იაკობ გოგებაშავილი – ერთი ეპიზოდი სემინარიის ცხოვრებიდან
ამ ოცი წლის წინად, როდესაც მე თბილისის სასულიერო სასწავლებლის უფროსის ადგილი მეჭირა, მოხდა რევიზია სასულიერო სასწავლებლისა კერსკის მიერ, რომელიც გამოგზავნილი იყო პეტერბურგიდან სინოდის ობერ-პროკურორისაგან.
რევიზია ესე გამოწვეული იქმნა იმ გარემოებით, რომ ერთმა რუსმა მასწავლებელმა სემინარიისამ კოვროვმა რექტორის ჩაგონებით გაგზავნა პეტერბურგში დაბეზღება ქართველებისა და ამან კიდევ იძულებული გახადა ქართველი მასწავლებელი ტურიევი, გაეგზავნა ქაღალდი რექტორის უკანონო მოქმედებათა შესახებ.
ამ რევიზორმა მაბეზღარა და ცილისმწამებელი დასის წყალობით არა ერთი რუქას არაკი სთქვა ჩემზედ და სხვა ქართველებზედ, დაგვწამა გულგრილობა სარწმუნოებაზედ, უკიდურესი დაბეზღება და ესრედ წოდებული განუზინოფილობა.
თ. ჟორდანიამ ყველაზე კარგად იცოდა და იცის, რომ მთელი ანგარიში კერსკისა შედგება არკებისაგან, ჭორებისაგან, ცილისწამებისაგან ქართველების წინააღმდეგ. ბევრჯელ უთქვამს ჩემთვის საზოგადებას რომ, გამემტყუნებინა კერსკის ჭორები და დაწამებანი, მაგრამ ვის წინ გაამტყნებდი? მთავრობისა? წაკითხვითაც არავინ წაიკითხავდა. საზოგადოების წინაშე? დაბეჭდვა შეუძლებელი იყო, რადგანაც კერსკის ანგარიში კანცელარიის საიდუმლოს შეადგენს. თრემ ფრიად ვრცელი გამტყუნება მე დიდი ხანია დამზადებული მაქვს; მაგრამ იგი დროთა ვითარების გამო, ჩემს საწერს სტოლში სხვა ნაწერებთან ერთად განისვენებს.
წარმოიდგინეთ ახლა, რომ თ. ჟორდანიამ თბილისის სასულიერო სემინარიის 75 წლის იუბილეზედ წაიკითხა მოხსენება, რომელშიც არამც თუ ის გარემოება, რასაც კერსკი ამბობს თავის ანგარიშში ქართველებზედ, არამედ იმისთანა ბრალიც დასდო მათ, რომლის შესახებ კერსკის კენტი სიტყვაც არა აქვს ნათქვამი. კერსკის ყველა ჭორი, რაც კი მაბეზღარებისაგან გაუგონია ქართველებზედ, დიდი სიამოვნებით ჩაუყვანია თავის ანგარიშში. ხოლო მაშინდელ რექტორის შესახებ, ამბობს მხოლოდ იმას, რაც დოკუმენტებით იყო დამტკიცებული და რაც არ შეიძლებოდა არ მოეხსენებინა. ქართველების შესახებ დამტკიცებულია ნამდვილი საბუთით მხოლოდ ორი რამ: პირველი რაიმე იმაში მდგომარეობს, რომ იგინი (ე. ი. ქართველი მასწავლებლები) დამნაშავე მოწაფეების გარიცხვას ეწინააღმდეგებოდნენ და გამასწორებელს ზომებს უჩვენებდნენ. მეორე ისა, რომ იმათ გამოაწერინეს მთავრობას სემინარიის ბიბლიოთეკისათვის, რომელიც მანამდის სავსე იყო მხოლოდ სქოლასტიკური სასულიერო წიგნებით, პროგრესიული მწერლობის, საერო მწერლობის თხზულებებიცა: ბოკლისა, დრეპერისა, გიზოსი, სმაილსისა, გარტვიგისა და სხვათა ამგვართა, და საზოგადოდ ცდილობდნენ, რომ მომავალნი მწყემსნი საქართველოს ერისა ყოფილიყვნენ აღჭურვილნი ფართო განათლებით და ღვთის მეტყველების გარდა კარგად სცოდნოდათ საერო მეცნიერებაცა. ეს კერსკის, როგორც მთელი სქოლასტიკურის მიმართულების კარცსა და მთელს მეკანცეელიერეს, – რომელიც სმაილსის ყოვლად უმანკო თხზულებასაც კი “თვითმოქმედება” სთვლის მავნებელ წიგნად, დიდ ცოდოდ უნდა ჩაეთვალა და კიდევაც ჩასთვალა. გარნა მაშინდელი რექტორის წინაშე შემდეგ დამტკიცდა სრულიად სხვა გვარი საქმენი. კერსკი იძულებული გახდა დოკუმენტალური დამტკიცებით ეღიარებინა თავის ანგარიშში: პირველად ისა, რომ რექტორი იმდენად დაბალი გონებისა იყო, რომ თავისი სიტყვით ვერაფერს ახერხებდა გაკვეთილებზედა, მხოლოდ ზეპირად სწავლობდა სახელმძღვანელოს და ისე ამბობდა გაკვეთილსა; მეორედ: რომ მას ფულები ერთმია ეკონომისათვის და ამ ფულების მიმღებად ჩაეწერებინა მოგონილი პირები; მესამედ: რომ იგი ისე ცუდად ინახავდა მოწაფეებს, რომ სიცივით და სიმშილით იხოცებოდნენ; მეოთხედ: რომ იგი მთვრალი დაიარებოდა ხშირად თვით საბჭოს კრებებზედა; მეხუთედ, რომ იგი იყო ინტრიგანი და ინტრიგანობით იშოვნა რექტორის ადგილი, რომლისთვისაც მას საჭირო ცენზი არ ჰქონდა; მეექვსე: რომ იგი იღებდა ცალკე ფასს შტატის გაკვეთილებში, რომლენიც მას უნდა ეძლია მუქთათ, როგროც რექტორსა და სხვანი ამ გვარნი… მიუხედავად ამისა, კერსკი თავის ანგარიშში ურჩევს მთავრობას არა დათხოვნას რექტორისას, არამედ მის გადაყვანას შუაგულს რუსეთში – თითქმის დაჯილდოებას. შესანიშნავია, რომ უმაღლესმა მთავრობამ სხვა დასკვნა გამოიყვანა რექტორის შესახებ აღიარებულ ბოროტ-მოქმედებათგან და იგი დასასჯელად გაგზავნა უბრალო ბერად ერთს მონასტერში. რომ იგი ჯერ ელაქუცებოდა ქართველებსა, ქართულს ენაზედ ზრუნავდა და როდესაც ხელში იგდო უფროსობა მათი შემწეობით, მაშინ ზურგი შეაქცია და დევნა დაუწყო: განა პატიოსანი და სასწავლებლისათვის გულშემატკივარი მასწავლებელი მოითმენს, რომ ამისთანა კაცს ოპოზიცია არ გაეწიოს?
ქართველების შესახებ რაღა ზომა ურჩია მთავრობას რევიზორმა? ვიდრე ამის პასუხს ვიტყოდეთ, საჭიროა მოვიხსენოთ ერთი ჭორი ქართველების შესახებ, რომლით და რომელზედაც ამყარებს თავის ნარჩევს ღონისძიებას მათ წინააღმდეგ. დამტკიცებისათვის ყოველ ღონისძიებას ხმარობს კერსკი. რაში მდგომარეობს ეს ჭორი? სემინრიის მოსამსახურე ქართველებმა შეადგინეს ქართული პარტია და ცდილობდნენ ყველა ადგილები სემინარიაში თავისს თანამემამულეებისათვის დაეჭერინებინათ და რუსები თანდათან გამოეძევებინათ. მერე რით ამტკიცებს ამასა? პირველად მოწმეები მოჰყავს: ყველა რუსმა მასწავლებელმა აღიარა ესაო და მათ დაემოწმა ერთი ქართველიც, სახელდობრ დეკანოზი გიორგი ხელიძეო. ამ უკანასკნელმა ისიც დაუმატაო, რომ მეც მიპირებდნენ განდევნას სემინარიიდგან რუსთა პარტიას რად ეკუთვნისო. აქ ურევია ერთი დიდი და საზიზღარი ტყუილი: ორი ახალგაზრდა და პატიოსანი რუსი, სახელდობრ ძმანი ცვეტკოვები ყოველს საკითხსა და საქმეში ერთად მოქმედებდნენ ქართველებთან, მათთანვე ერთად იქმნენ აღიარებულნი საეჭვოდ. ერთი იმათგანი ქართველებთან ერთად იქმნა გამოყვანილი მთავრობისაგან საბჭოს წევრობისაგან და ორივენი იძულებულნი შეიქმნენ დაეტოვებინათ სემინარია. კერსკის მათთვის არაფერი უკითხავს. რატომ? აშკარად დარწმუნებული იყო, რომ ეს განათლებულნი რუსნი უარყოფდნენ ქართველების პარტიობას და ჩაუშლიდნენ წადილსა ცვეტკოვებმა კარგად იცოდნენ, რომ ქართველებთან ერთად მოქმედებით იგინი მტრად იხდიდნენ სემინარიის მთავრობას და მაშინდელს ექზარხოსს; მაგრამ იმდენად სამართლიანად ხდიდნენ ქართველი მასწავლებლების ოპოზიციასა, რომ იძულებულნი იყვნენ მათთვის მხარი მიეცათ. ვისი მოწმობა უფრო დასაჯერებელია, იმისი ვინც ტყუილისაგან თავის თავისთვის დიდს სარგებლობას მოელის, თუ იმათი, ვინც სიმართლის თქმით თავის თავს ავნებს, მაგრამ გულწრფელად და აშკარად აღიარებს ამასა. და მართლაც სემინარიაში იბრძოდნენ არა ქართველები და რუსები, არამედ რექტორი თავისი დახავსებული მომხრეებით, რომელთაც პირადი სარეგლობის მეტი აღარაფერი ესმოდათ. და ყმაწვილი მასწავლებლები, რომელნიც სასირცხვილოდ ჰხდიდნენ თავის თავსა და მავნებლად სასწავლებლისათვის მონური სიჩუმით ეთმინათ საქმენი ბოროტმოქმედნი უვიცი უფროსისა. მეორე საბუთად ის მოჰყავს რევიზორს, რომ ქართველები ცდილობდნენ ქართულის ენის კათედრა დაეარსებინათ სემინარიაში და მოწაფეებს ხანდახან ქართულად ელაპარაკებოდნენო. ასე გაშინჯეთ ეგზამენებზედაც არ ერიდებოდნენ ქართული ენის ხმარებასაო. ვაი საწყალი ქართველის ბრალი! თათრებს, სომხებს და ყველა სარწმუნოების ერს რუსეთის იმპერიაში გამართული აქვთ სასულიერო სასწავლებლები, სადაც ყოველი საგანი ისწავლება დედა-ენაზედა და სადაც რუსული ენა მხოლოდ საგანს შეადგენს სასწავლებლისასა. ქართულს სემინარიაში კი ყოველი საგნის სწავლება დაწესებულია რუსულ ენაზედ და როცა ქართველები ხმას ამოიღებენ: – ქართული ენა მაინც რიგიანად ასწავლეთო, მომავალს მწყემსებს ქართულის ერისასაო, მაშინვე გაისმის დაბეზღება სეპარატიზმისა და სხვა იზმებისა. მესამე საბუთად ასახელებს ინსპექტორის თანამდებობაზედ არჩევანსა. სულხანოვის დათხოვნის შემდეგ ინსპექტორის ვაკანსია რომ გაიხსნა, ორივე პარტიამ თავისი კანდიდატი წარმოადგინა: რექტორმა კუვშინსკის და ოპოზიციამ ივანე ცვეტკოვი. მაგრამ ამ უკანასკნელმა ცივი უარი განაცხადა. მაშინ იოსელიანის კანდიდატურა იქმნა წამოყენებული, რომელიც უმეტესობით იქმნა არჩეული; მაგრამ რექტორის მეცადინეობით ექსარხოსის წარდგენით იქმნა დამტკიცებული არა ამორჩეული იოსელიანი, არამედ უარყოფილი კუვშინსკი. კერსკი იოსელიანის არჩევას აბრალებს ქართველების მიდგომით მოქმედებას. “მეტნი იყვნენ კრებაში და თავის კანდიდატი გაიყვანესო”. ესეც ტყუილი. იოსელიანს თეთრი ჩაუდგეს არა მარტო ქართველებმა, არამედ რუსებმაცა, რომელნიც სრულიად არ იცნობდნენ კუვშინსკისა, რადგანაც იგი ახალი გადმოსული იყო სტავროპოლიდგანა და ალექსანდრეს საოსტატო სკოლაში უბრალო მასწავლებელი. ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ იოსელიანმა მიიღო თითმის ორჯერ მეტი თეთრი კენჭი, ვიდრე კუვშინსკიმა.
იოსელიანმა მიიღო სწორედ იმდენი თეთრი, რამდენიც ქართველი იყოო, და კუვშინსკიმ იმდენი, რამდენიც რუსებიაო.
მაშასადამე ქართველებმა აქ პარტიობა გამოიჩინესო. ნამდვილად კი ამ არჩევნის დროს პარტიები სრულიად აირივნენ. საქმე სრულიად სხვანაირად მოხდა. რექტორის მომხრეებს ინსპექტორობა თვითონ უნდოდათ, მაგრამ რექტორმა სხვაგან მოსძებნა კანდიდატი, გაგულისებულმა იმათ უმეტეს ნაწილად შავი კენჭები ჩაუყარეს კუვშინსკისა და თეთრი იოსელიანსა. ისინი ასე ფიქრობდნენ: კუვშინსკი ჩვენ გავაშავოთ, იოსელიანს მთავრობა არ დაამტკიცებსო, მოხდება ხელმეორედ არჩევანი და მაშინ შეიძლება წილად ინსპექტორობა ჩვენ გვხვდესო. ზოგმა ქართველმა კუვშინსკის თეთრი ჩაუგდო ამ მიზეზების ძალით: ექსარხოსი ძლიერ მონდომილა კუვშინსკის ამორჩევას და ინსპექტორად უთუოდ დაანიშვნინებს, თუნდა ჩვენ იგი გავაშავოთო. თუ კუვშინსკი ჩვენი სურვილის წინააღმდეგ იქმნა დანიშნული, რექტორს მიემხრობა და საქმე უფრო გაჭირდებაო. ისა სჯობია, რომ ყველა ქართველმა კუვშინსკის თეთრი ჩაუგდოთ, მოვიგონოთ იმისი გული და ჩვენი მხარე დავაჭერინოთო. მაგრამ ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ტურიევი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რო იოსელიანის დაუმტკიცებლობის გამო ხელმეორედ მოხდენილს არჩევანზედ თვითონ იგდებდა ხელში ინსპექტორობასა. ოპოზიცია ორად გაიყო, როგორც რექტორის პარტია, ოპოზიციიდგან კუვშინსკიმ მიიღო სამი თეთრი და რექტორის პარტიიდგან იოსელიანს ერგო სამივე თეთრი. კერსკი კი ისე ასხვაფერებს ამ შემთხვევას, რომ არამც თუ ოპოზიციის ქართველები გამოჰყავს ეროვნულ პარტიზანებად, არამედ ამასვე აბრალებს თვით დეკანოზს ხელიძეს, რომელმაც ისეთი დამტკიცებენი მისცა თავისი არაქართველობისა. მეოთხე საბუთი აი რაში მდგომარეობს: მაშინდელს რექტორს ჰყავდა ორი თავისი დისწული თავისთანაო და იგინი ჩვენს სემინარიაში სწავლობდნენ; უფროსი იყო ძლიერ ნიჭიერი და პირველი მოწაფე; უნცროსი ნიჭს ვერ დაიკვეხებდა, მაგრამ ხასიათით კი მეტად საყვარელი ყმაწვილი იყო. ორივენი ქართველს მოწაფეებს უყვარდათ, ეფერებოდნენ და ასე გასინჯეთ, კანიკულებზედ სოფელშიაც მოჰყავდათ. მათმა ბიძამ იგინი რამდენიმე წლის შემდეგ თავის სამშობლო სემინარიაში გაგზავნა რუსეთში. რად? ჯერ იმიტომ, რომ მაშინ ძველი ენები ჩვენს სემინარიაში არ ისწავლებოდა და დისწულების გაგზავნა კი უნდოდა უნივერსიტეტში, რომლის კარები დახშული ჰქონდათ იმათ, ვინც ლათინური და ბერძნული არ იცოდნენ; მეორედ იმიტომ, რომ რექტორს უყვარდა ქვრივეულების ხშირი გამასპინძლება თავის კვარტირაში საღამ-საღამოობით და დისწულები ძლიერ უშლიდნენ თავისუფლად ეკავალრნა. კერსკი კი იცით როგორა ხსნის რექტორის დისწულის გაგზავნას რუსეთში? ქართველ მოწაფეებს სძულდათ იგინი, როგორც რუსებიო, სდევნიდნენ და რექტორი იძულებული გახადეს გადაეკარგნა იგინი რუსეთშიო. “საზოგადოდ – დაასკვნის კერსკი, – თბილისის სემინარიაში რუსების სიძულვილი მუშაობდაო, და დასამტკიცებლად მოჰყავს კერძო წერილები თავის ამხანაგებთან მესამე კლასის მოწაფისა დავით კეზელისა, რომელიც მართლა უშვერი სიტყვებით ლანძღავს რუსებსა; მაგრამ განა იგი მარტო რუსებს ლანძღავს? არა ნაკლებ ლანძღავს ქართველებსა, ყველა თავისს ამხანაგებსა, მასწავლებლებსა და მეტადრე ამ სტრიქონების დამწერსა. მას მიაჩნია მხოლოდ თავისი თავი მთელს საქართველოში და, ვგონებ, მთელს ხმელეთზედაც, და უბრძანებს თავის ამხანაგებს ამ ადრესით მომწერეთ ხოლმე წერილებიო: “ერთად ერთს ნიჰილისტს საქართველოსას, იმედს და ნუგეშს ქვეყნისას – რესპუბლიკანელსაო” და ეს ბავშვური ბოდვა ადუღებული ტვინისა, კერძო წერილებში გაგზავნილი, რევიზორმა ჩასთვალა შეურყეველ საბუთად რუსების სიძულვილისა. სად ქონდა სათავე ამ სიძულვილსაო? ჰკითხავს თავის თავს კერსკი და უპასუხებს: უეჭველად ასაკოვან ქართველებშიო!..
მეხუთე საბუთს თავის აზრის დასამტკიცებლად კერსკი ჰხედავს კოვროვის დათხოვნაში სემინარიიდგანა. კოვროვი მოწაფეებმა იძულებული გახადეს სემინარიისათვის თავი დაენებებინა და სხვა სამსახურში შესულიყო იმის გამო, რომ ქართველი მასწავლებლები ამისთანა მოქმედებაში მათ აქეზებდნენო. ეს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება იძულებულს გვხვდის დავხატოთ უტყუარია პორტრეტი კოვროვისა. კოვროვი იყო ქონდრის ტანის კაცი, წელში მოკაკული, ცალი თვალი გამოვარდნილი ჰქონდა და ცალი ყრიდგან შეუწყვეტლივ იარა სდიოდა. ამასთან სიმთვრალეს ძლიერ იყო მიჩვეული და ხანდახან ისე გადირეოდა ხოლმე ღვინისაგან, რომ ამტვრევდა ჭურჭელს, ფანჯრებს და სხვა დასამტვრევ ნივთებს, რაასც კი ხელი მიუწვდებოდა. ამისთანა შემთხვევაში მას დაამწყვდევდნენ ხოლმე სარდაფის რომელსამე ოთახში. ერთხელ იმერეთის ეპისკოპოზი თბილისში ჩამობრძანდა და სემინარიაში ჩამოხტა. საუბედუროდ გვერდით კოვროვის სადგური იყო, იმ ღამეს კოვროვი თურმე თავისებურად დათვრა, გადაირია, ჯერ ფანჯრებს ბოთლების სროლა და ჩახა-ჩუხი დაუწყო, მერე აიღო დიდი ჩაქუჩი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაუწყო ბრაგუნი ეპისკოპოზის ოთახის კედელსა, თანაც საშინელი ხმით იმუქრებოდა: მე მას კამჩატკაში გადავაგზავნინებ უთუთაო. გამოეღვიძა ეპისკოპოზს, შეატყობინა სემინარიის მთავრობასა, მიადგა პოლიციაც, ფანჯრებისა და ბოთლების მჩხრევით მოზიდული, ძლივ ძლივობით დაიჭირეს გაგიჟებული კოვროვი და გამოფხიზლებამდე ჩაამწყვდიეს სარდაფში. “უბედური სემინარია”, “უბედური სასწავლებელი”, ამბობდა გულამოსკვნით ყოვლად-სამღვდელო დამსწრე და მაცქერალი ამ ფრიად სამწუხარო მოვლენისა. სიმთვრალეს თითქმის ყოველთვის მოსდევს მეშვიდე მცნების დარღვევა, მრუშობა. კოვროვიც სიმთვრალესთან ერთად შეპყრობილი იყო ბუნებითაცა. გარყვნილი მოწაფეები თურმე უთვალთვალებდნენ ხოლმე თავის მასწავლებელსა და თვითონაც იქ დაიწყებდნენ სიარულს, სადაც კოვროვი დადიოდა. ამას იქ ხშირად ავიწყდებოდა სიმთვრალის გამო, ყელსახვევი, ხელსახოცი და სხვა თავისი ნივთები. ამ ნივთებს იგდებდნენ ხოლმე ხელში მოწაფეები და მეორე დღეს კლასში სტოლზედ დაუდებდნენ თავისს მასწავლებელს იმის გაკვეთილის წინედ. კლასში შესული კოვროვი სტოლზედ რომ თავის ნივთებს დაინახავდა, წითლდებოდა, სირცხვილით იწოდა, და ამ დროს კლასში გაისმოდა ხარხარი მოწაფეებისა. ეს უბედური არსება ისეთი მშიშარა იყო, რომ თავის ჩრდილისაც კი ეშინოდა. მოწაფეები რასაც უნდოდათ იმას უშვრებოდნენ, რა ბალებიც უნდოდათ იმისთანას ასმევინებდნენ. საზოგადოდ კოვროვი მონა იყო სასწავლებლისა. ეს მონობა ძლიერ შორს მიდიოდა. მაშინ დიდი ლიბერალობის დრო იყო. მოწაფეებიც გატაცებული იყვნენ ახალი აზრებითა და კოვრომაც თავისი საგნის სწავლება სწორედ ამ ყაიდაზედ მოაწყო. ის ასწავლიდა საღმრთო წერილსა; იმის მოვალეობა იყო ეკითხნა კლასში დაბადება და სახარება განმარტებით და ახსნით. ამის მაგიერ ის კითხულობდა აკადემიურს ლექციებსა იმის შესახებ, თუ რითი ამტკიცებს რენანი თავის აზრსა, იესო ქრისტე იყო არა ძე ღვთისა, არამედ ძე კაცისა, რითი ასაბუთებს შტრაუსი თავის სწავლასა, რომ მაცხოვარი იმისთანავე მითია, როგორც აპოლონი და იუპიტერი, რა საფუძვლები მოჰყავთ ტიურენგენის სკოლის ღვთის მეტყველთა.
დასამტკიცებლად თავისი აზრისა, რომ იესო ქრისტე იყო უბრალო კაცი, თუმცა უკეთესი რჩეულთა შორის, რომ სახარებები მოციქულებმა კი არ დასწერეს, დაიწერა მესამე და მეოთხე საუკუნეში თანახმად გაზვიადებულთა და გადასხვაფერებულთა გარდაცემათა და სხვანი, რასაკვირველია, გამტყუნებასაც შეეჭიდებოდა ხოლმე, მაგრამ მოკლედ, ფორმის გულისათვის. კიდევ კარგი, ასეთი სუსტი ხმით ლაპარაკობდა და ისეთი ძნელი ენა ჰქონდა, რომ მისი ლაპარაკი და აზრები ესმოდათ მხოლოდ უკეთესს მოწაფეებს, რომელნიც წინა სტოლზედ ისხდნენ ხოლმე. უკანა სტოლებზედ მსხდომნი მოწაფეები კი დროს ატარებდნენ ქაღალდის თამაშობაში. ასე გავიდოდა ხოლმე მთელი წელიწადი, მოწაფეებმა არაფერი იცოდნენ საღმრთო წერილიდგან, მაგრამ ხათრიჯამიანი მასწვლებელი წლის ბოლოს ყველას ბალებს კარგს დაუსვამდა ხოლმე. მოვიდოდა ეგზამენების დრო, იჭრებოდნენ მოწაფეები, უხდებოდათ მათ ეგზამენატორების ხელით ნულები, ერთები და ორები. გაბრაზიანებული მოწაფეები მიდიოდნენ სემინარიის მართველობის წევრებთან, ინსპექტორებთან, რექტორებთან, უჩიოდნენ კოვროვსა, არას გვასწავლის და იმიტომ არაფერი ვიცითო; მაგრამ ხმა მათი რჩებოდა ხმად მღაღადებელსა უდაბნოში. რათა? იმიტომ რომ კოვროვი იყო ეგრედ წოდებული ძლიერ მახლობელი “ზემლიაკი” მაშინდელი ექსარხოსისა და ამ უკანასკნელს თუ გაუბედავდნენ რასმე მათ წინააღმდეგ, ცეცხლს გადიყრიდნენ ხოლმე თავზედა. ყველანი მოელოდნენ, რომ ამ ყოვლად მახინჯი კაცის გამო სემინარიაში რაიმე უბედურება დატრიალდებოდა და კიდევაც დატრიალდა. როდესაც პეტერბურგიდან მოვიდა თბილისში გრაფი ტოლსტოისაგან გამოგზავნილი რევიზორი ზინჩენკო, მოწაფეებმა ისარგებლეს კოვროვის უკანონო ქცევითა და კერძოთ იმ გარემოებით, რომ კოვროვს კლასში ეთქვა მოწაფეებისათვის: “რევიზორი მოვატყუეთო”, და უწესობა მოახდინეს, ასე მოიქცნენ როგორც ეტყობა, იმ განზრახვით, რომ რევიზორის ყურადღება მიექციათ კოვროვის უვარგისობაზედ და თავიდგან ახლა მაინც მოეშორებინათ. რევიზორმა ამ უწესობის გამოძიება მიანდო რექტორსა, რადგანაც თითონ რევიზია უკვე გათავებული ჰქონდა და რუსეთში დაბრუნებას ეჩქარებოდა. რა აღმოაჩინა ამ გამოძიებაში? რისი შეეშინდა რექტორს? აშკარაა რისა. გამოძიება სრულიად მტყუანად გამოიყვანდა არა მარტო კოვროვს, არამედ თვითონ რექტორსაც, რადგანაც აღმოაჩენდა დიდი ხნის მოუთმენელს უწესობასა, რომელსაც გულგრილად უცქეროდა რექტორი. რატომ თვითონ კერსკიმ არ მოახდინა გამოძიება? რატომ ჭეშმარიტების აღმოჩენა არ მოინდომა? უწესობის შემდეგ სულ ერთი წელიწადი არ იყო გასული, მოწაფენი ისევ სემინარიაში იყვნენ და არაფერი აბრკოლებდა გამოძიებასა. სჩანს, თვითონ კერსკი დარწმუნებული იყო, რომ კოვროვსა და რექტორს დიდი დანაშაულობა, საარაკო უვარგისობა დღესავით ცხადად გამობრწყინდებოდა და მაშინ მას აღარ შეეძლებოდა თავის ანგარიშში ეთქვა: კოვროვი იმიტომ სძულდათ და იმიტომ გააძევეს სემინარიიდგან, რომ რუსი იყოვო. ნამდვილად კი მთელი ათი-თორმეტი წლის განმავლობაში იმიტომ ითმინეს კოვროვი ქართველებმა, რომ იგი რუსი იყო. ქრთველი რომ ყოფილიყო, ქართველი მოწაფეები და მასწავლებლები ერთს წელიწადსაც არ აბოგინებდნენ. სემინარიაში იყო ფერშლად ერთი ურია, გვარად პოპერეკი, შინაური კაცი რექტორისა, მისი მომვლელი და ენა ტანია… მოწაფეებს ის სრულიად ყურს არ უგდებდა, რადგანაც უფროსის იმედი ჰქონდა. ხშირად მთელი დღეებით დაიკარგებოდა ხოლმე, თუმცა სადგური სემინარიაში ჰქონდა, და სტოვებდა უპატრონოთ ავადმყოფს მოწაფესა. ერთხელ უფროსი კლასის ერთი მოწაფე ფილტვების ავადმყოფობით შეიქმნა ავად. პოპერეკი ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვნეს. იგი მხოლოდ გამოცხადდა მეორე დღესა, როდესაც მოწაფე უკვე კვდებოდა და კიდევაც მოკვდა. ტურიევმა, როგორც თანაშემწემ ინსპექტორმისამ და იმ დღის მორიგემ სემინარიის მართველობას მოახსენა ეს გარემოება, აუხსნა უვარგისობა პოპერეკისა და მოითხოვა მისი დათხოვნა. ექიმს სობელშჩიკოვს მოთხოვე აზრი, იმანაც ტურიევს მხარი დაუჭირა და პოპერიკი დათხოვნილი იქნა, თუმცა რექტორი ძლიერ ესარჩლებოდა. კერსკი ამ ამბავსაც სთვლის დასამტკიცებლად ქართველობის ეროვნული პარტიობისა. როგორ? პოპერეკი იმისათვის დაათხოვნინეს ქართველებმა, რომ იგი იყო მომხრე რექტორისა და თავის დროზედ ატყობინებდა მათ განზრახვასა და წადილსაო. მერე ვინ გაამწესებინეს ქართველებმა ურიის მაგივრად? ამაზედ სდუმს კერსკი. იქნება ქართველი? მაშინ ხომ ღაღადებას დააწყებინებდა და მის დაბრალებას იოტის ოდენა საფუძველი მაინც ექნებოდა არა, კანდიდატებად ქართველებმა წამოაყენეს ფერშალი რუსი ვასილიევი და კიდეც გაამწესებინეს. ურიის ადგილზედ რუსის გამწესება კერსკიმ ჩასთვალა საბუთად ქართველების თითქმის სეპარატიზმისა. ეს ფაქტი ყველაზედ ცხადად აშკარად ხდის კერსკის საარაკო მიდრეკილებასა, რომ ქართველები რითაც კი შეიძლება შავად გამოეყვანა. უკანასკნელ საბუთად ქართველთა პარტიის არსებობის სემინარიაში კერსკი რაცხს მას, რომ ტურიევი ემტერებოდა რექტორს და სძულდა კუვშინსკიო. ჩვენ რომ მარტო ის ბოროტ-მოქმედებანი რექტორისა ვირწმუნოთ, რომელნიც თვითონ კერსკისა აქვს აღიარებული თავისა ანგარიშში, და სხვებს უფრო მძიმე მის “სარგებლობას” თავი დავანებოთ, ისიც სრულიად ამართლებს ქართველების მოქმედებას სემინარიის უფროსის წინააღმდეგ. ამ წინააღმდეგობას ჰქონდა სრული პრინციპიალური სათავე და სარჩული, ყველა ქართველი მასწავლებლების მხრივ. მხოლოდ ტურიევის მოქმედება სწარმოებდა უფრო პირადი ანგარიშის და შურისძიებისაგან. მაშინდელი რექტორი, რომელსაც არა ჰქონდა საჭირო სამეცნიერო ხარისხი, არჩეული იქმნა, კანონის წინააღმდეგ, რექტორად, ტურიევის მხნე დახმარებით. მათ სორის საიდუმლო პირობა იყო თურმე დადებული: შენ მე მიშველე რექტორად ამორჩევაში და მე შენ ინსპექტორად ამოგარჩევინებო. იმ დროს ტურიევი და ვალენტინი დიდი მეგობრები იყვნენ, თანამებოთლეები, ერთად მოვიდნენ კიევიდგან და მათი გადაკიდებას ვერავინ მოიფიქრებდა. მაგრამ რა მოხდა? ტურიევმა პირობა მტკიცედ შეასრულა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ყველა იხმარა, რომ რექტორად ამოერჩივნათ მისი მეგობარი. მაგრამ ეს მეგობარი, იგდო თუ არა მან უფროსობა ხელში, განზედ გაუხტა ტურიევსა და პირველი წინააღმდეგი გახდა მისი ინსპექტორად არჩევისა. მოტყუებული ტურიევი პირადი ბოროტებით აივსო და დაიფიცა, რომ რექტორობიდან ისევ ჩამოაგდებდა. ამ მუქარის ასრულებას ძლიერ ხელს უმართავდა თვითონ რექტორი, რომელმაც გახადა თუ არა უფროსად, საბელი მიუშვა ყველა თავის მხეცურს ინსტიკტებსა, რომლითაც მდიდარი იყო.
ამის გამო ყველა ახალგაზრდა მასწავლებელი ქართველი თუ რუსი, რომელიც კი ეგოისტური შიშით არ იყო შეპყრობილი, რექტორის მოწინააღმდეგე შეიქმნა, რომ ამ წინააღმდეგობას ჰქონოდა სრული საფუძველი და სიმართლე, აშკარად სჩანდა იქიდგანა, რომ უმაღლესმა მთავრობამ სასტიკად დასაჯა რექტორი. უბრალო ბერად გაგზავნა მივარდნილს, უკანასკნელს მონასტერში. კერსკის ლოგიკას რომ მივყვეთ, თვით უმაღლესი მთავრობა სეპარატიულად უნდა ჩავთვალოთ, რადგანაც რექტორის წინააღმდეგ მოიქცა. კუვშინსკის შესახებ კერსკი ბრძანებს, რომ იგი ტურიევსა და სხვა ქართველებს არ ეპიტნავებათ, ერთხელ ტურიევმა ზურგს უკან დურაკი დაუძახაო, და ასე გაშინჯეთ ზურგს უკან ენაც გამოუყოვო. სწორედ დიდი სეპარატისტობა გამოუჩენია ტურიევსა ამ ენის გამოყოფით. ენა კი არ უნდა გამოეყო და დურაკი კი არ უნდა დაეძახა კუვშინსკისათვის, რომელიც ყოველს ბოროტმოქმედებას რექტორისას ესარჩლებოდა, ბრძენი უნდა დაერქვა და სულ მის ფერებაში უნდა ყოფილიყო. მაშინ იგი და სხვა ქართველები დაიმსახურებდნენ კეთილ განზრახულ მომსახურეთა სახელსა და კერსკისაგან ქება-დიდებას.