ქართული გვარები

ციხელაშვილთა გვარი

“ციხელაშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე – “ციხელა” და სუფიქსაცია – “შვილი”. სიტყვა “ციხე”-დან ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელები: ციხელა, ციხოველი, ციხუა. ამრიგად, ციხელაშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “ციხელა” და არა საზოგადო სახელი – “ციხე”, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

ციხელაშვილთა გარდა “ციხე” ფუძიდან ნაწარმოებია შემდეგი ქართული გვარები: ციხელიშვილი, ციხესაშვილი, ციხითათრიშვილი, ციხილაძე, ციხისელი, ციხისთავი და ციხიშვილი. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, სისხლით ნათესაობა თვითონ ციხელაშვილების გვარის შიგნითაც არ ჩანს. ზეპირი და არა წერილობითი მონაცემებით, ციხელაშვილთა ერთი ბუდე ჯავახეთშია სავარაუდო. წარმოშობით ჯავახი ციხელაშვილები, ასევე ზეპირი გადმოცემით, ხოსიტაშვილებს ენათესვებიან.

ციხელაშვილთა კიდევ ერთი ბუდე-პირველსაცხოვრისი არაგვის ხეობაში, ჭართლის თემში ჩანს. არაგველი ციხელაშვილები, გადმოცემით, გიგაურებს ენათესავებიან, რომლებიც, თავის მხრივ, ბუდეხევსურეთიდან არიან გადმოსულნი არაგვის ხეობაში. არ არის სავალდებულო, რომ ყველა ციხელაშვილი ერთი წინაპრის, ერთი ციხელას შთამომავლებად მივიჩნიოთ. ციხელა, შესაძლებელია, მრავალს რქმეოდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და სხვადასხვა საუკუნეში. სავსებით დასაშვებია, რომ ოდესღაც ჯავახეთში ვინმე ციხელა ხოსიტაშვილის შთამომავალთ და არაგვის საერისთავოში ვინმე ციხელა გიგაურის შთამომავალთ ერთნაირად ციხელაშვილობა გაუგვარდათ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს ვარაუდი ემყარება მხოლოდ ეთნოგრაფიულ, ზეპირ გადმოცემებს და არა წერილობით-დოკუმენტურ მასალას.

ცნობილია, რომ ქვემო ქართლის ციხელაშვილები ჯავახეთიდან არიან ჩამოსახლებულნი, ხოლო კახეთის გაღმამხრის ციხელაშვილები (იხსენიებიან კახეთის 1801-1802 წლების აღწერაში, ყვარლის “კარის მღუთიშობლის” ყმათა სიაში) და ხევის, ართხმო-მიგუდას ციხელაშვილები (იხსენიებიან ხევის 1831 წლის კამერალურ აღწერაში) ციხელაშვილთა ჭართლის ბუდობას ეკუთვნიან. აღწერის მასალებიდან ირკვევა და ეთნოგრაფიულადაც დასტურდება, რომ ხევში გადასული ჭართლელი ციხელაშვილები როსტომაულებად დაწერილან XIX საუკუნის II ნახევრიდან. როსტომაულებს მოხევეები დღესაც “ციხელთ” უწოდებენ. მათი უმეტესობა ამჟამად დარიალს ქვემოთ ოსეთის ველებზეა ჩასახლებული.

ხაშურის ციხელაშვილთა წარმომავლობა – ციყელაშვილთა გვარს უკავშირდება.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ციხელაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, ბარათაშვილთა და ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა დროშების ქვეშ.

ამჟამად ციხელაშვილები ცხოვრობენ: ქვემო ქართლში – დმანისის რაიონში (დაახლოებით 40-45 კომლი), აღმოსავლეთის მთიანეთში – დუშეთის რაიონში (35-40 კომლი), არიან მცირე რაოდენობით შიდა ქართლში – ხაშურის და მცხეთის რაიონებში და კახეთში – ყვარლის რაიონში. თბილისში ჯავახი და არაგველი ციხელაშვილები ერთად 80-90 კომლს შეადგენენ.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ციხელაშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 981 სულს ითვლიდა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ციხელაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button