მობილური ბიოპრინტერი, რომლესაც ჭრილობების მკურნალობა შეუძლია
ერთ დღესაც, პაციენტის უჯრედებით სავსე ბიოპრინტერი ფენა-ფენა აღადგენს დამწვრობის ან სხვა სახის დაზიანების მქონე კანს, და ეს დღე უკვე არც ისე შორსაა.
უეიკ-ფორესთის აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის (Wake Forest Institute for Regenerative Medicine, WFIRM) მეცნიერებმა შექმნეს კანის „ბეჭდვის“ მობილური სისტემა. იგი ბიოპრინტერთაგან პირველია, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ჭრილობაზე „დაბეჭდოს“ ორშრიანი კანი.
„ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს სისტემა მობილურია და მისი მეშვეობით შესაძლებელია უშუალოდ პაციენტის ადგილსამყოფელში მოხდეს ჭრილობების მკურნალობა. სკანირების შემდეგ ხდება ადამიანის უჯრედების მოთავსება იქ, სადაც საჭიროა კანის შექმნა“ – აცხადებს Sean Murphy, კვლევის წამყვანი ავტორი (კვლევა გამოქვეყნდა Scientific Reports-ზე).
ქრონიკული, მასშტაბური, განუკურნებელი ჭრილობების შემთხვევაში, მაგალითად ისეთების, როგორიც დიაბეტის დროს ჩნდება, განსაკუთრებით ღირებულია ასეთი სახის მკურნალობა, რადგანაც მრავალჯერადი თერაპიაა საჭირო.
კანის უჯრედების უმრავლესობის, მაგალითად ფიბრობლასტებისა და ეპიდერმული კერატინოციტების იზოლირება მარტივად შესაძლებელია მცირე ბიოფსიით, რომელიც კანის დაუზიანებელ ნაწილზე კეთდება და შემდეგ ხდება აღებული უჯრედების გამრავლება. ფიბრობლასტები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჭრილობის შეხორცებაში.
აღებული უჯრედების შერევა ხდება ჰიდროგელში და შემდეგ ათავსებენ ბიოპრინტერში. საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტების ნაკრები, რომლითაც ხდება ჭრილობის სკანირება და მიღებული მონაცემები გადაეცემა პროგრამას – რა სახის უჯრედებია საჭირო და სად უნდა განთავსდეს – ფენა ფენაზე. ოპერაციის შემდეგ იწყება კანის ნორმალური სტრუქტურის ფორმირება და ჩქარდება მისი ფუნქციონალურობის აღდგენა.
ტექნოლოგიის შემდეგი ნაბიჯია პრინტერის ადამიანებზე გამოცდა. ამჟამად ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდ კანის გადანერგვა ტექნოლოგიის „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს. ხშირად პრობლემაა ჯანმრთელი კანის დონორის პოვნა გადანერგვისთვის. თუმცა დონორის კანის გამოყენებაც რისკთანაა დაკავშირებული – შესაძლოა მოხდეს შეუთავსებლობა და ნაწიბურების ფორმირება. ზემოთხსენებული ბიოპრინტერი კი შეძლებს შექმნას ახალი კანი პირდაპირ ჭრილობაზევე, თანაც გამოყენებული იქნება პაციენტისავე უჯრედები, ასე რომ შეუთავსებლობას ადგილი არ ექნება.
„ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს, მეტად აღარ იქნება საჭირო კანის გადანერგვის მტკივნეული პროცედურები. მობილური ბიოპრინტერით განიკურნება ჭრილობები, დაჩქარდება დახმარების აღმოჩენა და შემცირდება პროცედურის ღირებულება“ – აცხადებს აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი Anthony Atala.