ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – მათიკო გათხოვდა

ჩემს ბიჭობაში ერთი ნატვრა მქონდა: კაჭკაჭი მყოლოდა და ლაპარაკი მესწავლებინა.

ერთხელ ჩემი ბიძაშვილი ვალიკო და მე ადამიანისგან ფეხდაუდგმელი ადგილების დასაპყრობად წავედით შუა ჭალაში. მაშინ ასე იყო დანაწილებული ივრის ჭალები: ჩვენი ჭალა, შუა ჭალა და თათრების ჭალა. ყველაზე დიდი და დაბურული შუა ჭალა იყო. იდგა ვეება გაჯაგული ვერხვები და ქაცვები, წნორები და კუნლები, მურყნები და კატაფშატები, ახვეული იყო ზედ სუროები, უსურვაზები, ღვედკეცები; გაბმული იყო, გახლართული ღიჭა (ეკალა) და მაყვალი. ამ დაბურულების მაღლა შრიალებდნენ ვერხვებისა და წნორების კენწეროები, ჩხავილით დაჰფრენდნენ, ხმელ როკებზე ქანაობდნენ კაჭკაჭები.

ზოგი ადგილი მართლა ისე იყო ჩაბურულ-ჩაშავებული, ნადირიც კი მოერიდებოდა იქ გავლას. ჩვენ ვბიჭობდით, სწორედ ეგეთი ადგილების დაპყრობა გვეამაყებოდა. წავიღეთ წალდი, მივიკაფავდით წინ და მივძვრებოდით, მივიბობღებოდით უმეტესად ოთხით, მიწა სველი იყო და შავი, ჰაერიც ჩამობნელებული, ნესტისა და სოკოს სუნით გაჟღენთილი. თაგვი რა არის, თაგვიც კი არ გაფაჩუნებულა არსად. და უცებ ერთი დიდი ქაცვიდან შეშფოთებით დაგვჩხავლა კაჭკაჭმა. ავიხედეთ, ვეძებეთ, ვეძებეთ და დავინახეთ ბუდე – იმ დიდი ქაცვის სამკაპა ტოტში ჩადგმული, კლანჭა ბალახით მოგუნდავებული, ეკლებშემოვლებული. კაჭკაჭი სულ მაღლა იჯდა და დაელმებული თვალებით ჩამოგვყურებდა.

– ამას იქნებ ბარტყები ჰყავდეს, – თქვა ვალიკომ, – ავიდეთ, ვნახოთ.

ვკაფეთ წალდებით ეკლები, მოფრინდა მეორე კაჭკაჭიც, ახლა ორნი დაგვჩხაოდნენ თავზე. ავიდა ვალიკო (ორი წლით უფროსი იყო ჩემზე და ყველაფერს ისა თავობდა), ეტანებოდნენ კაჭკაჭები. სახეში აფრინდებოდნენ, უქნევდა ვალიკო წალდს, ავიდა იმ სამკაპა ტოტამდე, ჩაიხედა ბუდეში და დაიძახა:

– ოთხი ბარტყია, ბიჭოო!

უყურებდა გაღიმებული ცოტა ხანს, მერე ჩამოვიდა, კაჭკაჭები, როგორც იქნა, დამშვიდდნენ.

– რატომ არ ამოსხი? – ვკითხე მე.

– ჯერ კარგად არ არიან დაბუმბლულები, დავაცადოთ, კარგად დაიბუმბლნენ და მერე ამოვსხათო.

იმ დღიდან თითქმის ყოველდღე მივდიოდით და ვამოწმებდით, როგორ იბუმბლებოდნენ ბარტყები. დედა კაჭკაჭი და მამა კაჭკაჭი იფათრებოდნენ, ეშინოდათ, ბარტყებისათვის არაფერი გვევნო. ჩვენ კი დავხედავდით და წამოვიდოდით. ბოლოს, ათი დღის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ორი ბარტყი მშობლებისათვის დაგვეტოვებინა და ორი წამოგვეყვანა. აი, აქ უნდა გენახათ კაჭკაჭების ჩხავილი და აურ-ზაური. სხვა კაჭკაჭებიც მოფრინდნენ, გვესეოდნენ, დაგვჩხაოდნენ, ჩვენ მაინც ამოვარჩიეთ ორი კარგი ბარტყი, ერთი ვალიკომ ჩაისვა უბეში, მეორე – მე, და წამოვიყვანეთ შინ. კაჭკაჭები რიყეზედაც მოგვდევდნენ, თავზე დაგვფრენდნენ, მერე ჩამოგვრჩნენ, ისხდნენ კენწეროებზე და იქიდან გვწყევლიდნენ.

შინ გალიები გამზადებულები გვქონდა. ორივე გალია ვალიკომ დაწნა კატაწნორის წითელი წნელისგან. ერთში ერთი შევსვით, მეორეში – მეორე. ერთს ვალიკოს კაჭკაჭი ერქვა, მეორეს – ჩემი. მოდიოდა უბნის ბიჭბუჭობა იმათ სანახავად, ასე და ასე მოექეცითო, გვარიგებდნენ, ენაც აუცერით, მალე ისწავლიან ლაპარაკსო. ენა არ აგვიცრია, მოვლით კი სულ თავს დავტრიალებდით, ვაჭმევდით თუთას და ბალს, სიტყვებს ჩავძახოდით. ისე შეგვეჩვივნენ, რომ დაგვინახავდნენ, უკვე პირს აღებდნენ, გვაჭამეთ რამეო. ჭამდნენ, იყეყებოდნენ, ხანდახან სუნთქვა უჭირდათ.

ერთ ღამეს ვალიკოს კაჭკაჭი გაქრა. გამოვუდექით კატას, – შენი სიმსუნაგის ბრალია, შე თავმკვდაროო. კატა გაგვექცა, თუთაზე ავიდა და იქიდან გვიყურებდა გაბრაზებული, – თქვენ ხომ არ გადაირიეთ, მე რა შუაში ვარო! მერე გიორგი ძიამ თქვა, იმ ბარტყს ნამდვილად ზარნაშო წაიღებდა, იმან იცის ეგეთი რამეებიო. ვეძებეთ, ბუმბულიც კი ვერსად ვიპოვეთ და ჩვენც ბოლოს ზარნაშოს დავაბრალეთ. წავედით, იმ დაკარგული ბარტყის ნაცვლად სხვა ბარტყი უნდა მოგვეყვანა, მაგრამ ბუდე უკვე ცარიელი დაგვხვდა. ეტყობოდა, ის ბარტყები უკვე დაეფრინათ კაჭკაჭებს.

დაგვრჩა ჩემი კაჭკაჭიღა – მათიკო.

– მათიკო, ჩიჩი! – და ხორცის ჩიჩქს აძლევდნენ.

– მათიკო, თუთა! – და თუთას აწვდიდნენ.

– მათიკო, კაკა!

– მათიკო, ბაბა!

და სულ მალე იმანაც დაიწყო გამეორება.

– თუთა! თუთა!

– ჩიჩი! ჩიჩი!

– კაკა! კაკა!

ისე შევიჩვიეთ, პირიდან გვართმევდა თუთასა და კურკაგამოცლილ ბალს, ოღონდ მაშინ თვალები დახუჭული უნდა გვქონოდა, რომ შემთხვევით თვალში არ ეკრა ნისკარტი. ერთ თვეში მშვენივრად დაპეწილი კაჭკაჭი დადგა. შავი ბოლო გრძლად ჰქონდა გაპრეხილი, ყელი – ლამაზად მოღერებული. გათენებული არ იყო, რომ დაიწყებდა ქოთქოთს.

– კაკო! კაკა! – პირველად ჩემი პატარა ძმის სახელი ისწავლა: – კაკო, ჩიჩი!

– კაკა! კაკა!

– კაკო! ვალიკო!

– ნატო! ნატო!

სანამ ჩიჩიას ან ტკბილს არ მივართმევდით, არ გაჩუმდებოდა. ისწავლა, აგრეთვე, ძაღლივით ყეფა, – აფ-აფ-აფ! – კატასავით კნავილი, – მიაუ-მიაუ! – ძალუაჩემივით წყევლა, – ცეცხლი! ცეცხლი! – ბოლოს გალიაში აღარცა ვსვამდით, ფრთები შევაკვეცეთ მაკრატლით. – ო, როგორ ეწყინა, სულ ზედ იყურებოდა იმ შეკვეცილ ფრთებზე, ჩხავილით ეწეოდა განზე, – და გავუშვით თავის ნებაზე. დადიოდა და დაონავრობდა. ხან ბებიას უვარდებოდა ხელებში, ხან დედას, ხან ძალუას და ბიძაჩემს. ბიძაჩემს ორჯერ მოკიდებული პაპიროსიც კი ააცალა წინიდან, – ვაჰ, კაცო, მაგისი შიშით პაპიროზი ვეღარ უნდა დავდოო! – მოიტაცებდა მათიკო, წაიღებდა, დააგდებდა და გაკვირვებული უყურებდა მის კვამლს. – მაგან რომ თივის ბულულში ან ღობეში ჩააგდოს ეგ პაპიროზი, ხომ დავიღუპეთო! – ამიტომ ფრთხილად ეწეოდა ბიძაჩემი.

დაიწყო მათიკომ ქურდობაც. უმეთვალყურეოდ ვერ დადებდი სათითეს, ნემსს, ღილებს, პატარა სარკეს, თვით მაკრატელსაც კი. მივიდოდა ფეხაკრეფით, აქეთ-იქით ყურებით, სტაცებდა ნისკარტს და წაიღებდა, დამალავდა. ეშმაკი ძლივს იპოვიდა მის დამალულს. ისე ვიყავით შეჩვეულები ჩვენცა და მეზობლებიც, ყოველდღე რომ არ გვენახა და არ გამოვლაპარაკებოდით, არ შეიძლებოდა. მოჰქონდათ მეზობლებს მოსაკითხიც: ხორცის ნაჭერი, მოხარშული კვერცხი, ფაფის ნარჩენი. უმასპინძლდებოდნენ და იცინოდნენ. ვალიკო, მე და ჩემი პატარა ძმა ხომ დავისვამდით თავზე და დაგვყავდა. მათიკოსაც უხაროდა, აფათქუნებდა ფრთებს, იქნევდა აქეთ-იქით გრძელ ბოლოს და ჩხაოდა.

მხოლოდ ერთ ვინმეს ვერ იტანდა მათიკო. ეს იყო ჩვენი მურა. ვერც მურა იტანდა მათიკოს. მურა ჯაჭვით იყო დაბმული. სალაფავს რომ გაუკეთებდნენ, მიუფრინდებოდა მათიკო, დაუჯდებოდა წინ და, – ჩხი! და ჩხი! – აბრაზებდა მურას. ხან ტაშტშიც კი უვარდებოდა. – ჰაფო! – ისკუპებდა მურა, მაგრამ მათიკო ყოველთვის მარჯვედ უსხლტებოდა. დაუჯდებოდა ახლა ცოტა მოშორებით და იქიდან უჩხაოდა და ასისხიანებდა. გადი-გამოდიოდა, ფრთებს შლიდა და ბოლოს რაღაც მუქარით იქნევდა. მურა იყო ერთ ამბავში. იყეფებოდა, კბილებს აპაკუნებდა. სანამ ჩვენ არ გავიდოდით და მათიკოს არ გამოვაგდებდით, იყო ერთი ჰაფ-ჰაფი და ჩხი-ჩხი.

და, აი, ერთხელ რა მოხდა: მოუტანა ერთმა მეზობელმა მურას ცხვრის ფაშვი. მურას ფაშვი მოუტანესო, მთლად გაიფათრა და გადაირია მათიკო. მიუფრინდებოდა, ჩაუკრავდა ნისკარტს იმ ფაშვში, დაუტევდა მურა, აფრინდებოდა მათიკო. ბოლოს, რა მოიგონა მურამ: ვითომ გაძღა, დაწვა იქვე ფაშვთან. თავი თათებში ჩაყო, თვალებიც დახუჭა, ვითომ სძინავს. უარა შორიახლოს მათიკომ, – ისიც ეშმაკი იყო, არ ენდობოდა მურას, – ბოლოს, რომ აღარ გაინძრა მურა, დაჯდა ფაშვზე, ჯერ გაუბედავად დაუწყო კორტნა, – თან ძაღლს თვალს არ აშორებდა, მურა იწვა, ისევ არ ინძრეოდა, – მერე გათამამდა მათიკო, მიუტრიალ-მოუტრიალდა ფაშვს და ერთხელაც, ზურგი რომ მიუქცია მურას, – ჰაფო! – მურამ, – ჩხი-ჩხიო! – მათიკომ, და რასა ვხედავთ: კი გამოეშვა მურას მათიკო, მაგრამ სადღა აქვს ის მშვენიერი, თავმოსაწონებელი შავი ბოლო! ის ბოლო მურას უჭირავს კბილებით და აქეთ-იქით ფანტავს ბუმბულებს. ატეხა ვიშვიში მათიკომ და რა ვიშვიში! თვალებში აფრინდებოდა მურას. მოიტაცებდა ბუმბულს, დადებდა ძირს, დასჩხაოდა, კურტუმს ზედ ადებდა, მაგრამ ბუმბული აღარ ებმებოდა. მივცვივდით, წავუთაქეთ მურას, რათა ჰქენი ეგრეო. გაიხარა მათიკომ, მაგრამ მის მშვენიერ ბოლოს მაინც აღარაფერი ეშველა. დარჩა სასაცილოდ დამოკლებული. ფრთები შეკვეცილი ჰქონდა, ბოლო – მთლად მოგლეჯილი, და რა ქნა, რომ იცოდეთ?! აფრინდა სხვენში და სულ იქ იყო. რცხვენოდა თუ ეშინოდა დაბლა ჩამოსვლისა. საჭმლისათვის თუ ჩამობედავდა აივანზე, ხანაც ჩვენ აგვქონდა საჭმელი მასთან. დავიჭერდით, ვეფერებოდით, – მათიკო, მათო, კარგო, საყვარელო! – მაინც მობუზული იყო. გვეშინოდა, დარდს არ გადაჰყოლოდა. დადგა გვიანი შემოდგომა, მერე – ზამთრის პირი, დაიწყო სიცივეები. ამასობაში ბოლოც გაეზარდა, დაგვიბრუნდა, დაუბრუნდა აივანსა და სახლს, მაგრამ ჯერ ისევ მორიდებით დადიოდა, სულ ბოლოზე იყურებოდა. თანდათან გაყოჩაღდა. მობრძანდა ნამდვილი ზამთარიც. თოვლი დადო, ქარი უბერავდა, ყინავდა. აივანზე სულ აღარ მიუწევდა გული მათიკოს. დახტოდა, დაცანცალებდა ოთახიდან ოთახში და თუ ქარი ძალიან დაუბერავდა, მიიყუნჭებოდა ღუმელის უკან და იქიდან უსმენდა მის ხმას. ოჯახის ყველაზე ონავარი წევრი ახლა ის იყო. სუფრაზე პირველი ის წამოიჭიმებოდა, თანაც ნამდვილად ზედ სუფრაზე, – წაიყვათ, ჩასვით გალიაშიო. წავიყვანდით, ჩავსვამდით, მაგრამ პირველ ლუკმას მაინც იმას მივართმევდით. ისწავლა სიტყვებიც: „დანა-დანა“, „პური-პური“, „ჭიქა-ჭიქა“, „დედა-დედა“ და სხვაც. ყოველთვის კი ასე ამბობდა, წყვილად: დანა-დანა! დედა-დედა! გატეხა ლამპის შუშა და რამდენიმე ჭიქა, დაგვპარა და დამალა, ვინ იცის, რა აღარა.

ყველაზე მეტად ხომ ბებიას აბრაზებდა. წუთით ვერ დადებდა სათვალეს, იმწამსვე მიჰქონდა მათიკოს და მალავდა. ბებია იძახდა: – მომაშორეთ, მომაშორეთ, თორემ არ ვიცი, რას ვიზამო. – ჩვენ, რა თქმა უნდა, მათიკოს ვიცავდით. დიდი-დიდი, გალიაში შეგვესვა. იქიდან ჯაჯღანებდა, თითქოს ბებიას აბრაზებდა.

ბოლოს გავიდა ზამთარიც. გავედით ჩვენც გარეთ და მათიკოც. დავიწყეთ ბაღის გაწმენდა. დაიწყო გალობა შაშვმა. მათიკოც გადმოფრინდებოდა ხოლმე ხეებზე. ერთხელ კი რასა ვხედავთ: ეს ჩვენი მათიკო, უკვე დიდი, ფრთებშეუკვეცელი და ბოლოგრძელი, დადის, დაირხევა ბაღში, იპოვის წკირს თუ ეკალს რასმე, დაავლებს ნისკარტს, აფრინდება და ბაღის ბოლოს, მსხლის ერთ სამკაპში ჩადებს. დადებს ეკალს და დაადებს ბალახს. არის ერთ გარჯაში. ჩვენ გვიხარია, თავისთვის იკეთებს ბუდესო, ბებიამ კი თქვა, – უი, ერთი ამ ჩასაქოლს უყურეთ, ქააო, დედობა მონდომებიაო. ჩვენ, ბიჭები, ცოტა შეგვაფიქრიანა ამან, მაგრამ ხელი არ შეგვიშლია ბუდის კეთებაში. ბებიამ კიდევ ესა თქვა: – არ მიკვირდა, რათ არის ესეთი პეწენიკა და პრანჭია-მეთქი!

ამ გარჯაში იყო მათიკო ყოველდღე. ხან დაუმატებდა ბუდეს წკირებსა და ბალახებს, ხან მოაკლებდა. ერთხელაც, ვნახოთ, სხვა კაჭკაჭი არა ზის მის გვერდით?!. მათიკო ცოტა პატარაა ტანად, ის კაჭკაჭი – დიდი, ყოჩაღი. დაიჩხავლებს დიდი კაჭკაჭი, გატოკდება, თითქოს მხარ-ბეჭს აჩვენებს მათიკოს. მათიკო კიდევ უყურებს და მერე მორიდებით გაიწევს გვერდზე. – ჩაქრით, ჩაქრით, თქვენაო, – იძახდა ბებია. – არ უყურებთ, რა ამბავში არიანო! – იჩხავლა, იხტუნა კაჭკაჭმა და გაფრინდა. მათიკო შინ შემობრუნდა, ცოტა დაღლილივით, ცოტა დაღონებულივით. ხან ვის შეაჩერდებოდა მოწყენილი თვალებით, ხან ვის. – დაიჭირეთ და ისევ შეაკვეცეთ ფრთები, თორემ გაგიფრინდებათო, – ბიძაჩემმა. მეც ეს ვთქვი, მაგრამ ვალიკო რაღაცნაირად კეთილი იყო, – ჰქონდესო, ჰქონდესო, – და აღარ შევაკვეცეთ.

მეორე დღესაც მოფრინდა დიდი კაჭკაჭი, მესამე დღესაც. ჩვენი მათიკო ხან იმასთან იყო, ხან ჩვენთან, ბოლოს, ერთ მზიან დღეს, გაფრინდა დიდი კაჭკაჭი და ჩვენი ბაღის ქვემოთ, კაკალზე დაჯდა, იქიდან იძახდა. იჯდა ჩვენი მათიკო კიდევ ჩვენს მსხალზე, გადი-გამოდიოდა ტოტზე ძახილით: – კაკო-კაკო! ვალიკო-ვალიკო! დედა-დედა! – იმდენი იძახა, მურა აუღავღავდა. მერე დავინახეთ: მიფრინავდა ის დიდი კაჭკაჭი და მისდევდა ფრენით გვერდზე მათიკო. დიდი კაჭკაჭი ღონივრად, მაღლა-მაღლა შეთამაშებით, მათიკო წყნარად. ჩვენ ვიდექით და გავყურებდით ღიმილით. თვალს რომ მოეფარნენ, დავღონდით. მაგრამ ორი დღის მერე ისევ გამოჩნდნენ ორივენი. ისხდნენ მსხალზე და იქიდან იძახდა მათიკო: – კაკო-კაკო! ჩიჩი-ჩიჩი! ნატო-ნატოო!

– ვახ, ბიჭო, რატომ ფეხზე ნიშანი მაინც არ შევაბითო.

მოვინდომეთ ხეზე ასვლა და დაჭერა, მაგრამ ვეღარ დავიჭირეთ. აფრინდნენ და წავიდნენ, ამაოდ გავცქეროდით მის გზას. ამაოდ შევცქეროდით ხოლმე შემდეგში სადმე შემოყრილ კაჭკაჭებსაც, გვიცნობს მათიკო და დაგვიძახებსო…

სახსოვრად დაგვიტოვა მათიკომ დაუმთავრებელი ბუდე მსხალზე და შავი პრიალა ბოლოს ბუმბულები, რომლებიც მარაოსავით გაშლილი დიდხანს მქონდა მიკრული კედელზე…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button