიდი ხმელი ტოტი გამტყდარიყოს.ასეთ ხმას სულ არ მოელოდნენ პატარა ციყვუნია-ბიჭუნიები. ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ იმოდენა კაცი ისე სწრაფად წამოხტებოდა ფეხზე. ამიტომ თეთრცხვირიანს კი არ უსროლია კაკალი, უბრალოდ, შიშისაგან გაუვარდა. მაგრამ მოხდა სასწაული და – პაახ! – ის კაკალიც შუბლში დაეცა დაფეთებულ კაცს, რომელიც კინკრიხოზე ხელს ისვამდა, მაღლა იყურებოდა და გამწარებული ყვიროდა:– ჰაი, თქვე ვერანებო! ჰაი, თქვე გასატიალებლებო! მე თქვენ გიჩვენებთ, მე თქვენ…მაგრამ, ბედად, სწორედ ამ დროს მოცვივდნენ დედა და მამა. ისინი გზაზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. თვალი მოჰკრეს, როგორ მოხვდა თეთრცხვირიანის თათებიდან გაშვებული კაკალი მელოტ კაცს შუბლში, როგორ შეჰყვირა, მერე როგორ დაიხადა ფეხთ, როგორ მოებღაუჭა მათ ბებერ მუხას და ხვნეშით, მუქარით დაიწყო ზემოთ ამოხოხება; გულგახეთქილნი შეცვივდნენ ფუღუროში, არც მოურტყამთ ციყვუნია-ბიჭუნიებისთვის, არც არაფერი უთქვამთ, დასტაცეს კისრებში პირი, აი ისე, როგორც კატა დაავლებს ხოლმე თავის კნუტებს, გამოცვივდნენ ფუღუროდან, ფხაჭაფხუჭით გაირბინეს მუხის ტოტები, გადახტნენ წიფელზე, წიფლიდან მეორე წიფელზე, იქიდან კიდევ სხვა ხეებზე და იქ, თავიანთი ფუღუროდან შორს, გულგახეთქილებმა, მუხლებაცახცახებულებმა, ძლივძლივობით ამოიღეს ხმა.– რის ღირსი ხართ ახლა თქვენ?! ჰა, რის ღირსი ხართ, თქვენ თვითონვე თქვით!პატარა ციყვუნია-ბიჭუნიებმა პირი დააღეს, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვეს და საბრალობელი ღნავილი ამოუშვეს.საღამოს, მზე რომ ჩავიდა და შავი ბინდი ჩამოწვა ტყეში, მაშინ ძლივს გაბედა თავიანთი ფუღუროს სანახავად წასვლა მამა ციყვმა. წავიდა და სამწუხარო ამბავი მოუტანა გამტკნარებულ ცოლ-შვილს: ჩვენი ფუღურო იმ კაცს სულ ქვებით ამოუჭედიაო. რა უნდა ექნათ, თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი ერთხელაც აღნავლდნენ საბრალობლად და დარჩნენ იმ ღამეს ყველანი გარეთ, სიცივეში. მეზობლებთან მივიდოდნენ, მაგრამ როგორ უნდა ეთქვათ, ასეთი უჭკუო შვილები გვყავს, ამათ გამო დავრჩით გარეთო. ტყუილის თქმა კი არ უნდოდათ, დედა და მამა წესიერი ციყვები იყვნენ და თავის დღეში არ ამბობდნენ ტყუილს.კიდევ კარგი, რომ იმ ღამეს წვიმა არ მოსულა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button