PDFლიტერატურამოთხრობა

თინათინ დალაქიშვილი უკანასკნელი თხოვნა

დილით შრედერის საშინელმა ყვირილმა გაგვაღვიძა. ბარაკში გამეფებული სიჩუმე სრულიად საპირისპიროდ გარდაიქმნა. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამოღვიძებული ტყვეები, ნარებიდან ჩამოხტნენ.
კარი გაიღო და კომენდანტის გააფრთრებული სახე გამოჩნდა. მათრახი ეჭირა და უმასპინძლდებოდა ძლიერი დარტყმებით ისედაც ღონე გამოცლილ  საბრალო ტყვეებს. შრედერის მათრახის გემო ჩემმა ტანმაც იწვნია, მერე გვერდით მდგომს სახეზე გადაუშხუილა.  გადარმა დაიკვნესა და იქვე ჩაიჩოქა.
_ შტენდ აუფ!  შნელ! ადექით, ჩქარა! _  უყვიროდა და მათრახს დაუნდობლაად ურტყავდა.  ძირს დაგდებული ვეღარ დგებოდა. მე ვცადე ხელი წამეშველებინა. თავზე მათრახმა გადამიშხუილა.
_ რუსიშეს შვაინ! ( რუსო ღორო ! ) _ დამიღრიალა კომენდანტმა და წიხლიც მითავაზა.
_ მაპატიეთ,  ბატონო კომენდანტო,  მინდოდა დავხმ..,
სიტყვები მათრახმა გამაწყვეტინა. სახეზე რაღაც თბილი ჩამომეღვარა. Mმოწმენდაც ვერ გავბედე.
_ შნელ! შნელ! _ ყვიროდა გაავებული კომენდანტი.
_ ნეტავ რა დედამ გაგზარდა ასეთი ავი… _ შემომესმა. გაშეშებული ვიდექი, განძრევისაც კი მეშინოდა, რომ ისევ ის საშინელი ტკივილი არ დამტყდომოდა ისევ.
_ ვინ იყო! _ დაიღრიალა შრედერმა, _ ვინ დაილაპარაკა! როგორ გაბედეთ ლაპარაკი!
ხმას არავინ იღებდა.
შრედერი ქუსლებზე შემოტრიალა და მის უკან მდგომ ავტომატიან გერმანელ ჯარისკაცს უბრძანა:
_ დააყენეთ რიგში და ყოველი მეოთხე დახვრიტეთ!
გერმანელმა ჯარისკაცმა ქუსლი ქუსლს მიარტყა და გაჭიმული ხელი მაღლა ასწია.
_ არის, ბატონო კომენდანტო!
შიშმა მთელ ბანაკს გადაუარა. ყველას ტანში გასცრა. გაურკვევლობა ჩამოწვა სიკვდილ-სიცოცხლის შორის. ვიცოდით ათ წუთში ან ცოცხლები ვიქნებოდით ან მკვდრები. ფეხზე ძლივს მდგარ გადარზე შეჩერდა ჩემი მზერა. მისთვის სულ ერთი იყო ყველაფერი, ასე მეგონა, გაუხარდებოდა კიდეც სიკვდილი.
მათრახის ზუზუნში დაგვაყენეს მწკრივში. ლიონია გაფაციცებული ცდილობდა დაეთვალა რიგში მდგომი და ისე დამდგარიყო, რომ მეოთხე არ ყოფილიყო. მაგრამ ამ არეულობაში და საშინელ განცდაში ეს წარმოუდგენელი იყო. შიშისაგან ოფლმა დამასხა. მეც შევეცადე გადამეთვალა და წინასწარ გამეგო თუ მერამდენე ვიქნებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. მთელი ტანიდან წამოსული ოფლი შარვლის სალტესთან მოგროვდა,  მერე იქიდანაც  გზა  გაიკვლია და ლაჯები დამისველა. ასე მეგონა ჩავისველე, თუმცა არც ეს იყო გამორიცხული…
_ გაითვალეთ, _ დაიღრიალა კომენდანტმა.
გვერდიდან გადარის ჩურჩული შემომესმა:
_ მიდი, ლიონია, გამიცვალე, მე ჩემს კლავასთან მინდა წასვლა…
ლიონია დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ბედავდა გადარისათვის სიკვდილის მომტანი ადგილის დათმობას. სიმწრისაგან შუბლზე ოფლი მოსკდენოდა.
გადარი მიხვდა, რომ ლიონია არ დადგებოდა მის ადგილას და შეუმჩნევლად შეუნაცვლა ადგილი. ლიონიამ პირი დააღო, რაღაც უნდა ეთქვა. გადარის ჩურჩულმა შეაჩერა:
_ რომ იცოდე რა სიკეთეს გამიკეთებ, მე ჩემს კლავასთან ვიქნები მალე.
მზერა გადარისაკენ გავაცოცე. გადარს გაცისკროვნებული სახე ჰქონდა. მას ნამდვილად სჯეროდა რომ კლავასთან იქნებოდა და სახეზე ენით ამოუთქმელი სიხარული ეწერა.
ჩემს გვერდით მდგომმა ორი დაიძახა. მექანიკურად მივაყოლე “სამი” და იმის გათვითცნობიერებამ, რომ ცოცხალი გადავრჩი, ძალა გამომაცალა. თითქოს უკანასკნელად მომიჭირეს ხელი და საბოლოოდ გამომწურეს…
ყაზახი ადარბეკოვი სიკვდილმისჯილთა რიგში მოხვდა. ვერაფრით ვერ წარმოსთქვა “ოთხი”, მიწაზე გაგორდა და შრედერს ჩექმებზე კოცნა დაუწყო. კომენდანტმა უმოწყალოდ დაუწყო მათრახის დარტყმა.
_ მომაცილეთ ეს ღორი.
ბოლოს როცა დაინახა, რომ შეუძლებელი იყო მისი წამოყენება, რევოლვერი ამოიღო და ზურგში გულის მოპირდაპირე მხარეს ესროლა. ადარბეკოვის ხელები მოდუნდა და როგორც შენელებულ კადრში ნელ-ნელა ჩამოსცილდნენ კომენდანტის ჩექმებს.
მეოთხეები კედელთან დააყენეს და გაისმა ავტომატის ჯერი. ყურებში ჰაიდნის სიმფონია ამიჟღერდა. ჩემი გონება ნელი ლირიული მუსიკით ეთხოვებოდა ამხანაგებს, თუმცა ზოგიერთს ჯერ არც კი ვიცნობდი, რადგან ამ ბანაკში ახალი მისული ვიყავი, მაგრამ ჩვენ ყველა ერთნი ვიყავით, ბედით ამხანაგები…
ისევ ბარაკში შეგვყარეს. როგორ სურდათ ადამიანები ჯოგად ვექციეთ, ცხოველების ჯოგად, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ფიზიკის კანონის თანახმად რაც უფრო მეტია დაწოლა მით უფრო ძლიერდება წინააღმდეგობა. ეს თუნდაც სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ლიონიას მაგალითით ჩანდა, რომელიც არაფრით არ თანხმდებოდა ადგილის გაცვლაზე.
ალბათ, შენარჩუნებული სიცოცხლე მისთვის ძნელი ასატანი გახდებოდა, რადგან ის შეინარჩუნა სხვისი სიკვდილის ფასად…
მზე ჩავიდა. ფანჯრიდან გავყურებდი ჰორიზონტს. მიწას და ცას ჰყოფდა მავთულხლართის ღობე, სადაც დენი იყო გატარებული. რუხ მიწას და მავთულხლართის ზემოთ ცა განათებული იყო ჩამავალი მზის წითელი სხივებით.
საოცრად ლამაზი იყო…  გარშემო სიჩუმე გამეფებულიყო. 
ამ დროს ბარაკის კარი გაიღო და ახალგაზრდა გერმანელი ჩემოვარდა. თვალი მოგვავლო ყველას და ჩემი ნომერი დაიყვირა. დიახ დაიყვირა. აქ ყველა გერმანელი ყვიროდა. ჩვენ ტყვეებს კი ჩურჩულით ლაპარაკისაც კი გვეშინოდა. გადაჩვეულიც კი ვიყავი ადამიანურ საუბარს.
გული საშინლად ამიჩქარდა. რა მომელოდა? რატომ წარმოსთქვა ჩემი ნომერი? ეს კითხვა ტვინს მიბურღავდა.
წინ წამოვდგი ნაბიჯი. ჯარისკაცმა ხალათზე დაბნეულ ნომერს შეხედა და შემეკითხა:
_ პიანისტი ხარ?
მე გერმანული ენა კარგად მესმოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და გაურკვევლობის ნიღაბი გადავიკარი სახეზე.
გერმანელი ჯარისკაცი ბარაკიდან გავიდა და ხუთიოდ წუთში თარჯიმანით დაბრუნდა.
_ პიანისტი ხარ? _ ისევ გაიმეორა და თარჯიმანს გადახედა.
თარჯიმანმა გადამითარგმნა. მე თავი დავუქნიე.
_ პირუტყვი, ლაპარაკსაც ვერ ახერხებს, _ ზიზღით ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა და დაცინვით გადმომხედა.
_ წამოდი, მომყევი. ფეხები სწრაფად გამოადგი!
თარჯიმანმა რუსულად გამიმეორა იგივე. სანამ თარჯიმანის ნათქვამი არ გავიგონე ადგილიდან არ დავიძარი. საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი მჭირდებოდა რომ ჩემი გერმანულის ცოდნა არ გამომემჟღავნებინა.
ჯარისკაცმა წინ გამიგდო, თან ავტომატის ლულით მჯიღს მკრავდა. უკან მომყვებოდა და მიმართულებას მაჩვენებდა.
მივხვდი რომ ოფიცერთა შენობისაკენ მივდიოდით.
კარებთან გამაჩერა, იქ მდგარ დაცვას ჩამაბარა და შენობაში შევიდა.
მალე დაბრუნდა და დამტვრეული რუსულით მიბრძანა მივყოლიყავი. გრძელ დერეფანში ამოვყავი თავი. გამწკრივებულ კარებებიდან მესამე გააღო და შიგ შემაგდო.
ოთახში რამდენიმე ოფიცერი მრგვალ მაგიდას უსხდა. სამივემ მომაპყრო მზერა. ერთ-ერთმა, მაღალმა, ჭაღარა, მუნდირში გამოწყობილმა, პენსნე შეისწორა და მოჭუტული თვალებით დამაკვირდა.
_ ესაა პიანისტი?
_ დიახ, ობერშტურმანფიურერ! _ გაეჯგიმა ჯარისკაცი.
_ ოოო… _ ადგა, ჩემსკენ წამოვიდა, გარშემო შემომიარა, _ ვნახოთ…
ძალიან გამხდარმა მაგიდასთან მჯდომმა ოფიცერმა ჩემსკენ ხელი გამოიშვირა და წამოიძახა.
_ რუსებმა ფორტეპიანოზე დაკვრა რა იციან, ალბათ პიანისტობა ძაღლების ვალსის დაკვრა ჰგონიათ… _ თქვა, დაიხვიხვინა და ცხენის კბილები გადმოყარა.
პენსნეანმა განმგმირავი მზერა ესროლა. გამხდარს სიცილი პირზე შეაკვდა.
_ ჰერ ლენც, ჩანს მუსიკაში ვერ ერკვევით…
მერე მომიახლოვდა და რუსულად მითხრა:
_ მომყევით.
ოთახიდან გავიდა. დიდი სწრაფი ნაბიჯებით დერეფნის ბოლოსაკენ გაეშურა. ძლივს მივყვებოდი, მიჭირდა სიარული. დაუძლურებული ვიყავი.
დერეფნის ბოლოში, კარი გააღო და შევიდა. მეც მივყევი. ჯარისკაციც შემომყვა.
პენსნეანმა გაუშვა და კარი მოიხურა.
დიდ ნათელ ოთახის შუაგულში შავი როიალი იდგა. ხელით მანიშნა მივსულიყავი და დამეკრა.
როიალს მივუახლოვდი. პიუპიტრი ფრთხილად დავკეცე და სკამზე ჩამოვჯექი. კლავიატურას ხელი გადავუსვი. სამი წლის განმავლობაში არ მივკარებოდი. მანამდე კი დღეში 9-10 საათი მაინც ვუკრავდი. საშინლად მენატრებოდა დაკვრა. აი, ახლა კი ჩემს წინ იდგა ინსტრუმენტი და კლავიატურას თითებით ვეფერებოდი. ნაცნობი სიგლუვის შეგრძნება. სპილოს ძვლის კლავიშები ოდნავ მოყვითალო ფერის იყო. არ ვიცი რამდენ ხანს გამიგრძელდა ინსტრუმენტთან ეს უტყვი მონატრების საუბარი…
ოფიცერი ხმას არ იღებდა. მე მას ვერც ვხედავდი. ასე მეგონა მარტო ვიყავი… ჩემს ცნობიერებაში ინსტრუმენტის ნახვის სიხარულის მეტი ვერაფერი ეტეოდა.
მერე წამომიარა შმაგმა სურვილმა დამეკრა რაიმე აბობოქრებული, შმაგი ძალით დამუხტული. გადავწყვიტე რახმანინოვი შემესრულებინა. ეს კომპოზიტორი Fფაშისტებს შერისხულთა სიაში ჰყავდათ. ხელები კლავიატურის ზემოთ ავწიე და თითქოს გავშეშდი. ახლა ვიცოდი რაც უნდა დამეკრა. რახმანინოვის პრელუდია დო-დიეზ მინორი. პირველმა აკორდებმა გაიჟღერა ჩემს გონებაში და ხელები დაეშვა კლავიატურაზე.
ჩემს თვალწინ გაირბინეს ომის კადრებმა: დანგრეული, გადამწვარი ქალაქები და სოფლები, უამრავი ჯარისკაცის მოკლული სხეულები, სახრჩობელაზე დაკიდებული ადამიანები, მტირალი ბავშვის სახეები… და ყველგან სისხლი… სისხლი… თითები თავისით დარბოდნენ კლავიშებზე და ჩემს გრძნობებზე ყვებოდნენ, ჩემს დარდზე, ჩემს ვარამზე, აუტანელ ტკივილზე, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ყოველდღიური გახდა და რომელიც ძილის დროსაც არ მასვენებდა და ხშირად ოფლში გაწურულს მეღვიძებოდა.
ბოლო აკორდის ბგერები გაისმა. მუსიკის ვნებათა ღელვის შემდეგ, მე კარგა ხანს ვუსმენდი სიჩუმეს. ისიც გაგრძელება იყო იმ განცდისა რაც ამ ნაწარმოების დაკვრას სდევდა… დახვრეტის განაჩენის მოლოდინში ვიყავი…
ჩემს წინ ლანდი აისვეტა. ავიხედე.
ოფიცერმა რაღაც ჩაილაპარაკა ჩუმად. უცებ მიტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
მე გაშეშებული ვიჯექი. რა მომელოდა არ ვიცოდი. ხუთიოდე წუთში ისევ ის ჯარისკაცი შემოვიდა თარჯიმანის თანხლებით და მითხრა რომ მე ახლა გავემგზავრებოდი ობერშტურმანფიურერის ადგილ-მამულში. იქ მეტყოდნენ დანარჩენს.
ჯარისკაცმა ისევ ავტომატის ტარის მუჯლუგუნების თანხლებით გამომიყვანა და გაკრიალებულ შავ ოპელში ჩამსვა. გვერდით ავტომატიანი თარჯიმანი მომიჯდა. წინა სავარძელზე ჯარისკაცი დაჯდა.
_ თვალები აუკარი, _ გადმოუგდო სიტყვა უკან მჯდომს. თარჯიმანმა შავი სქელი ნაჭრით თვალები ამიხვია. დიდხანს მივდიოდით. გზა გაიწელა.
სასიამოვნოდ მარწევდა. სავარძელს მივეყუდე და ჩამეძინა. ჩემი ხის ულეიბო ნარის შემდეგ რბილი სავარძელი მესიამოვნა.
ჩემი სახლი დამესიზმრა. ვითომ ხეზე ვიყავი ასული, ალუბალს ვკრეფდი. დედაჩემი ხის ქვეშ იდგა და მაფრთხილებდა, არ დავცურებულიყავი. მე კი მაღლა და მაღლა მივცოცავდი. აქედან მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანდა. აი ლალის სახლი. ალბათ ის თავის ოთახშია წიგნს კითხულობს. დედაჩემი ხელით სახეს იჩრდილავდა. ჩემი და ეზოში ასკინკილობანას თამაშობდა. მამაჩემი პატარა სკამზე ჩამომჯდარიყო და წიგნს კითხულობდა. მე კენწეროზე ვიყავი შემომჯდარი და ვმღეროდი…
უცებ მხარში რაღაც მომხვდა და ხიდან ჩამოვვარდი. ყვირილი აღმომხდა…
გამეღვიძა. თვალებზე ნაჭერი აღარ მქონდა ახვეული. მანქანა გაჩერებულიყო. თარჯიმანი მხარში ავტომატის ლულას მირტყავდა. ვერ ვფხიზლდებოდი ალბათ.
მანქანიდან გადმოვედი,  ჩემს წინ ლამაზი სახლი იდგა. სახლამდე ქვაფენილი ბილიკი მიუყვებოდა. ირგვლივ ბაღნარი იყო. მწვანე კლუმბები ნაირფერი ყვავილებით მოჩითულიყო. აქაურობას კარგი მებაღის ხელი ეტყობოდა. წინ გამიგდეს. “საპარადო” შესასვლელით არ შემიყვანეს სახლში. უკანა მხრიდან მომატარეს. კაკლის ხის კართან ჭაღარა, სანდომიანი სახის მსახური დამიხვდა. ჯარისკაცმა ჩემზე მიანიშნა. 
_ ესაა. მიხედეთ.
მსახურმა უხმოდ დაუქნია თავი და სახლში შემიძღვა. ხელით პირველივე კარებზე მიმანიშნა და კარი გააღო. შევედი. შემომყვა. მერე ხელებით მანიშნა რომ უნდა გამეხადა. მე გაოცებული ვუყურებდი.
_ ბანაობა, _ დამახინჯებული რუსულით მითხრა.
მე გახდა დავიწყე.
_ ყველაფერი, მერე აქეთ, ტანსაცმელი აქ დატოვე, _ მერე ხელით მეორე კარებზე მიმანიშნა, _ იქ დაიბან.
_ სწრაფად, _ მითხრა და გავიდა. როდესაც კარი გააღო, მაღალი, ქერა ჯარისკაცი დავინახე. ალბათ, ჩემს საყარაულოდ დააყენეს. ოთახს თვალი მოვავლე. საშუალო ზომის ოთახი იყო. ერთი მაგიდა, ორი სკამი და ხის საწოლი იდგა. ფანჯრებზე გისოსები იყო გაკეთებული.
ტანსაცმელი გავიხადე. ყველაფერი ოთახში დავტოვე. კარი გავაღე. პატარა აბაზანა იყო. საშხაპეს ერთი ონკანი ჰქონდა. მოვუშვი. ნელ-თბილი წყალი წამოვიდა. ტანი შევუშვირე. ჯერ გამაკანკალა, მერე მესიამოვნა კიდეც. იქვე საპონი შევნიშნე, კარგად გავისაპნე. საოცარ ნეტარებას ვგრძნობდი. აი, უკვე ერთი წელი ხდება რაც ამ ბანაკში ვარ. მხოლოდ თვეში ერთხელ ცივ წყალში შეგვლალავდნენ და რაღაც სადეზინფექციო ხსნარს გვავლებდნენ.
_ სწრაფად, _ მომესმა უკნიდან. მივიხედე ჭაღარა მსახური, რომელსაც ფრიდრიხი ექვა. მკაცრი სახე ჰქონდა. მუდამ მოღუშული დადიოდა. სიტყვაძვირი იყო. ალბათ, ბევრი ლაპარაკის უფლება ტყვესთან არც ჰქონდა.
ხელში ვედრო ეჭირა. ისევ ის ნაცნობი სუნი ასდიოდა. მივხვდი, სადეზინფექციო ხსნარი იყო.
წყალი გადავივლე, საპონი ჩამოვიცილე. მერე ფრიდრიხმა ონკანი გადაკეტა და ვედრო თავზე დამაცალა. უხეში ქსოვილის ტილო მომაწოდა.
ტანი შევიმშრალე. ფრიდრიხმა კარი გამოაღო და სკამზე გადაკიდებული ტილოს ტანსაცმელი დამანახვა.
_ ეს ჩაიცვი.
_ საიდან იცი რუსული? _ შევეკითხე.
ფრიდრიხმა შემომხედა. ხმა არ გამცა. ხელით კიდევ ერთხელ მიმანიშნა ტანსაცმელზე და ოთახიდან გავიდა.
დაბანის შემდეგ საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. საწოლზე წამოვწექი და ჩამეძინა.
ხმაურზე გამეღვიძა. ისევ ფრიდრიხი იყო. ლოგინიდან წამოვხტი.
_ აი, ნოტები. აქედან რომელიმე უნდა დაუკრა, _ ნოტები ფორტეპიანოზე დააწყო და გავიდა.
ეს იყო გრიგის და ლისტის ნაწარმოებები.
მუსიკა, ისევე როგორც ხელოვნების სხვა სფეროები ფაშისტურ გერმანიაში ფასდებოდა ჰიტლერის გემოვნების მიხედვით. ადოლფს განსაკუთრებით უყვარდა ვაგნერი, ვერდი, ლისტი და გრიგი. სიამოვნებით უსმენდა ბოშურ მუსიკას, ჩარდაშს და რაფსოდიებს…

                              * * *

სამი დღის შემდეგ, ფრიდრიხმა ჩემი ოთახის კარი შემოაღო.
_ დღეს უნდა დაუკრა. საღამოს სტუმრები მოდიან. შედი იბანავე, მოიწესრიგე თავი. მერე შეგიძლია რეპეტიცია გაიარო. Fფორტეპიანოს შემოგიტანენ ოთახში. შენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ მოეწონებით, შეიძლება კიდევ ცოტა ხანს დაგტოვონ აქ, _ მითხრა და ოთახიდან გავიდა.
გულში მწარედ ჩამეცინა. მას ჩემი აქ ყოფნა ბედის წყალობად მიიჩნია. მე კი ბანაკში მერჩივნა ყოფნა. თითქოს დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.
მიჭირდა ამ პირობებთან შეგუება, რადგან სხვები გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ, ნახევრად შიშვლები, მშივრები… მე კი დაპურებული, დაბანილი ვიყავი, საწოლში მეძინა.
ფრიდრიხი ისევ გამოჩნდა. ხელში საკიდარზე ჩამოკიდული სმოკინგი ეჭირა.
_ აი სმოკინგი, კარადაში პერანგია. წინდებსაც მანდ ნახავ. ფეხსაცმელს ახლავე შემოგიტან.
ფეხებზე დამაკვირდა, ალბათ, ზომა რომ განესაზღვრა. ოთახიდან გავიდა. გარედან ხმაური მოისმა, კარიც გაიღო. ორ მუშას შავი ფორტეპიანო მოჰქონდა.
_ სად დავდგათ? _ გასძახეს ფრიდრიხს.
_ თვითონ გეტყვით, _ ოთახში შემოვიდა და ხელით ჩემსკენ მიანიშნა.
მე, რა თქმა უნდა, “ვერ გავიგე” ნათქვამი, სანამ “დამტვრეული” რუსულით არ გამიმეორა.
ინსტრუმენტი ფანჯრის საპირისპირო მხარეს დავადგმევინე, კუთხეში.  ფრიდრიხი და მუშები გავიდნენ. მე ფორტეპიანოს მივუახლოვდი სახურავი ავხადე. ბეკერის ფირმის იყო, 1848 წელს გამოშვებული.
ის იყო კლავიატურისაკენ წავიღე ხელი, რომ კაკუნი გაისმა. კარიც გაიღო. დაბალი, წვერებიანი მოხუცი კაცი შემოვიდა. არც შემოუხედავს ჩემთვის. ინსტრუმენტთან მოვიდა. რამდენიმე პასაჟი  დაუკრა. მერე ინსტრუმენტს სახურავი ახადა. მივხვდი, რომ ამწყობი იყო.
ინსტრუმენტს მოვშორდი და სკამზე ჩამოვჯექი. მესმოდა, როგორ სინჯავდა თვითეულ კლავიშს. დაღლილი სახე ჰქონდა, გამოფიტული. ისე იქცეოდა, თითქოს ჩემს არსებობას ვერ ამჩნევდა. ცოტა უცნაურიც კი მომეჩვენა.
ორი საათი მაინც აწყობდა ინსტრუმენტს. მე ვიჯექი სკამზე და ვუყურებდი, მოფუსფუსე მოხუცს. თვალები დავხუჭე. ერთი სული მქონდა დამეკრა ფორტეპიანოზე. ორი საათი საუკუნესავით გაიწელა.
უცებ ჩახველების ხმა მომესმა. თვალები გავახილე, მოხუცი მე მიყურებდა.
ჩემს შეხედვაზე ამწყობი შეკრთა, ინსტრუმენტები ჩანთაში ჩაალაგა და სწრაფად გავიდა.
ფორტეპიანოს მივუახლოვდი, სკამზე ჩამოვჯექი და ბახის პრელუდია დო მაჟორის დაკვრა დავიწყე. პირველივე ბგერების გაჟღერებისთანავე საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. სხვა სამყაროში გადავედი. თითები თავისით დარბოდნენ კლავიშებზე.
არ მახსოვს რამდენი დრო დავყავი ინსტრუმენტთან. უცებ გამახსენდა, რომ მოსაწესრიგებელი ვიყავი. საღამოს ვახშამზე მოწვეული სტუმრები უნდა გავართო…
ვის! ვის უნდა დავუკრა! იმათ, ვინც ასე დაუნდობლად გვავლებენ მუსრს… მე კი მორჩილად ვზივარ სმოკინგში გამოწყობილ უბადრუკ ლაქიასავით !!!
ამას ხომ სიკვდილი სჯობია! აქეთ-იქით მიმოვიხედე. ფანჯრასთან მივედი. გისოსებს მოვეჭიდე ხელებით და უხმოდ ავტირდი.

                        * * *

ფრიდრიხი შემოვიდა, ფეხსაცმელები შემომიტანა და მითხრა, რომ ათ წუთში მზად უნდა ვყოფილიყავი.  სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი. მერე აბაზანაში შევედი და თმები მოვიწესრიგე. აქ სარკე არ იყო. საერთოდ, ტყვეების ადგილსამყოფელში, მინა, აგრეთვე წვეტიანი და ბასრი საგნები აკრძალული იყო.
ფრიდრიხმა შემათვალიერა.
_ წამომყევი, _ მითხრა და წინ გამატარა. ოთახიდან გავედით. კარებთან მდგარი ჯარისკაციც გამოგვყვა.
გრძელი დერეფანი გავიარეთ. მარჯვნივ მოვუხვიეთ. დიდი დარბაზი გამოჩნდა. ფართოდ გაღებული კარიდან მოისმოდა სიცილის, საუბრის, ბროლის ჭიქების წკარუნის ხმა. დარბაზში უზარმაზარი გაბრდღვიალებული ჭაღი ეკიდა. მამაკაცებში მუნდირიანი ადამიანები ჭარბობდა. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თითო-ოროლა თუ იყო.
ქალები თავისის ჩაცმულობით ბრწყინავდნენ: ლამაზი საღამოს კაბები, ძვირფასეულობა, რომელიც ჭაღის შუქზე ირეკლებოდა და უამრავ მანათობელ წერტილებად ციმციმებდა.
ამ სურათის შემხედვარე ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ახლა ომი იყო;  რომ იღუპებოდა ყოველდღიურად ათი თასობით ადამიანი… ნადგურდებოდა ქალაქები, სოფლები…
აქ შეკრებილ ადამიანებს არ ადარდებდათ არაფერი. ისინი მხიარულობდნენ და არაფრად აგდებდნენ ტრაგედიას, რომელიც მათი თაოსნობით იყო გაჩაღებული.
ხალხს ნაცნობი პენსნეანი გამოეყო და ფრიდრიხს მიუახლოვდა და რაღაც უთხრა. მსახურმა თავი დაუქნია.
_ როცა განიშნებს ობერშტურმანფიურერი შულცი, მაშინ დაუკარი, გასაგებია?
_ დიახ, _ დავუქნიე თავი.
უცნაური გრძნობა ამეკვატა. თითქოს არარეალურ გარემოში მოვხვდი. ვიდექი კარებთან და ვერ გამეგო, როგორ შეიძლება მხიარულობდე, ცეკვავდე, იცინოდე, როდესაც ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება! ესენი ისე იქცევიან, თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და მათ არ ეხებათ არაფერი, რაც გარშემო ხდება.
გაოგნებული ვიდექი. უცებ  სტუმრების ჯგუფს ობერშტურმანფიურერი გამოეყო და ფრიდრიხს ჩემზე მიანიშნა.
ფრიდრიხმა გამაფრთხილა, რომ გრიგის და ლისტის გარდა სხვა არაფერი არ დამეკრა.
თავი დავუქნიე და როიალისაკენ წავედი. სტუმრები მთვრალი სახეებით მიცქეროდნენ და ისე მათვალიერებდნენ თითქოს სხვა სამყაროდან ვიყავი მოსული.
როიალთან მივედი. ესეც ბეკერის ფირმის იყო. თეთრი საკონცერტო როიალი. დავჯექი სკამზე და თვალი მოვავლე აუდიტორიას. ზოგი საუბრობდა, ზოგი შამპანურს წრუპავდა. დავიწყე დაკვრა. ვერავის ვეღარ ვამჩნევდი. დავრჩით მე და მუსიკა. თითქოს ყველა კადრს მიღმა დაიმალა…
დაკვრა დავამთავრე. თავი მაღლა ავწიე. ისევ ჩვეული სიტუაცია იყო. ყველა თავისი საქმით იყო გართული. აპლოდისმენტები არ ჩანდა. მხოლოდ ერთმა გამოიმეტა ჩემთვის ტაში. ეს იყო ქერათმიანი, ძალიან გამხდარი გოგონა. სტუმრებმა გაკვირვებული სახეებით გადახედეს მას. ობერშტურმანფიურერი სავარძელში იჯდა ჩაფიქრებული. მერე ფრიდრიხს მიუახლოვდა და რაღაც უთხრა.
ფრიდრიხმა ხელით მიხმო და დარბაზიდან გამიყვანა.
ჯარისკაცი და ჭაღარა მსახური ჩემს ოთახამდე მომყვნენ.
_ შედი, _ მითხრა ფრიდრიხმა.
ოთახში შევედი. ჯარისკაცმა კარი მომიხურა. საწოლზე ჩამოვჯექი. გასაგები იყო რატომ არ დამიკრეს ტაში. ტყვეს აპლოდისმენტებით არავინ დააჯილდოვებმა. მხოლოდ ქერა, გამხდარმა  გოგონამ გამოიმეტა და როგორი მზერით დააჯილდოვეს იქ მყოფებმა.
კარი გაიღო და ფრიდრიხი შემოვიდა. ფოლადისფერ სინით ჩაი და ბუტერბროტი შემომიტანა. მაგიდაზე გადმოაწყო და გავიდა. ჭიქა ნიკელის იყო, უყურო.
ჩაი დავლიე და დასაძინებლად დავწექი. ვერადავერ დავიძინე. სულ სტუმრების სახეები მედგა თვალწინ. მათ არ ისურვეს ტყვეს მიერ შესრულებული მუსიკის მოსმენა და დაკვრის განმავლობაში საუბარი არ შეუწყვეტიათ. მხოლოდ ობერშტურმანფიურერი მისმენდა სავარძელში გარინდული და კიდევ ის ქალიშვილი…
გამთენიისას დერეფანში ფეხის ხმა გაისმა, რომელიც ჩემს ოთახს უახლოვდებოდა. კარიც გაიღო. ფრიდრიხი იყო.
_ ადექი, მოწესრიგდი. ობერშტურმანფიურერი გეძახის.
სმოკინგს მივვარდი, მეგონა სტუმრებთან მივყავდი ისევ.
_ ეგ არ გინდა. ეს ჩაიცვი, _ ტილოს ტანსაცმელზე მიმითითა.
სწრაფად გადავიცვი. გული მიკანკალებდა. ვაითუ ჩემი დაკვრა არ მოეწონათ და დასასჯელად მივყავართ. ფეხსაცმელში ძლივს ჩავდგი ფეხი.
ფრიდრიხმა შენიშნა ჩემი შიში. მან თავი გააქნია და ტუჩების კუთხეებით გამიღიმა.
მივხვდი, რომ დასჯა არ მელოდა. მშვიდად ამოვისუნთქე. აბაზანაში შევვარდი და თავი მოვიწესრიგე.
_ სწრაფად, _ მითხრა ფრიდრიხმა და კარი გააღო. მე წინ გამიშვა.
_ პირდაპირ, _ მაძლევდა გზადაგზა მითითებებს, _ მარცხნივ, მეორე სართულზე.
მუხის კარების წინ გავჩერდით. ფრიდრიხმა დააკაკუნა. შიგნიდან ხმა გაისმა. ფრიდრიხმა შემიყვანა.
ეს ოთახი ობერშტურმანფიურერის მუხით მოპირკეთებული კაბინეტი იყო. კედლები თაროებით იყო დაფარული სადაც უამრავი ძვირფასყდიანი წიგნები ეწყო.
_ თავისუფალი ხარ, _ უთხრა ფრიდრიხს. მერე მე მომიბრუნდა და ხელით მანიშნა მომყევიო. თაროებს შორის მოთავსებული კარი გამოაღო და ნათელ ოთახში შემიყვანა. აქ შავი როიალი და რამდენიმე სავარძელი იდგა მხოლოდ.
თვითონ სავარძელში ჩაჯდა, შემომხედა და მითხრა:
_ რახმანინოვი.
მე სკამზე როიალთან დავჯექი და დავიწყე დაკვრა.  დაახლოებით ორი საათი განმავლობაში ვუკრავდი რახმანინოვის ნაწარმოებებს. ობერშტურმანფიურერი ყოველი ნაწარმოებების დამთავრებისას იძახდა ერთიდაიგივე სიტყვას: “კიდევ”.
ბოლოს წამოდგა, ოთახიდან გავიდა. მის მაგიერ ფრიდრიხი შემოვიდა და ჩემს ოთახში წამიყვანა.
_ ობერშტურმანფიურერი აქ გტოვებს. მებაღის დამხმარედ იმუშავებ, _ მითხრა ფრიდრიხმა.
ამის შემდგომ კვირაში ორჯერ-სამჯერ საღამოობით შულცისთვის ვუკრავდი.  მან მაჩვენა თარო, სადაც უამრავი ნოტები იყო, გარდა იმ კომპოზიტორებისა, რომელიც შერისხული ჰყავდა ფიურერს. უფლება მომცა ფრიდრიხის თანხლებით, ნებისმიერ დროს მოვსულიყავი და მესარგებლა ნოტებით.
ერთ საღამოს, როდესაც შულცთან ავედი დასაკრავად, ოთახში ის გამხდარი, ქერა გოგონა დამხვდა, რომელმაც ტაშით დამაჯილდოვა.
მას ცისფერი კაბა ეცვა. ძალიან თეთრი კანი ჰქონდა. ის სავარძელში იჯდა. შესვლისას, მას თავი დავუკარი და ინსტრუმენტს მივუჯექი.
ობერშტურმანფიურერიც სავარძელზე დაჯდა.
_ მამა, მეც მომასმენინეთ რახმანინოვი.
მამამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მითხრა:
_ რახმანინოვი.
ეტიუდი-ჩანახატი დო-მაჟორი ავირჩიე. ის იყო დავამთავრე, კაკუნი გაისმა. ადიუტანტი შემოვიდა და მოახსენა ოფიცერს, რომ შტაბში იბარებდნენ.
შულცმა ფრიდრიხს უხმო და ჩემი თავი ჩააბარა.
მე ისევ ჩემს ოთახში წამიყვანეს. ფრიდრიხმა მაუწყა, რომ ხვალიდან ჩემს მოვალეობას შევუდგებოდი.
სამუშაოს დილით ადრე ვიწყებდი. ჩემი მოვალეობა იყო, ყოველდღე ეზოს დასუფთავება. მებაღემ, რომლის თანაშემწე ვიყავი, რუსული არ იცოდა. მუნჯურად მაგებინებდა ყველაფერს, თუმცა ბევრი სალაპარაკოც არ ჰქონდა.
ყოველ დილით, მზე რომ ამოვიდოდა, ობერშტურმანფიურერის ქალიშვილი სასეირნოდ გამოდიოდა. მე ამ დროისთვის ვამთავრებდი ეზოს დასუფთავებას.
ემა, ასე ერქვა ქალიშვილს, შეხვედრისას სალამზე არასოდეს მპასუხობდა, მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად მიღიმოდა. კეთილი სახე ჰქონდა, წყლიანი ცისფერი თვალები.
იგი დიდხანს რჩებოდა ეზოში. როცა დაიღლებოდა, მერხზე ჯდებოდა. ერთსადაიგივე დროს მოდიოდა მაღალი მკაცრი გამომეტყველების ქალი და მისთვის ჭიქით წყალი და რაღაც მიქსტურა მოჰქონდა.
ერთხელ საღამოს ფრიდრიხი მესტუმრა და “საკონცერტო ოთახში”, ასე ვუწოდებდი კაბინეტის მიმდებარე ოთახს, წამიყვანა.
მეგონა, როგორც ყოველთვის, ობერრშტურმანფიურერი დამხვდებოდა. მაგრამ, მის ნაცვლად ემა დავინახე.
მან ფრიდრიხი დაითხოვა. მერე მე მომმართა.
_ მე ძალიან მომეწონა თქვენი შესრულება. ხომ ვერ მომასმენინებდით შოსტაკოვიჩის რომელიმე ნაწარმოებებს, _ სუფთა რუსულით მომმართა.
მე დავიბენი, საიდან უნდა სცოდნოდა ასე კარგად რუსული ენა.
_ თქვენ ალბათ გიკვირთ საიდან ვიცი რუსული ენა ასე კარგად. მე ბებია, დედაჩემის დედა მყავდა რუსი. რომანოვების გვარის იყო.
უცებ, ხელი გულზე მიიდო და ღრმად ამოისუნთქა.
_ შოსტაკოვიჩის პრელუდია და ფუგა მოვისმინე რადიოთი, მე მგონი სი-მაჟორი, წაგიმღერებთ, _ წაიღიღინა მელოდია. მე მივხვდი რომელიც იყო და დაკვრა დავიწყე. ზუსტად ეს პრელუდია და ფუგა დავუკარი თერთმეტი წლის წინ, მისაღებ გამოცდაზე.
ნაწარმოების  დაკვრა დავამთავრე. ემა გაუნძრევლად იჯდა.
_ აქ საშუალება არ გვაქვს, რომ ამ კომპოზიტორების ნოტები შევიძინოთ… თქვენ, ლაპარაკზეც და გარეგნობაზეც გემჩნევათ, რომ რუსი არა ხართ.
_ დიახ, სწორად შენიშნეთ, მე ქართველი ვარ.
_ ქართველი?
_ დიახ, კავკასიაშია საქართველო. ორი ზღვის შუა.
_ რა გქვია?
_ ანდრო.
_ ლამაზი სახელია, ანდრო _ გაიმეორა.
_ დიდ ხანს გავჩერდი, _ რაღაც გაახსენდა, _ ფრიდრიხ, _ დაიძახა.
ოთახში მოსამსახურე შემოვიდა.
_ მე წავედი, _ უთხრა ემამ და სწრაფად დატოვა ოთახი.
ამ დღის შემდეგ ხშირად მიბარებდა “საკონცერტო ოთახში”, ვუყვებოდი საქართველოზე, მის ისტორიაზე. ინტერესით მისმენდა. ერთხელ მითხრა:
_ ძალიან მტკივა გული, რომ ჩემმა ქვეყანამ ომი დაიწყო. არ გეწყინოთ როდესაც დილის სეირნობის დროს სალამზე არ გპასუხობთ. აქ ცოტა სხვა წესებია და დაუმორჩილებლობისათვის მკაცრი სასჯელია. ხშირად ზოგიერთები, ვიქცევით ისე, როგორც არ გვსურს… მაგრამ ჩვენი თავი ჩვენი ნება არაა…
ნაღვლიანი სახით ფანჯარას გახედა და გააგრძელა:
_ ამ საღამოს კონცერტების შესახებ, ფრიდრიხის მეტმა არავის არ იცის. მამაჩემს ძალიან უყვარს მუსიკა. იგი მიუნხენის კონსერვატორიაში სწავლობდა. მაგრამ მამამისმა სამხედრო საქმე ირჩია და აიძულა შვილი სამხედრო აკადემიაში ესწავლა. ეს არ იყო მისი მოწოდება…
_ ძნელია, როდესაც პროფესიას სხვა გირჩევს და საკუთარი მისწრაფების გამოვლინების საშუალებას არ გაძლევენ.
_ მე წავალ ახლა. ნახვამდის, _ მითხრა და მერე ფრიდრიხს გასძახა.
_ ფრიდრიხ, მე წავედი!
ამ დღის შემდეგ ორი კვირა გავიდა. არავის, არც ემას და არც მამამის აღარ დავუძახივარ. დილაობითაც ვეღარ ვხედავდი ემას. ფრიდრიხს შევეკითხე, და მან ჩვეულისამებრ, დუმილით მიპასუხა.
ალბათ, სადმე გაემგზავრნენ, გავიფიქრე.
სიმართლე, რომ გითხრათ მენატრებოდა ემას ნახვა. ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც ვსაუბრობდი, ვისთანაც მიხაროდა ყოფნა. “საკონცერტო ოთახში” ასვლისას ყოველთვის ვნატრობდი, რომ ემა დამხვედროდა, რადგან ხშირად ჩემი მსმენელი შულციც იყო.
ზამთარიც გავიდა, გაზაფხულმა სითბო მოიტანა. ახლა ბაღში ბევრი სამუშაო იყო. დღე ეზოს ვასუფთავებდი, მებაღეს ნარგავების მოვლაში ვეხმარებოდი, საღამოობით ჩემს ოთახში ფორტეპიანოზე ვუკრავდი…
ერთ დღეს ფრიდრიხი შემოვიდა. ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
_ წავედით მაღლა.
გამეხარდა. ნეტავ, ემა იყოს. ვეღარ მოვითმინე და შევეკითხე:
_ ემა?
ფრიდრიხმა თავი დამიქნია ნაღვლიანი გამომეტყველებით. “საკონცერტო ოთახში” შევედი. დივანზე წამოწოლილი ემა დამხვდა, გაცრეცილი, გამხდარი სახით.
ემამ ფრიდრიხი გაუშვა. მერე მე მომიხმო.
_ სავარძელი მოსწიე და ახლოს დაჯექი.
ემას ბრძანება შევასრულე. ქალიშვილმა გამიღიმა და მითხრა:
_ ძალიან მომენატრა შენთან საუბარი.
მერე ჩემი ხელი აიღო და მომეფერა.
_ მე შენთვის სურპრიზი მაქვს. ფირსაკრავი მოვატანინე აქ. შიგ ფირფიტაა. მოვუსმინოთ.
ავდექი, ფირსაკრავთან მივედი. ფირფიტას დავაკვირდი. ფეხები ამიკანკალდა. ქათული ხალხური სიმღერები!
_ საიდან მოხვდა აქ! _ წამოვიძახე გახარებულმა.
_ ამ ჩემი ავადმყოფობის გამო შვეიცარიაში ვიყავი და იქ ქართველი ემიგრანტი გავიცანი. მან მაჩუქა ეს ფირფიტა… _ ლაპარაკი უჭირდა, ძალიან მისუსტებული იყო. ჩართე..
ოთახში “ჩაკრულო” გაისმა, ამას მოყვა “ოდოია”, “ურმული”, “შენ ხარ ვენახი”… ხარბად ვისმენდი მშობლიურ ხმებს.
_ ძალიან მდიდარი ერი ყოფილხართ. როგორ მინდა შენი ქვეყნის ნახვა…
შვლის ნუკრის თვალებით შემომხედა. მაგრამ…
_ დამთავრდება ომი და თუ ცოცხალი გადავრჩი, მოგნახავ და წაგიყვან ჩემს ქვეყანაში.
ემას გაეცინა:
_ ვინ გაიმარჯვებს?
_ რა თქმა უნდა ის, ვინც მართალია ამ ბრძოლაში.
_ იმედი მაქვს, _ ჩუმად ჩაილაპარაკა, _ მერე დაამატა, შეგიძლია აქ ამოხვიდე ნებისმიერ დროს და მოუსმინო ამ ფირფიტას. ფრიდრიხი მოგაცილებს-ხოლმე.
_ მადლობ.
_ ახლა კი, ის ნაწარმოები დამიკარი, რომელიც გსურს მე მომიძღვნა.
როიალთან მივედი, სახურავი ავხადე და დებიუსის “მთვარის შუქის” დაკვრა დავიწყე. თან ემას თვალს არ ვაცილებდი.
ემას თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მიყურებდა საოცარი თვალებით. ამ თვალებით სიყვარულზე მელაპარაკებოდა…  მერე წამოდგა, ნელა მომიალოვდა, დაიხარა, დაკვრა შევწყვიტე. თავზე ხელი გადამისვა და მითხრა:
_ ახლა რასაც გეტყვი, ალბათ სხვა დროს ამის თქმა გამიჭირდებოდა. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც მე შემიყვარდა…
გაოგნებული ვისმენდი. 
_ იცი რატომ მეადვილება ამის თქმა? იმიტომ რომ…
ტირილი წასკდა. წაბორძიკდა. ხელი წელზე მოვკიდე.
_ მე ავად ვარ.  ეს ოთხი თვეც სამკურნალოდ ვიყავი წასული. სად არ ვყავდი მამაჩემს… მაგრამ ვერ მშველიან. განწირული ვარ. ჰოდა, მე უფლება მაქვს გითხრა, რომ მიყვარხარ…
უჭირდა ლაპარაკი. დივანზე დავაწვინე და მე იქვე ჩავიჩოქე.
_ არ, შეგეშინდეს, გადამდები არაა…
ხელი თავზე გადამისვა.
_ ახლა წადი. დავიღალე… ფრიდრიხს დაუძახე.
გაბრუებული გავედი ოთახიდან. ახლა მივხვდი ფრიდრიხის სევდის მიზეზს. ოთახში დავბრუნდი. ადგილს ვერ ვპოულობდი. დილით ეზოს დასუფთავებისას სულ მაღლა, ფანჯრებისაკენ ვიხედებოდი, იქნებ ემასათვის მომეკრა თვალი. ემა არ ჩანდა.
ერთი კვირის მერე, ფრიდრიხმა კვლავ ამიყვანა “საკონცერტო ოთახში”. ემა დამხვდა. თვალის უპეები უფრო ჩაშავებიყო, სახეზე მიტკალივით თეთრი ფერი ედო. ჩემს დანახვისას ძლივს გაიღიმა. მთხოვა ახლოს მივსულიყავი. ხელები მომხვია, წამოიწია, სახე ჩემს სახესთან მოიტანა ახლო. ანგელოზივით ლამაზი იყო. ხელი მოვხვიე და ჩვენი ტუჩები შეერთდა. მერე თითქოს შეკრთა, უკან გაიწია და მთხოვა:
_ ცოტა ხანს არ გაინძრე, მინდა გიყურო. შენი ხატება მინდა წავიღო თან. იმ ცხოვრებაშიც მინდა მახსოვდე. ძალიან მიყვარხარ… _ ტირილი აუვარდა, _ სიცოცხლე მინდა, რაც შენ გაგიცანი, უფრო ძალიან მინდა…. მაგრამ, ალბათ ჩემი ბედი ასეთია.
ტირილში გაეცინა.
_ შენ აღარ გეკითხები, გიყვარვარ თუ არა, მე იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მე მიყვარხარ. მოდი ჩემთან… უკანასკნელად გაკოცებ.
უხმოდ ავტირდი ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ემამ ცრემლები ხელის გულით მომწმინდა და ლოყაზე მაკოცა.
_ ემა, _ ხმა მიკანკალებდა, _ ემა მიყვარხარ…
ემას სიხარული გადაეფინა სახეზე.
_ რა ბედნიერი ვარ! შენს ენაზე მითხარი ეგ სიტყვები.
მე ქართულადაც გავუმეორე.
_ ახლა ექიმი უნდა მოვიდეს. ჩემს ოთახში გაამიყვანენ. მშვიდობის არ გეტყვი, ეს სიტყვა შემჯავრდა. ნახვამდის, იმედია, ნახვამდის… წადი ეხლა. ფრიდრიხ, შემოდი.
ძლივს წამოვდექი ფეხზე. ფრიდრიხმს გავყევი.

                  * * *

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მოუთმენლად ველოდი, როდის მეტყოდა ფრიდრიხი: წავედით მაღლა, მაგრამ ამაოდ. ეზოშიც, თვალს არ ვაცილებდი ფანჯრებს.
ერთ დღესაც ფრიდრიხი შემოვიდა და მითხრა, რომ ემა აღარ არის… ამ სიტყვების გაგონებისას გავქვავდი. ვერ გავიგე, როდის გავიდა ოთახიდან ფრიდრიხი… ვერ ის აღვიქვი, რამდენი ხანი ვიდექი ასე გაშეშებული. მეორე დილით მებაღეს ვთხოვე ყვავილების დაკრეფის ნება. უარი არ უთქვამს. პატარა თაიგული გავაკეთე. ყვავილები, პატარა, ემასავით ნაზი შევარჩიე.
ფრიდრიხს ვთხოვე ემას ცხედართან მიეტანა. მე არ მიმიშვებდნენ იქ.
ფრიდრიხმა, არ მიპასუხა, სადღაცას წავიდა, მერე დაბრუნდა და თაიგული გამომართვა. მივხვდი, რომ შულცს დაეკითხა.

                        * * *

ამის შემდეგ ხუთი თვე გავიდა. მე ყოველდღე ავდიოდი “საკონცერტო ოთახში” და ემასთვის ვუკრავდი…  ობერშტურმანფიურერ შულცს ემას სიკვდილის შემდეგ არ უთხოვია ჩემთვის დაკვრა.
შემოდგომის ერთ დღეს ფრიდრიხმა ეზოში ჩამიყვანა, მანქანაში ჩამსვა. საჭეს თვითონ მიუჯდა.
შეკითხვას ვერ ვბედავდი. ვიცოდი, რომ ის მაშინ იტყოდა თავის სათქმელს, როცა საჭირო იყო. დიდხანს ვიარეთ, გზაზე რამდენიმე პოსტი შეგვხვდა. ფრიდრიხი საბუთებს აჩვენებდა და მანქანის შემოწმების შემდეგ დაუბრკოლებლივ ვაგრძელებდით გზას.  ბოლოს ერთ პატარა ქალაქში გავშერდით. სასტუმრო “ჰერცში” დავბინავდით. სამი დღე აქ ვცხოვრობდით.
მეოთხე დღეს ისევ მანქანში ჩამსვა და გზა განვაგრძეთ.
_ ახლა შვეიცარიის საზღვართან მივდივართ. ბილიკს გაჩვენებ და პირდაპირ დაუყვები. იქით მხარეს კაცი დაგვხდება და ყველაფერს ის მოაწესრიგებს. დანარჩენი უკვე შენ იცი. იქნებ სამშობლოშიც მოახერხო დაბრუნება…
გაოგნებული ვუსმენდი.
_ ეს ბატონი შულცის ბრძანებაა… ემას საბოლოო თხოვნა იყო. აი, მოვედით. ახლა გადადი და ღმერთმა გიშველოს.
მანქანიდან გადმოვედი, ფრიდრიხმა ხელი გამომიწოდა დასამშვიდობებლად და თვალებში ჩამაცქერდა.
მერე მხარზე დამკრა ხელი და მითხრა:
_ დროა. სწრაფად იარე. ყველაფერი კარგად იქნება.
_ გმადლობ… 
_ გეყოფა ლაპარაკი. აი პასპორტი, ეს კი ფული, მშვიდობით, _ მითხრა მანქანისაკენ წავიდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button