ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ლომთაძეთა გვარი

ლომი – ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლომა, ლომუა, ლომინ, ლომერ, ლომიტა, ლომნია, ლომსა, ლომთა – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად. არის შედგენილი სახელები: ლომგული, ლომგმირი, ლომკაცი, ლომდარი, ლომთათი.

გვარის სახელით “ლომ”-ფუძისანი არიან: ლომიძენი, ლომაშვილნი, ლომიანი, ლომინაძენი, ლომინეიშვილნი, ლომსაძენი, ლომსიანიძენი, ლომუაშვილნი, ლომოურნი, ლომკაციშვილნი, ლომდარიძენი, ლომთათიძენი, ლომთაძენი და სხვანი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდინელობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ლომთაძეთა.

ეგრე უბნობენ, ძმობა აქვთო იმერ ლომთაძეებს, იმერ ნებიერიძეებსა და კახელ მეხაშიშვილებს. ეს არის ზეპირი გადმოცემა და არა უმეტეს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლომთაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1583-1590 წლებით თარიღდება ლეონ იმერთა მეფის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც იმერეთის სოფელ კისურეთში მცხოვრები ლომთაძენი საეკლესიო გლეხები გახდნენ.

1644 წელს გაენთელმა მთავარეპისკოპოსმა ზაქარია ქვარიანმა იმერეთის სოფელ ნოღას გაბადიძისეულ ნასყიდ პარტახზე მცხოვრები გლეხი გოჩია ლომთაძე და მისი შვილი დათუნა გელათს ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა.

1793 წლის მანუჩარ ყიფიანის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის წიგნში მოწმეთა და განმრიგეთა შორის იხსენიებიან რაჭის სოფელ ტოლას მცხოვრები გლეხები შოშინიკი და გოგიტა ლომთაძენი.

XVII საუკუნის სოციალური შინაარის საბუთებში სოფელ დერჩსა და სოფელ დღნორისაში მცხოვრები ლომთაძეები თავად ასათიანთა გლეხებად იხსენიებიან.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლომთაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლომთაძეთა გვარისშვილნი: საზოგადო მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილის თანამებრძოლი მიხეილ ლომთაძე; გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ლომთაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან ლომთაძე; ენათმეცნიერები ამირან, ლილი და ელიზბარ ლომთაძეები; დიალექტოლოგი თამარ ლომთაძე; არქეოლოგი გოჩა ლომთაძე; არქიტექტორები თეიმურაზ და შოთა ლომთაძეები; მხატვარი ლალი ლომთაძე; მსახიობი გურამ ლომთაძე; ქორეოგრაფი მურმან ლომთაძე და სხვანი.

ამჟამად ლომთაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, ლეხუმში, რაჭაში, ოდიშში, გურიასა და ქართლში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ტყიბულის (დაახლ. 120 კომლი) და ამბროლაურის (დაახლ. 80 კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისსა (დაახლ. 350 კომლი) და თბილისში (დაახლ. 150 კომლი). მცირე რაოდენობით არიან: ონის, სამტრედიის, მარტვილის, ზუგდიდის, ლანხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და სხვა რაიონებში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში ლომთაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3800-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლომთაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button