ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშავილი – ერთი მუჭა წიგნი,ათი მუჭა სუსელობა

ანუ უ. მდივანოვის ანბანი

თუმცა მდივანოვის ანბანი არსებობს აგერ თოთხმეტ-თხუთმეტი წელიწადია, მაგრამ მისი წაკითხვა და გაცნობა მხოლოდ ეხლა მოვახერხე. იქნებ ეხლა, ჩემთვის უცნობი დარჩენილიყო ეს შესანიშნავი ქმნილება, “დროების” მედღიურეს რომ ორიოდე თავის სიტყვით ამ ანბანის შესახებ არ გაეღვიძებინა ჩემში სურვილი მის გაცნობისა. ღმერთმა ადღეგრძელოს ეს მედღიურე და მიანიჭოს მათუსალას წელნი! კაი ხანია მე ისე გულით არ მიცინია, როგორც ვიცინე ამ წიგნის კითხვის დროსა. მკითხველს მე ხარხარით გულს ვაჯერებინებდი, უზენაესს რომ არისტოფანის ნიჭის ნატეხი ჩემთვის ეწილადებინა. მაგრამ…

მაგრამ სიცილი მალე გადამექცა სიმწუხარეთ, როცა მოვიგონე, რომ ეს სასაცილო, სამასხარო და უგუნურებით სავსე წიგნი ამდენი ხანია იფინება ჩვენ ხალხში და ეხლა მერვე გამოცემით დაბეჭდილა. შვიდ გასაღებულ გამოცემას ბევრი ზარალი და ვნება უნდა მიეცა პატარა და დიდი ქართველების გონებისათვის..

ჩვენ, რასაკვირველია, მოშორებული ვართ იმ განზრახვას, რომ მდივანოვის ანბანი ვრცლათ გავარჩიოთ. ეს მეტათ დიდი პატივი იქნება მისთვის. ჩვენ გვსურს მხოლოდ გაკვრით ზოგიერთა მისი სასაცილო და უაზრო მხარეები გამოვააშკარაოთ საქვეყნოთა.

უ. მდივანოვს გაუგონია, რომ ანბანისათვის ახალი მეთოდი შემოიღესო. მოუნდომებია ფეხის ხმაზედ აყოლა. უფიქრნია: აქამდის მთელ ანბანს გაბმით, ერთ გაკვეთილად ბეჭდავდნენო: ამას ძველი მეთოდი ერქვაო. მოდი ანბანს სამათ გავყოფ, თითო მესამედიდგან ცალკე გაკვეთილს გავაკეთებ და ახალი მეთოდი იქნებაო.

ას უფიქრნია და ასეც მოქცეულა: თავდა-პირველად დაუბეჭდია ცხრა ასო რიგზედ (უ. ნათიევისათვის სამჯერ გადაუჭარბებია). მერე შეშინებია: ვაი თუ ბოლოს ასოები გამიწყრნენ, წინა ასოები რა კაკაები არიან, რომ თავს დაგვისხი და ჩვენ კი მათ უკან მოგვაქციეო, – აუღია და სხვა რიგზედ, გადარეულათ დაუბეჭდია: ეხლაც დამემდურებიო! ეს გახლავთ პირველი გაკვეთილი.

მეორე და მესამე გაკვეთილიც სწორედ ასეა შედგენილი. ამის შემდეგ მთელი ანბანი სხვა და სხვა შრიფტით დაუბეჭდია გაბმით ჯერ რიგზედ, მერმე გადარეულათ. საქმე გაუთავებია, მაგრამ ბოლოს რაღაც ეშმაკათ მოჰგონებია, რომ ახალ მეთოდით ასოების შემდეგ სიტყვებსა ბეჭდამენო. დაბრუნებულა ისევ უკანა და ხელახლა დაუბეჭდავს ათი ასო; მაგრამ ეშმაკს კიდევ უცდენია და დაუფიქრებია იმაზედ, სიტყვები შეადგინოს ამ ასოებიდგან, თუ პირდაპირ ფრაზები გააკეთოს. უფიქრნია, უფიქრნია და უეცრათ უსკუპნია; მაგრამ როგორი სიმარდით უსკუპნია! ქვეშ გამოუვლია მარცვლები, მარტივი სიტყვები, რთული სიტყვები, ორ სიტყვიანი ფრაზები; სამ სიტყვიანი ფრაზები და პირდაპირ გადამხტარა ოთხ სიტყვიან ფრაზებზედ. და რა მშვენიერი ფრაზები შეუდგენია? აი ერთი მათგანი: “გოგო დანა გარეთ დადე”. მერე კიდევ ყოყმობაში შესულა: ვაი თუ ათი ასო ერთ გაკვეთილათ მეტი იყოს ბავშვებისათვისაო, ამდგარა და ახლა ცხრა ასო დაუბეჭდია მეორე გასაკვეთათ; შემდეგ ცხრა ასო ბევრათ სჩვენებია და შვიდი ასო დაუნიშნავს გასაკვეთათა; ამასთან ოთხ სიტყვიანი ფრაზები ძნელათ მოსჩვენებია და ამისთანა მშვენიერი სამ სიტყვიანი ფრაზები შეუკერნია. მერე მოდი წერე , ბოლოს შვიდი ასოც ბევრათ სჩვენებია და ექვსი ასო დაუბეჭდია გასაკვეთათ და ფრაზებიც შეუმოკლებია ორ სიტყვამდის.

ანბანის ბოლოს მოუყვანია ამგვარი კანონიერი ფრაზები: ბოლმა თვალები დამწო (დამწვარს მაგივრად); გოჭი ძალიან ჭყავის (ჭყვირის მაგივრად); ტურამ ქათამი მოიპარა (მერვე მცნება დაურღვევია, ამ შეჩვენებულსა); სალომეს ტუჩი დაეწო (დაეწვას მაგივრად). ამ ფრაზებით გაუთავებია უ. მდივანოვს თავისი ახირებული ანბანი, რომელშიაც ყველაფერი ძნელი წინეთ არის მოქცეული და ადვილი უკანა.

ანბანს მისდევს საკითხავი სტატიები. პირველ სტატიას უჭირავს ბავშვებისათვის მთელი შვიდი გვერდი. მაშ რამდენიც უფრო ძნელი დასაძლევი იქნება, იმდენს უფრო დიდ ბრძნათ ჩასთვლიან ისინი უ. მდივანოვსა.

შინაარსი კიდევ უფრო საყურადღებოა სივრცეზედ. ამ შვიდ გვერდზედ ბავშვი ჯერ სთვლის სხვა ბავშვის ცუდ-ყოფა-ქცევასა, საძაგლობასა, ამბობს რომ იმათ ღმერთი არ უყვართ, ეკლესიაში არ დადიან, არ ლოცულობენო; მემრე თავის თავს ქებას ეუბნება: მე ესრეთი და ესრეთი კარგი ბიჭი ვარო, ღმერთი ძალიან მიყვარსო, ეკლესიაში მუდამ დავდივარო, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომ ლოცვა არა ვთქვაო, ბავშვს მოჰყავს ლოცვები, რომელსაც იგი ხმარობს სხვა და სხვა დროს და რომელნიც შედგენილნი არიან თვით უ. მდივანოვისაგან. ეტყობა, რომ მდივანოვი თავის თავს წმინდა მამათა შუა რიცხავს.

მკითხველი მიხვდება, რომ ახირებულათ უნდა იყვნენ შემდგარი ეს ლოცვები ახლათ გამომცხვარ წმინდა მამისაგან, მოგვყავს ერთი ლოცვა ნიმუშათ: “გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რომ მომეც მე საზრდო, ღმერთო, ნუ მოაკლებ შენ გაჩენილებს (?) საზრდოს. ღმერთო როგორც დღეს ჩემთვის საზრდო, საჭმელ-სასმელი და ტან-საცმელი ჩემი დედ-მამის კეთილის შრომით აშოვინე და იმათაც მე მამცეს (რა?), გევედრები, რომ ეგრეთვე ყოველ დღე მომეც (რა?) მე მინამ პატარა ვარ და როცა მოვიზარდო შემეწიე, რომ ჩემის შრომით ვიშოვნო (რა?), მოეც (რა?), აგრეთვე ჩემ დედ-მამასაცა და ყოველ სულდგმულსაცა (მაგალითად გველსა, კალაისა, ტილსა, რწყილსა, ჩრჩილსა), ნამეტნავად თუ შეუძლებელია ვინმე, წვრილი ყმაწვილებიცა ჰყავს ან ავადმყოფი ვინმე და იმათ სამყოფ სარჩოს ვერა შოულობს”.

ამ უშველებელ პირველ სტატიას ზედვე, უსათაუროთ, მიბმული აქვს მეორე სტატია, რომელშიაც უ. მდივანოვი ცდილობს დაუმტკიცოს პატარა ბავშვსა, რომ თუ იგი შრომას არ გასწევს, მუცელი ცარიელი ექნება, ტანთ-შიშველი და უსარჩოოთ მოკვდება. რანაირი ხელოვნებით არის დაწერილი ეს სტატია, გვიჩვენებს პირველივე სტრიქონები: კაცები (დედაკაცები?) და მთელი ქვეყანა ღმერთმა გააჩინა. კაცი შიშველი იყო, შრომით და ჯაფით ტანსაცმელი იშოვა, პური არა ჰქონდა და პურიც

მოიყვანა. ამ მეორე სტატიას მისდევს მთელი საეკლესიო ლოცვანი (თავის ლოცვანი ხომ წინეთ დაასწავლა ბავშვსა), რომელიც ბავშვმა ზეპირად უნდა ისწავლოს. ლოცვანის შემდეგ მოქცეულია ახსნა მამაო ჩვენოსი და ათი მცნებისა. ბევრგან ეს ახსნა არამც თუ არავითარს ახსნას არ შეიცავს, არამედ მოკლებულია ყოველ ჰაზრსა გრამატიკულსა და ლოღიკურსა. აი ამის მაგალითი: “არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამითა (?) ვთხოვთ: დაგვეხსენ (?) ჩვენ ყოველი ბოროტი და შეცოდებითი საქმეებისაგან (??) და მახისაგან უხილავი მტრისა”. მეორე მაგალითი: “მეათე მცნებათა ღმერთი გვიკრძალავს ჩვენ, რომ რაც კი ჩვენ ამხანაგს (ამხანაგსა? სხვასა?) აქვს, არც ერთ იმის ქონებაზედ (როგორი ქართულია?) ჩვენ თვალი არ უნდა გვეჭიროს”. თვალის დაჭერა სხვის საქონელზედ ყურის გდებაა და კეთილ საქმეს შეადგენს; ჩვენი წმინდა მამა კი გვიმტკიცებს, რომ კეთილი საქმე ღმერთმა ჩვენ აგვიკრძალა მეათეE ცნებითაო.

ამ სამაგალითო ახსნას არ დაუვარდება არას ხნით განმარტება შვიდთა საიდუმლოთა, რომეიც მას მოსდევს წიგნში, აი მაგალითად, როგორა მარტავს ჩვენი წმინდა მამა ნათლისღებასა: “ნათლის ღება არის სამჯერ გავლება ყმაწვილისა წყალში” (მდივანოვის ჰაზრით, ნათლის ღების დროს ყმაწვილი ყოფილა ჩურჩხელა, რომელიც უნდა გაევლოს თათარას მაგივრად წყალში). გავლება რისთვისაო? “განსაწმედელად პირველ-შობილი ცოდვისაგან – ადამისა (რა შეთანხმებაა სიტყვებისა!), რომელიც (ადამი?) დაბადებითგანვე დაგვყვებაო”. იმდენი გრამატიკული შეცდომაა, რამდენიც სიტყვაა, და ერთი უშვერი რელიგიური უაზრობაა: მდივანოვის სიტყვებიდან გამოდის, რომ პირველშობილი ცოდვა ჯერეთ დაყოლილი არა გვაქვს და შემდგომში დაგვყვება ჩვენ.

უფრო უშვერი რელიგიური უაზრობა მოსდის ჩვენ წმინდა მამას ზიარების განმარტებაში: მისი აზრით “პური და ღვინო ქრისტეს სისხლად იქცევიან ხოლმე მიღების შემდეგ ჩვენს მუცელში”. – არა გჯერათ? მოისმინეთ: “ზიარებას ვიღებთ ჩვენ იმ ჭეშმარიტების დარწმუნებით, რომ ეს (პური და ღვინო) სწორედ იმ ხორც-სისხლად გადაიქცევა, რომელიც უფალმა ჩვენმა შესწირა ჯვარზედ ჩვენის ცოდვებისაგან დახსნისათვის”. საზოგადოთ ჩვენს წმინდანს სრულიად არ ესმის, რასა ჰქვიან საიდუმლო. ის საიდუმლოს ეძახის იმ გარეგან მოქმედებათა, რომელთაც მღვდელი ასრულებს და რომელნიც ყველასათვის სახილველნი არიან; იმას სიზმრათაც არ მოსჩვენებია, რომ საიდუმლო, ქრისტიანულის სწავლის თანახმად, ჰქვიან იმ უხილავ მოქმედებას სულისა წმინდისასა. ანუ მადლსა, რომელიც, ადამიანთა შეუმჩნევლათ, ახდენს ცვლილებას იმ პირში, რომელზედა სრულდება საიდუმლო.

ამის შემდეგ უ. მდივანოვს თავისებურად უსკუპნია და გადამხტარა დღისა და ღამის ახსნაზედ. მისთვის . სწორეთ მიუკარებია შექმნის ისტორია. ეს ისტორია იმგვარათ არის ნაამბობი, რომ მკვდარსაც კი ფეხებს გააფართხალებინებს. წაიკითხეთ: “მესამე დღეს დედა-მიწაზედ მიწა და წყალი ერთმანეთისაგან გაყო (რაში გაყო?)” ამიტომ, რომ დედა-მიწა ტალახის (დახე წმინდაობი შერცხვენასა) გუნდი იყო (გუნდიო? გუნდი ფრინველთა კრებასა ნიშნავს და ტალახის გუნდი ყოვლად შეუძლებელი საქმეა), ღმერთმა ამ ტალახისაგან სისველე გაყო” (კიდევ! სად ან რაში გაყო, უ. მდივანოვო, რატომ არ გვეუბნები?). მეორე ადგილას მდივანოვო პირველი დედა-კაცის შექმნაზედ ისე ლაპარაკობს, ვითომც მას ევა რქმეოდეს გაჩენამდის. მაგრამ ახირებულ მასხარობას ამითი არ ათავებს: იგი იმისთანა უცნაურს რასმე გვიამბობს, რომ მუცელი ხელით უნდა დავიჭიროთ, თორემ შენი მტერი ჩვენი საქმე იქნება. სმენა იყვეს და გაგონება. “მეშვიდე დღეს ღმერთმა აღარა გააჩინა-რა. ამ დღეს (შემდგომი დღიდგან ქმნილება ისევ დაიწყო. ასე გამოდის თქვენი სიტყვიდგანა, რომ ეს ორი ჰაზროვნობა არ გამოსულიყო, უნდა გეთქვათ: “ამ დღიდგან”). იმან მოისვენა თავისი საქმეებისაგან. განა თუ (?) ღმერთი დაიღალა და ამიტომ მოისვენა: არა (!?), სულობით (თუ ხორცობით) არა. ღმერთს რა დაღლალავს, ღმერთი დაუღალავია… თითო დღეს თითო სიტყვას ამბობდა და აბა ჯერ კაცისათვის რა სიძნელეა დღეში ორი ან სამი სიტყვის თქმა? რომ ღვისათვის რა სიძნელე ყოფილიყო?” (ოღონდაც)… აკი კაცი თავის სარტყელს ზევით ვერ შეხტებაო. აქ უ. მდივანოვი თავისთავზედაც მაღლა ახტა, ისეთი მაგარი ფილოსოფოსობა გამოიჩინა!…

ამ ღრმა ფილოსოფიიდან ჩვენ ავტორს კიდევ უსკუპნია და გადამხტარა იმაზედ, თუ რასა ჰქვიან ცა, ქვეყანა, ოთხი მხარე ქვეყნისა, წუთი, საათი, კვირა, თვე, წელიწადი და სხვანი. მერე, მოუყვანია წელთა რიცხვი ქრისტიანეთა, ურიათა(?), მაჰმადიანთა (?) და მასზედ სწორეთ ზედვე მიუკერებია გამოძიება, თუ რა ნაწილებიდგან შესდგება ადამიანი. ყველა ნაწილები ჩამოუთვლია, მაგრამ ტვინი დავიწყებია. კაი საფანელი ჰკლებია, შენმა მზემ! ამის შემდეგ გაუსვამს შუა ხაზი და გადასულა იმაზედ, თუ რა არის ოკეანე და ხმელეთი. ჩამოუთვლია ხმელეთის ნაწილები და შესანიშნავი სახელმწიფონი ქვეყანაზედ. გეოგრაფიასიც დიდი ცოდნა გამოუჩენია: ორ გეოგრაფიულ სტრიქონში ორი შეცდომის მეტი არ მოსვლია: თურქესტანი და ინდოეთი ცალკე, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოუყვანია. ბოლოს უკუღმა უხტუნია და ხელმეორეთ უკანვე გადამხტარა თავის საყვარელ საღმრთო ისტორიასთან; ეტყობა არ უკმარნია ის დაფნის გვირგვინები, რომელიც მან დაიმსახურა წინა საღმრთო მოთხრობებითა. მთელი ისტორია ორ მოთხრობაში მოუქცევია. ძველი აღთქმისათვის მოწყალე თვალით შეუხედნია და მთელი რვა გვერდი უწილადებია; ახალ აღთქმას კი მეტად გასწყრომია და უღირსებია მარტო სამი გვერდი, ისიც ნაკლული. ეს ორი გაბმული მოთხრობა იმისთანავე ბრილიანტს წარმოადგენს ენით და შინაარსით, როგორის ნიმუშები წინეთა ვნახეთ. მოგვყავს მაგალითად ზოგიერთი ფრაზები. “ამ პირველ (მეორე და შემდეგი ქმნილებანი როდისღა იყვნენ?) შემოქმედებისათვის (ეს სადაურია?) ექვსმა დღემ განვლო…”

“ევამ მოსწყვიტა ხილი იმ დაკრძალულის (დაკრძალვა მოწიწებას ნიშნავს და ამიტომ მტკნარი უაზრობა გამოდის) ხისაგან, მიართვა (რა თავაზიანი და გაზრდილი ცოლი ყოფილა!) ადამს და ერთათა სჭამეს…” “ღმერთმა წარღვნა მოამზადა (მახოხი ხომ არ იყო წარღვნა, რომ მომზადება ნდომოდა) იმათ დასასჯელათა…” “თევზის მონადირეთაგან (გამოდის, რომ მოციქულები თევზები ყოფილან და ნადირობა უსწავლიათ) აარჩია ქრისტემ თავისი თორმეტი მოწაფე…” “უფალო იესო, რომელსაც ძალიან უყვარდა ისინი – მართა და მარიამ – როდესაც მოვიდა ბეთანიას, სადაც ისინი სცხოვრობდნენ, ამ დროს ლაზარე გადაცვლილი იყო და ოთხის დღის დამარხული იყო (მე მგონია, რომ თვითონ უ. ნათიევმაც ვერ გაარჩიოს გრამატიკულად და ლოგიკურდ ეს გამოხატულება)…” “კაიაფმაც, როგორც ერთი მეშფოთარი, ხალხში არეულობის ჩამგდები (არეულობა ქვა ხომ არ არის, რომ მის სადმე ჩაგდება შეიძლებოდეს) ამ სახედ წარუდგინა (ვინ?) პილატეს, რომელიც ურიების ქვეყანაში მთავრად იყო დადგენილი…”

“აღდგომის შემდეგ იესო ორმოცი დღე დადიოდა (სულ დადიოდა, არც დამჯდარა, არც დაწოლილა, არც გაჩერებულა?) ქვეყანაზედ; მერე ამაღლდა ზეცას და გამოუგზავნა სული წმიდნა, რომელიც მოვიდა (?!) მოციქულებზედ”… “ქადაგებდა იესო და ასწავლიდა ხალხს ღვთის წინააღმდეგ და საწყინო ქცევისაგან განშორებასა”. გამოდის, რომ იესო ღვთის წინააღმდეგ ასწავლიდა ხალხსა. ბარაქალა წმინდანო!

თუ ქართულ ენის ცოდნაში, ადამიანურ ჰაზროვნებაში, გრამატიკაში და ლოგიკაში მტკნარად უკაცრავად გახლავთ უ. მდივანოვი, სამაგიეროდ იგი როგორც კეთილი სომეხი, ანბანშიაც კი ახერხებს სომხური პატრიოტობის გამოჩენას: იგი ქართველ ბავშვებს ჩასჩიჩინებს, რომ სამოთხე სწორედ შიგ შუა სომხეთში იყოვო, ნოეც სომხეთში დასახლდა წარღვნის შემდეგ და სწორეთ ნოემ ააშენა ჩვენი ქალაქი ნახიჩევანიო, რომელიც აქამომდე არსებობსო, ასეო რომაო უძველესი ქალაქი სომხებს გვეკუთვნისო.

არა, მდივანოვს რომ ეს არ ჩაედინა, განა უიმისოდ არ ვიცოდით, რომ სულელი კაცი პატრიოტობაშიც სულელია.

ბოლოს უ. მდივანოვს მეოთხედ დაუბეჭდია სრული კომპლექტი ლოცვებისა ხუცური ასოებით და ამით დაუგვირგვინებია თავისი სამაგალითო წიგნი.

წიგნში არ მოიძებნება არც ერთი მოთხრობა, არც არაკი, არც ლექსი, არც ანდაზა და არც გამოცანა, რაც უნდა უსათაუროდ იყოს ამ გვარ წიგნში, მისი სახსენებელიც არსად არის, და რასაც არ უნდა შეიცავდეს, მითი არის იგი სავსე და ისიც დაწერილია საარაკო უტვინობით და სამაგალითო სისულელით.

როგორ მოხდა ის სამწუხარო მოვლენა, რომ ამ მტკნარმა უტვინობის და სულელლობის ნაყოფმა გზა გაიკვლია ჩვენ მდაბიო ხალხში, თორმეტი წელიწადია ვრცელდება, უმახინჯებს ენას ქართველ ახალ მოზარდობასა და ურყვნის გონებასა შვილთა და მამათა?

ამის მიზეზი პირველად თვით უ. მდივანოვის ერთი მოხერხება შეიქმნა. იმას შენიშნული ჰქონია, რომ მდაბიო ხალხში არსებობს სურვილი და მოთხოვნილება საღვთო საგანთა ცოდნისა, მეორე მხრით სცოდნია მას, რომ ყოვლად წყალ-წაღებული ქართველი სამღვდელოება ამ მოთხოვნილებას სრულიად არ დასდევს და არ აკმაყოფილებს, აქამდის არ შეუდგენია წიგნი, რომელიც რომ შეიცავდა მაგალითად, საღვთო ისტორიიდგან საუკეთესო, რჩეულ მოთხრობათა, მდაბიო, მარტივი ენით დაწერილთა. ამ გარემოებაზედ დაუმყარებია მას თავისი შემდეგი ანგარისი: თუ ჩემ ანბანში ბლომათ მოვაქცევ საღვთო ისტორიიდგან მოთხრობათა, რაც უნდა უმგზავსათ იყოს შედგენილი ჩემი წიგნი და რაც უნდა უტვინოთ იყვნენ დაწერილნი თვით მოთხრობანი, წიგნი მაინც გავრცელდება ხალხში, ამიტომ რომ გონებით დამშეული ხალხი ღვარძლსაც კარგად მიეტანება, როცა პური არსაით მოეძლევა თხუთმეტი წლის არსებობამ მდივანოვის წიგნისამან ცხადათ დაამტკიცა, რომ იგი ამ ანგარიშში მოტყუებული არ იყო.

მეორე მიზეზი ამ მავნებელი წიგნის გავრცელებისა არის ჩვენი უკუღმართობა… ჩვენ ადვილად შეგვეძლო თავდაპირველათვე გამოგვეაშკარავებინა მისი საძაგლობა, დაგვენახვებინა საზოგადოებისათვის მისი მავნებლობა, შეგვეკრა მისთვის გზა და მოგვესპო მისი არსებობა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ. ჩვენ ეს არ ვქენით, არ ავასრულეთ. რატომ? რა საკვირველია არა იმიტომ, რომ ეს ძნელი საქმე იყო: უკანასკნელს ჩვენგანს შეეძლო დაენიავებინა ეს წიგნი. მიზეზი სხვა იყო და არის. თუმცა ჩვენ ბევრს ვყვირით ხალხის ინტერესზედ, მაგრამ ჩვენთვის იგი აქამომდე ხმიანი, ფუჭი სიტყვაა, საუბრის შესაზავებელი და არა ნამდვილი საგანი ჭეშმარიტის ლტოლვილებისა. ხალხის ინტერესის მაგივრად ჩვენ გვაქვს გამჯდარი ძვალში და რბილში ერთი გვარი, მეტად საძაგელი, ბაიყუშობა: ჩვენ ყოველ გვარს საძაგლობას და მავნებელ მოქმედებას ვაპატიებთ კაცსა, ნებას მივცემთ, მაგალითად უტვინობით და სულელობით სავსე წიგნით რყვნას რამდენიც უნდა ჩვენი ხალხის ჭკუა-გონება, ოღონდ კი ის იყოს უნიჭო, ულტოლვილო, დაბალი და უჩინარი პირი. მაგრამ თუ საზოგადო ასპარეზზედ გამოვიდა სხვაგვარი ადამიანი, ჩვენ დიდის, შეუკავებელი წადილით გავილაშქრებთ მის სასარგებლო ნაწარმოებზედ, დავიგრძელებთ ენას, დავსწერთ უშველებელს წერილებს, ყოველ ღონის-ძიებას ვიხმართ, რომ გავსვაროთ ტალახში ნაწარმოებიც და მწარმოებელიც და შევუკრათ გზა. რათა? იმიტომ რომ ბაიყუშები ვართ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button