Hi-Techახალი ამბები

ფრანგმა ინჟინრებმა შექმნეს უამრავი ფუნქციის მქონე ჭკვიანი კონტაქტური ლინზები

საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის – IMT Atlantique-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს მსოფლიოში პირველი ავტონომიური კონტაქტური ლინზა მოქნილი მიკრობატარეით. ამ უკანასკნელს შეუძლია რამოდენიმე საათის მანძილზე კვებოს ინტეგრირებული ელექტრონიკა, რითიც უზრუნველყოფილი იქნება ვიზუალური ინფორმაციის წარმოდგენა და გადაცემა უსადენო ქსელით. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიახლით დაინტერესდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კვლევითი პროექტების მართვის განყოფილება (DARPA), რომლის მიზანსაც წარმოადგენს აამაღლოს ამერიკელი ჯარისკაცების ვიზუალური შესაძლებლობები საველე პირობებში.

ფრანგი სპეციალისტების ქმნილება წარმოადგენს ამბიციური პროექტის ერთ-ერთ ნაწილს. პროექტის მიზანია ახალი თაობის ოკულომეტრის შემუშავება, რომელიც დაკავშირებული იქნება შერეული რეალობის ტექნოლოგიასთან. მსგავსი ლინზების მეშვეობით შესაძლებელია დაინერგოს „ადამიანი-მანქანა“ ინტერფეისები, გაანალიზდეს კოგნიტური დატვირთულობა და დაემატოს სხვადასხვა ფუნქცია. IMT Atlantique-ის მკვლევარების თქმით სმარტ-ლინზის შექმნისას ყველაზე რთული იყო ელექტრონიკის კვებისათვის საჭირო ბატარეის ზომის შემცირება. თუმცა მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი – დაამზადეს მოქნილი და მეტად კომპაქტური კვების წყარო.

ლინზის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობაში შესაძლებელია LED-დისპლეისა და რადიოსიხშირის გადამცემის ინტეგრირება, აგრეთვე შესაძლებელია ჩაშენდეს მზერის მიმართულების განმსაზღვრავი სენსორები. თანაც, ლინზის მთავარი დანიშნულება – გაუმჯობესებული მხედველობა – სრულიად შენარჩუნებულია.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში მითითებულია, რომ „გრაფენის ბაზაზე შექმნილი მოქნილი ელექტრონიკის გამოყენება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიანიჭებს კონტაქტურ ლინზას“. მაგალითად, შესაძლებელია დაემატოს შერეული რეალობის ხედვის ფუნქცია, კავშირის ახალი სისტემები, გაუმჯობესდეს აკუმულატორი და მოხდეს გამომთვლელი მოწყობილობის ინტეგრირება – აღნიშნავენ მწარმოებლები.

სმარტ-ლინზის შემქმნელების აზრით ლინზას მრავალმხრივი გამოყენება ექნება. მაგალითად, ისინი სასარგებლო იქნება მედიცინაში, ძირითადად ქირურგიაში; ასევე გამოიყენებენ მძღოლები, გართობის ინდუსტრიის წევრები. მოკლედ რომ ითქვას, ფრანგი მეცნიერების ქმნილება დიდი ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, 2 მლნ ევრო უკვე გამოყოფილია Micorsoft-ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად, რაც გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს, რადგანაც უკვე ვიცით, რომ ხსენებული კორპორაცია ამერიკელი სამხედრო პირებისათვის ამზადებს სპეციალურ შერეული რეალობის ჰედსეტებს Hololens-ის ბაზაზე.  

სმარტ-ლინზის შემქმნელის თქმით, ყველა აუცილებელი კომპონენტი მზადაა: „ველით, რომ კომპონენტების ინტეგრაცია მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება, მოწყობილობის გამოცდას კი 2020 წლისთვის ვიმედოვნებთ. ტესტირების შედეგები კლინიკური ტესტებისათვის გზას გაგვიხსნის“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button