ზღაპარისაბავშვო

სამი და

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა; ღმერთი მაღალი, კაცი მდაბალი.

იყო ერთი ცოლ-ქმარი, ჰყავდათ სამი ქალიშვილი. ძალიან ღარიბად იყვნენ. არაფერი ებადათ, მამული არა ჰქონდათ და დედული.

ერთხელ იმ კაცის ცოლი თაროს წმენდდა. თაროს წმენდის დროს პურის მარცვალი გადმოვარდა. წაიღეს ეს მარცვლები, გაჩიჩქნეს მიწა და დათესეს. ყანა მოვიდა ისეთი, რომ ავი თვალით არ შეეხედებოდა, ზღვასავით ღელავდა; თავთავისაგან მისხეპილი და მიწოლილი იყო ცოლ-ქმარი სიხარულით ცას ეწეოდა.

აი, დამწიფდა მარცვალიც, შემოვიდა ყანა. ყველანი წავიდნენ მოსამკელად. მომკეს, შეკონეს და დადგეს უზარმაზარი ძნა.

მეორე დღეს მამამ გაგზავნა უფროსი ქალი ძნის სანახავად. მივიდა ქალი, შეხედა, ძნას ერთი უზარმაზარი გველეშაპი შემოხვევია, სულ შემოსწვდენია ამ ძნას და კუდი პირში უჭირავს. ქალს შიშით გული წაუვიდა, მოვიდა მამასთან, უთხრა, ასეა საქმეო.

მამამ ახლა შუათანა ქალი გააგზავნა:

– ჰკითხე, რა უნდა, რისთვის მოვიდაო. ქალი შიშით კინაღამ მოკვდა, ვერაფერიც ვერა ჰკითხა:

მერე უმცროსი ქალი გაგზავნა მამამ. ქალი მივიდა გველეშაპთან და ჰკითხა:

– რა გინდა, რისთვის მოსულხარ, გაგვაგებინეო!

გველეშაპმა უთხრა:

– წადი, მამაშენს უთხარი, ერთ-ერთი ქალი მომცეს ცოლადაო! ქალი წავიდა მამასთან და უთხრა გველეშაპის დანაბარები.

მამამ უფროს ქალს ჰკითხა:

– გაჰყვები თუ არა, შვილოო?

– აბა, მაშ! – უპასუხა უფროსმა ქალმა, – აღარაფერს დავუკლებ, მე მაგას ცოლად გავყვეო!

შუათანამაც ასე თქვა. ჯერი უმცროსზე მიდგა. უმცროსმა ქალმა თქვა:

– გავყვებიო.

წამოიყვანა გველეშაპმა ეს ქალი და წამოვიდა. წინ გველეშაპი მიცურავს და უკან ქალი მისდევს. იმ სოფელს რომ გასცდნენ, გაიძრო გველეშაპმა ტყავი და ისეთი ვაჟკაცი გამოჩნდა, რომ უკეთესი აღარ იქნებოდა. ქალს ძალიან გაუხარდა.

ქმარმა უთხრა: ჩვენს ქვეყანაში ქაჯურად ლაპარაკობენ, ჩემმა დედამ რომ გითხრას, კოკა გატეხეო, კოკა უნდა მიუტანო; რომ გითხრას, წყალი დააქციეო, წყალი უნდა მიუტანოო; რომ გითხრას, თონე დაამტვრიეო, შენ თონე უნდა გაახურო; რომ გითხრას, სუფრა აალაგეო, შენ სუფრა გაშალე, რომ გითხრას, ჯამები დაამტვრიეო, შენ მოიტანეო. ასე დაარიგა ცოლი და წავიდნენ.

ქაჯების ქვეყანაში რომ მივიდნენ, დედამთილმა უთხრა ახალ რძალს, წყალი დააქციეო. რძალმა აიღო და მიუტანა. ყველაფერი ისე აასრულა, როგორც ქმარმა დაარიგა. ძალიან უკვირდა ყველას: ახალმოსულია და როგორ იცის აქაური რიგი და წესიო. ყველამ მოიწონა და შეიყვარა.

ქალი დაორსულდა. მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა, წინაწვევად მამის სახლში, სამშობლოში წაიყვანეს. დებს ძალიან შეშურდათ იმისი ბედი და ცხოვრება.

მოილოგინა ქალმა. ვაჟი ეყოლა. ქმარიც მოუვიდა. როცა წასვლა დააპირეს, უფროსმა დამ გაყოლა მოინდომა. უმცროსმა დამ უთხრა:

– ნუ წამოხვალ, ჩემი დედამთილი ბოროტია, არ მოგასვენებსო!

ქალმა არ დაიშალა და გაჰყვა.

გზაზე რომ მიდიან, ცოლისდამ უთხრა სიძეს:

– შენ წინ წადი და მოგეწევითო!

ვაჟი წავიდა და დები უკან მიდიან.

გზაზე ერთი მსხმოიარე ვაშლის ხე შეხვდათ. ძალიან მაღალი იყო და გლუვი, უტოტო. უფროსმა დამ უთხრა უმცროს დას:

– მოდი, დაო, ჩემი ტანისამოსი ჩაიცვი, შენი ტანისამოსი არ დაგეხიოს. მე გიზურგულებ, ადი ამ ვაშლზე, დაკრიფე, სანამ ჩამოხვალ, ბავშვს მე დავიჭერო!

რას იფიქრებდა საბრალო დედა! შვილი დას მისცა, იმან უზურგულა და ავიდა ვაშლზე. ქალმა აიყვანა ვაჟი ხელში და გზას გაუდგა. ტირის ბავშვი, ტირის, სულ მუშტისტოლა ცრემლებს აბნევს, მაგრამ ვინ უგდებს ყურს?

ზის ქალი ვაშლზე და ესმის შვილის ტირილი. ვერ გაძლო და დაუძახა დას:

დაო, დაო, ძუძუძაღლო,

ნუ მიტირებ წულსა ყრმასა,

შემომისვი ქანდარასა,

მოგიწოვებ პატარასა.

ამ ქალმა სიძე რომ დაინახა, დაუძახა:

– მოიცა, ადამიანო, რძე გამიშრა და ბავშვი მიტირისო!

დაუცადა კაცმაც. იმასაც თავისი ცოლი ჰგონია, რაკი ისე არის მორთული, როგორც მისი ცოლი. წამოვიდნენ შინ და წამოიყვანეს ვაჟიც.

– და რაღა უყავიო? – ჰკითხა გველეშაპმა.

– მე ვუთხარი, რომ ჩემს დედამთილს ვერ გაუძლებ-მეთქი და უკან დაბრუნდაო.

მივიდნენ სახლში. დედამთილი ეუბნება: ლიტრა გატეხეო. ისიც აიღებს, დასცხებს და ჩახ! ჯამები დაამტვრიეო! ისიც აიღებს, დასცხებს და ამტვრევს. თონე ჩაანგრიეო! აიღო ცული, დასცხო და ჩაანგრია. ყველამ ეჭვი შეიტანა აქ რაღაც ამბავიაო!

რაკი რძე არა ჰქონდა, ერთი ძროხა ჰყავდათ და იმისი რძით დაუწყეს ბავშვს ზრდა, როდესაც ცოტა წამოიზარდა, წაიყვანდა ხოლმე თავის ძროხას მინდორში და თვითონაც იქ ედგა და აძოვებდა.

დედა ვაშლზე რომ დარჩა, იმდენი იტირა, იმდენი იტირა, რომ ცრემლად და სისხლად ჩამოიღვარა მიწაზე, სადაც იმისი სისხლი და ცრემლი მოხვდა, ისეთი ლერწამი მოვიდა, როგორც ტყე. ათასნაირი ყვავილი და ბალახი გაიშალა.

ერთხელ ბიჭმა წაიყვანა ძროხა და იმ ვაშლთან მივიდა. მოსტეხა ერთი ლერწამი, ფრჩხილით გააკეთა სტვირი, დაუკრა და დაუკრა. სტვირი უკრავდა და თან იძახოდა:

სტვირო, სტვირო,

რასა ტირო?

მე დედაშენი ვშავდები,

შენ ჩემი შვილი ბრძანდები!

სტვირი სულ ამას იძახდა. ვაჟმაც ჩაიკრა გულში სტვირი და აღარ იშორებდა. შინ რომ მოვიდა, ისევ დაუკრა და სტვირმაც ისევე ის სიტყვები დაიძახა. ქალს გულზე ცეცხლი წაეკიდა. წაართვა სტვირი ბავშვს და დაუმტვრია, მაგრამ ნატეხი სტვირი ისევ უკრავდა და იძახოდა:

სტვირო, სტვირო,

რასა ტირო?

მე დედაშენი ვშავდები,

შენ ჩემი შვილი ბრძანდები!

ქალმა გაიგონა კიდევ, წაართვა ნამტვრევები ბავშვს და თონეში ჩაყარა. ნამტვრევები რომ დაიწვა, ნაცარისაგან ქალის სახე გამოისახა და მიესვენა თონეზე, ბავშვიც იქვე იჯდა და ჩასტიროდა.

ჩაიხედა იმ ქალმაც და დაინახა თონეში დის სახე. გაცეცხლდა, გაბრაზდა, ამოაღებინა ნაცარი და ბანზე მოაყრევინა. იმ ადგილას მშვენიერი ალვის ხე ამოვიდა. ნახა გველეშაპმა, ძალიან გაუხარდა, აატანინა ლოგინი და იმის ძირში დაიდგა, ღამე რომ დაეძინებოდა, ჩამოხრიდა ალვის ხე ტოტებს და ჩაეკონებოდა მძინარე ქმარსა.

ქალი კი სიბოროტით კვდებოდა. მოიავადმყოფა თავი და უთხრა ქმარს:

– თუ მაგ ალვის ხეს მოჭრით, მაგის ვარცლს გააკეთებთ და შიგ იმ ვარცლში მაბანავებთ, ხომ კარგი, მოვრჩები, თუ არა და მოვკვდებიო.

– ჯანდაბას შენი თავი, თუ მოკვდები, – უპასუხა ქმარმა, – მოკვდი და მომასვენეო!

გველეშაპი სანადიროდ წავიდა. ცოლმა მუშებს დაუძახა და მოაჭრევინა ალვის ხე, გააკეთებინა ვარცლი, მაგრამ არ გაიბანა კი: ავად არ იყო და რად გაიბანებოდა? მოვიდა ქმარი. ძალიან ეწყინა და გაჯავრდა, მაგრამ გაჯავრება რაღას უშველიდა.

იმ ალვის ხის ერთი ნაფოტი ერთი უშვილო ბებრის ბანზე დაეცა. იპოვა ბებერმა, შინ შეიტანა და სახაშეს დააფარა. ბებერი რომ სადმე წავა, ის ნაფოტი გადაიქცევა ქალად, დაგვის, დააკრიალებს იქაურობას, დარეცხავს ჯამ-ჭურჭელს, დაალაგებს, ისევ ნაფოტად გადაიქცევა და ისევ, სახაშეს დაეფარება.

მოვა ბებერი, დაინახავს დაგვილ-დაწმედილ სახლს, დარეცხილ-დასუფთავებულ ჭურჭელს, უკვირს. მიდის მეზობლებში და ზოგ ვის ეუბნება მადლობას და ზოგ ვისა.

– შენს სახლში ფეხიც არ შეგვიდგამს, არც დაგვიგვია და არც დაგვისუფთავებია, იქნება ვინ იყოს, კარებს უკან დაიმალე და ნახეო. – ეუბნებოდნენ მეზობლები.

ბებერიც სწორედ ისე მოიქცა, როგორც უთხრეს. დაიმალა კარებს უკან და დაუწყო ცდა.

ნაფოტმა იფიქრა: ახლა კი წავიდა ბებერიო, იქცა ქალად და დაუწყო სახლს დაგვა და დაწმენდა. მიეპარა ბებერი, სწვდა და დაიჭირა:

– ვაიმეო! – დაიწივლა ქალმა.

– ნუ გეშინია, შენ შვილი და მე დედა, – უთხრა ბებერმა, – ღმერთმა სხვა შვილი არ მომცა და შენ მაინც იყავი ჩემი ქალიშვილიო.

ქალსაც ძალიან გაუხარდა. ამას იქით ერთად იყვნენ და ცხოვრობდნენ ტკბილად.

ერთხელ ქალი შეეხვეწა ბებერს:

– შენი ჭირიმე, ჩემო დედავ, აქ რომ ვეშაპია, ის დავპატიჟოთ, იმის ცოლიცა და შვილიცაო.

ბებერმა ნება დართო, რატომ არა, შვილო, ვინც გინდა, მე რა წინააღმდეგი გაგიხდები, დავპატიჟოთ, თუკი ვინმე გესიამოვნებაო.

გამართა ქალმა სადილი და მიიპატიჟა თავისი ქმარი, შვილი და ის ბოროტი და.

სადილზე სადღეგრძელოები რომ ჩამოაყოლეს და ყველამ მიირთვა, ქალმა აიღო ჭიქა, დაასხა ღვინო და დაილოცა:

– გაცოცხლოს შენ, ჩემო ქმარო, შენც, ჩემო შვილო, და შენც, ჩემო დაოო!

ქმარს აქამდისაც ეცნობოდა ეს ქალი, გულშიც შეუვარდა და ახლა კი დარწმუნდა, რომ მისი ცოლი ეს იყო.

ქალმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი. მოაბა ქმარმა ის მოღალატე და ცხენის ძუას და დააჩქლერთინა. თვითონ ისევ თავისი წინანდელი ცოლი შეირთო და ბედნიერად იცხოვრეს.

ჭირი იქა, ლხინიაქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

მთას ურემი ავიტანე,

წამოვიდა გორებითა,

აქ სიცოცხლით გამოძეხით,

საიქიოს – ცხონებითა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button