ესესაკითხავი

ოთარ ჭილაძე – კლდეს უკვე უთქვამს ჩემი სათქმელი

(ინტერვიუ გაზეთ «ქართული უნივერსიტეტისთვის»)

– ბატონო ოთარ, თქვენც თქვენი ბავშვობიდან მოდიხართ. რა განსაზღვრავდა თქვენი სიყრმისა და სიჭაბუკის ცხოვრების სტილს. რა დრო იყო ის, რითი იყო საინტერესო და გიშლიდათ თუ არა ხელს რაიმე პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

– ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბება ჩვენთან შეუთანხმებლად და, უფრო მეტიც, უჩვენოდ ხდება. ეს მეტად რთული და, ამავე დროს, ძნელად გასაკონტროლებელი, მე ვიტყოდი, ძნელად აღსაქმელი პროცესია, რომელიც ყოველთვის წარმატებით როდი მთავრდება, უფრო ხშირად შედეგი უარყოფითია. ესე იგი, პიროვნება გაცილებით ცოტაა, ვიდრე ადამიანი. თუმცა, ყველა ადამიანში, როგორც მიწაში მადანს, «სძინავს» მომავალი პიროვნების ჩანასახს, რომელიც ჯერ უნდა «გააღვიძო», ანუ აღმოაჩინო, მერე სამზეოზე ამოიტანო და «დაამუშაო» ეპოქისა და საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისად. ეს კი, დამეთანხმებით, მართლაც, რთული და ხანგრძლივი პროცესია. სამაგიეროდ, მისთვის ერთნაირად მისაღებია ნებისმიერი დრო, გნებავთ, ნებისმიერი რეჟიმი, და ერთნაირად აუცილებელია, როგორც ხელის შემწყობი, ისევე ხელის შემშლელი პირობები, რომელთა რაოდენობაც აურაცხელია…

– როგორ იხსენებთ მოსწავლეობის პერიოდს, როგორი რეჟიმის სკოლაში სწავლობდით. რა მოგცათ სწავლების იმ სისტემამ. როგორია თქვენი ოცნების სკოლა და მასწავლებელი?

– მოსწავლეობის პერიოდს იშვიათად ვიხსენებ. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს მომნატრებია. ამდენად, ვერც უფლებას მივცემ თავს, წარმოვადგინო ჩემეული მოდელი ამ ურთულესი და უფაქიზესი ფენომენისა, როგორიც, ჩემი ღრმა რწმენით, სკოლაა და რომელსაც, გადამწყვეტი თუ არა, ფრიად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. ერთს კი ვიტყვი (რასაკვირველია, ჯერ შვილებსა და შემდეგ შვილიშვილებზე დაკვირვებით), დიკენსისეული სკოლის სისასტიკისა და მომთხოვნელობის გვერდით აშკარად მოიკოჭლებს ჩვენი დღევანდელი, ვითომ დემოკრატიული სკოლა, უპირველეს ყოვლისა, იქ დამკვიდრებული ფამილარული ურთიერთობებითა და შემაშფოთებლად გაიოლებული სწავლებით, რის სავალალო შედეგსაც თითქმის ყოველ დღე ვნახულობთ ტელეეკრანზე, ამა თუ იმ «ინტელექტუალური თამაშის» მსვლელობისას. და მაინც, კარგი სკოლა თუ გვინდა, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მასწავლებელს. მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელი განსაზღვრავს სკოლის ხარისხსაც და ხასიათსაც. მასწავლებლის სახე (თუნდაც მოღუშული), ერთ-ერთი უსპეტაკესი და უკეთილშობილესი სახეა (უნდა იყოს!) ბავშვობიდან გამოყოლილი.

ღვთის წყალობით, მეც მოვესწარი ძველი ყაიდის მასწავლებლებს, რომელთა მიმართ აქამდე არ გამნელებია პატივისცემისა და მოკრძალების გრძნობა. ისინი რაიმე კონკრეტულ ცოდნაზე მეტად, ზოგადად, ადამიანობის მაგალითებს გვაძლევდნენ…

– სიყვარული არის ძალა, ნიჭი თუ უნარი, რომელიც ადამიანს აძლევს ყველაზე ადამიანურ სახეს. თქვენ რას ფიქრობთ, ზოგადად, სიყვარულზე. როდის და რომელ ასაკში გეწვიათ პირველი სიყვარული და რით არის მნიშვნელოვანი შეყვარებულად ყოფნის ხანა?

– გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის, რას ნიშნავს «შეყვარებულად ყოფნის ხანა». ალბათ ქალის სიყვარულს გულისხმობთ, თორემ ზოგადად სიყვარული ადამიანთან ერთად იბადება და მასთან ერთად ქრება. ღმერთის ჩანაფიქრით, ის, ალბათ, ერთადერთი არსებაა ამ უნარით დაჯილდოებული. ეს უნარი განაპირობებს მის ადამიანობასაც. რაც შემეხება მე, საბედნიეროდ, ეს ღვთაებრივი გრძნობა ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში «მეწვია». უფრო ზუსტად, პირველ კლასში უკვე შეყვარებული ვიყავი. ჩემი თანაკლასელი შემიყვარდა. სახელიც მახსოვს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გავამხელ. როგორც დიდი პოეტები გვასწავლიან, «სიყვარულსა მალვა უნდა». ვიდრე ადამიანი შეყვარებულია, შეუძლია, მშვიდად იცხოვროს, ვერაფერი მოერევა…

– მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია – რატომ შეხვედით უნივერსიტეტში, რა დაგხვდათ და რა შეიძინეთ, რა დაგრჩათ სახსოვრად?

– უნივერსიტეტში შევედი, ალბათ, სწავლის გასაგრძელებლად და უმაღლესი ცოდნის მისაღებად. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კი ნამდვილად შემთხვევით აღმოვჩნდი. როცა მე და ჩემს მეგობარს საბუთები შეგვქონდა, ყველაზე მოკლე ჟურნალისტობის მსურველთა რიგი აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ცალკე, ფილოლოგიურისგან დამოუკიდებლად, ფილოლოგიურის განხრა იყო ერთგვარი. სადიპლომო ფრიადზე დავიცავი, თუმცა, რაღა დასამალია და, ვერ ვიყავი კარგი სტუდენტი: ლექციებს იშვიათად ვესწრებოდი და ბევრ ლექტორს პირველად გამოცდაზე ვნახულობდი ხოლმე. სამაგიეროდ, პასუხისმგებლობის გრძნობამ მაიძულა, უარი მეთქვა დიპლომზე, «ასე იოლად» არ შემეფერებინა ეს, მართლაც, სერიოზული და რთული პროფესია. ჩემი დიპლომი ახლაც უნივერსიტეტის არქივში დევს და დიპლომში აღნიშნული პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია. ასე რომ, ჯერჯერობით, ვერც უნივერსიტეტში შესვლის მიზანს ვთვლი მიღწეულად. თავს კი ხალხური სიბრძნით ვიმშვიდებ: სწავლა სიკვდილამდეო. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, თითქოს საერთოდ არაფერი მიმეღოს უნივერსიტეტისგან. პირიქით, იქ გატარებული წლები დიახაც რომ სულიერი და გონებრივი წვრთნის წლებია და ვინც უკეთ გამოიყენებს ამ წლებს, ქვეყანასაც უფრო მეტად გამოადგება და თავსაც…

– თავისუფლება ღვთის დიდი საჩუქარია კაცთა მოდგმისთვის. თქვენ როგორ გესმით პიროვნებისა და ქვეყნის თავისუფლება?

– ვერ დაგეთანხმებით – თავისუფლება ღვთის საჩუქარი არ არის. თავისუფლება თვითონ უნდა მოიპოვოს ადამიანმა, ზოგჯერ რამდენჯერმეც, რადგან მისი დაკარგვაც ისევე შეიძლება, როგორც მოპოვება. მხოლოდ მოპოვებული თავისუფლება ამაღლებს პიროვნებას სულიერად და ამაგრებს ქვეყნის საზღვრებს. სხვათა შორის, ჩვენც «ნაწყალობევი თავისუფლების» გამო ვართ ამ დღეში, ანუ საჩუქრით გახარებული ბავშვებივით ვართ აყოლილნი გრძნობებს – პოდიუმზე ფრანგებს ვეჯიბრებით, ესტრადაზე ზანგებს – არადა, ჭერი თავზე გვენგრევა, შავი თეთრისგან ვერ გაგვირჩევია, გამართულად ვეღარ ვმეტყველებთ მშობლიურ ენაზე, გარეთ საკუთარი ეროვნება გვავიწყდება, შინ სხვათა ეროვნებებს ვაკანონებთ… თუ დროზე არ მოვეგეთ გონს, შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ სახეცა და მეობაც…

– ბატონო ოთარ, ქირურგი რომ იყოთ და თქვენი ტანჯულ-წამებული სამშობლო საოპერაციო მაგიდაზე დაგიდონ, როგორ დიაგნოზს დასვამდით, რა გვტკივა ყველაზე მეტად და როგორ ვუშველოთ ამ სატკივარს?

– ძნელი სათქმელია, რამდენად გამოვდგები ქირურგის მეტად რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესასრულებლად. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი პროფესიონალი ქირურგივით მეც არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებდი ხელს ავადმყოფს დიაგნოზის დასმამდე. მაგრამ სწორედ დიაგნოზის დასმაა ძნელი და ეს არის ჩვენი მთავარი ავადმყოფობაც: არ ვიცით, რა გვჭირს, უფრო სწორად, ვერაფრით ვერ ჩამოგვიყალიბებია საერთო აზრი ჩვენს საერთო სატკივარზე: ზოგი ისევ ძლივს მოშორებულ მტერს ელოდება მოუთმენლად, ზოგი მტრის ჭერქვეშ ელოდება ავდრის გადავლას… ასე რომ, ჯერ მტერი უნდა გავარჩიოთ მოყვრისგან, ერთგულება – ღალატისგან, გონიერება – სილაჩრისგან, მლიქვნელობა – ზრდილო-ბისგან, მონობა – თავისუფლებისაგან და მხოლოდ მერე ვიფიქროთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ჩვენი ავადმყოფობისთვის ქირურგიული ჩარევა…  – «აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია» – კაცი იმედით ცოცხლობს… თქვენ თუ გაქვთ იმედი და როგორ მომავალს ხედავთ? – დიახ, კაცი იმედით ცოცხლობს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, გულხელდაკრეფილნი დაველოდოთ მომავალს… გაანძრიეთ ხელი და გადარჩებითო – უთხრა ღმერთმა ქარიშხალში მოხვედრილ მენავეებს. ხელს თუ გავანძრევთ, ესე იგი, მოსწავლე თუ ისწავლის, მშრომელი თუ იშრომებს, მეომარი თუ იომებს, შეგნებულად თუ არ გავუტეხთ სახელს მასწავლებელს, ექიმს, მოსამართლესა თუ მწერალს…

დაუნანებლად და დაუფიქრებლად თუ არ გავაჩუქებთ მამა-პაპის სისხლითა და ოფლით მონაგარს და, რაც მთავარია, თუკი დროულად დავიბრუნებთ ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობას, რასაკვირველია, ჩვენც გადავრჩებით. სხვათა შორის, დღეს, ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, არათუ დამოუკიდებლად არსებობა, არამედ დამოუკიდებლად დაღუპვაც ძნელია, სირცხვილზე რომ არაფერი ვთქვათ. გაურკვეველი მომავლისკენ მიმავალნი, მთამსვლელებივით, ერთმანეთზე ვართ გადაბმულნი და ვინც არ უნდა მოწყდეს კლდეს, გინდაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიბრიყვის გამო, ყველამ უნდა შევაშველოთ ხელი. ასე რომ, საქართველოს დაღუპვა თუ უწერია, მხოლოდ დანარჩენ კაცობრიობასთან ერთად დაიღუპება, სულერთია, კაცის გონების ნაყოფი იქნება ეს გრანდიოზული კატასტროფა, თუ ბუნების ბნელი ძალებისა. მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, ადამიანსაც ეყოფა მოთმინება და ბუნებასაც. პოეტისა არ იყოს, საქართველო უკეთესი მომავლის ღირსი ქვეყანაა და ამას, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობის გასაგონად ვამ-ბობ…

– კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა: «კაცნო, გიყვარდეთ ერთმანეთიო». თქვენ რას გვეტყვით?

– კლდისგან განსხვავებით, ვერაფერს ვიტყვი. მით უმეტეს, კლდეს უკვე უთქვამს ჩემი სათქმელი…

2002

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button