იაკობ გოგებაშავილი – აჩქარებული მსჯელობა
(წერილი “ივერიისადმი”)
საბიბლიოგრაფიო წერილი “ივერიის” უკანასკნელის ნომრისა იწყება ასე: “ჩვენდა სამწუხაროდ, “მოამბის” მეორე ნომერი და “ჯეჯილის” მესამე მოკლებულნი არიან ინტერესსა”. – საბავშვო ჟურნალის შესახებ თავისს ასეთს მსჯეობას კრიტიკოსი არაფრით ამტყუნებს შემდეგ სტრიქონებში, მაგრამ “მოამბეზედ” გამოთქმულს აზრს
კი თვითონვე არღვევს, უსაფუძვლოდ გამოჰყავს მეტ-ნაკლებობით, როცა ფაქტებზედ, ჟურნალის ცალ-ცალკე წერილების დაფასებაზედ გადადის. მოისმინეთ:
“აღსანიშნავია წერილი ბ. კ. ბ-ძისა: “სარწმუნოება, ზნეობა და მეცნიერება”. სასურველია ასეთი წერილები ხშირად იბეჭდებოდეს “მოამბეში”. რადგანაც იგი საინტერესოა ყოველ ქართველი მკითხველთათვის, ვისაც ცოტათი არის მაინც გაეგება რამე”, ბრძანებს კრიტიკოსი. – წიგნში, რომელსაც კრიტიკოსებმა დაარქვეს “უინტერესო”, თვითონვე აღმოაჩინა წერილი, საინტერესო ყველა ქარველისათვის და სანატრელი. ეს ერთი.
წერილთან ერთად:
“ბატონო რედაქტორო! ეს შენიშვნა გავგზავნე “ივერიაში” დასაბეჭდად, მაგრამ თანამშრომლებმა უხერხულად ჩასთვალეს ადგილი დაეთმოთ მისთვის გაზეთში: საყვედურის კილოზეა დაწერილიო. თვითონ რედაქტორს არ მივმართე, რადგანაც აპელაცია და კასაცია საზოგადოდ არაფრად მეპიტნავება. ამის გამო გთხოვთ თქვენ დაბეჭდოთ იგი თქვენს პატივცემულს ჟურნალში. იაკობ სიმინიძე”.
“დიდად საყურადღებოა წერილი დეკანოზი კონჩუაშვილისა ქართული დაბადების შესახებ”, განაგრძობს კრიტიკოსი… სრულს სიმართლეს აღიარებს იგი, სწორედ რომ ეს წერილი ყველასაგან დიდი პატივცემულის ავტორისა ფრიად საინტერესოა; მაგრამ ეს ყველასათვის ფრიად საყურადღებო რომ კბილსა სჭრუს უინტერესოსა. ეს ორი.
“ამ ნომერში დამთავრებულია პ. ჭარაიას მეტად საინტერსო წერილი: “მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან”, გვაუწყებს კიდევ კრიტიკოსი. აქაც სრული ჭეშმარიტება ღაღადებს ავტორის პირით, რადგანაც ჭარაიას წერილი განძად უდევს ჩათვლოს ჩვენს ფილოლოგიურს ლიტერატურაში. მაგრამ ეს ფრიად საინტერესო რომ ანდერძს უგებს უინტერესოსა? ეს სამი.
თუნდაც ჟურნალის ერთს წიგნში სამის ფრიად საინტერესო წერილის მეტი არა იყოს-რა, მაშინაც კი უსამართლობა და უსაფუძვლობა იქნება ამ წიგნს დაარქვათ უინტერესო.
გარნა ამ ნომერში სხვა კარგი რამეებიც მოიპოვდება.
კრიტიკოსისაგან დაწუნებული მოთხრობა არბოელისა “სამფეხა ამირანა” წარმოადგენს ხელოვნურს პატარა ეტიუდს, დასურათებულს ნამდვილი ნიჭით და დაწრილს მშვენიერი ქართული ენით. მართალია, ავტორს რომ უფრო ცხოვრებაზედ დაახლოებული თემა, საგანი აერჩია, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პოეტებს და ბელეტრისტებს მინიჭებული აქვთ ბარონების და მარკიზების უფლება, დაკანონებული ანდაზებით: “у всякого барона своя фантазия, всякий маркиз имеет свой каприз”. საქმე მხოლოდ ის არის, რომ ფანტაზიისა და “კაპრიზის” ნიჭის ბეჭედი აჯდეს.
ამ პატარა ეტიუდს მისდევს ვრცელი მოთხრობა ეკატირინე რევაზის ასულის გაბაშვილისა “გამარჯვებული ნიკო”. მოთხრობა ამოღებულია ჩვენი ცხოვრებიდან, სავსეა ცოცხალი ინტერესით და მდიდარია ხელოვნურად დაწერილი ადგილებით.
შემდეგ ვკითხულობთ “იულიუს კეისარს”, დრამას შექსპირისას, ნათარგმნს თ. ი. მაჩაბელის მიერ საუცხოვო, წმინდა ქართული ენით.
თითქმის ამისთანავე ენით არის ნათარგმნი ბ-ნი გ. ყიფშიძის მიერ ფრიად ნიჭიერად დაწერილი რომანი სენკევიჩისა “ცეცხლითა და მახვილითა”; ჩვენდა სასიამოვნოდ, მთარგმნელის ენა განთავისუფლდა ზოგიერთა რუსიციზმისაგან, რომელნიც წინა ნომერში აქა-იქ ამღვრევდნენ მისს ქართულს ენასა. მაგალითად, ბ-ნი ყიფშიძე სწერდა: ხუთი რაზმი ხმელნიცკისა სულ შეჰკრთნენ. – ორასი ათასი კაცი, შეიარაღებულნი ფერხით თხემამდე, მზად იყვნენ. – ამ დროს რამდენიმე გუნდი ყიჟინით და ღრიალით გაექანნენ მტრისაკენ. – უკანასკნელს ნომერში აღარ შეგხვედრია ამისთანა უგრამატიკო ფრაზები.
სხვა წერილები, მიმოხილვანი ცოტა ღარიბნი არიან; მაგრამ როგორ მოვთხოვოთ ქართულს ჟურნალს ყოველივე ბაწარ-აღებითი სიმდიდრე, როდესაც ჩვენში ყველა სფერა საზოგადოდ და ინტელიგენცია კერძოდ ჯერ-ჯერობით ღარიბია. ისიც მართალია, რომ პოლემიკა ცოტა დამლაშებულია; მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ცოტათი მლაშე მტუტეს პასუხია: სამწუხაროდ, უკადრისად მოხსენება ერთმანეთისა – ჩვეულებრივი სენია ჩვენის ინტელიგენციისა. საპოლემიკო წერილებს ყველა ამტუტებს, ამლაშებს სხვა სტატიებს კი ან სულ უმარილოდ სწერენ, ან ძლიერ ნაკლებად უშვრებიან მარილსა. პირველებს, რომ მარილი მოაკლონ და მეორეებს მიუმატონ სწორედ კარგს იზამენ ჩვენი ლიტერატორები ყველა ბანაკისა.
საზოგადოდ, მეორე ნომერი “მოამბისა” საინტერესოც არის და შინაარსიანიც. ეს სჩანს არა მარტო ჩვენი ნათქვამიდან, არამედ თვით კრიტიკოსის ქებიდან, რომელიც მან უძღვნა რამდენსამე სტატიასა.
რასაკვირველია, ეს მცირე შენიშვნა გასაფრთხილებლად დავსწერე, და არა საპოლემიკოდ, რომლისათვის დროსაც და წადილსაც მოკლებული ვარ.