ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – დაბადება

– შეხედე, რა ლამაზი ცააო!
– ხო, ივლისში ეგრე იცისო!
– დიდი დათვის თანავარსკვლავედი რომელიაო?
– აი, ხედავ, ციცხვს რომ ჰგავსო!
– ნეტავ, სამყარო რამხელააო?
– სამყარო დიდია, გაფუებულიაო!
– როგორ, თუ გაფუებულიაო?


დასაწყისში ღმერთმა შეჰქმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური. ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა, ნათელი რომ კარგი იყო და განყო ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ნათელს დღე, ხოლო ბნელს – ღამე. და გავიდა საღამო, და დადგა დილა.


– ალბათ, ფიზიკიდან გემახსოვრება, რომ ყველაფერი შედგება ატომებისგან. ატომები კი შედგება ბირთვისგან და მის გარშემო მბრუნავი ელექტრონებისგან. ეს ელექტრონები ისეთი სიჩქარით ბრუნავენ ბირთვის გარშემო, რომ უძლიერეს მიკროსკოპში, რომელიც მილიონჯერ ადიდებს, ატომი პატარა ბურთივით მოსჩანსო!
– ახლა, ნუ დამიწყე ფიზიკაო!
– ხო, კარგი, უფრო გასაგებად აგიხსნიო!


და თქვა ღმერთმა „იყოს კამარა წყლებს შორის მათ გამყოფად“. და შეჰქმნა ღმეთმა კამარა და გაჰყარა ერთმანეთისაგან კამარის ქვემო წყალი და ზემო წყალი. და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა კამარას ცა. და გავიდა საღამო, და დადგა დილა.
მესამე დღეს ღმერთმა გაჰყო წყალი და მიწა და ხმელეთზე აღმოაცენა მცნარეები.


– წარმოიდგინე, ელექტრონი რომ გავზარდოთ სიმინდის მარცვლისხელა, ატომის ბირთვი გახდება ხელისგულის ტოლი, რომლის გარშემოც, ეს სიმინდის მარცვალი იბრუნებს ისეთი სიჩქარით, რომ 100 კილომეტრიანი დიამეტრის ბურთს მიიღებო.
– იმიტომ, რომ ბრუნავსო?
– ხო, მასეა, ახლა წარმოიდგინე, სამყაროში ყველაფერი რომ გაჩერდესო!
– რა მოხდებაო?
– რა და, 100 კილომეტრიანი ბურთის მაგივრად, ხელისგულის ტოლი ატომის ბირთვი და სიმინდის მარცვლის ტოლი ელექტრონი შეგრჩებაო!


მეოთხე დღეს, ღმერთმა გააჩინა მანათობლები: მზე, მთვარე და ვასკვლავები. რათა განეყოთ დღე და ღამე და განეყარათ ნათელი და ბნელი.
მეხუთე დღეს უფალმა შეჰქმნა ზღვაში თევზები და დედანიწაზე ფრინველები და ცხოველები.


– მართლაც, მოძრაობისგან, სამყარო გაფუებული ყოფილაო!
– ხო, ყველაფერი რომ გაჩერდეს, მთელი სამყარო მუჭში ჩაეტევაო!
– საოცრებააო!
– მეტსაც გეტყვი, ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილაკები და თვითონ ელექტრონიც, ენერგიის ტალღებია. თუ ყველაფერი გაჩერდება, ეგ ტალღებიც არ იქნება და რომ გეგონა, სამყარო მუჭში ჩაგეტია, ფაქტიურად მუჭა ცარიელი გაქვსო!


მეექვსე დღეს, ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი თავის ხატად და შეჰქმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად, და აკურთხა ისინი.
დაინახა რა ყოველივე, რაც ექვს დღეში შეჰქმნა, კარგი იყო და მეშვიდე დღეს დაისვენა.


– კი, მაგრამ სამყარო მოძრაობაში რას მოჰყავსო?
– ენერგიასო!
– ენერგია საიდან გაჩნდაო?
– სიტყვიდანო!
– როგორ სიტყვიდანო?
– ბგერა – ენერგიის რხევააო!


თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1,1)

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button