ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშავილი – ერთი ნაკლი ქართული წიგნების გამომცემლობისა

ბ-ნი ბარნოვი თავისს საყურადღებო წერილში, რომელი დაიბეჭდა რამდენიმე დღის წინად “სახალხო გაზეთში”, სრულიად არ შეეხო წიგნების გამომცემლობის ერთ მხრეს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მოვინდომე ეს მხარეც გავუთვალისწინო მკითხველებსა და ამით ჩემი წვლილიც შევიტანო ამ საკითხის გამოკვლევაში.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ, ჩვენ, ქართველები, ღარიბნი ვართ ცოდნითც და “საზიზღარი” ფულითაც. ეს ფრიად სამწუხარო გარემოება დაჟინებით ავალებს ქართველ კალმოსნებსა: რაც შეიძლება მეტი შინაარსი ჩასტიეთ თქვენს ნაწერებში და ფასი კი, რაც შეიძლება ნაკლები დაადეთო.

ვასრულებთ ჩვენ ამ მოვალეობას, თუ არა? სამწუხაროდ, არა. დიდს ფორმატის ქაღალდზე ჩვენ ვბეჭდავთ მოკლე და ვიწრო ტექსტსა, რის გამოც მომცრო შინაარსი დიდად გვეჩვენება. გარეგნლად ჩვენებური წიგნები მტერს თვალებ დაუყენებენ, შინაარის რაოდენობით კი (ღირსებას არ ვეხებით) საქმეში ჩახედულს მოყვარეს გულს ატკენენ. იმ ქაღალდზე, რომელზედაც თვისუფლად დაეტევა 32-33 სტრიქონი და სტრიქონში მოთავსდება 42 ასო, ჩვენ გავავსებთ 28-30 სტრიქონს და სტრიქონსაც ვსაზღვრავთ 36 ასოთი. ამითაც არ ვმკამყოფილდებით, წერილებსა და მოთხრობებს შორის ვტოვებთ ცარიელ ტირიფონის მინდვრებსა… ამის გამო, მომცრო შინაარსი იჭერს ბევრს გვერდებსა… წიგნი დიდი გამოდის და ფასსაც დიდსა თხოულობს…

მოვიყვანოთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითი.

“დედა-ენის” ორივე ნაწილში არის 336 გვერდი. თითო გვერდზე დატეულია 32 სტრიქონი, თითო სტრიქონში მოთავსებულია 42 ასო. ჩვენ რომ “დედა-ენა” დავბეჭდოთ ისე, როგორც იბეჭდებიან ყველა სხვა მისი მსგავსი სახელმძღვანელოები, რომლებშიაც თითო გვერდზე მოთავსებულია მხოლოდ 28-30 სტრიქონი და 36 ასოა, სივრცე ჩვენის წიგნისა იმდენად იმატებს, რომ მისი გაყიდვა ოთხ-აბაზზე ნაკლებ შეუძლებელი იქნება; ეხლა კი, როგორც მოგეხსენებათ, ორივე ნაწილი “დედა-ენისა” ღირს ათ შაურად.

შევადაროთ ამ მხრივ “ბუნების კარი” და “გუთანი”, რომელნიც დანინულნი არიან მესამე და მეოთხე წლისათვის და თანასწორი ფორმატი აქვთ. პირველს წიგნში არის 640 გვერდი, წინასიტყვაობით, მეორეში – 448 გვერდი, აგრეთვე წინასიტყვაობით. პირველში ყველა გვერდზე მოთავსებულია 33 სტრიქონი, მეორეში 30 სტრიქონი; პირველის წიგნის სტრიქონი იპყრობს 42 ასოსა, მეორესი 36 ასოსა. დაწვრილებით რომ გამოვიანგარიშოთ – ესე იგი რაოდენობა გვერდებისა გავამრავლოთ სტრიქონების რაოდენობით და შემდეგ ასოთა რაოდენობით (640X33X42), “ბუნების კარში” აღმოჩნდება 887,040 ასო, “გუთანში” (488X30X36) – 527.040 ასო. ამასთან პირველი ყდით ღირს თოთხმეტი შაური, მეორე – ოთხი აბაზი უყდოდ.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ მე დავბეჭდე “ბუნების კარი” ისე, როგორც იბეჭდება “გუთანი”, ესე იგი ტექსტს მივეცი უკანასკნელის წიგნის ტექსტი სიდიდე, მაშინ “ბუნების კარის” ეტქსტი გადააჭარბებს 800 გვერდსა და ფასიც მანეთზე ნაკლებ ვერ დაედება. წარმოიდგინეთ წინააღმდეგიც: “გუთნის” ტექსტმა მიიღო სიგრძე და სიგანე “ბუნების კარის” ტექსტისა, და რა მოხდება? რაოდენობა “გუთნის” გვერდებისა ჩამოვა 340 გვერდამდე და ფასიც ერთი მესამედით იკლებს.

გადავიდეთ სამს ახალს წიგნზე. ესენი არიან: “გლეხ-კაცის ისტორია”, “ერი და კაცობრიობა” და ჩემი წიგნი “რჩეული ნაწერები”. სამივე წიგნი ერთი და იგივე მოზრდილი ფორმატისანი არიან. მაგრამ ტექსტის სიდიდეში ბლომა განსხვავებაა. პირველს ორს წიგნში თვითეულს გვერდზე დატეულია 32 სტრიქონი და სტრიქონში 42 ასო; ჩემს ახალს წიგნში კი თითო გვერდზე დასთვლით 38 სტრიქონსა და სტრიქონში აღმოაჩენთ 52 ასოსა; მე რომ “რჩეული ნაწერების” ტექსტისათვის მიმეცა ორის ხსენებულის წიგნის ტექსტის რაოდენობა, სიმრავლე ჩემი წიგნის გვერდებისა ავიდოდა 800 გვერდამდი, და მაშინ წიგნი რვა აბაზზე ნაკლებ ვერ გაიყიდებოდა და (ამოდენა წიგნები სხვა ენებზე სამას მანეთზე ნაკლებ არ იყიდება).

წინააღმდეგ ამისა, ორის ხსენებულის წიგნის გამომცემლებს რომ ტექსტისათვის მიეცათ სიდიდე ჩემის ახალის წიგნის ტექსტისა, მაშინ “ერი და კაცობრიობა” ერთი მესამედით ნაკლებს გვერდებს დაიწერდა და ფასიც ამის შესაბამისად იკლებდა. “გლეხკაცის ისტორიასაც” არ ექნეოდა ახლანდელი გადამეტებული სიდიდე, რომელიც აძნელებს წიგნის ხმარებასა, იგი მიიღებდა ზომიერს შნოიანს სიდიდეს და ფართიც ერთი მესამედით იკლებდა.

მე ასეთს სიდიდეს ტექსტისას დავადეგი არა ეხლა, არამედ იმავე თავთი, რადგანაც ამას გვიკარნახებდა ქართული სიღარიბე ცოდნითა და ფულითა.

ზოგი ავტორი და გამომცემელი ამართლებს ვეებერთელა ცარიელს მინდვრებს დაბეჭდილს წიგნებში იმითი, ვითომ ამას სილამაზე მოითხოვდეს.

რომ ტექსტის სავსეობა ნაკლს კი არ შეადგენს წიგნისას, არამედ ღირსებას, სხვათა შორის, სჩანს იქედგან, რომ ჩემი “რჩეული ნაწერები” ქართულმა და რუსულმა გაზეთებმა იცნეს “მშვენიერ გამოცემად”.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button