ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მკვლელი

-რად მოკალი პეტოს დედა?!
-მე არ მომიკლავს!
-მაშ ვინ მოკლა?!
არ მოუკლავს, არ ახსოვს, არ უნდოდა…
ყველაფერი იმით დაწყებულა, რომ მეზობლის დედაკაცი გადმოსულა საჭორაოდ. ფეხზემდგომელას ულაპარაკია იმ ცხონებულს, ულაპარაკია და რა ულაპარაკია:-ამ მთისა, იმ ბარისა. უსმენდა პატარაბავშვხელშიატატებული, ზედმეტი ინფორმაციისგან თვალებატრიალებული დედა მოსაუბრეს და ვერც კი შეუმჩნევია ბავშვის ხელში სიკვდილის იარაღი-ბასრი დანა.
ერთი ჩხვლეტა, მცირე ნაკაწრი, გადახვევა, სისხლდენა, დიაბეტური კომა, სასწრაფო დახმარება, საავადმყოფო…
-შენ მოკალი პეტოს დედა! დასჩხავიან ძმები და სიცილით იგუდებიან ბევრად უმცროსი დის სასოწარკვეთილ ამოგმინვაზე,
-მე არ მომიკლავს!
-მაშ ვინ მოკლა?!
-მამა, უთხარი, რომ მე არ მომიკლავს!
-რა შენი ბრალია, შვილო, არ გინდოდა! ცალთვალმოჭუტული პასუხობს მამა და ულვაშის მარჯვენა კუთხის ფხანით, ღიმილით დაჰყურებს სიცილისაგან გალურჯებულ, ძირსმგორავ, ჩოჩრობიდან ვირობის ასაკში გადასულ ვაჟებს, ამ ბოლო დროს რომ ზომაზე მეტად იპრანჭებიან და ტუალეტში ყოფნაც საეჭვოდ გაუხანგრძლივდათ.
ვერ მიმხვდარა, რატომ იჭაჭებიან ძმები სიცილით, ან რატომ ჭუტავს მამა თვალს.
-რად მოკალი პეტოს დედა?!
-მინდოდა და მოვკალი!-უკვე გაიზარდა…
მინელდა პეტოს დედის ხსენება, ხანდახან გაბრაზებულზე თუ წამოაძახებენ ძმები…
დღისით თამაში, მერე სკოლა, მერე ინსტიტუტი, მერე გათხოვება, მერე შვილები…
და მიტკალივით თეთრი ღამეების ჯარი
-რად მომკალი, შვილო, რას მერჩოდი?!
-მე არ მინდოდა!
-ღმერთმა შეგინდოს!
ასე დაუსრულებლად…
მერე ავარია, ადრე დაქვრივება, დაობლებული ბავშვები, მოხუცების თავშესაფრად გადაქცეული ოჯახი-ასეა, უნდა ზღოს, მკვლელობა დიდი ცოდვაა, სჯობს იტანჯოს, ვიდრე შვილებზე გადავიდეს კაენის ცოდვა…
თეთრი ღამეები…
მოხუცის დამამუნათებელი თვალები, რომელიც არასოდეს უნახავს, არ ახსოვს…
-რად მომკალი, შვილო, რას მერჩოდი?!
მუდმივად თავის მართლება:
-მე არ მინდოდა!
კიდევ ათი წელი…
-საწყალი პეტო მომკვდარა!
-…?
-დედამისივით, გულით!
იმ ღამეს პირველად დაიძინა მშვიდი, უშფოთველი ძილით…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button