ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – საჩუქარი

ჯიბიდან სურათი ამოიღო – ცხენებშებმული ფაეტონიდან ტყუპი ფერია იყურება, ერთნაირ თეთრ კაბებში გამოწყობილი, შავ დალალებზე თეთრი ბაფთებით. მკერდზე მიიკრა, ეამა, თითქოს გოგონები ჟივილ-ხივილით ჩასწოლიან მამიკოს ლოგინში და ერთმანეთს მამის მკერდიდან ბალნის წიწკვნაში ეჯიბრებიანო…


ჩერქეზოვზე დაიბადა ერთ მინგრეულ სახლში, სახურავად “ბრეზენტი” რომ ჰქონდა გადაფარებული და ავდარში შინ და გარეთ ერთნაირად წვიმდა.
დედა მის მშობიარობას გადაჰყვა.
– შენი ბრალია, დედა რომ მოკვდაო!-უფროსი ძმებისგან თავში ტყაპუნი ყოველდღე გამოწერილი ჰქონდა. მამას უყვარდა, მაგრამ მისთვის სად ეცალა, დილიდან ღამემდე თბილისის ქუჩებში დაატარებდა ფაეტონით კლიენტებს. დედინაცვალს ეცოდებოდა, უფროს გერებს უჯავრდებოდა
-დაანებეთ თავი ცოდოაო!
დღისით სკოლაში დადიოდა, ღამე კი გვიანობამდე მამას ეხმარებოდა ცხენების დაბინავებაში. რვა კლასის ატესტატი აიღო და ცოცხალი თავით სკოლაში აღარ წავიდა. არც მამამისს დაუძალებია მაინცდამაინც. სამსახურში შეგირდად მიაღებინა, შემოისვა კოფოზე და ერთად დახრიგინებდნენ ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში.
მამა, რადგან დამხმარე იშოვა, სასმელს მიეძალა. ჩამოხტებოდა სადმე დუქანთან და სამუშაოდ შვილს ატანდა ფაეტონს.
გაიზარდა, დავაჟკაცდა, ცოლი მოიყვანა -რაჭველი გოგო, ხაბაზის ქალიშვილი. საღამოობით გაუვლიდა არდონის ქუჩაზე სიმამრს საცხობში და მოჰქონდა ორი ცხელი პური სახლში.
მოკვდა მამა, ღვიძლი დაეშალა, დამარხეს.
სახლი უფროს ძმებს დარჩათ, ხელობა – უმცროსს. წაიყვანა ცოლი, გამზრდელი დედინაცვალი და ნავთლუღში გადავიდა ნაქირავებში…


ქერჩის ყურე. ჩვენები უკან იხევენ. მიწა დუღს, ზანზარებს. დაეცა, მგონი ფეხშია დაჭრილი. წამოდგა, გაქცევა სცადა, ისევ დაეცა, გახოხდა. ბიჭები სად არიან? ყველა დაიხოცა თუ მისთვის არა სცხელათ, თავის გადარჩენაზე ფიქრობენ?! სისხლით გაივსო ჩექმა, არაქათი გამოეცალა, გაჩერდა, გულაღმა გადაბრუნდა, ცას ახედა, ორ ღრუბლის ქულას დააცქერდა, თავისი გოგონებივით ფაფუკს და სპეტაკს. ჯიბიდან სურათი ამოიღო, გულზე მიიკრა.
თითქოს ხმაურმა იკლო. მასირებული დაბომბვა მორჩა. კანტიკუნტად ისმის ავტომატის ჯერი, გერმანელები წმენდენ ბრძოლის ველს დაჭრილებისაგან. სიკვდილი მოდის ლურჯი თვალებით…


ნავთლუღში გადასვლიდან ცოტა ხანში ტყუპი გოგონა შეეძინა. მამის სიცოცხლე, ორი ფერია. ქმარი მეფაეტონობდა, ცოლი დედობდა, დედინაცვალი ბებიობდა, ბავშვები იზრდებოდნენ, სიმამრი პურს უგზავნიდა, ხელფასი ყველზე ჰყოფნიდათ, დედინაცვლის პენსია ქირაზე და მეტი რაღა უნდოდა მოკრძალებულ ოჯახს, ცხოვრობდნენ ბედნიერად, სანამ ომი არ დაიწყო.
პირველივე ნაკადმა მოუწია. ცოტა ხანს “ზბორები” გაიარა, რომ იარაღის ხმარება შესძლებოდა, მერე ნავთლუღელ ბიჭებთან ერთად ქერჩში საბრძოლებლად მომზადებულ ქართულ დივიზიაში ჩაწერეს და გამგზავრების წინ უკანასკნელად გაუშვეს სახლში ღამის გასათენებლად. მთელი ღამე თავისთან ეწვინა გოგონები და უსმენდა მათ მშვიდ, თანაბარ სუნთქვას…


ვიღაცამ ხელიდან სურათი ააცალა, თითქოს ბავშვები მამიკოს ლოგინიდან წამოხტნენ და გაიქცნენო. შეაჟრჟოლა, თვალი გაახილა – სიკვდილი ადგას თავზე, სურათი ხელში უჭირავს, ლურჯი თვალებით დაჰყურებს. ცელის მაგივრად ავტომატი მოუგდია მხარზე. თვალები დახუჭა, წყვდიადში ჩაიძირა…
მიტოვებულ ბოსელში გაეღვიძა თივაზე დაწოლილს. ფეხი სუფთად ჰქონდა შეხვეული შარვლის ნახევით. გვერდით იდო პური, ზემოდან კი შვილების სურათი კუთხეში მინაწერით: Geschenk von meiner Tochter für Ihre Töchter-საჩუქრად შენს გოგონებს, ჩემი გოგონებისგან.


ბერლინი, 1 მაისი 1945 წელი. რაიხსტაგზე 150-ე ქვეითი დივიზიის დროშა ფრიალებს. რაიხსტაგის გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ქალაქს ასუფთავებენ ფაშისტების იმ ნარჩენებისგან, რომლებიც არ ნებდებიან, ბინებში გამაგრებულან და ფანჯრებიდან ესვრიან მოწინააღმდეგეს.
სახურავჩამოქცეულ სახლში შევიდა. ორი ერთნაირი ჩაცუცქული ქერა გოგონა ნანგრევებიდან ამოყვანილი დედის ცხედარს დასტიროდა. თავზე დაადგა. ოთხმა ლურჯმა, შეშინებულმა, ცრემლით ავსებულმა ზღვამ ამოხედა…


ჯიბიდან სურათი ამოიღო – ცხენებშებმული ფაეტონიდან ოთხი ფერია იყურება, ორი შავთმიანი და ორიც ქერა, ერთნაირ თეთრ კაბებში გამოწყობილი, თავზე თეთრი ბაფთებით. მკერდზე მიიკრა, ეამა…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button