ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – შავი ტყე, ოქროს კრავი და ქალი და ვაჟი

ყოფილა ერთი დადიანი. ჰყოლია ერთადერთი ვაჟი. გარდაცვლილა ვაჟის დედა და დადიანს მეორე ცოლი მოუყვანია. ამ ქალს შვილი რომ გაუჩნდა, გერი შესძულებია. უნდოდა, მისი ნაშიერი ყოფილიყო დადიანის ტახტის მემკვიდრე. ისეთი შავბნელი რამ მოუგონებია მისთვის, რომ დადიანს გადაუწყვეტია ამ ვაჟის მოკვლა, მაგრამ აშკარად სისხლის დაქცევას მორიდებია, რადგან ხალხი სხვანაირად იფიქრებდა. დაუბარებია თავისი მთავარი ვეზირი და უბრძანებია, ვაჟი წაეყვანა შავ ტყეში და იქ დაეტოვებინა.

ეს შავი ტყე ყოფილა დადიანის საზღვარი. მეორე მხრიდან სხვა სახელმწიფო ესაზღვრებოდა. ამ ტყეში ძეხორციელი არასოდეს ყოფილა ნამყოფი, რადგან ყოველგვარი მავნე სულის სამყოფელად მიაჩნდათ. იმდენად ერიდებოდნენ ამ ტყეს, რომ შეხედვისაც კი ეშინოდათ. არავის გაუგონია იქ რამე შესულიყო და შემდეგ ცოცხალი დაბრუნებულიყო. ადამიანები ერთმანეთს რომ წყევლიდნენ, ყველაზე მწარე წყევლად შავი ტყის მოხსენიება მიაჩნდათ. ამ ტყის მეორე მხარეზე მდებარე სახელმწიფო დადიანის სახელმწიფოს მოსისხლე მტერი ყოფილა. ისე რომ, ამ ორი სახელმწიფოს ხალხები ერთმანეთს რომ შეხვდებოდნენ, სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლას მართავდნენ, უხსოვარი დროიდან ასეთი ურთიერთობა ყოფილა ამ ორ სახელმწიფოს შორის.

უზომოდ წყენია თურმე ვეზირს სრულიად უდანაშაულო ვაჟის გაწირვა, მაგრამ რა ექნა. წაუყვანია იმ ტყეში, ცოტა საჭმელი დაუტოვებია მისთვის და წამოსულა. სხვა არაფერს რომ არ მოეკლა, მხოლოდ ტყის შიში მოკლავდა ამ ვაჟს, მაგრამ უეცრად გაჩნდა ოქროს კრავი და წაუძღვა წინ. ვაჟი გაჰყვა უკან. მიდის მთა–მთა ეს ბიჭი ისეთ ურუმ ტყეში, რომ ზემოთ ცაც კი არ ჩანს, მაგრამ ოქროს კრავის იმედი აქვს. ბოლოს გამოვიდნენ ერთ ადგილას, რომელიც ამ მთის წვეროზე იყო.

ეს ადგილი სხვა ქვეყნის არცერთ ადგილს არ ჰგავდა. სამოთხეც ვერ გაუტოლდებოდა მას. რა მოუნდებოდა სულსა და გულს, აქ რომ არ ყოფილიყო. ერთხელ რომ ნახავდა კაცი, უსიკვდილოდ მთელი სიცოცხლე არ მოშორდებოდა ამ ადგილს. ყოველ კლდეში გამოქვაბული იყო სახლები, რომლებიც ისე იყო მორთული და ისეთი კარგი და ლამაზი რამეებით სავსე, კაცის თვალს რომ არ უნახავს არასოდეს.

კრავმა ვაჟი აქ დატოვა და გაუჩინარდა. დადის ეს ვაჟი აქ, მარტოა, მაგრამ როგორც ყოველ სულდგმულსა და თვალის ჩინის მქონეს არ მოსწყინდება არასოდეს, ისე მასაც არ მოსწყენია. ცოტა ხანი რომ გავიდა, დაინახა მზეთუნახავი გოგოს ოქროს კრავი წინ მოუძღვება და მოდიან. გაოგნდა ვაჟი, სუნთქვა შეეკრა. კრავმა გოგო პირდაპირ ვაჟთან მოიყვანა. შემდეგ გაუჩინარდა.

– ვინა ხარ? – ჰკითხა გოგომ ვაჟს.

– მე კი არა, შენ ვინა ხარ? ადამიანი ხარ თუ სხვა რამ? რამ მოგიყვანა აქ?

– მე ადამიანი ვარ, – მიუგო გოგომ, – ჩემმა შავმა ბედმა მომიყვანა. მე აქ სიკვდილს ველოდი, თორემ ადამიანს თუ ვნახავდი, ამას არასოდეს ვიფიქრებდი. მე ვარ ამა და ამ ხელმწიფის ქალიშვილი, დედინაცვალისაგან გამოძევებული.

ეს გოგო იყო ამ ვაჟის სახელმწიფოს რომ მტრობდა, იმ ხელმწიფის ერთადერთი ასული. მსგავსად ამ ვაჟისა, ისიც დედინაცვლის მიერ იყო გამოგდებული დასაკარგავად ამ შავ ტყეში.

– შენ თუ იმ ხელმწიფის შვილი ხარ, უნდა მოკვდე, – უთხრა ვაჟმა.

– რა დამიშავებია შენთვის? – ჰკითხა გოგომ.

– არაფერი,მაგრამ მე ვარ ამა და ამ ხელმწიფის შვილი. შენსავით დედინაცვალმა შემიძულა და აქ გამომაგდო დასაკარგავად. თქმა არ უნდა, ბედს ასე გაურიგებია – შენ უნდა მოკვდე ჩემი ხელით.

– მაგრამ არაფერი რომ არ დაუშავებია, ისეთი ქალიშვილების მოკვლა კანონში უწერიათ შენს ქვეყანაში?

– არა, მაგრამ გველი, დედალია თუ მამალი, მაინც უნდა მოვკლათ. – და ვაჟმა ამოიღო ხმალი.

– როგორც მამალი, ისევე დედალი გველისთვის თავის დასაცავი მოუცია ღმერთს. – ამის თქმა იყო და გაიელვა გოგოს ხელში ხმალმა. აქეთ ვაჟს მოუღერებია ხმალი და მოსაკლავად მივარდნენ ერთმანეთს. ამ დროს, ზოგი ამბობს, ძალიან ახლოს მეხი დაეცაო, ზოგნი იტყვიან, კაცის გადამყლაპველივით რაღაცამ უსაშველოდ დაიკივლაო, ზოგი ამბობს, მიწა იძრაო და ამგვარად, ქალსა და ვაჟს შიშისაგან ხმლები გაუცვივდათ და ერთმანეთს ჩაეხუტნენო. ზოგი ოქროს კრავს მიაწერს ამას. ზოგი იტყვის – მე ვერ მოგკლავ, – უთხრა ვაჟმა ქალს, – შენ მომკალიო – და ხმალი პირველად მან დააგდოო. ვერც მე მოგკლავო, უთხრაო ქალმა და ხმალი იმანაც დააგდოო. რომელია მართალი, კაცმა არ იცის, მაგრამ ერთი კი უეჭველია, რომ უძველესი დროიდან ერთმანეთის დასახოცად უსაშველოდ გადამტერებული ხალხის ვაჟი და ქალი, ერთმანეთის დახოცვის მაგივრად, თავდავიწყებული სიყვარულით ჩაეკონა ერთმანეთს.

ეს ვაჟი და ქალი ერთად იყვნენ. დრო რომ გავიდა, გაუჩნდათ ერთი შვილი. დღეს რომაა ეს ბავშვი, ხვალ უფრო დიდია. ისე იზრდება, რომ კაცის თვალი შეამჩნევს. ძალა მიეცა, დევივით გახდა. დადის იქით–აქეთ, მაგრამ ვერაფერს ხედავს ზემოთ ცისა და ქვემოთ ტყის მეტს. ერთხელ ჰკითხა დედ–მამას, რატომ იყვნენ ისინი ისეთ ადგილას, სადაც კაცის სახსენებელი არ იყო და სულიერი არ ჭაჭანებდა. როცა ბიჭმა შეიტყო, თუ რაშინ იყო საქმე, აიღო მშვილდ–ისარი და დააპირა მამის სახელმწიფოში წასვლა. ამ დროს გაჩნდა ოქროს კრავი და ბიჭს წინ წაუძღვა. როცა ტყიდან გამოვიდნენ, კრავი გაქრა.

მივიდა სასახლეში და ბაბუას შეუთვალა, რომ შენი შვილიშვილი მოვედი და მამაჩემის სახელმწიფოს ვეძებო. თანაც მარტო ამას არ სჯერდებოდა: ამავე დროს, მისთვის უნდა მიეცათ მამამისის დედინაცვალი და თუ ნებით არ მისცემდნენ, მაშინ საქმე ძალაზე მივიდოდა.

მოახსენეს ხელმწიფეს მისი შვილიშვილის გამოჩენა და ყველაფერი რასაც თხოულობდა ვაჟი. იმავე დროს ხელმწიფეს ურჩიეს, რომ ეს ნებით გაეკეთებინა, თორემ საქმე ძალაზე თუ მიდგებოდა, ვერ გაუმკლავდებოდნენ. ეს ვაჟი ძალით თავისას იზამდა და ტყუილ–უბრალოდ ხალხი გაწყდებოდა.

ხელმწიფეს ეს არ ეწყინა, პირიქით, გაუხარდა – იმდენად ჰქონდა თავი მობეზრებული ამ ქალისაგან.

როცა გამოიყვანეს მამამისის დედინაცვალი, ვაჟმა იმნაირი რკინის პალო დაასო, რომ ათასი კაცი ვერ ამოაძრობდა. ამ პალოზე ქალი ისეთი ხაჯალურით მიაბა, ათასი დევი ვერ გაგლეჯდა.

– ეს აქ იყოს ჩემს მოსვლამდე, – თქვა ვაჟმა, – ამის გვერდით უნდა მივაკრა ჩემი დედის დედინაცვალი.

ისევ ოქროს კრავის წაძღოლით, ეს ვაჟი მივიდა დედის მხრივ ბაბუის სახელმწიფოში. იქაც ასევე მოითხოვა. თურმე ამ ხელმწიფეს კიდევ უფრო მეტად ჰყოლია ყელში ამოსული ეს ქალი და მანაც, კრინტი სიტყვა რომ არ უთქვამს ისე, მისცა ვაჟს მისი დედის დედინაცვალი. წამოიყვანა იგი ვაჟმა და იმ პალოს მეორე მხარეზე მიაბა. მერე წავიდა, იმ შავ ტყეს ცეცხლი მოუკიდა და ისე გადაბუგა, რომ არსად არაფერი დარჩენილა. მას შემდეგ დაერქვა იმ მთას შავი მთა. ამ მთაზე ამის შემდეგ არსად ტყე არ ამოსულა. თავისი დედა და მამა გახადა ორივე სახელმწიფოს ხელმწიფედ და დედოფლად. და ამგვარად, ამ ორი სახელმწიფოს ხალხი ურთიერთს რომ თოფით ხოცავდნენ, ახლა სულში და გულში უძვრებოდნენ ერთმანეთს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button