SpaceX-მა განახორციელა სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy-ს პირველი წარმატებული კომერციული გაშვება
კენედის კოსმოსური ცენტრის LC-39A კომპლექსიდან, რომელიც NASA-ს ეკუთვნის, განხორციელდა SpaceX-ის კუთვნილი სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy-ს პირველი წარმატებული კომერციული ფრენა. რაკეტის გაშვება უნდა მომხდარიყო ერთი დღით ადრე, თუმცა გადაიდო არახელსაყრელი ამინდის გამო. რაკეტას გეოსტაციონარულ ორბიტაზე უნდა გაეყვანა ახალი თანამგზავრი Arabsat 6A, რომელიც ეკუთვნის საუდის არაბეთის თანამგზავრულ ოპერატორ კომპანია Arabsat-ს. თანამგზავრის წონა 6465 კილოგრამს შეადგენს.
ამოქმედების დაწყებიდან მესამე წუთზე გვერდითი ამაჩქარებლები მოსცილდა რაკეტას. მეოთხე წუთზე მოხდა ცენტრალური ბუსტერის მოცილება.
რამოდენიმე წუთში ამაჩქარებლები წარმატებულად და ფაქტობრივად სინქრონულად დაეშვნენ სპეციალურ დასაფრენ მოედნებზე – Landing Zone 1 და Landing Zone 2 (LZ-1 და LZ-2), რომლებიც განთავსებულია აშშ-ის საჰერო სამხედრო ძალების ბაზაზე.
Falcon Heavy-ს ნაწილის – „პირველი დონის“ დაშვება განხორციელდა ავტონომიურ მცურავ ბორანზე ატლანტის ოკეანეში. დაშვებისას რამოდენიმე წამით გაითიშა მასზე არსებული კამერა და როგორც ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა, რაკეტის ამ ნაწილმაც წარმატებით შეძლო განსაზღვრულ ადგილზე დაშვება. ამგვარად, თავის ისტორიაში პირველად SpaceX-მა შეძლო მშვიდობით დაესვა სამი ამაჩქარებელი.
გაშვებიდან ნახევარი საათის შემდეგ რაკეტამ მიაღწია დაგეგმილ ორბიტალურ სიმაღლეს, კიდევ რამოდენიმე წუთის შემდეგ კი წარმატებით მოხდა რაკეტისა და სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Arabsat 6A-ს განცალკევება.
რაკეტის გაშვების ამსახველ პირდაპირ ტრანსლაციაში გამოცხადებულ იქნა, რომ რაკეტის ამაჩქარებლების უკან მშვიდობით დაბრუნების შემთხვევაში დაგეგმილია მათი ხელმეორედ გამოყენება მომდევნო კომერციულ მისიაში.
ეს Falcon Heavy-ს გაშვების მეორე შემთხვევაა (პირველი კომერციული). შეგახსენებთ, რომ სუპერმძიმე გამწევი რაკეტის პირველი სატესტო ფრენა შედგა 2018 წლის 6 თებერვალს. ამ მისიისას კოსმოსში „ტვირთის“ სახით გაიგზავნა ილონ მასკის პირადი Tesla-მობილი, რომლის საჭესთანაც იჯდა მანეკენი Starman-ი. ელექტრომობილი მანეკენთან ერთად გაუშვეს მარსის ორბიტასკენ. პირველი არაკომერციული ფრენის დროსაც შესაძლებელი გახდა გვერდითი ამაჩქარებლების წარმატებით დასმა განსაზღვრულ ადგილებზე, რაკეტის ცენტრალური მთავარი ამაჩქარებელი კი მცურავ ბორანს ასცდა და წყალში ჩავარდა.