ისტორია

ფილომელა და პროკნა

დიდი ხანია, რაც ათენელების მეფე პანდიონსა და თებელებს შორის ამტყდარი ომი ორივე სახელმწიფოს მკვიდრთ შეუბრალებლად ანადგურებდა. ომი თებელების გამარჯვებით უნდა გათავებულიყო, რომ პანდიონისათვის დახმარება არ აღმოეჩინა თრაკიელების მძლავრ მეფეს ტერევის. მართლაც, ტერევის დახმარებით, ათინელებმა სამშობლოზე მოსული მტერი დაამარცხეს. ნიშნად ღრმა მადლობისა, პანდიონმა თავისი უფროსი ქალი პროკნა ტერევის მიათხოვა. ათინელებმა დიდის ამბით და აღტაცებით გადაიხადეს სამეფო ქორწილი. ტერევიმ და პროკნამ, დაქორწინების შემდეგ, სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთებს და სამშობლო თრაკიაში დაბრუნდნენ. ახალდაქორწინებული მეფე და დედოფალი თრაკიელებმა დიდის აღტაცებით მიიღეს. ადგილობრივ მკვიდრთა სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ხუთი წლის განმავლობაში ტერევი და პროკნა ბედნიერად ცხოვრობდნენ, ახლადდაქორწინებულების ერთი–მეორესთან დამოკიდებულება არაფრით არ შელახულა, არაფრით არ შერყეულა. პროკნას დიდი ხანია თავისი სამშობლო ქვეყანა არ უნახავს, დიდი ხანია, რაც იგი თავის მოხუც მამას და საყვარელ დას ფილომელას მოშორდა. პროკნას სამშობლო ქვეყნის და საყვარელი მშობლების ნახვის სურვილი დღითიდღე უფრო და უფრო უძლიერდებოდა. პროკნამ გულმხურვალედ სთხოვა საყვარელ მეუღლეს, მეფე ტერევის: სამშობლოში გამისტუმრე მშობლების სანახავადო. მეფემ სხვადასხვა საპატიო მიზეზის ჩამოთვლით დედოფალი დაარწმუნა, რომ ამჟამად შორეულ სამშობლოში, და ისიც ზღვით, მისი გასტუმრება მოუხერხებელი იყო. მხოლოდ, რომ დედოფალი უფრო დარწმუნებულიყო და მშობლების უნახაობით მწუხარება არ დასჩემებოდა, ტერევიმ აღუთქვა ფილომელას მოგიყვან სულ მოკლე ხანში თრაკიაშიო. ტერევი, მართლაც, რამდენსამე დღის შემდეგ ზღვის აბობოქრებულ ტალღებს აპობდა და თავისი სიმამრის სამეფოსაკენ მიისწრაფოდა. პანდიონი და ფილომელა დიდის სიხარულით შეხვდნენ თავის საყვარელ სიძეს. ტერევიმ ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ გამოუცხადა მოხუცებულ პანდიონს პროკნას სურვილი ფილომელას თრაკიაში წაყვანის შესახებ. პანდიონისათვის მეტად სამძიმო იყო, განსაკუთრებთ ამ სიბერის დროს, ფილომელას მოშორება, მაგრამ ტერევისა და პროკნას მუდარებით თხოვნას წინ ვერ აღუდგა. მეფე პანდიონმა ლოცვა–კურთხევით გაისტუმრა სიძე და მთელ სახელმწიფოში სილამაზით სახელგანთქმული თავისი საყვარელი ასული ფილომელა. მოხუცი მამა თვალცრემლიანი ემუდარებოდა სიძეს, გაფრთხილებით მოპყრობოდა მის საყვარელ ფილომელას და რაც შეიძლება მოკლე ხანში დაებრუნებინა სამშობლოში. ზღვის საამური ნიავი გამალებით მიაქროლებდა მგზავრებს შორეული თრაკიისაკენ. ფილომელა მთელი არსებით ზღვის მშვენიერებით ტკბებოდა, მომხიბვლელი პირისახე ერთიანად უბრწყინავდა. ტერევი კი ფილომელას დიდებული სახის სიმშვენიერით ერთიანად იხიბლებოდა. თრაკიის მეფე მთელი გზა ახლა სულ იმის ფიქრში იყო, რომ ამ მშვენიერებათა მშვენიერებას კანონიერად შეუღლებოდა, მაგრამ ამ განზრახვის გამომჟღავნებას ფილომელას ვერ უბედავდა. რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ ტერევის ხომალდმა თრაკიის ნაპირებს მიატანა. ხომალდის მოსამსახურენი თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ტერევიმ, იმის მაგივრად, რომ ფილომელა სასახლეში მიეყვანა, იგი ერთერთ შორეულ ციხეში მოათავსა და მცველებად ურიცხვი დარაჯი მიუჩინა. ფილომელამ მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ტერევიმ იგი რაღაც სხვა აზრით მოაცილა სამშობლო ქვეყანას. ფილომელა თვალცრემლიანი ემუდარებოდა ტერევის ჩემ საყვარელ პროკნასთან წამიყვანეო. თრაკიის მეფემ ფილომელას მწუხარებით გამოუცხადა, პროკნა დიდი ხანია გარდაიცვალაო. მეფემ ამასთანავე გაუმჟღავნა ცოლიდას მასთან კანონიერად შეუღლების სურვილი. ტერევი მჭევრმეტყველურად და თავდავიწყებით უმტკიცებდა თავის ცოლიდას, რომ პროკნას გარდაცვალების შემდეგ თრაკიის დედოფლის ადგილი ღირსეულად მას ეკუთვნოდა. ფილომელას მეფის სიტყვები ძლიერ აკვირვებდა, იგი ეჭვის თვალით უყურებდა ტერევის თითოეულ სიტყვას. თუკი პროკნა მართლა გარდაიცვალა, – ფიქრობდა ფილომელა,– რა საჭირო იყო, რომ ტერევიმ ციხეში მომათავსა და არა თავის სასახლეში? ფილომელას ეს ფიქრები შეუბრალებლად სტანჯავდნენ. საბრალო თვალცრემლიანი ემუდარებოდა თითოეულ მცველს თავისი საყვარელი დის ნამდვილი ამბის მოთხრობას. მართლაც, ერთი მცველი გამოუტყდა ფილომელას, პროკნა ცოცხალიაო. ფილომელამ ამ ამბის გაგონების შემდეგ უშიშრად, გაბედულად მიმართა თრაკიის მეფეს: მე იძულებული ვარ საჯაროდ გამოვაცხადო ჩემი ტყვეობის ამბავი, საჯაროდ ვამცნო ადგილობრივ მკვიდრთა საზოგადო კრებას შენი ტყუილები და ბოროტი განზრახვაო. ტერევი ძლიერ შეაშინა ფილომელას გაბედულმა სიტყვებმა, რომ ეს ბოროტი განზრახვა მართლაც საქვეყნოდ არ გამჟღავნებულიყო. ბრაზმორეულმა მეფემ გაელვარებული ხმით ენა ამოსჭრა საცოდავ და სრულიად უდანაშაულოდ დატყვევებულ ქალს. ტერევი ახლა დამშვიდდა, ჩემი ბოროტი განზრახვა საქვეყნოდ არ გამომჟღავნდებაო, და, როცა სასახლეში დაბრუნდა, დედოფალს მწუხარებით მოახსენა ფილომელა გარდაიცვალაო. საცოდავი პროკნა დის სიკვდილის გაგების ამბავმა ძლიერ შეაწუხა. დედოფლის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. ნაცვლად ოქრომკერდით ნაქსოვი ტანსაცმელისა, დედოფალი მძიმე ძაძებით შეიმოსა. ფილომელა ციხეში საცოდავად ატარებდა დროს და თავისი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ვერავისთვის ხმა ვერ მიეწვდინა. ათასგვარ შევიწროებას ითმენდა საცოდავი ქალი, მაგრამ მეფეს ცოლქმრობაზე მაინც არ სთანხმდებოდა. ფილომელა ახლა სულ იმის ფიქრში იყო, რომ პროკნესათვის ემცნო როგორმე თავის გაჭირვებული მდგომარეობა. დიდის ფიქრის შემდეგ, ახალგაზრდა პატიმარმა მოქსოვა თეთრი წამოსასხამი და შიგ ფერადი ძაფებით ჩააქსოვა თავისი გაჭირვების ამბავი. ფილომელას თხოვნით, მსახურმა ეს წამოსასხამი დედოფალ პროკნას ფარულად გადსცა. პროკნამ საიდუმლო წამოსასხამის ფერადი ქსოვილების საშუალებით ყველაფერი გაიგო. საყვარელი დის გაჭირვებული მდგომარეობის ამბავმა პროკნა ერთიანად შეაშფოთა. დედოფალმა გადწყვიტა თავისი გამხეცებული მეუღლის სამართლიანად დასჯა. პროკნამ ერთ დღეს მოიწვია სამეფოს წარჩინებული მანდილოსნები და მათთან ერთად გაემგზავრა ვითომდა ღმერთებისათვის მსხვერპლის შესაწირავად. როცა დედოფალი თავისი თანმხლებლებით ციხეს მიუახლოვდა, სადაც ფილომელა იყო დამწყვდეული, პროკნამ მხლებლებს გააცნო საქმის ნამდვილი ვითარება და დახმარება სთხოვა ციხიდან უდანაშაულო საყვარელი დის გასათავისუფლებლად. დედოფალი და სახელმწიფოს წარჩინებული მანდილოსნები ერთბაშად შეიჭრნენ ციხეში. ციხის მცველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაუბედეს დედოფალს და სახელმწიფოს წარჩინებულ მანდილოსნებს. საბრალო ფილომელა გაათავისუფლეს. პროკნამ ახლად განთავისუფლებული პატიმარი სასახლეში წაიყვანა. საცოდავი სანახავი იყო უენო, ფერმიხდილი და ძალზე გამხდარი ფილომელა. დები ერთმანეთს გულში მაგრად ჩაეკონენ და დიდხანს გულამოსკვნით ქვითინებდნენ. სასახლეში მყოფი მანდილოსნები ცოდვისაგან იწოდნენ და თავის მწარე ცრემლებს დების მდუღარე ცრემლებს უერთებდნენ. პროკნას მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, იგი იტანჯებოდა დის კალმით აუწერელი საცოდაობით, დედოფლის მგრძნობიარე გული მეუღლისადმი უსაზღვრო სიძულვილით ივსებოდა. – „შეუძლებელია, ყოვლად შეუძლებელია ტერევის სიმხეცე ასე დაუსჯელად ჩავატარო! ცეცხლით გადავბუგავ მთელ სასახლეს, გულს ბასრი ხმლით შუაზე გავუპობ ჩემი საყვარელი ფილომელას ენის ასე შეუბრალებლად ამომკვეთელს, თვითონვე მას ენას ამოვჭრი, თვალებს დავთხრი! ყოვლად შემძლებელო ღმერთებო, მიხსენით ამ საშინელი უბედურებისაგან! ვფიცავ ოლიმპოს მბრძანებლის, ღმერთების მამამთავრის ზევსის დიდებულ სახელს, რომ რაღაც საშინელებას ჩავიდენ!“ პროკნა ამ სიტყვებს ხმამაღლივ გაიძახოდა და რაღაც საშინელი საქმისათვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს სასახლის დარბაზში შემოვიდა ტერევის პირმშო პატარა ვაჟიშვილი იტისი. პროკნამ შეშლილივით საზარლად შეჰყვირა: „ღმერთო ჩემო, რარიგად ჰგავს ეს საზიზღარი თავის გამხეცებულ მამას!“ ამ სიტყვებთან ერთად საბრალო დედა და ფილომელა დაუყოვნებლივ, სრულიად დაუფიქრებლად, მიიჭრნენ უდანაშაულო მსხვერპლთან და ნაკუწნაკუწად აკეპეს საცოდავი ბავშვი. ტერევი სასახლეში დაბრუნდა. მეფემ ფილომელას განთავისუფლებისა და იტისის მკვლელობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი არ იცოდა. სასახლის დარბაზში შემოსვლისთანავე მეფემ თავისი პირმშო შვილი მოიკითხა. – „შვილო იტის, სად ხარ?“ – ჩვეულებრივ სიყვარულის კილოთი შეეხუმრა ტერევი თავის საყვარელ პირმშო იტისს. ამ დროს დარბაზში უეცრივ შემოვიდა ფილომელა და საბრალო მშობელ მამას იტის გასისხლიანებული თავი თეფშზე დადებული მიართვა. ტერევიმ ამ საშინელი სურათის დანახვაზე ერთი საზარლად შეჰყვირა და ამოღებული ხმლით მეფე პანდიონის ქალებს მოსაკლავად უკან დაედევნა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! ფილომელას და პროკნას უეცრივ ფრთები გამოესხათ და ერთი ტყისაკენ გაეშურა, ხოლო მეორე კი ბანზე შეფრინდა. ფილომელა მერცხლად გადაიქცა, პროკნა კი ბულბულად. ნიშნად იმ დანაშაულობისა, რომელიც მეფე პანდიონის ქალიშვილებმა ჩაიდინეს, ბულბულისა და მერცხლის ფრთები დღესაც სისხლისფრადაა შეღებილი. თრაკიის გამხეცებული მეფე ტერევი ოფოფად გარდაიქცა. ბულბულს, მერცხალსა და ოფოფს შორის ამის გამო მუდამ დაუცხრომელი შუღლი და სიძულვილია ჩამოვარდნილი. ოფოფი აქამდე განუწყვეტლივ სდევნის ბულბულსაც და მერცხალსაც

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button