ზღაპარისაბავშვო

რწყილი და ჭიანჭველა

მეგობარი ამქვეყნად ყველას სჭირდება – კაცსაც, პირუტყვსაც, ნადირ-ფრინველსაც და პაწაწინა არსებას – მწერსაც. ჰოდა, ერთხელ ერთი რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას ერთად. იარეს ბედნიერად, გადალახეს ბევრი მთა, ბევრი მინდორი და ბოლოს ერთ მოზრდილ რუს მიადგნენ. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:
მე გადავხტები და შენ რას იზამო?
მეც გადმოვხტებიო, – მიუგო ჭიანჭველამ.
რწყილმა ისკუპა და გადახტა. ისკუპა ჭიანჭველამაც და შუა წყალში კი მოადინა ტყაპანი. წაიღო წყალმა ჭიანჭველა, ხედავს, საშველი აღარ არის და რწყილს შეეხვეწა:
ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობო.
რწყილს თვითონ შველა არაფრით შეეძლო, ამიტომ ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და შეეხვეწა:
ღორო, მომეც ჯაგარი,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ღორომა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:
შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო?
რწყილი ისევ ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა:
მუხავ, მომე რკო,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
მუხამ მოუსმინა, მსხვილი ტოტები შეარხია და უთხრა:
შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოფიშორებიაო?
რწყილი კვლავ ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა:
ყვავო, ეხსენ მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ყვავმა მოუსმინა და ყრანტალით უთხრა:
შენ რომ ჩემთვის წიწილა არ მოგიყვანიაო?
რწყილი დაიღალა ამდენი ხტუნვით, მაგრამ რა ექნა, მეგობარი ეღუპებოდა და თავს ვერ დაანებებდა. ისევ ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:
კრუხო, მომეც წიწილა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
კრუხმა დაიკრუშკრუშა, გაიფხორა და უთხრა:
შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო?
შეწუხდა რწყილი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ისევ ახტა, დახტა, მივიდა ფეტვის ორმოსთან და სთხოვა:
ორმოვ, მომეც ფეტვი,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ორმომ პირი ფართოდ დააღო და უთხრა:
შენ რომ ჩემთვის თაგვი არ მოგიშორებიაო?
რწყილს ბევრი აღარ უფიქრია, იმავ წამს ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და შეეხვეწა:
თაგვო, ეხსენ ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
თაგვმა ტუჩები ააცმაცუნა, თვალები გადმოკარკლა და წრიპინით უთხრა:
შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო?
რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კატასთან და სთხოვა:
კატავ, ეხსენ თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
კატამ თვალები მილულა, ულვაშებზე დარბაისლურად გადაისვა თათი და დაიკნავლა:
შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო?
რწყილმა კვლავ მკვირცხლად ისკუპა, ახტა, დახტა, მივიდა ძროხასთან და სთხოვა:
ძროხავ, მომეც რძე,
რძეს მივუტან კატასა,
კატა დასთმობს თაგვსა,
თაგვი დასთმობს ორმოსა,
ორმო მომცემს ფეტვსა,
ფეტვს მივუტან კრუხსა,
კრუხი მომცემს წიწილსა,
წიწილს მივგვრი ყვავსა,
ყვავი დასთმობს მუხასა,
მუხა მომცემს რკოსა,
რკოს მივუტან ღორსა,
ღორი მომცემს ჯაგარსა,
დავგრეხ თოკსა-ბაწარსა,
ჩავუგდებ და ამოვიყვან
ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა.
ძროხამ ნელა დაიზმუვლა, რწყილს დიდრონი თვალები მიაშტერა და ცოხნით უთხრა:
შენ რომ ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო?
რწყილს მეტი აღარ შეეძლო, ამდენი ხტუნვით მუხლები ასტკივდა, თავ-პირზე ხვითქი გადასდიოდა და სუნთქვაც უჭირდა, მაგრამ მეგობარს მაინც არ უღალატა, გადლიჯა ბლომად ბალახი და ძროხას წინ დაუყარა.
ძროხამ ხარბად მოლოშნა ლორთქო ბალახი და მისცა რძე. რწყილმა რძე კატას მიუტანა, კატა თაგვს ჩამოეხსნა, თაგვი – ორმოს, ორმომ ფეტვი მისცა, რწყილმა ფეტვი კრუხს მიუტანა და კრუხმაც ერთი წიწილა აჩუქა, რწყილი მაშინვე ყვავთან მიიჭრა და წიწილა მიუყვანა. ყვავმა დასთმო მუხა, მუხამ მისცა რკო და რკო ღორს მიუტანა. გახარებულმა ღორმა მთელი კისრის ჯაგარი დაიგლიჯა და რწყილს მისცა. რწყილმა იქვე დაგრიხა ბაწარი, ჩაუგდო ჭიანჭველას და გამოიყვანა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.

Related Articles

One Comment

  1. საწყალი წიწილა შეეწირა ამ შტერ ჭიანჭველას, რომელიც ქართული რეალობიდან გამომდინარე ალბათ ერთი კვირა ელოდა რწყილს

კომენტარის დამატება

Back to top button