ყოფილა ერთი კაცი. ამ კაცს ცოლი მოკვდომია და მისგან დარჩენია ერთი მზეთუნახავი გოგო. დაქვრივებულს მაშინათვე მეორე ცოლი შეურთავს. მალე ამ ცოლსაც გასჩენია შვილი – ესეც გოგო. მაგრამ ეს გოგო ულამაზო ყოფილა. დედინაცვალს შეუძულებია გერი, ყოველთვის სცემდა, აშიმშილებდა, მათხოვრის ტანსაცმელს აცმევდა, ყოველნაირ საქმეს მას აკეთებინებდა და თხების და ცხვრების მწყემსად ჰყავდა.
ერთხელ ამ გოგოს ერთი კრავი დაეკარგა. ბევრი ეძება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გოგოს უფიქრია: შეიძლება კრავის ძებანში სხვებიც დამეკარგოს, ჯერ ამათ წავასხამ შინ და მერე მოვძებნიო. ასეც მოქცეულა. მიურეკია შინ თხა და ცხვარი და უთქვამს, ერთი კრავი დამაკლდაო. დედინაცვალს გაუფრთხილებია: თუ ვერ იპოვი, ტყუილად ნუ დაბრუნდები, გიჯობს, სადაც დაგეკარგა, იქვე ჩამოიხრჩო თავიო.
წასულა გოგო და უძებნია კრავი იმ ადგილას, სადაც დაეკარგა. გოგომ კრავი მალე იპოვა, მაგრამ ვერც დაიჭირა და ვერც სახლისკენ გადენა. იგი კუნტრუშებდა გოგოს წინ და ტყისკენ იტყუებდა. ამასობაში ბინდი ჩამოდგა. კრავი მივიდა ერთ გამოქვაბულთან, რომელიც მაღლა იყო კლდეში და შიგ შევიდა. ახლა გოგოს შეეძლო კრავის დაჭერა, მაგრამ რა ქნას? დიდ, უცნობ ტყეშია. საით წავიდეს არ იცის და მალე დაღამდება კიდეც. გოგო შევიდა გამოქვაბულში, ჩაეხუტა კრავს და დაეძინა. გათენდა მეორე დღე. გოგომ თვალი რომ გაახილა, დაინახა, რომ ოქროს კრავთანაა ჩახუტებული. გაუხარდა გოგოს. ამაზე უკეთესს რას ინატრებდა, არასოდეს თეთრი დღე რომ არ ენახა: მიხვდა რომ უბედური არ ყოფილა.
კრავი ადგა და წავიდა. გოგო უკან მიჰყვა. ისევ ეს გამიყვანს სადმე ამ მთიდან და ტყიდან, თორემ მე აქედან ვერასოდეს გავალო – თქვა გოგომ და მიჰყვა კრავს უკან. დადის კრავი უცნობ ტყესა და მთაში, მისდევს გოგო. საკმაო ხანი რომ გავიდა, მივიდნენ ერთ ადგილას. ეს ადგილი სანახავად ენით უთქმელი სილამაზისა იყო და რაც ენასა და პირს შორის ხილი ითქმოდა, ყველაფერი აქ იზრდებოდა. კრავი აქ შეჩერდა. შეჩერდა გოგოც, და რადგან ძალიან შიოდა, დაუწყო ხილს ჭამა, მაგრამ იმდენი სხვადასხვანაირი ხილი იყო, რომელი ეჭამა აღარ იცოდა.
ცოტა ხანმა რომ გაიარა, კრავი ისევ გზას დაადგა. გოგოც გაჰყვა. ბევრი ტყისა და მთის გადავლის შემდეგ, მივიდნენ ერთ ღრმა წყალთან. კრავმა დალია, მერე ტანის ბანა დაიწყო. გოგომაც დალია და პირი და თავი დაიბანა. თმაზე რომ დაიხედა, ნახა რომ ოქროდ ქცეულიყო. გაუკვირდა, მაგრამ იცის, რომ ამას ყველაფერს ოქროს კრავი შვრება. ისევ წავიდა კრავი. გოგოც უკან გაჰყვა. ისევ მივიდნენ ხილი რომ იზრდებოდა იმ ადგილას. ისევ გაძღა გოგო ხილით. რამდენის წამოღება შესძლო, საგზლად წამოიღო. გაჰყვა გოგო ისევ კრავს და მალე მოვიდნენ გოგოსთვის ნაცნობ ადგილას, სადაც მას კრავი დაეკარგა. გაიხედა და დაინახა დაკარგული კრავი. ოქროს კრავი გაუჩინარდა. ტირილი აუტყდა გოგოს, მაგრამ მერე თქვა, ალბათ როგორც ჯობს, ისე მოიქცა ოქროს კრავი, ტირილი არ შეიძლებაო და მაშინვე გაჩუმდა.
გოგომ გაიგდო წინ ეს ნაპოვნი კრავი და მალე შინ მივიდა. დედინაცვალმა გოგო ცოცხალი რომ ნახა და ისიც ოქროს თმით, ლამის გაგიჟდა. ეცა და თმის მოგლეჯა დაუპირა, მაგრამ ვერ მოიხელთა – ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა. მაშინ ხელი დაავლო მაკრატელს და გაკრეჭა დაუპირა. მაკრატლის პირები რომ შეაერთა, მან არ გაკრიჭა თმა. სამაგიეროდ, იქვე მდგარი მისი ქალიშვილის თმა მიწაზე ცვიოდა. – დედავ, თავი დაანებე, ვერ ხედავ, მისი თმის ნაცვლად ჩემი თმა რომ იკრიჭება? როცა ქალმა შეხედა და დაინახა ეს საშინელება, მაკრატელი გაასწორა და უნდოდა გერისთვის თვალში ეტაკებინა, მაგრამ ქმარმა ხელი დაუჭირა.
– ქალო, ვერ ხედავ? მაგისთვის რომ გინდა ის შენს ქალიშვილის რომ ემართება? არ გაგიჟდე და თვალი არ ამოუგდო შენს გოგოს.
– მართალი ხარ, – უთხრა ქალმა, – მზაკვართან გვაქვს საქმე. ეს ქაჯთან, ალბათ ტყაში მაფასთან ყოფილა. თვალით არ დამანახო. ქალმა თვალები დახუჭა და კივილი დაიწყო.
ეს ქალი ქმარს თავზე ჰყავდა მომჯდარი და რა უნდა ექნა იმ გაჭირვებულ კაცს. გაიყოლია თავისი ქალიშვილი და ისევ იმ ტყეში წაიყვანა. მიიყვანა ისევ იმ გამოქვაბულში, დატოვა და უთხრა: – საჭმელს მე მოგაწვდი, შვილო, და მერე, ალბათ, ღმერთი სასიკეთოდ დაადგამს საქმეს თავს. როცა მამა გამოქვაბულიდან გამოვიდა და ცოტა გაიარა, ოქროს კრავი გაჩნდა გოგოსთან. გახარებულმა გოგომ მამას მიაძახა:
– მამა, არაფრის შეგეშინდეს. ოქროს კრავი ჩემთანაა. საჭმელზე ნუ სწუხარ.
იმ ღამეს გოგო ჩაეხუტა ოქროს კრავს და თითქოს ქვეყანა მისი ყოფილიყო, ისე ტკბილად დაიძინა.
როცა გათენდა და გაიღვიძა, სადღაა ოქროს კრავი. გულდამწვარმა დაიწყო ტირილი. მაგრამ მერე თავი იმით ინუგეშა, რომ გაჭირვებისას მას ისევ ოქროს კრავი დაეხმარებოდა. ამ დროს გოგოს წინ გაჩნდა იარაღში ჩამჯდარი ტარიელივით ვაჟი. ეს ყოფილა ხელმწიფის შვილი, სანადიროდ წამოსული, დაღამებია და ამ გოგოსავით მასაც ტყეში გაუთენებია ღამე.
– ადამიანი ხარ თუ სხვა რამ? – ჰკითხა ბიჭმა.
– სხვა რამეს თუ ვგავარ, თავი დამანებე, შენი ჭირიმე. მე შენთვის არ დამიძახნია და არც არაფერი დამიშავებია.
– შენი სილამაზე, ოქროს თმა, ღამეს ტყეში ათევ – ტყაში მაფად მიგიღე და იმიტომ გკითხე.
– შენც ლამაზი ხარ, კარგი ხარ, შენც, ალბათ, ტყეში იყავი წუხელ, მაგრამ მე არც დევად ჩამიგდიხარ და არც ქაჯად, – და გოგომ უამბო თავისი ამბავი.
– მე ხელმწიფის შვილი ვარ, ნადირს მივსდევდი, დამიღამდა და აქ გავათენე ღამე – როგორც ვხედავ, შენთან ძალიან ახლოს. როგორც ჩანს, – განაგრძო ვაჟმა, – მე და შენ ერთმანეთის უნდა ვიყოთ. ასე განუწესებია ჩვენს ბედს. თუ გინდა წამომყევი, თავს შემოგევლები, დედოფალი იქნები. მეტი რა ვქნა?
– თქვენ ხელმწიფის შვილი, მე ვიღაც დაკარგული და გაჭირვებული; ვერ უნდა გავბედო თქვენი გამოყოლა, მაგრამ ბედს რომ ამბობთ, ჩემს ბედს ოქროს კრავი განაგებს. თქმა არ უნდა, მან დამიცვა ღამით წუხელ აქ და, რადგან ეს ასეა, უნდა დავემორჩილო. ვაჟმა გოგო წაიყვანა.
ორი–სამი დღე რომ გავიდა, მამამ საჭმელი წაიღო გოგოსთან, მაგრამ იგი ვერსად ნახა. ატირებული დაბრუნდა მამა შინ. ცოლი გაგიჟებულივით დახვდა.
– რა ამბავია, ქალო, რა მოხდა?
– რა მოხდა და შენი სიკვდილი, შენი მოსპობა, შენი გაქრობა. ამბობენ ხელმწიფის შვილს ოქროსთმიანი გოგო მოუყვანიაო. ეს ნამდვილად ის შენი მზაკვარი გოგო იქნება.
გულში გაუხარდა მამას, მაგრამ ცოლთან როგორ გაბედავდა რაიმეს.
– ის მზაკვარი გოგო ღრმა წყალს რომ ამბობდა, ნამდვილად ტონბა–ვარჩხილი იქნება, სადაც თავი დაუბანია და თავისი დასატირებელი თმა ოქროდ გადაქცევია. წაიყვანე ეს გოგო და იქ თავი დააბანინე და ტანიც. ამას ეკუთვნის ხელმწიფის ცოლობა, თორემ იმ მზაკვარ პრანჭიას როგორ ერგება.
– კარგი, ქალო, მაგრამ ოქროს კრავის საქმეს მე ხომ ვერ შევასრულებ? რაიმე ცუდი რომ მოხდეს, მაშინ რაღა ვქნათ?
– მაშინ შენი სიკვდილი და მოსპობა. შენი მზაკვარი გოგო ხელმწიფის ცოლი იყოს და ჩემი – თხებისა და ბატების მწყემსად დარჩეს? ასეთ ყოფას, სულ არ იყოს სჯობია. წადი, წაიყვანე გოგო ტონბა–ვარჩხილთან და როგორც გითხარი, ისე მოიქეცი.
რა უნდა ექნა გაჭირვებულ კაცს. გაიყოლია გოგო და წავიდა ტონბა–ვარჩხილისკენ. დიდი გაჭირვებითა და ჭაპანწყვეტით, როგორც იქნა მივიდა იქ.
გოგომ თავი რომ დაიბანა, თმა ოქროდ გადაექცა, ტანი რომ დაიბანა, ტანსაცმელი, რაც ეცვა, ოქროდ იქცა. გახარებილი გოგო და მამა დაბრუნდნენ შინ. დედა სიხარულით ლამის ცაში აფრინდა. იგი მივარდა გოგოს და ჩაეხუტა. მაგრამ როგორც კი გოგოს დედის ხელი შეეხო, თმა დაუცვივდა და ტანისამოსი ჟანგიან სპილენძად ექცა. გაგიჟდა და გადაირია დედა; ამას, ნამდვილად, ის შენი მზაკვარი გოგო შვრებაო. მაგრამ ამ ამბავს წყევლა და წყრომა რაღას უშველიდა. ზის გოგო და თურქსა და ურიას გულს რომ დაუთუთქავს, ისე ტირის. ბოლოს წავიდა დედა მკითხავთან. მკითხავმა უთხრა: შენი ქალიშვილის ხსნა მხოლოდ ოქროსთმიან გოგოს შეუძლია. თუ ის ღმერთს შეეხვეწება, გეშველებათო.
მეორე დღეს ქალი წავიდა ხელმწიფის სასახლეში. მოახსენეს ხელმწიფეს, თუ რისთვის იყო იგი მოსული.
ხელმწიფემ დაიბარა თავისი რძალი და უთხრა: – ვიღაცა ქალია მოსული, მკითხავის რჩევით. ამბობს, რომ მის ქალიშვილს თმა აქვს დაცვენილი, ხოლო ტანსაცმელი სპილენძად ქცევია, თუ ოქროსთმიანი გოგო შეეხვეწება ღმერთს, ქალიშვილი შეიძლება გადარჩესო, ასე უთქვამს მკითხავს. შენ გაქვს, შვილო, ოქროს თმა. თუ რამე შეგიძლია, დაეხმარე გაჭირვებულს.
– ნამდვილად ჩემი სულკატიანი დედინაცვალი იქნება. მაგრამ ჩემი მათთან წასვლა არ შეიძლება, ბატონო, უბრძანეთ აქ მოიყვანონ გოგო და დედ–მამაც მოჰყვეს.
ხელმწიფემ ბრძანა, მოეყვანათ ქალიშვილი და დედა და მამაც მოსულიყვნენ. სამივენი მოვიდნენ.
როცა ეს, აქამდე გაუგონარი, ამბავი გავრცელდა, ურიცხვი ხალხი შეგროვდა. გამოვიდა გოგო და უკან მოჰყვნენ დიდებული ქალები და კაცები. აქ არიან ხელმწიფე და მისი შვილიც. გოგოს მამამ რომ ესენი დაინახა, დაიჩოქა.
– ადექი, მამა, როცა მე დავიჩოქებ, შენც მაშინ დაიჩოქე. გოგომ სახე ცაში კიბულისკენ მიაბრუნა და თქვა: «მაღალო ღმერთო, ჩვენს წინაშე დგას თქვენი განგებით დასჯილი გოგო. მსგავსი ცოდვის კითხვა ჯერ კაცს არ უნახავს. ამ საქმეში წილი ოთხ ადამიანს უდევს: მე, მამაჩემს, ჩემს ნახევარ დას და ჩემს დედინაცვალს. თქვენი ნათქვამია, რომ ოქროსთმიანმა გოგომ იხვეწოსო. თქვენი წყალობით მაქვს მე ოქროს თმა. რადგან ასეა, მე ვბედავ თქვენს წინაშე ვედრებას: მაღალო ღმერთებო, – გოგომ მუხლებზე დაიჩოქა, – გთხოვთ, თუ ამ გოგოს ასეთი მძიმე ცოდვა აწევს, დარჩეს ისე, როგორც არის. თუკი უცოდველია და სხვის გამოა ასეთ მდგომარეობაში, მაშინ იმას დაემართოს ყველაფერი ეს, ვისაც ეკუთვნის».
როგორც კი ეს თქვა ხელმწიფის რძალმა, გოგო ისეთივე გახდა, ადრე რომ იყო, ხოლო მის დედას, იქვე რომ იდგა, თმა დასცვივდა და ტანისამოსი ჟანგიან სპილენძად გადაექცა.
ამბობდნენ, რომ ეს ქალი მუდამდღე დადიოდა მაღალ გორებზე, დადგებოდა წვერზე და მთელი სოფლის გასაგონად დაიკივლებდა: ვაი დედინაცვალს! უი მამინაცვალს, რომლებიც ობლებს სიყვარულით არ უვლიანო.