ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ორაზროვანი კილო ჩვენს პრესაში

(საგრამატიკო შენიშვნა)

ჩვენში ძალიან იშვიათად მოიპოვება მწერალი, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა პროცესი ენის ზრდისა. ენის მეცნიერებას დიდი ხანია გამოკვლეული აქვს, რომ ყოველი ენა თავდაპირველად ძლიერ ღარიბია ლექსიკონით და ფორმებით. ერთსა და იმავე სიტყვით იგი აღნიშნავს რამდენსამე საგანსა, შემეცნებასა, რის გამო ორ-აზროვნობა, სამ-აზროვნობა და მრავალ-აზროვნობა სიტყვებისა ახდენს აზრების არევ-დარევასა და ხუთავს გონების განვითარებასა. მაგალითად, პირვანდელს ენაში იყო მხოლოდ ოთხი რიცხვითი სახელი: ერთი, ორი, სამი, ოთხი. და ამით თავდებოდა რიცხვების ლექსიკონი. ყოველს ოთხზე მეტს რიცხვს გამოსთქვამდნენ სიტყვით. ბერი. ახლაც მოიპოვებიან ველურნი თემნი, რომელთაც ოთხზე მეტი რიცხვის სიტყვა არ აბადიათ. შემდეგში ენა, საღი ხესავითა, ფურჩქვნის ახალს სიტყვებსა და ფორმებსა, ვითარდება, მდიდრდება და ბოლოს იმ სიმაღლემდის ადის, რომ ყოველის შემეცნებისათვის ჰქმნის საკუთარს შესაბამს სიტყვასა. მწერალი, რომელიც ყოველს თავის აზრს ახორციელებს განსაკუთრებულს სიტყვებსა და ფორმებში, და მდიდარია ლექსიკონით, სამაგალითოდ ითვლება. ასეთია, მაგალითად, შექსპირი.

ხოლო ენები არა მარტო ძველს დროში იზრდებოდნენ, არამედ იზრდებიან ეხლაც. ეს ზრდა იმისაკენ არის მიმართული, რომ ორაზროვნობის ნაშთები მოსპოს, ახალს სიტყვიერს ტანისამოსში გამოაწყოს ის აზრები, რომელნიც წინად ისესხებდნენ ხოლმე სხვა აზრებისაგან სიტყვებსა, და ერთ-აზროვნება გაამეფონ ენაში, რაც ირიცხება ძირითად ღირსებად. ქართული ენაც განიცდიდა არამც თუ ძველად, არამედ მახლობელ საუკუნოებში ამგვარ პროცესსა, და ამ პროცესმა იგი გაათავისუფლა ბევრის ძველებურის ორ-აზროვნებისაგან. სამწუხაროდ, ერთი ქართული პერიოდული გამოცემა, სახელდობ “კვალი” გამსჭვალული უცნაურის პროვინციალურის მიდრეკილებით, ეწინააღმდეგება ამ პროგრესულს ფორმებსა, უარყოფს მათ, ამჯობინებს ორ აზროვან ფორმებსა და ცდილობს გაამეფოს აზრების ამრევ-დამრევი კილო. მოგიყვანთ რამდენსამე მაგალითსა. ავიღოთ სახელ-ზმნები: წასვლა და წადენა. “კავალი” ამ ზმნებს ერთნირად აბოლოებს მრავლობით რიცხვში ამ ნაირად: დენ. ნაცვლად ფრაზისა: ისინი წავიდნენ, იგი სწერს: ისინი წავიდნენ. მე ცხვირიდან სისხლს წავიდენ, და-ძმანი წავიდენ. ორი სხვა და სხვა ზმნა ერთმანეთში ირევე. ამისთანა ოინს უშვრება “კვალი” ბევრს სხვა ზმნებსაცა.

ამას უფრო ცხადად დაგვანახვებენ შემდეგი მაგალითები. ავიდენ ისინი ზევით, ავიდენ მე ბოლსა, – მოვიდენ ისინი ჩვენსას, მოვიდენ მე ოფლსა, – ადგენ სტუმრები ზეზე, ადგენ წიგნსა, – მიდგენ ბავშვები იქით, მიდგენ შენ მე არამზასა, – შეუდგენ მოგზაურნი მთასა, შუდგნენ იმას ქაღალსა, – მომიცდენ მუშები, ნუ მომიცდენ მუშებსა, – აცდენ გზასა, აცდენ შენ მუშაობასა, – იდგენ ქალები ბანზედ, იდგენ რასმე გონებაში, – გავიდენ ისინი წყალში, გავიდენ მე წყალსა, – წაადგენ ისინი თავსა, წაადგენ შენ იმას საჩუქარზედ, – ჩავიდენ ძირსა, ჩავიდენ ცუდს საქმესა, და სხვანი… ერთი სიტყვით, მრავლობითი რიცხვი წარსულის დროისა იქცევა “კვალში” მეორე ზმნის მომავლის დროის მხოლობითს რიცხვად. – მეორედ, “კვალი” ზმნების სათაურში აკლებს ასოს ს: ცდილობს, და არა სცდილობსო, ცხოვრობს და არა სცხოვრობსო. ეს ზმნები აიტანენ ამისთანა დანაკლისსა; მაგრამ სხვა ბევრი ზმნა ვერ შეიმშვნევს მას და მოხდება ისეთივე არევ-დარევა, როგორიც ზევით აღვნიშნეთ: მისდგა და სცემა, მიდგა იქით, – სცემა მან, ცემა ცუდია, – ასცდნენ ისინი გზასა, აცდენ შენ საქმეზედ მას, – შესდგა იმან ბოთლი მაღლა, შედგა ის გზაზედ, – ჩასდგა იმან საღვინე წყალში, ჩადგა ქარი, – ასდგა იგი ზეზედ, ადგა თავს მას ბიჭი, – მოსცდა ის საქმესა, მოცდა მინდა, – დასცდა იგი მიზანსა, დაცდა მომიხდება, – წასდგა ფეხი წინ, წადგა უფროსის წინაშე, – გასდგა სურა გარედ, გადგა თვითონ განზედ, – გასჭრა ვაშლი იმან, გაჭრა გამიძნელდა ხისა, – გასწერა მამასახლისმა ხარჯი, გაწერა ხარჯისა დაუკვიანდა მამასახლისსა, – მისწერა ნიკომ წერილი, მიწერა წერილისა აღარ მომინდა, – გასჭიმა ჭაპანი, გაჭიმა ჭაპნისა ვერ მოახერხა, – სწერა ვანომ, წერა ვანოსი მოსაწონია, – სჭამა ვასომ, ჭამა უნდა ვასოსა – ბავშვს მისძინებია, მე ბავშვი მიძინებია, – გამოსჭრა ქალმა საკერავი, გამოჭრა საკერევისა – დასჭრა შეშა, დაჭრა შეშისა საჭიროა, – მოსცდა ყანა, მოცდა არ გინდა, და მრავალი სხვანი.

რას ახდენს “კვალი” ასოს ს გამოკლებით სიტყვიდან? მესამე პირის ზმნა იქცევა ბევრგან სახელი არსებითად, შემასმენელი ქვემდებარედ. მეტი აწეწა ფორმებისა კიდევ იქნება?

აგრეთვე ერთმანეთში ურევს ზმნების ფორმებს. მესამე თვითნებობა “კვალისა”-ეს გახლავთ ჰ-ს გაუქმება ზმნებში. ზმნას ჰყვავის რომ პირველი ასო მოაკლო, გამოვა ნათესაობითი ბრუნვა ფრინველის სახელისა: ყვავ-ის. უარესს რასმე სჩადის ეს გამოკლება სხვა ზმნებში: მიჰყო პირი და გალანძღა, მიყო მან ცუდი საქმე, – შეჰკრა ძნა იმან, შეკრა ძნისა მიშველა, – ჩაჰკრა თავში ხელი, ჩაკრა პურისა თონეში ძნელია, – შეჰმუსრა მტერი, შემუსრა მტრისა სსიქადულოა, – ჰქმნა კეთილი საქმე, შექმნა ქვეყნისა ღვთის საქმეა, – ჰკრა ვირმა წიხილი, კრა წიხლისა ვირმა იცის, – გაჰკრა ტალკვესი, გაკრა ტალ-კვესისა და სხვანი.

აქაც ზმნა იქცევა სახელი არსებითად, შემასმენელი ქვემდებარედ. მესამე რეგრესიული რეფორმა “კვალისა” იმაში მდგომარეობს, რომ ზმნის ზედას აბოლოებს არა ასოთი დ, არამედ თ. ამას მოსდევს იგივე რეგრესიული შედეგი: არევ-დარევა ერთმანეთში სხვა-და-სხვა საგრამატიკო ფორმებისა. მაგალითად, სიტყვას “უბრალოდ” “კვალი” სწერს: უბრალოთ ხოლო ეს დაბოლოებაა ზედშესრულის მრავლობითი რიცხვისა: უბრალო, უბრალოთა, უბრალოთ. ავიღოთ სხვა მაგალითები: წმინდა, მხნე, ბლუ, მრავლობითს რიცხვში ეს სიტყვები ასე დაბოლოვდებიან: წმინდათა, წმინდათა, მხნეთა, მხნეთ, ბლუთა, ბლუთ. როცა ესენი ზმნის-ზედას ნიშნავენ, უთუოდ თავისი საკუთარი დაბოლოება უნდა დაერთვათ. საქმე მხოლოდ იმაშია, ქართულ ზმნის-ზედას აქვს თავისი საკუთარი კანონიერი დაბოლოება, თუ არა? დიახ, აქვს. იგი თავდება ასოთი დ: წმინდად, უბრალოდ, მარტივად, ბლუდ, მხნედ, სრულიად, ყოვლად და სხვ. “კვალში” ყოველს ამ ზმნის ზედას ბრუნვის ასოთი ათავებენ და სწერენ: წმინდათ გადავწერე, მხნეთ იყო, ბლუთ მეჩვენა. ამითი არა თავდება უხერხულობა ამ მოუსაზრებელის ჩვეულებისა. ორს ამ ხსენებულს ფორმაში ურევენ მესამე ფორმასაცა, სახელდობრ ცვლილებითს ბრუნვასა. რიონი დიდ მდინარედ ითვლება, ხვლიკი ჯოჯოდ მეჩვენა, სერი მთად დავსახე. ბრუნვას: მდინარედ, ჯოჯოდ, მთად “კვალი”-ს წინამძღოლში სწერენ: მდინარეთ, ჯოჯოთ, მთათ, რის გამო მხოლობითი ბრუნვა მრავლობითის ბრუნვის სახეს იღებს და დომხალივით ირევიან სხვა-და-სხვა ფორმები. მიუცილებლად საჭიროა ცვლილებითს ბრუნვას ებას ბოლოზედ ასო დ და არა ასო თ, რომელიც არის კუთვნილება მრავლობითის რიცხვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქართულს ენას უკან დავწევთ და დავამსგავსებთ იმ უდღეურს და უსრულს ენებს, რომელნიც იმდენად ღატაკნი არიან ფორმებითა, რომ ერთსა და იმავე დაბოლოებას სხვა-და-სხვა ჯურა სიტყვებისათვის ხმარობენ.

“კვალი” და მისი მიმდევარნი სიტყვას “მ ა გ რ ა მ” აუქმებენ და მის მაგივრად ხმარობენ: მ ა რ ა. ეს სიტყვა კი სრულიად სხვა შემეცნებას ნიშნავს: მაშ რა ვქნა? რაც შემოკლებით ასე გამოითქმის: მა რა ვქნა: ვისაც ძველი წიგნები გულდადებით უკითხნია, იმან კარგად იცის, რომ სიტყვა მ ა გ რ ა მ გამოიარა ოთხი როფმა თავისს ზრდაში. პირველი ფორმა იყო მ ა რ ა, რაც ნიშნავდა ორს სხვა და სხვა შემეცნებასა; შემდეგში მან, მეორე შემეცნების გამოსახატავად ბოლოში მიიბა მარცვალი მე და მიიღო ასეთი სახე: მ ა გ რ ა მ ე; მერმე მოიკლო უკანასკნელი ასო ე და გამოვიდა მ ა გ რ ა მ. ეს არის უკანასკნელი პროგრესული ფორმა ამ სიტყვისა. მაგრამ “კვალს” ეს ფორმა არ მოსწონს, აუქმებს მას, ჰკლავს და მის ფუნქციას აკისრებინებს სიტყვას მარა, რომელიც ნიშნავს სრულიად სხვა რამესა. ამას ჰქვია ძალად გაღატაკება ენისა.

ასეთს უკუქცევითს მიმართულებას აძლევენ ქართულს ენასა არა მარტო “კვალელები”, არამედ თვით “ივერიელნიცა” ერთს შემთხვევაში, იგინი ზედ-შესრულს, რიცხვითს სახელს და ნაცვალსახელს უკვეცენ ბრუნვის დაბოლოებას სახელი არსებითთან შეკავშირების დროსა და სწერენ: ქართულ ენისა, ქართულ ენასა, ქართულ ენამა, ქართულ ენით, ქართულ ენაო და სხვანი. გამოდის არა სრული ბრუნვა, არმედ ნახევარ ბრუნვა: წინამძღოლი ზედშესრული უცვლელად რჩება, თითქო ცვლილებითი სიტყვა არ იყოს, და ცვლილებს ფორმას მხოლოდ სახელი არსებითი. სრული შეთანხმება სიტყვებისა არის თვისება გაფურჩქვნილი ენისა, რომელსაც მაღალ ხარისხამდე აუწევია. ჩვენ-კი ქართულს გაშლილ ფორმებს ვკრეწავთ, ვსხლავთ და უდღეურის ენის სახეს ვაძლევთ. მართალია, ზოგი დასართავი სიტყვა ვერ იმშვნევს დაბრუნებას სახლი არსებითთან, მაგრამ განა ეს საბუთს გვაძლევს, ის სიტყვებიც ამ ვიწრო ტაფაში მოვაქციოთ, რომელნიც დაინაურებულან და სრული შეთანხმების შეძლება შეუძენიათ. ზემოთ მოყვანილს მაგალითებში ზედშესრულმა უთუოდ უნდა მიიღოს ხოლმე შემდეგი სახე: ქართულ-ისა ენისა, ქართულსა ენასა, ქართულ-მა ენამა, ქართული ენით, ქართულო ენაო და სხვანი. ეს სრული შეთანხმება იმიტომ არის სასრუველი, რომ პირველივე სიტყვის დაბოლოება ატყობინებს ადამიანს, თუ რომელი ბრუნვაა ნახმარი, აზრს მალე იგებს იგი და გონება სწორე გზაზედ სწრაფად მოძრაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პირველი სიტყვა უცვლელად რჩება, ადამიანმა არ იცის, რა იფიქროს, ხშირად სხვა ბრუნვას იდგენს გონებაში, აზრი ერევა, შეცდომაში შედის და ამ ბრუდე გზიდგან სწორე გზას მხოლოდ მაშინ გადაუხვევს ხოლმე, როდესაც მეორე, დაბრუნებულს, სიტყვას ამოიკითხავს ბოლომდი, ან გაიგონებს. უაზრობა, აზრის განუსაზღვრელობა, შემცდარნი წარმოდგენანი, დროს დაკარგვა, – აი ნაყოფი ამ გვარის შეუთანხმებლობისა. ამიტომ იგი ყოველთვის აბრკოლებს მეტ-ნაკლებლბობით საღსა და სწრაფს მოძრაობას გონებისას.

ამბობენ: ერთისა და იმავე დაბოლოების გამეორება ორსავე სიტყვაში კეთილ-ხმოვანებას ეჩოთირებაო; მაგრამ უფრო მეტი ზარალი მოსდის ამ კეთილხმოვანებას იმის გამო, რომ წინა დასართავი სიტყვები თავდებიან უხმო, ყრუ აოებით, რაც ეწინააღმდეგება ქართულის ენის თვისებასაც, რადგანაც იმას ეუცხოვება უხმოდ დაბოლოება სახელებისა, და სრულხმოვანების მოთხოვნილობასაც საზოგადოდ… ამ

სახით, რომელი დასართავი სახელებიც-კი იმშვნევენ სრულს შეთანხმებასა, ამ შეთანხმებით უნდა იხმარებოდნენ უთუოდ, შემდეგში, თუ ქართულის ენის წინ მსვლელობას დარი დაუდგა, შეიძლება სხვა დასართავმა სახელებმაც მოიცენ ნიჭი სრული შეთანხმებისა. და თუ პირველის რიგობის დასართავს სახელებს ჩამოვიყვანთ მეორე რიგობის ხარისხზედ, ეს გაუკეთესება-კი არ იქმნება ქართულის ენისა, არამედ მისი დამდაბლება, გაღარიბება და უკუქცევა..

მკითხველი ხედავს, რომ ქართველნი მწერალნი, გამსჭვალულნი სურვილით – გააუკეთესონ თავისი დედა-ენა, არა ერთს ღირსებას მისი აგებულებისას მსხვერპლად სწირავენ და რასა? რომელი კერპია ასე ულმობელი? კეთილ-ხმოვანება მოითხოვს ამდენს არევ-დარევასა ფორმებისას და უკან დაწევას ჩვენის ენისასაო. უკაცრავად. ჯერ ერთი ესა, რომ კეთილ-ხმოვანება ზოგიერთა მსხვერპლს არამც თუ არ ითხოვს არამედ ამ მსხვერპლით იგი შელახული ჰხდება, და თუ ზოგს შემთხვვაში ამას ითხოვს, განა კეთილ-ხმოვანება იმისთანა ბატონია, რომ ენის გაფურჩქნული ფორმები მის გულისათვის უდღეურო ფორმებად გადავაქციოთ? სრულიადაც არა. იგი უკანასკნელი მაჩანჩალაა და ენაში იმავე როლს თამაშობს, რომელსაც ტკბილეული სადილს უკანა. ეს ერთი. მეორე საბუთი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული ენა, თავისთავად, ბუნებით ისეთი კეთილხმოვანია, ისე ამშვენებენ მას ხმოვანი დაბოლოებანი ყოველგვარი სახელებისა, ნაზ-ხმიანი ასოები: გ, ჰ, თ, ფ, ქ, ძ, რომ კეთილ-ხმოვანებით ვერც ერთი ენა ვერ აჯობებდა, თუ რომ მას არ აზიანებდეს ამ მხრივ სამი ასო: წ, ყ და ჯ….

მაშასადამე, სადილის გაფუჭება ტკბილეულობის გულისათვის ყოვლად უსაფუძვლო საწადელია!…

ჩვენ, ვგონებთ, აღვნიშნეთ მთავარი სადაო ფორმები ქართული ენისა, რომელშიაც “კვალს” არ ვეთანხმებით და რომლითაც ჩვენ მივსდევდით და მივსდევთ როგორც სახელმძღვანელოებში, ისე სხვა ჩვენს ნაწერებში. “კვალს” ეს არ მოსწონს და გვემუქრება: მინამ ჩვენს ქართულს არ დაადგები, ისრების სროლას არ მოგაკლებთო და ჩვენ ჯარს-ჯამაათს მოგისევთო. მკითხველისათვის მიგვინდია განსაჯოს, რამდენად საფუძვლიანია, სამართლიანი და პროგრესული ის გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ ქართულის ენის ფორმების ხმარებაში და რამდენად უნდა გვეშინოდეს იმ ყოყოჩურის მუქარისა, რომელიც ჩვენსკენ გამოსტყორცნა “კვალმა”.

ზოგნი ორ-აზროვანს ქართულ ფორმებს ამართლებენ იმითი, რომ ფრანგულს ენაშიაც ხშიარდ იხმარება ამ გვარი ფორმებიო… დიდებულს ფრანგს გამბეტას ცალი თვალი გამოთხრილი ჰქონდა; მოდით ჩვენც თითო თვალი გამოვითხაროთ და დავემსგავსებით გამბეტასა. როცა ათი წლის წინათ ახალი ექსარხოსი მოვიდა საქართველოში და მის წინაშე წარსდგა ერთი ყურ-მოჭრილი მონა ქართველი დეკანოზი, მან შენიშნა, რომ ექსარხოსს წინა კბილი აკლდა. გამოვიდა თუ არა ექსარხორსის სადგურიდან ჩვენი “ღირსეული” დეკანოზი, იგი მივიდა კბილის ექიმთან და ამოაგლეჯინა სრულიად საღი წინა კბილი, რათა დამსგავსებოდა ექსარხოსსა.

სწორედ ამ დეკანოზის სასაცილო საქმე ემართებათ ჩვენში იმათ, ვინც ორ-აზროვან რეგრესიულ ფორმებს ძალის-ძალად ამრავლებენ ჩვენს მწერლობაში, ნაცვლად პროგრესული ერთ-აზროვანი ფორმებისა, რომელიმე ევროპული ენის მიხედვით. ბატონებო, ევროპიდან უნდა გადმოვიტანოთ ღირსებანი და არა ნაკლულევანებანი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button