ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი და ალანის ხელმწიფის ქალიშვილი

როდის, ეს კაცმა არ იცის, მაგრამ ერთხელ ალანის ხელმწიფეს შემოუთვლია ჩვენი დადიანისთვის: «ჩემი ქალიშვილის მსგავსი გოგო ქვეყნად რომ არ არის, შენც იცი. ყირიმყოზის ხელმწიფის შვილისთანა ვაჟი მთელ ქვეყანაზე რომ არ არის, თქმა არ უნდა, ესეც კარგად იცი. ჩემს ქალიშვილს ვაძლევ იმ ვაჟს და შენ რომ ოქროს კრავი გყოლია, ის მალე უნდა გამომიგზავნო. რა საქონელიც გინდა, ყველაფერს ულევად მოგცემ. თუ ფული გინდა, შენს სიცოცხლეში რომ გეყოს, იმდენს. თუ არ გამომიგზავნე, მე იქით ვიქნები მომსვლელი და მაშინ შენი საქმე ცუდად იქნება ჩემი გარჯის გულისთვის».

დადიანს უნდა, როგორიც ერგება, ისეთი სალანძღავი პასუხი გასცეს, მაგრამ უეცრად კრავი გაჩნდა.

«კრავს წასვლა უნდა», – თქვა ყველამ. ყველამ დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო. ეწყინა დადიანს, მაგრამ რა ქნას? ღმერთების ნებას ვერ გადავიდოდა.

დადიანს ჰყავს ერთი ვაჟი. არც სილამაზით და არც სხვა რამით ამგვარი ვაჟი ქვეყნად არ არის. მივიდა, დაიჩოქა კრავის წინ და ისეთი ტირილი დაიწყო, რომ ცრემლი ნიკაპზე ესკვნება. კრავმა ვაჟს თამაში დაუწყო. ვაჟი კიდევ უფრო ატირდა. ყველამ დაუშალა ვაჟს ტირილი, რომ ღვთის დადგენილისაგან გადახვევა შეუძლებელი იყო და ტირილი არ ეგებოდა.

წაიყვანეს კრავი ალანის ხელმწიფესთან. დადიანის ხალხიც მიჰყვება კრავს, მაგრამ დადიანმა დაარიგა ისინი, რომ არაფერი აეღოთ.

ალანის ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა, რომ კრავი უდავიდარაბოდ იშოვა. მოინდომა ულევი საჩუქრის მიცემა დადიანის ხალხისათვის, საჩუქრის გაგზავნა დადიანისთვისაც, მაგრამ დადიანის კაცებმა უარი თქვეს. მათ უთხრეს:

«თქვენმა ხალხმა კარგად იცის, რომ დადიანი უარს იტყოდა, იმიტომ რომ კრავი ღმერთია და გაცემა მისი საქმე არ იყო და ვერც მისცემდა. უარი უნდა შემოეთვალა, მაგრამ, როგორც თქვენი ხალხი თავისი თვალით ხედავდა, კრავი თვითონ გაჩნდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ კრავს თქვენთან წამოსვლა უნდოდა. ეს არის, მოგიყვანეთ და, რადგან ეს ღვთის ნებით მოხდა, ვერაფერს გამოგართმევთ».

მთლად გაიხარა ალანის ხელმწიფემ ამის გაგონებით. თქმა არ უნდა, ბევრი იწუხა, საჩუქარს რომ არ იღებდნენ, მაგრამ რა ექნა!

გოგოს კრავი რომ მოუყვანეს, რა თქმა უნდა, გოგოს თავდავიწყებით შეუყვარდა კრავი. დღედაღამ მას ეთამაშება, ერთ წამსაც არ იშორებს თვალიდან. კრავი და გოგო მინდორში რომ თამაშობენ, კრავმა ნელ–ნელა ტყისკენ დაიწყო სვლა.ცოტათი რომ შევიდნენ ტყეში, კრავი გაჩერდა და ისეთი თამაში დაიწყო, რომ გოგოს თავი სანატრელი ჰქონდა. გახარებული გოგო კრავს ყელზე მაგრა მოეხვია ორივე ხელით. უეცრად გოგოს მოესმა: «ხელი მაგრად! არაფრის შეგეშინდეს!».

ამისი თქმა იყო და გოგო ჰაერში გამოეკიდა. გადადიან მთებზე, მდინარეებზე. გავიდა ხანი და კრავმა ქალიშვილი ერთ მინდორზე დასვა. გოგომ სული რომ მოითქვა, კრავი წინ გაუძღვა. გოგო რომ უკან გაჰყვა, უეცრად გადაჭედილი სასახლეები არ გამოჩნდა! კრავი რომ შევიდა ეზოში, გოგოც შევიდა. დადიანის სასახლიდან რომ დაინახეს მზეთუნახავი ქალიშვილი და კრავი, სიხარულით კინაღამ გაგიჟდნენ. კრავმა ქალიშვილი, სადაც ვაჟი დგას, იქ მიიყვანა და მის წინ გააჩერა. გოგომ იკითხა, თუ სად იმყოფებოდა. ქალიშვილს უთხრეს, რომ დადიანის სასახლეში იმყოფებოდა და რომ ეს კრავი აქედან წავიდა. მოვიდა დადიანის ვაჟი და უთხრა: «არაფერი ინაღვლო! როცა იტყვი, მაშინვე წაგიყვან მე შენს მამასთან».

«ამას მე არასოდეს ვიტყვი. ჩემი ბედი აქ ყოფილა და მე აქ უნდა დავრჩე. კრავის გარეშე მე არ ვვარგივარ. კრავი რომ სხვაგან არ მოიცდის, ამას ვხედავ. მეც აქ უნდა მოვიცადო. იმედია, რომ ერთი კაცის ლუკმა არ გაგიჭირდებათ».

«არა, შვილო, შენ თუ მოიცდი, ლუკმას შენ სხვას მისცემ. მე ასე ვფიქრობ. კრავს შენ ამ ვაჟისთვის ჰყავხარ მოყვანილი. ხედავდი, ჯიქურ მასთან რომ მოგიყვანა!».

გაიხარა გოგომ და დადიანს უთხრა: «აბა, შენ მამა და მე შვილი! ჩემი ბედი ეს ყოფილა და მე ბედნიერი ვიქნები».

გოგომ შეუთვალა თავის მამას, არაფერზე ედარდა, გოგო თავის ბედს უზომოდ უმადლოდა და მამას რამე დავიდარაბა არ აეტეხა.

როდი დაიჯერა ეს გოგოს მამამ! შეკრიბა ულევი ჯარი, ამდენივე ჯარით ყირიმყოზის ხელმწიფეც თან წამოიყვანა და წამოვიდა დადიანის სახელმწიფოში ქალიშვილისა და ოქროს კრავის წასართმევად. მოაწია ამ ორმა ხელმწიფემ დადიანის სახელმწიფოს. დადიანი აქეთკენ საომრად დგას. ხვალ უნდა მოხდეს ამ ორი ჯარის ომი. ამაღამ, სადაც ის ორი ხელმწიფე წევს, იქ გაჩნდა ოქროს ვერძი და ორივე ისე დაბუბნა და გააბრტყელა, რომ სული ძლივს ედგათ. მეორე დღეს ომის მაგივრად ორივე ხელმწიფე მომაკვდავი წაიყვანეს თავიანთ ქვეყანაში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button