იაკობ გოგებაშავილი – გამარჯვება პირდაპირ წერისას
პირდაპირ წერამ მთლად გაიმარჯვა. იგი არამც თუ განათლებულს ევროპაში დამკვიდრდა, რუსეთშიაც კი თან-და-თან ფეხს იკიდებს. ჯერ მოსკოვის სამოსწავლო ოკრუგის სკოლებში იქმნა შემოღებული და ახლა მთელს რუსეთში გაუხსნა მას გზა თვით განათლების სამინისტრომა. ამ წლის დამდეგში ამ სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოიწონა სახმარებლად სკოლებში პირდაპირი ხელით ნაწერი რუსული დედანი ამ სათაურით: прописи для упражнения в прямом письме, შედგენილი ევსევის მიერ და გამოცემული მოსკოვში წარსულის წლის გასულსა. ეს გადაწყევტილება დაბეჭდილ იქნა ჯერ სამინისტროს ჟურნალში და მერე გადმოიბეჭდა ამ წელს ადგილობრივს ოფიციალურს გამოცემაში: “Циркуляр по управления кавказским учебным округом, N 4”. ამ დღიდგან პირდაპირს წერას აქვს მინიჭებული სრული უფლება სკოლებში იხმარებოდეს ყველასაგან თავისუფლად და დაუბრკოლებლივ. ეს უფლება რომ ადრევე მიენიჭებინათ პირდაპირი წერისათვის, არც ჩვენი ქართული დედანის პირდაპირის ხელისა, მოწონებული მინისტრისაგნ იქნებოდა გამოძევებული სახალხო სკოლებიდგან ადგილობრივ დირექციის ჯიუტობით, და ვერც იძულებულს გაგვხდიდნენ “Русское слово”-ში პირდაპირი ნაწერი შეგვეცვალა ირიბულს რუსულს ხელზედა. შესანისნავია, რომ რუსეთის პედაგოგნი და ექიმები ხშირად თითქმის სიტყვა სიტყვით იმეორებენ პირდაპირის წერის გასამართლებლად იმ საბუთსა, რომლებითაც აქამომდე ვესარჩლებოდით მას ჩვენ ქართველები, ხან ქართულს ლიტერატურაში და ხან რუსულში. ამ შემთხვევაშიც გამართლდა ქართული ანდაზა: შინაურს ბერს განკითხვა არა აქვსო. ვიდრე მარტო შინაურები ვიცავდით პირდაპირ წერასა, წინააღმდეგ ევროპისა და რუსეთის მაგალითისა, ბევრს ჩვენგანს არაფერი სჯეროდა და ასე ფიქრობდა: განა შესაძლებელია დიდები სცდებოდნენ და პატარანი მართალნი ვიყვნეთო. ახლა კი, რასაკვირველია, დაიჯერებენ, რადგანაც დიდმა ავტორიტეტმა – ევროპაში – ბანი მოგვცა ჩვენ, პატარა ქართველებსა.